понедельник, 16 января 2017 г.

მარკო პოლოს მოგზაურობა და ცნობები საქართველოს შესახებ

   მარკო პოლოს „მსოფლიოს აღწერა“ ყველაზე პოპულარული წიგნია სამოგზაურო თემატიკაზე, რაც კი ოდესმე დაწერილა. წიგნი თვით მარკო პოლოს სიცოცხლეშიც პოპულარული იყო, თუმცა თანამედროვენი მის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებდნენ.
    დომინიკელი ბერის, ჯაკოპო დ აკვის ცნობით, მარკო პოლოს სასიკვდილო სარეცელზე მწოლს, სთხოვეს, უარეყო „უამრავი უცნაურობა, რაც სარწმუნოდ არ ჟღერდა“. მარკო დაუსაბუთებლად უმტკიცებდა ყველას, ვინც კი მის მონათხრობს ეჭვით შეხედავდა, იმის ნახევარიც არ მომიყოლია, რაც სინამდვილეში ვიხილეო. ისტორიკოსებსაც სწორედ ეს აფიქრებთ დღემდე - რა არ შეიტანა პოლომ წიგნში. ჩინეთში ყოფნის თითქმის უტყუარი ფაქტებია წიგნში მოყვანილი, მაგრამ არც ჩინეთის კედლით გაოცება იგრძნობა და არც ხის ჩხირებია ნახსენები, რომელთაც ჩინელები ჩანგლის მაგივრად იყენებენ. არ არის ნახსენები ჩაის სმის ტრადიცია, რაც ევროპაში მხოლოდ XVII საუკუნიდან დამკვიდრდა. არც ყმაწვილქალთა სარიტუალო ფეხთშეკვრაზეა სიტყვა ნათქვამი.
      იყო კი მარკო პოლო ჩინეთში და თუ ასეა, სარწმუნოა მისი წიგნი მოგზაურობათა და მისი ჩინეთში ყოფნის აღწერისას? რა ტიპის წიგნი იყო? მოგზაურის თავგადასავლებია იქ აღწერილი თუ ვაჭრის წიგნაკია? ან იქნებ ქრისტიან მისიონერთა გზამკვლევია? წიგნში მონათხრობი მაინც თუა ისეთი შოკის მომგვრელი, რომ გავლენა მოეხდინა თავისი დროის სამყაროზე? თან ისეთი გავლენა, რომ აღმოჩენათა ეპოქის გარიჟრაჟზე აელაპარაკებინა მთელი ევროპა?
     წიგნიდან ვიგებთ, რომ მარკო 1254 წლის 15 სექტემბერს დაბადებულა. მამამისი ნიკოლო პოლო ვენეციელი ვაჭარი იყო, რომელიც აღმოსავლეთში ვაჭრობდა და სულ წასული იყო, რის გამოც მარკო ბიძამ, ანდრეა პოლომ აღზარდა.
    ვაჭრობა იმხანად საზღვაო-სავაჭრო ქალაქებში, ვენეციასა და გენუაში სწრაფგანვითარებადი საქმიანობა იყო. ვენეციური ოქროს დუკატი, რომელიც პირველად XIII საუკუნეში გამოიჭედა, შუა საუკუნეების ევროპის ფულად მიმოქცევაში სულ მალე სტანდარტის სტატუსს იღებს. ჯვაროსანთა მიერ 1204 წელს ბიზანტიის აღების წყალობით ვენეციამ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე - კონსტანტინოპოლის პორტზე დააწესა უფლებები. ძმები ნიკოლო და მათეო პოლოებიც იქ დამკვიდნენ, მაგრამ 1261 წელს კონსტანტინეპოლი ნიკეის იმპერატორმა მიხეილ პალელოგოსმა დაიკავა და ვენეციელებს მისი დატოვება მოუხდათ. ამის გამო პოლოებმა ახალი სავაჭრო ცენტრების ძებნა დაიწყეს, რამაც ისინი საბოლოო ჯამში 1266 წელს ჩინეთში ჩაიყვანა.
     ძმებმა პოლოებმა ყირიმის ქალაქ სოლდაიადან დაიწყეს 1260 წელს ოქროულით ვაჭრობა აბრეშუმის გზით ცენტრალურ აზიაში. მერე ყველაფერი შეიცვალა. მოკლე ხანში მონღოლებმა თითქმის მთელი აზია დაიპყრეს. პოლოს ძმები პირველი ევროპელები იყვნენ, ვინც ყუბილაი ყაენი პირადად იხილეს. ჩინეთის პირველი მონღოლი მმართველი იყო. 1269 წელს პოლოები ევროპაში გამობრუნდნენ ელჩებად და ყუბილაი ხანის უსტარი მიართვეს რომის პაპს.
      ორიოდე წლის თავზე მისმა ძმებმა ისევ ჩინეთისკენ იბრუნეს პირი. ამჟამად ვენეციიდან მოუხდათ გამგზავრება. მათ 17 წლის მარკო პოლოც ახლდათ. მარკოს გამოთვლით, ყუბილაის საზაფხულო რეზიდენციამდე, შანდუმდე, 3,5 წელი დასჭირდათ. პოლოებმა მომდევნო 17 წელიწადი ჩინეთში გაატარეს და კვლავ სამწლიანი მოგზაურობის შემდეგ, 1295 წელს, ვენეციაში დაბრუნდნენ. გენუაში ერთი-ორი წლით დაპატიმრებულმა (მიზეზი უცნობია) მარკომ თავისი ცნობილი წიგნი დაწერა თანამოსაკნის, მწერალ რუსტიჩელო პიზელის დახმარებით, რომელიც მარკოს მოგონებებს დაეყრდნო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსტიჩელომ „მწერლის" როლი შეასრულა, ანუ მარკოს მაგივრად დაწერა ტექსტი. წიგნი კი 1298 წელს დასრულდა.
    ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი პოლოს დაპატიმრებისა და წიგნის დაწერის ამბავს ეჭვის თვალით უყურებს. მაგრამ როგორც უნდა იყოს წიგნი შედგენილი, ის მაინც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მარკოს შესახებ. მას ყუბილაის კარზე პატივით იღებენ; მოგზაური ოთხ ენას სწავლობს (არ ასახელებს რომლებს); მარკოს მნიშვნელოვანი დავალებით გზავნიან შორეულ ინდოეთში. აღსანიშნავია, რომ იმ დროის ჩინურ ანალებში მსგავსი არაფერია ნათქვამი, არც მისი მამა და ბიძა არიან ნახსენები.
       მარკოს თქმით, მათ პაპის წერილი და იერუსალიმის წმინდა აკლდამის ჩირაღდნის წმინდა ზეთით სავსე ფიალა გადასცეს დიდ ყაენს. არც ეს მტკიცდება დოკუმენტურად. წიგნის მიხედვით, მარკო დიდი ქალაქის, იანჩჟოუს მმართველი გახდა. ქალაქი იანძის ნაპირებზე მდებარეობს. მარკომ ამ პოსტზე სამ წელიწადს დაყო. თუმცა ქალაქის თავთა ნუსხაში ადგილობრივი მემატიანეები მარკოს არ მოიხსენიებენ. აქვეა უფრო აშკარა ტყუილიც. მარკოსა და უფროს პოლოებზე წიგნში ნათქვამია, რომ ყაენმა ისინი სამი საალყო ლოდსატყორცნის მშენებლობის ზედამხედველებად დანიშნა. ლოდსატყორცნებს 336 კგ ლოდის ტყორცნა უნდა შესძლებოდა სიანფანის ავანპოსტზე. თუმცა ალყა 1273 წელს უკვე იყო დაწყებული, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ პოლოები ჩინეთს მიაღწევდნენ, ხოლო ამ საბრძოლო მანქანების აგება მუსლიმ ინჟინრებს მიეწერება.
       ჩინურ წყაროებში მარკო პოლო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები. მისი სახელი სარკინოზის, სახელად აჰმადის მკვლელობას უკავშირდება. ტირანობით სახელგანთქმულ აჰმადს ვინმე ჩენჩუმ თუ ვანგჩუმ წააცალა ხმლით თავი. მარკო ამ მკვლელობის ამბავს გვიყვება და დასძენს, რომ „ის ამ დროს თავის ადგილზე იყო“. ეს ამბავი ჩინურ ანალებშიც დასტურდება, სადაც ვკითხულობთ: „ჩანგანიდან დაბრუნებულმა იმპერატორმა ისურვა, საიდუმლო საბჭოს დამხმარე მარკო პოლოს აეხსნა ვანგჩუს მიერ ჩადენილი მკვლელობის მიზეზები. მარკომაც თამამად აუხსნა აჰმადის დანაშაული და ტირანია, რომელსაც მთელ იმპერიაში სისასტიკის გამო სიძულვილი დაემსახურებინა. იმპერატორმა თვალები ჭყიტა და ვანგჩუს სიმამაცის ქება აღავლინა“.
      მარკოს წიგნში რომ ბევრი რამ არ არის ნახსენები, ამას შეიძლება ახსნა მოეძებნოს. XIII საუკუნის ბოლოსთვის „დიდი კედლის“ უმეტესი ნაწილი დანგრეული იყო. დღეს შემორჩენილი კედლის უმეტესი ნაწილი XV-XVI საუკუნეებშია აგებული. მარკოს შემდეგ, 1324 წელს, მოგზაურთა ჩანაწერებშიც ვერსად ვხვდებით „დიდი კედლის“ ხსენებას. მარკოს პერიოდში ჩაის სმის ტრადიცია სამხრეთ ჩინეთში იყო დამკვიდრებული, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთში კი, სადაც მარკომ უმეტესი დრო გაატარა, ჯერ არ იყო ფეხმოკიდებული. მართალია, მოგზაურობათა წიგნში ბევრ რამეზეა დუმილი, რაც ერთგვარ დაეჭვებას იწვევს შინაარსის ნამდვილობაში, მაგრამ ეს იმის დამამტკიცებელ საბუთს მაინც არ იძლევა, რომ ხელაღებით უარვყოთ ნაშრომის ღირსება. მაშ, რაღა საჭიროა ამდენი უმართებულობა? ალბათ, იმიტომ, რომ სათქმელის შინაარსი გამძაფრებულიყო. „თუ რამ გაუმართავია ტექსტში, - როგორც ერთი თანამედროვე ისტორიკოსი ამტკიცებს, - მხოლოდ მან უნდა თქვას, ვინც მარკოს პირადად იცნობდა და იცოდა, თუ რაზე ლაპარაკობდა“.
