გვერდები

воскресенье, 22 апреля 2018 г.

თემისტოკლე – ათენელი მთავარსარდალი და პოლიტიკოსი (დაახ. ძვ.წ. 526-460 წლ)

ანტიკური წყაროების მიხედვით მოამზადა ნანა ტონიამ
ეპოქა, როდესაც მოღვაწეობდა თემისტოკლე, მეტად რთული და დაძაბული ისტორიული პროცესებით გამოირჩეოდა.  ეს იყო ბერძენ-სპარსელთა  ომების  (ძვ.წ. 500-449  წწ.) პერიოდი, რომელსაც ძველი მსოფლიოს განვითარებაში ეტაპური მნიშვნელობა ჰქონდა: ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი სამყარო, ორი კულტურა. იმხანად იმდენად ძლევამოსილი  იყო  სპარსეთის სახელმწიფო, რომ მისი დამარცხება შეუძლებელი ჩანდა. სპარსელთა უზარმაზარი არმიის მიახლოებას კონტინენტურ საბერძნეთთან ელინები შიშით უმზერდნენ. საბერძნეთის მრავალი ოლქი მზად  იყო, უომრად დამორჩილებოდა მტერს, მხოლოდ სპარტა და  ათენი ცდილობდნენ, დაეცვათ საკუთარი თავისუფლება. ბერძენ-სპარსელთა ომებმა წარმოაჩინეს სამშობლოსათვის მებრძოლ ბერძენთა თაობა. ისტორიამ მცირეოდენი ცნობები შემოგვინახა მათ ცხოვრებასა  და გმირობაზე. ხალხის რჩეულ ბელადთა ბიოგრაფიები მეხსიერებაში შემორჩა სამშობლოსადმი უანგარო თავდადების ნიმუშად სპარსეთის წინააღმდეგ მიმართულ გამათავისუფლებელ ბრძოლაში. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ათენის დემოკრატთა ბელადის, თემისტოკლეს ცხოვრება.
მომავალ  სტრატეგოსს  არ  ჰქონია  ისეთი  ჩამომავლობა,  რომ  მას  სახელის მოხვეჭაში შეშველებოდა. იგი ათენის ერთ-ერთი დემოსის, ფრეარეს მკვიდრი იყო და  მამის მხრიდან ლიკომიდების უძველეს გვარს მიეკუთვნებოდა. დედამისი არ იყო ათენელი და ამიტომ თანამოქალაქეთაგან ზოგიერთები  მის წარმომავლობას აუგად მოიხსენიებდნენ, სრულუფლებიან ათენელად არ სცნობდნენ1 და სიძულვილით ეპყრობოდნენ.
ამგვარმა დამოკიდებულებამ თემისტოკლეში ბავშვობიდანვე განავითარა ავადმყოფური თავმოყვარეობის გრძნობა. ყოველთვის  – თამაშის, სპორტული ვარჯიშებისა თუ მეცადინეობათა ჟამს იგი პირველობას ლამობდა. ნიჭიერი ჭაბუკი  სახელის მოხვეჭაზე ოცნებობდა, რათა საქმეთა ბრწყინვალებით ყველასათვის დაევიწყებინა მისი წარმომავლობა. თავისუფალ დროს, მეცადინეობების შემდეგ, იგი უქმად კი არ იყო, არამედ თხზავდა სიტყვებს, რადგანაც იცოდა, რომ ათენში რჩეულთა შორის მოხვდებოდა მხოლოდ  ის, ვინც სახალხო კრებაზე გამოსული  შეძლებდა ხალხის მიმხრობას. მოძღვარმა, მიაქცია რა ყურადღება მის ნიჭსა და უნარს, უწინასწარმეტყველა: „შენგან, ყმაწვილო, ან ძლიერ კარგი კაცი დადგება,  ან ძლიერ ცუდი. უბადრუკი შენ არ იქნები!“ თემისტოკლესის თანამედროვენი ხშირად იხსენებდნენ მოძღვრის  ამ სიტყვებს. 
ერთნაირი გულმოდგინებით როდი ეუფლებოდა ჭაბუკი ყველა მეცნიერებას. ათენელის განათლებისათვის აუცილებელ მუსიკას, პოეზიასა  და სხვა საგნებს იგი იძულებით სწავლობდა.  სამაგიეროდ, ყოველელივე  ის,  რაც სახელმწიფოს  მომავალ განმგებელს გამოადგებოდა, ძლიერ იტაცებდა. მოგვიანებით თუკი ვინმე მასხრად აიგდებდა თემისტოკლეს იმის გამო, რომ  მან დახვეწილი განათლება ვერ მიიღო, იგი ამაყად უპასუხებდა: „მართალია, ჩანგის აწყობა და ბარბითზე დაკვრა არ ვიცი, სამაგიეროდ განვადიდე და ძლევამოსილი გავხადე მშობლიური ათენი“.
ადრეულ ახალგაზრდობაში თემისტოკლე თავშეუკავებელი იყო და ხშირად წინდაუხედავადაც იქცეოდა. წარჩინებულ ათენელთაგან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აშმაგებდა. იგი ლამობდა, გამორჩეული ყოფილიყო თუნდაც  სიცუდით. მოგვიანებით,  უკვე სახელმწიფო მოღვაწე იგონებდა  რა თავის  ბავშვობას ასე ამბობდა: „ყველაზე ურა და დაუოკებელი კვიცებიც  კი საუკეთესო ბედაურებად იქცევიან, თუ მათ ჯეროვნად გაწვრთნიან და გახედნავენო“.
თემისტოკლეს ახალგაზრდულმა ქცევებმა შემდგომ მის მტრებს საშუალება მისცა ხალხისთვის შეეხსენებინათ ძველი ცოდვები, უფრო მეტიც, დაებრალებინათ მისთვის განზრახ ჩადენილი დანაშაული. ჰყვებოდნენ, თითქოს  მამამ უარყო თემისტოკლე  და ჩამოართვა მემკვიდრეობის უფლება, ხოლო დედამ,  შვილის სამარცხვინო საქციელით სასოწარკვეთილმა, თავი მოიკლა.  ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მონაგონია, მაგრამ ახალგაზრდა კაცის საქციელი, ალბათ, იძლეოდა ამგვარი ბრალდების საბაბს.
