გვერდები

воскресенье, 22 апреля 2018 г.

სოლონი – ძველი ათენის სახელმწიფო მოღვაწე (დაახლ, ძვ.წ. 640-559 66.)

ანტიკური წყაროების მიხედვით მოამზადა ნანა ტონიამ
სოლონს ძველ სამყაროშივე მოიხსენიებდნენ „შვიდ ბრძენთა“ შორის1. მის განსწავლულობაზე ბევრს მოგვითხრობენ ანტიკური წყაროები. მათ შემოგვინახეს სენტენციებად გავრცელებული მისი გამონათქვამები. სოლონს მიაკუთვნებდნენ დელფოს სამისნოს წარწერებს: „შეიცან თავი შენი“ და „არაფერი უზომოდ“, აგრეთვე ცნობილ სენტენციას: „ყველაფერს ბოლო გამოაჩენს“. სოლონს მიეწერება იმ ათენური კონსტიტუციის შექმნა, თანამედროვე ისტორიკოსები ევროპული აზროვნების დემოკრატიული იდეალების საწინდრად მიიჩნევენ ლიტერატურის ისტორიაში იგი ცნობილია პოეტად, რომელმაც ბერძნულ ლირიკაში შემოიტანა სრულიად ახალი ნაკადი, რაც პიროვნული პოზიციის წარმოჩენით გამოიხატა. ასე რომ, სოლონი ისტორიაში შევიდა ვითარცა ბრძენიც, კანონმდებელიცა და პოეტიც.
სოლონი წარჩინებულთა გვარის ჩამომავალი იყო. მის დიდ წინაპრად ასახელებენ ათენის მეფე კოდროსს (ძვ.წ. VIII ს.), რომელმაც, გადმოცემათა თანახმად, გმირულად გაწირა თავი სამშობლოსათვის.2
სოლონის ბავშვობასა და სიყმაწვილეზე არაფერს მოგვითხრობენ ანტიკური ხანის ბიოგრაფები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისი არ ყოფილა მდიდარი კაცი. მამის გარდაცვალების შემდეგ სოლონი თითქმის უსახსროდ დარჩენილა, უცხოთაგან დახმარების მიღება სამარცხვნიოდ მიუჩნევია და განუზრახავს ზღვის გაღმა ეცადა ბედი. მას შორეულ ქვეყნებში ხომალდებით გადაჰქონდა ათენური ნაწარმი, ხოლო იქიდან სხვა საქონელს ეზიდებოდა.
იმხანად ათენში ზღვის მიღმა ქვეყნებთან ვაჭრობით თამამ მოქალაქეთაგან მცირეოდენნი თუ იყვნენ დაინტერესებულნი. უპირველეს ყოვლისა, ესენი იყვნენ მდიდარი არისტოკრატები, აგრეთვე ხალხიდან გამოსული შეძლებული და გამბედავი ვაჭრები. ზღვის მიღმა მოგზაურობა სახიფათო იყო, სამაგიეროდ ერთი წარმატებით დაგვირგვინებული საქმე უზარმაზარ მოგებას იძლეოდა. ადამიანს, რომელმაც იმოგზაურა უცხო ქვეყნებში, რომელმაც სათანადო ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინა, თანამოქალაქენი დიდი პატივით ეპყრობოდნენ.
სოლონი ზღვის გადაღმა მიემგზავრებოდა არა მხოლოდ სიმდიდრის მოსახვეჭად, არამედ სიბრძნის შესაძენად, ადამიანთა მრავალფეროვანი ზნისა და ჩვევების შესასწავლად, სამყაროს შესაცნობად. ქონებას ქონებისათვის, სოლონი არ სცნობდა. იგი თვლიდა, რომ ბედნიერება მხოლოდ ფული არ არის. მისი თქმით: „თანაბრად მდიდარია ორივე, ისიც, ვინც უხვად ფლობს ვერცხლსა თუ ოქროს, პურით მდიდარი მიწის ველებს, ცხენებს და ჯორებს, და ისიც, ვინც თავის დროზე დაოჯახდა, ჰყავს ცოლიც, შვილიც, რაკიღა ძალუძს სიჭაბუკის ასაკით ტკბობა. სხვა ადგილას იგი აღნიშნავს: „მსურს მოვიხვეჭო სიმდიდრე, მაგრამ მისი უსამართლოდ მოპოვება როდი მწადია, რადგანაც ბოლოს სამართალი უნდა აღსრულდეს“.
მართალია, სოლონი წარმატებული მოგზაურობების წყალობით გამდიდრდა, მაგრამ სიქველესა და კეთილ სახელს ამჯობინებდა მუდამ სიმდიდრეს. აი, რას ამბობდა იგი ერთ ლექსში: „მრავალია ბოროტი კაცი მდიდართა შორის, ხოლო კეთილი – ღარიბთა შორის. მაგრამ სიქველე სიმდიდრეზე არ გაიცვლება. იგი 
ჩვენშია შეუცვლელად, ფულს კი დღეს ერთნი, ხვალ სულ სხვანი ეუფლებიან“. 
მოგზაურობიდან დაბრუნებული სოლონი სამშობლოში პარტიათა გაცხოველებული ბრძოლების მოწმე შეიქნა. უბრალო ხალსს მიწა არ ჰქონდა, იგი გმინავდა წარჩინებულთა უღელქვეშ. ხალხი იბრძოდა ევპატრიდების წინააღმდეგ პურისა და თავისუფლების მოთხოვნით.
სოლონმა იმთავითვე ხალხს დაუჭირა მხარი და მისი პატივისცემა დაიმსახურა. ღარიბებმა იგი მფარველად მიიჩნიეს. სოლონმა თავისი არაჩვეულებრივი პოეტური ნიჭი ხალხის სამსახურისკენ მიმართა. შესანიშნავი ლექსებით, რომლებიც მაშინ ყველამ ზეპირად იცოდა, პოეტი მოწინააღმდეგეებს შთააგონებდა, შეენდოთ ერთმანეთისთვის სამშობლოს საკეთილდღეოდ, შემდგომში კი განმარტავდა მის მიერვე გამოცემული კანონების აზრსა და მიზანს.
იმხანად ათენელებს მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა ჰქონდათ მეზობელ მეგარასთან კუნძულ სალამისის გამო. ეს კუნძული გზას უხშობდა ათენისაკენ მიმავალ და ათენიდან მომავალ ხომალდებს. სალამისის მფლობელ მეგარელებს შეეძლოთ, შეეფერხებინათ ათენში პურის შეტანა (საკუთარი პური ათენს არ ჰყოფნიდა); ქალაქს შიმშილი ემუქრებოდა; ამიტომ ათენელები ამ კუნძულს უნდა დაპატრონებოდნენ. ათენის ლაშქარმა შეძლო კიდეც ხანმოკლე დროით ხელში ჩაეგდო სალამისი, მაგრამ შინაური აშლილობისა და პარტიათა შუღლის გამო ვერ შეინარჩუნა იგი.
