1. პატრიციული წარმომავლობის მარციუსების სახლმა რომს მრავალი სახელოვანი ვაჟკაცი შესძინა. მათ შორის გახლდათ ანკუს მარციუსი, ნუმას ბადიში, ვინც ტულუს ჰოსტილიუსი მეფობაში შეცვალა. მარციუსები იყვნენ აგრეთვე პუბლიუსი და კვინტუსი, რომლებმაც რომში ყველაზე უხვი და საუკეთესო წყალსადენი გამოიყვანეს1. მარციუსის გვარისა იყო ცენზორინუსიც,2 რომელიც რომაელმა ხალხმა ორგზის აირჩია ცენზორად, ვისი რჩევითაც მიიღო კანონი და დაადგინა, ამ თანამდებობის ორჯერ დაკავების ნება არავისთვის აღარ მიეცათ. რაც შეეხება გაიუს მარციუსს, ვის გამოც ეს თხრობა დაიწერა, მამით ობოლი და ქვრივი დედის გაზრდილი იყო, მაგრამ პირადი მაგალითით აჩვენა, რომ ობლობა, რასაც თან ბევრი უკუღმართობა ახლავს, სრულიადაც ვერ უშლის ხელს ადამიანს, ღირსეული და მრავალთა შორის გამორჩეული კაცი გახდეს, და რომ საჩივარსა და საყვედურს იმსახურებენ მხოლოდ უვარგისები, რომლებიც საკუთარ წახდენას უპატრონობას აბრალებენ. მეორე მხრივ, ამ კაცის მაგალითი იმათი აზრის დასადასტურებლადაც გამოდგა, რომლებიც ფიქრობენ, კეთილშობილსა და კარგ არსებასაც კი, თუ იგი მშობლიურ აღზრდას მოკლებულია, სიკეთესთან ერთად ბევრი უკეთურებაც დაჰყვება თან, ვით ზრუნვისა და დამუშავების გარეშე დარჩენილ ნოყიერ ნიადაგს.
გაიუს მარციუსის სულისა და აზრის სიმტკიცესა და შეუპოვრობას ყოველ საქმეში, დიდ მისწრაფებათა შედეგად, სიკეთეც მოჰქონდა, მაგრამ დაუოკებელი რისხვისა და გადაჭარბებული პატივმოყვარეობის სათავეც იყო, რაც ხალხთან ურთიერთობას მეტად აძნელებდა. ისინი, რომლებიც აღფრთოვანებული იყვნენ მისი გულგრილობით განცხრომისადმი, ცხოვრებისეული დაბრკოლებებისა და სიმდიდრისადმი, ხშირად იმოწმებდნენ მის თავშეკავებას, სამართლიანობასა და მამაცობას, – აი ისინიც კი ვერ იტანდნენ მასთან ურთიერთობას სახელმწიფოებრივ საქმიანობაში მისი უმადურობისა და ოლიგარქიული მიდრეკილების გამო. ადამიანები ვერაფერში ვერ ჰპოვებენ ხოლმე იმდენ კმაყოფილებას, რამდენსაც იღებენ მუზების კეთილგანწყობილების წყალობით, რადგან სწორედ ეს მადლი ათვინიერებს კაცის ბუნებას ცოდნისა და აღზრდის გზით, აჩვევს კაცს გონიერ ზომიერებას.
იმ ხანებში რომის სახელმწიფო ზნეობრივი სრულყოფილების ყველაზე აღმატებულ გამოვლინებად საომარ საქმიანობაში წარმატებასა და მხედრულ გმირობას მიიჩნევდა. ამას გვიმოწმებს ის, რომ ზნეობრივი სრულყოფილების, ანუ უზენაესი სიკეთისა და მამაცობის ცნებებს რომაელები ერთი სიტყვით გამოხატავენ.3 უზენაესი სიკეთის ეს სახელი, რომლითაც მამაცობას აღნიშნავენ, საზოგადო სახელად იხმარება.
2. მარციუსს თავის ტოლ–სწორებში ყველაზე მეტად ახასიათებდა სამხედრო შეჯიბრებებისადმი მისწრაფება და ბავშვობიდანვე იარაღს მოჰკიდა ხელი; მაგრამ ფიქრობდა: შეძენილი იარაღი „მაქნისია, თუ კაცს ბუნებრივი, თანდაყოლილი იარაღი არა აქვს შემართულ-მომზადებულიო. ამიტომ ისე მიაჩვია თავისი სხეული ბრძოლის ყოველგვარ სახეს, რომ სირბილშიც მარჯვე იყო და ხელჩართულ თუ სხვაგვარ შეტაკებაშიც დაუძლეველი. შეუპოვრობასა და მამაცობაში მისი მეტოქენი ყოველთვის, როცა მარცხდებოდნენ, ამას მისი სხეულის დაუძლეველსა და ყოველ შრომაში დაუცხრომელ ძალას აბრალებდნენ.
3. ჯერ კიდევ ჭაბუკმა მარციუსმა ლაშქრობაში პირველი მონაწილეობა მაშინ მიიღო, როცა რომის ყოფილმა მეფემ, გაძევებულმა ტარკვინუსმა, მრავალი ბრძოლისა და დამარცხების შემდეგ უკანასკნელად ჰყარა წილი და ლატინების დიდი ნაწილისა და მრავალი სხვა იტალიელის დახმარებით რომის წინააღმდეგ გამოემართა. ხსენებულ ტომებს ტარკვინუსის გულის მოგებაზე უფრო მეტად რომაელების შემუსვრა სურდათ იმ შიშისა და შურის გამო, რასაც მათი აღზევება იწვევდა. გარდამავალი ხასიათის ბრძოლაში, როცა გამარჯვება ხან ერთი და ხან მეორე მხარისაკენ იხრებოდა, მარციუსი თავგამოდებით იბრძოდა. მან უცბად დაინახა, რომ ერთი რომაელი ვაჟკაცი მის მახლობლად წაიქცა. მარციუსმა იგი უყურადღებოდ კი არ დატოვა, არამედ დასაცავად წინ აეფარა და დაცემულისკენ გამოჭრილი მტრის მეომარი იქვე მოკლა. ეს მოხდა დიქტატორის თვალწინ. გამარჯვების შემდეგ რომაელთა მთავარსარდალმა მარციუსი პირველთა შორის მუხის გვირგვინით შეამკო. ასეთი გვირგვინით კანონი აჯილდოებდა მას, ვინც თანამოქალაქეს თავისი ფარით დაიცავდა. შესაძლოა, კანონი ამით პატივს სცემდა მუხას არკადიელების გამო,4 რომელთაც ღვთის მისანმა „რკოს მჭამელნი“ უწოდა; შეიძლება იმ მიზეზით, რომ მუხა ყველგან ხარობს და მოლაშქრესათვის სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომია; ანდა, შესაძლოა იმიტომ, რომ მუხის გვირგვინი ქალაქთმფარველი ზევსისადმი შეწირული საგანია და თანამოქალაქის გადარჩენისათვის შესაფერ ჯილდოდ ითვლება. ველურ ხეთაგან მუხა ყველაზე უფრო ნაყოფიერი ხეა, შინაურთაგან კი ყველაზე ძლიერი. მისი ნაყოფი – რკო საკვები იყო, ხოლო გამონაწვლილი თაფლი – სასმელი; იგი საკვებად იძლეოდა ბევრი მაძოვარი პირუტყვისა და ფრთო– სანის ხორცს, რადგან ადამიანს აწვდიდა სანადირო იარაღს – ეგრეთ წოდებულ „ჩიტის წებოს“.5
ამბობენ, იმ ბრძოლაში მონაწილეთ დიოსკურები6 გამოეცხადათ თურმე. ბრძოლის შემდეგ ისინი გაოფლიანებულ რაშებზე ამხედრებულნი მიიჭრნენ ფორუმზე და გამარჯვების ამბავი მიიტანეს. ახლა იმ ადგილზე, წყაროსთან, მათთვის აგებული ტაძარი დგას. აი ამის გამო გამარჯვების ის დღე – ივლისის იდები – დიოსკურებისადმია შეწირული.
4. იმ ყმაწვილ კაცებში, რომელთა პატივმოყვარეობა ზერელე ხასიათისაა, ადრე მოპოვებული სახელი და დიდება, ეტყობა, წყურვილის დაცხრომისა და სიმაძღრის გრძნობებს მალე იწვევს და მგზნებარების ცეცხლს აქრობს; შეუპოვარი და მტკიცე ბუნების ახალგაზრდებს კი, პირიქით, შეძენილი პატივი ამაღლებს, ბრწყინვალებით მოსავს და ქარის ქროლვასავით მიაქანებს ოცნებაში წარმოსახული მშვენიერი მიზნისაკენ. ესენი, შეიძლება ითქვას, ანაზღაურებას კი არ ღებულობენ, არამედ საწინდარს დებენ, რცხვენიათ, მათ პატივს რაიმე მოაკლდეს და ცდილობენ, ახალი საქმეებით გაზარდონ იგი. მარციუსი სწორედ ასეთი მისწრაფებით იყო გამსჭვალული და თავის თავს ეტოქებოდა სიმამაცეში; სურდა, მუდამ ახალ-ახალი საქმიანობით გამოეჩინა თავი. წარმატებებს კვლავ წარმატებებს უმატებდა, ნადავლზე ნადავლი მოჰქონდა და ამიტომაც ყოველი ახალი წინამძღოლი წინანდელ ლაშქრობათა მეთაურებს ეჯიბრებოდა, გაესწრო მათთვის მარციუსის საპატიო ჯილდოებით შემკობისა და მისი სიქველის მოწმედ ყოფნის საქმეში.
იმ ხანებში რომაელებმა მრავალი ბრძოლა და ომი გადაიხადეს და არ ყოფილა შემთხვევა, მარციუსი რომელიმე მათგანიდან გვირგვინისა და ჯილდოს გარეშე დაბრუნებულიყო. თუ ზოგიერთისათვის მამაცობისა და სიქველის მიზანი სახელის მოპოვება იყო, მარციუსი ამ სახელს დედის გასახარებლად ეძიებდა. როცა მის ქება-დიდებას ისმენდა და მისი გვირგვინით შემკობას უყურებდა, დედა სიამისაგან ტირილით ეხვეოდა, ხოლო მარციუსი თვლიდა, რომ მან უზენაესი პატივი და ნეტარება მოიმკო. ამბობენ, სწორედ ასეთ განცდას აღიარებდა ეპამინონდა, რომელიც თავის უდიდეს ბედნიერებად თვლიდა იმას, რომ მისი დედ-მამა მოესწრო მის მონაწილეობასა და გამარჯვებას ლევკტრასთან გადახდილ ბრძოლაში. ეპამინონდამ ორივე მშობელთან ერთად იგემა სიამე და წარმატებით გამოწვეული ნეტარება, მარციუსი კი მიიჩნევდა, რომ დედამისს ეკუთვნოდა ყველა ის მადლობა, რასაც მამასაც გადაუხდიდა. მარციუსი ყოველთვის ახერხებდა დედის – ვოლუმნიას გახარებასა და პატივისცემას. ცოლიც მისი რჩევითა და თხოვნით შეირთო და, როცა ბავშვები ეყოლა, კვლავ დედასთან ერთად ცხოვრობდა ერთ სახლში.
5. სიქველისაგან წარმომდგარი სახელი და ძალა მარციუსისა უკვე საკმაოდ დიდი იყო რომში, როცა სენატი მდიდართა დასაცავად აღდგა ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მევახშეთაგან უსაზღვროდ დაჩაგრულად თვლიდა თავს. ზოგიერთი ქონების პატრონები მათ სრულიად გააჩანაგეს დაწინდებულის წართმევით და სარჩო-საბადებლის გაყიდვით; მთლად ღარიბ–ღატაკთ კი იჭერდნენ და საპყრობილეში ამწყვდევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტანი დაფარული ჰქონდათ ჭრილობათა მრავალი ნაწიბურით, რაც მოწმობდა მათ ჯაფასა და ღვაწლს სამშობლოსათვის გადატანილ ლაშქრობებში. მათ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ბოლოდროინდელ ბრძოლაში საბინების წინააღმდეგ, როცა მდიდრებმა აღუთქვეს ზომიერების დაცვა, ხოლო კონსული მარკუს ვალერიუსი სენატის გადაწყვეტილებით, თავდებად დაუდგა ამ საქმეს. ხალხი თავდადებით ებრძოდა მდიდრებს და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ მევახშეები მაინც არ იხევდნენ უკან, სენატი კი არაფერს აკეთებდა დადებული პირობების გასახსენებლად და თვალს არიდებდა იმას, თუ კვლავ როგორ ძარცვავდნენ და ციხეში მიათრევდნენ ღარიბ–ღატაკებს. რომში შფოთი და ავისმომასწავებელი ამბოხება დაიწყო. მტრებს ხალხის ამბოხება როდი გამოეპარათ. ისინი რომის სანახებს თავს დაესხნენ და ყველაფერს ცეცხლს უკიდებდნენ. კონსულთა მოწოდებას, ხელთ იარაღი აეღოთ, არც ერთმა კაცმა, ვისაც ამ იარაღის ტარება ძალუძდა, ყური არ ათხოვა, ხოლო ხელისუფლებაში კვლავ საპირისპირო მოსაზრებებმა იჩინეს თავი: ერთნი ფიქრობდნენ, საჭირო იყო დაეთმოთ ღარიბთათვის და შეერბილებინათ დაძაბულობა და კანონის სიმკაცრე; მეორენი ამის წინააღმდეგნი იყვნენ და მათ შორის გახლდათ მარციუსი. იგი ფულსა და ქონებას არ თვლიდა უმთავრეს საქმედ და სენატს მოუწოდებდა, გონიერად დაჰკვირვებოდა ვითარებას და ძირშივე აღეკვეთა ზვიადი და თავხედი ბრბოს ყოველი ცდა, წინ აღსდგომოდა კანონებს.
6. სულ მცირე დროში სენატი ბევრგზის შეიკრიბა არსებული ვითარების თაობაზე სამსჯელოდ, მაგრამ ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა. ამასობაში ღარიბ ღატაკებმა მოულოდნელად თავი მოიყარეს, ერთმანეთი გაამხნევეს, დატოვეს რომი, დაიკავეს ის მთა, რომელსაც ახლა „წმიდა მთა“ ეწოდება და მდინარე ანუნთან მდებარეობს, და იქ გამაგრდნენ. ისინი არავითარ ძალადობას არ მიმართავდნენ, არც ამბოხებებს აწყობდნენ და მხოლოდ ამას გაჰყვიროდნენ: „ჩვენ უკვე დიდი ხანია მდიდრებმა ქალაქიდან გამოგვაძევეს; იტალია ჩვენ ყველგან მოგვცემს ჰაერს, წყალსა და სამარეს. სანამ რომში ვცხოვრობდით, განა იგი სხვა რამეს გვაძლევდა? არაფერს – გარდა იმისა, რომ ნება გვქონდა, მდიდრებისათვის გვეომა და ჭრილობებისაგან დავხოცილიყავით!“ სენატი დაშინდა და ღარიბებთან ყველაზე შესაფერისი და დემოკრატიულად განწყობილი რამდენიმე უხუცესი სენატორი გაგზავნა. ღარიბებს სიტყვით მიმართა მენენიუს აგრიპამ. იგი დიდხანს თხოვნით მოუწოდებდა მათ, დიდხანს და აშკარად ლაპარაკობდა სენატის დასაცავად და ბოლოს თავისი სიტყვა დაამთავრა არაკით, რომელსაც დღემდე იგონებენ. მან თქვა: ერთხელ ადამიანის სხეულის ნაწილები აუჯანყდნენ კუჭს და საყვედურებით აავსეს შენ ერთადერთი ხარ უქმად და ნებივრად ჩაბრძანებული სხეულში მაშინ, როცა ყველას მძიმე შრომა და სამსახური გვიწევს და ყველაფერს შენ გაწოდებთო! კუჭს გაეცინა მათ სიბრიყვეზე: თქვენ არ იცით, რომ მთელ საკვებს, რომელსაც მე მაწვდით, კვლავ უკან გიბრუნებთ და ყველას გინაწილებთო! მენენიუსმა არაკს ასეთი დასკვნა მოაყოლა: „მოქალაქენო! სწორედ კუჭის მსგავსი ადგილი უჭირავს სენატს თქვენს მიმართ. სახელმწიფოს წყობისა და კეთილდღეობისათვის გამოტანილ მის გადაწყვეტილებებს ყოველი თქვენგანისათვის მოაქვს დანაწილებულად სიკეთე და სარგებლობა“.
7. ამის შემდეგ ხალხი და სენატი მორიგდნენ. ხალხმა სენატისაგან გამოითხოვა ნება, თავისი წიაღიდან ხუთი წარმომადგენლის არჩევისა, რომლებიც გაჭირვებულთ დაეხმარებოდნენ და რომელთაც „სახალხო ტრიბუნები“ შეერქვათ.8 პირველ ტრიბუნებად აირჩიეს იუნიუს ბრუტუსი და სიცნიუს ბელუტი, რომლებიც მეთაურებად ჰყავდათ ქალაქიდან განდგომის ჟამს. როგორც კი დამყარდა ქალაქში ერთსულოვნება, ხალხმა მაშინვე მოჰკიდა ხელი იარაღს და კონსულებს მორჩილება გამოუცხადა: გამოგვიყენეთ, მზად ვართ მტრებთან საომრადო! მარციუსი, რაკი არც თვითონ იყო კმაყოფილი ხალხის გამარჯვებითა და წარჩინებულთა მხრივ დათმობებით და ხედავდა, პატრიციუსთა დიდი ნაწილიც ამასვე განიცდიდა, თავისიანებს მოუწოდებდა, არ დაეთმოთ პირველობა სამშობლოსათვის ბრძოლაში უბრალო ხალხისათვის და ეჩვენებინათ მისთვის, რომ წარჩინებულნი მდაბიოთაგან გამოირჩევიან იმდენად არა ძალით, რამდენადაც სიქველით.