დიდების წადილმა მალე ჩაახშო ჭაბუკში მავნე  ვნებები.  მამის წინააღმდეგობისდა მიუხედავად მან სახალხო კრებებზე დაიწყო გამოსვლა. არ ეპუებოდა რა არისტოკრატებს, იგი მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნათა განხორციელებას ჯარსა თუ სახელმწიფოში, რითაც ფართო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
თემისტოკლეს სამშობლოსათვის მძიმე დრო იდგა. მრისხანე ღრუბლები იკრიბებოდნენ აღმოსავლეთით. ძლევამოსილი სპარსეთის სამეფო ძველებურად ემუქრებოდა ელადის პატარა, დაქსაქსულ ქალაქთა დამოუკიდებელ არსებობას.  ახალი დაპყრობები აუცილებელი იყო სპარსეთის მეფეებისთვის ძალაუფლების განსამტკიცებლად და საბერძნეთზე ლაშქრობის პირველი მარცხები მათ ვერ შეაჩერებდნენ. თვით მარათონის ბრძოლამაც2, რომელიც „დიადი მეფის“ აქამდე დაუმარცხებელი არმიის სრული განადგურებით დასრულდა,  ვერ შეაკრთო  სპარსელები: მეტისმეტად ცხადი იყო ეგვიპტიდან ინდოეთის მდინარეებამდე გადაჭიმული უზარმაზარი სამეფოს ძალთა უაღრესობა საბერძნეთის პატარა და თავისუფლებისმოყვარე სახელმწიფოსთან შედარებით.
მაგრამ ათენში არცთუ ისე მცირე იყო იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სჯეროდათ, რომ სპარსელებთან ომი აღარ განახლდებოდა. ისინი ვერ ხედავდნენ და არც უნდოდათ დაენახათ საფრთხე, რომელიც მათ სამშობლოს ემუქრებოდა. ესენი ძირითადად არისტოკრატები იყვნენ,  მათ შორის იყო მარათონის გმირი მილტიადე.  ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ომისათვის მზადებას მოჰყვებოდა  ათენელ ღარიბთა გაწვევა არმიაში,  ეს  კი ნიშნავდა მათთვის უფლების მინიჭებას  სახელმწიფოს მმართველობაში.  აი,  რად  არ აქცევდნენ  ეს არისტოკრატები  (რომელთა შორისაც იყვნენ სპარსელთა მიერ მოსყიდული მოღალატენი) ყურადღებას სპარსელთა საბრძოლო მზადყოფნას, რად მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და არ დათანხმოდნენ სახელმწიფოში მოსალოდნელ გარდაქმნებს.
იმხანად ათენის სათავეში მდგომი არისტოკრატები უიმედო საქმედ  მიიჩნევდნენ ძლევამოსილი სპარსეთის წინააღმდეგ გალაშქრებას. თემისტოკლესს ესმოდა, რომ მარათონის ბრძოლა სპარსეთთან ხანგრძლივი და დაძაბული ომის დასაწყისი იყო მხოლოდ.  მას მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო თავდაცვისათვის მზადების გაძლიერება.  შეგნებული  ჰქონდა  რა,  რომ  სპარსეთის ლაშქარი  ათგზის მაინც აღემატებოდა მთელი საბერძნეთის სახელმწიფოთა გაერთიანებულ არმიას, იგი ბერძენთა ერთადერთ ხსნას ძლიერი ფლოტის შექმნაში ხედავდა.
მოვლენები თემისტოკლეს წინდახედულების სიმართლეს ამტკიცებდნენ. მას შემდეგ, რაც ბერძნებმა ზღვაზე გამარჯვება მოიპოვეს, სპარსელებმა ვეღარ შეძლეს ბრძოლის გაგრძელება, თუმცა მათი ქვეითი ჯარები ძლიერებას ინარჩუნებდნენ.
ათენელთა დიდ ნაწილს შეგნებული ჰქონდა მძლავრი საბრძოლო ფლოტის შენების აუცილებლობა,  მაგრამ სახელმწიფოს  არ გააჩნდა ხომალდების აგებისათვის საჭირო  სახსრები.  მაშინ თემისტოკლემ,  იცოდა  რა,  რომ დაიმსახურებდა არისტოკრატთა რისხვას, მაინც გაბედა და სახალხო კრებას შესთავაზა ლავრიონის სახელმწიფო საზოგადოების მთელი შემოსავლის ფლოტის მშენებლობისათვის გამოყენება.
ოდესღაც ლავრიონის ვერცხლის საბადოები ათენელ ტირანთა საკუთრება იყო. ტირანიის დამხობის შემდეგ საბადოები ხალხს გადაეცა. ვერცხლი უნაწილდებოდა სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს. ომის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით სახალხო  კრებამ მიიღო თემისტოკლესის წინადადება  მისი პირადი  მტრის, არისტიდესისა და არისტოკრატთა წინააღმდეგობების მიუხედავად. სულ ორიოდე წელი მოანდომეს ბერძნებმა მრავალრიცხოვანი და მძლავრი ფლოტის შექმნას. მოქალაქეთა თავდაუზოგავი შრომის წყალობით საფუძველი ჩაეყარა ათენის საზღვაო ძლიერებას.
ათენელმა არისტოკრატებმა ვერ გაბედეს სახელმწიფოს დაცვის პატრიოტული საქმის აშკარა წინაღობა. მათ ამჯობინეს დემოკრატიის ბელადის, თემისტოკლესთვის ფარული ხრიკების მოწყობა. ერთნი ამბობდნენ, რომ თემისტოკლემ ათენელ ჰოპლიტთა საბრძოლო სიმედგრე რაღაც ხომალდის მშენებელ ძალად გარდაქმნა, რომ მათ ხელთაგან ფარი და მახვილი გააგდებინა და ხომალდის სკამებს მიაჯაჭვაო. მეორენი მას მფლანგველობაში სდებდნენ  ბრალს,  მესამენი კი ფლიდად და გამომძალველად იხსენიებდნენ. მაგრამ არისტოკრატთა ამ მცდელობებს წარმატება არ მოჰყოლია. ხალხს სჯეროდა თემისტოკლესა და არ სურდა ნიჭიერი წინამძლოლის დაკარგვა. სპარსელთა მომხრენი  და არისტოკრატთა ბელადები ერთი მეორის მიყოლებით განდევნეს ათენიდან ოსტრაკისმოსის  წესით. ძვ.წ. 483 წელს, ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ოსტრაკისმოსით განიდევნა თემისტოკლეს პირადი მტერი არისტიდეც.
და აი, თემისტოკლე შეუდგა სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემძლე მთელ ძალთა  გაერთიანებას.  იგი ცდილობდა  საბერძნეთის სახელმწიფოთა  არსებული კავშირის გაძლიერებასა და გაფართოებას. კრებაზე  მან დაარწმუნა ელინები,  შეეწყვიტათ შინაური შფოთი და მთელი საბრძოლო ძალების მეთაურობა სპარტელებისთვის მიენდოთ.  კავშირის სათავეში სპარტელები  იდგნენ,  მაგრამ ძლიერი ფლოტის წყალობით ათენელები მათი თანაბარი გავლენით სარგებლობდნენ.