მდიდარ ევპატრიდებს, რომლებიც მაშინ ათენს განაგებდნენ, არ ესაჭიროებოდათ ზღვის მიღმა ვაჭრობის წარმოება. მათ გამოსცეს კანონი, რომელიც კრძალავდა სახალხო კრებაზე სალამისის საკითხის წამოჭრას.
უბრალო ხალხი – მეზღვაურები, ქალაქის ხელოსნები, ვაჭრები, ნავსადგურის მუშები – პირიქით, მოითხოვდნენ ბრძოლის გაგრძელებას, რადგანაც საზღვაო ვაჭრობის შეწყვეტა მათთვის სიღატაკესა და დაქცევას ნიშნავდა.
სოლონი, ჩაუდგა რა სათავეში უბრალო მოქალაქეებს, იბრძოდა ომის განსაახლებლად. რამდენადაც კანონი ამგვარ ქმედებას კრძალავდა, მან თავი მოიგიჟიანა.
ერთხელ ათენელებმა დაინახეს მაცნეს სამოსში გამოწყობილი უცნაური კაცი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი მირბოდა ქალაქის მოედნისკენ. ეს იყო სოლონი. მოედანზე მის გარშემო თავი მოიყარა ბრბომ. სოლონის სიგიჟის ამბავი მთელმა ქალაქმა იცოდა. იგი ავიდა მაცნეთათვის განკუთვნილ ლოდზე და დაიწყო საკუთარი ლექსის სიმღერით თქმა: „მაცნე გეახლეთ სასურველი სალამისიდან, ნაცვლად მჭევრმეტყველებისა ისმინეთ სიმღერა, სიტყვათა მშვენება“. ამ ლექსით იგი ეუბნებოდა შეკრებილებს, რომ სამარცხვინოა ათენელად მოჰქონდეთ თავი, რამეთუ არ შეუძლიათ სალამისის შენარჩუნება: „მალე იხილავთ, გავრცელდება ჩვენზე საზარი მიეთ-მოეთი, ასე იტყვიან, ეს კაცი ხომ ატიკელია, სადაც გაჰყიდეს სალამისი“. შემდეგ სოლონი მხურვალედ მოუწოდებდა ხალხს: „სალამისისკენ ვისწრაფოთ, თავი გავწიროთ სასურველი კუნძულისათვის, რათა ეს სამარცხვინო დამღა ჩამოვიცილოთ“.
ხალხი სიხარულით შეეგება სოლონის მოწოდებას. მალე მკაცრი კანონი შეიცვალა და ომი განახლდა. ათენის ლაშქარს სათავეში ჩაუდგა სოლონი. მან პისისტრატოსთან ერთად, რომელიც შემდგომ აფენის ტირანად აირჩიეს, გაცურა კუნძულ სალამისის მოპირდაპირე კონცხისკენ7. იქ ათენელი ქალები იმხანად ზეიმობდნენ თესმოფორიებს, რომელიც ქალღმერთ დემეტრეს პატივსაცემად იმართებოდა3.
სოლონმა თავის მეომრებს უბრძანა, გადაეცვათ ქალის სამოსი და იარაღი მოსასხამის ქვეშ დაემალათ. იმავე დროს სალამისზე გადაგზავნა ერთი მებრძოლი. წარგზავნილმა მეგარელებს ურჩია, ტყვედ ჩაეგდოთ ათენელი ქალები, რომლებსაც მრავლად მოეყარათ თავი დღესასწაულზე. მეგარელებმა ყურად იღეს მისი 
რჩევა, იარაღი აისხეს და ატიკის სანაპიროებს მიადგნენ. მოულოდნელად მათ თავს 
დაესხნენ ჩასაფრებული ათენელები პისისტრატოსის მეთაურობით. მათ მეგარელთა დიდი ნაწილი გაანადგურეს და ხელთ ჩაიგდეს ხომალდები. შემდეგ ათენელებმა გასცურეს სალამისისკენ და დაიკავეს კუნძული.
მეგარელებმა როდი სცნეს თავი დამარცხებულად. ომი გაგრძელდა. ბოლოს ორივე მხარემ გადაწყვიტა შუამავლობა ეთხოვა სპარტასთვის – იმხანად ყველაზე ძლიერი ბერძნული სახელმწიფოსთვის. 
სოლონი ოსტატურად ცდილობდა, დაემტკიცებინა სპარტელებისთვის, რომ სალამისზე ოდითგანვე ვრცელდებოდა ათენელთა უფლებები. იგი იმოწმებდა პოემა „ილიადას“, რომელსაც დიდად აფასებდნენ ბერძნები. „ილიადაში“, რომელიც პირველად ათენში, გადმოცემათა თანახმად, სოლონის დროს ჩაიწერა, ვკითხულობთ, რომ ჰომეროსის ეპოქაში სალამისი ათენელთა ძალაუფლებას მორჩილებდა4. თუმცა ჯერ კიდევ უძველეს დროში მიაჩნდათ, რომ პოემის ეს ადგილი ათენელთა მიერ იყო ჩამატებული სალამისზე საკუთარი უფლებების დასამტკიცებლად.
სპარტის ხუთმა მსაჯულმა, მოუსმინა რა ორივე მხარეს, სალამისი ათენელებს მიაკუთვნა. 
ათენელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სოლონის სახელს მთელს ატიკაში განადიდებდნენ. თუკი ადრე მას მხოლოდ ქალაქის მოსახლეობა სცნობდა ბელადად, დახმარებისთვის მიმართავდნენ უკვე გლეხებიც, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ატიკის მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევდა, მაგრამ სოლონის დროიდან განვითარება დაიწყო ხელოსნობამაც. ათენში წარჩინებულთა (ევპატრიდთა) გარდა ცხოვრობდნენ ხელოსნები, ზღვაოსნები, მოვაჭრენი, აგრეთვე უცხოელები – მეტოიკოსები5. მდიდარ ევპატრიდთა უმეტესობა ფლობდა ოდინდელ საგვარეულო მიწებს, რომელთაც ამუშავებდა მონათა და თავისუფალ გლეხთა შრომის გამოყენებით. გლეხებს მხოლოდ უმნიშვნელო ნაკვეთები ერგებოდათ. რამდენადაც საუკეთესო მიწებს ევპატრიდები ისაკუთრებდნენ, გლეხებს მიწის უვარგისობის გამო ძლივსღა შეეძლოთ საკუთარი ოჯახების გამოკვება. ისინი დახმარებისთვის მიმართავდნენ ევპატრიდებს, მათგან სესხად იღებდნენ დასათეს მარცვლეულს, თხოულობდნენ ხარებს სამიწათმოქმედო სამუშაოებისათვის.
