суббота, 12 июля 2025 г.

მასწავლებელთა გამოცდა 2025. ისტორია. ტესტი და პასუხები

(1) 1. რა ენაზეა დაწერილი გილგამეშის ეპოსი?
ა) აქადურ;     ბ) სპარსულ;       გ) ბერძნულ;     დ) ეგვიპტურ.

(1) 2. ვისგან გადაიღეს ეგვიპტელებმა საბრძოლო ეტლები?
ა) ასურელებისგან;      ბ) სპარსელებისგან;       გ) ნუბიელებისგან;        დ) ჰიქსოსებისგან.

(1) 3. რომელი სახელმწიფოს მმართველთა რეზიდენცია იყო პერსეპოლისი?
ა) ხეთების სამეფოს;                     ბ) ფრიგიის;
გ) აქემენიანთა სამეფოს;              დ) მითანის.

(1) 4. რა შესთავაზა ალკიბიადემ ათენელებს პელოპონესის ომის დროს?
ა) ბლოკადაში მოექციათ ლაკედემონის მთავარი ქალაქები;
ბ) გათავისუფლებული მონების ხარჯზე შეევსოთ ჰოპლიტების რიგები;
გ) არეოპაგის ნაცვლად ხელისუფლება გადაეცათ დიქტატორისთვის;
დ) მოეწყოთ სამხედრო ექსპედიცია კუნძულ სიცილიაზე.

(1) 5. რომელი ინფორმაციაა მართებული გაიუს მარიუსის მოღვაწეობის შესახებ?
ა) რომაელი სენატორი იყო, რომელიც გამოირჩეოდა დემოკრატიული შეხედულებებით და წამოაყენა სახალხო ტრიბუნის არჩევის იდეა;
ბ) ცნობილი პოლიტიკოსი და სამხედრო მეთაური იყო, რომელმაც დაამარცხა კიმბრები და ტევტონები, ასევე მნიშვნელოვანი რეფორმა ჩაატარა რომაულ არმიაში;
გ) უძველესი პატრიციული საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, რომელიც აქტიურად უპირისპირდებოდა რესპუბლიკურ მმართველობას და სულას დაუჭირა მხარი;
დ) პლებსის რიგებიდან გამოსული ცნობილი ორატორი იყო, რომელიც დიდი პონტიფიკოსი გახდა და ერთი პერიოდი პრინცეპსის მოვალეობასაც ასრულებდა.

(1) 6. რომელმა რომაელმა ავტორმა აღწერა ძველი გერმანელების ყოფა I-II საუკუნეების მიჯნაზე?
ა) იოსებ ფლავიუსმა;     ბ) ტიტუს ლივიუსმა;      გ) პოლიბიოსმა;       დ) ტაციტუსმა.

(1) 7. რას წარმოადგენს არმაზის ბილინგვა, რომელშიც მოხსენიებული არიან: ზევახი, იოდმანგანი, სერაფიტა და სხვა პირები?
ა) საფლავის ქვას, რომელზეც წარწერები ბერძნულ და არამეულ ენებზეა ამოკვეთილი;
ბ) სამეფო სტელას, რომელზეც წარწერები ლათინურ და არამეულ ენებზეა დატანილი;
გ) საამშენებლო წარწერას წარმართული ტაძრის კედელზე, შესრულებულს ბერძნულად და
ლათინურად;
დ) სარიტუალო კოლოსს მასზე ამოტვიფრული არამეული და სპარსული წარწერებით.

(1) 8. რომელი მსჯელობაა მართებული ატილას შესახებ?
ა) დაბალი წარმომავლობის მიუხედავად, მოახერხა და გახდა ჰუნების ბელადი. მათთან ერთად დაარბია დასავლეთ რომის იმპერია. აიღო რავენა და გაიმარჯვა პუატიეს ბრძოლაში;
ბ) ჰუნების ბელადის უმცროსი ძე იყო და მამისეული სამფლობელოების გაყოფისას ერგო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიწები, სადაც შექმნა დამოუკიდებელი სამფლობელო. აიღო და გაძარცვა კონსტანტინოპოლი;
გ) ჰუნების ბელადი იყო, რომელმაც დალაშქრა აღმოსავლეთ რომის იმპერიის მიწები. რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ აღარ ილაშქრა რომზე და ვერ მიაღწია წარმატებას კატალაუნის ბრძოლაში;
დ) ყურულთაიზე აირჩიეს ჰუნების ბელადად და ხელმძღვანელობდა მათ დიდ ლაშქრობას დასავლეთის მიწებზე. გაანადგურა ვანდალების სამეფო, მაგრამ დამარცხდა ტრაზიმენის ბრძოლაში.