ყველა ბერძნული სახელმწიფო როდი გაერთიანდა  ამ კავშირში.  ათენისა  და სპარტის უახლოესი მეზობლები და ოდინდელი მტრები, ბეოტია და არგოსი განზე გადგნენ, ხოლო თესალია  ომის დაწყებისთანავე აშკარად სპარსელთა  მხარეს გადავიდა. სამხრეთ იტალიისა და სიცილიის ბერძნული სახელმწიფოები  კი სპარსელთა მეკავშირე კართაგენელების თავდასხმის შიშით არ შეუერთდნენ  ამ საზღვაო კავშირს.
ამასობაში სპარსეთის  მეფე დარიოსი ბრძოლისათვის ემზადებოდა.  სპარსეთის მთელი სამფლობელო ფეხზე იდგა. სპარსელების მორჩილ აღურაცხელ ხალხებს და ტომებს თავიანთი რჩეული რაზმები უნდა წარეგზავნათ „დიადი მეფის“ ლაშქარში. ფინიკიელებმა, სირიელებმა, იონიურ კუნძულებზე მოსახლე ელინებმა შეუგროვეს სპარსელებს 1200 ტრიერი. ისტორიკოსთა გადმოცემით,  სპარსეთის არმიის ქვეითთა რიცხვი 800 ათას კაცს აღწევდა, მხედართა კი – 80 ათასს, მათ ჰყავდათ აქლემები და საბრძოლო ეტლები.  სხვა მწერლები უფრო დიდ რიცხვებს ასახელებენ.  ამ უზარმაზარი არმიის მოსამარაგებლად მცირე აზიასა და თრაკიაში განალაგეს საწყობები. სპარსელთა განზრახვით, მთელი  ეს ლაშქარი ელადას თავს უნდა დასხმოდა ერთდროულად ზღვითა და ხმელეთით.
ჯერარნახული ლაშქრობის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა მეფე დარიოსი. მისი სიკვდილის შემდეგ სპარსეთში, ბაბილონსა და ბოლოს ეგვიპტეშიც იფეთქეს ამბოხებებმა, რომლებიც ძლივს ჩაახშო დარიოსის მემკვიდრე ქსერქსემ.  მარათონის ბრძოლიდან მხოლოდ  9 წლის  შემდეგ  შეძლეს სპარსელებმა  ელადის, პირველ რიგში  კი ათენის წინააღმდეგ გალაშქრება.
ლაშქრობის დაწყების წინ ქსერქსემ „მიწისა და წყლის“  (ანუ უსიტყვო მორჩილების) მოთხოვნით  გაგზავნა საბერძნეთში ელჩები. ბრძოლის დაწყების  ნიშნად  კი სპარსელთა მიერ ათენის არხის გათხრა იქცა. მეფეს სურდა, ამ გზით თავი დაეღწია იმ უბედურებისათვის, რომელიც წინა ბრძოლაში ეწია სპარსეთის ფლოტს ათონის ყურის შემოვლისას. ქვეითი არმიის აზიიდან ევროპაში გადასაყვანად ქსერქსემ ჰელესპონტოსზე (დარდანელის სრუტე) ხიდის აგება ბრძანა, მაგრამ მოულოდნელმა ქარიშხალმა ეს უდიდესი და უმძიმესი შრომით აშენებული ხიდი დაანგრია. მაშინ ქსერქსესმა, ბერძნულ წყაროთა თანახმად, განკარგულება გასცა დაესაჯათ ხიდის ამგებნი,  ზღვა გაეშოლტათ, ხოლო ფსკერზე  მისი ჯაჭვი ჩაეშვათ იმის ნიშნად, რომ ჰელესპონტოსი ამიერიდან „დიად მეფეს“ ემონებოდა.
ხიდი თავიდან ააშენეს, ამჯერად უფრო მყარი და მდგრადი. მასზე სპარსეთის ლაშქარი შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტ ნაკადად ეშურებოდა ევროპის  ნაპირისაკენ. სპარსეთის ფლოტმა მშვიდობიანად გადალახა ათონის გადასასვლელი და თესალიის ნაპირებისკენ დაიძრა. თესალიელები დაუფარავად მიემხრნენ სპარსელებს, ხოლო ბეოტიამ და არგოსმა მეფეს მორჩილება გამოუცხადეს.
შიშის თავზარი ეცათ ელინებს. მრავალ ქალაქთა მკვიდრნი სპარსელთა მიახლოებისთანავე ხომალდებით იტალიისკენ მიისწრაფოდნენ. ოღონდაც  თავი  დაეღწიათ მონობისთვის და მშობლიურ ქალაქებს მტერს უტოვებდნენ დასარბევად. 
ბერძენთა ფლოტი კუნძულ ევბოასთან შეიკრიბა ქვეითი ლაშქრის მისახმარებლად. ფლოტს წინამძლოლობდა სპარტელი მთავარსარდალი ევრიბიადე. პირველი საბრძოლო შეტაკება ევბეას ჩრდილოეთით მდებარე არტემისიონის  კონცხთან მოხდა.  იგი ბერძენთა გამარჯვებით დასრულდა. თუმცა  ამ ბრძოლას  გადამწყვეტი მნიშვნელობა  არ  ჰქონია, რადგანაც ბერძნულმა ფლოტმა  ვერ  აღასრულა ძირითადი მიზანი  – შეშველებოდა ქვეით ლაშქარს თესალიაში.
საბერძნეთის არმიამ თავდაპირველად დაიკავა თესალიის ჩრდილოეთით მდებარე  ტემპეს გასასვლელი,  მაგრამ აღმოჩნდა,  რომ საფრთხე ზურგიდან იყო მოსალოდნელი. მაშინ ბერძნებმა სამხრეთისაკენ დაიხიეს და დაიკავეს თერმოპილეს გასასვლელი,  რომელიც თესალიას გამოყოფდა შუა საბერძნეთისგან. თერმოპილეს ხეობა მოსახერხებელი იყო თავდაცვისათვის. ბერძენთა რამდენიმე ათასიანი რაზმი სპარტელთა მეფე ლეონიდასის მეთაურობით იმ მაღლობებზე ჩასაფრდა, რომლებიც თავს დაჰყურებდნენ სანაპიროს ვიწრო გასასვლელს და რამდენიმე დღის  განმავლობაში წარმატებით იგერიებდა სპარსელთა ძირითადი ძალების შემოსევას.
მტერი დარწმუნდა, რომ თერმოპილეს შუბლით აღება შეუძლებელი იქნებოდა და გადაწყვიტა ზურგიდან მიხდომოდა ბერძენთა ჯარს. ელინთა შორის აღმოჩნდა მოღალატე, სახელად ეფიალტესი, რომელმაც მთის ვიწრო ბილიკით გაიყვანა სპარსელები ბერძენთა ზურგს უკან.  ასე იმსხვერპლა ერთი ნაძირალას ვერაგობამ უდრეკ მებრძოლთა მთელი რაზმი.
შეიტყო  თუ  არა,  რომ  სპარსელებმა ზურგიდან  მოუარეს,  მეფე  ლეონიდასი მიხვდა,  წინააღმდეგობის  გაწევა  დაღუპვას უქადდა მთელ ბერძნულ ლაშქარს. ამიტომ მეკავშირენი უკუაქცია, თავად კი, სამას სპარტელთან ერთად, იფარავდა რა უკანდახეულთ, მახვილით ხელში მტერს შეაკვდა. გმირულად იბრძოდნენ სპარტელები, მაგრამ ისინიც თავის მეფესთან ერთად დაეცნენ ბრძოლის ველზე.  მოგვიანებით, თერმოპილესთან დაღუპულ სპარტელებს თაყვანს სცემდნენ, როგორც საბერძნეთის გმირებს. მათ სამაროვანთან აღმართულ საფლავის ქვაზე ამოტვიფრული იყო პოეტ სიმონიდესის  ეს სიტყვები: 
„გამვლელო, ისწრაფე სპარტისკენ და მოქალაქეებს აუწყე, რომ  ამ მიწაში ვწევართ აღმსრულებელნი აღთქმის“.
სპარტელთა გმირული თავგანწირვის ამბავმა აღარფრთოვანა და ძალა შეჰმატა ელინებს. თერმოპილეს აღებისთანავე ბერძენთა ფლოტი არტემისიონის  კონცხიდან ატიკის სანაპიროთა გასამაგრებლად დაიძრა. თემისტოკლესი მიცურავდა კუნძულ ევბეას გასწვრივ და  იმ ადგილებში, სადაც სპარსელთა დაბანაკება იყო შესაძლებელი, ტოვებდა წარწერებს;  იგი მოუწოდებდა იონიელ ელინებს,  რომლებიც სპარსელთა ფლოტში მსახურობდნენ, თანამემამულეთა მხარეს გადმოსულიყვნენ.
ამასობაში, ქსერქსეს ლაშქარი გასცდა თერმოპილეს და ქალაქთა ძარცვითა და აოხრებით ატიკის საზღვრებს მიუახლოვდა.
ათენელები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მეკავშირენი, რომ სპარსელებისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ბეოტიაში მოეწყოთ  ათენის გადასარჩენად.  მაგრამ მეკავშირეებს  ამის გაგონებაც  კი  არ სურდათ.  მათ გადაწყვიტეს, მთელი ძალები შეეგროვებინათ კორინთოს ყელთან. აქ უკვე დაიწყეს კედლის აგება, რათა სპარსელები შეეჩერებინათ და დაეცვათ საბერძნეთის სამხრეთით მდებარე პელოპონესი.  ათენს იმხანად ჯერ კიდევ  არ ჰქონდა ქალაქის ნავსაყუდელთან შემაერთებელი ზღუდე. სპარსელებს შეეძლოთ, ალყა შემოერტყათ ათენისათვის როგორც ხმელეთიდან,  ისე ზღვიდან.
თემისტოკლემ მიიღო გმირული გადაწყვეტილება, დაერწმუნებინა მოქალაქენი, ათენი ფლოტის იმედად დაეტოვებინათ და გადასახლებულიყვნენ მეზობელ კუნძულ სალამისსა და ქალაქ ტროიძენში.3 თავდაპირველად, ხალხის დიდ ნაწილს ამის გაგონებაც კი არ სურდა. ისინი თვლიდნენ, თუ ღმერთთა ტაძრებისა და  წინაპართა  საფლავების დატოვება მოუხდებოდათ,  არც გადარჩენა ღირდა  მაშინ, არც გამარჯვება.
მაშინ თემისტოკლემ უკიდურეს ზომას მიმართა – ხალხზე სხვაგვარად იმოქმედა: ათენის ერთ-ერთ ტაძარში გაქრა ქალაქის მფარველი ქალღმერთის – ათენას წმინდა გველი. ქურუმებმა თემისტოკლესის შეგონებით გამოაცხადეს, რომ ქალღმერთმა დატოვა ქალაქი და ათენელებსაც თან უხმობს ზღვისკენ. დელფოს მისანიც ურჩევდა  ათენელებს  „თავი  გადაერჩინათ  ხის კედლებს  მიღმა“.  თემისტოკლემ ქურუმის იდუმალებით მოცული სიტყვები ასე ახსნა:  „ხის კედლებში“ იგულისხმება  ხომალდები.  თუ  ჩასხდებიან  ამ  ხომალდებში, ათენელები მოიპოვებენ გამარჯვებას საზღვაო ბრძოლით. ხალხმა გადაწყვიტა, გასცლოდა ათენს, ხოლო მტრისთვის  საძარცვად  აყვავებული  ბაღები  და  ვენახები,  მშვენიერი  შენობები, ღვთაებათა ტაძრები და წინაპართა საფლავები მიეგდო. მხოლოდ რამდენიმე  ხანდაზმულმა არ ისურვა წმინდა ქალაქის მიტოვება. შემდეგ მათ ყველას მოუსწრაფეს სიცოცხლე დამარცხებულმა სპარსელებმა.  მალე მტერმა გაანადგურა ატიკა და გადაწვა წმინდა ათენი.
ათენელების ხომალდებზე ასვლისას, ჟამთააღმწერნი, ქალებისა და ბავშვების ქმრებთან და მამებთან გამოთხოვების სევდის აღმძვრელი სურათების მხილველნი, მოგვიანებით დაწერენ,  რომ „ქალაქი  სავსე იყო ქალთა და ბავშვთა მოთქმით  და ვაებით, დაცარიელებულ ქუჩებში მობორიალე შინაურ ცხოველთა საწყალობელი ღმუილით“.
ახალ ადგილებში მოქალაქეთა გადასახლებასა და დაბინავებას  ხელმძღვანელობდა არეოპაგი. თემისტოკლემ კი ფლოტისა და ლაშქრის შენახვისათვის აუცილებელი ფული  იშოვა. ქალაქიდან ხომალდებზე ასასვლელად ნავსადგომ პირეოსისკენ დაძრულმა ათენელებმა იხილეს, რომ აკროპოლისის თხემზე ქალღმერთ ათენას ქანდაკება ოქროს ფარის გარეშე იდგა. „სად  გაქრა  მრისხანე  ღვთაების მბრწყინავი ფარი?“ – კითხულობდა გაოგნებული ხალხი. თემისტოკლე შეუდგა დაკარგული ფარის ძებნას, მაგრამ ვერსად აღმოაჩინა, რადგანაც  ფარი,  შესაძლოა,  მისივე ბრძანებით გადამალეს. სამაგიეროდ  იგი წააწყდა მდიდართა  მიერ ჩაფლულ საგანძურს. ეს სიმდიდრე თემისტოკლესის განკარგულებით ათენელებს გაუნაწილეს.
ამ უმძიმეს დროს საჭირო იყო სამოქალაქო უთანხმოებათა დავიწყება. თემისტოკლემაც ხალხს მოუწოდა, სამშობლოში დაებრუნებინათ გაძევებული  არისტიდე  და არისტოკრატთა ბელადები. მას სურდა, მათთვისაც მიეცა საბერძნეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლის საშუალება. სამშობლოს  ხსნის გრძნობა ასულდგმულებდა ახლა  უკვე ყოველ ათენელს: არისტოკრატებიც,  ხელოსნებიცა და გლეხებიც მხოლოდ  იმ აზრით იყვნენ შთაგონებულნი, თუ როგორ დაემარცხებინათ სპარსელები და გაეძევებინათ მშობლიური ქვეყნიდან.
ახლოვდებოდა სპარსელებთან გადამწყვეტი შებმის  ჟამი. ათენელები  სპარსელებთან დაუხანებელი ბრძოლის სურვილით იწვოდნენ. მეკავშირეები ფლოტის მთავარსარდლის, სპარტელი ევრიბიადესის მეთაურობით მოუწოდებდნენ დაეცვათ პელოპონესი, რისთვისაც მებრძოლი ქვეითი ჯარის დასახმარებლად საჭირო  იყო ისთმოსის ყურისკენ  გაცურვა.  სამხედრო საბჭოზე თემისტოკლესი  წინ აღუდგა  ამ განზრახვას.  იგი მთავარ საქმედ სპარსეთის ფლოტის ატიკის  სანაპიროებთან განადგურებას მიიჩნევდა. ევრიბიადესმა თემისტოკლესის ამ საქციელში მთავარსარდლისადმი დაუმორჩილებლობა დაინახა. მან ჯოხით ხელში თემისტოკლესისაკენ  წაიწია.  „დამარტყი, ოღონდ  შეისმინე!“  – წამოიძახა თემისტოკლესმა და  ამ სიტყვებით ფიცხი სპარტელის რისხვა დააცხრო.
კორინთოს სტრატეგოსმა გესლიანად მიმართა თემისტოკლესს, რომ  მას,  ათენელს, რომელმაც დაკარგა სამშობლო, არ მართებს იმათი წაქეზება, რომლებმაც ჯერ კიდევ შეინარჩუნეს  იგი;  არ მართებს საკუთარი მიწა-წყლის ბედის ანაბარა მიგდება. თემისტოკლესმა მკაცრად მოუჭრა:  „რეგვენო,  ჩვენ,  ათენელებმა,  დავტოვეთ ჭერი  და კედლები იმიტომ,  რომ  არ ვისურვეთ მონობა უსულო საგანთა ფასად. მაგრამ არის ქალაქი, უდიადესი ელადის ქალაქთა შორის – ეს არის ორასი ათენური ხომალდი, თქვენს წინ ჩამწკრივებული, თქვენდა სახსნელად შემართული, თუკი ისურვებთ; ხოლო თუ წახვალთ, ისევ გვიმუხთლებთ, მაშინ ჩვენ,  ათენელები მიგატოვებთ  თქვენ  და გავცურავთ სამხრეთ იტალიისკენ,  იქ აღვაშენებთ ახალ ქალაქს!“
თემისტოკლესის ზვიადმა პასუხმა დაადუმა სულმოკლენი,  მან შეძლო ყველას გადაბირება. როდესაც დილის ბინდი გადაიყარა, ელინებმა მტრის უზარმაზარი ფლოტი იხილეს ფალერონთან. ამ სანახაობამ შეაშფოთა მეკავშირენი, მათ განიზრახეს იმავე ღამეს გაეცურათ პელოპონესისაკენ. თემისტოკლესმა კვლავაც შეძლო მეკავშირეთა შეჩერება.  იგი თვლიდა,  და სავსებით სწორადაც, რომ მტერთან შებმა უმჯობესი იქნებოდა  სალამისის ვიწრო ყურეში.  აქ ელინთა სწრაფმავალ ხომალდებს დიდი უპირატესობა ექნებოდათ სპარსელთა თუმც მრავალრიცხოვან, მაგრამ მძიმე და მოუქნელ გემებთან შედარებით.
თემისტოკლესმა ერთი ახლობელი  კაცის მეშვეობით შეატყობინა  სპარსეთის მეფეს, თითქოს ელინები ღამით  უკან  დახევას აპირებდნენ,  რომ თითქოს თავად სპარსელთა  მხარეს გადავიდა  და  ურჩევს  მეფეს,  ვიდრე  ბერძნები  შიშისგან  არ მობრუნებულან, დაუყოვნებლივ თავს დაესხას.
მეფე  ქსერქსე დარწმუნებული  იყო,  რომ გაიმარჯვებდა.  მან  ბრძანა,  დაუყოვნებლივ ჩაეკეტათ სალამისის ყურის გასასვლელი, რათა ბერძნულ ხომალდთაგან ვერცერთს იქიდან ვერ გაეღწია. ამასობაში გაძევებიდან სამშობლოში  მომავალმა არისტიდესმა მალულად გამოცურა სპარსელთა ხომალდებს შორის და თან ამბავიც ჩამოიტანა – ელინთა ფლოტი სპარსელებით არის გარემოცულიო. ახლა კი მეკავშირეთა ხომალდები ვეღარ შეძლებდნენ ათენელთა მიტოვებას.
თემისტოკლესმა კარგად იცოდა არისტიდესის სულგრძელობის ამბავი, თუმცა არ უყვარდა  იგი.  მან  უამბო არისტიდესს  იმის თაობაზე,  თუ როგორ  მიუგზავნა სპარსელებს სანდო კაცი, ბოლოს თავისი გეგმაც გაანდო. თემისტოკლესმა სთხოვა არისტიდესს, ყოველი ღონე ეხმარა მეკავშირეთა ბრძოლის ველზე გამოსაყვანად.
კიდევ ერთი დღე გავიდა. იმ დილას, როდესაც სალამისის ბრძოლა მოხდა (ძვ.წ. 480  წ.),  ელინებმა  ისევ  იხილეს სპარსელთა ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაში. მოშორებით, ბორცვზე, ოქროცურვილი ბალდახინის  ქვეშ, ოქროს ტახტზე დაბრძანდა ქსერქსესი. მეფის გარეშემო მოთავსდნენ მასთან დაახლოებული პირნი და მწერლები, რომელთაც სპარსელთა დიადი გამარჯვება უნდა აღეწერათ.
ათენის ფლოტი  180 მალემავალი ხომალდისაგან შედგებოდა. ყოველი ხომალდის ქორედზე იყო  14 მძიმედ შეიარაღებული მეომარი (ჰოპლიტი) და  4 მშვილდოსანი.  ამ ბრძოლის მონაწილის, სახელოვანი პოეტის, ესქილეს გადმოცემით, სპარსელებს ჰქონდათ  1000 დიდი ხომალდი, მათ შორის 207  – სწრაფმავალი. ბრძოლის დასაწყებად თემისტოკლესმა  ის დრო შეარჩია, როდესაც ზღვიდან ქარმა დაჰბერა. იგი ვერაფერს ავნებდა ელინთა დაბალბანიან და ბრტყელ ხომალებს; სპარსელთა მძიმე ხომალდებს კი, რომელთაც მაღლა აწეული ბოლოები ჰქონდათ,  ეს ქარი მძლავრად არყევდა.
ყოველი ელინის მზერა თემისტოკლესადმი იყო მიპყრობილი. მეფე ქსერქსეს ძმამ, გამოცდილმა ხომალდთმთავარმა არიამენმა, უზარმაზარი ხომალდიდან შენიშნა თემისტოკლესი და ბრძანა მისდამი მიემართათ ისრები  და შუბები. მაშინ ათენელთა ხომალდი, რომელიც თემისტოკლესის ტრიერის გვერდით მიცურავდა, არიამენის ტრიერს შეეჯახა ცხვირით. მეტოქეთა ხომალდები ერთმანეთს  გადაეჯაჭვნენ.  არიამენი თავის მებრძოლებთან ერთად ცდილობდა ათენელთა ხომალდზე გადასვლას. გაჩაღდა უმოწყალო ხელჩართული ბრძოლა. მედგრად მებრძოლმა ათენელებმა სპარსელთა ხომალდთმთავარი განგმირეს, თავდამსხმელები  გაანადგურეს და მათი გვამები ზღვას მისცეს. მეთაურის სიკვდილმა სპარსელები სულიერად დასცა, მათი სიმამაცე გააცამტვერა. ძალაშესხმული ბერძნები კი არნახული გამბედაობით იბრძოდნენ. მათთვის ნათელი იყო:  ან გამარჯვება უნდა მოეპოვებინათ,  ან ბრძოლის ველზე დაცემულიყვნენ.
ათენელი ლიკომედე პირველი დაეუფლა მტრის ხომალდს. შემდეგ კი ათენელებმა ხელთ იგდეს სპარსელთა მრავალი ხომალდი და ჩაძირეს. სპარსელები მედგრად იბრძოდნენ, მაგრამ მათი უზარმაზარი გემები ვერ იგერიებდნენ ორივე მხრიდან შემტევ ელინთა მოქნილ ხომალდებს. მთელი დღე გრძელდებოდა ბრძოლა. მიმწუხრის ჟამს  კი სპარსეთის ფლოტმა ვეღარ გაუძლო შემოტევებს და უკუიქცა.
ასე მოიპოვეს ელინებმა სალამისთან უბრწყინვალესი გამარჯვება ძალებით ესოდენ აღმატებულ მტერზე. განრისხებულმა ქსერქსემ კი განიზრახა თავისი ქვეითი ლაშქრის ხიდით გადაყვანა კუნძულ სალამისზე. თემისტოკლესი მებრძოლებს მოუწოდებდა, უკუქცევის გზა მოეჭრათ მათთვის: იგი ურჩევდა, დაენგრიათ ჰელესპონტზე გადამავალი ხიდი, რათა,  მისი სიტყვებით „დაეჭირათ აზია ევროპაში“.
არისტიდე, რომელსაც თემისტოკლესმა გაანდო ეს განზრახვა, უარზე იდგა. იგი ამბობდა, რომ  არ ღირდა სპარსელთა უკიდურესობამდე  მიყვანა,  რადგანაც მაშინ ისინი თავგანწირული სიმამაცით დაიწყებენო ბრძოლას. „პირიქით  –  ამბობდა არისტიდე,  – ჩვენ არათუ უნდა დავანგრიოთ, არამედ საშუალება რომ იყოს, უნდა ავაგოთ ახალი ხიდიც, რათა რაც შეიძლებდა მალე განვდევნოთ სპარსელები“. თემისტოკლე დათანხმდა.
მან ახალი გზა გამონახა სპარსელთა მეფის ელადიდან გასაძევებლად.  წარჩინებულ სპარსელ ტყვეთაგან ერთი რჩეული წარგზავნა მეფესთან  ამბით, თითქოს ელინებს განეზრახათ ჰელესპონტოსის ხიდის დანგრევა.
თემისტოკლე ურჩევდა მეფეს, ვიდრე ბერძნები აყოვნებენ ახალ იერიშს, დაეჩქარებინათ თავისი ლაშქრის ხიდზე გადასვლა. შეძრწუნებულმა ქსერქსესმა უკანდახევა განიზრახა. მან ელადაში მხოლოდ ნაწილი დატოვა თავის ლაშქრისა მხედართმთავარ მარდონიოსის მეთაურობით. მალე მარდონიოსის არმია დამარცხდა პლატეასთან, გადარჩენილმა ნაწილმა ელადა დატოვა.
ასე გადაურჩა საბერძნეთი საშინელ საფრთხეს. მიუხედავად მტრის შურისა და ძალისხმევისა, ელინებმა თემისტოკლეს არნახული პატივი მიაგეს. სპარტელებმაც კი, რომელთაც არ უყვარდათ უცხოელები, თავის ქალაქში მიიწვიეს ათენელი  მხედართმთავარი და იქ შეამკეს ზეთისხილის დიადემებით დიდი სიბრძნისთვის,  გმირობისთვის კი მდიდრული ეტლი აჩუქეს. ახალგაზრდა მებრძოლთა სამასკაციანი საპატიო რაზმი მიაცილებდა მას სპარტის სახელმწიფოს სამანებამდე. როგორც კი თემისტოკლე გამოჩნდა ოლიმპიაში – საერთო ბერძნულ ოლიმპიურ თამაშობებზე  – ელადის ყველა ქალაქმა საზეიმო შეხვედრით ღირსეული პატივი მიაგო.
თემისტოკლე ამაყობდა  თავისი დიდებით. ერთხელ პატარა კუნძულის,  სერიფოსის ერთმა მოსახლემ შეახსენა თემისტოკლეს, რომ  ამ დიდებას იგი საკუ-თარ თავს  კი არა, სახელმწიფოს უნდა უმადლოდეს.  „შენ მართალი ხარ, – მიუგო გმირმა –  მე ვერასოდეს მოვიპოვებდი ასეთ დიდებას, სერიფოსელი რომ ვყოფილიყავ,  ისევე, როგორც  შენ, ათენლობა რომ გხდომოდა წილად!“
ერთხელ ერთმა სტრატეგოსმა, გამოდიოდა რა თემისტოკლეს წინააღმდეგ, მოისურვა  თავის გმირობათა თემისტოკლესის გმირობებთან გათანაბრება.  მაშინ თემისტოკლემ  მას ასეთი  იგავი  უამბო:  უქმე  და სადაგი დღეები შეკამათდნენ, სადაგი ირწმუნებოდა, რომ უქმმა დღემ სხვა არა იცის რა, გარდა ფუსფუსისა და თავმომწონეობისა,  მაშინ როდესაც მომდევნო დღეს,  მოცალეობის  ჟამს,  ყველა დასვენებით ტკბება. „მართალს ამბობ – შენიშნა უქმმა დღემ  – მაგრამ  მე რომ არ დავბადებულიყავ, არც  შენ იქნებოდიო“. „სწორედ  ასევე  – განაგრძო თემისტოკლემ –  მე რომ არ ვყოფილიყავი, სად იქნებოდით ახლა თქვენ?“
თემისტოკლეს ესმოდა,  რომ  ახლა,  სპარსელთა განდევნის შემდეგ, ათენელთა მთავარი მტრები სპარტელები იყვნენ. ამიტომ მან დაარწმუნა სახალხო კრება, დაუხანებლივ შესდგომოდნენ ათენის ირგვლივ გალავნის აგებას, რათა საფრთხის ჟამს მოქალაქეებს მის კედლებს მიღმა თავის შეფარების შესაძლებლობა ჰქონოდათ, და თუ ათენელები ზღვაზე იბატონებდნენ, გალავანი მათ ნებისმიერი ალყის გაძლების საშუალებას მისცემდა. კედლების აგება არნახული სისწრაფით ხდებოდა. სამუშაოებში მონაწილეობდა ათენის ყოველი მკვიდრი, უცხოელი თუ მონა, ქალი თუ ბავშვი.
მაგრამ მტრები როდი თვლემდნენ. ათენელი არისტოკრატების მიერ შეგულიანებული  სპარტელები  შიშითა  და შურით უმზერდნენ ათენელთა  ძლიერების ზრდას.  ათენის გალავნის აგებას ეწინააღმდეგებოდნენ სპარტელები.  მათ  ესმოდათ, რომ ათენელები სპარტელთა შიშით ამაგრებდნენ ქალაქს  და ამიტომ  სამუშაოთა დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სპარსელთა თავდასხმის მოგერიება შესაძლებელია მხოლოდ პელოპონესში,  იქ კი უკვე აგებულია ყურეს ჩამკეტი კედელი. შუა საბერძნეთში მდებარე ყველა სიმაგრე დასანგრევია, როგორც გამოუსადეგარიო.
მაგრამ თემისტოკლემ აქაც აჯობა ჭკუით სპარტელებს.  მისი წინამძლოლობით სპარტაში გაემგზავრა  ათენის წარმომადგენლობა. როდესაც სპარტელებმა საყვედური  გამოთქვეს,  რომ ათენელები  იარაღს  ისხამენ  და  ქალაქს  კედლებით ამაგრებენო, თემისტოკლესმა  მათ შესთავაზა წარეგზავნათ ათენში ელჩები იმის სანახავად, თუ რა ხდებოდა  იქ. ამით  მას სურდა კედლების ასაგები დრო მოეგო, ამასთანავე ჰყოლოდა მძევლები სპარტელ ელჩთა  სახით.  ასე  რომ,  სპარტელები იძულებულნი შეიქნენ თემისტოკლესი შინ გაეშვათ.
თემისტოკლე განაგრძობდა ათენის საზღვაო ძლიერების ზრდას.  იგი ახალ ხომალდებს აგებდა.  მისი რჩევით, ბერძნულ სახელმწიფოთა კავშირი კიდევ  უფრო გაფართოვდა.  ბევრი ახალი ქალაქი-სახელმწიფო შეუერთდა  ამ კავშირს  და ცნო ათენის უზენაესობა.
თემისტოკლეს ამგვარმა პოლიტიკამ ათენში გააძლიერა დემოსი, უბრალო ხალხი. მეზღვაურებმა, მესაჭეებმა, მეხოფურებმა, მრავალრიცხოვანმა ხელოსნებმა სახალხო კრებაზე ხმის უფლებები მოიპოვეს. თემისტოკლესმა ათენელები საზღვაო ხალხად  აქცია  და გააძლიერა  რა პირეოსი4,  „მიამაგრა ქალაქი ნავსადგომს, ხმელეთი  – ზღვას“.
იმხანად  სპარტელებმა მოითხოვეს  კავშირიდან დაეთხოვათ  ის ბერძნული  სახელმწიფოები, რომლებსაც სპარსელთა წინააღმდეგ ომში არ მიუღიათ მონაწილეობა  (თებე,  არგოსი). თემისტოკლემ  ამის წინააღმდეგ გაილაშქრა.  მას  ესმოდა, რომ, თუ  ამ მოთხოვნას აღასრულებდნენ, კავშირში უპირატესობას მოიპოვებდნენ სპარტელები და მათზე დამოკიდებული წვრილი პელეპონესური სახელმწიფოები.
კუნძულთა სახელმწიფოებს თემისტოკლე მბრძანებლურად და მედიდურად ეპყრობოდა, სთხოვდა ფულად გადასახადსა  და  ათენის უსიტყვო  მორჩილებას. ასე  მოექცა  იგი  კარისტოსისა  და  პაროსის5  მკვიდრებს,  მან მრავალრიცხოვანი ფლოტით ალყა შემოარტყა კუნძულ ანდროსს6 და ფული მოითხოვა. იგი არწმუნებდა მის მაცხოვრებლებს, რომ მოსული იყო ორი ღვთაების  – დარწმუნებისა და ძალის თანხლებით. ვინც არ მიენდობოდა პირველ ღვთაებას, იძულებული გახდებოდა, დამორჩილებოდა მეორეს. ანდროსელები იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ. უფრო მნიშვნელოვან კუნძულთა სახელმწიფოები კავშირში მოლაპარაკების გზით მიიზიდეს.  ამ მოლაპარაკებების დროს თემისტოკლე იყო მთავარი. ათენელებმა მეკავშირეთა შორის მალე მოიპოვეს უპირატესობა ზღვაზე.
ამასობაში თემისტოკლეს მტრებმა ცუდი რამ განიზრახეს. მათ მიაღწიეს იმას, რომ თემისტოკლე ათენიდან განდევნეს ოსტრაკისმოსის  წესით.  განდევნის  მიზეზი  ხალხის კეთილგანწყობის დაკარგვა  იყო.  ათენელებს ეშინოდათ  სპარტის წინააღმდეგ მიმართული მეტისმეტად მკაცრი პოლიტიკისა. ხალხი დაიღალა სპარსელთა წინააღმდეგ ომით და აღარ სურდა ახალი ომი სპარტასთან, რომლის  სახმელეთო ძალები აღემატებოდა ათენელებისას.
გაძევებულმა თემისტოკლესმა თავდაპირველად არგოსს შეაფარა თავი. მალე სპარტელებმა თემისტოკლენდაადანაშაულეს იმაში, რომ იგი სპარტის მეფე პავსანიასსთან ერთად სპარსელებთან იყო დაკავშირებული. იმჟამად სპარსელებთან ყოველგვარი ურთიერთობა სახელმწიფოებრივ ღალატად ითვლებოდა.  ამ ბრალდებას მხარი დაუჭირეს თემისტოკლეს მტრებმა  – ათენელმა არისტოკრატებმა. მათ სახალხო  კრებას მიაღებინეს გადაწყვეტილება სამსჯავროში თემისტოკლეს ძალით მოყვანის თაობაზე. ამ ცნობის მიღებისთანავე თემისტოკლესი კერკირაზე (კუნძული იონიის ზღვაში) გაემგზავრა,  მაგრამ მალე იძულებული  გახდა თავშესაფარი ეთხოვა ეპირის7  მეფე ადმეტოსისთვის.
აქ თემისტოკლესი დიდხანს  არ დარჩენილა. იგი სატვირთო  გემით  გაეშურა აზიის ნაპირებისკენ.  არავინ იცოდა მისი ვინაობა  მანამ, ვიდრე ქარმა ხომალდი კუნძულ ფასოსს (საბერძნეთის დასავლეთ სანაპირო) არ მიაყენა.  იმ დროს ეს კუნძული ათენელთა ფლოტით იყო გარემოცული, ამიტომ თემისტოკლე შიშობდა, ხელში არ ჩავარდნოდა თანამოქალაქეებს. მან თავისი ვინაობა გაუმხილა ხომალდის მეთაურს, შეძლო დაერწმუნებინა  იგი, გვერდი აევლოთ კუნძულისთვის და მცირე აზიის ნაპირებს მისდგომოდნენ. როდესაც გემი ქალაქ კიმეს მიუახლოვდა, თემისტოკლემ  შენიშნა,  რომ  იქ  მისი შეპყრობა სურდათ.  სპარსეთის მეფე  ხომ თემისტოკლეს დამჭერს 200 ტალანტს ჰპირდებოდა საზღაურად.
კიმედან თემისტოკლესი გაემგზავრა ეოლიურ ქალაქ  ეგეში, სადაც  იგი  მისმა ძველმა მეგობარმა ნიკოგენესმა მიიღო. აქ თემისტოკლემ გადაწყვიტა საკუთარი ნებით ჩაბარებოდა სპარსელებს. იგი მალულად გაეშურა სპარსეთის მეფე არ-ტაქსერქსესთან, რომელმაც ქსერქსეს შემდეგ მემკვიდრეობით ჩაიბარა სამეფო სკიპტრა. თემისტოკლე მეფეს წარუდგინეს.  მან ქვეგანრთხმით თაყვანი სცა არტაქსერქსეს და  ასე  მიმართა: „დიდო მეფეო,  ელინთაგან დევნილი  შენთან  მოვსულვარ.  ჩემი წყალობით სპარსებმა ბევრი ვნება იგემეს, მაგრამ უფრო მეტი სიკეთეც ნახეს, ვინაიდან მათი დევნა მე შევაჩერე. ყველაფერს ველი. მზად ვარ მივიღო მოწყალება, თუ სიკეთის ქმნა შეგიძლია და გთხოვო რისხვის დაცხრობა, თუკი ხსოვნაში სიავე ჩაგრჩენია.  ჩემი მტრები  იმ სიკეთეთა მოწმეებად უნდა ჩათვალო, რაც სპარსეთისთვის გამიწევია. ხოლო ჩემი ხვედრი, გიჯობს,  შენი კეთილმოწყალების საჩვენებლად გამოიყენო, ვიდრე შურის საძიებლად. მხოლოდ  შენ  შეგიძლია გადაარჩინო შენთან ვედრებით მოსული კაცი, ელინთა მტრად რომ გადაქცეულა!“
სპარსთა მეფემ დუმილით მოისმინა  ეს სიტყვები, ხოლო როდესაც თემისტოკლემ დატოვა დარბაზი, ღმერთებს მსხვერპლი შესწირა და სამადლობელო აღავლინა  ამ  სიტყვებით:  „დაე,  სპარსელთა  მტრებმა  მუდამ  ასე  დევნონო  თავიანთი საუკეთესო ადამიანები!“ ღამით,  კი, შუაძილში, სიხარულისგან სამგზის წამოიძახა: „ათენელი თემისტოკლე  ჩემს ხელშიაო!“
არტაქსერქსმა კეთილად მიიღო თემისტოკლე.  სამი ქალაქი უბოძა სამართავად და მეტისმეტად დაიახლოვა. უცხოელთაგან არავის ღირსებია სპარსთა  მეფის  კარზე  ასეთი  პატივი.  ამიტომ  მისი  აქაც შურდათ.  მაშინ  ელინი  განერიდა იქაურობას  და მისთვის ბოძებულ ერთ-ერთ ქალაქში დასახლდა. ერთხანს  მშვიდად ცხოვრობდა,  თუმცა დიდხანს  არ გაგრძელებია  ეს  ნეტარება:  ეგვიპტე  აღსდგა სპარსეთის წინააღმდეგ, ათენელებმა მხარი დაუჭირეს ეგვიპტელებს. არტაქსერქსემ შეახსენა თემისტოკლესს, რომ პირობისამებრ  მას სპარსეთის ინტერესები უნდა  დაეცვა. მაგრამ ბერძენმა მთავარსარდალმა  არ ისურვა გალაშქრება თანამემამულეთა წინააღმდეგ და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შენიშვნები
1. ათენის კანონიერ მოქალაქედ ითვლებოდა მხოლოდ ის, ვინც დედითაც და მამითაც ათენელი იყო. 
2. ძვ.წ.  490  წელს  სპარსეთის  ლაშქარი  დაამარცხეს ათენელებმა,  რომელთაც წინამძღოლობდა სტრატეგოსი მილტიადე. 
3· ატიკის არგოლისის მთავარი ქალაქი. 
4. პირეოსი  – ათენის ნავსაყუდელი. 
5. კარისტოსი  – ქალაქი კუნძულ  ევბოაზე.  პაროსი  – ერთ-ერთი კიკლადური კუნძული ეგეოსის ზღვაში. 
6. ანდროსი  – კიკლადური კუნძული ეგეოსის ზღვაში. 
7. ეპიროსი  – ქალაქი საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთით.


Комментариев нет:

Отправить комментарий