      თუ ვივარაუდებთ, რომ წიგნი იმ ადამიანის მიერაა დაწერილი, ვინც არასდროს ყოფილა ჩინეთში, მაშინ როგორ მოხვდებოდა მონღოლთა მმართველობის პერიოდის ჩინეთის დეტალური აღწერა წიგნში? ზოგიერთს მიაჩნია, რომ მთელი ინფორმაცია მონღოლეთის დასავლეთ საზღვრებზე ვაჭართა საუბრებიდან არის შეკრებილი. ეს საზღვარი იმხანად შავი ზღვის ჩრდილოეთით ოქროს ურდოდან გადიოდა. ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთის აღწერა მარკოს შეეძლო სპარსეთშიც მოესმინა. ისტორიკოსები ამ მოსაზრებას იმით ამყარებენ, რომ წიგნის ენა და ტოპონიმიკა ძალიან ჰგავს სპარსულს. თუკი მარკო პოლო ჩინეთში იყო ნამყოფი, მაშინ უფრო მეტი მონღოლური სიტყვა უნდა გამოეყენებინა წერისას.
      თუმცა ამ სპეციფიკურ შემთხვევასაც მოეძებნება ახსნა. იმხანად სპარსული ენა საერთაშორისო ენა იყო აღმოსავლეთში და ყუბილაის კარზეც. ასევე შესაძლებელია, რომ პოლოებს ცენტრალურ ან დასავლეთ აზიაში ორი დეკადა ემოგზაურათ და ვაჭრებისა და ბაზრის უსასრულო ჭორებისთვის ესმინათ, საიდანაც ერთგვარად გეოგრაფიულ მონაცემებსაც დაადგენდნენ იმ ქალაქებზე, რომლებიც თუნდაც ნანახი არ ჰქონოდათ... ისტორიკოსთა მეორე ნაწილი კი სულ სხვაგვარად ფიქრობს: თუკი პოლოებს მართლაც არსად უმოგზაურიათ, მაშ, როგორ ჩაიტანდნენ ვენეციაში ცნობებს, რომელთაც იმდროინდელ ევროპელ ვაჭართა არაერთი წარმომადგენელი ადასტურებს და იმავე აღწერილობას იძლევა?
      ისტორიკოსთა კამათს იწვევს ოქროს ფირფიტაც, იგივე პაიცა, რომელიც, მარკოს თქმით, დიდმა ყაენმა ყუბილაიმ მამამისსა და ბიძამისს გადასცა, თუმცა მერე ისევ მის მფლობელობაში მოხვდა. მოგრძო ფირფიტა სიგრძით 305 მმ, სიგანით 76 მმ იყო და ყელზე დაკიდებულს ატარებდნენ. ვენეციისკენ მიმავალი და უკან, მონღოლეთის გზაზე, პოლოები ამ ფირფიტას ყველას აჩვენებდნენ, რათა უდიდეს იმპერიაში არსად შექმნოდათ გადაადგილების პრობლემა. ზოგი ფიქრობს, რომ მონღოლეთის რომელიმე პროვინციის ადგილობრივი ყაენის მიცემული უნდა ყოფილიყო ოქროს ფირფიტა. ცხადია, მათეო, შესაძლოა, ცრუობდეს, როდესაც ამბობს, ფირფიტა თათართა ბრწყინვალე ყაენმა გვისახსოვრაო. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეფასება მხოლოდ ყუბილაი ყაენის მისამართით უნდა თქმულიყო.
      მარკო პოლოს წიგნის დეტალთა დიდი ნაწილი მის ნამდვილობაზე მეტყველებს. აქ, ერთი მხრივ, ჩინეთის ქალაქების ერთიმეორეს მიყოლებით აღწერას დიდი ნაწილი ეთმობა, საერთო ჯამში, 30 ქალაქზე მეტია მოცემული და მათი მოსახლეობა დაწვრილებით დახასიათებული. მეორე მხრივ, მართალია, მწირად, მაგრამ საუბარია იაპონიასა და ყუბილაის წარუმატებელი შეჭრის შესახებ ამ კუნძულზე (მარკო იაპონიას ზიპანუს უწოდებს). იაპონია, თავის მხრივ, უცნობი იყო ცენტრალური აზიისა და ევროპისთვის XVI საუკუნემდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იაპონიაზე თუ რამეს გაიგებდა მარკო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთში მოხდებოდა.
    მარკო პოლოს სამოგზაურო წიგნი ჩინეთის საზოგადოებას კლასობრივად დიფერენცირებულს გვიხატავს, რომლის შესახებაც დასავლეთში საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება. ქალაქები კვადრატულად არის ნაშენი, მათემატიკური სიზუსტით. დიდი ყაენი თავისი ხალხის ერთგულია და შიმშილისა და ძნელბედობის ჟამსაც კი ამარაგებს მათ საკვებით. პასუხად, ხალხიც რიდითა და მოწიწებით არის განწყობილი მბრძანებლისადმი და მისი ზამთრის სასახლის, ხან-ბალის (ან ხან-ბალიყი, დღევანდელი პეკინი. მარკო პოლო მას ჩამბალუც-ს უწოდებს). მისადგომებთან რამდენიმე კილომეტრზე ყველა მოკრძალებით ახსენებს ყაენს და სიმშვიდეს იცავს. ყოველი ქალაქის შემოგარენში ჯარი დგას, რომელიც ვალდებულია, პოტენციური ჯანყი აღკვეთოს, ხოლო თავად ჯარი ორ წელიწადში ერთხელ იცვლება, რათა შიდა წოდებათშორისი უთანხმოება არ მოხდეს.
  დახვეწილი საფოსტო სისტემა დედაქალაქს პროვინციებთან აკავშირებს მთელ იმპერიაში. გზებზე საფოსტო სახლებია აგებული, სადაც 400 ცხენი მუდმივ მზადყოფნაშია მეფის მაცნეთა გადასაყვანად. ამბობენ, იმპერიაში 200 ათასი საფოსტო ცხენიაო. მიმოქცევაშია ქაღალდის ფული, რომელიც ხან-ბალის ზარაფხანაშია მოჭრილი და „ვერავინ იზრახვის მის უარყოფას ვაჭრობაში“. აქვეა „შავი ქვა“, რომელსაც კლდეებიდან ეზიდებიან, სადაც „ნაპრალებში უხვად მოიპოვება“. როდესაც ცეცხლს მიუკიდებენ, ნახშირივით იწვის და შეშაზე დიდხანს ინარჩუნებს ცეცხლს. ქვანახშირის (მარკო ამ სიტყვას არ იყენებს) წყალობით, ყოველ მოხელესა და მდიდარს შეუძლია კვირაში ორ-სამჯერ ცხელი აბაზანით ისიამოვნოს.
     პოლოს მოხსენებაში, სადაც ჩინელი გლეხობის სიღარიბეზე არაფერია ნათქვამი, ყველაზე შთამბეჭდავია უხვმოსავლიანი მიწის აღწერა, რაზეც დასავლეთში არაფერი იცოდნენ. მარტო ყაენის ზამთრის სასახლის წინა ეზო იწვევს გაოცებას თავისი ზომებით, რაც აქამდე არავის უხილავს: ეზო ყოველი მხრიდან 13 კილომეტრია. პირად მცველებად იმპერატორს 12 ათასი მხედარი ჰყავს. დაბადების დღისთვის ის 20 ათას გვარიშვილსა და სამხედროს ოქროსფერი აბრეშუმით მოსავს. მათ გვირგვინოსნისთვის საჩუქრები მიაქვთ და, წესის თანახმად, „ცხრაჯერ ცხრა ძღვენია საბოძვარი ერთ ნივთზე." ამდენად, თუკი რომელიმე პროვინცია რაშებს გაუგზავნის საჩუქრად, მათი რაოდენობა 81 იქნება. ასე რომ, საიუბილეოდ იმპერატორი არანაკლებ ასი ათას ქურანას იღებს.
   ყაენი ხან-ბალიში გამოზამთრების შემდეგ ჩრდილოეთში წასულა ფოცხვერებითა და ჯიქებით ირმებზე სანადიროდ. ლომებიც თან წაუყვანია, ბაბილონის ლომებზე უფრო დიდები, რათა ტახებსა და ირმებზე ნადირობა გაადვილებოდა. არწივები კი მგლებზე სანადიროდ ჰყოლია დაგეშილი. ნახსენებია ათი ათასზე მეტი ბაზიერიც. ეს ნადირობა, რომელმაც მარტიდან მაისის ჩათვლით გასტანა, „სხვა გასართობთა შორის უბადლოა ამქვეყნად“. შესაძლოა, ყაენი ამ სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებდა, რადგან მას ოთხი ცოლი და ასობით ხარჭა ესვა.
      „მსოფლიოს აღწერა“ სათავგადასავლო წიგნი როდია, არც დღევანდელობაში კარგად ცნობილი გზამკვლევია. წიგნი არ მოგვითხრობს ხიფათსა და საშინელებებზე, არც გზად შემხვედრ ვაჭართა საუბრებზეა სიტყვა ნათქვამი. ეს გახლავთ ყოვლისმომცველი კატალოგი სანელებლებსა და მათი მოპოვების ადგილებზე და ვენეციელ მკითხველს სულაც არ სთავაზობს აღმოსავლეთში საქმის წარმოების ხელოვნების შესწავლას. წიგნის ძირითადი არსი გეოგრაფია და მონღოლური კულტურის გაცნობაა მკითხველთათვის.
     მარკოს მონათხრობი მოსაწყენია. ქალაქების უსასრულო სია თავმომაბეზრებელია. მაგრამ ამ წიგნმა შუა საუკუნეების მკითხველებს პირველი წარმოდგენა შეუქმნა ახალ სამყაროზე, მრავალრიცხოვანი ქალაქებით დასახლებულ, აყვავებულ და საქმიან აღმოსავლეთზე, რომელიც გაცილებით მდიდარი იყო ევროპაზე და ვერც ერთი ევროპელი მსგავს დოვლათს ვერც კი წარმოიდგენდა. ქრისტეფორე კოლუმბმა ეს წიგნი გულდასმით წაიკითხა და არაერთი ძვირფასი თვლის შესახებ ცნობები ამოიწერა. იყო თუ არა მარკო პოლო ნამყოფი ჩინეთში, იმაზე მნიშვნელოვანი არ გახლავთ, ვიდრე ის, თუ რამხელა გავლენა მოახდინა მისმა წიგნმა იმ ადგილებამდე მისაღწევი საზღვაო გზების ძიებაზე, რომლებიც მის წიგნშია აღწერილი.
