суббота, 12 июля 2025 г.

ეროვნულები 2025 ისტორია. ტესტები და პასუხები

I ვარიანტი
(1) 1. რომელი ინფორმაციაა მართებული ლურსმული დამწერლობის შესახებ?
ა) გავრცელდა ქვემო ეგვიპტეში ძველი სამეფოს ხანაში და ცოტა ხანში სახელმწიფოს ოფიციალურ დამწერლობად გამოცხადდა;
ბ) ჩინეთში სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მოჰყვა უძველესი დამწერლობის სისტემის შექმნა;
გ) შეიქმნა შუამდინარეთის ქალაქ-სახელმწიფოებში, სადაც სამეურნეო საქმიანობა და მმართველობის სტრუქტურები ჩამოყალიბდა;
დ) ასურეთის ტერიტორიაზე ფრიგიელების განსახლების შემდეგ გავრცელდა მთელ ახლო აღმოსავლეთში.

(1) 2. რომელი ინფორმაციაა მართებული ეგვიპტის ფარაონის მენესის შესახებ?
ა) შემოიღო ახალი ღვთაების ატონის კულტი;
ბ) პირველად გააერთიანა ეგვიპტის სამეფოები;
გ) ააგო პირველი საფეხურებიანი პირამიდა;
დ) დაიპყრო სინას ნახევარკუნძული.

(1) 3. სხვა მიზეზებთან ერთად, ძველ საბერძნეთში არსებულმა რა პირობებმა განსაზღვრა ბერძნული კოლონიზაციის დაწყება ძვ.წ. VIII საუკუნეში?
ა) წყალუხვი მდინარეების სიმრავლემ;
ბ) ძლიერი, ერთიანი სახელმწიფოს არსებობამ;
გ) მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწის სიმცირემ;
დ) ბარბაროსთა ტომების შემოსევებმა.

(1) 4. რომელი სამეფოს დამარცხების შედეგად იწყება აქემენიანთა სპარსეთის გაძლიერება?
ა) ხეთების;     ბ) ურარტუს;      გ) მიდიის;      დ) მითანის.

(1) 5. რომელ სახელმწიფო მოხელეს ევალებოდა რომის მოქალაქეების დაყოფა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით?
ა) ტრიბუნს;     ბ) კონსულს;      გ) ცენზორს;      დ) პრეტორს.

(1) 6. ქართლის მეფის რა პოლიტიკამ განაპირობა მის სამეფოში რომაელთა ლაშქრობა ძვ.წ. I საუკუნეში?
ა) ურთიერთობამ პონტოს მეფესთან;
ბ) სასანიანთა სახელმწიფოსთან მოკავშირეობამ;
გ) დარიალის გზის გახსნამ მომთაბარე ტომებისთვის;
დ) შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დაკავებამ.

(1) 7. ვინ იყვნენ კოლონები რომის იმპერიაში?
ა) მიწათმოქმედები;     ბ) სამხედროები;      გ) ვაჭრები;      დ) ზღვაოსნები.

(1) 8. რომელი ინფორმაციაა მართებული სალიკური სამართლის შესახებ?
ა) ლანგობარდების მიერ მცირედ შეცვლილ რომაულ კანონთა ერთობლიობას წარმოადგენდა;
ბ) ვანდალთა გაქრისტიანების შემდეგ დაიწერა მათი მეფის ბრძანებით;
გ) ალფრედ დიდის ბრძანებით შექმნილი კანონთა კრებული იყო;
დ) ფრანკთა მეფის ხლოდვიგის მმართველობის დროს შეადგინეს.

(1) 9. როგორ ჩამოყალიბდა ნორმანდიის საჰერცოგო X საუკუნის პირველ ნახევარში?
ა) ინგლისის მეფემ დაქირავებულ ნორმანთა ლაშქარს მუდმივი დასახლების უფლება მისცა;
ბ) ნორმანების ხშირი თავდასხმების გამო ფრანკთა მეფე იძულებული გახდა მათთვის გარკვეული ტერიტორია გადაეცა;
გ) საღვთო რომის იმპერიაში დასახლებულმა ნორმანებმა შეუვალობის უფლება მოიპოვეს;
დ) ნორმანებმა აითვისეს გაუკაცრიელებული ტერიტორია ბალკანეთის სამხრეთში და იქ თავიანთი მმართველობა დაამყარეს.

(1) 10. რომელი პოლიტიკური ერთეული დაამარცხეს სელჩუკებმა ყველაზე ადრე?
ა) ერაყის სასულთნო;                          ბ) ბიზანტიის იმპერია;
გ) ისმაილიტების სამთავრო;              დ) ღაზნევიანების სახელმწიფო.

(1) 11. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა დასავლეთ ევროპაში საქალაქო ცხოვრების გააქტიურება XII-XIII საუკუნეებში?
ა) ასწლიანი ომის დაწყების გამო იარაღსა და საჭურველზე მოთხოვნილების ზრდამ, რასაც ხელოსნობის ცალკე დარგად ჩამოყალიბება მოჰყვა;
ბ) გლეხთა ომებმა, რამაც სოფლის მოსახლეობა აიძულა თავისი ტრადიციული საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა;
გ) ევროპელების მიერ ლევანტის რეგიონის დაკავებამ, რამაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარებას შეუწყო ხელი;
დ) მაღრიბის ქვეყნებში ქრისტიანული მოსახლეობის ზრდამ, რასაც ევროპასთან ურთიერთობის გააქტიურება მოჰყვა.

(1) 12. რა იყო საქართველოში შემოჭრილი სელჩუკთა სულთნის ალფ-არსლანის ერთ-ერთი მიზანი?
ა) საქართველოს სამეფოსათვის ხარკის დაკისრება;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოში საამიროს დაარსება;
გ) საქართველოში მომთაბარე ტომების ჩამოსახლება;
დ) სამხრეთ საქართველოში თურქული სანჯაყის შექმნა.

(1) 13. IV ჯვაროსნული ლაშქრობისას რომელი ქალაქის აღებაზე მოგვითხრობს ნიკიტა ქონიატე?
ა) ნიკეის;     ბ) კონსტანტინოპოლის;     გ) ალეპოს;     დ) დამასკოს.

(1) 14. რა იყო 1215 წელს ინგლისში მიღებული თავისუფლების დიდი ქარტიის ერთ-ერთი მიზანი?
ა) თემთა და ლორდთა პალატების ჩამოყალიბება;
ბ) სამივე წოდების უფლებრივი გათანაბრება;
გ) სამეფო ხელისუფლების შეზღუდვა;
დ) ანგლიკანური ეკლესიის დაფუძნება.

(1) 15. საქართველოში რომელი დამპყრობლის ბატონობის შესახებ მოგვითხრობს ქართველი მემატიანე ჟამთააღმწერელი?
ა) არაბების;     ბ) ხაზარების;     გ) ოსმალების;     დ) მონღოლების.

(1) 16. სხვა მიზეზებთან ერთად, რომელი სახელმწიფოს დაშლამ შეუწყო ხელი ოსმანს, ჩამოეყალიბებინა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული XIII-XIV საუკუნეების მ იჯნაზე?
ა) ტრაპიზონის იმპერიის;                     ბ) ეგვიპტის სახალიფოს;
გ) იერუსალიმის სამეფოს;                    დ) რუმის სასულთნოს.

(1) 17. დინასტიური ქორწინების გზით პირენეს ნახევარკუნძულზე მდებარე რომელი სამეფოების გაერთიანება ითვლება ესპანეთის სამეფოს ჩამოყალიბების დასაწყისად?
ა) კორდობისა და სევილიის;                 ბ) არაგონისა და კასტილიის;
გ) ნავარისა და ლეონის;                         დ) გრანადისა და კატალონიის.

(1) 18. ვისი შუამავლობით დაიდო ტორდესილასის ხელშეკრულება?
ა) საღვთო რომის იმპერატორის;               ბ) მსოფლიო პატრიარქის;
გ) ტამპლიერთა დიდი მაგისტრის;          დ) რომის პაპის.

(1) 19. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ჰუმანიზმისა და რენესანსის დაწყებას იტალიაში?
ა) დიდი საზღვაო ექსპედიციების ხელმძღვანელები ყოველთვის იტალიელები იყვნენ და ყოველგვარი სიახლე პირველად საკუთარ ქვეყანაში ჩაჰქონდათ;
ბ) ანტიკური ხანის სწავლულთა ტრაქტატები მხოლოდ ეტრუსკულად იყო დაწერილი და ეს ენა ყველაზე კარგად იტალიის მაცხოვრებლებმა იცოდნენ;
გ) ბიზანტიაში შექმნილი რთული ვითარებისა და კონსტანტინოპოლის დაცემის გამო ბიზანტიელ სწავლულთა ნაწილი იტალიაში გადასახლდა;
დ) აპენინის ნახევარკუნძული საღვთო რომის იმპერიის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა და იმპერატორები განსაკუთრებით ზრუნავდნენ მასზე.

(1) 20. რომელი ომი დასრულდა ვესტფალიის ზავით?
ა) შვიდწლიანი ომი;                               ბ) ოცდაათწლიანი ომი;
გ) დიდი თურქული ომი;                      დ) კოლონიური ომი აფრიკაში.

(1) 21. ვინ იყო ირანის პირველი შაჰი სეფიანთა დინასტიიდან?
ა) ისმაილ I;       ბ) თამაზ I;          გ) ხუდაბანდე I;           დ) ჰუსეინ I.

(1) 22. რომელი მსჯელობაა მართებული ირან-ოსმალეთის ომების შესახებ?
ა) ოსმალეთის სულთანმა, სულეიმან I-მა დაამარცხა ირანელები და ამასიის ზავით კავკასიას სრულად დაეპატრონა;
ბ) ირანის შაჰმა, აბას I-მა მმართველობის პირველ წლებში ოსმალეთს დიდი ტერიტორიები დაუთმო, მათ  შორის იყო აღმოსავლეთ საქართველოც;
გ) ვენის ბრძოლაში ევროპელებთან დამარცხების შემდეგ ოსმალებმა შეწყვიტეს ომი ირანთან და სადავო პროვინციები შაჰს გადასცეს, რომელთა შორის იყო სამცხე-საათაბაგოც;
დ) ჩალდირანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ირანელებმა აღიდგინეს კავკასიაში დაკარგული პოზიციები და ოსმალური გარნიზონები საქართველოს ყველა ქალაქიდან განდევნეს.

(1) 23. ვინ მეთაურობდა ქართველებს მარტყოფის ბრძოლაში?
ა) გიორგი სააკაძე;        ბ) თეიმურაზ I;         გ) გივი ამილახვარი;        დ) ლუარსაბ II.