თანდათანობით გლეხები მდიდარ ევპატრიდთა თუ ქალაქის მევახშეთა მძიმე წნეხის ქვეშ ექცეოდნენ. მუშაობდნენ რა გამთენიიდან დაღამებამდე, ისინი იძულებულნი იყვნენ მოწეული მოსავლის 5/6 ვალში მიეცათ. თუკი დროულად არ გადაიხდიდნენ ვალს, მათი მიწები ევპატრიდთა ან მევახშეთა ხელში გადადიოდა, თავად კი, ოჯახთან ერთად მონებად იქცეოდნენ.
აუტანელი შრომით ქანცგაწყვეტილი მრავალი გლეხი იძულებული იყო, მიეტოვებინა კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მონად გაეყიდა შვილები და ქალაქში გაქცეულიყო. შედარებით გამბედავნი კი საძულველ მჩაგვრელ - ევპატრიდთა წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებებს აწყობდნენ, მოითხოვდნენ ვალების გაუქმებასა და საკუთარ მიწათა დაბრუნებას.
და ბოლოს, გაღატაკებულმა გლეხებმა შეძლეს ქალაქის ხელოსნებთან გაერთიანება და სოლონის არქონტად არჩევა (ძვ.წ. 594 წ.). სოლონი გახდა შუამავალი მებრძოლ პარტიათა შორის. მან მიიღო 
„არსებულ კანონთა შეცვლის ან შენარჩუნებისა და ახალთა შემოღების“ უფლება.
ორივე მხარე სოლონზე დიდ იმედებს ამყარებდა. გლეხები მას სამართლიან კაცად თვლიდნენ და სწამდათ, რომ იგი მათ იმედებს გაამართლებდა. ევპატრიდები კი მიიჩნევდნენ, რომ წარჩინებულთა წრიდან გამოსული სოლონი მათ ინტერესებს დაიცავდა. ისინი იმოწმებდნენ მის ადრეულ გამონათქვამს: „თანასწორობას თან არ სდევს ომი“.
ეს სიტყვები მოსწონდათ მდიდრებსაც და ღარიბებსაც. ერთნი იმედოვნებდნენ, რომ პატივდებულნი იქნებოდნენ ღირსებისა და დამსახურებისამებრ, სხვანი კანონმდებლისგან მიწისა და ქონების სამართლიან გადანაწილებას ელოდნენ.
ზოგნი არწმუნებდნენ სოლონს, გამხდარიყო ათენის ერთპიროვნული განმგებელი (ტირანი). მაგრამ სოლონმა უგულებელყო ეს წინადადება. იგი ამბობდა, რომ ტირანია ეს არის ციხე, საიდანაც შეუძლებელია გამოსვლა. ადამიანი, რომელიც ძალით ჩაიგდებს ხელში უფლებებს მშობლიურ ქალაქში, არ მოისურვებს მისგან განდგომასა და აუცილებლად გამოიყენებს მას მოქალაქეთა დასათრგუნავად. მოგვიანებით, იხსენებდა რა ამ დროებას, სოლონი სიამაყით აღნიშნავდა: „ჩემი სამშობლო დავინდე და იქ ტირანიის სისასტიკე არ შემოვუშვი, ჩემი სახელი არ წავბილწე, არ შევარცხვინე; ამას არ ვნანობ, ასე უფრო მალე მივაღწევ გამარჯვებას“. თუმცა, უარყო რა ტირანია, სოლონმა როდი გამოავლინა ჭეტისმეტი ლმობიერება. იგი ლამობდა ძალისა და სამართლიანობის შეთავსებას.
ადათის მიხედვით, თანამდებობის დაკავების წინ სოლონმა რჩევა ჰკითხა აპოლონის მისანს დელფოში. ქურუმთა ღმერთებისმიერი პასუხი ასეთი იყო: „ხომალდში მჯდომმა აღასრულე მესაჭის საქმე, ათენელთაგან მაშინ შენთან მრავალს იხილავ“.
სოლონმა არ ისურვა, ანდა ვერ შეძლო გაღატაკებული ხალხის ყველა სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება. თავად წარჩინებულთა წრიდან გამოსული მდიდარი კაცი თვლიდა, რომ უბრალო ხალხი ევპატრიდთა თანაბარი არ უნდა ყოფილიყო. სოლონმა გლეხებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, კი არ გაუდიდა მიწის ნაკვეთები მდიდართა ხარჯზე, არამედ დაუბრუნა მხოლოდ ის, რაც მათ ვალის გამო დაკარგეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან მიწა სამართლიანად არ გადაანაწილა.
გლეხებს, რომლებიც მიწის გადანაწილებას მოითხოვდნენ, იგი „მტაცებლებს“ უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ „შეუძლებელია მდაბიოსა და კეთილშობილს თანაბარი წილი ერგოთო“. მეორეს მხრივ, იგი არწმუნებდა მდიდრებს, შეეწყვიტათ ღარიბთა თრგუნვა: „მსურს დავიოკოთ სიამაყე, სული აღვივსოთ ლმობიერებით, მეტისმეტსაც ნუ მოვისურვებთ, ჩვენ ხომ, თავადაც მოგეხსენებათ, მათ არ დავუთმობთ“.
 სოლონმა გამოაცხადა, რომ სურს აღადგინოს ძველი „მამაპაპეული“ წესრიგი. მოგვიანებით, განმარტავდა რა თავის რეფორმებს, სოლონი აღნიშნავდა: „დიაღაც, ხალხს სასურველი პატივი მივაგე ისე, რომ მათი უფლებები არ შემიზღუდავს, სამაგიეროდ არც ახალი მიმინიჭებია. მათზეც ვიფიქრე, ვინც ძალას და სიმდიდრეს ფლობდა, რომ არაფერი დაჰკლებოდათ“.
ამისთვის სოლონი ხალხისგან მადლიერებას ელოდა, წარჩინებულთაგან კი მეგობრობასა და თანადგომას. იგი ამბობდა: „მწარე სიმართლე რომ გაუწყოთ, ესეც იცოდეთ: ხალხს რაც მიეგო, სიზმრადაც არ ეზმანებოდა, ხოლო მდიდარნი და ძალმოსილნი მე უნდა მცემდნენ პატივსა და მეგობრად მაღიარებდნენ“.
უპირველეს ყოვლისა, სოლონმა გააუქმა ვალები და აკრძალა ვალით გამოწვეული მონობა.
ათენში წესად იყო შემოღებული მოვალის მიწაზე ვალის ოდენობის მაჩვენებელი ლორფინის ან ქვის სვეტის დადგმა. სოლონმა ბრძანა ასეთი სვეტების მოხსნა, საზღვრებს მიღმა ვალში გაყიდულ გლეხთა მოძებნა და სახელმწიფოს ხარჯით გამოხსნა.
მოგვიანებით სოლონი ამის თაობაზე სიამაყით აღნიშნავდა თავის ლექსებში: „ხომ აღვასრულე ყოველივე, რაც ხალხს აღვუთქვი, რითაც ხალხი შევაკავშირე? დროის სამსჯავროს უკეთესად მოახსენებდა ამას ალბათ ოლიმპოსის6 ღვთაებათაგან უმაღლესი – შავადმოსილი დედამიწა, მონადყოფილი, მაგრამ ახლა თავისუფალი, რომლის პირიდან ჩამოვხსენი მევალეთა ყველა ლორფინი. მშობლიურ ათენს, ღვთითნაშენებს, მე დავუბრუნე მრავალი ადამიანი: ზოგი, ვით მონა, სამართლიანად თუ უსამართლოდ გაყიდული სამანთა მიღმა, ზოგი დუხჭირი ცხოვრებისგან გადახვეწილი, ატიკის ენა რომ არც ახსოვდათ – ასეთია ღარიბთა ხვედრი – მრავალიც, მონის სამარცხვინო უღლის დამთმენი, აქ, ჩვენს მიწაზე ვათავისუფლე. ხოლო ამას კი მივაღწიე კანონის ძალით, ჩემი უფლება სამართალს რომ მივუსადაგე“.
სოლონის ამ ღონისძიებას „სეისახთეიები“ ეწოდება, რაც „უღლისგან განთავისუფლებას“ ნიშნავს.
ვალების გაუქმებას ბოროტმზრახველთა დაპირისპირებაც მოჰყვა. თავად სოლონს მტრებმა არაკეთილსინდისიერებაში დასდეს ბრალი. ვალებზე კანონის გა- მოქვეყნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ეს განზრახვა სოლონმა თავის სამ მეგობარს გაანდო. მათ დრო იხელთეს და გამდიდრება მოისურვეს: ამ „მეგობრებმა“ მდიდრებისგან დიდძალი თანხა ისესხეს და მიწის ვრცელი ნაკვეთები შეიძინეს. კანონის გამოქვეყნების შემდეგ კი არ გადაიხადეს ვალები და დაიტოვეს შესყიდული მიწები. მაშინ სოლონი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან წინასწარგანზრახულად აუწყა თავის მეგობრებს კანონის თაობაზე, რათა მიეღო მიწის ნაწილი ფულის გადაუხდელად. მაგრამ ეს ბრალდება უმალ გაქარწყლდა, როგორც კი კანონმდებელმა პირველმა თქვა უარი ვალად გაცემული დიდძალი თანხის აღებაზე.
შემდეგ სოლონი შეუდგა არსებული სახელმწიფოებრივი წყობის გარდაქმნას. მანამდე, ათენში ძალაუფლება ევპატრიდების ხელში იყო. ხალხი არ მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვაში. ყველა საქმეს აწარმოებდა წარჩინებულთა საბჭო (არეოპაგი), რომელიც ნიშნავდა მაღალი თანამდებობის პირებს (არქონტებს). სამსჯავროც მათ განკარგულებაში იყო. სახალხო კრებას დაკარგული ჰქონდა ყველა უფლება.
სახელმწიფოში ამგვარი მდგომარეობით უკმაყოფილონი იყვნენ არა მხოლოდ გლეხები და ღარიბი მოქალაქეები, არამედ ხალხის წრიდან გამოსული მდიდრებიც. უკმაყოფილება ისე იზრდებოდა, რომ ყოველდღე მოსალოდნელი იყო ხალხის რისხვის აბობოქრება.
უპირველეს ყოვლისა, სოლონმა გააუქმა დრაკონის7 ოდინდელი კანონები მათი გარდამეტებული სიმკაცრის გამო. ამ კანონების მიხედვით, ყოველგვარ დანაშაულზე ერთადერთი სასჯელი იყო – სიკვდილი. ასე მაგალითად, კაცი, რომელმაც ბაზარში ხილი მოიპარა, ისევე ისჯებოდა, როგორც მხეცური მკვლელობის ჩამდენი.
სოლონმა სახელმწიფოს მართვისათვის მოიწვია არა მხოლოდ ევპატრიდები, არამედ დაბალი წარმომავლობის გამდიდრებული მოქალაქეებიც. მან საზოგადოება ოთხ ნაწილად დაჰყო შემოსავლის მიხედვით. ფული იმხანად იშვიათობას წარმოადგენდა და ამიტომ შემოსავალი განისაზღვრებოდა მარცვლის, ღვინის ან ზეითუნის ზეთის რაოდენობით.
პირველ, უმაღლეს ფენას განეკუთვნებოდნენ მოქალაქენი, რომელთა შემოსავალი 500 წილით (მარცვლის, ღვინისა და ზეთის) განისაზღვრებოდა. მათ ხუთასწილიანებს უწოდებდნენ; მეორე ფენას შეადგენდნენ მოქალაქენი 300 წილი შემოსავლით (სამასწილიანები); მესამე ფენაში შედიოდნენ ისინი, რომელთა შემოსავალი 200 წილს აღემატებოდა; ბოლო, მეოთხე ფენა აერთიანებდა ყველა დანარჩენს (მონათა გარდა), მათ თეტებს უწოდებდნენ.
მოქალაქეთა დაყოფა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით გავლენას ახდენდა სამხედრო სამსახურებზეც. ხუთასწილიანებს ევალებოდათ ხომალდთა და ლაშქართა აღჭურვა, სამასწილიანებს უნდა ემსახურათ ცხენოსანთა რაზმებში და თავისი სახსრებით შეენახათ საბრძოლო ცხენები (ამიტომაც უწოდებდნენ მათ მხედრებს); მესამე ფენის მოქალაქეები ქვეითი ჯარის (ჰოპლიტების) ძირითად მასას შეადგენდნენ, მათი შემოსავალი მძიმე შეიარაღებას ჰყოფნიდა; თეტები მეხოფურებად მსახურობდნენ, ქვეით ლაშქარში კი – მსუბუქად შეიარაღებულ მებრძო ლებად.
პირველი სამი ფენის მოქალაქეებს მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობების დაკავება შეეძლოთ. თეტებს კი მხოლოდ სახალხო კრებებსა და სამსჯავროებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ. 
მოგვიანებით სოლონმა ევპატრიდებს ჩამოართვა სამოსამართლო უფლებები და უბრალო ხალხს გადასცა. სახალხო სამსჯავრო სოლონის დროს ყველა მოქალაქეს აერთიანებდა და ამიტომ ხალხის ინტერესებს იცავდა: 
სამსჯავროში მისვლა ყველა თავისუფალ მოქალაქეს შეეძლო. ადრე გლეხი იძულებული იყო, თავად გამოცხადებულიყო სასამართლოზე. შორეულ მხარეთა მკვიდრნი ხანგრძლივი დროით ტოვებდნენ სახლ-კარს, სამუშაო დროს აცდენდნენ, რათა თავიანთი უფლებები დაეცვათ მსაჯულთა წინაშე. ახლა კი, კანონი ყოველ მოქალაქეს უფლებას ანიჭებდა დაექირავებინა შუამავალი, რომელიც მის საქმეებს მოაგვარებდა. ყოველ განაწყენებულ ან შეურაცხყოფილ მოსახლეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა შეურაცხმყოფელის გასამართლება. ამ ბრძნული დადგენილებით აღიკვეთა ევპატრიდთა თავნებობა და უკანონობა.
როდესაც სოლონს ჰკითხეს, თუ რომელ სახელმწიფოს თვლიდა შედარებით კეთილმოწყობილად, მან უპასუხა: „იმას, სადაც მოქალაქენი ერთნაირად მფარველობენ დაჩაგრულებს და სდევნია უსამართლობას“.
ათენში იმხანად უმაღლეს საკანონმდებლო ძალად იქცა სახალხო კრება. მაგ- რამ სოლონმა არ დაუშვა, რომ ხალხს თავად ეწარმოებინა საქმეები. მან შექმნა ოთხასთა საგანგებო საბჭო კანონთა წინასწარი განხილვებისთვის ხალხს მხოლოდ უნდა დაემტკიცებინა ან უგულებელეყო კანონთა შეთავაზებული პროექტები და მაინც, სახალხო კრება საქმეთა მიმდინარეობაზე დიდ გავლენას ახდენდა, რამდენადაც მასზე იყო დამოკიდებული უმაღლეს თანამდებობრივ პირთა არჩევა. სახალხო კრებაში მონაწილეობის უფლება ენიჭებოდათ მხოლოდ ათენის სრულუფლებიან მოქალაქეებს. მონებს, ქალებსა და მეტოიკოსებს ეს უფლებები არ გააჩნდათ.
კანონთა, დაცვა და მათი აღსრულების ზედამხედველობა მინდობილი ჰქონდა 
არეოპაგს.
ათენის ნიადაგი მწირი იყო და მიწათმოქმედებისათვის მოუხერხებელი. ხალხს, განსაკუთრებით კი ქალაქის მოსახლეობას, არ ჰყოფნიდა საკუთარი პური. აუცილებელი იყო მისი შემოტანა ადგილობრივ ხელოსანთა ნაწარმის გაცვლის გზით. ამიტომ იგი, ვინც არ იცოდა რაიმე ხელობა ან არ ისურვებდა მუშაობას, იძულებული ხდებოდა, ეშიმშილა ან ემათხოვრა.
სოლონი ხელს უწყობდა ხელოსნობის განვითარებას. ქვეყნად მათხოვრები რომ არ ყოფილიყვნენ, გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც შვილს უფლება ენიჭებოდა, არ ეზრუნა ღრმად მოხუცებულ მამაზე, თუ მისი შემწეობით რაიმე ხელობას არ ფლობდა.
კანონთაგან საინტერესოა კიდევ ერთი: სამოქალაქო არეულობის ჟამს ყოველი უნდა მიმხრობოდა რომელიმე ჯგუფს. ამით კანონმდებელს სურდა მოქალაქეებში საზოგადოებრივი საქმეებისადმი ინტერესის ჩვევა აღეძრა, სოლონი თვლიდა, რომ მოქალაქეს კი არ უნდა ეცადა, როდის მიაღწევდნენ გამარჯვებას უძლიერესნი, არამედ თავად უნდა ებძროლა სამართლიანი საქმისათვის.
სოლოლონის კანონებს ასი წლის მანძილზე უნდა ემოქმედათ. ისინი დაიწერა ხის დაფებზე და ჩაისვა ოთხკუთხა მბრუნავ ჩარჩოებში, რათა უფრო მოხერხებული ყოფილიყო მათი წაკითხვა.
როდესაც კანონები ამოქმედდა, კანონმდებელთან იწყეს მოსვლა უკმაყოფილო მოქალაქეებმა. 
სოლონმა თავისი რეფორმებით ვერ ასიამოვნა ვერც ერთ, ვერც მეორე მხარეს. ღარიბნი, აღშფოთებულნი იმით, რომ ვერ ეღირსნენ მიწათა გადანაწილებას, ვერ დააღწიეს თავი დამთრგუნველ სიღარიბესა და მძიმე შრომას, განაგრძობდნენ ბრძოლას. მდიდარნი კი ვალების გაუქმების გამო გმობდნენ სოლონს.
სოლონი დარწმუნდა, რომ ორივე მხარე უკმაყოფილო იყო მისი რეფორმებით. იგი აღნიშნავდა, რომ გლეხებს „სურდათ ეძარცვათ, ყოველს ეგონა, კეთილდღეობას მიაღწევდა დაუსრულებელს; ყოველს ეგონა, სისასტიკე იმალებოდა ჩემი სანდომიანი სახის ქვეშ. ფუჭი გამოდგა მათი იმედი... ისე ბოროტად მიმზერენ ახლა, თითქოსდა მტერი ვიყო მათი“.
სოლონი ერთობ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. თავადვე წერდა: „ყოველი მხრიდან თავს ვიცავდი, ვითარცა მგელი ქოფაკთა შორის... სხვა ჩემს ადგილას, ხალხს ვერაფრით დააოკებდა, სამაგიეროდ, მოხდიდა ნაღებს და შეანჯღრევდა რძეს. მე კი ვიდექი მხოლოდ, როგორც სამანი ორ ლაშქარს შორის“.
სოლონს ესმოდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში ძნელი იყო ყველას ამება. თანამოქალაქეთა მოსალოდნელ ბოროჭებას რომ გაქცეოდა, მან გადაწყვიტა, ათი წლით გასცლოდა მშობლიურ ქალაქს. იმ მიზეზით, რომ სავაჭრო საქმეთა მოსაგვარებლად საჭირო იყო ზღვის მიღმა ქვეყნებში წასვლა, სოლონმა დატოვა ათენი. გადმოცემათა თანახმად, გამგზავრების წინ მან ფიცი დაადებინა მოქალაქეებს რომ ათი წლის განმავლობაში კანონებს არ შეცვლიდნენ.
უპირველეს ყოვლისა, იგი ეწვია ეგვიპტეს და საცხოვრებლად დასახლდა ქალაქ კანობისში. ეს იყო მსხვილი სავაჭრო ნავსადგომი მდინარე ნილოსის სანაპიროზე. ეგვიპტეში სოლონი დაუახლოვდა განსწავლულ ეგვიპტელ ქურუმებს. ქურუმთაგან მან მოისმინა ოდინდელი გადმოცემა ჩაძირულ ატლანტისზე. ეს იყო კუნძული, რომელიც ქურუმთა ცნობით, მდებარეობდა ატლანტის ოკეანეში, ჰიბრალტარის სრუტის დასავლეთით. ამ მჭიდროდ დასახლებული კუნძულის მკვიდრნი სიმდიდრით ყოფილან გამორჩეულნი. მიწისძვრის დროს მთელი ხმელეთი ზღვას დაუფარავს, მოსახლენი კი დაღუპულან.
შემდეგ სოლონი გაემართა კვიპროსისაკენ, სადაც ერთ-ერთმა მეფემ იგი გულთბილად მიიღო სოლონმა მეფეს ურჩია დედაქალაქი სხვა ადგილას გადაეტანა და უწინდელზე უფრო ლამაზად აეშენებინა. მეფე დათანხმდა. ახალი ქალაქი სოლონის მეთვალყურეობით შენდებოდა.
მის შემდეგ სოლონი ლიდიაში (მცირე აზიაში) სახელოვან მეფე კროისოსს ესტუმრა. ლიდიის მეფე კროისოსი თავისი აღურაცხელი სიმდიდრით იყო სახელგანთქმული. დიდძალი ქონების მფლობელზე ახლაც ამბობენ: „მდიდარიაო კროისოსივით“. სარდეს სამეფო სასახლე ბრწყინავდა ძვირფასეულობითა და დიდებულებით, წარჩინებულთა სამოსი კი მთელ ქონებად შეფასდებოდა.
სასახლის კარზე სეირნობისას სოლონმა იხილა უძვირფასეს სამოსში გამოწყობილი მრავალი დიდებული, თითოეული მათგანი მას ლიდიის განმგებელი ეგონა. ბოლოს იგი მეფეს წარუდგინეს. 
კროისოსს სურდა, გაეოგნებინა სტუმარი. შეიმოსა უძვირფასესი, ნაირფერი სამოსით, რომელსაც ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით ნაკეთი ოქროსა და პატიოსანი თვლების ფასდაუდებელი სამკაულები. შემდეგ მეფემ ბრძანა, სოლონისათვის ეჩვენებინათ თავისი საგანძურები და სასახლის უბრწყინვალესი დარბაზები, მაგრამ სოლონს არ გამოუხატავს აღტაცება. სასახლისა და საგანძურთა დათვალიერების შემდეგ სტუმარი კვლავ წარუდგინეს მეფეს, რომელმაც ამგვარი კითხვით მიმართა ბრძენკაცს: „ჩემზე ბედნიერს თუ იცნობდი ოდესმე ვინმეს?“ მეფე ელოდა, რომ უცხოელი მას აღიარებდა უბედნიერესად. სოლონმა კი ასე მიუგო: „უბედნიერეს კაცად ამქვეყნად მე მივიჩნევდი ათენელ ტელოსს; იგი პატიოსანი და სამართლიანი კაცი იყო, შვილებიც პატიოსან და ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდა. ბოლოს სიკვდილიც დიდებული ჰქონდა ამ ტელოსს: სამშობლოსათვის მებრძოლი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე“.
კროისოსმა სოლონი უცნაურ კაცად მიიჩნია. მას ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა უბრალო კაცის ცხოვრება ძლევამოსილი მეფის ცხოვრებაზე ღირსეული ყოფილიყო. და მაინც კროისოსმა კვლავ ჰკითხა სოლონს; „ტელოსის მერე ვის მიიჩნევო უბედნიერესად?“ იგი ელოდა, რომ ახლა მაინც დაასახელებდა ეს „უცნა- ური კაცი“ უბედნიერესად. მაგრამ სოლონმა კროისოსს საოცარი რამ უამბო ორ ჭაბუკ ძმაზე, რომლებმაც სახელი გაითქვეს დედისადმი უსაზღვრო სიყვარულით: ძლევამოსილნი იყვნენ ეს ძმები, ისინი მუდამ იმარჯვებდნენ სპორტულ ასპარეზობებზე, მათი დედა კი ქალღმერთ ჰერას ქურუმი იყო. ძველი ადათით, დღესასწაულის დღეებში ჰერას ქურუმი საზეიმო სვლით მიემართებოდა ღვთაების ტაძრისკენ ეტლით, რომელშიც ხარები იყვნენ შებმულნი. იმხანად ჰერას დღესასწაულს აღნიშნავდნენ ბერძნები. დედა ტაძრისკენ წასასვლელად გაემზადა, მაგრამ ეტლში შესაბმელი ხარები ველად გაიჭრნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. მაშინ ჭაბუკებმა დაიდგეს ეტლის მძიმე უღელი და თავიანთი დედა – ჰერას ქურუმი – ქალაქში ჩაიყვანეს. ზეიმის შემდეგ დედამ ლოცვით მიმართა ქალღმერთს, მისი შვილებისათვის ამ გმირობის წილ ადამიანთათვის განკუთვნილი უმაღლესი ბედნიერება მიენიჭებინა. ღმერთქალმა აღასრულა დედის ვედრება: იმ საღამოს ყველა ჭაბუკთა სიქველეს განადიდებდა. სიამაყით აღვსილმა გმირებმა დაიძინეს და დილას აღარ გამოიღვიძეს. გარდაიცვალნენ უშფოთველად თანამოქალაქეთა შორის ერთობ პატივდებულნი, მიაღწიეს რა დიდების უმაღლეს მწვერვალს. განა წარმოსადგენია ამაზე დიდი ბედნიერება მოკვდავისათვის?!
„როგორ? – ახლა უკვე გაგულისებით შეჰყვირა კროისოსმა, – განა მე არ მთვლი ბედნიერად?“ სოლონმა, რომელსაც არც ის სურდა, რომ პირფერობით მოეგო მეფის გული და არც ის, რომ მისი მრისხანება გამოეწვია, ასე მიუგო: „ლიდიელთა დიდო მეფეო, სხვა წყალობასთან ერთად ღმერთმა ჩვენ, ბერძენთ, ზომიერების გრძნობაც მოგვანიჭა. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის ცხოვრება ცვალებადია. ამიტომ არ ღირს, აწმყოს სიკეთით მეტისმეტად ვიამაყოთ და გავიკვირვოთ ადამიანის ბედნიერება, რომელიც დროისაგან განწირულია და როცა იქნება, შეიცვლება. თითოეული ჩვენთაგანის მომავალი ბურუსითაა მოცული. ჩვენ მხოლოდ იმას ვთვლით ბედნიერად, ვისაც ღმერთმა ბედნიერი ბოლო უბოძა. ცოცხალი და ამიტომაც ჯერ კიდევ საფრთხეში მყოფი ადამიანის ნეტარად აღიარება ისევე ნაადრევია, როგორც შუა ბრძოლაში მყოფი მებრძოლისათვის გამარჯვებულის სახელისა და გვირგვინის მიკუთვნება“. – თქვა სოლონმა და თვალს მიეფარა. კროისოსმა კი, უცნაურ სტუმართან საუბრით შეურაცხყოფილმა, მიაშურა თავის განსაცხრომელს.
იმხანად სარდეში იმყოფებოდა ასევე სახელმოხვეჭილი მეიგავე ესოპოსი, რომელიც კროისოსს სოლონის მსგავსად თავის კარზე ჰყავდა მიწვეული. ესოპოსი მეტისმეტად შეწუხდა, როცა გაიგო, სოლონის მიმართ სითბო რომ არ გამოიჩინეს ლიდიელმა დიდებულებმა. როდესაც იგი შეხვდა ბერძენ ბრძენს, ასე უთხრა: „მეფეებს, სოლონ, ან სულ არ უნდა გაეკარო, და თუ ეწვევი, გუნდრუკიც უნდა უკმიო“. 
„უფრო სწორად კი, – ასე მოუჭრა მას სოლონმა, – თუკი მეფესთან მივა კაცი, მხოლოდ სიმართლე უნდა უთხრას!“
მართალი გამოდგა სოლონი. რამდენიმე ხნის შემდეგ კროისოსი სპარსეთის მეფე კიროსის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში დამარცხდა. სარდე დაემხო. ტყვედ ჩავარდნილ კროისოსს კი კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. მეფე კიროსისა და სპარსელ დიდებულთა თვალწინ ლიდიის განმგებელი კოცონზე აიყვანეს. ამ დროს სასოწრაკვეთილ კროისოსს აღმოხდა: „ეჰ, სოლონ, სოლონ!“ გაოცებულმა კიროსმა ბრძანა, ეკითხათ, თუ ვინ იყო ეს სოლონი, რომელსაც სიკვდილის წინ მოუხმობდა ბედკრული ტყვე. ასე მიუგო კროისოსმა: „იგი ბერძენი ბრძენი გახლავთ, კარზე მეწვია და მირჩია, სიცოცხლის დასასრულს დავლოდებოდი და წარმავალი ბედნიერებით მეტისმეტად არ მეამაყნა. არ შევისმინე მისი სიტყვა, რადგანაც მხოლოდ ჩემს სიმდიდრეზე ვფიქრობდი, მასში ვხედავდი ბედნიერებას. მიხაროდა, რომ ჩემი სიმდიდრისა და ბედნიერების ამბავი მთელ ქვეყანას ეფინებოდა“. ამ აღიარების გამო კიროსმა შეიწყალა კროისოსი და სიცოცხლე უბოძა. ასე გადაარჩინა სოლონმა განწირული მეფე.
ათენში სოლონის წასვლის შემდეგ ისევ დაიწყო მღელვარება და პარტიათა ბრძოლა. მოქალაქეთა შორის იმდენად დიდი იყო უთანხმოება, რომ მათ ვერ შეძლეს კარგა ხანს არქონტის არჩევა. საზოგადოება დაიყო სამ მოწინააღმდეგე ჯგუფად თუ პარტიად. პირველ პარტიას მიეკუთვნებოდნენ ათენის მახლობლად მდებარე ნაყოფიერი მიწების მკვიდრნი, ძირითადად ევპატრიდები. მათ სურდათ სოლონამდელი წყობის აღდგენა, ანუ გლეხთა დაკაბალება. მეორე პარტიას წარმოადგენდნენ სანაპირო ზოლის მცხოვრებნი – ვაჭრები და ხელოსნები; ისინი ახალი, სოლონის წყობის მომხრენი ყვნენ. დაბოლოს, მესამე პარტიას შეადგენდნენ ატიკის მთიანი მხარის გლეხები, რომლებიც მიწათა გადანაწილებას მოითხოვდნენ. ამ პარტიას მხარს უჭერდა ქალაქის ღარიბი მოსახლეობა და ვაჭართა ნაწილი. მათ სიკვდილივით სძულდათ მდიდრები. ამ პარტიის სათავეში იდგა სოლონის შორეული ნათესავი პისისტრატოსი, მეგარელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებული და სახელმორქმული მხედართმთავარი.
ათენს ჯერ კიდევ სოლონის კანონებით მართავდნენ, მაგრამ მრავალი მეამბოხე სახელმწიფოებრივი გადატრიალების მოსურნე იყო. ასეთი დახვდა სოლონს ათენი, როდესაც იგი მოგზაურობიდან დაბრუნდა, მოქალაქეებმა მას ღირსეული შეხვედრა მოუწყვეს.
სოლონი უკვე ხანდაზმული იყო და არ შეეძლო, იქნებ არც სურდა, ხალხის წინაშე გამოსვლა და პარტიათა შუღლში ჩარევა. იგი ძველებურად ცდილობდა მოწინააღმდეგეთა შერიგებას. გლეხთა ბელადმა პისისტრატოსმა, ჩანს, სხვებზე მეტად შეისმინა სოლონის სიტყვები. იგი, პატივმოყვარე, ჭკვიანი და საქმიანი კაცი, თვლიდა, რომ მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებით შეძლებდა ღარიბთა სამართლიანი მოთხოვნების აღსრულებას. სოლონი მალე მიუხვდა თავმოყვარე პისისტრატოსს ტირანობას რომ ესწრაფოდა და მისი გონზე მოყვანა სცადა. „პისისტრატოსის გულიდან რომ მბრძანებლობისადმი სწრაფვა აღმოგვაფხვრევინა, – ამბობდა სოლონი, – მოქალაქეთა შორის იგი საუკეთესო იქნებოდა“.
სწორედ იმ ხანებში ცნობილმა დრამატურგმა თესპიდესმა ახალი ტრაგედია დადგა. რაკი სოლონი ბუნებით ცოდნისმოყვარე კაცი იყო და სიბერის ჟამს თავი მისცა განცხრომასა და მხიარულებას, ხალისით გაემართა თესპიდესის სანახავად, რომელიც, ძველი წესის თანახმად, თავადვე მსახიობობდა.
ტრაგედიაში გამოთქმული მოსაზრებები სოლონს არ მოეწონა. მან თესპიდესი იხმო და ჰკითხა: „ნუთუ არ გრცხვენია, ამდენი მაყურებლის წინაშე ასე რომ ტყუი?“ თესპიდესმა მიუგო: „გასართობად ნათქვამ ტყუილში სათაკილოს ვერაფერს ვხედავ“. მაშინ სოლონმა ჯოხი დაჰკრა მიწას და გაგულისებულმა წამოიძახა: „აი, ამ გართობას, ხალხმა რომ ასე აიტაცა, სულ მალე სამოქალაქო ხელშეკრულებებში აღმოვაჩენთო!“
ძალაუფლება ხელთ რომ ჩაეგდო, პისისტრატოსმა ხერხს მიმართა – თავი დაიჭრა. ნაიარევი მიიყვანეს იგი აგორაზე, სადაც სახალხო კრება უნდა გამართულიყო. პისისტრატოსმა განაცხადა, რომ დაჭრეს ევპატრიდებმა, რომელთაც მისი სიკვდილი სურდათ. ხალხმა მას თანაუგრძნო. სოლონიც მოვიდა აგორაზე და ასე მიმართა ხალხის წინამძლოლს: „პისისტრატოს, ძალიან ცუდად ჰბაძავ ჰომეროსის ოდისევსს. მან მტერთა მოსატყუებლად დაიჭრა თავი, შენ კი ყველაფერს იმიტომ ჩადიხარ, რომ თანამოქალაქენი შეაცდინო!“
დაიწყო სახალხო კრება. ერთ-ერთმა მოქალაქემ დამსწრეთ შესთავაზა, პისისტრატოსისათვის გამოეყოთ დაცვა შეიარაღებულ მებრძოლთა სახით, რომლებიც აარიდებდნენ მას თავდასხმებს. სოლონი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ხალხის ნებას დაჰყვა. მათი მეოხებით კი პისისტრატოსმა მალე ხელში ჩაიგდო აკროპოლისი და ტირანობას მიაღწია (ძვ.წ. 560 წ.).