*  *  *  *  *
     ვენეციის ნავმისადგომში სამი მამაკაცი დაეშვა გალერის გემბანიდან. არავინ გაქცეულა მათ შესახვედრად. მათი უცნაური გარეგნობა რომ არა, უცხო ქვეყნებში 24-წლიანი მოგზაურობიდან დაბრუნებულ მამაკაცებს ვერავინ შეამჩნევდა. ერთ დროს მშვენიერ, მაგრამ უკვე გაცვეთილ აბრეშუმის სამოსში მონღოლურად გამოწყობილი მამაკაცები „ყოველმხრივ - მანერებითა თუ თავისებური აქცენტით - საოცრად წააგავდნენ თათრებს. მათ თითქმის დავიწყებული ჰქონდათ მშობლიური ვენეციური დიალექტი“, - ნათქვამია ერთ წყაროში. ეს სამი მოგზაური გახლდათ მარკო პოლო, მამამისი და ბიძამისი. იდგა 1295 წელი.
    მარკო პოლოს მიერ შორეულ ჩინეთში მოგზაურობის შესახებ მოთხრობილი ამბები მის თანამედროვეებს დაუჯერებლად მიაჩნდათ. „მარკო პოლოს წიგნის“ სახელით ცნობილ მემუარებში ის მოგვითხრობს უცნობი ცივილიზაციების დიდძალ სიმდიდრესა და ქონებაზე, რომლის მოსაპოვებლად დასავლეთელი ვაჭრები ძალას არ იშურებდნენ. მისმა წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი ხალხის შეხედულებებზე. მარკო პოლოს დაბრუნებიდან 25 წელიწადში მისი მემუარების ხელნაწერები უკვე გავრცელებული იყო ლათინურ, ძველ ფრანგულ და, შესაძლოა, ძველ ზემოგერმანულ ენებსა და გალურ-იტალიურ, ტოსკანურ და ვენეციურ დიალექტებზე, რაც შუა საუკუნეებისთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ორი საუკუნის განმავლობაში მის წიგნს ხელით იწერდნენ. 1477 წლიდან ის უფრო და უფრო მეტ ენაზე ხდებოდა ხელმისაწვდომი. მარკო პოლო, ალბათ, ყველაზე ცნობილია იმ ევროპელთაგან, რომლებიც აბრეშუმის დიდი გზით გაემგზავრნენ ჩინეთში. რატომ წამოიწყო მან ეს მოგზაურობა? ყველაფერი დასაჯერებელია მისი მონათხრობიდან იმის შესახებ, რაც ნახა და გააკეთა?
       დაახლოებით 1261 წელს ნიკოლო და მათეო პოლოებმა მთელი თავიანთი ქონება ადგილზევე გაყიდეს, სახსრები ძვირფასეულობაში დააბანდეს და გაემართნენ „ოქროს ურდოს“ საყაენოს დედაქალაქ სარაისკენ, რომელიც მდინარე ვოლგას სანაპიროზე მდებარეობდა. ვაჭრობის მიზნით წამოწყებული მათი მოგზაურობა წარმატებით დაგვირგვინდა, რის შედეგადაც თავიანთი ქონება გააორმაგეს. ომმა ხელი შეუშალათ, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ, რის გამოც აღმოსავლეთისკენ იბრუნეს პირი. მათ დიდი კომერციული ქალაქის, ბუხარისკენ (უზბეკეთი), აიღეს გეზი და, როგორც ჩანს, ცხენზე ამხედრებულები გაემგზავრნენ ამ მიმართულებით.
      არეულობის გამო მათ სამი წლით მოუწიათ ბუხარაში დარჩენა. სამი წლის დამლევს ქალაქში გაიარა რამდენიმე დესპანმა. ისინი მონღოლთა დიდი ყაენის, ყუბილაის, სამსახურში იყვნენ, რომლის სამფლობელოც გადაჭიმული იყო კორეიდან პოლონეთამდე. მათ ნიკოლოს და მათეოს შესთავაზეს, თან გაჰყოლოდნენ, რადგან, როგორც მარკო პოლო მოგვითხრობს, დიდ ყაენს არასოდეს უხილავს სამხრეთში მცხოვრები ევროპელები და დიდი სიამოვნებით გაესაუბრებოდა მათ. ერთი წლის მოგზაურობის შემდეგ, პოლოები წარდგნენ მონღოლეთის იმპერიის ფუძემდებლის, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, ყუბილაი ყაენის სამეფო კარზე.
    დიდმა ყაენმა გულითადად მიიღო ძმები პოლოები და დასავლეთის შესახებ ბევრი კითხვა დაუსვა. ძმები რომ ევროპაში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ, მან ოქროს ფილა უბოძა მათ. ასევე, ყაენმა ძმებს გაატანა წერილი რომის პაპთან, სადაც სთხოვდა, გამოეგზავნა „ქრისტეს რჯულში განსწავლული და ხელოვნების შვიდი დარგის მცოდნე დაახლოებით ასი ბრძენი მამაკაცი, რათა [ყუბილაის] ხალხისთვის ექადაგათ“.
     ამასობაში მარკო პოლო უკვე მოევლინა ქვეყანას. მამა პირველად მან 15 წლის ასაკში ნახა. ეს მოხდა 1269 წელს. როდესაც ნიკოლომ და მათეო შინ დაბრუნდნენ, შეიტყვეს, რომ პაპი კლემენტ IV მომკვდარა. ისინი მისი მემკვიდრის გამოჩენას უცდიდნენ, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არავინ აურჩევიათ პაპის ტახტზე, რაც ისტორიას არ ახსოვდა. ორი წლის შემდეგ, 1271 წელს, მათ დიდ ყაენთან დაბრუნება გადაწყვიტეს და თან 17 წლის მარკოც გაიყოლეს.
      აკრაში (პალესტინა) ცნობილმა საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწემ, თეობალდო ვისკონტიმ, ძმებს გაატანა წერილები დიდ ყაენთან, სადაც უხსნიდა, თუ რატომ ვერ შეძლეს პოლოებმა მისი თხოვნის შესრულება და ასი განსწავლული მამაკაცის წარგზავნა. მცირე აზიაში ჩასვლისას ძმებმა შეიტყვეს, რომ პაპის თანამდებობაზე თავად ვისკონტი აურჩევიათ, ამიტომ ისინი ისევ აკრაში დაბრუნდნენ. ასი ბრძენკაცის ნაცვლად, ახალმა პაპმა, გრიგოლ X-ემ, ყაენთან მხოლოდ ორი ბერი გაგზავნა, რომლებსაც თან რწმუნების სიგელი გაატანა, მღვდლებისა და ეპისკოპოსების დანიშვნის უფლებით აღჭურვა და საჩუქრებით ხელდამშვენებული გაუშვა. ჯგუფი კვლავ გზას გაუდგა, მაგრამ ომების გამო, რომლებმაც ის რეგიონები ააოხრა, ორივე ბერი მალევე უკან დაბრუნდა. პოლოებმა კი გზა განაგრძეს.
    ამ სამმა კაცმა განვლო გზა აკრადან ტრაპიზონამდე, შემდეგ გაიარეს სომხეთის მთიანეთი, შემოიარეს საქართველოში, შემდეგ სამხრეთის კენ წავიდნენ და გაიარეს ერაყის ქალაქები (მოსული, ბაღდადი, ბასრა) და ისევ ჩრდილოეთით მოუხვიეს და გაიარეს ირანის ქალაქები თავრიზი, იეზიდი, ქირმანი და ჩავიდნენ ირანის სანაპირო ქალაქ ჰორმუზში. „ჰორმუზი დიდი სავაჭრო ცენტრია, სადაც ყოველი მხრიდან ჩამოაქვთ ძვირფასი ქვები, აბრეშუმისა და ოქროს ქსოვილები, სპილოს ძვალი, ფინიკის ღვინო და პური“ მოგვითხრობს მარკო პოლო. ჰორმუზის პორტში გემების დათვალიერებისას პოლოებმა ნახეს რომ ნაოსნობისთვის ისინი (ხომალდები, რომელიც შესთავაზეს ძირგამომპალი იყო), „უვარგისი იყო რადგან მხოლოდ ბაწრებით იყო დამაგრებული“. ამიტომ მათ სახმელეთო გზა არჩიეს და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იბრუნეს პირი, გაიარეს ავღანეთის ქალაქები შიბარღანი და თალიკანი, ქაშმირის მხარე და 12 დღის შემდეგ მიაღწიეს ვახანის მხარეს (ამურდარიის ზემო დინებაში), 40 დღე მოანდომეს პამირის მთიანეთის გავლას და შევიდნენ კაშგარს (ამჟამად სინძიან-უიღურთა ავტონომიური რაიონი ჩინეთში). გზად მარკოს მთის ავადმყოფობა შეეყარა, რომელსაც სიმაღლეზე ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს. შემდეგ პოლოებმა მოინახულეს იარქენდი, ხოტანი და მიადგნენ თაკლა-მაკანის მსოფლიოში ყველაზე უსიცოცხლო უდაბნოს, რომლის გავლას 1 თვე მოანდომეს. შემდეგ უკვე 1275 წ. შევიდნენ ჩინეთის დას. საზღვარზე მდებარე ქ. შაჯოუში (დღევ. დუნხუანი). შემდეგ სხვა უცნობი ადგილების მოსანახულებლად უძველეს ქარავანთა მარშრუტის გამეორებით, მდინარე ტარიმის აუზის სამხრეთით იმოგზაურეს და გობის უდაბნო 40 დღეში მოიარეს. (აქ ისინი აქლემების სავაჭრო ქარავანს გაჰყვნენ. უდაბნოს მძიმე ბუნების მიუხედავად გობში საქარავნო მარშრუტი ზუსტად იყო განსაზღვრული. მარკო თანამგზავრებს აფრთხილებდა, რომ გობის უდაბნოში სულების ხმა ჩაგესმებათ და ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან ეს ხმები ადამიანებს გზას ააცდენს და სასიკვდილო საფთხეში აგდებსო). მთელი ამ გზის მანძილზე, რომელიც ვენეციელებმა 3,5 წელში განვლეს, ხშირად მათ ავდარში უწევდათ მოგზაურობა.