(1) 9. რომელი მსჯელობაა მართებული აშოტ ბაგრატიონის შესახებ?
ა) პირველი ბაგრატიონია, რომელმაც ბიზანტიის იმპერატორისგან კურაპალატობა მიიღო პაჭანიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის. ამავე დროს დაიკავა შიდა ქართლი და უფლისციხე დედაქალაქად გამოაცხადა;
ბ) ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა მეფედ ეკურთხა. კახეთ-ჰერეთის ქორეპისკოპოსთან ერთად დაამარცხა ამირა და მცირე ხნით თბილისიც დაიკავა;
გ) ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო ქართველ მეფე-მთავართა შორის, ამიტომაც მიიღო კურაპალატის წოდება. თუმცა სამეფოში დაწყებული შიდა ომისას შეთქმულებმა მოკლეს ოშკის ტაძარში, სადაც დაკრძალეს კიდეც;
დ) ქართლის ბოლო ერისმთავარი იყო, რომელმაც არაბებთან კონფლიქტის გამო დატოვა აღმოსავლეთ საქართველო. გადავიდა სამხრეთ საქართველოში, სადაც შექმნა სამთავრო, ხოლო რეზიდენციად არტანუჯის ციხე აირჩია.

(1) 10. რა მოვლენას უკავშირდება XII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს სამეფო კარზე „უგვაროების“ დაწინაურება?
ა) ყუთლუ-არსლანის გამოსვლას;               ბ) დემეტრე I-ის გადადგომას;
გ) გიორგი რუსის ჩამოყვანას;                     დ) დემნა უფლისწულის აჯანყებას.

(1) 11. რას წარმოადგენდა ორდალია შუა საუკუნეების ევროპაში?
ა) უფროსი ვაჟისთვის მემკვიდრეობის გადაცემის წესს;
ბ) რაინდად კურთხევის ცერემონიალს;
გ) სასულიერო წოდების მინიჭების რიტუალს;
დ) ბრალეულობის დადგენის მეთოდს.

(1) 12. რომელი ქართველი მეფის მმართველობის პერიოდში შეიქმნა სამართლის წიგნი – „ძეგლის დადება“?
ა) ალექსანდრე I-ის;      ბ) ბაგრატ IV-ის;        გ) გიორგი V-ის;       დ) ვახტანგ VI-ის.

(1) 13. რომელი სულთნის მმართველობისას დაიკავეს ოსმალებმა პირველად გარკვეული ტერიტორია ევროპის კონტინენტზე?
ა) ოსმან I-ის;        ბ) ორჰან I-ის;        გ) მურად I-ის;         დ) ბაიაზიდ I-ის.

(1) 14. რა როლი ითამაშა უნგრელმა ინჟინერმა ორბანმა კონსტანტინოპოლის დაცემაში?
ა) ხელმძღვანელობდა გვირაბის გათხრას, რომლითაც ოსმალები ქალაქში შეიპარნენ;
ბ) ააგო ახალი ტიპის გემები და ოსმალებმა შეძლეს ქალაქის ზღვიდან ბლოკირებაც;
გ) ააშენა რამდენიმე საალყო კოშკი და ოსმალებმა შეძლეს ქალაქის გალავანზე გადაძრომა;
დ) ჩამოასხა ზარბაზანი, რომლის მეშვეობითაც ოსმალებმა ქალაქის გალავანი შეანგრიეს.

(1) 15. ვინ ააგო ფლორენციაში სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის გუმბათი?
ა) ფილიპო ბრუნელესკიმ;       ბ) ჯორჯო ვაზარიმ;        
გ) ანდრეა ვეროკიომ;              დ) რაფაელო სანტიმ.

