გვერდები

вторник, 7 сентября 2021 г.

ურის III დინასტია (ძვ. წ. 2132–2024 წწ.)

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი მნიშვნელობის მოევლენას წარმოადგენდა მთელი   შუამდინარეთის ხელახალი გაერთიანება მტკიცე ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ. ამან შექმნა სამიწათმოქმედო მეურნეობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. სწრაფი ტემპით დაიწყო საირიგაციო სისტემის განახლების სამუშაოები. ამასთან ერთად გაყვანილ იქნა ახალი არხებიც. როგორც ეს გარკვევით ჩანს ამ ეპოქის ჩვენამდე მოღწეული მრავალი ათასი სამეურნეო ხასიათის ტექსტის ცნობიდან, განსაკუთრებულ ეკონომიკურ სიძლიერეს მიაღწია სახელმწიფო მეურნეობამ, რომელსაც ჯერ კიდევ სარგონიდების ხანაში შეუერთდა სატაძრო მეურნეობა. მიწის უზარმაზარი მასივები, რომელიც უშუალოდ სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მუშავდებოდა ძირითადად თავისუფალი მუშახელის გამოყენებით. აღნიშნული ეპოქისათვის შეიმჩნევა დაქირავებული მუშახელის რაოდენობის ერთგვარი ზრდაც, რაც სავსებით გასაგები მიზეზით იყო გამოწვეული. თემის შიგნით სწრაფი ტემპით მიმდინარე ქონებრივი დიფერენციაციის შედეგად თანდათანობით იზრდებოდა ნახევრად უმიწო და მცირემიწიან მეთემეთა რიცხვი. ოჯახის  გამოკვებისათვის  საჭირო აუცილებელი  მინიმუმის  მოპოვების  მიზნით  ისინი  ხალისით  თანხმდებოდნენ მოქირავნეობაზე.  მეურნეობის  ადმინისტრაციაც  ფაროდ  მიმართავდა  ასეთი  მუშახელის  მოზიდვას.  შეიმჩნევა  აგრეთვე მონათა  შრომის  უფრო ფართოდ გამოყენებაც,  მაგრამ  ამას   არ   მოუხდენია  მუშა  პერსონალის  სოციალურ  შემადგენლობაზე,  რაიმე  არსებითი  ხასიათის  გავლენა.  გაბატონებული  მდგომარეობა  წარმოებაში  წინანდებურად  ეჭირა  თავისუფალ  მუშახელს. 

ამ  ეპოქისათვის არ  შეინიშნება  ცვლილება  მეურნეობის  მმართველობის  ადმინისტრაციულ  წესსა  და  შრომის  ანაზღაურების  მანამდე  არსებულ  ფორმებშიაც. მიწათმოქმედებასთან ერთად  ვითარდება  მეურნეობის  ისეთი  დამხმარე  დარგები,  როგორიცაა  მებაღეობა  და  მეცხოველეობა.  შეინიშნება  ხელოსნური  ნაწარმის   ცალკეული   დარგების  აღმავლობაც;  ვითარდება  საშინაო   და  საგარეო  ვაჭრობა.
სახელმწიფოს მეთაურს ამ დროისათვის წარმოადგენს შეუზღუდველი, სიცოცხლეშივე  გაღმერთებული   მეფე, რომლის  მტკიცედ ცენტრალიზებულ  ხელისუფლებას  უსიტყვოდ  ემორჩილება  მმართველობის  ბიუროკრატიული აპარატი. ცალკეული ოლქის მმართველები ცენტრალურ  ხელისუფლებაზე  დამოკიდებული  უბრალო  მოხელეები არიან,  რომლებსაც  მეფე  თავისი შეხედულების მიხედვით გადააყენებს ხოლმე, ან  გადაიყვანს  ერთი  ქალაქიდან  მეორეში.  ამის  გამო  ოლქის მმართვლები  ნაკლებ  უკავშირდებოდნენ თავიანთი საგამგებლოს  მოსახლეობას,  რაც  გამორიცხავდა  მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური  დაჯგუფების  წარმოშობის შესაძლებლობას. ცენტრალური ხელისუფლების  გაძლიერების  უტყუარი  მოწმეა  კანონთა  კრებულების  გამოცემა,  რომლებმაც  ფრაგმენტების  სახით  მოაღწიეს  ჩვენამდე.  ერთი  ამათგანი  შედგენილია   ურის III დინასტიის პირველი წარმომადგენლის  ურნამუს  (2132–2113 წწ. ძვ. წ.)  სახელით.  ესაა დღესდღეობით  ყველაზე  უძველესი  კანონები. სამწუხაროდ, იგი  ფრაგმენტულია,  მაგრამ  მაინც  ხერხდება  ზოგიერთი მუხლის  მთლიანი  სახით  აღდგენა. შესავალში  მეფე-კანონმდებელი  მოგვითხრობს თავისი მმართველობის  შესახებ,   საიდანაც  ცნობილი ხდება,   რომ ურნამუს სამეფო  მოღვაწეობის  დასაწყისში  მთელი რიგი ღონისძიება ჩაუტარებია სახელმწიფოს  სამხედრო  ძლიერების ამაღლების  მიზნით. მალე მას  გაულაშქრია  მეზობელი  ლაგაშის  მმართველის, გუდეას სიძისა და მემკვიდრის  ნამახანის წინააღმდეგ,    დაუმარცხებია  იგი და   ტყვედ წაყვანილი  სიკვდილით  დაუსჯია  კიდეც.  ამის შემდეგ  ურნამუ შეუდგა რეფორმების  გატარებასა  და  საკანონმდებლო საქმიანობას, რის  შედეგსაც  წარმოადგენს  სწორედ  ზემოხსენებული კანონები, რომლებიც  ამავე  დროს ერთადერთი  წყაროა  ურის III   დინასტიის მამამთავრის  ურნამუს  პოლიტიკური  მოღვაწეობის ზოგიერთი  მხარის  გასაცნობად.  ჩვენამდე  მოაღწია  აგრეთვე  ამ   მეფის  სახელით შედგენილმა რამდენიმე  სააღმშენებლო  წარწერამაც,  სადაც  ძირითადად ლაპარაკია მისი  ხელმძღვნელობით  წარმოებული  ტაძრების  მშენებლობის  შესახებ. 
შუამდინარეთის  გაერთიანებულმა  სახელმწიფომ  კვლავ  მიაღწია დიდ სამხედრო და პოლიტიკურ  ძლიერებას  ურნამუს  მომდევნო  მეფის  შულგის  ზეობაში  (2112–2065  წწ.  ძვ.წ.). მან  ჩაატარა  არაერთი ძლევამოსილი  ლაშქრობა  ზაგროსის  მთიანეთში  მცხოვრები  ტომების – სუმურებისა  და ლულუბეელების     –  წინააღმდეგ,  რის  შედეგადაც  ამ უკანასკნელთ  კარგა ხნით დაეკარგათ შუამდინარეთზე  ლაშქრობის   სურვილი. 
შულგიმ  ასევე  წარმატებით  დალაშქრა  ელამიც,  გაანადგურა  მისი ერთ-ერთი  ოლქი  ანშანი,  სადაც  მმართველად  დასვა  თავისი  მოხელე.  ამის  შემდეგ  მისი  მახვილი  მიმართული  იქნა  ჩრდილოეთით  სუბართუსა  და  მდინარე  ტიგროსის  სათავეებში  მდებარე  სხვა  ოლქების წინააღმდეგაც.  ალბათ,  ამ   მხარეში  მოპოვებულმა  წარმატებებმა  განაპირობეს შულგის  შემდგომი ლაშქრობა  უფრო  შორს,  სამხრეთ-დასავლეთის  მიმართულებით,  სირიაში.  ყოველივე  ამის  შემდეგ აღდგა შუამდინარეთის  ერთიანი  შუმერულ-აქადური  სახელმწიფოს  ძველებური  სიძლიერე.  თავის  წარწერებში  შულგი  იწოდება  „შუმერისა  და აქადის  მეფედ“.  მის  ტიტულატურას  ემატება  ახალი წოდებაც  – „ქიშის   მეფე“,   რაც  ამ    დროისათვის  იხმარებოდა  მსოფლიო  მბრძანებლის  სინონიმად.  ამასთან  ერთად  შულგიმ  თავისი  თავი  გამოაცხადა ღმერთადაც.  მისი  პიროვნების  კულტი  ოფიციალური  რელიგიის  მიერ გათანაბრებულ  იქნა  უმაღლესი  ღვთაების  კულტთან. 
მომდევნო  მეფეებს  აღარ  მიეცათ  ფართო  დაპყრობითი  ლაშქრობების  წარმოების  შესაძლებლობა,  საერთო  მდგომარეობა  ძალზე  არასახარბიელოდ შეიცვალა  მათთვის,  როცა შუამდინარეთზე  კვლავ  განაახლეს  შემოტევა  ამორეველთა  ტომებმა,  რომლებთანაც  პირველი  შეტაკება  ჯერ  კიდევ  აქადის  მეფე  შარქალიშარს  მოუხდა.  შულგის  მემკვიდრეები  –  ამარსუენა  (2064–2056  წწ.  ძვ.წ.)   და შუსუენა  (2055–2047  წწ.  ძვ.წ.) – აწარმოებდნენ შეუპოვარ ბრძოლას ამ ახალი მტრის წინააღმდეგ.  შუსუენმა თავის  მეფობის  მეოთხე  წელს  ააშენა  კიდევაც „დასავლეთის  კედელი“,  მაგრამ  უშედეგოდ.   აღმოსავლეთიდან ელამელთა  მიერ განახლებული  შემოტევებით,  ხოლო  დასავლეთიდან ამორეველთა  ლაშქრობებით  დასუსტებული  ური  მალე  დაეცა.  ურის III დინასტიის  უკანასკნელი  მეფე  იბისუენა (2046-2024 წწ. ძვ.წ.) აღმოსავლეთიდან  შემოჭრილ  ელამელებთან  ბრძოლაში  სასტიკად  დამარცხდა.  იგი  ტყვედ  იქნა  წაყვანილი  ელამში.  ამ   ბრძოლის  თარიღი ძვ.წ.   2024  წ.   ითვლება  ურის  III დინასტიის  დაცემის  თარიღადაც. დაიშალა  ერთიანი შუმერულ-აქადური  სახელმწიფო,  რომლის  ნანგრევებზე  მოგვიანებით  აღმოცენდა  რამდენიმე  მცირე  სამეფო.

Комментариев нет:

Отправить комментарий