        1275 წლის ბოლოს პოლოები მივიდნენ ყუბილაის საზაფხულო რეზიდენცია შანდუში (ქ. განსუს პროვინციაში, ხანბალიკის ჩრდილოეთით). მარკო პოლო შეხვდა ყაენ ყუბილაის და გადასცა პაპის წერილი. წიგნის მიხედვით ყაენი თავიდანვე დადებითად განეწყო პოლოების მიმართ და დიდად ენდობოდა მათ. მარკო მოხიბლა იგი თავისი ცოცხალი გონებით, ჭკუამახვილობითა ადგფილობრივი ენების ათვისების უნარით; მან შეისწავლა მონღოლური, თურქული, მანჯურიული და ჩინური ენები. 1 წელი პოლოება ქ. კამპიჩუში (განჯოუ) დაჰყვეს. 1280 წელს. მარკო  3 წლით დანიშნეს ქ. იანჩჯოუს (ძიანსუს პროვინციაში) და კიდევ 27 ქალაქის გუბერნატორად.  ყაენის დავალებათა შესრულებისას, მარკო მოიარა თითქმის მთელი ჩინეთი და შეიწავლა იგი. შედეგად მან პირველმა ევროპელმა აღწერა ჩინეთის უზარმაზარი სიმდიდრე, გიგანტური მდინარეები და მრავალმილიონიანი ქალაქები. ამასთან პოლოები მონაწილეობდნენ ყაეინის არმიის განვითარებაში და ასწავლეს მათ კატაპულტები, რომელიც გამოიყენებოდა ქალაქის ალყის დროს.
     მარკო პოლო მოგვითხრობს იმ საოცრებებზე, რასაც გზად ხვდებოდნენ - სომხეთის მთაზე, რომელზეც, როგორც ამბობდნენ, ნოეს კიდობანი უნდა გაჩერებულიყო; მოგვების სავარაუდო სამარხებზე სპარსეთში; მკაცრი ყინვებისა და მარადი სიბნელის ქვეყნებზე შორეულ აღმოსავლეთში. მარკო პოლო პირველი იყო, რომელმაც დასავლურ ლიტერატურაში მოიხსენია ნავთობი. ის ამბობს, რომ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, „სალამანდრა“ სულაც არ იყო ცეცხლგამძლე ცხოველის ბეწვი; ეს იყო მინერალი - აზბესტი, რომელიც სინძიანის უიღურთა რეგიონში მოიპოვებოდა. საწვავი შავი ქვა - ქვანახშირი - იმდენად დიდი რაოდენობითაა ჩინეთში, რომ ცხელი აბაზანების მიღება ყოველდღე შეიძლება. სადაც უნდა წავიდეს, ის ყურადღებას აქცევს ჩაცმულობას, საჭმელსა და სასმელს. ის განსაკუთრებულად მოიხსენიებს მონღოლების საყვარელ სასმელს - ფაშატის დადუღებული რძისგან დამზადებულ კუმისს. მარკო პოლოს ყურადღებიდან არ რჩება რელიგიური და სპირიტული რიტუალები, ვაჭრობა და გასაყიდად გამოტანილი საქონელი. მისთვის სრული სიახლეა ქაღალდის ფული, რომელიც დიდი ყაენის სამფლობელოში გამოიყენება. მარკოს ძალიან მოსწონდა ჩინურ-მონღოლური საფოსტო სისტემა: მხედრები გზადაგზა, სპეციალურად მოწყობილ სადგურებზე იცვლიდნენ ცხენებს და დღეში 185 კმ-ს გადიოდნენ.
     მარკო პოლო არასოდეს გვიმჟღავნებს თავის გრძნობებს, ის ყოველგვარი ემოციების გარეშე გვიყვება იმას, რასაც ხედავს და ისმენს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა უნდა ეგრძნო მას, როდესაც ერთი თავდასხმისას მძარცველებმა მისი თანამგზავრებიდან ზოგი დაატყვევეს, ზოგი კი მოკლეს.
       მარკო პოლო გვიყვება, რომ თვითონ, მამამისმა და ბიძამისმა 11 წელი გაატარეს დიდი ყაენის - ყუბილაის (1260-1294) სამსახურში. ბოლოს მთ სამშობლო მოენატრათ, მაგრამ ყაენი არ რთავდა ნებას შინ წამოსასვლელად. ბოლოს ბედმა გაუღიმათ. ყაენი თავის ქალიშვილს კოტაგრუს ილხანთა სახელმწიფოს ყაენ არღუნზე (1284-1291) ათხოვებდა. ყაენის ბრძანებით იმ ფლოტილიისთვის, რომელსაც პრინცესა სპარსეთში უნა წაეყვანა პოლოებს უნდა ეხელმძღვანელად. 1291 წ. გაზაფხულზე პოლოების 14 გემიანი ფლოტილია ზაიტუნის (ციუანჯოუს) ნავსადგურიდან დატოვა ჩინეთი, გაიარა ვიეტნამი, მალაკის ნკ, იავა, სუმატრა, კამბოჯის სანაპირო, შრი-ლანკა, ინდოეთი და მივიდა ჰორმუზში. აქ გაიგეს რომ ყაენი გარდაცვლილიყო (დემეტრე თავდადებულის მკვლელი მოკვდა 1291 წ. 10 მარტს), ამიტომ ყუბილაის ასული გადასცეს ჰასან არღუნის ძეს, შემდეგ კი ჰორმუზში მყოფ და ტრაპიზონისაკენ მიმავალ სავაჭრო ქარავანს შეუერთდნენ; ტრაპიზონიდან კი გზა შავი ზღვით განაგრძეს და 1295 წელს 2 წლიანი განშორების შემდეგ შინ დაბრუნდნენ. ახლობლებმა ვერ იცნეს ისინი, რომელთაც მშობლიური ენა თითქმის დავიწყებული ჰქონდათ და სახლში არ შეუშვეს. რამდენიმე დღის შემდეგ მოგზაურებმა მოაწყვეს ნადიმი, რომელზეც მოიწვიეს ყველა ახლო ნათესავი და ვენეციის წარჩინებული მოქალაქე. მასპინძლებმა სტუმრებს მიართვე დამასკური აბრეშუმის ნაჭრები და ძვირფასი ქვები. მალე მარკო პოლო აირჩიეს ვენეციის მაგისტრატის წევრად.
    შეეფერება თუ არა ყველაფერი სინამდვილეს, რასაც მარკო პოლო მოგვითხრობს? ეს საკამათოა. მონღოლები არ ენდობოდნენ დაპყრობილ ჩინელებს, ამიტომაც თავიანთი იმპერიის მმართველებად უცხოელებს ნიშნავდნენ. მაგრამ საეჭვოა, რომ მარკო პოლო, გაუნათლებელი კაცი, მმართველი გამხდარიყო. შესაძლოა, მან თავისი წოდება გააზვიადა. მაგრამ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა მას „გარკვეული თანამდებობა“ ჰქონოდა.
    მიუხედავად ამისა, მარკო პოლომ შეძლო დიდი ქალაქების აურაცხელი სიმდიდრის თვალწარმტაცი სურათის დახატვა და წარმართული და უცხო ჩვეულებების აღწერა, რაც მიეკუთვნებოდა მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელსაც დასავლეთი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ან მხოლოდ იგავ-არაკებითა და გადმოცემებით იცნობდა. რამდენად შესაძლებელი იყო ევროპაზე მდიდარი ხალხმრავალი ცივილიზაციების არსებობა? ერთი შეხედვით, ეს შეუძლებელი ჩანდა.
    მარკო პოლოს თქმით, დიდი ყაენის სასახლე მსოფლიოში უდიდესი ნაგებობა იყო. „შენობა იმდენად დიდი, მდიდრული და ლამაზი იყო, რომ დედამიწაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ ააგებდა მასზე უკეთესს“. კედლები მოჭედილი იყო ოქრო-ვერცხლით და მოოქროვილი გველეშაპების, მხეცების, ფრინველების, რაინდებისა და კერპების გამოსახულებებით იყო დამშვენებული. მისი მაღალი სახურავი, რომელიც ალისფერ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებში იყო, ბროლივით ელვარებდა. ყაენის სასადილო ოთახმა, რომელიც ოქრო-ვერცხლით იყო მოჭედილი და 6000 სტუმარს იტევდა. მის საუცხოო პარკებში ყველანაირი ცხოველი ბინადრობდა.
     შუა საუკუნეების ევროპის მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩებისგან განსხვავებით, ხანბალიკის ქუჩები იმდენად პირდაპირი და განიერი იყო, რომ ქალაქის ერთი კედლიდან მეორის დანახვა შეიძლებოდა. აქ „ბევრად უფრო ძვირფასი და იშვიათი საქონელი იყო შემოტანილი, თანაც იმაზე დიდი რაოდენობით... ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში, - ამბობს ვენეციელი. - დღე ისე არ გავა, რომ ქალაქში მხოლოდ აბრეშუმით დატვირთული 1000 ურემი არ შევიდეს“.
     იმ ხომალდების რიცხვი, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გრძელ მდინარე იანძის კვეთდნენ, გამაოგნებელი იყო. სინჯუს ნავსადგურში, მარკო პოლოს აზრით, შეიძლებოდა 15 000 გემი დატეულიყო.
     მონღოლური ადათ-წესებიდან მარკო პოლო მოიხსენიებს გარდაცვლილი ბავშვების დაქორწინების ჩვეულებას. თუკი ერთ ოჯახში სამ წელზე უფროსი ასაკის ვაჟი ჰყავდათ მკვდარი, ხოლო სხვა ოჯახში ამავე ასაკის გოგონა, მამებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ თავიანთი დაღუპული შვილების დაქორწინება. ამის შემდეგ ისინი საქორწინო ხელშეკრულებას დებდნენ და დიდ ნადიმს მართავდნენ. ნადიმის დროს ქაღალდისგან დამზადებული მონების, ფულისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოსახულებებს წვავდნენ, რადგან ღრმად სწამდათ, რომ საიქიოში „მეუღლეები“ ამ ყველაფერს მიიღებდნენ.