(1) 16. რომელი ისტორიული თხზულების ავტორია ომან ხერხეულიძე?
ა) ცხოვრება გიორგი მეცამეტისა;                ბ) ამბავნი ქართლისანი;
გ) აღწერა სამეფოსა საქართველოსა;           დ) მეფობა ირაკლი მეორისა.

(1) 17. რომელ ქართულ პოლიტიკურ ერთეულთან გააფორმა ელაზნაურის ხელშეკრულება რუსეთის იმპერიამ?
ა) აფხაზეთის სამთავროსთან;          ბ) ოდიშის სამთავროსთან;
გ) იმერეთის სამეფოსთან;                დ) სამცხის სამთავროსთან.

(1) 18. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყება?
ა) საეკლესიო რეფორმამ;
ბ) სოლომონ II-ის იმერეთში დაბრუნებამ;
გ) აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებულმა მღელვარებამ;
დ) თავადების მიერ გლეხებისთვის გადასახადების გაზრდამ.

(1) 19. XIX საუკუნეში რომელი პერიოდული გამოცემის გარშემო შემოკრებილ ჯგუფს უწოდებდნენ მესამე დასელებს?
ა) ივერიის;        ბ) კვალის;        გ) ცისკრის;          დ) საქართველოს მოამბის.

(1) 20. რას ეწოდებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ერობა?
ა) ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს;
ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებს;
გ) მოქალაქეების საზოგადოებრივ გაერთიანებებს;
დ) მუშათა პროფესიულ კავშირებს.

(1) 21. რა ეწოდებოდა საბჭოთა კავშირში XX ს-ის 20-იან წლებში ანტირელიგიური პროპაგანდისთვის შექმნილ ორგანიზაციას?
ა) მებრძოლ უღმერთოთა კავშირი;
ბ) ანტისარწმუნოებრივი გაერთიანება;
გ) ურწმუნოთა ლიგა;
დ) ხალხთა სულიერი განათლების კომიტეტი.

(1) 22. რას ითვალისწინებდა მარშალის გეგმა?
ა) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის სახელმწიფოების დახმარებას;
ბ) ცივი ომის დროს აფრიკისა და აზიის ქვეყნების პოლიტიკურ მხარდაჭერას;
გ) პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას;
დ) ცივი ომის დასრულების შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოების ხელშეწყობას.

(1) 23. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ალექსანდრე მაკედონელის მიერ გადახდილი ბრძოლები.
1. გავგამელა  3
2. ისოსი        2
3. გრანიკოსი 1

(1) 24. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ევროპელი მოაზროვნეები მათი მოღვაწეობის დროის მიხედვით.
1. ერაზმუს როტერდამელი  2
2. ჟან-ჟაკ რუსო                      3
3. თომას ბეკეტი                    1

(1) 25. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ილხანთა სახელმწიფოს მმართველები.
1. ყაზან ყაენი   2
2. აბუ საიდი    3
3. ჰულაგუ       1

(1) 26. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქართული ფილმები.
1. აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში    1     1912
2. ჯიმ შვანთე (მარილი სვანეთს)                               2     1930
3. მონანიება                                                                3     1984

27. ისტორიული რუკა (4 არასწორი პასუხის პოვნა)
მოსწავლისათვის დასმული კითხვები:
27.1. რა ეწოდებოდა სახელმწიფოს, რომლის ლაშქრობებისა და ტერიტორიული გაფართოების ეტაპებია ასახული რუკაზე?
27.2. დაასახელეთ რუკაზე აღნიშნული ტომი, რომელმაც სრულად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.
27.3. რუკის მიხედვით, რომელმა ტომმა დაკარგა თავისუფლება 772-804 წლებში და, გარდა ბრძოლაში დამარცხებისა და დაპყრობისა, კიდევ რა მოიმოქმედა ამ ტომის მიმართ რუკაზე აღნიშნულმა სახელმწიფომ?
27.4. რუკის მიხედვით სრულად ჩამოთვალეთ ქალაქები, რომლებიც ალყის შედეგად აიღეს.
27.5. რუკის მიხედვით, რომელი რეგიონები შევიდა რუკაზე აღნიშნული სახელმწიფოს შემადგენლობაში მისი გაფართოების პირველ ეტაპზე?

მოსწავლის მიერ გაცემული პასუხები:
27.1. დასავლეთ რომის იმპერია  ტყუილია (ფრანკთა სამეფო)
27.2. ხორვატები                            ტყუილია (დანიელები)
27.3. საქსები, ქრისტიანობა მიაღებინეს   სწორია
27.4. ვერონა, ოტენი                      ტყუილია  (პავია, ოტენი)
27.5. ბურგუნდია, ბავარია            ტყუილია  (ბურგუნდია, ფრიზია)

28. ილუსტრაციის ანალიზი
კითხვები:
(2) 28.1. რას ვუწოდებთ მებრძოლ მხარეებს, რომელთა წარმომადგენლებს შორის ბრძოლას ასახავს N1 ილუსტრაცია. დაასახელეთ ილუსტრაციაზე მოცემულ რომელ კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეთ დასკვნა.
ჩრდილოელები და სამხრეთელები (კონფედერატები). პირველი ილუსტრაცია გეტისბერგის ბრძოლაა, აშშ-ს სამოქალაქო ომის მთავარი ბრძოლა. მეორე ილუსტრაციაზე პრეზიდენ ლინკოლნს კლავს სამხრეთელი მსახიობი

(2) 28.2. დაასახელეთ N2 ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული მოვლენის ორი მთავარი მონაწილე პირი.
პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი და მკვლელი უიკლს ბუთი

(2) 28.3. დაასახელეთ გამომწვევი მიზეზი და შედეგი იმ ისტორიული მოვლენის, რომლის ორი ეტაპი ასახულია ილუსტრაციებზე.
აფროამერიკელების მონობის გაუქმების მოთხოვნა; მონობის მომხრე სამხრეთელები დამარცხდნენ და აშშ-ში მონობა გაუქმდა.

(1) 28.4. დაასახელეთ ერთი ლიტერატურული ნაწარმოები ან ფილმი, რომელიც მოცემულ ილუსტრაციებზე ასახულ მოვლენებზე მოგვითხრობს და თქვენ მიერ შესაძლოა გამოყენებულ იყოს დამატებით სასწავლო რესურსად.
ფილმები: „სამოქალაქო ომი“; „ლინკოლნი“.