(1) 24. რომელი მსჯელობაა მართებული XVII საუკუნეში ინგლისში განვითარებული მოვლენების შესახებ?
ა) სამოქალაქო ომში ჩარლზ I-ის დამარცხების შემდეგ ინგლისის მეფედ ნიდერლანდების მმართველი უილიამ ორანელი გამოაცხადეს;
ბ) ტიუდორების დინასტიის შეწყვეტის შემდეგ ინგლისის ტახტი ჯეიმს სტიუარტმა დაიკავა, რომელიც ამავდროულად შოტლანდიის მეფეც იყო;
გ) ინგლისში პროტესტანტობის აღმოფხვრის მიზნით ესპანელთა ჯარი შეიჭრა, თუმცა ნეიზბის ბრძოლა ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა;
დ) მეფესა და მესამე წოდების წარმომადგენელთა შორის ხანგრძლივი დაპირისპირების დასასრულებლად ინგლისის დამფუძნებელმა კრებამ ლონდონი თავისუფალ ქალაქად გამოაცხადა.

(1) 25. რომელი მსჯელობაა მართებული ვახტანგ VI-ის მოღვაწეობის შესახებ?
ა) ადგილობრივი თავადების მხარდაჭერით კახეთის ტახტი დაიკავა და აღმოსავლეთ საქართველო გააერთიანა;
ბ) ირანელთა დახმარებით მესხეთის ოსმალთაგან გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ ლაშქრობები წარუმატებლად დასრულდა;
გ) რუსეთის იმპერატორთან ერთად ირანის დალაშქვრას აპირებდა, თუმცა იმპერატორმა პირობა არ შეასრულა და მტერთან მარტო დატოვა;
დ) პირველი ქართველი მეფე იყო, რომელმაც დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა და საბოლოოდ საფრანგეთის მეფის კარზე დამკვიდრდა.

(1) 26. რომელი მსჯელობაა მართებული XVIII საუკუნეში მიმდინარე ჩრდილოეთის ომის შესახებ?
ა) ომის საწყის ეტაპზე შვედებმა უპირატესობა მოიპოვეს და ნარვის ბრძოლაში რუსების ჯარი სასტიკად დაამარცხეს;
ბ) ომი პოლონელთა და ლიტველთა გამარჯვებით დასრულდა და მოსკოვის დიდი მთავარი იძულებული გახდა სმოლენსკი პოლონეთის მეფისათვის დაეთმო;
გ) თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, რუსეთის ჯარი პოლტავის ბრძოლაში მაინც დამარცხდა და ლივონიის რეგიონის შვედეთისათვის დაბრუნება მოუწია;
დ) პოლონეთ-ლიტვისა და ტევტონთა ორდენის გაერთიანებულმა ლაშქარმა რუსეთს შეუტია და ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ყველა ქალაქი დაიკავა.

(1) 27. რომელი ინფორმაციაა მართებული აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის მოღვაწეობის შესახებ?
ა) დაამარცხა მექსიკა ომში;
ბ) შეიმუშავა დამოუკიდებლობის დეკლარაცია;
გ) მეთაურობდა ჯარს დამოუკიდებლობისათვის ომში;
დ) შეიძინა საფრანგეთისგან ლუიზიანის ტერიტორია.

(1) 28. რომელი ფაქტია მართებული XVIII საუკუნეში მოღვაწე განმანათლებლის, მონტესკიეს შესახებ?
ა) შეიმუშავა ხელისუფლების სამ შტოდ დანაწილების თეორია;
ბ) შეადგინა „ბილი უფლებათა შესახებ“;
გ) დაწერა ტრაქტატი „მარადიული მშვიდობისკენ“;
დ) გაშიფრა ძველი ეგვიპტური იეროგლიფები.

(1) 29. რომელი ინფორმაციაა მართებული ნაპოლეონ I-ის საშინაო პოლიტიკის შესახებ?
ა) შემოიღო პრესის ცენზურა;
ბ) გაიყვანა პირველი რკინიგზა;
გ) აღადგინა დამფუძნებელი კრება;
დ) შეზღუდვები დაუწესა პროტესტანტებს.

(1) 30. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა გახდა 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის მიზეზი?
ა) კონვენტმა ახალი კონსტიტუციის პროექტი უარყო;
ბ) ხელისუფლებამ შეკრებები აკრძალა;
გ) იმპერატორის გვარდიამ გაფიცული მუშები დაარბია;
დ) პრეზიდენტმა გადასახადები გაზარდა.

(1) 31. რა შედეგით დასრულდა პრუსიის ომი ავსტრიასთან 1866 წელს?
ა) ელზასი და ლოთარინგია ავსტრიას გადაეცა;
ბ) ავსტრიამ დაიბრუნა ჰანოვერი და ფრანკფურტი;
გ) სამხრეთ გერმანული სამთავროები პრუსიას შეუერთდა;
დ) გაძლიერდა პრუსიის პოზიციები ჩრდილოეთ გერმანიაში.

(1) 32. რომელი ინფორმაციაა მართებული 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგების შესახებ?
ა) რუსეთს გადაეცა ბათუმი და ყარსი;
ბ) არტაანი გამოცხადდა თავისუფალ ქალაქად;
გ) ოსმალეთს დაუბრუნდა შავშეთი და კლარჯეთი;
დ) უცვლელი დარჩა ომამდე არსებული საზღვარი.

(1) 33. რომელი ინფორმაცია არ არის მართებული 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ძირითადი დებულებების შესახებ?
ა) საგარეო შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქვეყანა აცხადებდა ნეიტრალიტეტს;
ბ) დაცული იქნებოდა ყველას უფლება განურჩევლად სქესისა და რელიგიური კუთვნილებისა;
გ) სხვა ერებს ექნებოდათ განვითარების ყველა პირობა და ეყოლებოდათ წარმომადგენლები ეროვნულ საბჭოში;
დ) სახელმწიფო წყობილების ფორმად ცხადდებოდა საპრეზიდენტო მმართველობა.

(1) 34. რა იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარგზავნილი საქართველოს დელეგაციის მიზანი?
ა) მარშალის გეგმაში ჩართვა;
ბ) საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება;
გ) დამარცხებული ოსმალეთისგან კონტრიბუციის მიღება;
დ) იუდენიჩის მიერ დაკავებული სოხუმის ოკრუგის დაბრუნება.

(1) 35. რომელი მსჯელობაა მართებული XX საუკუნის 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების შესახებ?
ა) არ შეხებია კომუნისტური პარტიის სამსახურში მყოფ სახელმწიფო მოხელეებსა და თანამდებობის პირებს;
ბ) მხოლოდ ეთნიკური ნიშნით ხორციელდებოდა და ხელისუფლება იყენებდა მცირერიცხოვანი ხალხების წინააღმდეგ;
გ) საზოგადოების ყველა ფენას შეეხო, რასაც მათი უკმაყოფილება და საბოლოო ჯამში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა;
დ) ერთ-ერთი მიზანი იყო ძველი თაობის ბოლშევიკების ჩანაცვლება ახალი თაობის ერთგული კადრებით.

36. ისტორიული რუკა
კითხვები
(1) 36.1. რა ეწოდებოდა ოფიციალურად რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნულ სახელმწიფოს?
ა) საქართველოს კონფედერაციული რესპუბლიკა;
ბ) საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა;
გ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
დ) საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

(1) 36.2. რუკაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა შეგვიძლია ვთქვათ ბოლშევიკების შესახებ?
ა) ეხმარებოდნენ ლურჯად აღნიშნულ სახელმწიფოს სამხედრო მოქმედებებში;
ბ) ცდილობდნენ დაეკავებინათ ბრიტანელთა კონტროლირებადი ტერიტორია;
გ) მოქმედებდნენ მწვანე ფერით აღნიშნულ სახელმწიფოში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ;
დ) დროებით დაიკავეს ქალაქი გორი.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელ სახელმწიფოსთან ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი მწვანედ აღნიშნულ სახელმწიფოს თავდაპირველად?
ა) რუსეთთან;     ბ) სომხეთთან;      გ) თურქეთთან;        დ) აზერბაიჯანთან.

(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული?
ა) მწვანედ აღნიშნული სახელმწიფოს ჯარმა ბოლნისთან გამარჯვება მოიპოვა და წითლად აღნიშნული ტერიტორია ხელახლა დაიკავა;
ბ) ლურჯად აღნიშნული სახელმწიფოს ჯარმა წარმატებას მიაღწია და ქალაქი ახტალა დაიკავა, თუმცა მათი მომდევნო შეტევა წარუმატებლად დასრულდა;
გ) მწვანედ და ლურჯად აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის გამართული საომარი მოქმედებებისშედეგად   ახალციხე ნეიტრალურ ზონაში მოექცა;
დ) მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს ჯარმა შეძლო ახალქალაქზე კონტროლის აღდგენა  და ლურჯად აღნიშნული სახელმწიფოს ჯარის ქალაქიდან განდევნა.

(1) 36.5. რა ეწოდებოდა მწვანე და ყვითელ ფერებში დაშტრიხულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც, რუკის მიხედვით, სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა მწვანედ და ყვითლად აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის?
ა) ზაქათალის ოკრუგი;              ბ) ელიზავეტპოლის გუბერნია;
გ) ბორჩალოს მაზრა;                  დ) ყარსის ოლქი.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელ ქალაქს აკონტროლებდა მწვანედ აღნიშნული სახელმწიფო, რომელიც დღეს არ შედის საქართველოს შემადგენლობაში?
ა) რიზეს;        ბ) თორთომს;           გ) ოლთისს;          დ) არტაანს.

37. ისტორიული მოვლენის ან პიროვნების ანალიზი
    1814-1815 წლებში გაიმართა ვენის კონგრესი.
კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ ამ კონგრესის მოწვევის ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი.
ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ ევროპის წამყვან ქვეყნებს ჰქონდათ სურვილი ევროპის რუკა ხელახალა მოეწყოთ

(1) 37.2. კონკრეტულად ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ამ კონგრესის გადაწყვეტილებები დადებითი შედეგის მომტანი? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ავსტრიის იმპერიისთვის, რომელიც შეძლებდა დაებრუნებინა საფრანგეთისგან წართმეული მიწები.

(1) 37.3. კონკრეტულად ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ამ კონგრესის გადაწყვეტილებები უარყოფითი შედეგის მომტანი? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
საფრანგეთისთვის, რომლისთვისაც აპირებდნენ წაერთმიათ ყველაფერი, რაც წლების მანძილზე დაიპყრო.

(2) 37.4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა XIX საუკუნის ევროპის ისტორიაში. მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად.
ბერლინის კონგრესი. რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის დასრულების შემდეგ შეიკრიბა რათა მოეწყო ხელახლა აღმოსავლეთ ევროპის რუკა. მასში მონაწილეობდა ევროპის ყველა წამყვანი სახელმწიფო.


ისტორიული დოკუმენტი: დავით IV აღმაშენებელი
    საქართველო ენერგიულ წინააღმდეგობას უწევდა თურქებს, მაგრამ მარტო დარჩენილი და ყოველი მხრიდან სელჩუკებით გარშემომდგარი, ამასთან შინა უთანხმოებებით დასუსტებული ქვეყანა დამარცხდა მტერთან ბრძოლაში. დავითმა ნელ-ნელა შეადგინა ერთგული სამხედრო რაზმები, რომელნიც ძირითადად წვრილი აზნაურებისაგან შედგებოდა. დავითის რაზმები გუნდ-გუნდად დაყოფილნი თავს ესხმოდნენ ქართლში თურქებს, ერეკებოდნენ მათ და გაქცეულ და აყრილ მოსახლეობას დაბრუნებისა და მეურნეობის აღდგენის საშუალებას აძლევდნენ.
    თურქთა წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლისათვის აუცილებელი იყო ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცება და ურჩი ფეოდალების სახელმწიფოს ცენტრალური მმართველობისათვის დაქვემდებარება. ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის ბრძოლა არ შეიძლებოდა მხოლოდ საერო ფეოდალთა წინააღმდეგ ბრძოლით შემოფარგლულიყო, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის ადგილს და მის მდგომარეობას სახელმწიფოში. საქართველოს საბოლოო გაერთიანება და ერთიანი ცენტრალური მმართველობის დამყარება ეკლესიის სახელმწიფოსადმი დამორჩილებას გულისხმობდა.
    მთელი ქართული ჯარი დავით აღმაშენებელმა ძირითადად სამ ნაწილად გაყო. ერთ ნაწილს მეფის გვარდია, მონა-სპა წარმოადგენდა; მეორე ნაწილს მეციხოვნენი შეადგენდნენ, რომელთა მოვალეობას ციხე-ქალაქების გამაგრება შეადგენდა; ხოლო მესამეს - საკუთრივ მოლაშქრეები, რომელნიც, დავითის ისტორიკოსის სიტყვით, იყვნენ „დაუცხრომლად მიმოსლვასა ლაშქრობასა მისსა ზამთარ და ზაფხულ“.
    დავითის პოლიტიკა მიზნად ისახავდა ხელისუფლების მაქსიმალურ ცენტრალიზაციას, რასაც ემსახურებოდა ყველა მისი ღონისძიება. ურჩი ფეოდალების მამულების და მტრისაგან გაწმენდილი ქართული მიწების, ასევე ამიერკავკასიის: სომხეთისა და შარვანის მიწა-წყლის უშუალოდ მეფის ტახტისათვის დაქვემდებარება და სხვა საშინაო ღონისძიებანი. ურთიერთობის განსხვავებული ფორმა შეიმუშავა დავით აღმაშენებელმა იმიერკავკასიის მიმართ. იმ დროს, როდესაც თურქ-სელჩუკთაგან განთავისუფლებული ამიერკავკასიის მიწა-წყალი მან უშუალოდ შემოუერთა საქართველოს, იმიერკავკასიის, კერძოდ, ოსთა მფლობელებთან ურთიერთობა მან ყმადნაფიცობის პრინციპზე დაამყარა. ასევე ყმადნაფიცობის პირობით შემოიმტკიცა ლეკნი და ჩრდილო კავკასიის სხვა მკვიდრნიც. აღნიშნული გარემოება, პირველ რიგში, საქართველოს ჩრდილო საზღვრის გამაგრების საქმეს ისახავდა მიზნად.
    დავით IV თავისი დროისათვის დიდად განათლებული ადამიანი იყო, მას შეთვისებული ჰქონდა ქართული საერო და სასულიერო მწერლობა, იცნობდა აგრეთვე აღმოსავლური და ანტიკური მწერლობის ძეგლებს. იცოდა არაბული და სპარსული ენები, კარგად იცნობდა როგორც მართლმადიდებლური, ასევე გრიგორიანული და მაჰმადიანური სარწმუნოების ნორმებს.
    დიდგორის ველზე 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. დავით მეფე არ დაკმაყოფილდა ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვებით, ქართველებმა ფეხდაფეხ სდიეს უკუქცეულ მტერს, და უკვე მათ მიერ დაკავებულ მიწა-წყალზე ანადგურებდნენ მტრის უკანასკნელ რაზმებს. თურქ-სელჩუკთა ზარალი საგრძნობი იყო. ქართველებმა შედარებით მცირე მსხვერპლით შეძლეს ამ დიდი წარმატების მოპოვება. უდიდესი იყო ნადავლი: იარაღ-საჭურვლის, ძვირფასი ნივთების, ტყვეების, სამხედრო დროშებისა და სხვათა სახით.
    დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავითმა გეზი თბილისისაკენ აიღო, ქალაქის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ თბილისის მოსახლეობა უბრძოლველად არ თმობდა ქალაქს. ქართველთა ლაშქარმა 1122 წელს დიდი ბრძოლის შემდეგ თბილისი აიღო.
    დავით IV აღმაშენებელს არ დასცალდა თავისი გეგმების სრული განხორციელება, ის გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს 52 წლის ასაკში.
კითხვები:
(1) 38.1. მოცემული ტექსტის მიხედვით, რისი საშუალება ეძლეოდა აყრილ მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ?
დაბრუნებისა და მეურნეობის აღდგენის

(1) 38.2. მოცემული ტექსტის მიხედვით, ვის ევალებოდა, წელიწადის დროების მიუხედავად, მუდმივად ბრძოლა?
მოლაშქრეებს

(1) 38.3. ტექსტში არსებული რა კონკრეტული ინფორმაცია მიუთითებს, რომ დავით მეფეს შესაძლოა სცოდნოდა ბერძნული ენაც? მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.
დოკუმენტის მიხედვით დავითი იცნობდა ... ანტიკური მწერლობის ძეგლებს, რომლებიც ბერძნულად და ლათინურად იქმნებოდა.

(1) 38.4. რომელი სარწმუნოების ნორმების გასაცნობად აუცილებლად დასჭირდებოდა მეფეს არაბული ენის ცოდნა?
მაჰმადიანობის ანუ ისლამის

(1) 38.5. მოცემული ტექსტის მიხედვით, რა უბრძანა დავით მეფემ ქართველთა ჯარს დიდგორის ველზე გამარჯვებისთანავე?
ფეხდაფეხ დადევნებოდნენ უკუქცეულ მტერს, და უკვე მათ მიერ დაკავებულ მიწა-წყალზე გაენადგურებინათ

(1) 38.6. თქვენი აზრით, რატომ არ სურდა თბილისის მოსახლეობას დამორჩილებოდა დავით მეფეს?
ძირითადად არაქართული მოსახლეობა იყო და ისლამის სარწმუნეობის მიმდევარი

(2) 38.7. მოცემული ტექსტის მიხედვით, სრულად ჩამოთვალეთ, რა მიზეზებმა განაპირობა საქართველოს მარცხი სელჩუკებთან ბრძოლაში დავით IV-ის გამეფებამდე.
მარტო დარჩენილი და ყოველი მხრიდან სელჩუკებით გარშემომდგარი; ამასთან შინა უთანხმოებებით იყო დასუსტებული ქვეყანა

(2) 38.8. მოცემული ტექსტის მიხედვით, დაასახელეთ ორი ფაქტორი, რომლებიც საჭირო იყო ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის.
ურჩი ფეოდალების სახელმწიფოს ცენტრალური მმართველობისათვის დაქვემდებარება და მოწესრიგებული ეკლესიის სახელმწიფოსადმი დამორჩილება.

(2) 38.9. მოცემული ტექსტის მიხედვით, „მტრისაგან გაწმენდილი ქართული მიწების“ გარდა, სრულად ჩამოთვალეთ, რა ტერიტორიები ექვემდებარებოდა უშუალოდ მეფეს.
სომხეთი და შარვანი

(2) 38.10. მოცემული ტექსტის მიხედვით, რა სახის ურთიერთობის ფორმა შეიმუშავა მეფემ იმიერკავკასიის მცხოვრებთათვის და რას ისახავდა მიზნად ეს ურთიერთობა?
ყმადნაფიცობა. აღნიშნული გარემოება, პირველ რიგში, საქართველოს ჩრდილო საზღვრის გამაგრების საქმეს ისახავდა მიზნად.


II ვარიანტი
(1) 1. რომელი ინფორმაციაა მართებული აქადის მეფის სარგონის შესახებ?
ა) საფუძველი ჩაუყარა ზოროასტრულ რელიგიას;
ბ) შექმნა უძველესი იეროგლიფური დამწერლობა;
გ) დააარსა ახალი დედაქალაქი ურუქი;
დ) პირველმა გააერთიანა შუამდინარეთის ქალაქები.

(1) 2. რომელი მოვლენაა დაკავშირებული აქემენიანი მმართველის კამბისეს სახელთან?
ა) სოლომონის ტაძრის აღდგენა იერუსალიმში;
ბ) ბერძენ-სპარსელთა ომების დაწყება;
გ) ხეთების დამორჩილება;
დ) ეგვიპტის დაპყრობა.

(1) 3. რომელი ინფორმაციაა მართებული ძვ.წ. VI-V სს. ათენში (უნდა ეწეროს სპარტა) არსებული ოლიგარქიული მმართველობის შესახებ?
ა) პოლიტიკური უფლებებით ქურუმთა საბჭო სარგებლობდა;
ბ) ძალაუფლება მცირერიცხოვან მდიდართა ხელში იყო;
გ) ხელისუფლება მხოლოდ სამხედრო ელიტას ეკუთვნოდა;
დ) ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო.

(1) 4. რომელი ინფორმაციაა მართებული ძვ.წ. IV ს-ში დაარსებული ქალაქ ალექსანდრიის შესახებ?
ა) ნილოსის დელტაში აშენებული ქალაქი ელინისტურ ხანაში კულტურისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა;
ბ) შუამდინარეთის უდიდესი ქალაქი იყო, რომელმაც მალე უმდიდრესი ბიბლიოთეკით გაითქვა სახელი;
გ) მცირე აზიაში მდებარე ქალაქი საყოველთაოდ ცნობილი გახდა იქ აგებული შვიდიდან ერთ-ერთი საოცრებით, ზევსის ტაძრით;
დ) სპარსეთზე გამარჯვების აღსანიშნავად აქემენიანთა სახელმწიფოს ძველი დედაქალაქის ადგილზე ახალი ქალაქი აშენდა.

(1) 5. რა ეწოდება წყაროს (უნდა ეწეროს მატიანე), რომელიც მოგვითხრობს ქართლის მმართველად აზოს დანიშვნაზე?
ა) ძეგლი ერისთავთა;                 ბ) მესხური ქრონიკა;
გ) ქართლის ცხოვრება;              დ) ამბავნი ქართლისანი.

(1) 6. რომელი სახელმწიფო მოხელე სარგებლობდა ვეტოს უფლებით რომში?
ა) სახალხო ტრიბუნი;                     ბ) ლიქტორი;
გ) სამხედრო ცენზორი;                  დ) ცენტურიონი.