   მარკო პოლოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მონღოლების სამხედრო მომზადებამ, მმართველობის მეთოდებმა და რელიგიურმა შემწყნარებლობამ. სოციალურ-ეკონომიკურ მიღწევებს შორის ის ასახელებს ღარიბებისა და ავადმყოფებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას; სახანძრო და წესრიგის დაცვის საგუშაგოებს; წყალდიდობით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად ბეღლების დაცვას. 
     მარკო პოლომ იცოდა, რომ მონღოლეთმა რამდენჯერმე სცადა იაპონიის დაპყრობა, ამიტომ სიტყვაც არ დასცდენია იაპონიაში თავის მოგზაურობაზე. თუმცა, როგორც ამბობს, იქ იმდენად ბევრი ოქრო იყო, რომ იმპერატორის სასახლე მთლიანად ოქროთი იყო დაფარული. XVI საუკუნემდე მარკო პოლო ერთადერთი ევროპელი იყო, ვინც დასავლურ ლიტერატურაში იაპონია მოიხსენია.
     მარკო პოლოს წიგნს საუკუნეების მანძილზე აღტაცებაც ხვდა წილად და დაცინვაც. დღეს, მეცნიერებმა ამ წიგნის ყველა უზუსტობის შეფასების შემდეგ დაასკვნეს, რომ მასში „შეუდარებლადაა აღწერილი“ ის პერიოდი, როცა ყუბილაის მმართველობამ მწვერვალს მიაღწია.
    რთული დასადგენია, თუ რამდენად შორს იყო მარკო პოლო წასული სამოგზაუროდ. ერთმა მწერალმა, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მარკო პოლოს მარშრუტის გამეორება სცადა, მხოლოდ ირანიდან ჩინეთამდე 10 000 კილომეტრი გაიარა. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებითაც კი გმირობა იყო ამ მარშრუტის გავლა, რადგან ის ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.
      1297 წელს. ვენეცია-გენუის მორიგი საზღვაო ომი დაიწყო. მარკო მასში მონაწილეობდა, როგორც გემის მეთაური. 1298 წლის სექტემბერში კურზოლას საზღვაო ბრძოლაში მარკო დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. სწორედ აქ გენუის ციხეში გაიცნო რუსტიჩემო პიზელი,  რომელსაც პროზაული ნაწარმოებების ძველ ფრანგულ ენასა და გალურ-იტალიურ დიალექტზე წერის გამოცდილება ჰქონდა. მარკომ მას თავისი ისტორია უკარნახა და ასე შეიქმნა ეს ისტორია, რომელიც შემდგომ წელსვე გამოქვეყნდა. 
     მარკო პოლო 1299 წელს გაათავისუფლეს, როცა ვენეციასა და გენუას შორის ზავი დაიდო. ის ვენეციაში დაბრუნდა, დაქორწინდა დონატელა ბადოერზე, დიდგვაროვანისა და ვენეციის უმაღლესი საბჭოს წევრის ქალიშვილზე და სამი ქალიშვილის მამა გახდა. მარკო პოლო გარდაიცვალა თავის მშობლიურ ქალაქში 1324 წლის 8 იანვარს 69 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სან-ლორენცოს ეკლესიაში მამის გვერდით.


მარკო პოლოს ცნობები საქართველოს შესახებ
  საქართველოს საზღვრის მახლობლად არის ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება ასი გემი დაიტვირთოს ერთ ჯერზე. ეს ზეთი საჭმელად არ არის გამოსადეგი, მაგრამ გამოიყენება როგორც საწვავი და ასევე სამკურნალო მალამო, მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან. ხალხი მოდის ამ ზეთის მისაღებად და მთელს სამეზობლოში მას იყენებენ საწვავად. (იგულისხმება შირვანი (დღევანდელი აზერბაიჯანი), სადაც ნავთი მოიპოვებოდა მაშინაც. ნავთს იყენებდნენ მკბენარებისგან სამკურნალოდ.)
   საქართველოში არის მეფე რომელიც ყოველთვის ატარებს სახელს „დავით-მალიქი“ (იგულისხმება ლაშას ძე), ანუ „მეფე-დავითი“. იგი ექვემდებარება თათრებს. ერთი ნაწილი [საქართველოსი] ექვემდებარება თათრებს,ხოლო მეორე,სადაც ბევრი ციხეა მეფე დავითის ხელთაა. (რუსუდანის ძე)
    ძველ დროს ამ ქვეყანაში ყველა მეფე მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა. ქართველები არიან მშვენიერი ხალხი, მამაცი მებრძოლების შთამომავლები, კარგი მშვილდოსნები და კარგი მეომრები ბრძოლის ველზე. ქართველები არიან ქრისტიანები და ბერძნული ეკლესიის წესებს იცავენ. ისინი ატარებენ მოკლედ შეჭრილ თმას და სასულიერო ტანისამოსს. მსოფლიოში ყველაზე უკეთესი სანადირო ძაღლები მათ ჰყავთ მოშენებული.
    ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც „ალექსანდრე“ ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით, რადგან გზა ვიწრო და სახიფათო იყო. ერთი მხრით მას აკრავს ზღვა, მეორე მხარეს კი მთები და ცხენით გაუვალი ტყეებია. ზღვასა და მთებს შორის ამ ვიწრო გასასავლელში მხოლოდ რამდენიმე მეომარსაც კი შეუძლია მტრის დამარცხება. ეს იყო იმის მიზეზი რომ ალექსანდრემ ვერ გაიარა. ასევე მინდა გითხრათ რომ მან აქ ააშენა ციხესიმაგრე, რათა ადგილობრივებს არ შესძლებოდათ მისთვის შეეტიათ. ამ ადგილს ეძახიან რკინის ჭიშკარს და სწორედ აქ ჩაკეტა ალექსანდრემ თათრები ორ მთას შორის.
    ქვეყანაში უამრავი სოფელი და ქალაქია. აქ უხვად მზადდება აბრეშუმის ქსოვილები და ისეთი ნაქსოვი აქვთ რომლის მაგვარიც არსად მინახავს... აქ ყველაფერი დიდი რაოდენობითაა იმისთვის რომ ვაჭრობა და მრეწველობა აყვავდეს. მთელი ქვეყანა სავსეა მაღალი მთებით და ვიწრო ბილიკებით, რაც მას ადვილად დასაცავს ხდის, ამიტომ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, თათრები ვერასდროს მიაღწევენ იმას რომ ქვეყანა სრულად დაიპყრონ.
    აქ მდებარეობს წმინდა „ლეონარდის“ მონასტერი, რომელიც ცნობილია სასწაულებრივი შემთხვევით. ისიც უნდა იცოდეთ, რომ აქ არის დიდი ტბა, რომელიც წარმოიქმნა მონასტრის გვერდით მდგარი მთიდან გამონაჟონი წყლით. ამ წყალში ვერანაირი სახეობის თევზს ვერ ნახავთ, ვერც დიდს და ვერც პატარას, ვერცერთ წელიწადის დროს, გარდა უფლის მიძინების პირველი დღისა და ამის შემდეგ თევზები ყოველდღე გამოდიან „წმინდა შაბათამდე“, რომელიც არის უფლის აღდგომის წინა დღე. მთელი ამ დროის განმავლობაში თევზები დიდი რაოდენობითაა წყალში, მაგრამ სხვა ნებისმიერ დროს თქვენ მათ აქ ვერ იპოვით.
     საქართველო მოქცეულია ორ ზღვას შორის. ჩრდილოეთით მას აკრავს „შავი ზღვა“, აღმოსავლეთით კი ზღვა, რომელსაც „ბაქოს ზღვას“ და ხანდახან „ღელის“ ან „ღელანის ტბის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ და არის 2800 მილი გარშემოწერილობის, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ეს ტბა უფრო არის ვიდრე ზღვა, რადგან გარშემორტყმულია ტყით და ხმელეთით და არანაირი კავშირი არ აქვს მთავარ ზღვასთან, რომელიც აქედან დაახლოებით თორმეტი დღის სავალზე მდებარეობს. იგი შეიცავს ბევრ დასახლებულ კუნძულს, ზედ აშენებული მშვენიერი ქალაქებით. მოსახლეობა დევნილია ძლევამოსილი თათრების მიერ, რომლებიც არიან დამპყრობლები „პერსიის სამეფოსი“, სადაც ქალაქებსა და რაიონებში ქონდათ თემური მმართველობის სისტემა. ისინი ცდილობდნენ თავშესაფრის პოვნას ამ კუნძულებზე, მთებს შორის, იმ იმედით რომ უსაფრთხოება მოეპოვებინათ. 
    საქართველოში არის მშვენიერი, საკმაოდ დიდი ზომის ქალაქი „ტიფლისი“ რომელიც გარშემორტყმულია მას დაქვემდებარებული ქალაქებით და რაიონებით. მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია, ქართველების გარდა ცხოვრობენ ასევე სომხებიც. აქ ასევე არიან მცირე რაოდენობით ებრაელები და სარაცინები. აბრეშუმი იქსოვება სწორედ ამ ქალაქში. მოსახლეობა ცხოვრობს საკუთარი მრეწველობით და ემორჩილებიან თათრების ხანს.
     მინდა გითხრათ რომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ თითოეული პროვინციის მხოლოდ რამოდენიმე მთავარ ქალაქს, არსებობს კიდევ უამრავი ქალაქი, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ, მოსაწყენი იქნება, მითუმეტეს თუ ისინი არაფრით გამოირჩევიან.... მაგრამ ზოგიერთი ქალაქის შესახებ, რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ და რომელიც მდებარეობს ზემოთ აღნიშნულ ადგილებში, უფრო სრულად ქვემოთ გიამბობთ.















воскресенье, 15 января 2017 г.

„ასურელი მამების“ მოღვაწეობა საქართველოში

პოლიტიკური დამოუკიდებლობის წართმევის შემდეგ სპარსელები ქართველთათვის კულტურულ-სარწმუნოებრივი დამოუკიდებლობის წარმთმევასაც ცდილობდნენ. ქვეყანა განადგურების პირას იყო მისული.