8. ვოლსკების ტომში, რომელსაც მაშინ რომაელები ებრძოდნენ, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობისა იყო ქალაქი კორიოლი. ამ ქალაქს ალყა შემოარტყა კონსულმა კომინიუსმა. ალყის გარეთ მყოფმა ვოლსკებმა, იმის შიშით, ქალაქი არ დავკარგოთო, ყოველი მხრიდან მიიტანეს იერიში მოალყე რომაელებზე, რათა ქალაქის კედლებთან გაემართათ ბრძოლა და მტრისათვის გარედანაც და შიგნიდანაც დაერტყათ. კომინიუსმა თავისი ძალები ორად გაყო: თვითონ გარედან მომხდური ვოლსკების შესახვედრად გაეშურა, ალყის მცველად კი ერთ-ერთი საუკეთესო რომაელი ვაჟკაცი ტიტუს ლარციუსი დატოვა. ქალაქში მყოფმა ვოლსკებმა მოალყედ დარჩენილი მტრის ძალა უმნიშვნელოდ ჩათვალეს, გარეთ გამოცვივდნენ, მტერს ეკვეთნენ და დასაწყისში კიდეც გაიმარჯვეს და მოალყე რომაელების გარეკვას შეუდგნენ მათი ბანაკისაკენ. ამ დროს მარციუსი მცირეოდენი თანამოსაგრენით საფარიდან გამოვარდა, ჯერ უშუალოდ მასზე თავდამსხმელები შემუსრა, დანარჩენი მოიერიშენი შეაჩერა და ხმამაღლა რომაელებს ბრძოლისაკენ მოუწოდა. მარციუსი ხომ შემკული იყო ყველა იმ ღირსებით, რომელთაც კატონი მეომრისათვის უმთავრესად თვლიდა. იგი გამოირჩეოდა არა მარტო მკლავის დაკვრის ძალით, არამედ ხმის სიძლიერითაც; თავისი მრისხანე სახითაც იგი შიშის ზარს სცემდა მტერს და მისი გამკლავება უძნელესი საქმე გახლდათ. და აი, ახლა, როცა მარციუსის გარშემო შემოიკრიბა და დაირაზმა მრავალი რომაელი, მტერი დაფრთხა და უკუიქცა. მარციუსი ამით როდი დაკმაყოფილდა, უკანმოუხედავად დაედევნა გაქცეულებს და ქალაქის ჭიშკრამდე მირეკა ისინი. მაგრამ აქ მარციუსმა დაინახა ქალაქის კედლებიდან უხვად მქროლავი მტრის ისრები და სათხედები, რის გამოც რომაელები მტრის დევნას თავს ანებებდნენ და უკან იხევდნენ: მტრის შეიარაღებული მეომრებით გავსებულ ქალაქში უკუქცეულთა მიდევნებით შეჭრაზე ფიქრსაც ვეღარავინ ბედავდა. მაშინ მარციუსი გამოსაჩენ ადგილზე დადგა და თავისი მაღალი ხმით მეომრებს გამამხნევებლად მოუწოდა: ქალაქი ბედმა ჩვენ, მტრის მდევნელ რომაელებს, გაგვიღო და არა უკუქცეულ ვოლსკებსო. მსურველი, მას უკან მიჰყოლოდა, არცთუ ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ ვინც იყო, მათთან ერთად მტრის რაზმი გაარღვია, ჭიშკრებისაკენ გზა გაიკაფა და ქალაქში შეიჭრა. თავდაპირველად ვერავინ გაბედა, წინააღმდეგობა გაეწია ან გზა გადაეღობა მისთვის, მაგრამ მერმე, როცა შენიშნეს, ქალაქში
შემოჭრილნი სულ ცოტანი იყვნენ, ვოლსკები შეერთებული ძალით ეკვეთნენ რომაელებს. მარციუსმა, როგორც გადმოგვცემენ, საერთო არეულობაში რაღაც დაუჯერებელი ბრძოლა გამართა თურმე. იბრძოდა ხელისა თუ ფეხის საოცარი სისწრაფითა და სულის სიმტკიცით და ყველას სძლევდა, ვისაც კი ეკვეთებოდა: ზოგი ქალაქის უკიდურეს ნაწილებამდე მირეკა, ზოგსაც წინააღმდეგობა შეაწყვეტინა და იარაღი დააყრევინა. ამით მან დიდი დახმარება გაუწია ლარციუსს, რომაელები გარედან ქალაქში შემოეყვანა.
9. ამრიგად, ვოლსკთა ქალაქი აიღეს. რომაელ მეომართა უმრავლესობა მოსახლეობის ქონების ძარცვა-გლეჯას შეუდგა. მარციუსი ამაზე გაწყრა და ყვირილი მორთო: ეს შემაძრწუნებელი საქმეა! იმ დროს, როცა კონსული და მასთან მყოფი თანამოქალაქენი ალბათ უკვე შეხვდნენ მტერს და მასთან ბრძოლაში ჩაებნენ, თქვენ გასამდიდრებლად დაძრწით და ქონების მოხვეჭის საბაბით ბრძოლის საფრთხეს თავს არიდებთო! მარციუსს ბევრმა არ დაუჭირა მხარი, მაგრამ იმათთან ერთად, რომლებმაც დაუჯერეს, იმ გზაზე გავიდა, რომლითაც, მისი ფიქრით, რომაელთა მთავარი მხედრობა მოემართებოდა. იგი წამდაუწუმ ამხნევებდა თანამოსაგრეებს: მოუწოდებდა, არ შემდრკალიყვნენ; განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთებს: ბრძოლაში ნუ დაგვაგვიანებთ, დროზე მიგვიყვანეთ იქ, რათა თანამოქალაქეებს შევეშველოთ და მათი საფრთხე გავიზიაროთო!
იმ ხანებში რომაელებს ჩვევად ჰქონდათ საბრძოლო რაზმად გამწკრივება, წელზე წამოსასხამების შემოკვრა და, ძირს დალაგებული ფარების აღების ჟამს, სამი თუ ოთხი მოწმის თანდასწრებით, დაუწერელი ანდერძის წარმოთქმა და მემკვიდრის დასახელება. მტრების თვალწინ სწორედ ამ საქმიანობით გართულ მეომრებს მოუსწრო მარციუსმა. თავდაპირველად ზოგიერთები შეშფოთდნენ, როცა მარციუსი მცირერიცხოვან თანამებრძოლეთა თანხლებით მთლად გასისხლიანებული და ოფლში გაღვარული დაინახეს. მაგრამ მერმე გამხნევდნენ, როცა მარციუსმა კონსულთან მიირბინა, სიხარულით ხელი გაუწოდა და ქალაქის აღების ამბავი აუწყა და როცა, თავის მხრივ, კომინიუსი მარციუსს გადაეხვია და გადაკოცნა. მაშინ ყველამ, ვინც წარმატების ამბავი უშუალოდ შეიტყო და ვინც გუმანით მიხვდა ამას, ყიჟინით მოითხოვა: წაგვიყვანეთ ბრძოლაში ჩასაბმელადო! მარციუსმა კომინიუსს ჰკითხა, როგორ იყო განლაგებული მტრის ბანაკი და სად იდგა მისი ყველაზე ძლიერი რაზმი. კომინიუსმა უპასუხა, რომ, მისი გუმანით, ასეთი რაზმი დგას შუაში, ყველაზე მეომარი და არავის რომ არაფერს დაუთმობს ისეთი რაზმი ანტიელებისა. „რაკი აესა, – მიმართა მარციუსმა კონსულს, – ძალიან გთხოვ, მაგ ვაჟკაცების წინააღმდეგ ჩვენც დაგვრაზმე!“ გაოცებულმა კონსულმა თანხმობა მისცა მის თავგამოდებას. როგორც კი დაიწყო მტერმა შუბთა სროლა, მარციუსი მაშინვე წინ გაიჭრა. სათავეში მდგარმა ვოლსკებმა წინააღმდეგობა ვერ შეძლეს და ის რაზმი, რომელზეც მარციუსმა იერიში მიიტანა, მყისვე გაირღვა. მაგრამ ახლა მტრის ორად გაკვეთილმა რაზმმა მარციუსის რკალში მომწყვდევა სცადა. კონსული შეშინდა და მისაშველებლად თავისი საუკეთესო მეომრები აფრინა. მარციუსის ირგვლივ ცხარე ბრძოლა გაჩაღდა. სულ მცირე ხანში ის ადგილი გვამებით აივსო. რომაელები კიდევ უფრო მეტი ძალით დააწვნენ მტერს და აოტეს კიდეც. სანამ მტრის დევნას შეუდგებოდნენ, დაღლილობისა და ჭრილობებისაგან ილაჯგაწყვეტილ მარციუსს სთხოვეს, ბანაკში დაბრუნებულიყო. მაგრამ მან განაცხადა: გამარჯვებულთ დაღლა არ ეგებისო და უკუქცეულ მტერს დაედევნა. მტრის დანარჩენი მხედრობაც დამარცხდა: მრავალი შეიმუსრა, მრავალიც ტყვედ წაიყვანეს რომაელებმა.
10. მეორე დღეს, როცა ლარციუსიც მოვიდა და ყველამ მოიყარა თავი კონსულის კარავთან, კომინიუსი შემაღლებულ ადგილზე დადგა, ღმერთებს შესაფერი მადლი გადაუხადა ასეთი წარმატებებისათვის და მარციუსს მიმართა. უწინარეს ყოვლისა, მას შესანიშნავი ხოტბა უძღვნა იმ გმირობისთვის, რომლის თვითმხილველი იყო ბრძოლის ჟამს, ნაწილიც – ლარციუსისაგან შეიტყო. ამის შემდეგ კომინიუსმა მარციუსს შესთავაზა, საერთო განაწილებამდე, მრავალრიცხოვანი ნადავლიდან თავისთვის აერჩია ათ-ათი ნივთი, ცხენი და ტყვე. გარდა ამისა, აჩუქა საგანგებოდ დარახტული საუკეთესო ბედაური, რომაელებმა მოიწონეს კონსულის გადაწყვეტილება. მარციუსი წინ წამოდგა და თქვა, რომ ბედაურს ხალისით იღებს და მოხარულია წინამძღოლის მიერ წარმოთქმული ქებისა, ხოლო ყველაფერ დანარჩენს თვლის ქირად და არა საპატიო საბოძვარად, ამიტომ მათ მიღებაზე ახლა უარს აცხადებს და თუ რამე ერგება, დაკმაყოფილდება, ვით ერთ-ერთი მონაწილე ნადავლის საერთო გაყოფაში. „მხოლოდ ერთ განსაკუთრებულ წყალობას ვითხოვ, – დასძინა მარციუსმა, – და მსურს მივიღო ეს წყალობა. ვოლსკებში ერთი მასპინძელი და მეგობარი მყავდა, კაცური კაცი, მოკრძალებული. ახლა იგი ტყვეა; მდიდარი და ბედნიერი მონად იქცა. მას ისედაც მრავალი უბედურება დაატყდა თავს და იქნებ კიდევ ერთ უბედურებას – გაყიდვას მაინც გადავარჩინოთ!“
მარციუსის სიტყვებს მოწონების ნიშნად ხმამაღალი შეძახილით შეეგებნენ. უმრავლესობა ქონების წინაშე ამ ვაჟკაცის მოუდრეკლობით უფრო გაკვირვებული დარჩა, ვიდრე მისი მამაცობით მტრებთან ბრძოლაში. მის მიმართ გამოჩენილი პატივის გამო შურითა და ჯიბრით აღვსილნიც კი იმაზე ბევრად მეტის მიღების ღირსად თვლიდნენ მას, რის მიღებაზეც უარი განაცხადა და აღფრთოვანებული იყვნენ მისი ქველობის იმ ხასიათით, რომლის ძალითაც ესოდენ დიდი სიმდიდრე უგულებელყო, ვიდრე იმ სიქველით, რომლის წყალობითაც ეს სიმდიდრე დაიმსახურა. ფულის გონივრულად გამოყენება სჯობს, რა თქმა უნდა, იარაღის ხმარებას, მაგრამ უკეთესზე უკეთესი საქმეა ფულის საჭიროება, საერთოდ, არ ადარდებდეს კაცს.
11. როცა ყიჟინი ჩაცხრა და ხალხი დაწყნარდა, კომინიუსმა კვლავ წარმოთქვა: „თანამებრძოლნო, რას იზამთ; თქვენ ვერ შესძლებთ, აიძულოთ კაცი, მიიღოს ის საბოძვარი, რომელსაც არ იღებს და არც სურს მიიღოს. მოდით და ვუბოძოთ ისეთი რამ, რაზედაც უარს ვერ იტყვის: დავადგინოთ, რომ ამიერიდან მას ეწოდოს კორიოლანუსი, თუ თვით აღსრულებულმა საგმირო საქმემ ჩვენზე ადრე არ უბოძა ეს მეტსახელი!“
ამიერიდან მარციუსს მესამე სახელად კორიოლანუსი შეერქვა. ახლა ცხადზე ცხადია, რომ მის სახელთაგან პირველი – გაიუსი საკუთარი სახელი იყო, მეორე – მარციუსი კი მთელი მოდგმის ანუ გვარის სახელი.
მესამე სახელი რომაელებში კაცს მოგვიანებით ეძლეოდა როგორც მეტსახელი რაიმე გადახდილი საქმის, ბედის წილხვედრის, შესახედაობისა ან ზნეობრივი სიკეთის აღსანიშნავად, აი ისევე, როგორც ელინებში ადებდნენ ხოლმე მეტსახელს: ღირსსახსოვარი საქმის გამო – ფისკონი და გრიპე, სიქველისათვის – ევერგეტე და ფილადელფე, ბედკეთილობისათვის კი – ევდემონი, რაც მეფე ბატოს მეორეს ეწოდა. ზოგიერთ მეფეს დამცინავი მეტსახელიც ჰქონდა. მაგალითად: ანტიგონოსს დოსონი შეარქვეს, პტოლემეს – ლათირე. ამ რიგის სახელებს უფრო ხშირად რომაელები იყენებდნენ. ერთ–ერთ მეტელუსს, რომელსაც მუწუკის გამო შუბლი მუდამ შეხვეული ჰქონდა, დიადემატუსს ეძახდნენ, მეორეს კი – ცელერს იმის გამო, რომ ამ კაცმა მამის სიკვდილის შემდეგ სულ რამდენიმე დღეში მოასწრო ხსოვნის აღსანიშნავად გლადიატორთა საფლავზე შეჯიბრების მოწყობა და ყველა გაოცებული დატოვა მზადებაში გამოჩენილი სისწრაფისა და მოქნილობის წყალობით. ზოგიერთს რომაელები მათი დაბადების გარემოებასთან დაკავშირებით დღემდე ეძახიან: პროკლუსს – ვინც მამის სხვაგან ყოფნის ჟამს დაიბადა, პოსტუმუსს – ვინც მამის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა; ხოლო თუ ტყუპი დაიბადა და ერთი მათგანი მოკვდა, გადარჩენილ ტყუპისცალს მეტსახელად ვოპისკუსს არქმევენ. სხეულისმიერი ნიშნისდა მიხედვით, რომაელები კაცს მეტსახელად არქმევენ არა მარტო, ვთქვათ, სულას, ნიგერსა და რუფუსს, არამედ ცეკუსსა და კლოდიუსსაც. თანაც აჩვევენ, რომ ეს მეტსახელები ისე გაიშინაურონ, რომ მათი მეშვეობით სიბრმავის ან სხეულისმიერი რომელიმე სხვა მანკიერების აღნიშვნა სათაკილოდ, გაკილვად არ მიიჩნიონ. ისე, კაცმა რომ თქვას, ამ საგანზე მსჯელობა სხვაგვარ თხხულებათ უფრო შეჰფერის.
12. როცა ომი დასრულდა, დემაგოგებმა კვლავ დაიწყეს ხალხის აჯანყება, თუმცა საამისო ახალი მიზეზი და სამართლიანი საჩივრისა და ბრალდების საფუძველი არ გააჩნდათ. ისინი პატრიციუსებს აბრალებდნენ იმ უბედურებას, რაც ძალაუნებურად მოჰყვა უთანხმოებებსა და შფოთიანობას. მიწის უდიდესი ნაწილი დაუმუშავებელ–დაუთესავი დარჩა, სურსათ–სანოვაგის შემოზიდვით მომარაგების საშუალებას კი ომისდროინდელი ვითარება არ იძლეოდა. დაიწყო მძიმე გაჭირვება. დემაგოგებმა, რომლებიც ხედავდნენ, რომ საჭმელ სასმელი აღარ იყო და რომც ყოფილიყო, ხალხს მის შესაძენად ფული არ ჰქონდა, გაავრცელეს ცილისმწამებლური ხმები მდიდრების წინააღმდეგ, თითქოს მათ გამოიწვიეს შიმშილი ხალხის მიმართ გულში ჩარჩენილი ძველი წყენის მიზეზით.
სწორედ ამ ხანებში ველიტრელებისაგან10 რომში ჩამოვიდნენ ელჩები თხოვნით: მიეღოთ მათი ქალაქი გამგებლობაში და გაეგზვნათ იქ ახალმოსახლენი. საქმე ის იყო, რომ ველიტრელებს თავს დაატყდათ შავი ჭირი და ისე გააუბედურა და შემუსრა მოსახლეობა, რომ მისი მეათედი ნაწილი ძლივსღა დარჩა. რომში, ვისაც კი გონება ჰქონდა, ველიტრელების თხოვნა პირდაპირ სულზე მისწრებად და ხელსაყრელად მიიჩნია, რადგან ამ გაჭირვების ჟამს ამოსუნთქვა სჭირდებოდათ და თან ამბოხების გაფანტვის იმედიც მიეცათ, თუ შფოთის თავებსა და დემაგოგების თანამოაზრეებს, ვით ქალაქის ყველაზე საშიშ სენსა და არეულობის წყაროს, თავიდან მოიცილებდნენ. ასეთი პირები კონსულებს გადასახლებულთა სიებში შეჰქონდათ, სხვებს კი ვოლსკების წინააღმდეგ სალაშქროდ ამზადებდნენ. ამ ხერხით ცდილობდნენ, რომი შინაური შფოთისაგან მოესვენებინათ და თან ფიქრობდნენ, ერთ ლაშქარსა და ბანაკში თავმოყრილი და საერთო ბრძოლაში კვლავ ჩაბმული მდიდრები და ღარიბები, პლებსი და პატრიციუსები ერთმანეთთან მეტ სიმშვიდესა და კეთილგანწყობილებას დაამყარებდნენ.
13. მაგრამ ამ საქმეს წინ აღუდგნენ დემაგოგები – სინიციუსი და ბრუტუსი. მათ ყვირილი მორთეს: „ახალმოსახლეობის ულმობიერესი სახელით ნათლავენ უმძვინვარეს სისასტიკეს; შეიძლება ითქვას, პირდაპირ უფსკრულში ყრიან ღარიბ–ღატაკებს, რაკი მათ მოწამლული ჰაერით გაჟღენთილსა და დაუკრძალავი გვამებით სავსე ქალაქში აგზავნიან და უცხო და შურისმაძიებელი მრისხანე ღვთაების გვერდით ამკვიდრებენ. აღარ კმაყოფილდებიან იმით, მოქალაქეთა ნაწილი რომ შიმშილით იღუპება და ნაწილს ავი სენის ხახაში ჰყრიან; თავისი სურვილით ახლა კიდეც ომსაც მართავენ, რათა არც ერთი უბედურება არ ასცდეს ქალაქს, რადგან უარყო, დამონებოდა მდიდრებს!“
ასეთი სიტყვებით შეგონებული ხალხი კონსულთა მიერ წამოყენებულ სიებში ჩაწერას გაურბოდა და გადაჭრით უარს ამბობდა სხვაგან დასასახლებლად რომიდან წასვლაზე. სენატი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. მარციუსმა კი, სიამაყით უკვე აღვსილმა, თავის სიძლიერეში ღრმად დარწმუნებულმა და გავლენიან მოქალაქეთაგან საპატიო კაცად აღიარებულმა, აშკარა და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია დემაგოგებს. რომაელებმა ახალმოსახლეობა მაინც გაგზავნეს ველიტრეში: დასჯის მუქარით აიძულებდნენ წილნახვედრთ რომიდან გასვლას. რაც შეეხება ლაშქრობას, პლებსმა გადაწყვეტით თქვა უარი მასში მონაწილეობაზე. მაშინ მარციუსი თავისი ამალით და იმათი თანხლებით, რომლებიც კი გადაიბირა, ანტიების მხარეში შეიჭრა. აქ იგი დიდი რაოდენობის პურს წააწყდა; მრავლად იგდო ხელთ პირუტყვი და მონები, მაგრამ თვითონ ნადავლიდან არაფერი არ მიუსაკუთრებია. იგი რომში დაბრუნდა ნადავლით უხვად დატვირთული თანამებრძოლებით. დანანებითა და შურით შესცქეროდნენ სხვები ბედგაღიმებულ თანამოქალაქეებს, ხოლო მარციუსზე წყრებოდნენ და გული მოსდიოდათ მისი სახელისა და გავლენის გამო, რაც, მათი აზრით, ხალხის საწინააღმდეგოდ იზრდებოდა.
14. ცოტა ხნის შემდეგ მარციუსმა კონსულის თანამდებობისაკენ დაიწყო სწრაფვა. უმრავლესობა მისკენ გადაიხარა. ხალხმა სირცხვილად მიიჩნია, უპატივცემულობითა და უარით დაეკნინებინათ წარმომავლობითა და ქველობით უპირველესი ვაჟკაცი, რომელმაც მრავალი დიდი სიკეთე მოიმოქმედა.
რომში წესად იყო მიღებული, ნებისმიერი თანამდებობის მაძიებელი კაცი ფორუმზე ჩასულიყო უტუნიკოდ, ტოგის ამარა, და ისე მისალმებოდა მოქალაქეებს მხარდაჭერის თხოვნით11. ასე იქცეოდნენ, ან იმიტომ, რომ თხოვნის შესაფერი მორჩილი შესახედაობა მიეღოთ, ანდა იმიტომ, რომ სახილველად გამოეჩინათ, თუ ჰქონდათ ვაჟკაცობის დამადასტურებელი ნიშნები – ნაჭრილობევნი და ნაიარევნი. თანამდებობის მთხოვნელი, ცხადია, ფულის დარიგებისა და მოსყიდვის ეჭვის გასაფანტავად არ მიდიოდა მაშინ უსარტყელოდ და უტუნიკოდ მოქალაქეებთან.12 გვიან, დიდი ხნის შემდეგ შეიჭრა ყიდვა–გაყიდვა სახალხო კრებაში და ფული კენჭისყრაში გაერია. მერმე და მერმე მექრთამეობამ13 მოსამართლეები და სამხედრო სამსახურიც წაბილწა, იარაღი ფულს დაუმონა და სახელმწიფო მონარქიამდე მიიყვანა. ჩანს, ცუდად არ უთქვამს, ვინც თქვა: პირველად მან დაარღვია დემოკრატია, ვინც ხალხი ლხინზე მიიპატიჟა და მოისყიდაო. ეტყობა, ეს ბოროტება რომში უცბად კი არ გაჩენილა, არამედ ფარულად და თანდათანობით გაიზარდა. ჩვენ არ ვიცით, ვინ მოქრთამა პირველად რომში ხალხი და სასამართლო. ამბობენ, პირველად ათენში მისცა მოსამართლეებს ქრთამად ფული ანიტემ, ანთემიონის ძემ, რომელსაც ბრალად ედებოდა პილოსთან დაკავშირებული ღალატი პელოპონესის ომის დასასრულს.14 ეს ის დრო გახლდათ, როცა რომის ფორუმი ჯერ კიდევ უბიწო, ოქროს მოდგმის ხელში იყო.
15. კონსულობის მაძიებელ მარციუსს ტოგის ქვეშ უჩანდა მრავალი ნაჭრილობევი, იმ მრავალი ბრძოლის შედეგი, რომლებშიც ჯარში ჩვიდმეტი წლის განუწყვეტელი სამსახურის მანძილზე პირველობდა. რომაელები თავს უხერხულად გრძნობდნენ ამ კაცის სიქველის წინაშე და ამიტომ ერთმანეთს სიტყვა მისცეს, მხარი დაეჭირათ მისთვის. მაგრამ როცა კენჭისყრის დღე დადგა და მარციუსი სენატის თანხლებით ზარზეიმით შემოვიდა ფორუმზე, ხოლო მის გარშემო მყოფ ყველა პატრიციუსს აშკარად ეტყობოდა, რომ მათ არავისთვის და არასდროს ასე თავი არ გამოუდიათ, ხალხმა კვლავ შეცვალა თავისი კეთილგანწყობილება მარციუსის მიმართ წყენითა და შურით. ასეთ განცდას ზედ ერთვოდა შიში, არისტოკრატიული განწყობილებისა და პატრიციუსებში ესოდენი დიდი ღირსების მქონე კაცს, თუ იგი ხელისუფლების სათავეში ჩადგებოდა, მთლად არ აღეკვეთა ხალხისათვის თავისუფლება. ასეთი განსჯის შედეგად ხალხმა მარციუსის წინააღმდეგ მისცა ხმა.
როცა არჩეულებად სხვები გამოაცხადეს, სენატი მეტად გაწყრა, რადგან მიიჩნია, რომ თვითონ უფრო იყო ამით შეურაცხყოფილი, ვიდრე მარციუსი. თვითონ მარციუსიც ვერ შეხვდა მომხდარ ამბავს ზომიერებით და შესაფერი თავშეკავებით. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იგი უპირატესად ეყრდნობოდა თავისი სულის მგზნებარე და პატივმოყვარულ ხასიათს, როგორც სიდიადისა და კეთილშობილების გამოხატულებას, მაგრამ შეგონებისა და აღზრდის მეშვეობით არ ჰქონდა შეძენილი მტკიცე სიდინჯე და ლმობიერება, რაც სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის სრულყოფილებისათვის უთუოდ საჭიროა; არც ის უწყოდა, რომ ვინც ხელს ჰკიდებს საზოგადოებრივ საქმეს და ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისაკენ მიისწრაფვის, მან განსაკუთრებით უნდა აარიდოს თავი თვითკმაყოფილებას, რაც, პლატონის სიტყვით, განკერძოების თანმხლებია15, და უნდა იყოს მოყვარული მოთმინებისა, რასაც ზოგიერთები ხშირად დასცინიან ხოლმე. მეტისმეტად პირდაპირი და ჯიუტი მარციუსი ყველაფერზე და ყველაფერში გამარჯვების მოპოვების დაუცხრომელ სურვილს მამაცობის საქმედ თვლიდა და ვერ ხვდებოდა, რომ ასეთი მისწრაფება უძლურებისა და უნებისყოფობის შედეგია, რასაც,ავი სიმსივნის მსგავსად, წარმოქმნის ტანჯული და აფორიაქებული სულისკვეთება.
აღფოთებული და ხალხზე გაბოროტებული მარციუსი იქაურობას გაეცალა. ახალგაზრდა პატრიციუსები, რომლებიც ქალაქში მეტისმეტად ყოყოჩობდნენ წარმომავლობით და საზოგადოების საუკეთესო ნაწილად თვლიდნენ საკუთარ თავს, მარციუსს მუდამ გასაოცარი სიბეჯითით უჭერდნენ მხარს და იმ დღესაც მხარში ამოუდგნენ, თან ახლდნენ და არცთუ სასიკეთოდ კიდევ უფრო აღიზიანებდნენ. მარციუსი ხომ მათი წინამძღოლი და კეთილი დამრიგებელი იყო ლაშქრობის ჟამს საბრძოლო საქმიანობასა და სიქველისაკენ მისწრაფებებში და ისინიც, მისგან შეგონებულნი, ჯიბრისა და შურის გარეშე ერთმანეთს სიამაყის გრძნობას უნერგავდნენ.
16. ამასობაში რომში შემოზიდეს პური, რომელიც დიდი რაოდენობით იტალიაში იყო შესყიდული და არცთუ მცირე ნაწილი საჩუქრად გამოგზავნა სირაკუზედან ტირანმა გელონმა. უმრავლესობას კეთილი იმედი მიეცა; ეგონათ: ქალაქი ახლა გაჭირვებასაც და უთანხმოებასაც ერთად მოიცილებს თავიდანო. დაუყოვნებლივ შეიკრიბა სენატი, ხოლო გარეთ თავმოყრილი ხალხი სხდომის დამთავრებას ელოდებოდა იმის იმედით, ბაზარი კეთილმოსურნეობით ხელმისაწვდომი გახდებოდა და მიღებული საბოძვარიც უანგაროდ განაწილდებოდა. სენატში იყვნენ ისეთები, რომლებიც ამგვარ რჩევას იძლეოდნენ. მაგრამ წამოდგა მარციუსი და მკაცრად დაესხა თავს იმ სენატორებს, რომლებიც ხალხის გულის მოგებას ცდილობდნენ. მან უწოდა მათ ნობილიტეტის მოღალატენი, საკუთარი თავის საზიანოდ ბრბოში თავხედობისა და ზვიადობის თესლის მთესველნი, იმ თესლისა, რომლის აღმოცენებაც დასაწყისშივე უნდა აღეკვეთათ და არამც და არამც არ უნდა შეეწყოთ ხელი ხალხის ძლიერების ზრდისათვის. ხალხი ახლა უკვე საშიში გახდაო, – ამბობდა იგი, – მას სურს ყველაფერი აისრულოს, იძულებით არაფერი გააკეთოს, კონსულებს არ დაემორჩილოს. მან ანარქია გაიხადა მეთაურად და მას უწოდებს თავის წინამძღოლს. თუ იმ ბერძენთა მსგავსად, რომლებშიც დემოკრატიაა ფეხმოკიდებული, დავადგენთ სახელმწიფო სახსრების დანაწილებას, ამით მხარს დავუჭერთ ბრბოს დაუმორჩილებლობას ქვეყნის განსაწირავადო: „მისთვის სასარგებლო თქვენს გადაწყვეტილებას ხალხი ვერ ჩათვლის მადლობად ლაშქრობებისათვის, რომელთაც თავს არიდებდა, ვერც ამბოხებებისათვის რომლებითაც სამშობლოს ღალატობდა და ვერც იმ გაუთავებელი ცილისწამებისათვის, სენატს რომ თავს ატეხდა. ეგონება, თქვენ მას უთმობთ შიშის გამო, რომ მისი გულის მოგება გსურთ და იმედი გაქვთ მასთან შეთანხმებისა. იცოდეთ, საზღვარი აღარ ექნება მის თავგასულობას, არ შეწყდება შფოთი და ამბოხება! ეს ხომ სრული სიგიჟეა! თუ ჭკუას დავუხედავთ, საჭიროა, წავართვათ მას ტრიბუნატი, რომელიც კონსულობას აუქმებს და სახელმწიფოში განხეთქილება შეაქვს. სახელმწიფო აღარაა უწინდებურად ერთიანი; მისი განყოფა არასოდეს არ გვაცხოვრებს ერთად და თანხმობით, არ მოარჩენს ჩვენს სენს და ყოველთვის წაგვაქეზებს ერთმანეთთან შფოთის ასატეხად!“
17. ბევრ რამეს ამბობდა მარციუსი ამის მსგავსს. ახალგაზრდები და თითქმის ყველა მდიდარი აღფრთოვანებით უჭერდნენ მხარს მას და ყვიროდნენ: სახელმწიფოს მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთი კაცი ჰყავს, რომელსაც მლიქვნელობა ვერ სძლევსო. მარციუსსა და მის მომხრეებს წინააღმდეგობას უწევდა ზოგიერთი უხუცესი სენატორი, რომლებიც გრძნობდნენ, ყველაფერ ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. და არც მოჰყოლია სიკეთე. სენატის სხდომაზე მყოფი სახალხო ტრიბუნები, რომლებიც ხედავდნენ, მარციუსის აზრი იმარჯვებდა, გარეთ ბრბოსთან გამოცვივდნენ და ყვირილით მოუწოდეს ხალხს: შემოგვიერთდით და დაგვეხმარეთო! სახალხო კრებაში ერთი ხმაური ატყდა, ხოლო როცა მარციუსის ნათქვამი იუწყეს, განრისხებული ხალხი კინაღამ სენატში შეიჭრა. სახალხო ტრიბუნები მთელ ბრალს მარციუსს სდებდნენ და კაცებიც მიუგზავნეს: გამოვიდეს და ჩვენ წინაშე აგოს პასუხიო! მარციუსმა მიგზავნილი მსახურები თავხედურად გარეთ გამოყარა. მაშინ სახალხო ტრიბუნები ედილების თანხლებით თვითონ შევიდნენ სენატში მარციუსის შესაპყრობად და ძალით გარეთ გამოსაყვანად. პატრიციუსებმა სახალხო ტრიბუნები უკან გამოაძევეს და ედილებს ცემით გაუმასპინძლდნენ. ამასობაში დაღამდა და შფოთიც შეწყდა.
გათენებისთანავე, როცა კონსულებმა დაინახეს, აღგზნებული და გამწყრალი ხალხი როგორ იყრიდა თავს ფორუმზე ყოველი მხრიდან, სახელმწიფოს ბედით დაშინებულებმა სენატი შეკრიბეს. კონსულებმა სენატს სთხოვეს, განეხილათ საკითხი იმის თაობაზე, თუ რით დაემშვიდებინათ და შეეკავებინათ განრისხებული ბრბო შექმნილი ვითარების შესაფერისი მიმართვებით და ხალხისთვის ხელსაყრელი დადგენილებებით: ახლა სრულიადაც არაა პატივმოყვარეობის გამოჩენისა და სახელოვნების გამო დავის დრო; თუ ჭკუას მოვუხმობთ, მეტად საშიში და. მძაფრი ჟამია დამდგარი, რაც კეთილგონივრულ და კაცთმოყვარულ ღონისძიებას მოითხოვს ხელისუფლების მხრივო. სენატორთა უმრავლესობა კონსულებს დაეთანხმა. მაშინ ისინი ხალხს წარუდგნენ და, როგორც კი შეეძლოთ, დასამშვიდებელი საუბარი გაუმართეს; დინჯად უარყვეს ცილისმწამებლური გამოხდომები და ზომიერი შეგონებებისა და საყვედურის მოშველიებით ხალხს უთხრეს: არავითარი თქვენგან განსხვავებული აზრი სურსათის შესასყიდ ფასებზე ჩვენ არ გვექნებაო.
18. ხალხი ძირითადად დაჰყვა შეგონებებს. კონსულთა სიტყვების მიმართ გამოჩენილი დინჯი და დახედული ყურადღებით ცხადი გახდა, იგი მზად იყო მორჩილებისა და თვინიერებისათვის. მაგრამ წამოდგნენ ტრიბუნები და განაცხადეს: „სენატის გონივრულ ნაბიჯს ხალხი დათმობებით უპასუხებს დაპირებათა შესრულების კვალობაზე; მაგრამ მარციუსი უნდა გამოვიდეს და პასუხი აგოს! განა სახელმწიფოში შფოთის გამოსაწვევად და ხალხის უფლების დასამხობად არ აქეზებდა სენატს და განა ამიტომ არ უარყო ჩვენი, ტრიბუნების, გამოხმობა ხალხის წინაშე წარსადგომად? დაბოლოს, განა საშინაო ომის ასატეხად და მოქალაქეთა იარაღისკენ მისახმობად არ გალახა და გალანძღა მან ედილები?“ ამას ტრიბუნები ამბობდნენ ან იმიტომ, რომ დაეკნინებინათ მარციუსი, თუ იგი ხალხის წინაშე მლიქვნელობას დაიწყებდა თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ, ანდა იმიტომ, რომ მისთვის თავს დაეტეხათ ხალხის რისხვა, თუ თანდაყოლილ ჯიუტობას არ მოიშლიდა. ტრიბუნებს, რაკილა მარციუსის ხასიათს კარგად იცნობდნენ, უფრო მეტად სწორედ ამის იმედი ჰქონდათ. ასეც მოხდა. მარციუსი თავის დასაცავად გამოვიდა. ხალხი დაწყნარდა და სმენად გადაიქცა. იგი მარციუსისაგან თხოვნის შემცველ სიტყვას მოელოდა, მაგრამ დაიწყო თუ არა მან ლაპარაკი, მაშინვე არა მარტო ზიზღის მომგვრელი და ხალხის გასამტყუნებელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, არამედ ისეთი ტონით ლაპარაკობდა და ისეთი სახე ჰქონდა მიღებული, რომ აშკარად ამჟღავნებდა ზვიადობასა და უდიერობაზე დამყარებულ უშიშროებას. ხალხი აღშფოთდა და განრისხებულმა ცხადად გამოხატა თავისი უკმაყოფილება. ყველაზე გამბედავმა სახალხო ტრიბუნმა სიცინიუსმა, თანამოსაგრეებთან ხანმოკლე მოთათბირების შემდეგ ფორუმის შუაგულიდან ხმამაღლა გამოაცხადა, რომ ტრიბუნებმა მარციუსს სიკვდილი მიუსაჯეს და ედილებს უბრძანა, დაუყოვნებლივ აეყვანათ იგი კლდის ქიმზე და იქიდან ხრამში გადაეჩეხათ. ედილებმა უკვე ხელი სტაცეს მარციუსს, მაგრამ ხალხში ბევრმა გადაჭარბებულ სისასტიკედ და აუტანელ საქციელად მიიჩნია ეს, ხოლო შეშფოთებული და შეწუხებული პატრიციუსები ყვირილით გაეშურნენ მისაშველებლად. ზოგიერთები ცდილობდნენ, ხელის კვრით მოეგერიებინათ შემპყრობნი და მარციუსს ახლოს ეკვროდნენ. ზოგიერთები კი ხელებაპყრობილი ევედრებოდნენ ხალხს, მაგრამ ასეთ არეულ–დარეულობასა და ხმაურში ვერავითარმა სიტყვამ და მოწოდებამ ვერ გაჭრა, სანამ ტრიბუნების მეგობრები და ნათესავები არ დარწმუნდნენ, რომ პატრიციუსთა უმრავლესობის შემუსვრის გარეშე მარციუსს დასასჯელად ვერ წაიყვანდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათ დაითანხმეს ტრიბუნები, ხელი აეღოთ ასეთ მძვინვარე შურისძიებაზე და, ძალდატანებით და განუსჯელად კი არ მოეკლათ მარციუსი, არამედ ხალხისთვის მიენდოთ განაჩენის გამოტანა. მაშინ სინიციუსმა პატრიციუსებს ჰკითხა: „რატომ გინდათ გამოსტაცოთ მარციუსი მისი დასჯის მსურველ ხალხს?!“ პატრიციუსებმა მას კითხვა შეუბრუნეს: „თქვენ კი რა განზრახვით მიგყავთ რომაელებში ერთ-ერთი საუკეთესო ვაჟკაცი ველური და უკანონო შურისძიების აღსასრულებლად გასამართლების გარეშე?!“ სინიციუსმა უპასუხა: „თქვენ რომ ეს ხალხთან განხეთქილებისა და უთანხმოების საბაბად არ გამოიყენოთ, შეგისრულებთ, რასაც თხოულობთ: გავასამართლებთ ამ კაცს! შენ კი, მარციუსო, წინადადებას გაძლევთ, ბაზრობის მესამე დღეს გამოცხადდე და დაარწმუნო ხალხი, რომ არაფერი დაგიშავებია და განაჩენსაც ის გამოგიტანს!“
19. ასეთი გადაწყვეტილებით კმაყოფილი პატრიციუსები და მარციუსიც გახარებული წავიდნენ ფორუმიდან. ბაზრობის მესამე დღის დადგომამდე (ბაზრობას რომაელები მართავენ ყოველ მეცხრე დღეს, რომელთაც „ნუნდინებს“ ეძახიან) დაიწყო ლაშქრობა ანტიუმელთა წინააღმდეგ, რამაც პატრიციუსებს იმედი მისცა, რომ გასამართლება ხანგრძლივად გადაიდებოდა, ამასობაში ხალხი მოლმობიერდებოდა და მისი რისხვაც მინელდებოდა, ანდა სულაც დავიწყებას მიეცემოდა დროის უქონლობისა და საომარი ვითარების გამო. მაგრამ ანტიუმელებთან ზავი მალე დაიდო და ჯარი უკან დაბრუნდა. შეშინებულმა პატრიციუსებმა ხშირად თავმოყრა და მსჯელობა დაიწყეს, როგორ არ გადაეცათ სამსჯავროსათვის მარციუსი და დემაგოგებისათვის საბაბი არ მიცეა კვლავ შფოთის ასატეხად. დემოკრატიის ყველაზე დიდი მოძულე აბიუს კლავდიუსი თავგამოდებით ამტკიცებდა: სენატი თავის თავს დაიღუპავს და სახელმწიფოს ბედის ანაბარად დატოვებს, თუ ხალხს პატრიციუსთა გასამართლების ნებას დართავსო. უხუცესი და დემოკრატიულად განწყობილი სენატორები კი, პირიქით, თვლიდნენ, რომ ასეთი უფლების მიცემით ხალხი სიმკაცრესა და მძვინვარებას კი არ გამოიჩენს, არამედ ლმობიერი და კაცთმოყვარე გახდებაო. მას სენატი კი არ სძულს, არამედ ფიქრობს, თვითონაა მისგან მოძულებული, ამიტომ განსჯის უფლების მიღებას დიდ პატივად და ნუგეშად მიიჩნევს და, ხმის მისაცემ კენჭს რომ ხელს მოჰკიდებს, წყრომასა და რისხვას თავს დაანებებსო.
20. მარციუსი ხედავდა, რომ სენატი მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა, რადგან მის მიმართ კეთილად განწყობილს ხალხის შიშიც ჰქონდა. მარციუსმა სახალხო ტრიბუნებს ჰკითხა: ბოლოს და ბოლოს რაში მდებთ ბრალს და რის გამო მაყენებთ ხალხის სამსჯავროს წინაშეო? მას უპასუხეს: ტირანიაში გდებთ ბრალს და დაგიმტკიცებთ კიდეც, რომ ტირანად გახდომას ლამობდიო! მაშინ მარციუსი ფეხზე წამოდგა და განაცხადა: თუ ასეა, მე თვითონვე მივდივარ დაუყოვნებლივ ხალხთან თავის დასაცავად; რანაირადაც უნდათ, გამასამართლონ, და, თუ გამამტყუნებენ, მზად ვარ სასჯელისათვისო! „ოღონდ, იცოდეთ, – დასძინა მან, – რაშიც ახლა მადანაშაულებთ, ის წამიყენეთ ბრალდებად და სენატი არ მოატყუოთ!“ ასე შეთანხმდნენ და ამ პირობით დაიწყო მარციუსის გასამართლება.
როცა ხალხმა თავი მოიყარა, სახალხო ტრიბუნებმა, უწინარეს ყოვლისა, დაჟინებით მოითხოვეს, კენჭისყრა ჩატარებულიყო არა ცენტურიების, არამედ ტრიბუსების მიხედვით.16 კენჭისყრის ასეთი ხერხით ისინი შეძლებულ, კეთილშობილ და სამხედრო სამსახურში მყოფ მოქალაქეთა წინ აყენებდნენ ღარიბსა და მფოთისმოყვარე ბრბოს, რომელიც კეთილსა და სამართლიან საქმეს გულგრილად ეკიდებოდა. მერმე სახალხო ტრიბუნებმა უკუაგდეს დაუმტკიცებელი ბრალდება ტირანიისაკენ მისწრაფებაში და კვლავ გაიხსენეს ის სიტყვა, რომელიც მარციუსმა სენატში წარმოთქვა სურსათზე ფასების დაკლების საწინააღმდეგოდ და ხალხისთვის სახალხო ტრიბუნების არჩევის აღსაკვეთად. გარდა ამისა, წამოუყენეს ახალი ბრალდება იმ ნადავლის განაწილებასთან დაკავშირებით, რომელიც ანტიუმელთა მხარეში მოიპოვა: ეს ნადავლი ხაზინაში კი არ შეიტანა, არამედ თვითონ გაინაწილა თანამოლაშქრეებთან ერთადო. ამბობენ, ამ ბრალდებამ ყველაზე მეტად შეაშფოთა მარციუსი. იგი ამას არ მოელოდა და ვერც შეძლო, მაშინვე აეხსნა ხალხისათვის დამარწმუნებელი სიტყვით საქმის ვითარება. ამის ნაცვლად იგი მოჰყვა ლაშქრობის მონაწილეთა ქება-დიდებას. ამის საპასუხოდ ხმაური ატეხეს იმ მოქალაქეებმა, რომელთაც ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ასეთები კი უფრო მრავლად იყვნენ. ბოლოს, ტრიბუსებმა კენჭისყრა გამართეს და მარციუსს სამი ხმის უმრავლესობით გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და სასჯელად სამუდამოდ გაძევება დაუნიშნეს.
განაჩენის გამოტანის შემდეგ ხალხი ისე თავაწეული და გახარებული დაიშალა, რომ ასეთი სიხარული მას არასოდეს არ დასდგომია ომში მტრებზე გამარჯვებულსაც კი. რაც შეეხება სენატს, იგი მწუხარებამ და სასოწარკვეთილებამ შეიპყრო და თვლიდა, რომ მას უწინ არაფერი გაუკეთებია ისე სანანებელი და ისე მძიმედ გადასატანი, როგორსაც განიცდის ახლა, რაკი ხალხს ესოდენ დიდი თავხედობის ჩადენის უფლება მისცა. იმ დღეს, მართლაც, არ იყო საჭირო შესამოსელით ან სხვა რაიმე ნიშნით გამოგეცნოთ მდაბიო და პატრიციუსი; ისედაც ცხადად ჩანდა: ერთი ხარობდა, მეორე დამწუხრებული გახლდათ.
21. მხოლოდ და მხოლოდ თვითონ მარციუსი არ შემდრკალა და არც დაცემულა სულით. მხოლოდ იგი გამოირჩეოდა ყველა დამწუხრებულისაგან იმით, რომ თითქოს არ განიცდიდა თავს დატეხილს და თავისი წარმოსადეგობით, ნაბიჯითა და სახით სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მაგრამ ეს სრულიადაც არ იყო მისი საღი განსჯისა და დინჯი ხასიათის, ანდა იმის გამოვლინება, რომ ზომიერებით გადაჰქონდა ის, რაც შეემთხვა. პირიქით, მეტად აღგზნებული იყო მრისხანებისა და ჯავრისაგან. ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა ვერ ამჩნევს კაცის ნამდვილ შინაგან ტანჯვას. როცა სევდა ტანჯვას ცეცხლი მოედება და რისხვად იქცევა, სასოწარკვეთილებასა და სულმოკლეობას ბოლო ეღება. რისხვამოკიდებული კაცი თითქოს სამოქმედოდ ძალამოკრებილი ხდება ისე, ვით ციებ-ცხელების ჟამს მხურვალების შედეგად სულაღგზნებული და უსაზღვროდ დაძაბული.
სწორედ ასეთ ვითარებაში იყო მაშინ მარციუსი და ეს სწრაფადვე გამოამჟღავნა თავისი მოქმედებით. იგი შინ დაბრუნდა, მოეხვია ხმამაღალი მოთქმით მტირალ დედასა და ცოლს, ურჩია მათ, მოთმინებით გადაეტანათ თავსდამტყდარი და დაუყოვნებლივ ქალაქის ჭიშკრისაკენ გაემართა. აქ იგი გამოეთხოვა მრავალ გამცილებელ პატრიციუსს ისე, რომ არაფერი აუღია მათგან, არც არაფერი უთხოვია და სამი თუ ოთხი მსახურის თანხლებით იქაურობას გაეცალა.17 რამდენიმე დღე მან, მარტო დარჩენილმა, სამომავლო ზრახვათა იმ ფიქრებში გაატარა, რომელთაც რისხვა უკარნახებდა და სიკეთისა და სახეირო საქმისაკენ კი არ მოუწოდებდა, არამედ რომაელებზე შურისძიებისაკენ უხმობდა. ბოლოს გადაწყვიტა, მათ წინააღმდეგ საომრად აემხედრებინა რომელიმე მეზობელი ტომი. არჩევანი შეაჩერა ვოლსკებზე. მან იცოდა, ისინი ჯერ კიდევ აღზევებულნი იყვნენ ძალითაც და სიმდიდრითაც და, ფიქრობდა, ახლახან განცდილ მარცხს იმდენად ღონე არ გამოუცლია მათთვის, რამდენადაც მეტოქეობისა და რისხვის გრძნობით აღავსოო.
22. ქალაქ ანტიუმში იყო ერთი კაცი, რომელსაც სიმდიდრის, მამაცობისა და გამოჩენილი წარმომავლობის გამო მთელ ვოლსკებში მეფის პატივი ჰქონდა მოპოვებული. მისი სახელი ტულუს ამფიდიუსი გახლდათ. მარციუსმა იცოდა, ამ კაცს მასავით არავინ ეზიზღებოდა რომაელებში. ისინი ხშირად ემუქრებოდნენ და ბრძოლაში იწვევდნენ ერთმანეთს, ხშირადვე მეტოქეობდნენ ტრაბახობაში ისე, როგორც ეს სჩვევიათ პატივმოყვარეობითა და ჯიბრით წაქეზებულ ახალგაზრდა მეომრებს. ასე რომ, რომაელთა და ვოლსკთა საერთო უთანხმოებას მათი პირადი მტრობაც ემატებოდა. მარციუსი რაკი ხედავდა ტულუსის უდრეკ სულისკვეთებას და ვოლსკებში ყველაზე მეტად მის მისწრაფებას, რომაელებისათვის სამაგიერო გადაეხადა, გაითვალისწინა სიმართლე იმისა, ვინც თქვა:
რისხვას ებრძოლო, იმას ნიშნავს, სიცოცხლე დათმო!18
მარციუსი მაშინ ისეთი შესამოსელითა და საჭურველით მოიკაზმა, რომელშიც მისი გამოცნობა ძნელზე ძნელი იქნებოდა და ოდისევსივით შეაღწია მტერთა ქალაქში.19
23. საღამო იყო. მარციუსს ბევრნი შეხვდნენ გზად, მაგრამ ვერავინ იცნო. იგი პირდაპირ ტულუსის სახლისაკენ მიემართებოდა და, როგორც კი შევიდა შიგ, მაშინვე კერასთან ჩაჯდა უსიტყვოდ, თავი შეიბურა და ხმას არ იღებდა. სახლეულები გაოცებით შესცქეროდნენ; ვერც ერთმა ვერ გაბედა მოსულის წამოყენება: მისი შესახედაობა და მდუმარება რაღაც მოწიწებას იწვევდა. უცნაური ამბავი ვახშმად მჯდომ ტულუსს აუწყეს. იგი ფეხზე წამოდგა, სტუმართან მივიდა და ჰკითხა: ვინა ხარ და რისთვის მოსულხარო? მაშინ მარციუსმა სახე გამოაჩინა, მცირე ხანს შეყოვნდა და უპასუხა: „თუ ჯერ კიდევ ვერ შემიცან, ტულუსო, და თვალს არ უჯერებ, მომიწევს თვითონვე წარმოვდგე საკუთარი თავის მბრალმდებლად: გაიუსი ვარ, მარციუსი, ვინც შენცა და, საერთოდ, ვოლსკებს ბევრზე-ბევრი სიავე შეგამთხვიეთ და ამის უარყოფას ვერ შეძლებს მეტსახელი – კორიოლანუსი, რომელსაც მე ვატარებ. მრავალი გარჯისა და საფრთხის ჯილდოდ მე სხვა არაფერი შემიძენია, გარდა თქვენდამი ჩემი მტრობის აღმნიშვნელი ეს სახელი. მხოლოდ ესღა შემრჩა წაურთმეველი, სხვა კი ყველაფერი ერთად დავკარგე ბრბოს შურისა და თავხედობის, ხელისუფალთა და თანამოსაგრეთა სულმდაბლობისა და ღალატის წყალობით. და ახლა, გაძევებული, შენს კერასთან დავვარდნილვარ მავედრებელად, არა უშიშროებისა და თავის ხსნისათვის, – სიკვდილის შიში განა აქ მომიყვანდა? – არამედ იმისათვის, რომ სამაგიერო გადავუხადო ჩემს გამძევებელთ, რომელთაც უკვე ვუგებ სანაცვლოს ჩემს უფლად შენი გახდომით. თუ გაქვს სიმხნევე, მტერს თავს დაესხა, აჰა, გამოიყენე, დიდებულო, ჩემს თავს დატეხილი უბედურება; ჩემი უიღბლობა ვოლსკთა საერთო ბედნიერებას მოიტანს, ვინაიდან იმდენად უკეთ ვიბრძოლებ თქვენთვის, ვიდრე თქვენს წინააღმდეგ, რამდენადაც მოწინააღმდეგეზე ცნობების უქონელთა უკეთესად ეწევიან ომს ისინი, რომელთაც მტრის ავან–ჩავანი კარგად უწყიან. მაგრამ თუ შენ უარი თქვი რომაელებთან ომზე, მეც აღარ მსურს სიცოცხლე და შენც რაღას გარგია, დაზოგო შენი ძველი მტერი და მეტოქე – სრულიად უსარგებლო და უხეირო!
ტულუსმა რომ ეს სიტყვები მოისმინა, მეტად ესიამოვნა, ლტოლვილს მარჯვენა ხელი გაუწოდა და უთხრა: „ადექ, ჩემო მარციუსო, და მხნეობა მოიკრიბე! ჩვენთვის დიდი სიკეთეა შენი აქ მობრძანება და ჩვენს მხარეზე გადმოსვლა. იმედი გქონდეს, ვოლსკები მეტი სიკეთით გადაგიხდიან სამაგიეროს!“ იგი მარციუსს მაშინ კეთილგანწყობით გაუმასპინძლდა, მომდევნო დღეებში კი ერთად მსჯელობდნენ ომის თაობაზე.
24. ამ დროს რომში გამწვავებული ვითარება გახლდათ პატრიციუსების ხალხისადმი მიმართული მტრობის გამო, რომლის მთავარი მიზეზი მარციუსის დასჯა იყო. გარდა ამისა, მისნები, ქურუმები და კერძო პირებიც იუწყებოდნენ საგანგებო დაფიქრების ღირსი სასწაულებრივი ნიშნების შესახებ. ამათგან, როგორც გადმოგვცემენ, იყო შემდეგიც: გახლდათ ვინმე ტიტუს ლატინუსი, კაცი არცთუ მაინცდამაინც გამოჩენილი, მაგრამ თავშეკავებული, კეთილგონიერი და ცრუმორწმუნეობისა და ტრაბახობისაგან თავისუფალი. აი, ამ კაცმა სიზმრად იხილა თურმე იუპიტერი, რომელმაც უბრძანა, სენატისათვის ეუწყებინა, რომ მისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობის სათავეში დაყენებულ იქნა ვიღაც უგვანო და საძაგელი ხტუნია – მოცეკვავე. თავდაპირველად ლატინუსი, როგორც თვითონ უთქვამს, სიზმრად ნახულით სრულიად არ შეწუხებულა, მაგრამ როცა იგივე სიზმარი მეორეჯერ და მესამეჯერაც იხილა და კვლავ უყურადღებოდ დატოვა, ჯერ საუკეთესო ვაჟიშვილი მოუკვდა, მერმე კი მოულოდნელად დამბლა დაეცა. ეს ყველაფერი მან აუწყა სენატს, სადაც საკაცით მიიტანეს. როგორც კი მოათავა ამბის მოყოლა, ამბობენ, მაშინვე იგრძნო სხეულში თურმე ძალ-ღონის დაბრუნება, წამოდგა და საკუთარი ფეხით წავიდა შინ.
გაოცებულმა სენატორებმა გულდასმით გამოიძიეს ეს საქმე და აი, რა გამოირკვა: ვიღაც ბატონმა ერთი თავისი მონა სხვა მონებს გადასცა და უბრძანა, იგი შოლტების ცემით ფორუმზე გაეტარებინათ და შემდეგ მოეკლათ. სანამ ესენი ბრძანებას ასრულებდნენ და დაუზოგავად შოლტავდნენ ბატონისაგან შერისხულს, რომელიც წამებისაგან ათასნაირად იკლაკნებოდა და ტკივილების გამო სახილველად აუტახელ მოძრაობებს აკეთებდა, შემთხვევით კვალდაკვალ მიმავალი წმიდა საზეიმო მსვლელობა გამოჩნდა. მსვლელობის მრავალი მონაწილე აღმფოთებული იყო იმით, რაც მათ წინ ხდებოდა; განსაკუთრებული წყრომა გამოიწვია საჯარო ხილვისათვის სრულიად შეუფერებელმა და აუტანელმა დასჯილის სხეულის მოძრაობებმა. მაგრამ უგვანო მოქმედების აღსაკვეთად არავიან არ გამოსულა; მხოლოდ ეს იყო, რომ მონაწილენი ლანძღავდნენ და წყევლა-კრულვით ავსებდნენ მონის ასე შეუბრალებლად დამსჯელ ბატონს. რომაელები იმ ხანებში მონებს, საერთოდ, ლმობიერად ექცეოდნენ, თვითონაც მრომობდნენ და ქვეშევრდომთა ცხოვრების ნირის გაზიარებით მათ მიმართ, როგორც წესი, გაცილებით მეტ თვინიერებას იჩენდნენ. დანაშაულის ჩამდენი მონის დიდი სასჯელი ის იყო, თუ კისერზე ხელნის შესაყენებელ ურმის წისადგარს ჩამოაცვამდნენ, რათა ამ სახით მოევლო მეზობლები. ვინც ასე დაისჯებოდა შინაურებისა და მეზობლების დასანახავად, იგი ყოველგვარ ნდობას კარგავდა და მას „ფურკიფერს“ ეძახდნენ: იმას, რასაც ელინები „ჰიპოსტატეს“-ს და „სტერიგმა“-ს ანუ შესადგმელ– შესაყენებელს უწოდებენ, რომაელები „ფურკა“ სიტყვით აღნიშნავენ.
25. ერთი სიტყვით, როცა ლატინუსმა სენატორებს სიზმრად ნანახი უამბო და ისინი საგონებელში ჩავარდნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საზეიმო მსვლელობის სათავეში მოქცეული ის საძაგელი და უგვანო ხტუნია-მოცეკვავე, ზოგიერთმა გაიხსენა დაუშვებელი სასჯელით დასჯილი მონა, რომელიც შოლტების ცემით ფორუმზე გაატარეს. ქურუმები დაეთანხმნენ სენატორებს და ულმობელ ბატონს სამაგიერო აზღვევინეს ხოლო ღმერთისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა და სანახაობა თავიდან გაიმეორეს.
მე მგონი, ღვთაებრივ საქმიანობაში უბრძენესმა მოძღვარმა მეფე ნუმამ რომაელებს სიფრთხილის უმშვენიერესი კანონი დაუწესა: როცა ხელისუფალნი ანდა ქურუმები რომელიმე ღვთაებრივ წესს ასრულებენ, მათ წინ მიუძღვის მაცნე, რომელიც ხმამაღლა წამოიძახებს ხოლმე მოწოდებას – „ჰოკ აგე!“ ეს მოწოდება ნიშნავს: „აგრე ჰქმენ!“ იგი ბრძანებს, მთელი გულისყური დაეთმოს წმიდა წესთა აღსრულებას და არავითარი სხვა საქმე და ხელის შემშლელი რაიმე ქმედება შიგ არ ჩაერთოს, რამეთუ თითქმის ყოველი ჩვეულებრივი ადამიანური საქმე რაღაც აუცილებელი ხერხითა და ძალდატანებითაც კეთდება. მსხვერპლშეწირვის, საზეიმო წმიდა მსვლელობისა და წმიდა სანახაობის გამეორება არა მარტო ზემოაღწერილის მსგავსი დიდი მიზეზით ხდება, არამედ იგი წესად აქვთ რომაელებს მცირე საბაბის დროსაც კი. მაგალითად, როცა „ტენზას“20 გამწევმა ერთ-ერთმა ცხენმა სუსტად გასწია ღვედები, ანდა, როცა ერთხელ ერთმა მეურმემ აღვირი მარცხენა ხელში დაიჭირა, რომაელებმა დაადგინეს, საზეიმო მსვლელობა ხელახლა მოეწყოთ. უფრო მოგვიანო ხანებში მათ მოუწიათ, ერთ-ერთი მსხვეპლშეწირვა ოცდაათჯერ შეესრულებინათ, ვინაიდან, ხან რაღაცის მხედველობიდან გამორჩენას, ხანაც სხვა ხელის შემშლელ გარემოებას იმიზეზებდნენ. აი, ასეთია რომაელთა მოწიწება ღვთაებრივი საქმიანობის წინაშე.
26. მარციუსი და ტულუსი ანტიუმში ფარულად ეთათბირებოდნენ ვოლსკთა შორის ყველაზე გავლენიან პირებს და მოუწოდებდნენ მათ, დაეწყოთ ომი რომაელებთან, სანამ ისინი ერთმანეთთან დავითა და მეტოქეობით იყვნენ გართულნი. გავლენიანი პირები ამ წინადადებას თავშეკავებით შეხვდნენ: რომაელებთან ჩვენ ორწლიანი საზავო ხელშეკრულება გვაქვს დადებულიო. მაგრამ ომისთვის თვითონ რომაელებმა შექმნეს საბაბი. წმიდა სანახაობის შეჯიბრების დღეს, რაღაც ეჭვისა თუ დაბეზღების საფუძველზე, მათთან მყოფ ვოლსკებს გამოუცხადეს, მზის ჩასვლამდე დაეტოვებინათ ქალაქი. ზოგიერთები ამბობენ, ეს ამბავი მარციუსის მიერ მოგონილი ხრიკის წყალობით მოხდაო. მან რომის ხელისუფალთ თავისი კაცი მიუგზავნა თურმე ვოლსკების წინააღმდეგ მიმართულ ცრუ ბრალდების საუწყებლად: წმიდა სანახაობის ჟამს ვოლსკებს განზრახული აქვთ რომაელებზე თავდასხმა და ქალაქის გადაბუგვაო.
გადაწყვეტილებამ ვოლსკთა განდევნის თაობაზე რომაელთა მიმართ საერთო აღშფოთება გამოიწვია. ტულუსი კიდევ უფრო მეტად აზვიადებდა საქმეს და მოწოდებით აღიზიანებდა თავისიანებს. ბოლოს მან დაითანხმა ისინი, გაეგზავნათ რომში ელჩები და მოეთხოვათ იმ მიწებისა და ქალაქების უკან დაბრუნება, რომლებიც ვოლსკებმა ამასწინანდელ ომში დაკარგეს. რომაელებმა წყრომით მოუსმინეს ელჩებს და ასეთი პასუხით გაისტუმრეს: ვოლსკები პირველები აიღებენ ხელში იარაღს, მაგრამ ბოლოს ხმალს ქარქაშში რომაელები ჩააგებენო. ამის შემდეგ ტულუსმა საერთო სახალხო თავყრილობა მოიწვია და როცა ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს, ხალხს ურჩია: მოვიხმოთ მარციუსი, ნუ გავიხსენებთ მისგან მოყენებულ ძველ წყენას, ვენდოთ მას, რადგან ჩვენი მოკავშირეობით იმაზე მეტ სარგებლობას მოგვიტანს, რაც ჩვენთან ომით დაგვაზიანაო!
27. როცა მოხმობილმა მარციუსმა ხალხის წინაშე სიტყვა წარმოთქვა და აღმოჩნდა, რომ იგი იყო კაცი, ვისაც სიტყვა ხმალზე ნაკლებ არ უჭრიდა და მეომრის გამბედაობითაც და ჭკუა-გონებითაც საგანგებოდ გამოირჩეოდა, ტულუსთან ერთად შეუზღუდავი ძალაუფლებით ომის წინამძღოლად აირჩიეს. იმის შიშით, რომ დრო, რაც ვოლსკებს ომის მოსამზადებლად სჭირდებოდათ, მეტისმეტად არ გახანგრძლივებულიყო და შექმნილი მარჯვე ვითარება ხელიდან არ გასცლოდა, მარციუსმა ქალაქის გავლენიან პირთ და ხელისუფალთ დაავალა, ყველა ძალისათვის თავი მოეყარათ და ყველაფერი მოემზადებინათ, ხოლო ყველაზე მამაცი ვოლსკები დაითანხმა, მხედრობის საყოველთაო შეკრებამდე, სრული ნდობით მას გაჰყოლოდნენ. ასეც მოხდა და მარციუსი ყველასათვის მოულოდნელად რომაელთა სამფლობელოებში შეიგრა. ამ მოულოდნელი იერიშის წყალობით მან იმდენი ნადავლი ჩაიგდო ხელთ, რომ ვოლსკებმა უარი თქვეს ამ ნადავლის თავმოყრასა ან წაღებაზე ანდა ბანაკში მის გამოყენებაზე. ამ ლაშქრობის შედეგად მოპოვებულ უხვ ნადავლსა და მტრის მიწა წყლის აოხრებას მარციუსი ფრიად უმნიშვნელო საქმედ თვლიდა. მას უფრო დიდი განზრახვა ამოქმედებდა, სახელდობრ – პატრიციუსების დაკნინება და შერცხვენა ხალხის თვალში.
იმ დროს, როცა თავისი იერიშით მარციუსი რომაელთა სანახებში ყველაფერს არბევდა და აოხრებდა, პატრიციუსების მამულებს განსაკუთრებული ხელშეუვალობით იცავდა და არავის ანებებდა ამ მამულებისათვის რაიმე ზიანის მიყენებას, ანდა იქედან რაიმეს წამოღებას. ამან კიდევ უფრო მეტი უთანხმოება და შფოთი გამოიწვია პატრიციუსებსა და ხალხს შმორის. პატრიციუსები ხალხს ბრალად სდებდნენ, რომ მან უსამართლოდ განდევნა გამოჩენილი და ძლიერი ვაჟკაცი; ხალხი კი, თავის მხრივ, პატრიციუსებს ადანაშაულებდა: თქვენ ძველი წყენა გაქვთ გულში და ამის გამო თავს დაგვესხა: მარციუსი; ხოლო ახლა, როცა სხვები ომობენ, მშვიდად სხედხართ მაყურებლად, რადგან თქვენი სიმდიდრისა და ქონების დამცველი, გარეთ, მტრის ბანაკში გყავთო!
როცა მარციუსმა თავისი საქმე გააკეთა და ვოლსკებს დიდი სიმხნევე და მტრების ზიზღი შთაუნერგა, რაც მათთვის მეტად სასარგებლო იყო, უკან გამობრუნდა.
28. როცა სწრაფად და ხალისით შეიკრიბა ვოლსკთა მხედრობა და მეტად მრავალრიცხოვანიც აღმოჩნდა, გადაწყვიტეს, ერთი ნაწილი საკუთარი ქალაქების დასაცავად დაეტოვებინათ, ხოლო მეორე ნაწილით რომაელების წინააღმდეგ დაძრულიყვნენ. ამ ორ ნაწილთაგან ერთ-ერთის არჩევა და მისი ხელმძღვანელის დანიშვნა მარციუსმა ტულუსს მიანდო. ტულუსმა განაცხადა: „ქველობით მარციუსი მე არ ჩამომივარდება; ყველა გადახდილ ბრძოლაში უკეთესი ბედი სწყალობდა; ამიტომ ვთხოვ მას, სალაშქროდ მიმავალ მხედრობას ჩაუდგეს სათავეში, მე კი აქ ქალაქთა დასაცავად დავრჩები და ლაშქრად წასულ ჯარს მარაგის მიწოდებით დავეხმარები!“
მარციუსი უფრო მეტად აღივსო ძალღონით და, უწინარეს ყოვლისა, რომაელთა მიერ დაფუძნებული ქალაქის – კირკეონის ასაღებად გაემართა, მაგრამ რაკიღა იგი ნებით ჩაჰბარდა, არავითარი ზიანი მისთვის. არ მიუყენებია. ამის შემდეგ მარციუსი ლატინების მიწა წყლის დარბევას შეუდგა იმ იმედით, რომ რომაელები მათი მოკავშირე ლატინებისათვის, რომლებიც ხშირად სთხოვდნენ მათ შემწეობას, ხელს გამოიღებდნენ და მასთან ბრძოლაში ჩაებმებოდ– ნენ. მაგრამ რომაელმა ხალხმა გულგრილობა გამოიჩინა და კონსულებმაც, რომელთაც თანამდებობრივი რწმუნების ვადა გაუდიო- დათ და საფრთხეში თავის ჩაგდება არ სურდათ, ლატინთა ელჩები უკან. გააბრუნეს. მაშინ მარციუსმა მხედრობა დაძრა ქალაქების – ტოლერეს, ლაბიკეს, პედისა და აგრეთვე ბოლეს წინააღმდეგ. რაკი ეს ქალაქები მედგრად დაუხვდნენ და არ დანებდნენ, მარციუსმა ისინი იერიშით აიღო, მათი მოსახლეობა დაატყვევა და ქონება დაიტაცა. იმათ მიმართ კი, ვინც ნებით ბარდებოდნენ, მარციუსი დიდ მზრუნველობას იჩენდა და, მისი სურვილის მიუხედავად, რომ რაიმე ზიანი არ მიეყენებინათ, თავის მხედრობას სამოსახლო ადგ– ილებიდან მოშორებით აბანაკებდა.
29. მარციუსმა მალე აიღო ბოლეც, რომელიც რომს ას სტადიონზე მეტად არ იყო მოცილებული. აქ მან დიდძალი ქონება იგდო ხელთ და თითქმის ყველა მოქალაქე, რომელსაც იარაღის ტარება შეეძლო, ამოჟლიტა. ქალაქებში განლაგებული ვოლსკები ადგილზე ვეღარ ჩერდებოდნენ და იარაღით ხელში მარციუსთან შესაერთებლად მიეშურებოდნენ შეძახილით: ერთადერთი სარდალი და გამგებელი, რომელსაც ვცნობთ, მხოლოდ და მხოლოდ მარციუსი არისო! და მართლაც, მარციუსის სახელი შორს გავარდა მთელ იტალიაში: საყოველთაო გაოცებას იწვევდა ამ ერთი კაცის სიმამაცე, რომელმაც ვოლსკების მხარეზე თავისი გადასვლით მეტად დიდი და მოულოდნელი გარდატეხა მოახდინა.
რომაელებს წესრიგში უკვე აღარაფერი არ ჰქონდათ. შებრძოლებაზე აღარავინ ფიქრობდა. მთელ დღეებს ერთმანეთთან დავასა და ერთმანეთის წინააღმდეგ ამბოხების მოწოდებაში ატარებდნენ, სანამ არ მოუვიდათ ამბავი: მტერმა ალყა შემოარტყა ლავინიასაო. ამ ქალაქში კი რომაელებს მამაპაპეულ ღმერთთა ტაძრები ჰქონდათ და მათი ტომიც აქედან იღებდა სათავეს, რადგან სწორედ ეს იყო ის პირველი ქალაქი, რომელიც ენეასმა დააფუძნა.
აი, ამ დროს, საოცარი და საყოველთაო ცვლილება მოხდა ხალხის გონებაში და კიდევ უფრო არაჩვეულებრივი და სრულიად მოულოდნელი – პატრიციუსთა ზრახვებში. ხალხმა მოინდომა მარციუსისათვის გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მისი მოწვევა ქალაქში, ხოლო სენატმა, რომელიც საგანგებოდ შეიკრიბა და ეს საკითხი განიხილა, ხალხის წინადადება უარყო და წინააღმდეგობა გაუწია მას. ამის მიზეზი კი ან ის იყო, რომ პატივმოყვარე სენატს გადაწყვეტილი ჰქონდა, წინ აღდგომოდა ხალხის ყოველ მისწრაფებას, ან არ სურდა, მარციუსი ხალხის წყალობით დაბრუნებულიყო, ანდა გამწყრალი იყო თვითონ მარციუსზე, რადგან იგი ყველას ვნებას აყენებდა, თუმცა ყველასაგან როდი იყო შერისხული, და მტრად გადაეკიდა სამშობლოს, რომლის ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ნაწილი თანაგრძნობით ეკიდებოდა და მასთან ერთად იყო შეურაცხყოფილი, რაც კარგად იცოდა.
როცა სენატის გადაწყვეტილება საყოველთაოდ გამოცხადდა, ხალხს უფლება აღარ ჰქონდა კენჭისყრით დაეკანონებინა თავისი წინადადება: სენატის წინასწარი დადგენილების გარეშე ეს შეუძლებელი იყო.
30. როცა მარციუსმა ეს შეიტყო, კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდა. მან ლავინიას ალყა მოხსნა, განრისხებული დაიძრა რომზე და ქალაქს ორმოცი სტადიონით დაშორებულ, ეგრეთ წოდებულ კლელიას თხრილებთან დაბანაკდა. მისმა გამოჩენამ შიში და დაბნეულობა გამოიწვია რომაელებში და ამის გამო ერთმანეთში ატეხილი შფოთი შეწყვიტეს. ვეღარავინ ბედავდა – ვერც თანამდებობის პირი, ვერც სენატორი,
– წინ აღდგომოდა ხალხის მოთხოვნას, მარციუსი დაებრუნებინათ. როცა ხედავდნენ, რომ ქალები აღმა-დაღმა დარბოდნენ ქალაქში, ხოლო მოხუცებულები ცრემლმორეულნი ხვეწნა–ვედრებად გადაქცეულიყვნენ ტაძრებში და უაღრესად საჭირო იყო გაბედული და მხსნელი გადაწყვეტილების მიღება, ყველა მიხვდა, რამდენად მართებულად ისწრაფოდა ხალხი, მარციუსი დაებრუნებინათ და როგორი დიდი შეცდომა დაუშვა სენატმა რისხვის შეწყვეტისა და წყენის დავიწყების უაღრესი საჭიროების ჟამს.
ასეთი ვითარების დროს ერთხმად დაადგინეს, მარციუსთან გაეგზავნათ ელჩები იმის საუწყებლად, რომ მას უფლება ეძლევა, სამშობლოში დაბრუნდეს და რომ თხოვნით მიმართავენ, შეწყვიტოს მათთან ომი.
სენატისაგან გაგზავნილი პირები მარციუსის ახლობლები იყვნენ და იმედოვნებდნენ, პირველ შეხვედრაზე მაინც ნათესავი და შინაური კაცისაგან დიდ კეთილგანწყობილებას იგრძნობდნენ. მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ მოხდა. ისინი მტრის ბანაკზე გატარებით მიიყვანეს მარციუსთან, რომელიც ამაყად და მოუდრეკელი ზვიადობით იჯდა ვოლსკთა შორის უპირველესი კაცებით გარსშემოჯარული. მარციუსმა ელჩებს მოსვლის მიზეზი ჰკითხა. ამათ შესაფერი წესის დაცვით საჭირო და ლმობიერი სიტყვები წარმოთქვეს. როცა ელჩები დადუმდნენ, მარციუსმა ჯერ თავის მხრივ მწარედ და წყრომით უპასუხა და მოაგონა მათ, რაც გადაიტანა, ხოლო როგორც ვოლსკების მთავარსარდალმა მოითხოვა, რომაელებს დაებრუნებინათ ომით მიტაცებული ქალაქები და მიწა-წყალი, აგრეთვე ვოლსკებისათვის ლატინების თანასწორი მოქალაქეობრივი უფლებები მიენიჭებინათ. თანაბარი და სამართლიანი პირობების გარეშე ომის შეწყვეტა და დაზავება მტკიცე და მყარი არ იქნებაო. მოფიქრებისათვის მარციუსმა ელჩებს ოცდაათი დღე მისცა. როცა ელჩები წავიდნენ, მან ბანაკი ახსნა და რომის სამფლობელოდან გავიდა.
31. ეს ამბავი პირველ ბრალდებად ჩაუთვალეს მარციუსს იმ ვოლსკებმა, რომლებიც უკვე კარგა ხანია შურით აღვსილნი მძიმედ განიცდიდნენ მის ძლიერებასა და აღზევებას. მათ შორის იყო ტულუსიც. მას პირადად არავითარი წყენა მარციუსისაგან არ მიუღია, მაგრამ ადამიანისათვის დამახასიათებელი განცდის მორჩილი აღმოჩნდა. იგი წუხდა, რომ მისი სახელი სრულიად დაკნინდა, რომ ვოლსკები უგულებელყოფენ მას და მიაჩნიათ, მათთვის ყველაფერია მხოლოდ მარციუსი, სხვები კი მადლიერი უნდა იყვნენ მისგან მინიჭებული იმ ძალაუფლებით, რომელთა ღირსადაც ჩათვლის მათ. აი აქედან დაიწყო პირველ ბრალდებათა ფარული გავრცელება. მათი შემთხზველები თავს იყრიდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ გულისწყრომას და ღალატს ეძახდნენ მარციუსის მიერ ბანაკის ხსენებულ ახსნას: მართალია, მას ქალაქის კედლები და იარაღი არ ჩაუბარებია მტრისათვის, მაგრამ ხელიდან გაუშვა ხელსაყრელი შემთხვევა. სწორედ ასეთ შემთხვევას ძალუძს ყველაფერი იხსნას და, ასევე ყველაფერი დაღუპოსო. ის ოცდაათი დღე, მან რომ მტრებს მისცა, გამოზომილია: ნაკლებ დროში დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლებელიაო!
სინამდვილეში, სწორედ ხსენებული დროის მანძილზე მარციუსი უქმად როდი იყო: იგი არბევდა და ძარცვავდა მტრის მოკავშირეებს, აიღო შვიდი დიდი და მრავალსახლიანი ქალაქი. რომაელები მოკავშირეთა დახმარებას ვერ ბედავდნენ: მათ სულს სიმხდალე დაეუფლა და მათივე დამბლადაცემულ და დასუსტებულ სხეულს დაემსგავსა. გასაგებია, როგორი იქნებოდა მათი განწყობილება ომის მიმართ.
როცა დათქმული დრო გავიდა და მარციუსი მთელი თავისი მხედრობით კვლავ გამოჩნდა, რომაელებმა ისევ მიუგზავნეს მას ელჩები თხოვნით, დაეცხრო რისხვა, გაეყვანა ვოლსკები მათი მიწა წყლიდან და მერმე გაეკეთებინა და ებრძანებინა ის, რაც მისი ფიქრით ორივე ხალხისათვის უმჯობესი იქნებოდა: შიშით თუ მუქარით რომაელები არაფერს არ დათმობენო; თუ ივარაუდება, რომ ვოლსკები საჭიროებენ კაცთმოყვარულ მოწყალებას, ისინი ამას უთუოდ მიიღებენ, ოღონდ უნდა განიარაღდნენო. მარციუსმა ელჩებს უპასუხა: ვითარცა ვოლსკების სარდალი ვერაფერს გეტყვით, ხოლო როგორც ჯერ კიდევ რომაელი მოქალაქე გირჩევთ და მოგიწოდებთ, გონივრული გულისხმიერებით მოეკიდოთ სამართლიანად წამოყენებულ პირობებს და სამი დღის შემდეგ მოხვიდეთ ჩემთან დათქმულ პირობათა მიღების გადაწყვეტილებით. თუ სხვა აზრზე დადგებით და კვლავ მოხვალთ ჩემთან ბანაკში ცარიელი სიტყვებით, იცოდეთ, თქვენს უშიშროებას მე უკვე ვეღარ უზრუნველვყოფო!
32. როცა ელჩები დაბრუნდნენ და სენატმა მათგან საქმის ვითარება მოისმინა და იგრძნო, რომ ქალაქს საზარელი ქარიშხალი და დელგმა ატყდებოდა თავს, ვედრების თვალი წმიდა განგებას მიაპყრო. ვინც კი იყო ქალაქში ღმერთების მსახური ქურუმი ან წმიდა საიდუმლოების მონაწილე, ან ტაძართა მცველი, ანდა კიდევ ძველთაგანვე დამკვიდრებული, მამაპაპისეული მისნობის – ფრინველთმკითხაობის ოსტატი, ყველას უკლებლივ დაევალა, მოკაზმულიყვნენ იმ წესით, როგორც თითოეული მათგანი იმოსებოდა წმიდა სამსახურის აღსრულებისას და წასულიყვნენ მარციუსთან. მათ ისევ უნდა ეთხოვათ მისთვის, შეეწყვიტა ომი და მერმე მოლაპარაკებოდა თანამოქალაქეებს ვოლსკთა მიერ წამოყენებული პირობების თაობაზე. მარციუსმა ისინი თავის ბანაკში მიიღო, მაგრამ სხვა არაფერი არ დათმო. მან მტკიცედ მოსთხოვა მათ წინათ დასმული პირობის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ომი მიეღოთ.
როცა წმიდა სამსახურის ამსრულებლები დაბრუნდნენ, რომაელებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ჩაკეტილიყვნენ და თავდამსხმელი მტერი კედლებიდან მოეგერიებინათ. რაკი არსაიდან სხვა ხსნა არ ჩანდა, ერთადერთ იმედს ისინი დროსა და ბედის მოულოდნელ ცვლილებაზე ამყარებდნენ. რომი ამ დროს შფოთით, შიშითა და ავი წინასწარ გრძნობით იყო შეპყრობილი. ასეთი იყო საქმის ვითარება, სანამ არ მოხდა ის ამბავი, რომლის მსგავსის შესახებ ხშირადაა ნათქვამი ჰომეროსის მიერ და რაც ბევრს არ სწამს. როცა იგი ლაპარაკობს დიადი და მოულოდნელი მოქმედების თაობაზე, ასე ბრძანებს:
თვალსხივოსანმა შთაუნერგა ათენამ ეს აზრი გულში...21
ან კიდევ:
უკვდავთაგანმა შემიცვალა გუნება და ასე მამცნო,
რა ხმას დაარხევდა ხალხი...22 ანდა:
ამრიგად ფიქრობდა იგი, ან თვით ღმერთმა უბრძანა ასე...23
ზოგიერთები უგულებელყოფენ ასეთ გამონათქვამებს და მიაჩნიათ, რომ შეუძლებელი საქმის ჩვენებითა და დაუჯერებელი ზღაპრებით ჰომეროსი თითქოს უნდობლად ეკიდება თითოეული ადამიანის მიერ აზრის თავისუფლად არჩევის უნარს. არა, ჰომეროსი აგრე არ იქცევა; პირიქით: იგი ჩვენ თვითონვე გვაკისრებს გონიერებაზე დამყარებული ბუნებრივი და ჩვეულებისამებრივი ჩვენი ქმედების წარმართვას. აკი დაბეჯითებით ბრძანებს ხშირად:
წინასწარ ვიფიქრე ასე, განვიზრახე მამაცურ გულში...24
ან
ასე თქვა: პელეიონი მწუხარებამ შეიპყრო მეტად:
მის მამაც გულმკერდში ორი შეებრძოლა ერთმანეთს აზრი...25
ანდა:
ვერ დაარწმუნა, ვერა,
მან ბელეროფონტი მძლავრი, სიბრძნით ეგზომ აღსავსე გმირი.26
საგანგებოდ მძიმე და არაჩვეულებრივ საქმეებში, რომლებიც განსაკუთრებულ გატაცებასა და სიბეჯითეს მოითხოვენ, ჰომეროსი სრულიადაც არ წარმოგვიდგენს ღვთაებას იმ ძალად, რომელიც კაცს თავისუფალი არჩევანის უნარს ართმევს; პირიქით, ღვთაება მასთან ბიძგს აძლევს ადამიანს ასეთი არჩევანისაკენ; იგი მას მზამზარეული გადაწყვეტილების მიღების მისწრაფებებსა და მათი მეშვეობით თავისუფალი მოქმედების საფუძველს აძლევს და სიმხნევესა და იმედს უნერგავს. ან უნდა საერთოდ უარვყოთ ღვთაებრივი ძალების მონაწილეობა ჩვენი საქმიანობის მიზეზებსა და საწყისებში, ანდა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალები ადამიანს შემწეობას უჩენენ და მის მოქმედებაში თანამონაწილეობენ არა პირდაპირ, არამედ ირიბი გზით. ისინი როდი აიძულებენ ჩვენს სხეულს, მაინცდამაინც ასეთსა თუ ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდეს; არც იმას გვიკრძალავენ, ნებისმიერად და საჭიროებისამებრ ვამოძრაოთ ჩვენი ხელნი და ფერხნი, მაგრამ რომელიღაც პირველსაწყისთა, წარმოსახვათა და აზრთა მეშვეობით ჩვენს სულს სამოქმედო და თავისუფალი არჩევანის ძალას აძლევენ ანდა ამ პირველსაწყისებს, წარმოსახვებსა და აზრებს უკან აბრუნებენ და აყოვნებენ.
33. იმხანად რომში სხვადასხვა ტაძრებში ქალები სავედრებლად იყრიდნენ თავს, ხოლო მათ შორის ყველაზე უფრო წარჩინებული მანდილოსნები კაპიროლიუმზე ლოცულობდნენ იუპიტერის საკურთხეველთან. იქ გახლდათ ომებსა თუ საერთოდ სახელმწიფო საქმეებში რომაელებისათვის ბევრი სამსახურის გამწევი და დიდად სასარგებლო ვაჟკაცის პოპლიკოლას და – ვალერიაც. თვითონ პოპლიკოლა, როგორც მისი ცხოვრების აღწერილობაში გვაქვს გადმოცემული, მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო, ვალერია კი ქალაქში დიდი სახელითა და პატივით გამოირჩეოდა, ვინაიდან თავისი გვარი ცხოვრებაში არაფრით არ შეუბღალავს. და აი, ანაზდეულად, ვალერია შეიპყრო იმ განცდამ, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. მან, ცხადია, ღვთაებრივი შეგონების საფუძველზე გონების თვალით განჭვრიტა შექმნილი ვითარება, ფეხზე წამოდგა, წამოაყენა ყველა სხვა მანდილოსანიც და მარციუსის დედის – ვოლუმნიას სახლისაკენ გაეშურა. სახლში შესულ ვალერიას ვოლუმნია რძალთან ერთად მჯდარი დაუხვდა; კალთაში მარციუსის ბავშვები ესხა. მოსული ქალები მას გარს შემოეხვივნენ. ვალერიამ დამხვდურებს უთხრა: „ვოლუმნიავ და ჩემო ვერგილიავ, ჩვენ ქალები მოვედით თქვენთან – ქალებთან არა სენატის გადაწყვეტილებით და ხელისუფალთა ბრძანებით, არამედ, ეტყობა, ღმერთმა შეისმინა ჩვენი ვედრება და შეგვაგონა, თქვენ მოგმართოთ და გთხოვოთ ხსნა ჩვენთვისაც და სხვა მოქალაქეებისათვისაც, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხსნით თქვენ იმაზე მეტი საჩინო სახელით შეიმოსებით, როგორიც მოიხვეჭეს საბინების ქალებმა, რომლებმაც ერთმანეთთან მებრძოლი თავიანთი მამები და ქმრები მშვიდობისა და მეგობრობის დასამყარებლად შეარიგეს.27 წამოგვყევით მარციუსთან, შეუერთდით ჩვენს ვედრებას და იყავით ჭეშმარიტი და სამართლიანი მოწმენი სამშობლოსათვის! მიუხედავად იმისა, რომ იგი უბედურებას უბედურებაზე განიცდის, თავისი რისხვის გამო თქვენთვის არ მოუტანია და არც უფიქრია რაიმე ზიანის მოყენება. პირიქით, იგი თქვენ უკან გიბრუნებთ მარციუსს, თუმცა მისგან სახეიროს არაფერს ელის! ვალერიას ნათქვამს დანარჩენი ქალები ხმამაღალი გოდებით გამოეხმაურნენ, ხოლო ვოლუმნიამ ასე უპასუხა: „მანდილოსნებო, ყველას თანაბრად საზიარო უბედურება დაგვიდგა, მაგრამ ჩვენ, მე და ვერგილიას, პირადი უბედურებაც გვჭირს: სახელი და სიქველე მარციუსისა ჩვენთვის დაკარგულია, ხოლო თვითონ მას, როგორც ვხედავთ, მტრის იარაღში ჩამჯდარს, ეს იარაღი საფრთხისაგან კი არ იცავს, არამედ უთვალთვალებს. ყველაზე დიდი ტანჯვა ჩვენთვის მაინც ისაა, რომ დაუძლურებულ სამშობლოს ჩვენი იმედიღა დაშთენია! მე არ ვიცი, შეიწყნარებს თუ არა იგი ჩვენს თხოვნას ახლა, როცა ხელი აუღია სამშობლოზე, რომელსაც თავის დროზე დედასა და ცოლ-შვილზე მეტ პატივს სცემდა. მიუხედავად ამისა, აჰა, გამოგვიყენეთ, მოგვკიდეთ ხელი და წაგვიყვანეთ მასთან; სხვას თუ ვერაფერს ვიქმთ, ის მაინც ძალგვიძს, სამშობლოსათვის ვედრებაში უკანასკნელი სუნთქვა ამოვუშვათ!“.
34. ამის შემდეგ ვოლუმნიამ წამოაყენა ვერგილია, ბავშვები და დანარჩენ ქალებთან ერთად ვოლსკების ბანაკისაკენ გაემართა. მათი დანახვა იმდენად გულსაკლავი იყო, რომ მტრებიც კი მოალბო და გაარინდა. მარციუსი ამ დროს მეთაურებთან ერთად შემაღლებულ ადგილზე იჯდა და ბჭობდა. მოახლოებული ქალების დანახვამ მეტად გააოცა, ხოლო როცა წინ მომავალი დედა შეიცნო, მოინდომა, თავის ურყევ და ულმობელ გადაწყვეტილებაზე დარჩენილიყო, მაგრამ განცდამ დასძლია; თვალწინ დამდგარი სანახაობით აღელვებული მომავალთა შესახვედრად ადგილზე ვეღარ დამაგრდა, მყისვე ქვემოთ ჩამოიჭრა და შესაგებებლად გაეშურა. ჯერ დედას მოეხვია და დიდხანს ვერ მოშორდა, მერმე ცოლ-შვილი ჩაიხუტა. მან ვერც ცრემლები შეიმაგრა, ვერც ალერსისაგან შეიკავა თავი და მთლიანად ჩაჰბარდა განცდების ნაკადს.
35. როცა ალერსით გაძღა და ინიშნა, დედას საუბრის დაწყება სურდა, მრჩევლებად შერჩეული ვოლსკები გვერდით დაიყენა და ვოლუმნიასაგან შემდეგი მოისმინა: „შვილო ჩემო, რომც არაფერი ვთქვათ, ჩვენი შესამოსელითა და საბრალო შესახედაობითაც მიხვდები, რა შევიწროებულ ვითარებაში ჩაგვყარა შენმა განდგომამ. აბა, შენ თვითონვე განსაჯე ახლა, ვართ თუ არა აქ მოსულ აი ამ ქალებში ჩვენ ყველაზე მეტად უბედურნი, რომელთაც მსახვრალმა ბედმა ყველაზე საამო სანახაობა ყველაზე საშიშად გარდაგვიქცია: გვაყურებინებს, ვით მოუქცევია ალყაში მშობლიური ქალაქი მის კედლებთან ჩამჯდარ ჩემს შვილს და აი, ამის ქმარს! ჩვენთვის მიუწვდომელი გახდა ღმერთების მიმართ ვედრება, რაც სხვებისთვის საიმედო ნუგეშია ყოველი უბედურებისა და გაჭირვების ჟამს, რადგან შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს ვთხოვოთ ღმერთებს სამშობლოს გამარჯვებაც და შენი ხსნაც, რამეთუ ყველა წყევლა-კრულვა, რაც კი შეიძლება მტერმა გვისურვოს, ჩვენთვის ლოცვა-ვედრების საგანია. შენს ცოლ-შვილს მოუწევს ან სამშობლოს ან შენი დაკარგვა. მე კი ცოცხალი თავით ვერა და ვერ დავუცდი, ამათგან რომელ ბედს მარგუნებს ომი. თუ მე ვერ დაგაჯერებ, მეგობრობასა და თანხმობას მისცე უპირატესობა, ვიდრე უთანხმოებასა და ბოროტებას, და ამჯობინო, გახდე ორივე ხალხის კეთილისმყოფელი, ვიდრე ერთ ერთი მათგანის შემმუსვრელი, იცოდე და მზად იყავ იმისათვის, რომ შენ სამშობლოსთან ბრძოლაში ჩაბმას შეძლებ მხოლოდ და მხოლოდ მშობელი დედის გვამზე გადაბიჯებით! ღმერთმა ნუ მომასწროს ის დღე, თანამოქალაქეები ტრიუმფს იხდიდნენ ჩემს შვილზე გამარჯვების გამო, ანდა, პირიქით, ჩემი შვილი ზეიმობდეს სამშობლოს დამარცხებას! მე რომ შენ გთხოვო, გადაარჩინო სამშობლო და შემუსრო ვოლსკები, მეტისმეტად ძნელი, თითქმის გადაუწყვეტელი ამოცანა დაგიდგებოდა, შვილო: ბოროტი საქმეა თანამოქალაქეთა განადგურებაც და იმათი ღალატიც, ვინც ნდობა გამოგიცხადეს. ახლა ჩვენ მხოლოდ იმას ვთხოულობთ, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ბოროტება, რაც ორივე ხალხს ერთნაირად მოუტანს ხსნას და უფრო მეტად საპატიო იქნება ვოლსკებისათვის. ისინი სახელს მოიხვეჭენ იმით, რომ გამარჯვებულებმა ყველაზე დიდი სიკეთე – მშვიდობა და მეგობრობა მიანიჭეს დაძლეულთ და არანაკლები – საკუთარ თავსაც. და თუ ეს აღსრულდა, უმთავრესი მიზეზი ამ სიკეთისა იქნები შენ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, ორივე ხალხისათვის ასევე მხოლოდ შენ აღმოჩნდები დამნაშავე. ომის შედეგი გაურკვეველია, მაგრამ ეს კი სრულიად ცხადია: თუ გაიმარჯვებ, სამშობლოსათვის მუდამ ბოროტ სულად დარჩები, თუ დამარცხდი, შენზე იტყვიან: თავისი რისხვის წყალობით გახდა მიზეზი კეთილისმყოფელთა და მეგობართა უდიდესი უბედურებისაო!“
36. ვოლუმნიას სიტყვებს მარციუსი ხმაამოუღებლად ისმენდა. დედამ სიტყვა შეწყვიტა; ის კი კარგა ხანს იდგა თავჩაქინდრული და დუმდა. ვოლუმნიამ კვლავ მიმართა: „რატომ ხმას არ იღებ, შვილო? როგორ ფიქრობ, რა უფრო უკეთესია: ყველაფერი საკუთარ რისხვასა და გულში ჩაბუდებულ ბოროტ წყენას. დაუმორჩილო, თუ ხალისით დაუთმო დედას, რომელიც ესოდენ დიდი საქმის აღსრულებას გემუდარება? იქნებ დიდებულ ვაჟკაცს განცდილი წყენისა და ტანჯვის არდავიწყება შეჰფერის და იქნებ დიდებული და სახელოვანი კაცის საქმე არაა, თაყვანი სცეს და პატივით მოეკიდოს მადლიერების იმ გრძნობას, რომელსაც შვილები მშობლების მიმართ უნდა იჩენდნენ: არავის ისე არ ეგების მადლიერების ბეჯითად დაცვა, როგორც შენ უმადურობის წინააღმდეგ ასე მკაცრად მებრძოლს! მამულს შენ უკვე საკმაოდ გადაუხადე წყენის სამაგიერო, მაგრამ დედისათვის მადლობის გადასახდელად ჯერჯერობით არაფერი არ გაგიკეთებია. ამიტომ ყველაზე წმიდა და ღირსეული საქმე იქნებოდა, ყოველგვარი იძულების გარეშე, შეგესრულებინა ჩემი თხოვნა ესოდენ კეთილშობილი და სამართლიანი. თუ ვერ გაჯერებ, რაღაზე არ მივმართო ჩემს უკანასკნელ იმედს?!“ ამ სიტყვებზე ვოლუმნია შვილს ფეხებში ჩაუვარდა მის ცოლთან და შვილებთან ერთად. „ეს რა მიქენი, დედაჩემო! – შესძახა მარციუსმა, მერმე ფეხზე წამოაყენა და მისი მარჯვენა ხელი მკერდზე მიიხუტა: „შენ გაიმარჯვე, დედაჩემო, მამულისათვის ბედნიერი, ხოლო ჩემთვის დამღუპველი გამარჯვებით!“ თქვა ეს და ამის შემდეგ დედასა და ცოლს განცალკევებით მოკლედ მოელაპარაკა და ისინი, მათივე თხოვნით, უკან, რომში გაგზავნა. მეორე დღეს, განთიადზე, მარციუსმა ალყა მოხსნა და წაიყვანა ვოლსკები, რომლებიც სხვადასხვანაირად მოეკიდნენ მომხდარ ამბავს. ერთნი კიცხავდნენ მარციუსს და მის საქციელს, მეორენი, პირიქით, მხარს უჭერდნენ ომის დამთავრებასა და მშვიდობას, სხვები კი მომხდარით უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ მარციუსის ძვირს არ ამბობდნენ და ასეთი აუცილებლობით გატეხილს თანაგრძნობისა და შებრალების ღირსად თვლიდნენ. წინ მას არავინ არ აღსდგომია, ყველანი უკან გაჰყვნენ, არა იმდენად მისი ხელისუფლების მორჩილნი, რამდენადაც მოხიბლულნი მისი კეთილშობილებითა და სიქველით.
37. თუ რა საშიშროებისა და საფრთხის წინაშე აღმოჩნდა რომაელი ხალხი კარს მომდგარი ომის გამო, ეს ყველაზე მეტად საგრძნობი გახადა მშვიდობიანმა დასასრულმა. როგორც კი შენიშნეს ქალაქის კედლებთან მყოფმა რომაელებმა, ვოლსკები ბანაკს ხსნიანო, მყისვე გააღეს ყველა ტაძარი და გვირგვინებით შემკულებმა, ვით გამარჯვების დროს, მსხვერპლის შეწირვა დაიწყეს. ქალაქის სიხარული განსაკუთრებით გამომჟღავნდა იმ სიყვარულსა და პატივისცემაში, რომლებიც სენატმა და მთელმა ხალხმა გამოიჩინა ქალების მიმართ: საყოველთაო აღიარებით, მათ ხსნის ერთადერთ მიზეზად თვლიდნენ. სენატმა დაადგინა, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ქალაქის გამგებლებს ყოველი მათი სურვილი შეესრულებინათ. მაგრამ ქალებს სხვა არაფერი მოუთხოვიათ, გარდა ქალთა ბედის სახელზე ტაძრის აგებისა; ამასთან ხარჯს თვითონ კისრულობდნენ; სახელმწიფოს უნდა გაეღო სახსრები მხოლოდ წმიდა სამსახურისა და სხვა საპატიო საქმეთა აღსასრულებლად, რაოდენიც კი სჭირდებოდა ღმერთების თაყვანისცემას. სენატმა ქალების პატივმოყვარეობა მოიწონა, მაგრამ ტაძარი და საჭირო ქანდაკება საზოგადო ხარჯებით აღმართა. მიუხედავად ამისა, ქალებმა ნაკლები თანხა როდი გაიღეს და გააკეთებინეს მეორე გამოსახულება ღვთაებისა. როცა იგი ტაძარში დადგეს, რომაელთა გადმოცემით, ქანდაკებამ დაახლოებით ასე წარმოთქვა თურმე: „უკვდავთათვის საამო შესაწირავი მომიძღვენით თქვენ მე, ქალებო!“
38. მოგვითხრობენ, თითქოს ეს ხმა მეორეჯერაც გაისმაო. ამით სურთ დაგვაჯერონ ის, რაც შეუძლებელს ჰგავს და ძნელია სარწმუნოდ. აი ეს კი შესაძლებელია ვიხილოთ, რომ ქანდაკებებს ხანდახან ცრემლი და სისხლისფერი ოფლი სდით. საქმე ის გახლავთ, ხესა და ქვას ხშირად სინესტის წარმომქმნელი ობი ეკიდება, ხშირადვე მათგან ზედაპირზე საღებავისებრი სითხე ამოჟონავს და გარემომცველი ჰაერის ზეგავლენით სხვადასხვა ფერს ღებულობს, რაც არ ქმნის დაბრკოლებას ვირწმუნოთ, ქანდაკებაში გამოსახული ღვთაება ხსენებული მოვლენით ზოგიერთ რამეს გვაუწყებს. ისიც შესაძლებელია, ქანდაკებამ ზოგჯერ ოხვრისა და კვნესის მსგავსი ხმა გამოსცეს მის შიგნით ნაწილაკთა სკდომისა და მძლავრი დაშლის შედეგად. მაგრამ სრულიად შეუძლებელია, უსულო საგანმა დანაწევრებული, ეგზომ მკაფიო, მნიშვნელოვანი და გასაგები სიტყვების შემცველი ხმა გამოსცეს. სამეტყველოდ შეხამებული ნაწილებით აღჭურვილი სხეულის გარეშე სულსა და თვით ღმერთსაც კი არ ძალუძთ ხმა ამოიღონ და დაილაპარაკონ. ზოგჯერ ისტორია თითქოს დამარწმუნებელი მრავალი მაგალითით გვაიძულებს, დავუჯეროთ მას, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ჩვენი რწმენა ემყარება განსაკუთრებულ გრძნობას, რომელიც არ ეხამება ნამდვილ შეგრძნებებს და სულის მიერ წარმოსახვათა ნაყოფია, ზუსტად ისეთი, სიზმრად რომ ხდება: ვისმენთ იმას, რასაც ნამდვილად ვერ ვისმენთ და ვხედავთ იმას, რასაც ვერ ვხედავთ. მიუხედავად ამისა, ისინი, რომელთაც ღვთაების მიმართ პატივისცემა, სიყვარული და განსაკუთრებით ძლიერი რწმენა აქვთ და ხსენებულ სასწაულებს ვერ უარყოფენ, თავიანთ დიდ ნდობას ამყარებენ საოცარ მოვლენებსა და ისეთ რამეზე, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია და ღვთაებისმიერ ძალაშია. ღვთაება ხომ არაფრით არ ჰგავს ადამიანს: არც ბუნებით, არც მოძრაობით, არცლ ხელოვნებითა და არც ძალით. ამიტომ საკვირველი როდია, მას რომ ძალუძს იმის ქმნა, რაც ჩვენ არ ძალგვიძს, და იმის ზრახვა, რასაც ჩვენ ვერ განვიზრახავთ. ყველაფრით ძალზე განსხვავებული ჩვენგან, ღვთაება ყველაზე უფრო მეტად მაინც თავისი ზემოქმედებით სხვაობს და აღმატებულია ჩვენზე. ღვთაებრივ საქმეთა უმრავლესი ნაწილი, ჰერაკლიტეს თანახმად, უნდობლობით უსხლტება ჩვენს შემეცნებას.
39. როგორც კი დაბრუნდა ლაშქრობიდან მარციუსი ანტიუმში, მისადმი უკვე კარგა ხანია ზიზღითა და ძლიერი შურით აღვსილმა ტულუსმა განიზრახა, დაუყოვნებლივ მოეკლა იგი. ფიქრობდა: ახლა თუ ხელიდან დამისხლტა, სხვა ასეთი შემთხვევა აღარ მომეცემაო. მან მარციუსის წინააღმდეგ წააქეზა და დარაზმა მრავალი მომხრე და მოითხოვა, მარციუსი თანამდებობიდან გადამდგარიყო და ვოლსკებისათვის თავისი საქციელის ანგარიში მოეხსენებინა. მარციუსმა იცოდა, რა საშიშროებაც მოელოდა, თუ კერძო პირად იქცეოდა და ამ დროს ტულუსი მთავარსარდლობასა და თანამოქალაქეებში უდიდეს გავლენას შეინარჩუნებდა. მარციუსმა განაცხადა: თანამდებობას ჩავაბარებ ვოლსკებს, თუ მიბრძანებენ, ვინაიდან საყოველთაო მოთხოვნით მათგან მივიღე იგი, ხოლო ანგარიშს ახლავე წარვუდგენ იმ ანტიუმელებს, რომლებიც ამას მოისურვებენო. მოიწვიეს სახალხო კრება; წინასწარ მომზადებულმა დემაგოგებმა დაიწყეს ხალხის წაქეზება მარციუსის წინააღმდეგ. მაგრამ როცა იგი ადგილიდან წამოდგა, მორიდებამ იმძლავრა, ხმაური ჩაახშო და მარციუსს დაუბრკოლებლად ლაპარაკის შესაძლებლობა მიეცა. რჩეულმა ანტიუმელებმა, რომლებიც ყველაზე მეტად ხარობდნენ დამყარებული მშვიდობით, ყველას ცხადად აგრძნობინეს, რომ კეთილგანწყობილებით მოუსმენდნენ მარციუსს ტულუსს შეეშინდა თავდასაცავი სიტყვისა, რომელიც მჭევრმეტყველებაში მისმა საუკეთესო მეტოქე ვაჟკაცმა წარმოთქვა; მით უმეტეს, რომ მის მიერ უწინ გადახდილი საგმირო საქმეებით მოპოვებული აღიარება და მადლიერება ბევრად აღემატებოდა ბოლოდროინდელ გადაცდომას; უკეთ რომ ვთქვათ, მისადმი წაყენებული მთელი ბრალდება მისი აღიარების სიდიადის მაუწყებელი გახლდათ. რომის აუღებლობამ ვოლსკები, ეტყობა, მხოლოდ იმიტომ გაანაწყენა, რომ კინაღამ არ აიღეს იგი სწორედ მარციუსის წყალობით. ტულუსმა გადაწყვიტა, მეტად აღარ შეყოვნებულიყო და ხალხის გრძნობათა გამოცდით დრო და შემთხვევა არ დაეკარგა. მის მომხრეთაგან ყველაზე უფრო თავხედმა შეთქმულებმა ყვირილი მორთეს: ვოლსკებს არ სურთ უსმინონ და უყურონ მოღალატეს, რომელიც ტირანიისაკენ მიისწრაფვის და რწმუნებას არ იხსნისო. ყვირილთან ერთად ისინი ჯგუფურად დაესხნენ თავს მარციუსს და იქვე მოკლეს. მის დასაცავად დამსწრეთაგან არავის ხელი არ გამოუღია. მაგრამ ვოლსკთა უმრავლესობას არ მოეწონა ჩადენილი მკვლელობა. ეს მალე დაამტკიცეს კიდეც: სხვადასხვა ქალაქებიდან თავმოყრილებმა მარციუსის გვამი საჭირო პატივით დაკრძალეს და საფლავი იარაღითა და მტრისაგან წართმეული ნადავლით შეუმკეს, როგორც ეს ეკადრებოდა გამორჩეულ გმირსა და სარდალს.
როცა რომაელებმა მარციუსის სიკვდილი შეიტყვეს, არაფრით არ აღუნიშნავთ ეს: არც ხსოვნის პატივისცემით და არც მისადმი წყრომის გამომჟღავნებით. მხოლოდ ეს იყო, რომ ქალებს თხოვნა შეუსრულეს და ნება დართეს ათთვიანი გლოვისა, რაც წესად ჰქონდათ მშობლის, შვილისა და ძმის მიმართ. ეს იყო გლოვის ყველაზე ხანგრძლივი საზღვარი, რომელიც ნუმა პომპილიუსმა დააწესა და რაც მისი ცხოვრების აღწერილობაშია გაცხადებული.
შექმნილმა ვითარებამ სულ მალე სანანებლად გაუხადა მარციუსი ვოლსკებს. ჯერ იყო და წინამძღოლის არჩევის გამო წაეკიდნენ მეგობარ და მოკავშირე ეკვებს და საქმე სისხლის ლღვრამდე და ხოცვა-ჟლეტამდე მივიდა; მერმე რომაელებთან დამარცხდნენ ბრძოლაში, რომელშიც დაიღუპა ტულუსი და შეიმუსრა მხედრობის საუკეთესო ნაწილი. ვოლსკები იძულებული გახდნენ, საკუთარი თავის შემარცხვენელი ზავი დაედოთ: ისინი რომაელებს დაემორჩილნენ და მათი ყოველი გადაწყვეტილების შესრულება იკისრეს.29
ალკიბიადესა და მარციუსის შეთანასწორება
1. ასეთი გახლავთ ის საქმენი, რომელნიც გადმოცემისა და გახსენების ღირსად ჩავთვალეთ. კარგად უნდა ჩანდეს, რომ ამ ორი ვაჟკაცის მიერ შესრულებულმა საომარმა წარმატებებმა არც ერთსა და არც მეორეს არ შესძინეს მაინცდამაინც დიდი წონა. ორივემ თანაბრად და მრავალგზის გამოიჩინა გაბედულება და მამაცობა საომარ საქმეებში და სარდლის ხელოვნება და გამჭრიახობა; თუმცა შესაძლოა, ზოგიერთმა უფრო სრულყოფილ სტრატეგოსად გამოაცხადოს ალკიბიადე, ვინც ხმელეთსა და ზღვაზე მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვა და ბევრი საგმირო საქმე აღასრულა.
უნდა ითქვას, ორივეს ერთნაირად ახასიათებდა ის, რომ, მართალია, თავისი არსებობითა და წინამძღოლობით ბევრი სიკეთე მოუტანეს თავთავის მამულს, მაგრამ თავიანთი განდგომით ბევრი ზიანიც მიაყენეს. კეთილგონიერი ხალხი ზიზღით ეკიდებოდა ალკიბიადეს მიერ ბრბოს გულის მოსაგებად სახელმწიფო მოღვაწეობაში გამოჩენილ უსაზღვრო თავხედობას; ხოლო მარციუსი რომაელ ხალხს არ უყვარდა მისი მეტისმეტი უმადურობის, ზვიადობისა და ოლიგარქიული მისწრაფებების გამო. არც ერთი და არც მეორე საქციელი არაა საქებარი, მაგრამ ხალხის გულის მოგებისა და მისი მადლიერების მაძიებელზე უფრო მეტად გასაკიცხნი არიან ისინი, რომლებიც ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ ქედმაღლობით: ასეთ მაძიებლებად არ ჩაგვთვალონო. სამარცხვინოა, მართლაც, ხელისუფლების მოსაპოვებლად ხალხის წინაშე მლიქვნელობა, მაგრამ სამარცხვინოცაა და უსამართლო საქციელიც შიშზე, ბოროტებასა და ჩაგვრა-შევიწროებაზე დამყარებული ძალაუფლება.
2. სრულიად აშკარაა, რომ სახელმწიფო მოღვაწეობაში მარციუსი პირდაპირი და გულახდილი კაცი იყო, ხოლო ალკიბიადე – ცბიერი და არაგულწრფელი. ყველაზე დიდ ბრალდებად მას უყენებენ ვერაგობასა და სიცრუეს, რომელიც, როგორც თუკიდიდე მოგვითხრობს,1 ლაკედემონელთა ელჩებთან გამოიჩინა და რამაც ზავი დაარღვია. თუ ამგვარმა პოლიტიკამ ათენი კვლავ ომში გახვია, მანვე აქცია იგი ძლიერ და მრისხანე სახელმწიფოდ მანტინეელებისა და არგოსელების მოკავშირეობის წყალობით, რომელიც ალკიბიადემ დაამყარა დიონისიოსის გადმოცემით, წმიდა დღესასწაულზე მოსულ ელჩებს მარციუსმაც ცილი დასწამა და სიცრუის მეშვეობით რომაელთა და ვოლსკთა შორის ომი ატეხა.2 თუ ამ საქციელის მიზეზებს შევადარებთ, მეორე უარესია. მარციუსს ალკიბიადესავით პატივმოყვარეობა და სახელმწიფო მოღვაწეობაში ბრძოლა და მეტოქეობა კი არ ამოძრავებდა, არამედ სამაგიეროს გადასახდელად გამოწვეული რისხვა, რომლისგანაც, დიონის თქმით,3 სასიკეთო არაფერია მოსალოდნელი. სწორედ ამ რისხვის წყალობით მარციუსმა იტალიის ბევრი მხარე შფოთში გახვია და მამულზე გამწყრალმა სრულიად უდანაშაულო მრავალი ქალაქი იმსხვერპლა. მართალია, ალკიბიადეს წყრომაც იყო თანამოქალაქეების დიდ უბედურებათა მიზეზი, მაგრამ, როგორც კი გაიგო ალკიბიადემ, ათენელები სინანულს მიეცნენო, მაშინვე კეთილად განეწყო. მეორეჯერ განდევნილსაც კი არ გახარებია ათენელი სტრატეგოსების მიერ დაშვებული შეცდომები და გულგრილად არ მოჰკიდებია მათ უგვანო გადაწყვეტილებებს და ამის ნიადაგზე მათთვის შექმნილ საფრთხეს. მან გააკეთა ის, რაც თავის დროზე თემისტოკლეს მიმართ მოიმოქმედა არისტიდემ, რომელიც ამის გამო დღემდე ქებით მოიხსენიება.4 არისტიდე მაშინ მისადმი არცთუ მეგობრულად განწყობილ არქონტებთან ჩავიდა და უთხრა და ასწავლა მათ, რა იყო საჭირო. მარციუსმა კი, ჯერ იყო და, მთელი სახელმწიფოსაგან არ განუცდია ვნება: მისი საუკეთესო და გავლენიანი ნაწილი მასთან ერთად იყო უსამართლობით განაწყენებული და მას თანაუგრძნობდა. მერმე მარციუსმა არაფერი არ დათმო და არ შეიწყნარა თხოვნა ვედრება მასთან მრავალგზის მიგზავნილი ელჩებისა რომლებიც მისი წყრომის დაცხრომას ლამობდნენ. მან ცხადი გახადა, რომ მძიმე და შეურიგებელი ომი წამოიწყო არა იმიტომ, რომ გამარჯვების შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნებულიყო, არამედ იმიტომ, რომ იგი დაეღუპა და დაექცია.
აქ შეიძლება ალკიბიადესა და მარციუსს შორის არსებული ერთი სხვაობაც დაემატოს: ალკიბიადე სპარტელებს განუდგა და ათენელების მხარეზე გადავიდა სპარტელების ვერაგობით გამოწვეული შიშისა და მათდამი სიძულვილის გამო; მარციუსს კი არავითარი საბაბი არ ჰქონდა, მიეტოვებინა ვოლსკები, რომლებიც მას სამართლიანად ექცეოდნენ: იგი წინამძღოლად აირჩიეს და უდიდესი ნდობითა და ძალაუფლებით აღჭურვეს. ალკიბიადეს სამსახურს ლაკედემონელები ბოროტი ზრახვით უფრო იყენებდნენ, ვიდრე კეთილგანწყობით. ალკიბიადე გაოგნებული დაეხეტებოდა ჯერ მათ ქალაქში, მერმე მათ ბანაკში და ბოლოს საკუთარი თავი ტისაფერნეს ჩაუგდო ხელში. ვფიცავ ზევსს, შესაძლოა, იგი ტისაფერნეს სამსახურში იმის წადილით ჩადგა, რომ ათენი დაღუპვისაგან გადაერჩინა და მერმე დაბრუნებულიყო იქ.
3. გადმოგვცემენ, ალკიბიადე ხშირად რიდისა და მოკრძალების გარეშე იღებდა ქრთამად ფულს ფუფუნებისა და დაუოკებელ წადილთა დასაკმაყოფილებლადო. მარციუსი კი სტრატეგოსებისაგან სრულიად დამსახურებულ, საპატიო ჯილდოსაც კი არ იღებდა. აი ამიტომ შეიზიზღა იგი ხალხმა ვალებთან დაკავშირებული უთანხმოების ჟამს. ამბობდნენ, პირადი სარგებლობისა და სიხარბის მიზეზით კი არა, ქედმაღლობისა და ზიზღის გამო აყენებს შეურაცხყოფას ღარიბ ღატაკებსო. ფილოსოფოს არისტოტელეს გარდაცვალების თაობაზე შეთხხულ ერთ ერთ წერილში ანტიპატრე5 ამბობს: „სხვა ბევრ რამესთან ერთად ეს კაცი ხიბლისა და დამაჯერებლობის ძალის პატრონიც იყოო“. მარციუსს ეს ღირსება არ გააჩნდა, ამიტომ მისი საქმიანობა და საგმირო საქმენიც კი ზიზღს იწვევდა იმათშიც, ვისაც სიკეთეს უყოფდა: ვერა და ვერ იტანდნენ მის ქედმაღლობასა და თვითკმაყოფილებას – განკერძოების თანმხლებ ამ თვისებას, როგორც პლატონმა თქვა. ალკიბიადე, პირიქით, გაწაფული გახლდათ, ყოველ შემხვედრს ალერსიანად მოჰკიდებოდა. ამიტომ სრულიადაც არაა გასაკვირი, მის ყოველ წარმატებას რომ უსაზღვროდ
ადიდებდნენ და კეთილგანწყობითა და პატივით ხვდებოდნენ; მაშინაც კი, როცა ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა, მაინც გულთბილად და ყურადღებით ეკიდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ალკიბიადემ არცთუ მცირე ზიანი მიაყენა, მას ხშირად სტრატეგოსადაც ირჩევდნენ და მხედრობის სათავეშიც აყენებდნენ; მარციუსმა კი, როცა მრავალი საგმირო საქმისა და მამაცობის საფუძველზე თანამდებობის დაკავება სცადა, მარცხი განიცადა. ასე რომ – თანამოქალაქეებს ძალა არ ჰყოფნიდათ, სძულებოდათ მათი დამტანჯველი ალკიბიადე, ხოლო მარციუსს პატივისცემით კი ეკიდებოდნენ რომაელები, მაგრამ არა და არ უყვარდათ იგი.
4. როგორც სტრატეგოსს, მარციუსს არც ერთხელ არ გამოუჩენია თავი სამშობლოს წინაშე; იგი მტრების სასარგებლოდ და მამულის საზიანოდ იღვწოდა. ალკიბიადემ კი, ვითარცა უბრალო მეომარმა და როგორც სტრატეგოსმაც, მრავალი სარგებლობა მოუტანა ათენელებს. ალკიბიადე მტრებთან პირისპირ ყოფნის ჟამს მუდამ და ნებისმიერად ამარცხებდა მათ; ცილისწამება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მძლავრობდა მასზე, როცა იგი ადგილზე არ იმყოფებოდა. მარციუსს კი მისივე თანდასწრებით გამოუტანეს მსჯავრი რომაელებმა, ხოლო ვოლსკებმა იოლად მოკლეს იგი უსამართლოდ და უსინდისოდ; თუმცა მათ საამისო ხელსაყრელი საბაბი თვითონვე მისცა: სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული წინადადება დაზავებისა არ მიიღო, ქალებს კი განკერძოებით ერწმუნა, მაგრამ მტრობასა და ომს საზღვარი ვერ დაუდო და მარჯვე შემთხვევა ხელიდან გაუშვა და დაკარგა. რაკიღა დათმობაზე წავიდა, უწინარეს ყოვლისა, უნდა დაერწმუნებინა საამისოდ ისინი, რომლებიც მას მიენდნენ, თუკი ყველაზე უფრო ვალდებულად მათ წინაშე თვლიდა თავს. თუ ვოლსკები არაფრად უღირდა და მარტო თავისი წყრომის დასაკმაყოფილებელი სურვილით წამოიწყო ომი, ხოლო შემდეგ შეწყვიტა, ამ შემთხვევაშიც უმართებულოდ მოიქცა: დედის ხათრით კი არ უნდა დაეზოგა მამული, არამედ მამულიცა და დედაც ერთად უნდა ყოფილიყო მისი მზრუნველობისა და დაზოგვის საგანი – დედაცა და ცოლიც ხომ ნაწილი იყო მამულისა, რომელიც ალყაში ჰყავდა! მარციუსის ის საქციელი – სახელმწიფოს თხოვნა, ელჩების ხვეწნა და ქურუმთა მუდარა რომ არ შეისმინა და მერმე დედის ხათრით დაიხია უკან, დედის პატივისცემა კი არა, შეურაცხყოფა იყო სამშობლოსი, რომელიც დაღუპვას ერთადერთი ქალის სიბრალულითა და ხვეწნა ვედრებით გადაურჩა, თითქოს თავისთავად არ იყო ღირსი ხსნისა და გადარჩენისა. ეს გახლდათ რაღაც საძაგელი, მკაცრი და, მართლაც, საუმადურო მოწყალება! არც ერთი მეომარი მხარისათვის არ იყო ამ მოწყალებაში კეთილმოსურნეობა. მარციუსმა იმის გამო კი არ დაიხია უკან, რომ მტრის შემოთავაზებულ პირობებს ერწმუნა, არც იმიტომ, რომ ზავზე თანამოსაგრენი დაითანხმა. ყველაფრის მიზეზი გახლდათ კეთილი ურთიერთობის მოძულე, მეტისმეტად ამპარტავნული ხასიათი და თვითკმაყოფილება, რაც თავისთავადაც სძულს ხალხს, ხოლო პატივმოყვარეობასთან შეზავებული მთლად მძვინვარე და ულმობელი ხდება. ამგვარი ხასიათის ადამიანები არ ცდილობენ ხალხის გულის მოგებას, თითქოს პატივსაც არ საჭიროებენ, მაგრამ მის მიუღწევლობას მძიმედ განიცდიან. მართალია, ხალხს მოწყალებას არ სთხოვდნენ და არც ელაქუცებოდნენ მეტელუსი, არისტიდე და ეპამინონდა, მაგრამ ჭეშმარიტად სძაგდათ ყოველი, რისი მინიჭების ან წართმევის უფლებაც ბრბოს ხელში იყო. როცა მათ მიმართ ოსტრაკისმოსის კანონს იყენებდნენ, ან როცა მარცხდებოდნენ არჩევნებში, ანდა სასამართლოს წესით სჯიდნენ, ისინი თანამოქალაქეთა უსამართლობაზე, ჩვეულებრივ, არ წყრებოდნენ და ხალისით ურიგდებოდნენ, როცა თანამოქალაქენი თავიანთ საქციელს ინანიებდნენ და გაძევებულთ უკან დაბრუნებას სთხოვდნენ.
საერთოდ, ვინც ყველაზე უფრო ნაკლებად ელაქუცება ბრბოს, მისადმი შურისძიების გრძნობაც ყველაზე უფრო ნაკლები შეჰფერის, ვით იმ კაცის მეტისმეტი წყრომა, ვინც პატივს ვერ მიაღწია, ამ პატივისაკენ მეტისმეტი მისწრაფების შედეგია.
5. ალკიბიადე არასოდეს არ უარყოფდა, რომ პატივისცემა ახარებდა და მისადმი გამოჩენილი გულგრილობა ადარდიანებდა. ამიტომ ცვდილობდა, მათთვის, ვისთანაც ცხოვრობდა, საყვარელი და გულის გამხარებელი კაცი ყოფილიყო. მარციუსს კი ქედმაღლობა არ ანებებდა, იმათი გული მოეგო, რომელთაც მისი პატივისცემა და აღზევება ძალუძდათ; ხოლო როცა გვერდს აუვლიდნენ, ზვიადობა რისხვასა და ტანჯვას ჰგვრიდა. აი ეს გახლავთ ის, რაშიც ამ კაცის დადანაშაულება შეიძლება; სხვა მხრივ იგი უზადო პიროვნება იყო; თავდაჭერილობისა და უანგარობის გამო იგი ღირსია, ელინთა შორის ყველაზე საუკეთესო და უზადო მოღვაწეთ შევუდაროთ, მაგრამ, ვფიცავ ზევსს, არამც და არამც ალკიბიადეს, ვინც მეტისმეტი დაუდევრობითა და გულგრილობით ეკიდებოდა კეთილი სახელის მოპოვების საქმეს.
შენიშვნები
1. ეს წყალსადენი რომში ძვ. წ. 144/143 წლებში გამოიყვანეს.
2. გაიუს მარციუს რუტილუს ცენზორინუსი ძვ.წ. IV-III სს-ის მოღვაწე.
3. ეს სიტყვაა ლათინური ვიტრუს (ბერ. „არეტე“).
4. პლუტარქე – „რომულუსი“ 13 (არკადიელი იყო ევანდრე).
5. მუხის წვენისაგან ამზადებდნენ წებოს ხის ტოტებზე წასასმელად და ფრთოსნების დასაჭერად.
6. დიოსკურები – ზევსის ძენი: კასსტორი და პოლიდევკე (პოლუქსი).
7. იკითხვისი: მანიუს ვალერიუსი.
8. „სახალხო ტრიბუნის“ ინსტიტუტის დაწესების თარიღად ანტიკური ხანის ზოგიერთი ავტორი ძვ. წ. 471 წელს დებს (დიოდორე სიცილიელი), ზოგი კი 474 წელს (ლივიუსი, პლუტარქე).
9. მეტსახელის (ბერძნ. ეპითეტიონის, ლათ კოგონო მენის შერქმევა გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთშიც და უფრო მეტად – რომში.
აქ მოგვყავს პლუტარქეს მიერ დამოწმებული მეტსახელები ქართული შესატყვისებით: ბერძნული მეტსახელები
სოტერი – მხსნელი
კალინიკე – სახელოვანი გამარჯვებული
ფისკონი – ღიპიანი
გრიპე – ცხვირკეხიანი
ევერგეტე ფილადელფე – ძმის მოყვარული; ევდემონი – ბედნიერი – კეთილის მოქმედი.
დოსონი – საბოძვრის შემპირებელი
ლათირე – სირსვალიანი
რომაული მეტსახელები
დიადემატუსი – დიადემიანი, ჯიღოსანი
ცელერი – სწრაფი
პროკლუსი – მოშორებით მყოფი პოსტუმუსი - შემდეგდროინდელი
სულა – წითელლაქებიანი
ნიგერი – შავგვრემანი
რუფუსი – მწითური
ცეკუსი – ბრმა
კლოდიუსი ანუ კლავდიუსი
10. ველიტრელები – სამხ. ლაციუმში მდებარე ვოლსკების ქალაქ – კოჭლი ველიტრეს მკვიდრნი.
11. ტოგა – რომაელი მოქალაქის ზედა სამოსი; ტუნიკა – ტოგის ქვეშა სამოსი – კვართი (ბერძნულ ორიგინალში ტოგის შესატყვისია ჰიმატიონი, ტუნიკისა – ქიტონი).
12. ფულს, ჩვეულებრივ, ტუნიკის ქვეშ სარტყელში ინახავდნენ.
13. ორიგინალში დოროდოკია (საჩუქრის, ქრთამის მიცემა).
14. ძვ.წ. 40 წელს სტრატეგოსი ანიტე ათენის ფლოტის მეთაურად გაგზავნეს სპარტელთა ალყისაგან ქალაქ პილოსის დასახსნელად. ანიტემ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა უამინდობის გამო. ეს ანიტე შემდგომ ფილოსოფოსის – სოკრატეს ერთ ერთი ბრალმდებელი იყო.
15. პლატონი, წერილები, 4, 321 ც.
16. რომის მეფემ, სერვიუს ტულიუსმა, რომის მოსახლეობა დაყო ქონებრივი პრინციპის საფუძველზე 193 ასეულად - ცენტურიად. ამავე მეფის დროს სატერიტორიო ადმინისტრაციულ პრინციპზე შეიქმნა 35 სამეული ანუ ტრიბუსი.
17. მარციუს კორიოლანუსის რომიდან გაძევების თარიღად ძვ, წ. 490 წელს ვარაუდობენ.
18. ამ აფორიზმს ჰერაკლიტეს მიაწერენ.
19. „ოდისეა“, IV, 246.
20. ტენზა, ბერძ. თესსა – ურემი, რომლითაც რომაელებს ღმერთების გამოსახულებანი გადაჰქონდათ ტაძრებიდან ცირკში.
21. „ოდისეა“, XXI 1.
22. „ოდისეა“, XIV, 178–179.
23. „ოდისეა“, IX, 339.
24. „ოდისეა“, IX, 299.
25. „ილიადა“, I, 188-189.
26. „ოდისეა“, VI, 160-161.
27. საბინები – ტომი რომის ჩრდ. აღმოსავლეთით მდებარე მთიან მხა– რეში.
28. ვოლსკები რომაელებმა საბოლოოდ მხოლოდ ძვ. წ. IV ს ში დაიმორჩილეს.
შეთანასწორება
1. თუკიდიდე, V, 45.
2. დიონისიოს ჰალიკარნასელი, „რომის ისტორია“, VIII, 2
3. დიონი – I. ს-ის სტოელი ფილოსოფოსი.
4. პლუტარქე, „არისტიდე“ VIII და შმდგ.
5. ანტიპატრე – ფილიპე მაკედონელის ერთ ერთი სარდალი, მაკედონიის გამგებელი ალექსანდრეს აზიაში ლაშქრობის დროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий