вторник, 25 июля 2017 г.

ციხე-ქალაქ აფსაროსში გოთების ლაშქრობის ისტორიისათვის (კ. ფიფია)

ახ.წ. III საუკუნეში რომაული სამყარო უკიდურეს კრიზისში აღმოჩნდა. იმპერიის შინაგან დასუსტებას, ცენტრალური ხელისუფლების არასტაბილურობას, პოლიტიკურ დეცენტრალიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ სტაგნაციას თან დაერთო ბარბაროსთა გააქტიურება თითქმის ყველა საზღვარზე. იმპერიის ჩრდილოეთით მოსაზღვრე ბარბაროსულ სივრცეში ისტორიის ასპარეზზე გამოდიან ტომთა ახალი გაერთიანებები. გერმანული ტომების ერთმა ნაწილმა _ გოთებმა, ვანდალებმა, ბურგუნდებმა და ლანგობარდებმა, რომლებიც ბალტიის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, სამხრეთისაკენ დაიწყეს გადაადგილება. გზადაგზა მათ სხვა ტომებიც უერთდებოდნენ და, საბოლოო ჯამში, ბარბაროსთა ეს უზარმაზარი, მოძრავი მასები რომის საზღვრებში შეიჭრა1.
რომაულ სამყაროში მიმდინარე ამ მოვლენებმა გავლენა იქონია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, ისტორიული კოლხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც და აქ არსებული, რომის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებები იმპერიის ყველაზე საშიში მტრების _ გოთების თავდასხმის არეალში მოექცა.
გოთების გერმანული ტომი რომის იმპერიასთან უშუალოდ შეხებამდე ანტიკური ცივილიზაციის პერიფერიაში იმყოფებოდა. სამხრეთისაკენ მოძრავი გოთები III ს. დასაწყისში მიადგნენ იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრებს და დაიწყეს გამანადგურებელი თავდასხმები როგორც ხმელეთზე _ ქვემო დუნაის მხრიდან, ასევე ზღვით _ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროდან2. პერმანენტული ომების შედეგად გოთები IIIს. შუახანებში გაბატონდნენ ყირიმსა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. რომაელები იძულებული გახდნენ, დაეცალათ ეს რეგიონი, ბოსფორი კი მოთარეშე გოთების ძირითად ბაზად იქცა. ბოსფორის მმართველმა წრეებმა, რომლებსაც არავითარი ძალა არ გააჩნდათ გოთების წინააღმდეგ საბრძოლველად, მომთაბარეებთან შეთანხმება დადეს, რის საფუძველზეც გოთებმა აზოვის ზღვიდან შავ ზღვამდე თავისუფლად გადაადგილების უფლება მიიღეს.
ამასთან, მათი გადაადგილება ბოსფორელებს საკუთარი ხომალდებით უნდა უზრუნველეყოთ3. ამან საშუალება მისცა ბარბაროსებს, მოეწყოთ საზღვაო ლაშქრობათა მთელი სერია კავკასიის სანაპიროზე, მცირე აზიასა და დასავლეთ შავიზღვისპირეთში4.
გოთების წარმატებებს ხელს უწყობდა ისიც, რომ ამ დროისათვის შავ ზღვაში რომაული სამხედრო ფლოტი ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობდა. მართალია, IIIს. შუახანებისათვის რომაული ფლოტი _ კლასსიკ ფლავია მოესიკა გორდიანა _ რამდენჯერმე იხსენიება შავი ზღვის დასავლეთ რაიონებში, მაგრამ მთელი ამ ხანგრძლივი ბრძოლების დროს მას არაფრით გამოუჩენია თავი და იგი უკვე აღარ წარმოადგენდა რეალურ სამხედრო ძალას5.
აზოვის ზღვიდან შავ ზღვაზე პირველი მარბიელი ექსპედიცია 255/256 წელს, იმპერატორების ვალერიანესა (253-260წწ.) და გალიენეს (253-268წწ.) ერთობლივი მმართველობის დროს მოეწყო6. V-VI საუკუნეების ბიზანტიელი ავტორის ზოსიმეს ცნობით, შავ ზღვაში შემოსული გოთები პიტიუნტის რაიონში გადასხდნენ, მაგრამ იქ დისლოცირებულმა რომაულმა გარნიზონმა სასტიკად დაამარცხა ბარბაროსები7. თუმცა ამ წარუმატებლობამ ვერ დააფრთხო მეოტური ტომები და 257 წლის შემოდგომაზე მათ უფრო დიდი ძალით შემოუტიეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებს. ამჯერად, გოთ-ბორანებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდნენ ოსტგოთებიც8. ბარბაროსებმა პირველი იერიში ქალაქ ფასისზე მიიტანეს, მაგრამ რომაულმა გარნიზონმა, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, შეძლო მათი უკუგდება, რის შემდეგაც გოთებმა კვლავ პიტიუნტისაკენ აიღეს გეზი. ბარბაროსებმა სასტიკად ააოხრეს პიტიუნტი, ხოლო იქ მდგომი რომაული გარნიზონი მთლიანად ამოწყვიტეს. გოთებმა ხელთ იგდეს უამრავი ხომალდი, რომლებზედაც ნიჩბების ხმარების მცოდნე ტყვეები დასვეს და ტრაპეზუნტისაკენ გაემართნენ. ბარბაროსებმა აიღეს ტრაპეზუნტი, გაძარცვეს და მდიდარი ალაფით დატვირთულები ისევ უკან, ბოსფორში დაბრუნდნენ9.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გოთების ლაშქრობის კვალი ნათლად ჩანს პიტიუნტის არქეოლოგიურ მასალებში. ნაქალაქარის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება ხანძრისა და ძლიერი ნგრევის კვალი10. მართალია, წერილობითი წყაროები არაფერს ამბობენ ბარბაროსთა მიერ კოლხეთის სხვა ქალაქების აღების შესახებ, მაგრამ მკვლევრები, არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ გოთების შემოსევების შედეგად პიტიუნტის ბედი გაიზიარეს აფსაროსმა და სებასტოპოლისმა11.
აფსაროსის კულტურულ ფენებს აშკარად ემჩნევა ნგრევის კვალი. ნახანძრალი ფენები დაფიქსირებულია სებასტოპოლისის კასტელუმის მიმდებარე ტერიტორიაზეც12. თუმცა ჩვენ აფსაროსის დანგრევა და სებასტოპოლისის ხანძრის დაკავშირება ზემოაღნიშნულ მოვლენებთან საეჭვოდ მიგვაჩნია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოსიმეს, რომელიც საკმაოდ დაწვრილებით აღგვიწერს 255/56 და 257 წლების გოთების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ლაშქრობის პერიპეტიებს, გაკვრით მაინც არ აღენიშნა ბარბაროსთა მიერ აფსაროსისა და სებასტოპოლისის დალაშქვრა.
ჩვენ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით სებასტოპოლისის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ საფიქრებელია, რომ სებასტოპოლისში სამხედრო ოპერაციებს ადგილი ჰქონდა არა ამ პერიოდში, არამედ უფრო მოგვიანებით, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305წწ.) მმართველობის დროს, როდესაც მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი დაიპყრეს მეოტურმა ტომებმა _ სარმატებმა. რაც შეეხება აფსაროსს, ვფიქრობთ, გოთებს იგი უნდა დაელაშქრათ 275 წლის კამპანიის დროს, რასაც გარკვეულწილად ადასტურებს არქეოლოგიური მასალებიც. აფსაროსის ციხის სტრატიგრაფიაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ციხეს ფუნქციონირება დროებით შეუწყვეტია III ს. მიწურულს13.
იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270წწ.) მმართველობის დროიდან თანდათანობით იწყება იმპერიის სამხედრო ძლიერების აღდგენა. 269წ. ნაისასთან ბრძოლაში რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს გოთები14, ხოლო მომდევნო იმპერატორმა _ ავრელიანემ (270-275წწ.) არა მარტო აღკვეთა გოთების თავდასხმები რომაულ სამფლობელოებზე, არამედ მოახერხა იმპერიის მთლიანობის აღდგენაც15. მაგრამ 275 წლის შემოდგომაზე ავრელიანეს დაღუპვისთანავე, აზოვის ზღვიდან მოეწყო კიდევ ერთი, მკვლევართა აზრით, უკვე უკანასკნელი დიდი ექსპედიცია მცირე აზიაში16. ბარბაროსები, ძირითადად ჰერულები და ოსტგოთები, შეიკრიბნენ და მცირე აზიაში გადმოვიდნენ იმ საბაბით, თითქოს ისინი ავრელიანეს მიერ სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ მოხმობილი17.
ზოსიმეს ცნობით, გოთები ფასისის შესართავთან გადმოვიდნენ, აქედან სანაპიროს გავლით პონტოში შევიდნენ, შემდეგ კი შეიჭრნენ გალატიასა და კილიკიაში18. მცირე აზიის ტერიტორიაზე გოთების წინააღმდეგ ომი ერთ წელს გაგრძელდა და ისინი ჩრდილოეთში მხოლოდ 276 წლის შემოდგომაზე დაბრუნდნენ.
როგორც ვნახეთ, შავ ზღვაში შემოსული გოთები მდ. ფასისთან გადმომსხდარან. მაგრამ ზოსიმე არაფერს ამბობს ფასისის აღების შესახებ და აღნიშნავს, რომ აქედან გოთები მცირე აზიაში გადასულან. 275წ. ბარბაროსთა ამ ლაშქრობასა და მათი ექსპედიციის მარშრუტში, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ გოთები შავი ზღვის სანაპიროს გავლით გაემართნენ პონტოსაკენ. ასეთ შემთხვევაში, მათ აუცილებლად უნდა გაევლოთ მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების მიწაწყალი, სხვანაირად ისინი პონტოში ვერ მოხვდებოდნენ. ფასისიდან წამოსულ, სამხრეთისაკენ მოძრავ გოთებს ყველა შემთხვევაში უნდა გაევლოთ მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე არსებული აფსაროსის ციხე-სიმაგრე, სადაც დისლოცირებული იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველაზე ძლიერი რომაული გარნიზონი.
როგორც ცნობილია, კოლხეთის რომაული საფორტიფიკაციო სისტემის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთგვარი კონტროლის დაწესება და ამ მხრიდან „მეოტიდა-კოლხეთის“ გზით მცირე აზიის რომაულ სამფლობელოებში ბარბაროსთა მოულოდნელი შემოჭრის აღკვეთა19.
აფსაროსის ციხე-სიმაგრეს კავკასიაზე სტრატეგიული მეთვალყურეობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა და პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემაში იგი ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა. ჭოროხის შესართავთან მდებარე აფსაროსი კოლხეთის დაბლობიდან აღმოსავლეთ მცირე აზიის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების საკვანძო გზაჯვარედინს წარმოადგენდა. იქ დისლოცირებული ჯარები ერთდროულად კეტავდნენ სანაპირო ზოლს და, სხვა კასტელუმებთან ერთად, ზღვასაც აკონტროლებდნენ. ამდენად, აფსაროსის ძირითად დანიშნულებას სწორედ ჩრდილოეთის მომთაბარეთა შეკავება და მცირე აზიის რომაულ პროვინციებზე მათი შემოსევის თავიდან აცილება წარმოადგენდა20.
ამრიგად, 275წ. ფასისთან გადმომსხდარ და მცირე აზიაში სალაშქროდ მიმავალ ბარბაროსებს წინ უნდა აღსდგომოდა რომაული ციხე-სიმაგრე აფსაროსი, რომელმაც, როგორც ჩანს, შეასრულა თავისი პირდაპირი მოვალეობა, წინააღმდეგობა გაუწია გოთებს და ამ თავდასხმის დროს დაინგრა კიდეც.
შენიშვნები
1. Т. Моммзен. История Рима. V. М., 1949, გვ. 205-206; С. И. Ковалев, Е. М. Штаерман. Очерки истории Древнего Рима. М., 1956, გვ. 272-273; История Европы. Т. I. М., 1988, გვ. 598-599; А. Х. М. Джонс. Гибель античного мира. Ростов-на-Дону, 1997, გვ. 20; В. И. Кузищин, И. Л. Маяк и др. История Древнего Рима. М., 2000, გვ. 315-320.
2. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 206; А. Р. Корсунский, Р. Гюнтер. Упадок и гибель Западной Римской Империи и возникновение германских королевств. М., 1984, გვ. 30; Г. А. Цветаева. Боспор и Рим. М., 1979, გვ. 19; В. М. Зубарь. Северное Причерноморье и Септимий Север. – Вестник древней истории, 1993, №4, გვ. 35-37.
3. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 31; ზოსიმე. ახალი ისტორია. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. I. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1961, გვ. 265-266.
4. А. М. Ременников. Борьба племен Северного Причерноморья с Римом в III веке. М., 1954, გვ. 91; А. М. Ременников. Война между Римской империей и племенами Северного Причерноморья в 250-251 гг. н.э. – Вестник древней истории, 1951, №2, გვ. 210; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство. М.-Л., 1949, გვ. 441-445; H. ჭოლფრამ. Gესცჰიცჰტე დერ Gოტენ. Müნცჰენ, 1979, გვ. 10-15.
5. А. М. Ременников. Борьба племен.., გვ. 92; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 446.
6. В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 444; А. М. Ременников. Борьба племен.., გვ. 93; И. Т. Кругликова. Боспор в позднеантичное время. М., 1966, გვ. 19; Г. А. Цветаева. Боспор и Рим, გვ. 20.
7. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 32. ზოსიმე ამ ბარბაროსულ ტომებს კრებით სახელს _ „სკვითებს“ უწოდებს, თუმცა მათ შორის ცალკეულ გოთურ ტომებსაც _ ბორანებს, კარპებსა და ურუგუნდებს იხსენიებს (ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 27; I, 31).
8. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 32-33; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 445.
9. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 32-33.
10. რ. ფუთურიძე. ბიჭვინთის შიდაციხის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური გათხრების შედეგები. _ დიდი პიტიუნტი, I. თბ., 1975, გვ. 142-143.
11. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბ., 1991, გვ. 52; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. თბ., 2006, გვ. 90.
12. ე. კახიძე, მ. ხალვაში. გონიო-აფსაროსი წერილობითი წყაროებისა და უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით (I-IVსს.). _ კულტურის ისტორიის საკითხები, V, 1988, გვ. 29; ე. კახიძე. რომის იმპერია და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ახ.წ. I-Vსს. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2002, გვ. 96; მ. ხალვაში. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გვიანანტიკურსა და ადრე შუასაუკუნეების ხანაში (კერამიკული ტარა გონიო-აფსაროსიდან). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2000, გვ. 12; შ. მამულაძე. აჭარისწყლის ხეობა უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2002, გვ. 158; Ю. Н. Воронов. Диоскуриада–Себастополис–Цхум. М., 1980, გვ. 83.
13. ე. კახიძე, მ. ხალვაში. გონიო-აფსაროსი.., გვ. 29; მ. ხალვაში. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება.., გვ. 12; შ. მამულაძე. აჭარისწყლის ხეობა.., გვ. 158.
14. თრებ. Pოლლ., Vიტა ჩლაუდ., V, 1-2; Aურ. Vიცტ., Dე ჩაეს., ჩლაუდ., XXXIV, 5; Eუტრ., Bრევ., IX, 11, 2; Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 213-214.
15. Fლავ. Vოპ., Vიტა Aურ., XXXII, 4; Eუტრ., Bრევ., IX, 13, 1; Aურ. Vიცტ., Dე ჩაეს., Aურელ., XXXV, 2-5; История Древнего Рима. Под редакцией В. И. Кузищина. М., 1981, გვ. 279; А. М. Ременников. Борьба племен Подунавья с Римом в 70-х годах III века н.э. – Античное общество, М., 1967, გვ. 188-192. 16. В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 448; Г. А. Цветаева. Боспор и Рим, გვ. 21.
17. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 63-64; Fლავ. Vოპ., Vიტა თაც., XIII, 2-3; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 448.
18. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 63-64; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 448-449; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 277.
19. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968, გვ. 37; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 237; გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი გვ. 50; კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-IIსს. პოლიტიკური ურთიერთობები. თბ., 2005, გვ. 92.
20.კ. ფიფია. რომიდააღმოსავლეთშავიზღვისპირეთი I-II სს.., გვ. 132;Д. Браунд. Римское присутствие в Колхиде и Иберии. – Вестник древнейистории, 1991, №4, გვ. 39.

понедельник, 24 июля 2017 г.

დავით IV-ის „გალობანი სინანულისანი“ და ორი ანდერძი

გალობანი სინანულისან (1120-იანი წლები)
გალობა პირველი
წამისყოფითა ამათ ზედა
რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არის ყოველი,
მუხლი ყოველი მოდრკება და ენა ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყვაო, აღმსარებელსა მომხედენ!
ხატსა თვისსა მამსგავსე 
და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე.
შენებრ არსთა სიტყვებისა ჩემ შორისცა შეკრებითა,
ხოლო მე უმადლო გექმენ.
ბუნებითნი რა ძალნი არა რჯულთაებრ ვიხმარე, –
მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი,
ხოლო ხილულთა – მიერსა გემოვნებასა ვრცელადრე გავუღე გრძნობანი ჩემნი.
ქალწულო, ბრალეულთა თავსმდებო,
რომელმაც სიტყვა გაასქელე ხორცითა და კარვითა მიწისათა, –
სისქე უსასოებისა გამძარცვე,
დედაო, რათა მონანული შეგივრდე შენ!
გალობა მეორე
ღმერთო მაცხოვაროამათ ზედა
ბუნებითსა რა პორფირსა თვითმფლობელობასა თანა მეფობისაცა შარავანდნი მარწმუნენ,
ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი,
რამეთუ „რომლისაგანცა ვინ ძლეულ არის, მისდაცა დამონებულ არის“.
კაენის მკლველებრი ცნობა, სეითის ძეთა უწესობა,
გმირთა უმსგავსო მავალობა, ხუთქალაქელთა შეგინებისა მწვირე, –
უფროსად ვამრავალწილე,
როგორცა რა აღმართ მსრბოლმან მდინარემან უკეთურებისამან.
ეგვიპტური გულმძიმობა, ქანანელთ ჩვეულებანი,
მსხვერპლვა ნაგებთა, ზმნა და შელოცვა,
ნაწნავი თმათა და სხვანი,
რომელთა შენ ბრძანე არა მსგავსება,
უთავხედესად მოვიგენ თვით მათ პირმშოთა სახეთასაცა.
ამისთვის იყო ქალწული და ხორც-ქმნა სიტყვისა,
რათა დედობრივთა ოხათა მიერ ცხოვნდენ ცოდვილნი,
რომელთა პირველი, საშუალი და დასასრული, –
მე ვარ, როგორცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღვართა.
გალობა მესამე
რა ჟამს ესმაამათ ზედა
ისრაელისა მეფეთა ვბაძევ, თუმცა ურჯულოთა,
და რამდენ მეძლო, ვსცთებოდე მაღალთა ზედა
კუმევისა, და წარმართთა აღრევისა მიერ,
და ძალთა ცისათა თაყვანის-ცემისა.
ზენასა მოძრაობისა ასურასტანული ზმნობა,
და ცთომილთა ვარსკვლავთა და უცთომელთა
კრება და გაყრა, სვე და ბედი, და შობის დღე.
როგორც საღმრთოთა უსმენელმან, უაზრობად ჩავთვალე.
ელინთა მიერ ვერ ცნობა სიბრძნითა ღმრთისათა ღმრთისა
და შემოქმედისაგან შექმნილთა მიმართ
ცვალება თაყვანის-ცემისა სრულვყავ, რაჟამს
თითოეულისა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.
ამისთვის ღმერთ-მამაკაცებრ მოქმედ იქნა ზეთა ღმერთთა,
რათა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩვენნი,
და ღმრთეებრ იხსნიდეს ბრალთაგან, რომელთა
ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედა.
გალობა მეოთხე
შენდა აღვიმსთობთამათ ზედა სჯულნი დავთრგუნენ
წიგნისა, და ახალი ბუნებითი,
და კვლავ რჯულისა შენისა მოწამე,
– რჯული გონებისა, – ცოდვისა და ხორცთა რჯულსა დავამონე.
თითოეულთა მხეცთაგან შეზავებულსა ვემსგავსე
მრავალ-გვარსა და მრავალ-ხატსა,
და სხვა-ჟამად სხვებრ ხილულსა და მრისხანესა ბუნებისაებრ თითოეულისა.
არა შევძრწუნდი მანგლისაგან ფრინველისა,
რომელიც შურსა სიკვდილისასა მიჰხდის,
რომელნიც ჩემებრ განუწყვეტლივად ცრუდ ფიცვიდენ
განსაკრთომელსა სახელსა შენსა.
ამისთვის სისხლთა ქალწულებრივთაგან ხორცნი ღმრთისანი,
და ახალი შეზავება, ღმერთი და კაცი,
რათა შუამდგომლობდეს დედა
ჩემებრ განწირვით უსასო-ქმნილთა.
გალობა მეხუთე
დანთქმული ღელვათაამათ ზედა
სოლომონისასა წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი
სხვათა სოფლის – კიდეთა ვეძებდ დასაპყრობელად, 
და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობდ.
როგორცა მცირეთა და უნდოთა, –
ჩემისამდე უძღებებისა და გულის-თქმისა.
ბოროტად გადავედ საზღვართა,
შევჰრთე სახლი სახლსა,
აგარაკი – აგარაკსა,
და უუძლურესთა მივჰხვეჭე ნაწილი მათი.
და ვიღწვიდ ყოვლად უმეზობლობასა,
თითქოს მარტო ვმკვიდრობდი ქვეყანასა ზედა.
მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა რჯულისა შენისათა
და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვმძლავრე საწოლსა,
და სახეთა ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი,
როგორცა მეფეთა მისთა - ისრაელი.
ამისთვის ქალწული დედა, და შობა ახალი სიტყვისა,
რათა ახალი ხატ-ყოფა კვლავ მისცეს ცოდვით გამრყვნელთა მისთა,
დედობრივთა რა ოხათა ბრძმედითა დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისა!
გალობა მეექვსე
ყრმათა ბაბილონსამათ ზედა
ვერცხლი, როგორცა მიწა, და ოქრო, როგორც თიხა უბნისა შევინახე,
თაყვანის-ვეც ანგარებისა მამონას,
როგორც იგი ძველთა მათ – ბაალს და ასტარტეს და ქამოსს საძაგელსა.
სიტყვა წმიდა და ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ,
ხოლო მლიქვნელთა ძმაცული სივერაგე მოვიწონე,
და შემასმენელთანი დავიტკბენ ზრახვანი,
და ცრუნი გავსცენ მსჯავრნი.
ცრემლნი ქვრივთანი და ობოლთა გულამომჯდარი ტირილი არა შევიწყალე,
არა გავუღე ნაწლევნი მახვეწართა,
უფროსღა შენ, ქრისტე,
რომელიც იზრდები მცირედითა ზრდითა მათითა.
ამისთვის შობა ღმრთისა ადამეანისაგან დედაკაცისა,
რათა მიწით-შობილთა კაცთა ცთომასა,
როგორცა ღმრთისა დედა, დაჰხსნიდეს ქალწული,
და შუამდგომლობდეს ცოდვილთა.
გალობა მეშვიდე
შეუწველმან მაყვალმანამათ ზედა
ესენი ვცოდენ სახარებისა რჯულთა
და მცნებათა შენთა შინა, –
მცემელთა რა ყურიმლისა მიპყრობასა,
და გლახაკთათვის გაშიშვლებასა,
და რაითურთით არა ფიცსა შენ,
რჯულის-მდებელი ჩემი,
ჰბრძანებდი და გულის-თქმმითა მიმხედველობასა
დასრულებულად მრუშებად დასდებდი.
დაღათუ ესეთ გავხრწნენ ყოველნი გრძნობანი
და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
თუმცა არავე ავიღენ მე ხელნი,
არცა დავდევ სასოება ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოსა,
არცა უცხოთესლი ვყავ სარწმუნოება
სააქაო სულისა, გარეშე მისსა,
რომელიც მასწავლეს ღმრთისმეტყველთა შენთა.
და აწ, მომდრეკელი მუხლთა გულისათა,
ვხმობ, როგორცა სხვა მანასე:
მილხინე, ჰოი, მეუფეო, მილხინე,
და ნუ წარმწყმედ მე ცოდვათა შინა,
და ნუ იხსენებ ძვირთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქვესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა,
ამაღლებულ ზესკნელს ცათა ძალთაგან.
საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებთ,
უხრწნელო ქალწულო, და გვწამს,
რომ პატივი ხატისა შენისა შენდამო წიაღმოვალს, ღმრთის-მეტყველთაებრ,
და ცოდვილთა მოქცევასა აჩვენებ მის მიერ,
როგორც ცხად-ჰყოფს თეატრო იგი მრჩობლთა სოფელთა,-
სიკეთე ეგვიპტის ღირსი მარიამ.
გალობა მერვე
მტვირთველმან გამოუთქმელადამათ ზედა
ჟამი რა წვრილთა და ხმელთა აღმოფშვინვათა წარმოდგეს,
ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრტეს,
შვებანი უქმ იქმნნენ,
ყვავილოვნება დაჭკნეს,
სხვამან მიიღოს სკიპტრა,
სხვასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!
გაეღოს რა წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართალ სჯიდე,
მსახურთა რისხვა ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგვემდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!
ვინაიდან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო
ძვალი ძვალს თანა და ნაწევარი ნაწევარსა,
და განხმელთა მოჰბერა სული კვლავ გებისა,
მწამს, რომ აღვსება სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის
ყოვლისავე სინანულით აღდგომისა.
მარტიო, სრულო, სამ მზეო, ერთცისკროვნებაო,
განმინათლე მხედველობითი სულისა,
რათა გიხილო ნათელი ნათლისა უფლისათა,
სულითა ღმრთისათა ძე გამოგვიბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა.
არა უხილავს მზესა ქალწული დედა გარდა შენსა,
არცა ჩემოდნად ბრალეულსა-ნათელი მისი,
თუმცა მე შენითა ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა.


ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი (1124 .)
ნებითა ღმრთისათა მე, დავითს, ვიცი.
ჟამსა ჩემსა შარვანსა ზედა განმართვისასა შევევედრე შეწევნად ჩემდა შესავედრებელსა ჩემსა წმიდასა მამასა შიოს, ვიხილე ეკლესია ჩემ მიერ აშენებული, დასრულებულად და მივიღე ლოცვა ყოველთა მამათა.
და სასომან და განმანათლებელმან ჩემმან, ბერმან არსენი, მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა. ხოლო დაკლებული სისწრაფისა არის.
თუ ინებოს ღმერთმან ჩემი შემოქცევა, უმჯობესად შეიცვალოს, თუ არა, ესე იყოს აწინდელი:
ვინაიდან მალემან წყალობად და სულგრძელმან მხედველობათა შინა ცოდვათასა და წყალობითა სიყვარულისა თვისსა მიმართ მიმზიდველმან ღმერთმან ჩემ უღირსსა ზედა აჩვენნა მიუწვდომელნი ქველისმოქმედებანი, რომელთათვის ყოვლად უმადლო ესე, ჯერისაებრ ვერმმადლობელიცა არა მომიძაგა და არა დააცადა ჩვეულებითი წყალობა დღესდღემდე თამამსა სულსა ზედა, რომელთა კერძო რამე და ურიცხვთაგან ერთი მიზეზად თხრობისავე მივსცე თხრობასა.
თვით იგი ოდეს მარწმუნა მის მიერ განგებულსა მეფობასა, თვისითა რაითამე განგებითა არა უღირსმჩენელმა შარავანდსა შინა პატიოსანსა უპატიოებისა ჩემისამან, აქაითგანვე აიღო ხელი სიტკბოებითა თვისითა გაძღებად ჩემდა.
და თვით მეფე მეფეთა იქმოდა საჭირველთა უჭირველად: ცხადთა წინააღმდგომთა განგებულისა თვისისათა მისცემდა მოსასრველად; იდუმალთა, კვლავ ზაკვისა თვის შორის მფარველთა, არა შეუნდობდა შეცდომად, რომელთა თანად თვით მიიღეს ზაკვისა მათისათვის საცდური.
და ერთმან მათგანმან, ძაგანმან, შემაწუხებელმან ღმრთისა და მონათა მისთმან, მძლავრებით ღმრთისაცა არამრიდმან, თანავე ძმისა თვისისა მოდისტოს, წინაუკმოსა მღვდელთმოძღვრისა, რომელმაც ერთმან პატრონთა თვისთა წყალობა მათ ზედა საისრელედ აღმახვა, ხოლო მეორემან ღმერთსადა განკუთვნითა ეკლესიები საზეზთმჩენოდ თავისად მიიტაცა, რომელნი-ესე არა ითნნა ესეთ ყოფად საშჯელმან გამოუძიებელმან, - ცხად არის, რამეთუ ღმრთისამან, - და არცა მიუშვა კვერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა: მწყემსი უკარო ჭეშმარიტთა მწყემსთა მიერ დაემხვა. და ძაგანი, მღვიმეს შელტოლვილი, მომცა ღმერთმან, რომელსა შინა არამცირედი ერთგულება აჩვენეს ჩვენდა მომართ მამათა მემღვიმეთა, რამეთუ იხარებს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგება. მადლობად აღუვარე დამბადებელსა ღმერთსა და თაყვანის ვეც ღმერთშემოსილისა წმიდისა მამისა შიოის საფლავსა.
ვიხილე წმიდა მთავარმამა, მემღვიმე მიქაელ, და სულითა ღმრთისათა განათლებულნი მამანი; განვიშვი სულითა საწადელისა მისთვის კრებულისა და მხიარულებით აღვივსე სამოთხის მსგავსისა მის ლავრისათვის.
მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განუცხადე სათნო ჩემი და ვარწმუნე აშენებად ეკლესია, საშუალ მონასტრისა, სახელსა ზედა ყოვლა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, და მომადლებითა მისითა სრულად ვიხილე.
მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი და თვით სულიერმან ბერმან, მოძღვარმან ჩემმან იოანე, რათამცა წესსა ზედა ავიმონწმიდისასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი, რომელნიც თვით მათ მიერ აღწერილი ვიხილე ყოვლად მშვენიერად, უცდომელი გზა და წესიერი ცხორება და ანგელოზებრი მოქალაქობა, რათა ღმრთისათვის ოდენ განკუთვნილნი მას მხოლოსა, გარეშე საწუთოთასა, ზრუნვასა ზრახვიდენ და წინაშე ღმრთისა მეოხებად კადნიერ იყვნენ.
შეწევნითა ყოვლა სახიერისა ღმრთისათა და მადლითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და მეოხებითა შესავედრებელისა ჩემისა წმიდისა შიოსითა მიეცით სიმტკიცე ეკლესიასა ჩემ მიერ აშენებულსა!
თუ მე ღირს მყოს ღმერთმა ენკენობა მისი ვიხილო, კურთხეულ არის სულგრძელობა მისი, თუ არა - არსენის ბერსა რომელ აქვს კოსტანტი და პერპერა, კალაპოტი გამოუყარონ, მოლესენ, მოხატონ, და ძემან ჩემმან დემეტრე, თანადგომითა კურთხეულის მწიგნობართუხუცესისა და ჩემთა ბერთათა, აკურთხონ ხელითა იოანე ქართლისა კათალიკოზისათა, თანადახვდომითა იმერთა და ამერთა ყოველთა ეპისკოპოსთათა.
რომელიც მამათა და პაპათა ჩემთაგან სიგელნი ჰქონდათ  სოფელთათვის მათთა წმიდასა ამას უდაბნოსა, რაცა სიბოროტითა ჟამთათა შეცვალებულ იყო, მე კვლავ გამიახლებიან იგი სიგელნი ან მეფეთა შეწირულთა, ან მთავართა ვიეთმე და თვით ძველი და ძველისძველი ნასყიდი მონასტრისაგან, ყოველი უბეგროდ, უბაჟოდ და უწყენლად კვლავ მომიხსენებია წმიდისა მამისა შიოსათვის.
ქალაქს ტფილისს რომელიც სპარსთა ქონებასა ჰქონებია, და რომელიც აწ უყიდია, და რომელიც მე მომიხსენებია, იგი, და ან წაღმართ მოიგონ, იგიცა, - ყველა უბაჟოდ და უსახრაოდ ყოვლისა სასეფოსა გამოსავლისაგან ჰქონდეს.
როგორც წიმანძღვარსა რჯულისა ჩვენისასა, მეუფესა იოანეს, ქართლისა კათალიკოზსა, უბრძანებია და მიუნიჭებია ეკლესიისა ჩემისადა, რომელი საქონებელნი სოფელნი და აგარანი ჰქონან, მღვიმესა, სარჯულო სასამართლო არის, ყოველგან თვით მემღვიმისა დიაკონმან მოისამართლოს და ეკლესიისა ზეთად მოახმაროს; და ამისთვის რომ მიჰრონსა მოანიჭებდეს ქართლისა კათალიკოზი, ჩემსა ეკლესიასა შინა სახელი მისი მოიხსენებოდეს პირველთა თანა, მღვდელისაგან.
ბროლისა, ბაზიჯისა და მინისა კანდლები, რომელიც მე მომიხსენებია და რომელიც არსენის დაუდგამს, ნუმცა ვის უკადრებია გამოღება!
სასანთლეები, სიწმინდის სამსახური და რაცა უნდა მისთვის, ოცდაათი ლიტრა ვეცხლი წმიდისა არსენის ხელსა არის.
ცვილი, როგორც გამიჩენიან ვაჭართა ზედა ჟამად-ჟამადი, იგი ამსახურონ.
საზრდელი ძმათა - პური, ხილი ფურნისა, ხუთასისა დრამისა წონი, ნუმცა ოდეს მოაკლდების.
სამდღევროდ ღვინო, ჟამსა სთვლისასა შემსგავსებულად მოსულისა, შინათ მოართვან მსახურთა მონასტრისათა ყოველთა ერთი საწყავი. ეგრეთვე სხვა ყოველი საჭირო სახმარი, შემოსავალთაგან მონასტრისათა.
სხვა: ნაბჭობი, და ქულბაქთა, და საზეთეთა, და წისქვილთა ყოველი შესამოსლად განეყოფოდის.
ოცდაათი ჯორი, რომელიც აწ მე მომიხსენებია, ამას ნუ დააკლდების.
ძველიდან რადგან სიგელი შეუვალობისა აქვს ცხვართათვის უსაბანჯრობისა, სამი ათასისა ცხვრისა მთასა და ბარს, აწ მე მომიხსენებია ორი ათასი ცხვარი; და ხუთი ათასი ცხვარი, თვით სასეფო მონასტრისა და მათთა მეცხოვრეთა, უსაბანჯროდ, უბაჟოდ და უწყინელად დგეს და იარებოდის ჩვენსა ჭამბარსა გვერდით. და ამისი გამოსავალი ცხვარი ჯორსა იყიდეს, მატყლი - მსახურთა მონასტრისათა და წველად ძმათა მიეცემოდის.
ასი ფური მომიხსენებია, რომელიც თრიალეთს მთასა, სოფელსა ბჭითს და ბჭითს ზეითს სოფლებს, მათსა საფურესა მუხნარს დგეს. მომეტებული ზროხა ჯორსა და ცხენსა მონასტრისასა სამსახურებელსა იქმოდეს. ხარი საცხოვრებელთა სამუშაოთა ადგილთა მოახმარონ.
თვალი და მარგალიტი, ჩემისა ხატისათვის რომელი დამიც, და ორნი ბროლისა სასანთლენი, მას ემსახუროს უკლებად.
ბროლისა ბარძიმი და ბაზიჯისა ფეშხვემი სიწმიდისა განახლებისა სამსახურად მოიხმარებოდის.
სხვა ჭურჭელი, იავარი სპარსთა, რომელიც არსენისდა და იოანესდა მიმითვალავს, იგი მისსა ჟამსა ჩემსა მონასტერსა გაგზავნოს ძემან ჩემმან დემეტრე.
ძელი ცხოვრებისა და ნაწილნი წმიდათანი, ორი მოთხე სავსე, ესე თვით ამას ჩემსა ეკლესიასა შინა იყოს.
წმიდათა დიდთა მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკვერსა განუყოფდენ სახსენებლად ჩემდა. და პირველისა შვიდეულისა პარასკევსა თითო კარასეული მიეცეს, სეფისკვერსა და თესლსა თანა შესვან ყოველთა და მილოცონ ესრეთ:
„უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცდომილებისანი!“
მემსგეფსე ყოველთა კვირიაკეთა ჩემთვის წირვიდეს ჩემსა ეკლესიასა შინა და მამა მემღვიმე მას დღესა სერსა უყოფდეს.
რომელსაცა დღესა ჩემი განყოფა იქმნეს ხორცთა ამათგან უბადრუკთა და მრავალმცოდველთა, ღამისთევა და ლოცვა ყონ ყოველმან სიმრავლემან, და მას დღესა ჟამისწირვა ჩემთვის აესრულებოდის.
სოხასტერი, ვითა ბერსა განმანათლებელსა ჩემსა არსენის გაუწესებია და მე ხუდაბუნი შემიწირავს მუხრანს წმიდისა სვიმონ საკვირველმოქმედისადა, რომელმან სამისა დღისა მკვდარი აღმადგინა, იგი, როგორც თვით არსენი განაწესის, ეგრე იქნას, თუმცა ჩემ მიერ ესეოდენი, რომელიც შემდგომად არსენისსა განკრძალული მღვდელი იყოს მახსენებლი ჩემი შეუცვალებელად.
ტფილის საამიდოთ, როგორც სხვითაცა ნიშნით თვით ხელითა ჩემითა დამიწერია ასი დრაჰკანი მღვდელთა და მგალობელთათვის, ნუვინ დააკლებს. მას დღესა, რომელსა მომიხსენოს ღმერთმან, გაიყონ მღვდელთა და მგალობელთა.
როგორც აწ არსენის გაუწესებია ყოველთა კვირათა ღამე ყოველ ღამისთევა, ნუ ვინ შესცვლის ამას წესსა.
და ტურათის უბანსა რომელი მეზვრენი დაუსხმან და ზვარნი და მიწანი, ამისი პური ეკლესიას მიეცემოდის თითო კვირას ძალითა და თითო კარასეული ღვინო.
ოდეს ზეზადნისა ციხე და მუხრანი ძველითგან ვეცადე მათგან ძებნითა, მაშინცა არა იყო ნება ჩემი, მამამან ჩემმან უბოძა, მით რომელ სხვათაცა ჰქონებოდა მათთა გვართა და არავის ოდეს ექნა ჩვენი ერთგულობა.
აწ ძაგანმან სადგომად საებისკოპოსოდ, და მცხეთისა საქონებელნი მრავალნი დაეჭირეს, და წილკანი საყდრისა. მონასტრისა რაცა იყო: მთასა ციხე, მარანი ან სასაფლაო იგი სოფელი და მღვიმე მონასტერი შიგან ციხედ და სადგომად ჰქონდეს თვით.
როდესაც მოიქცა სალმობა მისი თავსა მისსა, ყოველი ყოვლითავე უკუნეცით ნაქონები მისა მიმართ თვისებული და მღვიმეს ქონება მისნი საავაზაკონი და წარტყვენილი, როგორც მამისა ჩემისა ბრძანებასა შიგან გაჩენით სწერია. აღარ ოდეს მიგეღოს იგი და არცა ვის სხვასა საქმე უც მღვიმესა თანა და არცა მღვიმისა ქვაბთა.
როგორც იგი თვით სანატრელისა მამათა ნათლისა შიოს ანდერძში სწერია, უფალი მღვიმისა ღმერთი, მეუფე - წმიდა მამა შიო; და მეფეთათვის ლოცვა აღასრულონ, ვითა თვით წერილნი წმიდანი უმოძღვრებენ და როგორც თვით იგინი გარდა მეფეთა საწირავისა არა საქმე ყოფილა მღვიმესა თანა, არცა ვის აწ უც საქმე, გარდა ლოცვისა და შეწირვისა.
აწ სვიმეონ ბედიელ-ალავერდელისა იყოს შევედრებულ, რაცა საქმე და საურავი მათი იყოს, იგი იყოფოდის, რომელსაც ჩვენ ვერ მოვაღწიეთ. და შემდგომად მისსა, თუ მისსა ადგილსა ამითვე წესითა სხვა მწიგნობართუხუცესი იყოს, იგი იურვოდის.
და თვით ძველთა და აწინდელთა ქართლისა კათალიკოზთა ხელნი როგორცა ჰქონან, არცა ქართლისა კათალიკოზის საქმე არის მღვიმესა ზედა, არცა ვის სხვასა ეპისკოპოზისა, არცა ზვერი, არცა მეფეთა, არცა მუხრანისა მგეთა; არცა მღვიმისა შედგომად ვის აქვს ხელმწიფება, არცა მათთა აგარაკთა და საქონებელთა თანა ვის საქმე უც.
და ესე ჩემგან აშენებული ეკლესია ნიჭად ჩვენობისად კმარ ეყოს ყოველთა.
როდესაც მუხრანს ვიყვნეთ, წმიდისა შიოს ხატსა შეგვამთხვინენ, სამი სეფისკვერი, ერთი ფილას საზედაშე და ფარჩითა კაპარი გვიევლოგიონ. მთავარმან მემღვიმენ მოასვენოს ჯვარი მისი, მას გვაამბორონ, ჩვენ პატივ ვსცეთ, როგორცა სულიერსა მამასა ჰშვენის საჯდომელითა და სერითა.
გარდა ერთი მიიცვალოს, როგორც თვით წესი არის მის წმიდისა შიოს საფლავსა ზედა წილგდება, ამით სხვა განაჩინონ და ჩვენსა დარბაზსა მოიყვანონ. და ჩვენ არგანი მოვახსენოთ და შევჰვედროთ მონასტერი.
და თქვენ, შემდგომად მომავალნო მეფენო! ჩემსა ეკლესიასა და მონასტერსა ანდერძითა ამით შეჰგვედრებ წინაშე ღმრთისა შეკრებასა ჩვენსა, რომელიც არ სირცხვილისა თანამდებად იხილეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან, მოიხსენნეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს; ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს; ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა და ნუ ოდეს ვის გაარყვნეთ კვლავ მას დიდებულსა ლავრასა!
და აწ, შემდგომად ამისსა, ან მეფემან, ან მთავარმან, ან ეპისკოპოსმან, გინა მონაზონმან, გინა ხელისუფალმან ვინ, თუნდა გლეხმან და თუნდა აზნაურმან ან ანდერძი ესე ჩემი შეცვალება იურვოს, ან ვინ საურავი მოუღოს, ან ქრთამისათვის, ან თუ თვით იქმოდეს, ან მძლავრებით და ან თუ ღვთისმსახურებასა რამეს აჩვენებდეს, ან მღვიმესა შიგან სადგომად იურვოდეს, ან თავისათვის რადმე მოსახმარებელად, ან გარეშე მონაზვნისა მწიგნობართუხუცესისა სასაურაობასა ვინმე იკადრებდეს, რა გვარი გინდა ვინ იყოს - პირველად შენ, დაუსაბამოო და დაუსრულებელო ღმერთო, მიაწიე რისხვა შენი დაუსრულებელად მის ზედა! ნუმცა უხილავს ნათელი ღმრთებისა შენისა, ნუმცა მიეცემის წყალობა შენი ნუცა ცვარისაგან ზეცისა, ნუცა ნაყოფისაგან ქვეყანისა! იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნაშობნი მისნი მოსასრველ, მოლოდებასა შინა წყალობისასა რისხვა შენი ეწიენ, გონებისა, ცნობისა და ხედვისაგან ოხერ ყავ იგი, ღმერთო!
ხოლო შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, განყოფასა მისსა ხორცთაგან განყავ იგი ნაწილისაგან ცხოვნებულთაჲსა და შური იძიე, როგორცა მგმობარსა შენსა ნესტორს ზედა!
ხოლო შენ, წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო შიო, როდეს დაჯდეს ქრისტე ღმერთი განსჯად ყოველთა ტომთა და საქმეთა, წარმოუდეგ და განესაჯე, როგორცა შემაწუხებელსა შენსა ზედა, ეგრეთ შური იძე პირითა ღმერთისათა!
უკეთუ ჟამი მომცეს ღმერთმან და სხვა უახლესი ანდერძი დავწერო, იგი თქვენ, თქვენმიერითა კანონითა, უჯვარობითა, წყევითა და შეჩვენებითა დაამტკიცეთ, წმიდაო მეუფეო ქართლისა კათალიკოზო და ყოველნო მღვდელთმოძღვარნო!
და თუ სხვისა დაწერად ჟამი აღარ მომხვდეს, თვით ესე დაამტკიცეთ! და რათაცა რას ვინ მღვიმესა დააკლებდეს, კანონითამცა თქვენმიერითა კრული არის გაუხსნელად!
სიმტკიცეო ყოველთაო, ღმერთო, მტკიცე მტკიცედ აქციე!


დავითის ანდერძი უფლისწულ დიმიტრისადმი (1125 .)
გიბრძანებს და მოგახსენებს მეფეთა მეფე დავით, დღეთა შინა სიკვდილისა და სოფლიდან განსვლისა მისისათა, ჩემ მიერ, უბრალოსა და უღირსისა, მლოცველისა მათისა ბერისა პირითა, თქვენ, ყოველთა დიდებულთა და წარჩინებულთა სამეფოსა მისისათა: კათოლიკოსთა, ეპისკოპოსთა, ერისთავთა და ყოველთა შეწყალებულთა.
უკვდავი და დიდებისა მოყვარე და მეფობისა ტრფიალი მედვა ბუნება, და არა მახსოვდეს დღესა ამას სამარადისოდ საფლავად მისლვისა ჩემისასა, და ვერ შევძლე დატევებად წუთისოფელისა, ვიდრე არა დამიტევა მე წუთისოფელმან და დამძიმებული ცოდვათა სიმრავლითა მწუხარედ გამიყვანა წინაშე მსაჯულისა.
რამეთუ მრავალნი წყალობანი ყვნა ჩემ ზედა სოფელსა ამას შინა, რამეთუ მომცა პირველად შვილი ესე ჩემი დიმიტრი, სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა, და ნამდვილად ესევითარი უნდა იყო მეფე, მოცემული ღმრთისა მიერ მკვიდრთათვის სოფლისათა მართლმორწმუნეთა.
მე წავედ წინაშე მსაჯულისა, მისისამებრ განმგებელი მეფობისა. რამეთუ მხიარულ ჰყოფდის ყრმა ესე დაფარულთა გულისა ჩემისათა და მენებაცა მოცლა წუთისოფლისაგან მეფეყოფითა მაგისითა, რომელიც-ესე ღმერთმან და მე ორის წლითგან მოძღვარმან ჩემმან უწყით.
მაგრამ მძლია წუთისოფელმან, და შემდგომში დაპირებულნი ჟამნი ამიოხრე და მომაგო ჩემნი და მამისა ჩემისა ჭირნი, რომელთა ამისგან პირნი და თვალნიცა მოვარიდე.
მაგრამ განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან და, აგერ, მომიწოდა მე, და გადაულოც მას მეფობა, მამული და ახლად მოგებული ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა: ნიკოფსიიდან დარუბანდისა ზღვამდე და ოვსეთიდან სოერადმდე და არეგაწადმდე.
და მივანდვე შვილნი და დედოფალნიცა, შუამდგომელობითა ღმრთისათა, რათა ძმა მისი გაზარდოს. და თუ ინებოს ღმერთმან და ვარგ იყოს ცვატა, შემდგომად მისსა მეფე ყოს მამულსა ზედა. და დათა მისთა პატივ სცეს, როგორც შვილთა ჩემთა საყვარელთა.
ამას ყოველსა თანა წარუძღვანე წმიდა ძელი ცხოვრებისა და მივეც დროშა ჩემი სვიანი, აბჯარნი ჩემნი სამეფონი და საჭურჭლენი ჩემნი ზემონი და ქვემონი.
ხოლო დრაჰკანი, კოსტანტი ცვატას და ჩემნი ლალნი და თვალ-მარგალიტნი ხახულისა ღმრთისმშობლისადა შემიწირავს.
ხოლო დუკატი და პოტინატი ატენისა საჭურჭლისა, იგიცა ჩემითა სისხლითა მოგებული, თუ ელეოდეს მეფე დიმიტრი, ყოველი მისცეს მოძღვარსა ჩემსა, თუ არა, ნახევრისათვის წინაშე ღმრთისა ვესაჯები, რათა რომელნი მონასტერნი მამულისა ჩემისანი გამიმწარებიან, მოძღვარმან ჩემმან უკუნცემითა მათითა ალოცეს ჩემთვის.
ხოლო დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად, და წამყვა მისთვისცა ტკივილი სამარადისო.
აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულ ყოს ყოვლითურთ საუკუნოდ ჩემთვის და მისთვის და მომავალთა ჩემთათვის, რომელნიც მიმიცემიან, მისგან ნურას მოაკლებს.
და ადგილნი, რომელნიც მიშოვებიან უმკვიდრონი და უმამულონი, მათგანნიცა, როგორცა ბერმან არსენი და კათალოკოსმან გამოარჩიონ, მეფემან დიმიტრი მიცემითა წერილთა და სიგელთა განასრულენ ყოვლითურთ უნაკლულოდ.

დავითის მონეტები