29 (18). ისტორიული წყაროს ანალიზი
რომის პაპის მიმართვა 1095 წელს კლერმონში შეკრებილი ხალხისადმი
    გალიის მიწაზე, ქალაქ კლერმონში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ რომის პაპი, რომაელი ეპისკოპოსები და კარდინალები, ასევე გალები, გერმანელები და იმპერიის სხვა მცხოვრებნი, როგორც ეპისკოპოსები, ისე – საერო დიდებულები.
    კრების დასრულების შემდეგ პაპმა დიდ ველზე შეკრებილებს მიმართა: ფრანკო ხალხნო, თქვენი მიწების მდებარეობისა და კათოლიკური რწმენის, ასევე წმინდა ეკლესიის პატივისცემის გამო, ყველა სხვა ხალხისაგან გამორჩეულნი ხართ, ამიტომაც სწორედ თქვენ მოგმართავთ და თქვენთვისაა განკუთვნილი ჩვენი მოწოდება. გვსურს, რომ შეიტყოთ, თუ რა სამწუხარო გარემოებამ მოგვიყვანა თქვენთან და რა აუცილებლობა გიხმობთ თქვენ და ყველა ქრისტიანს. ქალაქ კონსტანტინოპოლიდან მნიშვნელოვანი ცნობა მოგვივიდა, ადრეც საკმაოდ ხშირად გვესმოდა ამბები იმის შესახებ, რომ სპარსეთის სამეფოს ხალხი, დაწყევლილი ხალხი, უცხო ტომისა, უღმერთონი, რომელთაც არც გულით და არც გონებით არ სწამთ ღმერთის, შეიჭრნენ იერუსალიმში ქრისტიანთა მიწებზე, მახვილით გაანადგურეს, გაძარცვეს, ცეცხლს მისცეს, მოსახლეობის ნაწილი ტყვედ გაიტაცეს თავიანთ ქვეყნებში, ნაწილი კი სამარცხვინოდ ამოხოცეს, უფლის ეკლესიები სრულიად დაანგრიეს, ან თავიანთი ღვთისმსახურებისთვის გამოიყენეს. ბერძენთა სამეფო ისეა შემცირებული და განადგურებული მათ მიერ, რომ დაკარგული ტერიტორიების შემოვლა ორ თვეშიც კი შეუძლებელია.
ვინ უნდა გასცეს პასუხი ყოველივე ამას, გამოგლიჯოს მათ ხელიდან ეს მიწა, თუ არა თქვენ, რომლებიც ღმერთმა აღგამაღლათ ყველაფერზე მაღლა იარაღის ძალითა და სულის სიდიადით, სიქველითა და სიმამაცით გამოგარჩიათ, რათა თქვენი მტრები დაამარცხოთ, რომლებიც თქვენ ზიანს გაყენებენ. დაე, თქვენი წინაპრების კეთილმა საქმეებმა, რომელთაც წარმართთა მეფობას მოუღეს ბოლო და განავრცეს წმინდა ეკლესიის საზღვრები, თქვენში მებრძოლი სული გააღვიძონ. დაე, უფლის წმინდა საფლავმა, ჩვენი მხსნელის საფლავმა, რომელიც უწმინდურთა ხელშია ახლა ჩავარდნილი, ხოლო წმინდა ადგილები კი მათ მიერ არის შეურაცხყოფილი და შებილწული, გააღვიძოს თქვენში მებრძოლი სული. ფრანკო ხალხნო, მამაცო მეომრებო და უძლეველი წინაპრების შთამომავლებო! არ გაბედოთ მათ დიდებაზე უარის თქმა! პირიქით, გაიხსენეთ თქვენი მამა-პაპის გმირობა, თუ გულს გიჩუყებთ შვილებისა და მშობლებისადმი, ცოლებისადმი თქვენი სიყვარული, იფიქრეთ ამ სიტყვებზე, რაზეც უფალი სახარებაში ლაპარაკობს: „ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“.
    არ მიგიზიდოთ მომხვეჭელობამ და ნუ შეგაწუხებთ ოჯახური საქმეები, რადგან მიწა, რომელზეც თქვენ ცხოვრობთ, ზღვითა და მთებითაა შემოსაზღვრული, შეზღუდულია თქვენი მრავალრიცხოვნებით, სიმდიდრით ვერ დაიკვეხნით, ეს მიწა ძლივს არჩენს იმათ, ვინც მას ამუშავებს. ამის გამო ხდება, რომ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ომებს აწარმოებთ და ერთმანეთს მრავალრიცხოვან სასიკვდილო ჭრილობას აყენებთ. დაე, შეწყდეს თქვენ შორის არსებული სიძულვილი, დაცხრეს მტრობა, შეწყდეს ომები და ყოველგვარი სახის დაპირისპირება. შეუდექით წმინდა საფლავის განთავისუფლების გზას, უწმინდურ ხალხს გამოგლიჯეთ ეს მიწა, დაიპყარით ის თქვენთვის.
    იერუსალიმი – დედამიწის ჭიპია, ნაყოფიერია სხვებთან შედარებით, ეს მიწა მეორე სამოთხეა. ამ მიწაზე, წმინდა წერილის მიხედვით, რძე და თაფლი მოედინება. კაცობრიობის მხსნელმა თავისი მოვლინებით განადიდა ის, შეამკო თავისი საქმით, აკურთხა ტანჯვით, გამოისყიდა სიკვდილით, უკვდავყო დასაფლავებით.
ეს სამეფო ქალაქი დედამიწის შუაგულშია განთავსებული, დღეს კი მტრის ხელშია და ნადგურდება სხვადასხვა უღმერთო ხალხის მიერ. ის განთავისუფლებისკენ მიისწრაფვის და სურს თავისუფლება, განუწყვეტლივ ლოცულობს, რათა თქვენ მის გამოსახსნელად მიხვიდეთ. დახმარებას გამორჩეულად თქვენგან მოითხოვს, რადგან თქვენ, როგორც უკვე ვთქვით, სხვა ხალხებს შორის, უფლის მიერ დიდებული იარაღის ძალით ხართ აღჭურვილი. დაადექით ამ გზას ცოდვათა გამოსასყიდად, რამდენადაც დარწმუნებული ხართ ცათა სასუფევლის შეუბღალავ დიდებაში.
კითხვები:
(1) 29.1. რას ვუწოდებთ ეპოქას, რომელიც დაიწყო რომის პაპის მოწოდების შემდეგ?
ჯვაროსნული ლაშქრობები

(1) 29.2. თქვენი აზრით, რატომ იყო ამ მოწოდების ინიციატორი სწორედ რომის პაპი?
თემის იდეოლოგია რელიგიურია და ტან ბევრი მიზეზით ყველაზე მეტად პაპი იყო დაინტერესებული.