(1) 7. რომელი ინფორმაციაა მართებული გერმანელთა ერთ-ერთი ბელადის ოდოაკრის შესახებ?
ა) უარი თქვა იმპერატორობასა და შესაბამის რეგალიებზე რომულუსის (უნდა ეწეროს რომულუს-ავგუსტუსის) ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ;
ბ) ტევტობურგის ბრძოლაში დაამარცხა ვესტგოთების უკანასკნელი მეფე ჰაიზერიხი და შეიერთა მისი სახელმწიფო;
გ) მცირეწლოვანი იმპერატორის ჰონორიუსის მეურვე იყო და, ფაქტობრივად, განაგებდა დასავლეთ რომის იმპერიას;
დ) დალაშქრა სასანიანთა ირანი და დაიბრუნა აღმოსავლეთ რომის იმპერიის მიერ ადრე დაკარგული ტერიტორიები მცირე აზიაში.

(1) 8. რომელი ფაქტია მართებული ჰერაკლე კეისრის შესახებ?
ა) რომის პაპმა აკურთხა იმპერატორად;
ბ) აღაზევა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა;
გ) მანასკერტის ბრძოლაში დაამარცხა მავრიკიოსი;
დ) ტახტიდან ჩამოაგდო იმპერატორი ფოკა.

(1) 9. რომელი მსჯელობაა მართებული კარლოს მარტელის მოღვაწეობის შესახებ?
ა) შემოიღო მიწის მფლობელობის ახალი წესი ბენეფიციუმი;
ბ) შექმნა სამეფოს შემოსავლების ნუსხა, საშინელი სამსჯავროს წიგნი;
გ) დაყო სახელმწიფო საშერიფოებად;
დ) დედაქალაქი გადაიტანა ქალაქ აახენში.

(1) 10. XI საუკუნეში მომხდარ რა მოვლენას ეწოდა დიდი სქიზმა?
ა) დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას ბიზანტიისა და საღვთო რომის იმპერატორებს შორის;
ბ) ფრანკთა ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნას;
გ) იტალიის ქალაქების ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის იმპერატორის ხელისუფლების წინააღმდეგ;
დ) საეკლესიო განხეთქილებას რომის პაპსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის.

(1) 11. რა მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა სელჩუკთათვის ბაღდადის აღებას?
ა) თოღრულ ბეგი ხალიფამ სულთნად აღიარა;
ბ) ალფ-არსლანს ყურულთაიმ დიდი ყაენის ტიტული მიანიჭა;
გ) ჩაღრი ბეგმა თავი შაჰად გამოაცხადა;
დ) მალიქ-შაჰი მუსლიმთა უზენაეს მმართველად გამოცხადდა.

(1) 12. რაზე მიუთითებდა ჰანზას კავშირის არსებობა შუა საუკუნეების ევროპაში?
ა) რეკონკისტას შედეგად წარმოქმნილი ქალაქ-სახელმწიფოების სიძლიერეზე;
ბ) ბრიტანეთის კუნძულებზე დანიელთა წინააღმდეგ კოალიციის შექმნაზე;
გ) ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქებში ვაჭრობის განვითარებაზე;
დ) ევროპაში ნორმანთა სამფლობელოების გაფართოებაზე.

(1) 13. საქართველოს რომელი ისტორიული მხარის ერთი ნაწილი აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში XI საუკუნეში?
ა) ჯავახეთის;       ბ) ტაოს;      გ) შავშეთის;       დ) კოლას.

(1) 14. ვინ იყვნენ ინგლისის პარლამენტის წევრები, ბარონებისა და სასულიერო პირების გარდა, XIII საუკუნის მეორე ნახევარში?
ა) მოქალაქეები და შერიფები;          ბ) შერიფები და კონსტებლები;
გ) რაინდები და მოქალაქეები;        დ) კონსტებლები და რაინდები.

 (1) 15. რომელი ყაენი მართავდა ოქროს ურდოს?
ა) ბათო;      ბ) ჰულაგუ;       გ) ჩობანი;       დ) ჩაღატა.

 (1) 16. რომელი სახელმწიფოს მმართველი დაიღუპა 1389 წელს კოსოვოს ბრძოლაში?
ა) საღვთო რომის იმპერიის;     ბ) ოსმალეთის;           გ) ოქროს ურდოს;         დ) ბიზანტიის.

 (1) 17. რა იყო 1402 წლის ანგორის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?
ა) ოსმალებმა ვეღარ შეძლეს კონსტანტინოპოლის აღება და ბიზანტიის იმპერიის არსებობა გარკვეული ხნით გახანგრძლივდა;
ბ) ბიზანტიელებმა დაკარგეს მცირე აზიის პროვინციები, რომლებსაც სხვადასხვა მომთაბარე ტომი დაეუფლა;
გ) სელჩუკებმა მაინც შეძლეს ბოსფორის გადალახვა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა დაიწყეს;
დ) ლათინთა იმპერიამ ვერ შეძლო სახალიფოს წინსვლის შეჩერება და იძულებული გახდა მძიმე ზავი გაეფორმებინა.

 (1) 18. ვის სახელს უკავშირდება პორტუგალიელთა საზღვაო ექსპედიციების მოწყობა XV საუკუნეში?
ა) ფერნანდო მოგზაურის;              ბ) ლუიშ აფრიკელის;
გ) ენრიკე ზღვაოსნის;                    დ) დიეგო ბარბაროსას.

 (1) 19. რომელი ქალაქი დაკარგეს არაბებმა ყველაზე ბოლოს პირენეს ნახევარკუნძულზე?
ა) გრანადა;         ბ) ვალენსია;          გ) კადისი;          დ) მალაგა.

 (1) 20. რომელ საგვარეულოს უკავშირდება ფლორენციის გადაქცევა რენესანსისა და ჰუმანიზმის ერთ-ერთ ცენტრად?
ა) სფორცას;      ბ) ფარნეზეს;         გ) სკალიგერის;          დ) მედიჩის.

 (1) 21. რომელ ევროპელ მონარქთან დაამყარა სამოკავშირეო ურთიერთობები ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა?
ა) საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-თან;
ბ) საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თან;
გ) ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-თან;
დ) ესპანეთის მეფე ფილიპე III-თან.

 (1) 22. რომელი დინასტიის წარმომადგენლები იკავებდნენ საღვთო რომის იმპერატორის ტახტს პროტესტანტული რეფორმაციის პერიოდში?
ა) ჰოჰენშტაუფენები;        ბ) ჰოჰენცოლერნები;          გ) ჰაბსბურგები;       დ) ჰანოვერები.

 (1) 23. რომელი მსჯელობაა მართებული შაჰ აბას I-ის დაპყრობათა შესახებ?
ა) მარაბდის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება სცადა, მაგრამ ლევან დადიანის წინააღმდეგობის გამო ფოთის ციხე ვერ აიღო;
ბ) ოცწლიანი ბრძოლის შემდეგ ქართლის მეფე სიმონ I დაატყვევა, კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ კი თავი ირანის ვასალად აღიარა;
გ) ქართლისა და კახეთის დამორჩილების შემდეგ სამხრეთ საქართველოც დალაშქრა და არტანუჯში ირანული გარნიზონი განალაგა;
დ) აღადგინა ირანის გავლენა კავკასიაში, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს საბოლოო დაპყრობა მაინც ვერ შეძლო.

 (1) 24. რომელი ფაქტია მართებული საფრანგეთის მეფის, ლუი XIII-ის მმართველობის პერიოდში განვითარებული მოვლენის შესახებ?
ა) დაიწყო ამერიკელი რევოლუციონერების ჯარითა და ფულით დახმარება;
ბ) მოხდა ფრონდას სახელწოდებით ცნობილი აჯანყება;
გ) დამტკიცდა საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია;
დ) შესუსტდა ჰუგენოტების პოლიტიკური გავლენა.

 (1) 25. რომელი ფაქტია მართებული „ოცდაათწლიანი ომის“ შესახებ?
ა) ჩეხეთში პროტესტანტების აჯანყებით დაიწყო;
ბ) გერმანიაში დანიის ჯარების შეჭრამ დაუდო სათავე;
გ) კათოლიკეების მიერ შვედეთის მეფის მკვლელობამ გამოიწვია;
დ) ინგლისში მეფის დამხობასა და რესპუბლიკის გამოცხადებას მოჰყვა.

 (1) 26. რომელი ქართული პოლიტიკური ერთეულის მმართველი იყო ვახტანგ VI?
ა) იმერეთის;       ბ) ქართლის;        გ) კახეთის;        დ) მესხეთის.

 (1) 27. ვინ იყო ოლივერ კრომველი?
ა) მოგზაური, რომელმაც ამერიკაში პირველი ინგლისური კოლონია დააფუძნა;
ბ) სასულიერო პირი, რომელიც ინგლისში რეფორმაციას ჩაუდგა სათავეში;
გ) მხედართმთავარი, რომელიც ინგლისის სამოქალაქო ომში პარლამენტის ჯარს მეთაურობდა;
დ) ადმირალი, რომელმაც ბრიტანეთის ნაპირებთან ესპანელთა უძლეველი არმადა გაანადგურა.

 (1) 28. რომელი მსჯელობა არ არის მართებული XVII–XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული ინგლისური კოლონიების შესახებ?
ა) კოლონიათა ერთ ნაწილში ეკონომიკის საფუძველს პლანტაციური მეურნეობა წარმოადგენდა, ასეთ კოლონიებში ინგლისელებმა ბევრი მონა შეიყვანეს აფრიკიდან;
ბ) კოლონიათა იმ ჯგუფში, რომელსაც ნიუ-ინგლენდი ანუ ახალი ინგლისი ეწოდა, პურიტანები დამკვიდრდნენ, მათ ფერმერული მეურნეობა და გემთმშენებლობა განავითარეს;
გ) ზოგიერთი კოლონია ნიდერლანდელთათვის წართმეულ ტერიტორიაზე აღმოცენდა, სადაც ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი მოსახლეობა ცხოვრობდა;
დ) კოლონიათა იმ ნაწილში, რომელიც ინგლისელებმა საფრანგეთისგან შეიძინეს, უმეტესწილად ჰუგენოტები ანუ პროტესტანტები ცხოვრობდნენ, მათი უფლებრივი მდგომარეობა სხვა კოლონიების მაცხოვრებლებთან შედარებით შეზღუდული იყო.

(1) 29. რომელი ინფორმაციაა მართებული ნაპოლეონ ბონაპარტეს შესახებ?
ა) სამხედრო კარიერა ამერიკის დამოუკიდებლობის ომში მონაწილეობით დაიწყო, სადაც თავი გამოიჩინა და მეფის ყურადღება მიიპყრო;
ბ) დირექტორიამ ერთ-ერთი არმიის მეთაურობა ჩააბარა, რომელთან ერთადაც იგი იტალიაში შეიჭრა და დიდი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა;
გ) ჟირონდისტებმა პარიზის პრუსიის არმიისაგან დაცვა დაავალეს და დიქტატორის უფლებებით აღჭურვეს;
დ) ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ რობესპიერმა იგი საფრანგეთის სამხედრო მინისტრად დანიშნა.

(1) 30. რომელ სახელმწიფოში გაიყვანეს პირველად რკინიგზა?
ა) აშშ-ში;      ბ) ინგლისში;       გ) გერმანიაში;     დ) საფრანგეთში.

(1) 31. რომელ სახელმწიფოს გადაეცა ჩრდილოეთ იტალიის ნაწილი ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით?
ა) პრუსიას;      ბ) შვეიცარიას;       გ) ავსტრიას;      დ) საფრანგეთს.

(1) 32. რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი?
ა) დემოკრატიული;     ბ) ფედერალისტური;      გ) რესპუბლიკური;    დ) კონსერვატიული.

(1) 33. რომელი ინფორმაციაა მართებული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ?
ა) საქართველოს სახალხო გვარდია რუს ბოლშევიკებს ეხმარებოდა რუსეთის სამოქალაქო ომის დროს;
ბ) საბჭოთა რუსეთმა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა;
გ) პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კრიზისში მყოფი საქართველო ეკონომიკურად მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული;
დ) საქართველოს მთავრობის თანხმობით სოხუმის პორტიდან შეიარაღებით მარაგდებოდა კოლჩაკის არმია.

 (1) 34. რა გარემოებამ იქონია უარყოფითი გავლენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს?
ა) ორგანიზაციის წევრი შეიძლებოდა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო;
ბ) ევროპის სახელმწიფოები არ აღიარებდნენ კავკასიის კონფედერაციის დაშლას და საქართველოს დამოუკიდებლობას;
გ) დიდი ბრიტანეთი თავს არიდებდა ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს ოსმალეთთან, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა სამხრეთ კავკასიაზე;
დ) სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებდა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დაცვას.

(1) 35. ვის სახელს უკავშირდება საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში XX საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული მასობრივი რეპრესიები?
ა) ლადო კეცხოველის;     ბ) ლავრენტი ბერიას;      გ) ევგენი გეგეჭკორის;     დ) ვასილ კიკვიძის.

36. ისტორიული რუკა
კითხვები
(1) 36.1. რომელი სახელმწიფოს სამხედრო მოქმედებებია ასახული რუკაზე?
ა) საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის;                ბ) საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის;
გ) საფრანგეთის პირველი იმპერიის;                  დ) საფრანგეთის სამეფოს.

(1) 36.2. რუკაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური წარმატების შესახებ?
ა) შეუტია ოსმალეთის იმპერიას და კუნძული კრეტა დაიკავა;
ბ) დალაშქრა ესპანეთი და ეს სახელმწიფო საფრანგეთს შეუერთა;
გ) ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის არმია და წაართვა ტერიტორიები;
დ) აწარმოა სამხედრო კამპანია და აიღო ქალაქი ბერლინი.

(1) 36.3. რუკაზე არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს ზღვაზე დიდი ბრიტანეთის ფლოტის უპირატესობას?
ა) ჩრდილოეთის ზღვის გავლით ქალაქ კოპენჰაგენზე მიტანილი იერიში;
ბ) ესპანეთის ნაპირებთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება;
გ) ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე შვედეთის ქალაქების აღება;
დ) ლა-მანშის სრუტეში შეჭრა და ჩრდილოეთ საფრანგეთის ბლოკადა.

(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქიდან განდევნეს საფრანგეთის ჯარი?
ა) ბარსელონიდან;     ბ) ლისაბონიდან;       გ) ჰამბურგიდან;       დ) რომიდან.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფომ დაკარგა ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი რუკაზე ასახული მოვლენების შედეგად?
ა) შვეიცარიის კონფედერაციამ;                ბ) ავსტრიის იმპერიამ;
გ) იტალიის სამეფომ;                                დ) პრუსიის სამეფომ.

(1) 36.6. რა ეწოდებოდა რუკაზე ლურჯი ფერით აღნიშნულ გერმანულ სახელმწიფოთა გაერთიანებას?
ა) საღვთო რომის იმპერია;             ბ) შმალკალდენის ლიგა;
) რაინის კავშირი;                         დ) მესამე რაიხი.

37. ისტორიული მოვლენის ან პიროვნების ანალიზი
    1862 წელს პრუსიის პრემიერ-მინისტრად ოტო ფონ ბისმარკი დაინიშნა.
კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ ბისმარკის მოღვაწეობის ერთი კონკრეტული შედეგი.
გააერთიანა გერმანიის სახელმწიფოები გერმანიის იმპერიად.

(1) 37.2. დაასახელეთ კონკრეტული სახელმწიფო, რომლისთვისაც შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი ყოფილიყო ბისმარკის მოღვაწეობა, გარდა პრუსიისა. აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
იტალიის სამეფო, რომელმაც მიიღო ვენეციის ოლქი ავსტრიისგან ბისმარკის მოწოდებით

(1) 37.3. დაასახელეთ კონკრეტული სახელმწიფო, რომლისთვისაც შეიძლება უარყოფითი შედეგის მომტანი ყოფილიყო ბისმარკის მოღვაწეობა. აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ავსტრიის იმპერია. მან დაკარგა ვენეციის ოლქი, გააძევეს გერმანიის კავშირიდან და ცენტრალურ ევროპაში წამყვანის სახელმწიფოს სტატუსი

(2) 37.4. დაასახელეთ პიროვნება XIX საუკუნის ევროპის ისტორიიდან, რომლის მოღვაწეობა ბისმარკის მოღვაწეობის ანალოგიად შეიძლება ჩაითვალოს. მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად.
კამილო ვაკური. სარდინიის პრემიერად დანიშვნის შემდეგ გაატარა რეფორმები და ხელმძღვანელობდა იტალიის გაერთიანებას.

38. ისტორიული დოკუმენტი
ვახტანგ გორგასალი
    უაღრესად საყურადღებო ამბები ხდება V საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე ზის ვახტანგ გორგასალი. ვახტანგის მეფობა დაემთხვა ქართლის ისტორიის მეტად მძიმე ხანას. 450–451 წლების სომხეთისა და ალბანეთის აჯანყების შემდეგ ირანელები ზოგიერთ დათმობაზე წავიდნენ. მათ საკმაოდ მალე დაიბრუნეს დაკარგული პოზიციები და ისევ დაიწყეს ქრისტიანობის დევნა. მცხეთაში მოსულა ცეცხლთაყვანისმცემელი მოგვი ბინქარანი, რომელიც დაუფარავად ქადაგებდა თავის რწმენას. მდგომარეობა გართულებულია ჩრდილოეთის საზღვრებთანაც. ირანელთა გამთიშველი პოლიტიკის წყალობით, რიგი უმაღლესი დიდებულებისა სრულებით არ ეპუებოდნენ მეფეს. ვახტანგს მნიშვნელოვანი ოპოზიცია ჰყოლია ეკლესიაშიც. როგორც კი ირანელები ხელახლა მომაგრდნენ ამიერკავკასიაში 450-451 წლების აჯანყების შემდეგ, ისევ შემოიღეს სამხედრო ბეგარა და ირანელებს თვით ვახტანგიც წაუყვანიათ საომრად.
    უაღრესად საყურადღებო ცნობები აქვს შემონახული ჯუანშერს, რომლის თანახმად ვახტანგს ადრევე გადაუწყვეტია ქართლის ეკლესიის რეორგანიზაცია, კერძოდ კი, კათალიკოსობის დაწესება. კათალიკოსობის დაწესებით ვახტანგი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობდა. პირველ ყოვლისა, ეკლესიის თვითმწყსობა, აძლიერებდა ქვეყნის დამოუკიდებლობას. შემდეგ, სამეფო ხელისუფლება, უეჭველია, მეტ გავლენას იძენდა მღვდელმთავარზე, რომლის არჩევაში მეფეს მეტი ხმა ეძლეოდა. და ბოლოს, ვახტანგმა მოიცილა მთავარეპისკოპოსი, რომელიც მის მოწინააღმდეგეთა ბანაკს ეკუთვნოდა.
    ირანელებთან მომავალ ბრძოლაში წარმატებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიონზე გადასასვლელებს. მათი ხელში ჩაგდება საშუალებას მისცემდა ვახტანგს, არ გადმოეშვა ჩრდილოეთიდან მოთარეშეები და თვით გადმოეყვანა დამხმარე სამხედრო ძალა. აჯანყების დაწყების წინ ვახტანგმა იერიში მიიტანა თავის მოწინააღმდეგე ქართლის დიდებულებზე. პირველ ყოვლისა, მან თავის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი ბელადი ვარსქენ პიტიახში ჩამოიშორა. აჯანყება ფაქტიურად, ვარსქენის მოკვლით დაიწყო. აჯანყებისათვის დრო კარგად იყო შერჩეული: ირანს ძალიან გართულებული ჰქონდა მდგომარეობა. ანტიირანული აჯანყება უკვე დაწყებულიყო ალბანეთში. ამას ემატებოდა ისიც, რომ ირანელებს ამიერკავკასიაში ცოტა ჯარები ჰყოლიათ, რადგან ისინი აღმოსავლეთში ჰყავდათ გაყვანილი.
  ცნობამ ვახტანგის აჯანყებაზე აღფრთოვანება გამოიწვია სომეხ თავკაცებში. განსაკუთრებით დიდ იმედს აძლევდა სომხებს ცნობა ვახტანგის ჰუნებთან კავშირისა და თვით ვახტანგის პიროვნება, რადგან ამ დროს ვახტანგი უკვე ცნობილი ყოფილა როგორც მამაცი და ჭკვიანი მეომარი. სომხებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ აჯანყებული ქართველებისათვის.
    484 წელს სომხეთში დიდი ლაშქრით შევიდა ირანელი სარდალი ჰაზარავუხტი. მალე მას მიუვიდა შაჰის ბრძანება, რათა ქართლის მეფე ვახტანგი ან შეეპყრა, ან მოეკლა. თვით ირანის შაჰი პეროზი კი აღმოსავლეთში ისევ ჰეფთალებთან საომრად წავიდა. ჰაზარავუხტი გადავიდა ქართლში, სადაც შეკრიბა ადგილობრივი დიდებულები, რომლებიც თავიდანვე მხარს არ უჭერდნენ ვახტანგს. მათ შეუერთდნენ ისინიც, ვინც გორგასალს შემდგომში განუდგნენ. ჰაზარავუხტმა დიდი წყალობა აღუთქვა ყველას და მათგან რაზმიც კი შეადგინა. ვახტანგმა თავი შეაფარა ეგრისს.
    ვახტანგმა ვერ შეძლო საბოლოოდ გაეთავისუფლებინა ქართლი ირანული უღლისაგან, მაგრამ მისმა აჯანყებამ ნაწილობრივ მაინც მიაღწია მიზანს. საფიქრებელია, რომ ვახტანგ გორგასალი ამის შემდეგაც განაგრძობდა ამა თუ იმ ფორმით ბრძოლას ირანელების წინააღმდეგ. ძველი ქართული წყაროების თანახმად, იგი ბოლოს და ბოლოს შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას.
კითხვები:
(1) 38.1. მოცემული ტექსტის მიხედვით, ვის წინააღმდეგ აჯანყდნენ 450-451 წლებში სომხები და ალბანელები?
ირანის

(1) 38.2. მოცემული ტექსტის მიხედვით, კონკრეტულად რა მოჰყვა შედეგად სამხედრო ბეგარის აღდგენას?
ირანელებმა ვახტანგი წაიყვანეს საომრად

(1) 38.3. მოცემულ ტექსტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა გაუადვილებდა ჰაზარავუხტს შაჰის დავალების შესრულებას?
ქართლის დიდებულების მის მხარეს გადასვლა

(1) 38.4. მოცემული ტექსტის მიხედვით, ჰუნებთან კავშირის გარდა, კიდევ რა მიზეზმა გადააწყვეტინა სომეხ ფეოდალებს შეერთებოდნენ აჯანყებას?
ვახტანგის აჯანყების ცნობამ, რომელიც უკვე ცნობილი ყოფილა როგორც მამაცი და ჭკვიანი მეომარი.

(1) 38.5. მოცემული ტექსტის მიხედვით, დაასახელეთ, კონკრეტულად ვის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიყვანეს ირანელებმა ჯარი ამიერკავკასიიდან.
ჰეფთალებთან 

(1) 38.6. თქვენი აზრით, რატომ შეაფარა თავი ვახტანგმა ეგრისს და არა რომელიმე სხვა კუთხეს?
ბიზანტიის გავლენის სფერო იყო და იქ დადევნებით ირანი ბიზანტიასთან ომში აღმოჩნდებოდა, რაც არ აწყობდა ირანს

(2) 38.7. მოცემული ტექსტის მიხედვით, ვინ იყო ბინქარანი და რას საქმიანობდა ის?
ცეცხლთაყვანისმცემელი მოგვი ბინქარანი, რომელიც დაუფარავად ქადაგებდა თავის რწმენას

(2) 38.8 მოცემული ტექსტის მიხედვით, რატომ მოაკვლევინა მეფემ ვარსქენი და რა მოჰყვა ამ მოვლენას?
მეფის მოღალატე იყო; ამით ირანის წინააღმდეჯ აჯანყება დაიწყო

(2) 38.9. მოცემული ტექსტის მიხედვით, ჩამოთვალეთ ყველა მიზეზი, თუ რატომ იყო ვახტანგ მეფისთვის მნიშვნელოვანი კავკასიონის გადმოსასვლელების ხელში ჩაგდება.
მათი ხელში ჩაგდება საშუალებას მისცემდა ვახტანგს, არ გადმოეშვა ჩრდილოეთიდან მოთარეშეები და თვით გადმოეყვანა დამხმარე სამხედრო ძალა.

(2) 38.10. მოცემული ტექსტის მიხედვით, დაასახელეთ ორი ფაქტი, გარდა ირანის ჯარების აღმოსავლეთში გაყვანისა, რომლებიც ადასტურებს, რომ აჯანყების დრო კარგად იყო შერჩეული.
ირანს ძალიან გართულებული ჰქონდა მდგომარეობა. ანტიირანული აჯანყება უკვე დაწყებულიყო ალბანეთში. ამას ემატებოდა ისიც, რომ ირანელებს ამიერკავკასიაში ცოტა ჯარები ჰყოლიათ.

III ვარიანტი
(1) 1. ვინ იყვნენ ნომარქები ძველ ეგვიპტეში?
ა) ატონის ტაძრის უზენაესი ქურუმები;
ბ) ფარაონის კარზე არსებული სასამართლოს წევრები;
გ) სამეურნეო და ადმინისტრაციული ერთეულის მმართველები;
დ) უშუალოდ ფარაონის დაქვემდებარებაში მყოფი მწიგნობრები.

 (1) 2. რომელი ინფორმაციაა მართებული მარათონის ბრძოლის შესახებ?
ა) მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ათენელებმა სპარსელები დაამარცხეს;
ბ) ახლადშექმნილი ფლოტის წყალობით კორინთოელებმა გამარჯვება მოიპოვეს;
გ) მრავალრიცხოვანმა სპარსულმა არმიამ დაამარცხა სპარტელთა კავალერია;
დ) უთანასწორო ბრძოლაში მილეთელები ღალატის გამო დამარცხდნენ.

 (1) 3. რომელი მოვლენაა დაკავშირებული დარიოს I-ის სახელთან?
ა) თორმეტი დაფის კანონების შექმნა;            ბ) თებეს დაპყრობა;
გ) სამეფო გზის მშენებლობა;                          დ) დედაქალაქის გადატანა ქტესიფონში.

 (1) 4. რომელი ინფორმაციაა მართებული ელინისტურ ხანაში ჩამოყალიბებული სელევკიდების სამეფოს შესახებ?
ა) ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ იმპერიას გამოეყო პროვინცია ჩრდილოეთ აფრიკაში;
ბ) დარიოს III-ის სატრაპმა ტახტიდან ჩამოაგდო ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრე და თავად გამეფდა;
გ) ალექსანდრე მაკედონელმა დიადოქოსებს შორის ანდერძით გაანაწილა თავისი იმპერიის რეგიონები;
დ) ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა დაიკავა ტერიტორია, რომელიც მოიცავდა სირიას, შუამდინარეთსა და მცირე აზიის ნაწილს.

(1) 5. რომელი ინფორმაციაა მართებული პირველი პუნიკური ომის შედეგების შესახებ?
ა) კართაგენმა დათმო პირენეს ნახევარკუნძული და კუნძულები ადრიატიკის ზღვაში;
ბ) რომმა თავის პროვინციად გამოაცხადა ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო და კართაგენს აუკრძალა საზღვაო ვაჭრობა;
გ) რომმა დაიკავა ჩრდილოეთ აფრიკის მთელი სანაპირო ზოლი და მოიპოვა ნაოსნობის უფლება ეგეოსის ზღვაში;
დ) კართაგენმა დაკარგა კუნძულები ხმელთაშუა ზღვაში და დათანხმდა კომპენსაციის გადახდას.

 (1) 6. რომელი ინფორმაციაა მართებული იულიუს კეისრის შესახებ?
ა) დალაშქრა ბრიტანეთი;
ბ) გამოცხადდა რომის პირველ იმპერატორად;
გ) გაიმარჯვა ზამას ბრძოლაში;
დ) პირველს მიეცა ტრიუმფის ჩატარების უფლება.

 (1) 7. რომელი ინფორმაციაა მართებული ეგრისში VI საუკუნეში არსებული ვითარების შესახებ?
ა) ბიზანტიელი დომესტიკოსის ბრძანებით აიგო თავდაცვითი კედელი მდინარე ფაზისზე;
ბ) ხანგრძლივი ომის შედეგად ქვეყანა პართიის გავლენის სფეროში მოექცა;
გ) ბიზანტიასთან დამაკავშირებელ სავაჭრო გზაზე ციხე-სიმაგრე პეტრა აშენდა;
დ) ირანმა ხელი შეუწყო ბიზანტიაში დაგმობილი ნესტორიანელობის დამკვიდრებას.

(1) 8. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუშალა ხელი არაბებს აეღოთ კონსტანტინოპოლი VII საუკუნეში?
ა) არბალეტის ფართოდ გამოყენებამ;
ბ) მადიართა კავალერიის თავდასხმამ არაბთა ბანაკზე;
გ) ფრანკების ფლოტის დახმარებამ;
დ) ბერძნული ცეცხლის გამოყენებამ საზღვაო ბრძოლებში.

 (1) 9. რომელი მონარქის შესახებ გვაწვდის ცნობებს ეინჰარდი?
ა) ალფრედ დიდის;     ბ) ოტო I-ის;     გ) კარლოს დიდის;     დ) ჰაროლდ I-ის.

 (1) 10. რას წარმოადგენდა ვორმსის კონკორდატი?
ა) იმპერატორისა და პაპის შეთანხმებას;
ბ) ინგლისსა და საფრანგეთს შორის ზავს;
გ) ლუთერანებისა და კალვინისტების უნიას;
დ) სამივე წოდებას შორის დადებულ ხელშეკრულებას.

 (1) 11. რა იყო მანასკერტის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?
ა) ბიზანტიამ დაკარგა აღმოსავლეთის პროვინციები;
ბ) ყივჩაღებმა გაიმარჯვეს დიდი მსხვერპლის ფასად;
გ) ომაიანთა სახალიფო ტერიტორიულად გაფართოვდა;
დ) პალესტინის ტერიტორიაზე შეიქმნა ქრისტიანული სახელმწიფოები.

 (1) 12. რას შეუწყო ხელი დასავლეთ ევროპაში ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებამ XI-XII საუკუნეებში?
ა) რეფორმაციის დაწყებას;                           ბ) ვასალიტეტის ჩამოყალიბებას;
გ) სამონასტრო ცხოვრების დაწყებას;         დ) უნივერსიტეტების დაარსებას.

 (1) 13. რა იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ფილიპე II ოგიუსტმა ჯვაროსნული ლაშქრობა შეწყვიტა?
ა) გენერალური შტატების გადაწყვეტილება;
ბ) საფრანგეთში დაწყებული გლეხთა ომი;
გ) ეგვიპტის სულთანთან დაზავება;
დ) ინგლისის მეფესთან დაპირისპირება.

 (1) 14. რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ლაშა-გიორგის მეფობისას?
ა) ხორეზმელებმა პირველად გადაწვეს თბილისი;
ბ) მონღოლებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში;
გ) ქართველებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ჯვაროსნულ ლაშქრობაში;
დ) სამეფო კარმა პირველად მოიწვია წარმომადგენლობითი ორგანო, დარბაზი.

(1) 15. მონღოლებმა მდინარე ტიგროსის ნაპირზე მდებარე რომელი ქალაქი აიღეს, რომელიც ამავე დროს ხალიფას რეზიდენცია იყო?
ა) ალეპო;     ბ) ბაღდადი;     გ) დამასკო;     დ) ბეირუთი.

 (1) 16. რომელი მონარქის მმართველობისას შეიკრიბა პირველი პარლამენტი ინგლისში?
ა) უილიამ დამპყრობლის;     ბ) ჩარლზ II-ის;     გ) ჰენრი III-ის;      დ) ჯეიმს I-ის.

 (1) 17. ვინ იყვნენ იანიჩარები?
ა) გადასახადის ამკრეფები მონღოლთა საყაენოში;
ბ) პროფესიონალი სამხედროები ოსმალეთის იმპერიაში;
გ) სახელმწიფო აპარატის მოხელეები ყიზილბაშთა ირანში;
დ) ქრისტიანები, რომლებმაც ისლამი მიიღეს სელჩუკთა სახელმწიფოში.

(1) 18. ვის ებრძოდნენ რვა საუკუნის განმავლობაში პირენეს ნახევარკუნძულზე არსებული ქრისტიანული სახელმწიფოები?
ა) არაბებს;      ბ) ოსმალებს;     გ) ზღვის ხალხებს;      დ) კილიკიელ მეკობრეებს.

 (1) 19. ვინ ხელმძღვანელობდა ევროპელთა საზღვაო ექსპედიციას, რომელიც პირველი მიადგა ინდოეთს?
ა) ვასკო და გამა;                                      ბ) პედრუ კაბრალი;
გ) ჟან ფრანსუა ლაპერუზი;               დ) ლუი ანტუან დე ბუგენვილი.

 (1) 20. ვის წინააღმდეგ საბრძოლველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს საფრანგეთი და ოსმალეთი XVI საუკუნეში?
ა) ლუქსემბურგელების;             ბ) ჰაბსბურგების;
გ) პლანტაგენეტების;                 დ) ანჟუელების.

 (1) 21. ვინ მოღვაწეობდა ინგლისში ელისაბედ I-ის მმართველობის პერიოდში?
ა) ღვთისმეტყველი და მთარგმნელი ჯონ უიკლიფი;
ბ) დრამატურგი და პოეტი უილიამ შექსპირი;
გ) ფიზიკოსი და ასტრონომი ისააკ ნიუტონი;
დ) ფილოსოფოსი და პედაგოგი ჯონ ლოკი.

 (1) 22. რომელი ფაქტია მართებული სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლის შესახებ?
ა) ქართველთა არაერთი აჯანყების შემდეგ ირანელებმა ტაო-კლარჯეთის დაპყრობაზე ხელი აიღეს;
ბ) შაჰ-თამაზმა სამჯერ დალაშქრა იმერეთი, თუმცა ირანელებმა ამ სამეფოს დამორჩილება მაინც ვერ შეძლეს;
გ) მარტყოფის ბრძოლაში ქართველებმა ირანელთა ჯარი სასტიკად დაამარცხეს;
დ) თეიმურაზ I-მა ერთწლიანი ალყის შემდეგ თბილისი აიღო და ქალაქიდან ირანელთა გარნიზონი განდევნა.

(1) 23. რომელი სახელმწიფო მონაწილეობდა „ოცდაათწლიან ომში“ პროტესტანტთა მხარეს?
ა) პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა;           ბ) გენუის რესპუბლიკა;
გ) ესპანეთის იმპერია;                                     დ) შვედეთის სამეფო.

(1) 24. რომელი ფაქტია მართებული საფრანგეთში ლუი XIV-ის მმართველობის პერიოდში განვითარებული მოვლენის შესახებ?
ა) გაუქმდა ნანტის ედიქტი;                   ბ) შემცირდა მეფის უფლებები;
გ) დასრულდა შვიდწლიანი ომი;         დ) დაიწყო ვანდეაში იაკობინელთა მოძრაობა.

(1) 25. რომელი მსჯელობაა მართებული XVI-XVII საუკუნეებში მიმდინარე ნიდერლანდების რევოლუციის შედეგების შესახებ?
ა) ნიდერლანდების ჩრდილოეთ პროვინციებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თუმცა სამხრეთის პროვინციების დიდი ნაწილი ესპანელთა ხელში დარჩა;
ბ) რევოლუციის ჩახშობის მიუხედავად, ესპანეთის მეფე იძულებული გახდა ნიდერლანდელი პროტესტანტებისათვის პრივილეგიები მიენიჭებინა;
გ) ესპანეთის მეფე დათანხმდა ნიდერლანდელთა დამოუკიდებლობის აღიარებას, სანაცვლოდ კი ნიდერლანდების ტახტი მისმა უმცროსმა ვაჟმა დაიკავა;
დ) ომი ესპანელთა დამარცხებით დასრულდა, რაშიც გადამწყვეტი როლი საღვთო რომის იმპერატორის მიერ ნიდერლანდებისათვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ შეასრულა.

(1) 26. რუსეთის რომელ მმართველს სურდა ქართული ლაშქრის გამოყენება ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ ლაშქრობაში და საამისოდ ქართლის მეფესაც დაუკავშირდა?
ა) ივანე IV-ს;      ბ) ვასილი III-ს;       გ) ალექსანდრე II-ს;         დ) პეტრე I-ს.

 (1) 27. რომელი მსჯელობაა მართებული საფრანგეთში XVIII საუკუნეში მომხდარი რევოლუციის შესახებ?
ა) ნაპოლეონ ბონაპარტემ სამხედრო ძალის გამოყენებით ჟირონდისტთა მთავრობა დაამხო და თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა;
ბ) იაკობინელთა დიქტატურის დასრულებისა და ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ძალაუფლება დირექტორიის ხელში გადავიდა;
გ) ბასტილიის ციხის აღებისა და მეფის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, რომელსაც სათავეში მარკიზი ლაფაიეტი ჩაუდგა;
დ) საფრანგეთში რესპუბლიკური წყობის დამყარებას ორი, ვიგებისა და ტორების პარტიის
ჩამოყალიბება მოჰყვა, რომლებიც ძალაუფლებას მონაცვლეობით იღებდნენ ხელში.

(1) 28. სხვა მიზეზებთან ერთად, რუსეთის რა ქმედებამ გამოიწვია ნაპოლეონ I-ის ლაშქრობა ამ სახელმწიფოში?
ა) კონტინენტური ბლოკადის პირობების დარღვევამ;
ბ) საფრანგეთის მიერ დაპყრობილ გერმანულ მიწებზე შეჭრამ;
გ) ესპანეთთან ერთად საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებამ;
დ) სასარგებლო წიაღისეულის მიწოდების შეწყვეტამ.

(1) 29. რისი გამოგონება არ უკავშირდება ინდუსტრიულ რევოლუციას?
ა) რკინიგზის;    ბ) ტელეგრაფის;    გ) დენთის;     დ) ორთქლის ძრავის.

 (1) 30. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ პრუსია და ავსტრია შლეზვიგისა და ჰოლშტაინის გამო?
ა) ბელგიის;      ბ) დანიის;        გ) პოლონეთის;      დ) ნიდერლანდების.

 (1) 31. რომელი სახელმწიფოს არმიის ნაწილები იცავდნენ რომის პაპის სამფლობელოს იტალიის გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს?
ა) პრუსიის;     ბ) ესპანეთის;     გ) საფრანგეთის;     დ) დიდი ბრიტანეთის.

(1) 32. რომელი მსჯელობაა მართებული 1920 წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასების შესახებ?
ა) დაიწყო დიდი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, მათ შორის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა;
ბ) უარყოფითად აისახა ევროპის სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით;
გ) კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციამ გაუადვილა ბოლშევიკებს საქართველოს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა;
დ) დენიკინის ჯარი აფხაზეთის მხრიდან თავს დაესხა საქართველოს, რადგან ეშინოდა, რომ ქართული ხელისუფლება ბოლშევიკებს დაეხმარებოდა.

(1) 33. რომელ სახელმწიფოს შესთავაზეს მანდატი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიმდინარეობის დროს?
ა) გერმანიას;       ბ) იტალიას;        გ) ესპანეთს;        დ) ავსტრიას.

(1) 34. რომელი ინფორმაციაა მართებული საბჭოთა კავშირში განხორციელებული კოლექტივიზაციის შესახებ?
ა) პროცესი გულისხმობდა ახალი ფაბრიკა-ქარხნების აშენებას, შედეგად გაჩნდა სამუშაო ადგილები და განვითარდა მრეწველობა;
ბ) შეეხო სოფლის მეურნეობას, გლეხები ვალდებული იყვნენ საკუთარი მიწის დიდი ნაწილი და საქონელი სახელმწიფოსთვის გადაეცათ;
გ) ეს იყო მმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმა, რომელიც გულისხმობდა ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას;
დ) წარმოადგენდა ინტერნაციონალური საზოგადოების ფორმირების პოლიტიკას, რა დროსაც ძველი არისტოკრატიის წარმომადგენლების უფლებები იზღუდებოდა.

(1) 35. რომელი ინფორმაციაა მართებული 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართული მანიფესტაციის მიზეზის შესახებ?
ა) საბჭოთა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანად შეამცირა სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა თანამშრომლისათვის რუსული ენის ცოდნა სავალდებულო ხდებოდა;
გ) უმაღლეს სასწავლებლებს დაევალათ სტუდენტებისათვის რამდენიმე საგანი რუსულ ენაზე წაეკითხათ;
დ) საქართველოს ახალ კონსტიტუციაში აღარ უნდა ყოფილიყო მუხლი, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენად ცხადდებოდა.

36. ისტორიული რუკა
კითხვები
(1) 36.1. რომელი სახელმწიფოს ტერიტორიული გაფართოებაა ასახული რუკაზე?
ა) დასავლეთ რომის იმპერიის;             ბ) საღვთო რომის იმპერიის;
გ) ბიზანტიის იმპერიის;                       დ) ფრანკთა სამეფოს.

(1) 36.2. რუკაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?
ა) წითლად აღნიშნული სახელმწიფოს ჯარმა კუტრიგურების თავდასხმა მოიგერია;
ბ) თიურინგებმა ყვითლად აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორია დაიპყრეს;
გ) ფრანკთა სამეფოს ფლოტი ირლანდიას დაესხა თავს;
დ) გეპიდებმა ქალაქ რავენას ალყა შემოარტყეს.

(1) 36.3. რუკაზე არსებული რომელი ინფორმაცია ადასტურებს ვესტგოთების სამეფოს დასუსტებას რუკაზე ასახულ პერიოდში?
ა) ტოლეტუმთან გამართულ ბრძოლაში დამარცხება;
ბ) ემერიტასა და კეისარაუგუსტაზე სვებების თავდასხმა;
გ) გადესსა და კართაგო სპარტარიაზე კონტროლის დაკარგვა;
დ) ბარსინოზე წითლად აღნიშნული სახელმწიფოს ფლოტის შეტევა.

(1) 36.4. რა ეწოდებოდა მწვანე ფერით აღნიშნულ სამეფოს, რომელიც, რუკის მიხედვით, წითლად აღნიშნული სახელმწიფოს ჯარმა დაიპყრო?
ა) ჰუნების;        ბ) ვანდალების;         გ) ბურგუნდების;          დ) ლანგობარდების.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის მახლობლად გამართულ ბრძოლაში დამარცხდა ოსტგოთების სამეფოს ჯარი?
ა) ბრუნდისიუმის;         ბ) სირაკუზის;         გ) გენუის;       დ) რომის.

(1) 36.6. სადაური წარმომავლობის ტომების ბრიტანეთში გადასახლების პროცესია ასახული რუკაზე?
ა) ფინური;     ბ) კელტური;     გ) რომანული;      დ) გერმანული

37. ისტორიული მოვლენის ან პიროვნების ანალიზი
    სეფიანთა ირანის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი იყო შაჰ აბას I-ის მმართველობა.
კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ შაჰ აბას I-ის მმართველობის ერთი კონკრეტული შედეგი, გარდა პოლიტიკურისა.
ჩაატარა სამხედრო რეფორმა: შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა (ყულის) გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა)

(1) 37.2. დაასახელეთ კონკრეტული სახელმწიფო ან პოლიტიკური ერთეული, რომლისთვისაც შაჰ აბას I-ის მმართველობა დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა. აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ჰაბსბურგების იმპერია; იგი მთავარი კონკურენტი იყო ოსმალეთის ევროპაში. შაჰის წარმატებული შეტევების გამო ოსმალეთი იძულებული იყო ევროპიდან ყურადღება მეტწილად აზიაზე გადმოეტანა

(1) 37.3. დაასახელეთ კონკრეტული ქრისტიანული სახელმწიფო ან პოლიტიკური ერთეული, რომლისთვისაც შაჰ აბას I-ის მმართველობა უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო. აუცილებლად მოიყვანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
კახეთის სამეფო. იქ საჰის ოთხი ლასქრობის შედეგად ქვეყანა მოოხრდა და მოსახლეობა ძალიან შემცირდა.

(2) 37.4. დაასახელეთ მმართველი XVI საუკუნეში არსებული სხვა მუსლიმური სახელმწიფოების ისტორიიდან, რომლის მოღვაწეობა შაჰ აბას I-ის მმართველობის ანალოგიად შეიძლება ჩაითვალოს. მოიყვანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად.
ოსმალეთის სულთანი სულეომან I. ოსმალეთის ისტორიაში საუკეტესო მმართველია. რეფორმებით განავითარა და ტერიტორიულად გაზარდა ქვეყანა, როგორც აბასმა ირანი.

38. ისტორიული წყარო: ნაწყვეტი პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას მოგონებიდან
  სამშობლო საფრთხეშია. პარტიები ივიწყებენ პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობას და ქმნიან ერთიან ლიგას, რომლის მიზანიცაა წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება. საქართველოში შეთქმულები შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდნენ. მეც სამშობლოს გადასარჩენად სხვა გზას ვერ ვხედავდი და აჯანყების მომხრე ვიყავი. სანამ 1924 წლის აჯანყება იფეთქებდა, ამბოხებები დაიწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აჯანყების გეგმა ასეთი იყო, თბილისის აღება. კოჯრის მხრიდან მომავალ აჯანყებულებს პოლკოვნიკი ჩოლოყაშვილი მეთაურობდა. მე საპირისპირო მხრიდან უნდა დავძრულიყავი და ჩოლოყაშვილის რაზმს თბილისთან შევუერთდებოდი. მესამე, დუშეთის მიმართულებიდან პარტიზანებს წინ ლაშქარაშვილი უძღოდა.
   ეს გეგმა მცდარი და მიუღებელი იყო. აჯანყების ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს თბილისის პოლიტიკური და სულიერი მნიშვნელობა. პირველი დარტყმა უშუალოდ თბილისში უნდა განხორციელებულიყო. დედაქალაქის ხელში აღებით წითელი ჯარი ცენტრალურ მმართველობას დაკარგავდა. ჩვენი გეგმის წყალობით კი მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. მეამბოხეთა მთელ ქვეყანაში გაფანტულმა ძალებმა ვერ შეძლეს დროულად მოეყარათ თავი.
    დამარცხების მეორე მიზეზი ჭიათურის აჯანყებულთა ნაადრევი გამოსვლა გახლდათ. მათ მოქმედება დათქმულზე 24 საათით ადრე დაიწყეს. ნაადრევმა გამოსვლამ საბჭოთა მმართველობას საშუალება მისცა აჯანყების ჩასახშობად ენერგიული ზომების მიღება მოესწრო. მთელ საქართველოში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა. ბოლშევიკებმა თბილისის გამაგრება დაიწყეს. ქალაქში ტანკები და ჯავშანავტომობილები გამოჩნდა. 30 ათასიანმა ჯარმა თბილისის დაცვის ბრძანება მიიღო.
    აჯანყებულთა რიგებში მუშები და გლეხები იბრძოდნენ. ჩემი შტაბი პატარძეულში იყო. საღამოს 7 საათისათვის თორმეტ სოფელში ჩვენი ძალაუფლება იყო. გეგმის პირველი ეტაპი დაუბრკოლებლად სრულდებოდა. ახლა თბილისში შესვლა უნდა გვეცადა. მტრის ბანაკს ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით.
    პროჟექტორების შუქმა გაგვცა, ცეცხლი გაგვიხსნეს. ჩვენც სროლა ავტეხეთ. ამ დროს მაცნობეს, რომ კავალერიის სამი პოლკი წითელი ჯარის დასახმარებლად მოეშურებოდა. ტყვია-წამალი გვითავდებოდა. იძულებული გავხდი უკანდახევა მებრძანებინა. ჩემთვის მონდობილი დავალება, განმეიარაღებინა ვაზიანის წითელი სამხედრო ბაზა, ვერ შევასრულე.
    თბილისთან დამარცხების შემდეგ ბრძოლა დაიქსაქსა. აქა-იქ გმირულ შეტაკებებსაც ჰქონდა ადგილი. რეგიონებში ცალკეული ბრძოლები წარმატებითაც სრულდებოდა, მაგრამ აჯანყებულთა ბრძოლა საბოლოოდ მარცხისთვის იყო განწირული. ცარიზმი ყოველთვის ცდილობდა, სიძულვილი გაეღვივებინა კავკასიის ხალხთა შორის, გაეთიშა ისინი. საბჭოთა ხელისუფლებაც ცარიზმის ამ პოლიტიკას აგრძელებდა.
    ბოლშევიზმის აგენტთა დანაშაულობანი ენით აუწერელი სისასტიკეა. მოსახლეობის შემდეგ რისხვა თავს სამღვდელოებას დაატყდა. სამი წლის განმავლობაში ვემალებოდი მდევარს. არ მინდოდა ჩემს ოჯახს გადაკიდებოდნენ, ამიტომ მათ აღარ ვნახულობდი. მაინც ვერ შევძელი. მამაჩემიც ამ ამბავმა იმსხვერპლა, საკუთარი თვალით იხილა, ჩემი უმცროსი ძმა დასახვრეტად როგორ წაიყვანეს და ამ სურათს მისმა გულმა ვეღარ გაუძლო.
    მოსკოვი ცრუობს. იგი ავანტურას უწოდებს საქართველოს გმირულ აჯანყებას. მთელმა საქართველომ იცოდა, რომ აჯანყება ავანტიურა კი არ იყო, არამედ ერთსულ და ერთხორც შეკრული ერის შეგნებული, ორგანიზებული და შეიარაღებული ბრძოლა. თვალწინ მიდგას გლეხი ქალის სახე და მახსენდება მისი სიტყვები, ჩემს მკვდრებს არ ვგლოვობ. არა, ისინი ვაჟკაცებად დაიღუპნენ. მხოლოდ ერთი რამ მადარდებს, შეძლებს კი ჩემი ნაბოლარა მამისა და ძმების შური იძიოს?
კითხვები:
(1) 38.1. დოკუმენტის მიხედვით, რამდენი მიმართულებიდან უნდა დაძრულიყვნენ აჯანყებულები თბილისისაკენ?
3

(1) 38.2. დოკუმენტში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ ის სოციალური ფენებიც კი, რომელთა ინტერესების დამცველად აცხადებდა საკუთარ თავს არსებული ხელისუფლება?
„აჯანყებულთა რიგებში მუშები და გლეხები იბრძოდნენ“. 

(1) 38.3. პოლკოვნიკ ცაგურიას აზრით, რამ მისცა საშუალება საბჭოთა ხელისუფლებას მოესწრო საპასუხო ზომების გატარება?
ჭიათურის აჯანყებულთა ნაადრევი გამოსვლა

(1) 38.4. დოკუმენტის მიხედვით, სრულად ჩამოთვალეთ, რა სახის სამხედრო ტექნიკა იყო საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებაში.
ტანკები და ჯავშანავტომობილები

(1) 38.5. დოკუმენტში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ პოლკოვნიკმა ცაგურიამ დასაწყისში გარკვეულ წარმატებას მიაღწია?
საღამოს 7 საათისათვის თორმეტ სოფელში ჩვენი ძალაუფლება იყო.

(1) 38.6. თქვენი აზრით, რატომ უწოდებდა მოსკოვი აჯანყებას ავანტიურას?
თვლიდა, რომ აჯანყება განწირული იყო დამარცხებისთვის, რადგან აჯანყებულების არც სათანადო იარაღი ჰქონდათ და არც საგარეო მხარდაჭერა.

(2) 38.7. დოკუმენტის მიხედვით, რას წარმოადგენდა „ერთიანი ლიგა“ და თქვენი აზრით, რა იყო მისი საბოლოო მიზანი, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ორგანიზების შემდეგ?
ქართული პოლიტიკური პარტიების გაერთიანება: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

(2) 38.8. პოლკოვნიკ ცაგურიას აზრით, რა უნდა გაეკეთებინათ აჯანყებულებს უპირველესად და რატომ?
თბილისის აღება; დედაქალაქის ხელში აღებით წითელი ჯარი ცენტრალურ მმართველობას დაკარგავდა.

(2) 38.9. დოკუმენტის მიხედვით დაასახელეთ ორი მიზეზი, რომელთა გამოც პოლკოვნიკმა ცაგურიამ აღარ გააგრძელა ბრძოლა ვაზიანის სამხედრო ბაზის ასაღებად.
კავალერიის სამი პოლკი წითელი ჯარის დასახმარებლად მოეშურებოდა. ცაგურიას ჯარს კი ტყვია-წამალი უთავდებოდა. 

(2) 38.10. ვის პოლიტიკას ადარებს პოლკოვნიკი ცაგურია საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკას და რაში გამოიხატებოდა ეს მსგავსება?
მეფის რუსეთს ანუ ცარიზმს: „ცარიზმი ყოველთვის ცდილობდა, სიძულვილი გაეღვივებინა კავკასიის ხალხთა შორის, გაეთიშა ისინი. საბჭოთა ხელისუფლებაც ცარიზმის ამ პოლიტიკას აგრძელებდა“.

Комментариев нет:

Отправить комментарий