ქვეყნის გადასარჩენად ფარსმანმა და კათალიკოსმა ევლალემ (ევლავიო) ანტიოქიის პატრიარქ ეფრემს (526–545) თხოვეს ქართლში ქრისტიანობის საქადაგებლად1 ბერები გამოეგზავნა. VI ს-ის 40-იან წლებში სირიის ქალაქ ანტიოქიიდან იოანე „ზედაზნელის“ მეთაურობით ასურელი (ანუ სირიელი) მამები ჩამოვიდნენ: დავით „გარეჯელი“, აბიბოს „ნეკრესელი“, შიო „მღვიმელი“, იოსებ „ალავერდელი“, ანტონ „მარტყოფელი“, თადეოზ „სტეფანწმინდელი“, პიროს „ბრეთელი“, ისე „წილკნელი“, სტეფანე „ხირსნელი“, ზენონ „იყალთოელი“, „მიქაელ ულუმბოელი“, ისიდორე „სამთავნელი“ და მათი მოწაფენი: ელია დიაკონი, პიმენი, ნათანე და იოანე.
იოანე ზედაზნელი
„იოანე ზედაზნელის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „იოანემ სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ბერად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმინდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.
ერთხელ იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად ქართლში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად ქართლში წამოვიდა.
ქართლის დევნილ მეფეს და კათოლიკოსს ეუწყათ შუამდინარეთიდან წმიდა მამათა მობრძანების შესახებ და მცხეთას მოახლოებულთ წინ მიეგებნენ კრებულითურთ.
ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე (მდინარე არაგვის გაღმა) დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.
ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.
ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქვეყანისა წარმოგვავლინა უფალმან ღმერთმან ჩვენმან იესო ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათვისცა ჯერ არის, რათა წახვიდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთაც აღიარეს ქრისტე, უფალი ჩვენი“.
იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა „რომელნიმე მათგანი კახეთად, და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა სოფლით (ე.ი. შიდა ქართლს) და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხვანი გარემო ქალაქსა ამას ჩვენსა სამეფოსა ხოლო იგინი წავიდნენ და დაემკვიდრნენ რომელნიმე ჭალაკთა და რომლენიმე მთათა, ქვაბთა და ხვრელთა ქვეყანისათა“.
მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ელია დიაკონი და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ელია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.
ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.
მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით ამოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა“.
ზედაზნის მონასტერში VI–VII საუკუნეების მიჯნაზე იოანეს მოწაფეებმა ააგეს დიდი დარბაზული ეკლესია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908–914) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.
დავით გარეჯელი
დავით გარეჯელის ცხოვრება მოგვითხრობს: „მამა დავითი ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.ა
მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ ტფილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო (მოგვიანებით მამადავითის მთა ეწოდა. აქ დღეს XIX საუკუნის მამადავითის სახელობის ეკლესიაა2). ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.
მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი მართლმორწმუნე განიკურნა უშვილობისაგან.
იმდროინდელი ტფილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეობით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ ქრისტიანულ რჯულზე.
მოგვები ხედავდნენ, რომ დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმიდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხვენილმა მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ ხალხიც აყვა. ღირსმა დავითმა ვერ შესძლო მათი შეჩერება და ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლეს. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა ბერ ლუკიანესთან ერთად დატოვა ქალაქი. იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქაშუეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ღირსმა მამამ, განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა დამკვიდრება. ამისთვის მან კახეთში, ყარაიას ველზე, გადაშლილი გარეჯის უდაბნო ამოირჩია, მზისგან გადამწვარი, ქვეწარმავლებით სავსე, კლდოვანი ადგილი, და ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. მზის შემწველ სიცხეში უწყლობით შეწუხებული ლუკიანე მამა დავითმა ღვთის სასოებით ანუგეშა. ღირს მამებს საკვებად იქვე ამოსული მწვანილეულობა ჰქონდათ. ზაფხულში მათი საკვები გადახმა და ლუკიანეც შეშფოთდა. წმიდა მოძღვარმა კვლავ ანუგეშა იგი ღვთის შემწეობის იმედით და მართლაც მალე მათ წინ ორი ირემი გაჩნდა ნუკრთან ერთად. ლუკიანემ ირმები მოწველა და რძიანი ჯამი მამა დავითს გაუწოდა. მან ზედ ჯვარი გამოსახა და რძე ყველად იქცა. წმინდა ბერში მოქმედ ღმერთს ლუკიანემ მადლობა შესწირა და აღუთქვა მას, რომ „უკეთუ განილინნენ ხორცნი ჩემნი სიყმილითა და მოაკლდეს სული ჩემი წყურვილითა, არღარა სად ვზრუნვიდე, რომელსავე მოკვდავთა ამათ და დაუდგრომელთა ხორცთათვის. ამაოსა ამის და წარმავალსა საწუთოსათვის, არც ვდრტვინვიდე მე საზრდელთათვის, ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა და სიავეთა ეგვიპტეთა“.
ოთხშაბათს და პარასკევს ისინი საზრდელს სულ არ იღებდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, ირმებიც კვირის ამ დღეებში მათთან არ მოდიოდნენ. იმ სენაკის ქვემოთ, სადაც მოღვაწენი ცხოვრობდნენ, ერთი გამოქვაბული იყო. ამ გამოქვაბულში აჯაგრული, უზარმაზარრქიანი საზარელი მხეცი მკვიდრობდა ცეცხლივით მობრიალე თვალებით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ჩვეულებისამებრ მოდიოდნენ მამებთან სამსახურის გასაწევად, მხეცის გამოქვაბულის წინ გაიარეს, რომელმაც მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა მამა დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ ქრისტეს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირემთა კვალს გაჰყვა. მხეცის არად შემრაცხველმა კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. მხეცი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ის ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მყისეულად დაწვა. ანგელოსმა აუწყა დავითს, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.
უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი სხვადასხვა ნადირი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები. ირმებს ამჟამადაც ლუკიანე წველავდა. ისინი ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. წმინდანმა, როგორც შვილებსა და ძმებს სთხოვა: „უკუნ იქეცით ადგილადვე და დაბათა თქვენთა და იქ შინა მსახურებდით ღმერთსა, ბოროტთაგან განყენებულნი, გლახაკთა და უღონოთა ნაკლულოვანებისა აღმვსებელნი, რამეთუ მოწყალებისა მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს“.
უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. ასე გაემართნენ ქრისტეს ტკბილი უღელის ტვირთვას მოწადინებული ადამიანები მოღვაწეთა უდაბნოსაკენ. წმინდა ბერმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეში დიდი ქვევრები ამოეჭრათ და სუსხიანი ზამთრისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ.
გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო, ერისკაცობაში – კახელი დიდებული, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ სოფელ ნინოწმინდაში (ყოფილი ბოდი. აქ დაკრძალულია წმინდა ნინო) განმარტოებით მოღვაწეობდა. როცა მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, შესთავაზა, მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი.
ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა დოდოს რქის სამონასტრო კომპლექსი.
დავით გარეჯელს უყვარდა განმარტოებული ლოცვა. ამისთვის წმიდანი კლდის ნაპრალში შევიდოდა ხოლმე და მიწის ცრემლით დამლტობი, ზეციერი მამისადმი აღავლენდა ლოცვებს. ერთხელ როდესაც იგი განმარტოებით ლოცულობდა, მასთან მონადირის ქორისაგან ლტოლვილი კაკაბი მოფრინდა. კაკაბს ქორი მოჰყვა და სულ მალე ნადირობის აზარტში შესული ბარბაროსიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მფარველობას ითხოვდა და მას უარი უნდა ეთქვა მის მოკვლაზე. ბარბაროსმა არა მარტო ყურად არ იღო ნათქვამი, არამედ ხმალიც აღმართა წმიდანის მოსაკლავად. მაშინ მას ხელი ჰაერში გაუშეშდა. უცებ გამოერკვა და სინანულის ცრემლისღვრით სთხოვა მამა დავითს, რათა იგი სულიერად და ხორციელად განეკურნა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბუბაქარი (ასე ერქვა იმ ბარბაროსს) ამჯერად წმიდანს შეევედრა, რათა მისი დავრდომილი შვილიც განეკურნა. მართლაც, შინდაბრუნებულ ბუბაქარს გახარებული ბავშვი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. იგი სრულიად განკურნებულიყო, მაშინ როდესაც მამა დავითი მასზე უდაბნოში ლოცულობდა.
ბუბაქარმა სახედრებზე პური და ფხალი აჰკიდა და სამივე ვაჟიშვილის თანხლებით დაუბრუნდა მეუდაბნოეთ. სურსათ-სანოვაგის ნაწილი მამა დავითს დაუტოვეს, დანარჩენი კი, წმინდანის სიტყვით, ღირს მამა დოდოს წაუღეს, რათა მისგანაც მიეღოთ ლოცვა-კურთხევა. ბუბაქარიცა და ყველა მისი თანმხლებიც მოინათლა. ახლადნათელღებულებმა მოღვაწე ბერებისათვის კლდეში ეკლესია გამოკვეთეს. შემდეგში ეს ეკლესია განასრულა ღირსმა ბერმა ილარიონმა.
მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისაკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა.
ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა გარეჯის უდაბნოში.
რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.
იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წაიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება – ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.
მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო – მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.
ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანის სენაკში მწარე წყალი მოწვეთავდა. ამ წყლით მორწყული ფხალიც საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. იქ მყოფი ბერი თავს იმით ინუგეშებდა, რომ სამაგიეროდ საუკუნო სატანჯველს აიცილებდა თავიდან. ერთ დღეს მასთან წმიდანს ბერი თავის გასაჭირს მოუყვა. დიდად გამხიარულდა მამა დავითი ბერის სიმშვიდითა და მორჩილებით და მისმა შემწყალებელმა უფლისადმი ლოცვით წყალი დაატკბო, ფხალიც გემრიელი საჭმელი გახდა.
გავიდა რამდენიმე ხანი. მამა დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოება ესე საწუთოსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რა სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გვეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა“.
იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი ააპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი.
გარდაცვლილი წმიდანის სხეულიდან მადლი გამოკრთოდა. მათ შორის, ვინც ცხედარს ემთხვია, ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. წმინდანის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა.
წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. მის საფლავზე დიდხანს იდო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა და სასწაულთმოქმედი მადლით კურნავდა რწმენით მიახლებულთ.
ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან“.
შიო მღვიმელი
„შიო მღვიმელის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „წარმოშობით შიო იყო სირიის ქალაქ ანტიოქიიდან (ან ანტიოქიის მიმდებარე დაბიდან), მდიდარი, წარჩინებული და ღვთისმსახური მშობლების ერთადერთი შვილი. 16 წლისა რომ შეიქნა, წმინდა წერილის შესწავლა დაიწყო და ისე თავდაუზოგავად კითხულობდა, რომ მშობლები მისი ჯანმრთელობის გამო შეშინდნენ და დროდადრო დასვენებას სთხოდნენ.
20 წლის ასაკში შიომ მშობლებისაგან ფარულად დატოვა სახლი და წავიდა იოანე ზედაზნელთან, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა თავის მოწაფეებთან ერთად. მაგრამ იოანემ უბრძანა ჯერ მშობლებთან დაბრუნება და მათგან კურთხევის მიღება. შიო დაბრუნდა სახლში, ცოტა ხნის შემდეგ კი მისმა მშობლებმა მონასტერში წასვლა გადაწყვიტეს. მაშინ შიომ მთელი ქონება გაყიდა და მონასტრებსა და ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი იოანესთან წავიდა და ბერად აღიკვეცა. ოცი წელიწადი დაჰყო შიომ იოანესთან უდაბნოში და მრავალი სასწაული აღასრულა.
როდესაც იოანემ დატოვა სირია და ქართლისაკენ გამოემართა, მასთან ერთად წამოვიდა შიოც. შიომ 4 წელი დაჰყო იოანე ზედაზნელთან და სხვა ასურელ მამებთან ერთად ზედაზენის მთაზე, შემდეგ კი აირჩია სარკინეს მთის ხევი (მცხეთის დასავლეთით თხოთის მთებში), მდინარე მტკვრის მახლობლად, ღრმა და უწყლო, ზამთარში ცივი და ზაფხულში ცხელი, და იქ დამკვიდრდა გამოქვაბულში (ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შიომ ჯერ იოანეს სთხოვა განცალკევებით დაყუდების უფლება, იოანემ აკურთხა იგი და კათალიკოსის კურთხევის მიღებაც უბრძანა, და მხოლოდ ამის შემდეგ განმარტოვდა შიო სარკინის ხევში). შიო მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. ხეობაში არ იყო არც წყალი და არც საკვები. ერთხელ, განთიადზე, გამოეცხადნენ მას ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი ანგელოზების თანხლებით. ღვთისმშობელმა პირში ჩაუდო შიოს უჩვეულო თეთრი საკვები და უთხრა, რომ ამიერიდან მას ადამიანური საკვები აღარ დასჭირდებოდა, არამედ მაცხოვრის ბრძანებით ერთი ანგელოზი მუდმივად მასთან იქნებოდა და იზრუნებდა მასზე. ამის შემდეგ შიოს ღვთაებრივი საზრდელით კვებავდა ანგელოზი, რომელიც მტრედის სახით ევლინებოდა მას.
ერთ დღეს, ციხედიდის მთავარმა ევაგრემ, სარკინის ხევში ნადირობისას შენიშნა მტრედი, რომელსაც შიოსთან საკვები მოჰქონდა, მის კვალს გაჰყვა და შიოსთან მივიდა. შიოს სიწმინდისა და სათნოების მხილველი ევაგრეც ბერად აღიკვეცა და შიოს მახლობლად სხვა გამოქვაბულში დაეყუდა.
როდესაც მეფემ შეიტყო ევაგრეს ბერად აღკვეცის ამბავი, შეწუხდა და მოვიდა მის წასაყვანად, მაგრამ ვერ დაითანხმა. მაშინ მეფემ შიო მოინახულა და როდესაც დაინახა მისი ანგელოზისებრი სახე, მოიხსნა გვირგვინი და სარტყელი და შიოს ფერხთით დააგდო, შემდეგ მუხლებზე დაეცა შიოს წინ და კურთხევა სთხოვა. ამის შემდეგ მეფემ მონასტერს დიდძალი შესაწირი მიუძღვნა (ოთხი სოფელი და დიდძალი ოქრო, ოქროს ბარძიმი, ჯვარი და სახარება). მისი ბრძანებითა და შეწევნით აშენდა უდაბნოში სამი ეკლესია (მათ შორის ერთი იოანე ნათლისმცემლის სახელობის), რომლებიც კათალიკოსმა მაკარიმ აკურთხა. კათალიკოს სურდა აგრეთვე წმ. შიოს მღვდლად კურთხევაც, რადგან დიაკვნად ხელდასხმული ანტიაქიაშივე იყო, მაგრამ შიოს შეეშინდა, რომ ამას შემდგომში შეიძლებოდა ეპისკოპოსობის პატივიც მოჰყოლოდა და არ დათანხმდა.
გაითქვა შიოს სახელი და გამრავლდა ბერების რიცხვი, რომლებიც იქვე მახლობლად დაემკვიდრენ. ევაგრე და სხვა ბერები უფრო ზევით იყვნენ, ხოლო შიო გამოქვაბულში დარჩა, საიდანაც დროდადრო გამოდიოდა და ჰმოძღვრიდა თავის მოწაფეებს. მოჰყავდათ მასთან სნეულები და განკურნავდა მათ შიო ლოცვით. გარკვეული დროის შემდეგ შიო იოანე ზედაზნელისა და კათალიკოსის კურთხევით მღვიმეში დაეყუდა. მღვიმეში ჩასვლამდე მან დამოძღვრა ბერები, დაუტოვა თავისივე დაწერილი ვრცელი „სწავლანი“ და თავის ნაცვლად წინამძღვრად ევაგრე დაუდგინა.
ბოლო თორმეტი წელი შიომ პატარა მღვიმეში სრულიად განმარტოებულმა გაატარა. 43 წლიანი სასულიერო მოღვაწეობის შემდეგ შიო გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდა მაკარი კათალიკოსი და მრავალი ეპისკოპოსი.
IX ს-ში შიოს პირველი ქვაბული ეკლესიად გადააკეთეს. დავით აღმაშენებელმა აქ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო, ხოლო თამარმა სხალტბიდან მილსადენი გამოაყვანინა მონასტრის წყლით უზრუნველსაყოფად.
ანტონ მარტყოფელი
„ანტონ მარტყოფელის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „იოანეს მოწაფეთაგან ყველაზე უფრო „სათნო და წარჩინებული“ იყო ანტონ ედესელი. იგი ცოტა მოგვიანებით მოვიდა ქართლში და საქადაგებლად კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.
შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა ააშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.
მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთები (დღევ. იალნოს ქედი) აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით (ბალახებითა და ხის ქერქით), მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.
ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძალიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.
და მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.
წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აშენება და სოფელ ნორიოში მამათა მონასტერს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია, საფუძველი ჩაუყარა. მონასტრის შენება მისმა მიმდევრებმა დაასრულეს. სახელი ანტონის მიერ ედესიდან ჩამოტანილი ხატის „ღვთაებას“ მიხედვით უწოდეს.
თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.
ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა (იგი ედესიდან თვითონ ჩამოიტანა და მუდამ თან ატარებდა).
გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში“.
აბიბოს ნეკრესელი
„აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება“ მოგვითხრობს: მამა აბიბოსი თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისთვის წმიდა აბიბოსი „იქმნა... ეპისკოპოზად, მწყემსი გაღმამხრისა დიდოეთითურთ. ამან მოაქცია უმრავლესნი მთიულნი“, – წერს ვახუშტი ბაგრატიონი. ამ დროს აღმ. საქართველოში მაზდეანი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.
წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ ნეკრესის ტაძრის მახლობლად მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი.
წმიდა აბიბოსი შავმთელი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის (521-596; ანტიოქიელი) მეგობარი იყო. ღირს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა. ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმიდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება. მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსაც ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რათა აღტყინებულიცა იგი უჩინო ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთვის ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად... უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა...“ მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს. მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: „რაისათვის უვარჰყავ უფლება მეფეთ-მეფისა და მოჰკალ ღმერთი ჩვენი?“ წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაითამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაი. ხოლო გლოცავ, რათა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ“. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: „მე გკითხავ, რაისათვის მოჰკალ ღმერთი ჩვენი და შენ გნებავს, რაითამცა შენისა ღმრთისა წაგვიყვანნე?“ ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. „აწ მიკვირს თქვენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქვს?“ მარზპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა. ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“.
ეს მოხდა VI ს-ის 60-იან წლებში. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი. ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ.
ისე წილკნელი
„ისე წილკნელის ცხოვრება“ მოგვითხრობს: წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა.
წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა.
ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით.
ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.
წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქვენ მიერ სასწაულისა რაისამე ქმნა, რაითა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქვენგან სასწაულთა და საკვირველებათა, რათა უმეტესად ჰრწმენეს ჩვენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოება“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.
წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინ დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“.
შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ჯერ არს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.
ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: „მამაო მფლობელო, გვნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გვქონდეს სახსენებელად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი „დასცა წყალთა მას ზედა სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა“. თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია.
ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარშემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე.
სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: „უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“, – ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. ისე დაასაფლავეს წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.
იოსებ ალავერდელი
„იოსებ ალავერდელის ცხოვრება“ მოგვითხრობს: მამა იოსები თავდაპირველად ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. შემდეგ კი მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას, სოფელ ალავერდში დაფუძნდა. ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა „მხოლო მხოლოსა ღვთისა მზარხველი“, ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული.
მხეცთა და ნადირთა სამკვიდრებელში განმარტოების ღვაწლს შემდგარ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით გამოსულიყო ამ მიდამოებში სანადიროდ. მონადირემ როგორც კი იხილა წმიდა მამა, მიხვდა, რომ მის წინ ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ცხენიდან ჩამოხტა, თაყვანისცემით მიეახლა, ამბორსუყო და მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი.
ღირსმა მამამ ღვთის შემწეობით მასში სრული სარწმუნოება და საღმრთო სიყვარულისა და ჭეშმარიტებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი დანერგა. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ტაძარს ააშენებდა ალავერდის უდაბნოში და შეასრულა კიდეც აღთქმა: საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ღირსმა მამამ დიდად გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით.
მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძღვარიც და მოძღვარიც.
დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.
მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (XI საუკუნის დასაწყისში მის ნანგრევებზე კახეთის მეფე კვირიკემ ააგო ალავერდის საკათედრო ტაძარი). ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.
თადეოზ სტეფანწმინდელი
წმიდა თადეოზ სტეფანწმინდელი, იგივე თათე მამებელი, მამა იოანე ზედაზნელის უახლოესი თანამდგომი მოწაფე იყო და თავდაპირველად ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ზედაზნის მთაზე დამკვიდრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ქართლიდან ხალხმა იწყო მისვლა: იოანეს მრავალი მიმბაძველი ევედრებოდა, ნება მიეცა მასთან ეცხოვრათ. წმიდა იოანე თავისთან არავის ტოვებდა. სამაგიეროდ, მთის ძირში, სადაც ახლა სოფელი საგურამოა, მონასტერი ააშენა და თათეს ჩააბარა.
მონასტერი სავსე იყო ბერებით. ისინი თავიანთ ადგილებს ტოვებდნენ და მიდიოდნენ მთებში, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ კერპთმსახურები. უქადაგებდნენ მათ, ნათლავდნენ და აქრისტიანებდნენ. წმინდა იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა თათემ მონასტერი ილია დიაკვანს ჩააბარა, თვითონ კი ჯვრითა და სახარებით შემოიარა მთები, ააშენა მრავალი ეკლესია, რომელთა შორის ცნობილია წმიდა სტეფანეს ეკლესია ქალაქ ურბნისში. მოციქულთა კვალზე დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ წმიდა თათემ მონასტრის აშენება ინება.
შეარჩია მაღალი და ტყიანი მთა წლევი (კასპთან), მდინარე რეხულას ზემოთ. იმ მთაზე გამოკვეთილ მომცრო სენაკში ცხოვრობდა დიდხანს. ბევრი მოდიოდა მის სანახავად, მისი ქადაგების მოსასმენად, მის გვერდით დამკვიდრება სურდათ. ნეტარი თათე უარს არავის ეუბნებოდა. ყველას მამობრივი სიყვარულით იღებდა. მალე მთა სენაკებით აივსო.
წმიდა მამა ხედავდა, რომ მთა მოწესეებს ვერ დაიტევდა, ამიტომაც მონასტრისა და ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. სტეფანწმინდის მონასტერი მთის წვერზე აშენდა (გვიან ფეოდალურ ხანაში აქ თეთრახევის მამათა ეკლესია ააგეს). მაგრამ წმიდა თათეს არც ამის შემდეგ დაუტოვებია თავისი გამოქვაბული, გარდაცვალებამდე იქ იმყოფებოდა. მისი წმიდა გვამი იქვე ეკლესიაში დაასვენეს. უფალმა ადიდა თავისი მოღვაწე. ნეტარი თათეს საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება, ისევე, როგორც მის სიცოცხლეში ხდებოდა სასწაულები.
პიროს ბრეთელი
წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო (მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე). იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკუკეთებიათ VIII–IX საუკუნეებში და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიად უქცევიათ.
ტოპონიმი ბრეთა აქ მონასტრის დაარსების შემდეგ დროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ „საძმო სამარხები“ ყოფილა.
ძველ ეკლესიასთან დაკავშირებით ბრეთელები ამბობენ, რომ ეკლესიის საკურთხევლის წინ ღრმა ხარო არისო, რომელიც შეიძლება პიროსის სამყოფელიც იყო და აქვე დაუკრძალავთ კიდეც.
ხაროზე უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ბრტყელი ფილა იდო, რომელიც საფლავის ქვას მოგვაგონებს, თუმცა ეს ქვა გადაუადგილებიათ „განძის მაძიებლებს“.
ბრეთელებს პიროსის საფლავი მთავარი ეკლესიის ცენტრში ეგულებათ. იქ, სადაც ერთ საფეხურად ამაღლებული საკურთხევლის წინ გამართულია დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა.
დღეს არსებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მართალია VIII–IX საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილოეთ მინაშენი თავდაპირველად დამოუკიდებელ მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ეს მინაშენი უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და ორგანიულად დაუკავშირებიათ მოგვიანო ნაგებობასთან.
სტეფანე ხირსელი
როდესაც იოანე ზედაზნელმა მოწაფეებს მოუწოდა საქადაგებლად წასულიყვნენ „ზენონ და სტეფანე წავიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღვთისათა“.
წმინდა სტეფანე დამკვიდრდა კამბეჩოვანის მხარის სოფელ ხირსაში (დღევ. სიღნაღის რაიონის სოფელი ტიბაანი), სადაც დააარსა მამათა მონასტერი და მცირე ზომის ბაზილიკური ტიპის ეკლესია, სადაც დაიკრძალა კიდეც გარდაცვალების შემდეგ.
IX–X საუკუნეთა მიჯნაზე სტეფანე ხირსელის მიერ აგებული ბაზილიკა, კახთა მეფემ კვირიკე I-მა გუმბათოვანი ტაძრით შეცვალა. XVI საუკუნის 40-იან წლებში კი ლევან კახთა მეფის დროს ჩატარდა რესტავრაცია.
მეცნიერები დაობენ სახელ „ხირსის“ წარმომავლობასთან დაკავშირებით. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან „ღირსი“, ზოგი კი მას უკავშირებს მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი „ხირსა“ შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი ასკეტური ცხოვრების ადგილისთვის.
ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. ქრისტიანობის გასავრცელებლად მორწმუნეები მიემგზავრებოდნენ დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვ. ამ მხრივ მნიშვვნელოვანია ხირსის მონასტრის წინამძღვრის – იოანე მანგლელის ღვაწლი.
ისიდორე სამთავნელი
ისიდორე სამთავნელი თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე (კასპიდან 11 კმ-ზე) დამკვიდრდა და სოფელ სამთავისში, ვახტანგ გორგასლის დაარსებული ეკლესიის ირგვლივ დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მონასტერი. ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.
იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. XI საუკუნეში აქ დიდი ტაძარი აიგო. კედლის წარწერების მიხედვით სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წელს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი.
მიქაელ ულუმბოელი
მიქაელ ულუმბოელი ჯერ ქადაგებდა შიდა ქართლსა და დვალეთში. შემდეგ მოწაფეებთან ერთად დააარსა ულუმბოს მონასტერი, რომელიც შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადის ხეობაში მდებარეობს. იგი აქვე არის დაკრძალული.
XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია კვლავ არსებობდა და მისთვის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ ლენგის ლაშქარს. ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღი 1400–1415 წლებით სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან.
1871 წელს მღვდელთმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი თავიდან აღადგინეს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით.
ზენონ იყალთოელი
ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის მონასტერში და ქადაგებდა კახეთის მთიანეთში. შემდეგ დაფუძნდა სოფელ იყალთოში (თელავიდან დასავლეთით 7 კმ-ზე), სადაც დააარსა იყალთოს მონასტერი. სიკვდილის შემდეგ ზენონი აქვე, მისმიერვე აგებულ ეკლესიაში დაიკრძალა.
VIII–IX საუკუნეების მიჯნაზე ზენონის ეკლესიის ნაშთებზე აიგო ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“. სხვათაშორის აქვე აგებულ XI სამების მცირე ეკლესიაზე, მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები. სოფელშია ასევე VI საუკუნის წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესია.
სოფელში მრავალი ეკლესიის არსებობა მეტყველებს, რომ ამ ადგილას კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ყალიბდებოდა. იყალთოს სასულიერო აკადემია VIII-IX საუკუნეეში დაარსდა, თუმცა არაბთა შემოსევების შედეგად არსებობა შეუწყვეტია. XII საუკუნეში კი იყალთოში დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კარის მრჩეველი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი ჩავიდა და აკადემიის აღდგენა დაიწყო, რომელიც ამჯერად არა მხოლოდ სასულიერო სფეროს, არამედ ზოგადად განათლების სხვადასხვა სფეროს უნდა მომსახურებოდა. წარმოშობით იყალთოელი, გვარად მაყაშვილი იყო, წყაროებში ვაჩეს ძედ იხსენიება. მისი თაოსნობით, 1114–20 წლებში იყალთოს აკადემიას ფუნქცია დაუბრუნდა.
აკადემიაში ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა და ა.შ. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა. აკადემიის სიგრძე 73 მეტრია, აქედან 15,22 მ საწნახელია. მას აქვს ძველი და ახალი ნაწილი, სულ ორი საწნახელი იყო და შემდგომში მიაშენეს მესამეც. ერთი ოთახის იატაკში თერთმეტი ქვევრია ჩაფლული, მეორე უფრო განიერი ოთახია.
ყველაზე მეტად შენობის ჩრდილოეთი ფასადია დაზიანებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილ იქნა ფირუზისფერი კრამიტები, ასეთი მხოლოდ ეკლესია-მონასტრებთან გვხვდება. იყო ასევე საჭურჭლე ქარხანაც, რომელიც მონასტრის გარეთაა. 1938 წელს შენობის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს ბუხარი, რომლის წინა ოთახი სამჭედლო ყოფილა.
ბოლო ხანებში კომპანია „ჯეოსელის“ მიერ დაფინანსებული იყალთოს აკადემიის აღსადგენი პროექტის ფარგლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მონასტრის ეზოში ზენონ და არსენ იყალთოელების სამარხებს მიაკვლიეს.
იყალთოს აკადემია საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერებების აღორძინების საქმეს. მან არსებობა შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ, 1616 წელს შეწყვიტა.

შენიშვნები
1. ამავე ხანებში იგივე მიზნით სირიელი ბერები ალბანეთსა და სომხეთშიც ჩავიდნენ.
2. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, რომელიც ათონის ივერთა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი – მთაწმინდა დაერქვა. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელმაც XIII საუკუნემდე იარსება. 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღვთისმშობლის სახელობის სავანე დროებით აღდგა. 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“, რომელმაც 1857 წლამდე იარსება. 1859–1871 წლებში მის ნაცვლად უფრო დიდი ტაძარი ააგეს, რომელიც აკურთხა ეგზარქოსმა ევსევიმ.