ჩრდილოეთ შუამდინარეთში სემიტი ტომები, როგორც ცნობილია, მოსახლეობდნენ ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან. იქ, სადაც ტიგროსი და ევფრატი ყველაზე უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში აღმოცენდა სემიტური ქალაქი აქადი. იგი მდებარეობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმავალ სავაჭრო გზაჯვარედინზე, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფ დაწინაურებას. აქადი შედარებით მალე გახდა სემიტური ჩრდილოეთის პოლიტიკური ცენტრიც, რომლის მმართველთა ხელქვეით გაერთიანდა კიდეც მთელი შუამდინარეთი.
აქადის ძლიერი დინასტიის პირველი წარმომადგენელია სარგონი (2369–2314 წწ). იგი თავისი ეპოქის გამოჩენილი პიროვნება და ფართო მასშტაბის მოღვაწე იყო, რამაც განაპირობა მისი სახელის განსაკუთრებული პოპულარობა ძველ დროშივე. სარგონის პიროვნებასთან დაკავშირებით შეიქმნა მთელი ციკლი ლეგენდებისა, რომელმაც დაფარა ზოგიერთი ისტორიული ჭეშმარიტება და სამუდამოდ უცნობი გახადა ჩვენთვის. ერთ-ერთ მათგანში მოთხრობილია სარგონის ბავშვობის წლებზე და მისი მეფედ გახდომის შესახებ. თხრობა აქ პირველ პირში მიდის, რითაც ლეგენდის გვიანდელ ჩამწერს უნდოდა მეტი დამაჯერებლობა მიეცა ამბისათვის. სარგონის მამის სახელი ლეგენდამ არ იცის, მისი დედა იყო ღარიბი ქალი, რომელსაც არ გააჩნდა ბავშვის აღზრდის საშუალება. ამის გამო იგი იძულებული გახდა ბავშვი ჩაესვა კალათაში და ჩაედგა ევფრატის სანაპიროზე ლერწმის კორომში. ბავშვი იპოვა წყლის მზიდავმა აქიმ, რომელმაც გაზარდა იგი და შეასწავლა მებაღეობა. შემდეგ პოემაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა სარგონი შეიყვარა ქალღმერთმა იშთარმა, რომელმაც იგი მეფედ დასვა ქალაქ აქადში. მოგვიანებით შედგენილ მეფეთა სიებში სარგონი იხსენიება მებაღედ, რომლისთვისაც ქიშის მეფე ურზაბაბას თავის კარზე მერიქიფის თანამდებობა უბოძებია. ეს არის და ეს, რაც ვიცით სარგონის ცხოვრების ადრეულ წლებზე. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ იგი არ იყო მეფური წარმომავლობის პირი და რომ ხელისუფლების სათავეში მოექცა, უნდა ვიფიქროთ, უზურპაციის გზით ურზაბაბას კარზე მომხდარი რომელილაც არეულობის დროს. სავარაუდოა, რომ ეს შემთხვევა უკავშირდებოდეს ქალაქ ქიშზე ლუგალზაგესის ლაშქრობისა და ურზაბაბას დამარცხების ამბებს. აქადში გამაგრებულმა სარგონმა თავი გამოაცხადა მეფედ და დაირქვა შარუქინი, რაც ნიშნავს „ჭეშმარიტ მეფეს“. სახელი სარგონი ამ უკანასკნელისაგან მომდინარე ბიბლიური ფორმაა. ოფიციალურ წარწერებში სარგონი არსად მიუთითებს თავის მეფურ წარმომავლობაზე. ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ: „ღვთაება ენლილმა მისცა შარუქინს, აქადის მეფეს, „სამეფო ხელისუფლება ზემო ზღვამდე (ხმელთაშუა ზღვა)“. ეს განცხადებაც, სარგონის ზედწოდება შარუქინიც და ლეგენდის მონათხრობიც მისი მეფედ გახდომის შესახებ ემსახურებიან ერთ მიზანს: დაასაბუთონ სარგონის ხელისუფლების კანონიერება.
მეფობის დასაწყისშივე სარგონმა მახვილი მიმართა ქიშის წინააღმდეგ. ლუგალზაგესისაგან დამარცხებული და დასუსტებული ქიშის დაპყრობა სარგონს არ გასჭირვებია. თავისთავად ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი; ქიშზე გაბატონება აქადის მმართველისათვის ნიშნავდა მთელს ჩრდილო შუამდინარეთზე ჰეგემონობის მოპოვებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეს ხელს უხსნიდა სარგონს ფართო საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად სამხრეთზე გაბატონების მიზნით. დღის წესრიგში დგებოდა ბრძოლის აუცილებლობა ლუგალზაგესის წინააღმდეგ, რომელიც მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა მიზნის განხორციელების გზაზე. ლუგალზაგესთან ბრძოლის დაწყების საბაბი, როგორც ყოველთვის, ახლაც ადვილად იქნა გამონახული. სამხრეთის ამ ძლიერმა მბრძანებელმა უარი უთხრა სარგონს დამოყვრებაზე, რაც საკმაო მიზეზი იყო ბრძოლისათვის გამზადებული აქადელი მეფისათვის, დაიწყო ომი, რომელიც სარგონის წარწერათა ცნობების მიხედვით, დამთავრდა ლუგალზაგესისა და მისი მოკავშირეების სრული განადგურებით. თვითონ ლუგალზაგესი ტყვედ იქნა წაყვანილი, გაატარა ღვთაება ენლილის ჭიშკარში და მასვე მსხვერპლად შესწირა თავში კვერთხის ჩატყმით. ამის შემდეგ სარგონის წინაშე იყო ლუგალზაგესის მომხრეთა ახალი კოალიციის – დამარცხების ამოცანა. სარგონმა მოკავშირეთა რაზმები პირველი შეტაკებისთანავე გაანადგურა, როზლის შემდეგაც მან დაიპყრო ქალაქები ური და ლაგაში, აქადის ლაშქარმა მიაღწია „ქვემო ზღვის“ (სპარსეთის ყურის) ნაპირებს და გამარჯვების ნიშნად სარგონმა თაეისი ძლევამოსილი მახვილი ამოავლო ზღვის ტალღებში. ამგვარად გაერთიანდა მთელი შუამდინარეთი. შეიქმნა მანამდე არნახული სიდიდისა და სიძლიერის სახელმწიფო, რომლის საზღვრები სპარსეთის ყურიდან გადაჭიმული იყო ჩრდილო-დასავლეთით სირიის საზღვრებამდე.
რამ განაპირობა სარგონის ასეთი სწრაფი და ძლევამოსილი გამარჯვება? – უპირველეს ყოვლისა, ახალი არმიის ორგანიზაციამ. სარგონმა შექმნა 5400 კაცისაგან შემდგარი მუდმივი ჯარი, რომელიც, ერთ-ერთი წარწერის ცნობის თანახმად, „ყოველდღე სადილობდა მის წინ“. ლაშქრის ძირითადი ბირთვი იყო ფეხოსანთა რაზმი, რომელიც შედგებოდა შუბებითა და საბრძოლო ცულებით შეიარაღებული მეომრებისაგან თითოეული მებრძოლი შეტევის დროს ამ იარაღთაგან ხმარობდა მხოლოდ ერთ-ერთს. თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა თავწოწოლა სპილენძის მუზარადი. სარგონის არმია ბრძოლის დროს გაშლილი წყობრით უტევდა მოწინააღმდეგეს. მას ჰქონდა ძალზე სწრაფი მანევრირების უნარი.
გამარჯვების მეორე მთავარ პირობას წარმოადგენდა სარგონის პოლიტიკა, რომელიც დიამეტრიულად განსხვავდებოდა მისი მოწინააღმდეგის – ლუგალზაგესის – პოლიტიკისაგან. თუ ეს უკანასკნელი ეყრდნობოდა ძველ, გვაროვნულ არისტოკრატიულ ოლიგარქიას, სარგონი, პირიქით, გამოდიოდა ფართო სახალხო მასების მეთაურად. მის მთავარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენდა ახალი, მასზე ეკონომიურად დამოკიდებული მსახურეული არისტოკრატია, რომელიც ყოველთვის უპირისპირდებოდა გვაროვნულ არისტოკრატიას. სწორედ ამ წოდების პოლიტიკური ძლიერების შემუსვრისაკენ იყო მიმართული სახელმწიფოს ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნის მიზნით გატარებული სარგონის პოლიტიკა, მან გადააყენა ოლქის ყოფილი მმართველები და მათ ადგილზე „დასვა მისი პოლიტიკის განუხრელად გამტარებელი პირები.
სარგონი თავიდანვე გრძნობდა კულტის მსახურთა მხარდაჭერის აუცილებლობას. დიდი გავლენის მქონე წრეში დასაყრდენის მოპოვების მიზნით მან შუმერული პანთეონის ღმერთები გამოაცხადა თავის ღვთაებებად, ხოლო ნიფური – საერთო შუმერული რელიგიური ცენტრი – იმპერიის წმინდა საკულტო ადგილად. ცნობილია სარგონის დიდი ზრუნვა დანგრეული ქიშის აღდგენასა და ტაძრების მშენებლობაზე. ამასთან ერთად მან გაატარა ენერგიული ღონისძიებანიც სატაძრო ქონებისა და მეურნეობის მართვა-გამგეობის სადავეების ხელში ჩასაგდებად. უსათუოდ ამ მიზნით დანიშნა სარგონმა თავისი ქალიშვილი ენხედუანა ქალაქ ურში ღვთაება ნანას ტათრის მთავარ ქურუმად.
გვაროვნული არისტოკრატიის წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ საბოლოოდ, როგორც ჩანს, მაინც ვერ გატეხა ეს წოდება, სარგონის ხანგრძლივი მეფობის ბოლო წლებში მის წინააღმდეგ მოხდა აჯანყება. როგორც რამდენიმე არაპირდაპირი ცნობის მიხედვით დგინდება, აჯანყებას სათავეში ედგა სარგონის სწორედ ეს ოპოზიციური წრე. აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს მეფეს თავისივე სატახტო, ქალაქში როგორც მოთხრობილია ქრონიკის ტექსტში, სარგონს ჩაუქრია ეს აჯანყება და ამის შემდეგ ლაშქრობაც კი ჩაუტარებია იმპერიის ჩრდილოეთით მდებარე სუბართუს ქვეყანაში. მალე იფეთქა ახალმა აჯანყებამ, რომელიც შიმშილობის შედეგად ყოფილა გამოწვეული. მისი ჩაქრობა მოხუც სარგონს აღარ დასცალდა. აჯანყების ალში გახვეული ქვეყანა სამეფო მემკვიდრეობად მიიღო მისმა შვილმა რიმუშმა, რომელმაც შეძლო ამ აჯანყების ჩაქრობა.
რიმუშის რამდენიმე მსგავსი შინაარსის მქონე წარწერებიდან შერჩეული ეს ტექსტი (XXIV ს. ბოლო წლები) მოგვითხრობს იმის შე-სახებ, თუ რა ხშირი სადამსჯელო ოპერაციების ჩატარება უხდებოდა სარგონის მემკვიდრეს მამის მიერ შექმნილი დიდი, მაგრამ შინაგანად არამტკიცე იმპერიის მთლიანობის შესანარჩუნებლად.
„რიმუშმა, სამყაროს მეფემ, სამართლიანმა, (რომელსაც) ღვთაება უნლილმა მისცა მეფობა, ბრძოლა შუმერზე ძლევამოსილად (განასრულა): 8742 კაცი გაჟლიტა, (ხოლო) [...] დაატყვევა.. ქაქუგი, ქალაქ ურის მეფე, დაატყვევა; მისი (ქვეშევრდომი) მმართველებიც დაატყვევა და [....]; მათი ფესვები ქვემო ზღვამდე ამოაგდო და 5700 კაცი შუმერის ქალაქებიდან წამოიყვანა. მათი სამხედრო ბანაკები მოშალა და მათი ქალაქები დააქცია და მათი კედლები დაანგრია, ამის შემდეგ, უკან დაბრუნებისას ქალაქი ქაზალუ აჯანყდა მან დააქცია იგი.. ქაზალუში 12051 კაცი გაქლიტა, 5862 (კი) – დაატყვევა ქაზალუს მმართველი აშარიდი დაატყვევა მისი (ქალაქის) კედელი დაანგრია სულ: 54016 კაცი – ზოგი დახოცილი, ზოგი დატყვევებული, ზოგიც მამაკაცი, რომლებიც, – (ამბობს რიმუში), – სამხედრო ბანაკში ამოვჟლიტე, [...], (ზოგიც) ღვთაება შამაშსა და ღვთაება ამალს შევწირე. ეს ყველაფერი სწორია! ამ ლაშქრობის დროს მან (რიმუშმა) თავისი ქანდაკება დაამზადა და ღვთაება ენლილს, მის შემწეს, შესწირა.
ვინც ეს წარწერა გადაშალოს, ენლილმა და შამაშმა მოსპოს იგი: და მისი სახსენებელი ამოაგდოს“.
რიმუშის მეფობის მეცხრე წელს (ზოგიერთი ცნობით, მე-13 წელს) სასახლეში მოეწყო მეფის საწინააღმდეგო შეთქმულება, რომლის დროსაც რიმუში მოკლეს თავისივე ქვის საბეჭდავით. იგი შეცვალა მისმა ძმამ მანიმთუშუმ, რომელიც, არაა გამორიცხული, რომ მონაწილეობდა შეთქმულებაში.
მანიშთუშუს მიერ ჩატარებულ სამხედრო ლაშქრობათაგან ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ორი. ერთი ამათგანი განხორციელდა ელამის ოლქების ანშანისა და შერიხუმის წინააღმდეგ. მეორე კი ცნობილია მანიმთუშუს საზღვაო ლაშქრობის სახელით. ჩვენამდე მოაღწია, მისი სახელით შედგენილმა ვრცელმა დოკუმენტმა, რომლის ტექსტი წარწერილია ქვის დიდ ოთხწახნაგოვან სტელაზე. იგი მეცაიერებაში ცნობილია „მანიშთუშუს ობელისკის“ სახელით: ამ დოკუმენტში შემონახულია ძვირფასი ცნობები ძველი შუამდინარეთის საადგილმამულო ურთიერთობისა და, რაც მთავარია, თემის შესახებ. მასში, კერძოდ, ლაპარაკია ჩრდილო შუამდინარეთში მდებარე ოთხი საქალაქო თემის ტერიტორიაზე მეფე, მანიშთუშუს მიერ სათემო მიწების შესყიდვის შესახებ. ცნობის თანახმად, შესყიდულ იქნა 1300 ჰექტარზე მეტი მიწა, რომლის გამყიდველებად თემის მხრიდან გამოდიან დიდი გვაროვნული ოჯახების (საოჯახო თემების) მეთაური მამები. ისინი იხსენიებიან „მიწის მეუფეებად“, ე.ი. მფლობელებად. გაყიდვის აქტში თემის მხრიდან მონაწილეობენ აგრეთვე „მიწის მეუფეთა ძმებიც“. ამ ტერმინის ქვეშ, უეჭველად იგულისხმებიან მიწის გამყიდველი გვარის შემადგენლობაში შემავალი უფრო წვრილი ოჯახების უფროსები, რომლებიც ითვლებიან მიწის თანამფლობელებად. ეს გარემოება მითითებს, რომ საერთო მფლობელობაში არსებული მიწის გაყიდვა შეიძლებოდა მხოლოდ ყველა მფლობელისა თუ თანამფლობელის თანხმობით.
მანიმთუშუს ობელისკში შემონახული ცნობები წარმოდგენას გვაძლევს თემის სტრუქტურის, მისი მმართველობის ორგანოებისა და ზოგიერთი სხვა საინტერესო საკითხის შესახებ, ცნობილი ხდება, რომ თითოეული საქალაქო თემი შედგებოდა უფრო წვრილი ერთეულების – სასოფლო თემებისაგან, რომლის შემადგენლობაში ერთიანდებოდა ცალკეული გვარები. გვარი იშლებოდა დიდ და მცირე პატრიარქალურ ოჯახებად თუ საოჯახო თემებად რომელთა უფროსებიც - მამები – შეადგენდნენ ჯერ გვარის, ხოლო შემდეგ თემის უხუცესთა საბჭოს. თითოეულ თემში არსებობდა სახალხო კრებაც, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თემის ყველა სრულწლოვანი მამაკაცი. თემის ამ პოლიტიკურ ორგანოთა ფუნქციების შესახებ ჩვენ ზემოთ გვქონდა საუბარი და აქ მასზე აღარ შევჩერდებით. აღვნიშნავთ მხოლოდ შემდეგს. მანიმთუშუს ობელისკის ცნობათა მიხედვით ჩვენთვის ცნობილი ხდება სახალხო კრების კიდევ ერთი საყურადღებო ფუნქცია, კერძოდ: ცალკეული ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების გასხვისების საკითხი უნდა განეხილა და დაემტკიცებინა თემის წევრთა საერთო კრებას, რამდენადაც თემი წარმოადგენდა მის საზღვრებში არსებული ყველა მიწის უმაღლეს მესაკუთრეს,
იმის შესახებ, თუ რა მიზნით შეიძინა მეფემ მიწები ასეთი დიდი რაოდენობით, ტექსტში რაიმე პირდაპირ მითითებას ვერ ვპოულობთ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს აქტი განხორციელდა სახელმწიფო მიწების ფონდის შესავსებად. ამ ფონდიდან კი მნიშვნელოვანი ნაწილი გაიცემოდა მსახურეული არისტოკრატიის წარმომადგენლებზე სამსახურის პირობით. ასეთი პრაქტიკის არსებობა დამოწმებულია ჯერ კიდევ სარგონის მეფობაშიც. სამეურნეო ხასიათის ტექსტებში არა ერთ და ორ დამატებით ცნობას ვპოულობთ, რის მიხედვითაც აშკარა ხდება, რომ სარგონიდების ეპოქაში მაღალი თანამდებობის პირებს საკმაოდ მოზრდილ ნაკვეთებს (15-20 ჰა) ურიგებდნენ.
მანიმთუშუ ხანმოკლე მეფობის შემდეგ შეცვალა ნარამსუენმა, რომლის ზეობაშიც აქადის იმპერიამ თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია. წინამორბედთა მსგავსად, მეფობის დასაწყისში ნარამსუენს მოუხდა ქვეყნის შიგნით მის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩაქრობა. აჯანყებას მეთაურობდა ქიშის თვითმარქვია მეფე იფხურქიში, რომელიც ქიშელებს აურჩევიათ თავის მეთაურად ნარამაუენის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იფხურქიშის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ნარამსუენმა დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის განხორციელება, მან არნახულად გააფართოვა დაპყრობათა არე. ჩრდილოეთის მიმართულებით ჩატარებელი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მას მიუღწევია ევფრატის სათავემდეც კი, რასაც მოწმობს დღევანდელი დიარბექირის ახლოს აღმოჩენილი ბაზალტის ქვის სტელა ნარამსუენის გამოსახულებითა და მისი წარწერის ფრაგმენტით. ასევე წარმატებით მიაღწია მან ფინიკიის დასავლეთ საზღვარს. ნარამსუენის ძლიერი მახვილი მისწვდა მცირე აზიის შორეულ ოლქებსაც კი, სადაც მან დაამარცხა ადგილობრივ მმართველთა საკმაოდ ძლიერი კოალიცია. შუამდინარეთიდან მცირე აზიისაკენ მიემართებოდა ამ დროისათვის ყველაზე დიდი სავაჭრო-საქარავნო გზა, რომლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩატარდა, ალბათ, ნარამსუენის ეს შორეული და ძალზე სარისკო ლაშქრობა, მისმა მეომრებმა დაარბიეს დასავლეთით მდებარე მაგანის ქვეყანა, საიდანაც შუამდინარეთში შემოჰქონდათ ძვირად ღირებული შავი დიორიტის ქვა, ხოლო აღმოსავლეთში – ელამის მთელი რიგი ოლქები. სუზაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ქვის ფილა, რომელზედაც გამოსახულია ძლევამოსილი ნარამსუენი. იგი ამაყად მიუძღვება წინ მთის დაკლაკნილ ბილიკებზე მიმავალ თავის ჯარისკაცებს. აქვე იპოვეს ძველ ელამურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი, რომლის ტექსტი შეიცავს ნარამსუენისადმი ელამელი მმართველების ფიცს. ისინი წარმოთქვამენ, რომ „ნარამსუენის მტერი: ჩვენი მტერია, ხოლო ნარამსუენის მეგობარი – ჩვენი მეგობარიო“.
საყურადღებოა ამ ძლიერი მეფის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებდა იგი ცენტრალიხებული ხელისუფლების გამტკიცებისა და მმართველობის ბიუროკრატიული აპარატის შექმნის მიზნით. ნარამსუენს არ სწამდა ოლქის მმართველთა მოჩვენებითი ერთგულებისა: მან გადააყენა ბევრი მათგანი, რომელთა ნაცვლად მთელ რიგ ოლქებში მმართველებად განაწესა თავისი ვაჟები ან უახლოესი ერთგული პირები.
ტაძრების მშენებლობა-განახლების საქმისადმი განსაკუთრებული მზრუნველობის გამოჩენითა და ქურუმთა სასარგებლოდ გატარებული ზოგიერთი ღონისძიების მეოხებით ნარამსუენმა უზრუნველყო კულტის მსახურთა მხარდაჭერა. ამის უტყუარი საბუთია ის ფაქტი, რომ ღვთაება ენლილის უფროსი ქურუმი ერთ წარწერაში თავს აცხადებს ნარამსუენის მონად. უეჭველად, ქურუმთა წრეში მომწიფდა აზრი ნარამსუენის სიცოცხლეშივე გაღმერთების შესახებ. დაიწყეს მისი სახელის წერა ღვთაების აღმნიშვნელი დეტერმინატივის დამატებით. თავის ტიტულს – „ქვეყნის ოთხივე მხარის მეფე“ – ნარამსუენმა დაუმატა ახალი ტიტული: „აქადის ღმერთი“. ერთ-ერთ წარწერაში იგი ასეთი ტიტულატურითაა მოხსენიებული: „ღვთაება ნარამსუენი, ძლიერი, ღმერთი აქადისა, ქვეყნის ოთხივე მხარის მეფე“. თავის ვაჟებსაც შესაფერისი სახელები დაარქვა მეფემ; უფროს ვაჟს, რომელმაც შემდეგ შეცვალა მამა სამეფო ტახტზე, უწოდა შარქალიშარი, რაც ნიშნავს „ყველა მეფის მეფეს“, მეორეს კი – ბინქალიშარ – „ყველა მეფის მემკვიდრე“.
ნარამსუენის მეფობის ბოლო წლებში აღმოსავლეთიდან ქვეყნის სიღრმეში შემოჭრა დაიწყეს ზაგროსის მთიანეთში მცხოვრებმა მომთაბარე ტომებმა გუთიებმა (კუთიები), რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა ნარამსუენი.
გუთიები შუამდინარეთში ას წელზე მეტ ხანს ბატონობდნენ (2250–2140 ძვ. წ.), რაც ძალზე ძვირად დაუჯდა ქვეყანას. განსაკუთრებით დაზარალდა ჩრდილო ოლქები. იმდროინდელი წარწერები მოგვითხრობენ მოძალადეთა უღლის სიმძიმისა და აოხრებული ქვეყნის სავალალო მდგომარეობის შესახებ. მოიშალა სარწყავი სისტემა, რის გამოც აღარ ირწყვებოდა მინდვრები. შემცირდა მოსავალი; ხშირი იყო შიმშილობაც. მდინარე ტიგროსზე შეწყდა ნაოსნობა, შუამდინარეთის მოსახლეობა გუთიებმა დაბეგრეს გადასახადებით. ხალხი დამპყრობლებს უწოდებდა „მთის შხამიან გველს, რომელმაც აავსო ქვეყანა მტრობითა და ძალდატანებით“. ამ ეპოქის ერთ-ერთ წარწერამი ნათქვამია: „გუთიები აშორებენ მეუღლეებს ერთმანეთს, სტაცებენ შვილებს დედ-მამას“.
ჩრდილო ოლქებთან შედარებით უკეთეს მდგობარეობაში იყო სამხრეთ შუამდინარეთი, რომელსაც არ განუცდია დარბევა და აოხრება. ადგილობრივი მდიდარი ქალაქები უფრო ადვილად ართმევდნენ თავს დამპყრობელთა გადასახადებსაც. სხვებს შორის განსაკუთრებით დაწინაურდა ლაგაში, რომლის ახალი პოლიტიკური აღმავლობის დასაწყისი უკავშირდება ურბაბას (XXII ს. I ნახევარი ძვ.წ.) ენსობის ხანას. ურბაბა აწარმოებდა ლაგაშში ფართო სააღმშენებლო საქმიანობას. როგორც ჩანს, იგი იყო ძალზე მდიდარი და გავლენიანი ენსი. გუთიების ჰეგემონობით იგი ავრცელებდა თავის გავლენას სამხრეთ შუამდინარეთის რიგ ოლქებზე. ურბაბას გარდაცვალების შემდეგ ლაგაშის ენსი გახდა მისი სიძე გუდეა (XXII ს. II ნახევარი ძვ. წ.). განსაკუთრებით გუდეას ენსობის დროს მიაღწია ლაგაშმა აყვავებას. თავის წარწერებში გუდეა თავის თავს უწოდებს არა მარტო ენსის, არამედ მთელი „ქვეყნის კეთილ მწყემსსაც“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი ხელისუფლება საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლაგაში ამ დროისათვის გუთიებისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მისი მმართველი ვალდებული იყო ყოველწლიური ხარკი გადაეხადა დამპყრობლებისათვის, რის საფასურადაც გუდეამ უზრუნველყო მშვიდობიანობა თავის სამფლობელოში. იგი პოულობდა სათანადო სახსრებს, რომ ფართოდ ეწარმოებინა ტაძრებისა და სასახლეების მშენებლობა არა მარტო ლაგაშში, არამედ ქალაქ ურშიც. გუდეა შუმერის ისტორიაში ცნობილია „მშენებელი ენსის“ სახელით. მშენებლობისათვის გუდეას გამოუყენებია პირველხარისხოვანი მასალა, რომელიც შემოუზიდავს მეზობელი ქვეყნებიდან, კერძოდ, კედრის ხე – ლიბანისა და ამანის მთებიდან, შორს დასავლეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე რომ მდებარეობდნენ, დასავლეთიდან შემოუზიდავთ აგრეთვე მარმარილო, სპილენძი და ოქროს შემცველი ქვიშა, შავი დიორიტის ქვები კი – მაგანის ქვეყნიდან ელამიდან მოუწვევიათ ქვითხუროები და სხვა ხელობის ოსტატებიც. ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ ფართო იყო იმდროინდელი ლაგაშის საგარეო ვაჭრობის სფერო.
მსგავს ეკონომიკურ მომძლავრებას, როგორც ჩანს, განიცდიდნენ შუმერის სხვა ქალაქებიც, როგორიცაა უმა და ურუქი. განსაკუთრებით დაწინაურდა ამ დროს ურუქის მმართველი უთუხენგალი, რომელიც მალე სათავეში ჩაუდგა უცხოელთა ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლებისათვის ბრძოლას. გუთიების წინააღმდეგ უთუხენგალის ბრძოლის შესახებ მოთხრობილია ლექსის ფორმით შედგენილ მის წარწერაში, რომლის ორმა დუბლიკატმა მოაღწია ჩვენამდე. მასში მოთხრობილია, რომ უთუხენგალმა თავისი რაზმებით ბრძოლა გაუმართა გუთიების მეფეს თირიქანს. მოსახლეობის ფართო ფენების აქტიური მხარდაჭერით უთუხენგალმა შედარებით ადვილად სძლია მოწინააღმდეგეს. თირიქანი ბრძოლის ველიდან გაიქცა და თავი შეაფარა სოფელ დუბრუმს, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ იგი შეიპყრო რა გადასცა უთუხენგალს. გუთიების ეს უკანასკნელი მეფე სიკვდილით იქნა დასჯილი. ამით დასრულდა უცხოელთა საუკუნოვანი ბატონობა წუამდინარეთში. უთუხენგალმა აღადგინა „შუმერისა და აქადის სამეფო“, როგორც ამის შესახებ ნათქვაბია ზემოხსენებულ წარწერაში. მაგრამ მას მშვიდობიანი მმართველობა დიდხანს არ დასცალდა. ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი დაიხრჩო წყალში. ამიერიდან მთელს შუამდინარეთზე მბრძანებლობა მოიპოვეს ურის III დინასტიის ძლიერმა წარსომადგენლებმა, რომელთა მმართველობას უკავშირდება დესპოტიზმის დამყარება შუამდინარეთში.

Комментариев нет:
Отправить комментарий