პისისტრატოსის მოწინააღმდეგეები ათენიდან გაიქცნენ. სოლონი კი გამოვიდა მოედანზე და სიტყვით მიმართა ათენელებს. იგი გმობდა ხალხის უმეცრებას, სიბრიყვეს და ქადაგებდა, სამშობლო და თავისუფლება არ ჩაეგდოთ ტირანის ხელში. მაგრამ პისისტრატოსის შეპირებებს მინდობილმა ხალხმა არ ისურვა მისი მოსმენა. მაშინ სოლონი დაბრუნდა სახლში, აიღო თავისი იარაღი და კარის ზღურბლთან დადო ამ სიტყვებით: „სანამ შემეძლო, სამშობლოსა და კანონებს ვიცავდი, აწ კი, მოვხუცდი“.
მეგობრები ურჩევდნენ სოლონს, გადახვეწილიყო სამშობლოდან. ისინი არწმუნებდნენ მას, რომ ტირანი აუცილებლად დასჯიდა. ხოლო სოლონი პასუხობდა, რომ მან უკვე იმ ასაკს მიაღწია, როცა სიკვდილის არ ეშინიათ. პისისტრატოსმა კი, მოულოდნელად, სოლონს ნდობა გამოუცხადა და თავის მრჩეველად მიიწვია. 
პისისტრატოსმა სოლონის კანონთა დიდი ნაწილი შეუცვლელი დატოვა და თავადვე იძლეოდა უწინარეს მათი მორჩილების ნიმუშს. ასე მოხდა მაშინ, როდესაც უკვე ტირანი, სამსჯავროზე მიიწვიეს და ბრალი დასდეს მკვლელობაში. იგი, ვითარცა ჩვეულებრივი მოქალაქე, სამსჯავროს წინაშე წარდგა თავდასაცავად. მაგრამ შეშინდა ბრალმდებელი და სასამართლოზე არ გამოცხადდა.
რამდენადაც პისისტრატოსის ყველა ქმედება მიმართული იყო უბრალო ხალხისა და ღარიბთა საკეთილდღეოდ, იგი სოლონის შექებას იმსახურებდა. მადლიერმა ხალხმა კი პისისტრატოსის მმართველობის ხანას „ოქროს საუკუნე“ შეარქვა.
ცხოვრების ბოლოს სოლონმა ლიტერატურულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. „ახლა მე მხოლოდ პოეზია მანიჭებს სიამოვნებას. კიროსშობილი აფროდიტე მესათნოება, და დიონისე, და მუზები – ყველაფერი, რაც კაცს ახალისებს“, – წერდა იგი. ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა სოლონი, ღვაწლმოსილი სახელმწიფო მოღვაწე და პოეტი.
შენიშვნები
1. ანტიკურ სამყაროში წესად იყო რჩეულ დიდოსტატთა ნუსხების შედგენა. ჩვენამდე მოაღწია სახელოვან პოეტთა, ტრაგიკოსთა და სხვა ნუსხებმა. განსაკუთრებული რუდუნებით შეუდგენიათ ძველებს ღვაწლმოსილ სწავლულთა, მოაზროვნეთა და კანონმდებელთა შორის სიბრძნით აღმატებულთა ნუსხა. ისინი შვიდნი იყვნენ: ათენელი სოლონი, მიტილენელი პიტაკოსი, ლინდოსელი კლეობულოსი, კორინთოსელი პერიანდროსი, სპარტელი ქილონი, მილეტოსელი თალესი და პრიენელი ბიასი.
2. კოდროსი ბრძნულად განაგებდა ატიკას, რომელსაც მოულოდნელად თავს დაესხნენ დორიელები. დელფოს ორაკულმა განაცხადა: „მტერი ვერ ჩაიგდებს ხელში ათენს, თუ მისი მეფე დაიღუპება“. მაშინ კოდროსი მათხოვრის სამოსით შეიმოსა, მტრის ბანაკს მიუახლოვდა და უაზრო ჩხუბი წამოიწყო. დორიელმა მეომრებმა „ათენელი მათხოვარი“ სიცოცხლეს გამოასალმეს. ორაკულის სიტყვა გამართლდა. მტერმა ვერ დაარბია ქალაქი. ათენელებმა ირწმუნეს, რომ მსგავს მეფეს ვეღარ ეღირსებოდნენ; მათ გააუქმეს მეფის ძალაუფლება და დააარსეს რესპუბლიკა. სინამდვილეში ძალაუფლება წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელთა ხელში გადავიდა. 
3. დემეტრე – ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ღვთაება. მის პატივსადებად იმართებოდა საყოველთაო ზეიმი – თესმოფორიები. ეს იყო მიწის სამუშაოთა დასრულების შემდეგ მოწყობილი ხუთდღიანი დღესასწაული, როდესაც ღვთაებას მადლს სწირავდნენ გარდმოვლენილი სიკეთისათვის. 
4. ჰომეროსის პოემები პირველად ჩაიწერეს ათენში ტირან პისისტრატოსის დროს.
5. მეტოიკოსები, ჩვეულებრივ, იყვნენ სხვა ქალაქ-სახელმწიფოთა მკვიდრნი. ისინი ლაპარაკობდნენ ბერძნულად, მრავალი წელი ცხოვრობდნენ ათენში, მაგრამ არ ჰქონდათ თანამდებობათა დაკავებისა თუ სახალხო კრებებზე დასწრების უფლება. იკრძალებოდა ათენელთა და მეტოიკოსთა ქორწინებაც.
6. ბერძნები თაყვანს სცემდნენ ზეციურ და მიწისქვეშა ღვთაებებს. მათ სწამდათ, რომ ზეციური ღმერთები ცხოვრობდნენ საბერძნეთის ყველაზე მაღალი მთის – ოლიმპოსის თხემზე (თესალიაში); ამიტომ ღმერთებს უწოდებდნენ „ოლიმპიელებს“.
7. დრაკონი – პირველი კანონმდებელი ათენში (დაახლ. ძვ.წ. 620 წ.). თანამედროვე გაგებით დრაკონის კანონი მკაცრ, სასტიკ კანონს გულისხმობს.
8. იგულისხმება: გახდებოდა ერთპიროვნული მმართველი – ტირანი.


Комментариев нет:

Отправить комментарий