(1) 29.3. დაასახელეთ რომის პაპი, რომელმაც კლერმონში შეკრებილ ხალხს მიმართა.
ურბან მეორე

(1) 29.4. დოკუმენტის მიხედვით, კრებას ესწრებოდნენ „გალები, გერმანელები და იმპერიის სხვა მცხოვრებნი“. რას ვუწოდებთ ამ იმპერიას?
საღვთო რომის იმპერია

(1) 29.5. თქვენი აზრით, რატომ უსვამს ხაზს რომის პაპი „იარაღის ძალით“ ამაღლებას?
რადგან იარაღის ძალით იყო დასაკავებელი იერუსალიმი, რომელიც მუსლიმებს ეჭირა

(1) 29.6. წყაროში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, დაასახელეთ რომელ ნახევარკუნძულზე მდებარეობდა ბერძენთა სამეფოს მიერ დაკარგული ტერიტორიები.
მცირე აზია

(2) 29.7. რომელი სახელმწიფო იგულისხმება „ბერძენთა სამეფოში“ და ვინ იყო მისი მმართველი წყაროში აღწერილი მოვლენების დროს?
ბიზანტია, ალექსი კომნინოსი

(2) 29.8. დოკუმენტის მიხედვით, დაასახელეთ ორი რელიგიური ფაქტორი, რომლებსაც რომის პაპი იყენებს, რათა შეკრებილები სალაშქროდ განაწყოს.
სპარსეთის სამეფოს ხალხმა იერუსალიმში ქრისტიანთა მიწებზე, მახვილით გაანადგურეს, გაძარცვეს, ცეცხლს მისცეს, მოსახლეობის ნაწილი ტყვედ გაიტაცეს თავიანთ ქვეყნებში, ნაწილი კი სამარცხვინოდ ამოხოცეს, უფლის ეკლესიები სრულიად დაანგრიეს, ან თავიანთი ღვთისმსახურებისთვის გამოიყენეს. ღმერთმა აღგამაღლათ და გამოგარჩიათ, რომ წმინდა საფლავი გაათავისუფლოდ. უფალი სახარებაში ლაპარაკობს: „ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“.

(2) 29.9. დოკუმენტის მიხედვით დაასახელეთ ორი ეკონომიკური ფაქტორი, რომლებსაც რომის პაპი, ევროპაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, დამატებით იყენებს, რათა შეკრებილები სალაშქროდ განაწყოს.
იერუსალიმი – დედამიწის ჭიპია, ნაყოფიერია სხვებთან შედარებით, ეს მიწა მეორე სამოთხეა. ამ მიწაზე, წმინდა წერილის მიხედვით, რძე და თაფლი მოედინება.

(2) 29.10. ტექსტის მიხედვით, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ფრანკებს წმინდა საფლავის განთავისუფლების გზაზე?
ურთიერთსიძულვილი და მტრობა

(2) 29.11. ქრისტიანთა გარდა, კიდევ რომელი რელიგიების მიმდევრებისთვისაა იერუსალიმი წმინდა ქალაქი?
მუსლიმების და იუდაიზმის

(2) 29.12. რამდენად მნიშვნელოვანი იყო რომის პაპის მოწოდების შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის? მოიტანეთ კონკრეტული მაგალითი საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად და ახსენით, რა კავშირი აქვს მას ზემოთ ნახსენებ მოვლენებთან.
მნივნელოვანი იყო, რადგან სელჩუკებს ახალი ფრონტი გაეხსნათ, მითუმეტეს რომ ბიზანტია დაბრუნდა მცირე აზიაში. ქართველებსაც პოტენციური მოკავშირეები გამოუჩნდნენ სელცუკების წინააღმდეგ ომში ჯვაროსნებისა და ბიზანტიის სახით, რამაც უფრო გაათამამა დავით აღმაშენებელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий