ძვ.წ. მესამე ათასწლეულის შუამდინარეთი დაფარული იყო მცირე სიდიდის ქალაქ-სახელმწიფოებით. ეს ტერმინი ჩვეულებრივ იხმარება ისეთი პოლიტიკური ერთეულის მიმართ, რომლის ცენტრია ქალაქი; მისი მეთაური ენსი ან ლუგალი ავრცელებს თავის ხელისუფლებას საკუთრივ ქალაქსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე. ასეთი პოლიტიკური გაერთიანებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ. მათ შორის გამუდმებული ბრძოლა წარმოებდა პირველობისათვის. ჩვენამდე მოაღწია მოგვიანებით შედგენილმა „მეფეთა სიებმა“; რომელთა მონაცემებით ცნობილი ხდება, თუ შუამდინარეთის რომელი ქალაქის მეთაურობით იყო შექმნილი მსგავსი პოლიტიკური ერთეულები. ქრონოლოგიურად ყველაზე უძველესი ქალაქი იყო ერიდუ, სადაც, გადმოცემის თანახმად, პირველად გაჩნდა სამეფო ხელისუფლება. ისტორიულ ხანაში ერიდუ აღარ ასრულებდა აქტიურ როლს შუამდინარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამაგიეროდ წინა პლანზე გამოდის ქალაქი ური, რომელმაც ე.წ. ადრედინასტიურ ხანაში, რაც ქრონოლოგიურად ემთხვევა ძვ.წ. III ათასწლეულის I ნახევარს, მიაღწია დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებას, რაზედაც მეტყველებს 1920-იან წლებში მისი ნანგრევების ადგილას ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მდიდარი მატერიალური კულტურა, რომელიც აღმოჩნდა ურის I დინასტიის მმართველთა სამარხებში.
მეფეთა სია გვამცნობს, რომ ქალაქ ურუქში მეფობდა გილგამეში, რომლის პიროვნების ირგვლივ მომდევნო საუკუნეებში შეიქმნა მთელი ციკლი ლეგენდებისა. ერთ-ერთი ასეთი შუმერული გადმოცემის გვიანდელ ჩანაწერში მოთხრობილია გილგამეშსა და ქიშის მეფე აგას შორის გამართულ ბრძოლაზე. ქრონოლოგიურად ეს უნდა იყოს დაახლოებით ძვ.წ. XXVII საუკუნის ამბები. გადმოცემაში ნათქვამია: ქიშის მეფემ, რომელიც ჰეგემონიის პრეტენზიას აცხადებდა მთელს შუამდინარეთზე, ელჩები მიუგზავნა გილგამეშს და მოითხოვა მისგან მორჩილება. გილგამეში შეეკითხა უხუცესთა საბჭოს, დავემორჩილოთ ქიშის მეფე აგას და ვთხაროთო მისთვის ჭები და არხები, თუ, შევებრძოლოთ მას იარაღითო. უხუცესები პირველი წინადადების მომხრენი არიან. მაშინ გილგამეში მიმართავს გურუშთა, ე.ი. მოქალაქეთა კრებას მსგავსი შეკითხვით. გურუშები თანახმანი არიან შეებრძოლონ აგას იარაღით. შემდეგ მოდის თხრობა უშუალოდ ბრძოლის შესახებ. როგორც ჩანს, ბოლოს ყველაფერი ეს დამთავრდა გილგამეშისა და აგას შორის ზავის დადებით. ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში მეფის ხელისუფლება საკმაოდ შეზღუდულია უხუცესთა საბჭოთი, თუმცა ვალდებული არ არის დაექვემდებაროს მას და მოქალაქეებზე დაყრდნობით უკუაგდებს მათ რჩევას, ანუ ცდილობს მეფე უხუცესთა საბჭოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს.
*******
ლაგაშის მმართველთა მრავალრიცხოვან წარწერებში და ამ ქალაქის სატაძრო არქივებიდან მომდინარე სამეურნეო ტექსტებშია შემონახული მრავალი ძვირფასი ცნობა, რის მოშველიებითაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ამ ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების ისტორიული განვითარების გზას რამდენიმე საუკუნის მანძილზე.
დაახლოებით ძვ.წ. 2500–2370 წწ. ლაგაშს მართავდნენ ძლიერი მეფეები, რომლებმაც შეძლეს მნიშვნელოვანი ტერიტორიის გაერთიანება თავიანთი ხელისუფლების ქვეშ. ამ მეფეთა დინასტიის დამაარსებლად ითვლება ურნანშე (დაახლ. 2500-2459 წლებს შორის). მისი სახელით შედგენილ წარწერებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს, ძირითადად საუბარია ურნანშეს სააღმშენებლო საქმიანობის შესახებ. ამ ეპოქის ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოხატულია თვით ენსი თავის ოჯახის წევრებთან და კარის დიდებულებთან ერთად. ურნანშეს, რომელიც მიუძღვის საზეიმო პროცესიას, მიაქვს აგურები თავზე დადგმული კალათით. ამით ხაზი აქვს გასმული იმ გარემოებას, რომ ენსი, რომელიც თავისი მოღვაწეობის მთავარ მიზნად მიიჩნევს ტაძრების მშენებლობას, თვითონ ღებულობს მონაწილეობას ერთ-ერთი მათგანის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალში.
ლაგაშმა სამხედრო ძლიერებას მიაღწია ურნანშეს შვილიშვილის ეანათუმის (ძვ.წ. 2450-2423) ზეობაში. მის წინამორბედ მმართველთა დროს ლაგაში იმყოფებოდა ქიშის მეფე მესილიმას ხელქვეით. ენერგიული მოქმედებით ეანათუმმა არა მარტო შეძლო ქიშის მორჩილებისაგან გათავისუფლება, არამედ მალე კიდევაც დაიპყრო და შეიერთა ეს სამეფო.
განსაკუთრებით ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა იგი უმას მეფე უშის წინააღმდეგ. ამ ორ ქალაქს გამუდმებული შუღლი და ბრძოლა ჰქონდათ ურთიერთ შორის სასაზღვრო, ნაყოფიერი სარწყავი ველის გუედენას გამო. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა. ამჯერად კონფლიქტი დაიწყო უმას მხრიდან. მისმა მმართველმა, ეყრდნობოდა რა მეზობელი ქალაქების – ოპისისა და ქიშის - მხარდაჭერას, მოთხარა სასაზღვრო ბოძები, მიისაკუთრა ველი და შეიარაღებული რაზმით მოადგა ლაგაშის საზღვრებს. ქალაქის კედლებთან გამართულ ბრძოლაში ეანათუმმა სასტიკი დამარცხება აგემა მოწინააღმდეგეს. მან გაანადგურა მოკავშირეთა რაზმები და შეიჭრა ქალაქ უმას საზღვრებში. ეანათუმმა გუედენასთან ერთად შეიერთა სხვა ნაყოფიერი ველებიც, რომელთა სახელწოდებანი ჩამოთვლილია ამ ამბებისადმი მიძღვნილ სპეციალურ წარწერაში. ეს წარწერა გაკეთებულია ე.წ. „ძერათა სტელაზე“. ქვის ამ მოზრდილმა ფილამ ასეთი სახელწოდება იმიტომ მიიღო, რომ მასზე გამოსახულია მტრის გვამებით მოფენილი ბრძოლის ვილი, რომელსაც თავს დასტრიალებს ძერათა გუნდი. იქვეა წარმოდგენილი შეტაკების დროს დაღუპულ ლაგაშელ მეომართა დასაფლავებისა და სამხედრო ტყვეთა მსხვერპლად შეწირვის სცენებიც. სტელაზე გამოსახულია თვითონ გამარჯვებული ეანათუმი, რომელიც ეტლით მიუძღვის წინ ოთხ მწკრივად დაწყობილ თავის ჯარს. აღნიშნული სტელა უძეელესი ბარელიეფური ხელოვნების შესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. მას აქვს აგრეთვე წმინდა ისტორიული ღირებულებაც, რაზდენადაც იგი წარმოდგენას გვაძლევს იმდროინდელი სამხედრო ხელოვნების შესახებ. როგორც აღნიშნული ბარელიეფის გამოსახულებიდან ჩანს, ამ ეპოქის დროინდელი მეომრები შეირაღებულნი იყენენ გრძელი შუბებით. თავს უფარავდათ ლითონის, უეჭველად, სპილენძის მრგვალი მუზარადები. ცნობილი იყო აგრეთვე ოთხთვლიანი საომარი ეტლებიც, რომლებშიაც აბამდნენ ვირებს.
ეანათუმმა ასეთივე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სხვა მეზობელი ქალაქების მმართველებზედაც. დაიმორჩილა და თავის საგამგეოს საზღვრებში მოაქცია ოდესღაც ძლიერი ურის სამეფო, ხოლო ურუქის, ლარსისა და ერიდუს შემოერთებით დაამთავრა მთელი სამხრეთ შუამდინარეთის გაერთიანება. ამ გარემოებამ საშუალება მისცა ეანათუმს გაეფართოებინა დამპყრობთა არე. მან წარმატებით სძლია ჩრდილოეთ შუამდინარეთში მდებარე ქიშისა და ოპისის მმართველებს. ერთ-ერთ თავის წარწერაში იგი სიამაყით მოგვითხრობს შუამდინარეთის აღმოსავლეთით მდებარე ელამის ქვეყანაზე მოპოვებული გამარჯვების შესახებაც.
აქტიურ სამხედრო პოლიტიკას ახორციელებდა ეანათუმის შვილიშვილი ენთემენაც (დაახლ. 2415-2388), რომლის საომარი და დიპლომატიური ტექსტები არაერთი არის შემორჩენილი.
საკმაოდ ფართო მასშტაბით წარმოებული სამხედრო ოპერაციები მოითხოვდნენ დიდ რესურსებს, რომელიც ძირითადად იფარებოდა მოსახლეობისაგან აკრეფილი გადასახადებით. მაგრამ როცა დამთავრდა აქტიური საგარეო პოლიტიკის ეპოქა, გადაიარა ბრძოლების ექომ და დადგა მშვიდობიანობის პერიოდი, ლაგაშის მმართველები და საზოგადოების მაღალი, არისტოკრატიული წოდება როდი აცხადებდა უარს გადასახადების გაზრდაზე, პირიქით, იგონებდნენ ახალ-ახალ საშუალებებს მოსახლეობისა და ქურუმებისაგან მეტი თანხების გამოძალვის მიზნით.
ენთემენას ვაჟი ენენატუმ II (2388-2383) სუსტი მმართველი იყო და მან გავლენა მეზობელ ქალაქებზე დაკარგა. დაახლ. 2383 წელს ლაგაშში მოხდა გადატრიალება. პირველი დინასტიის ბოლო მეფე და მისი ვაჟი ლუმადური დაამხო ლაგაშის მთავარმა ქურუმმა ენენტარზმა, რომელმაც სიკვდილის წინ ტახტი მის ვაჟ ლუგალანდას (ძვ.წ. 2378-2372 წლებში) დაუტოვა.
ლუგალანდამ გამომძალველობასა და მექრთამეობაში ყველას გადააჭარბა. პირველი შეტევა მეფისგან განიცადა სატაძრო ქონებამ. მეფეებს ყოველთვის თვალი ეჭირა ამ სიმდიდრისაკენ და ცდილობდა ხელში ჩაეგდო იგი. როგორც ჩანს, ლუგალანდამ მიაღწია კიდეც ამას; ამ პერიოდის საბუთებში ქალღმერთ ბაბას უმდიდრესი სატაძრო მეურნეობა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით იწოდება დედოფალ ბარნამთარას საკუთრებად. ამიერიდან ქურუმები ვალდებულნი იყვნენ გამოეყვანათ პირუტყვი და ტაძარზე დამოკიდებული მოსახლეობა ენსის მეურნეობაში სამუშაოდ. ამავე დროს მათ ევალებოდათ მნიშვნელოვანი სიდიდის გადასახადების გადახდაც სამეფო კარის სასარგებლოდ. ყოველივე ეს ზრდიდა კანონიერი უკმაყოფილების გრძნობას ქურუმთა წრეში, რომელიც თანდათანობით უპირისპირდებოდა სამეფო ხელისუფლებას.
ლუგალანდას საგადასახადო პოლიტიკა შეუზღუდავად და ყველაზე მახინჯ ფორმებში ხორციელდებოდა მოსახლეობის ფართო მასების მიმართ. როგორც გვამცნობს ამ ამბების თანადამსწრე ისტორიკოსი, მეფის ზედამხედველები დაძრწოდნენ თემებში და ძარცვავდნენ მოსახლეობას გადასახადების აკრეფის საბაბით. გადასახადები შეაწერეს ყველას: მეთევზეებს, მწყემსებს, თევზის სარეწებს და, რათქმაუნდა რიგით მეთემეებს. მოქმედებდა ასეთი კანონიც: მეფისა და მისი პირველი კარისკაცის სასარგებლოდ საკმაოდ მოზრდილი თანხა უნდა გადაეხადა მამაკაცს, რომელიც გაეყრებოდა ცოლს. მწყემსი, რომელიც მიიყვანდა ცხვარს გასაკრეჭად სასახლეში, იხდიდა განსაზღვრულ თანხას, მაგრამ უფრო მეტს, თუ ცხვარი თეთრი იყო. როცა მიცვალებულს მიიტანდნენ სასაფლაოზე, აქ ჭირისუფალს ხვდებოდა მთელი ჯგუფი მოხელეებისა და გადასახადის ამკრეფლებისა, რომლებიც სხვადასხვა მაქინაციებით გამოძალავდნენ მიცვალებულის ნათესავებსა და ახლობლებს მეტ პურს, ლუდსა და სხვას, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული ადრე მოქმედი კანონით. ეს გარემოებანი აუტანელს ხდიდა ფართო მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ღარიბთა და ქვრივ-ობოლთა ცხოვრების პირობებს.
შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა ლაგაშის წარჩინებულთა წრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პირმა, სახელად ურუქაგინამ (ურუ-ინიმგინამ), და მოსახლეობის საერთო უკმაყოფილება წარმართა სამეფო კარის წინააღმდეგ. მოხდა ისე, რომ უკმაყოფილების აჯანყებაში გადაზრდის გარეშე ლუგალანდამ ძალაუფლება ურუქაგინას გადააბარა, თუმცა მეფობას ფორმალურად ინარჩუნებდა სიკვდილამდე (დაახლ. 2369 წ-მდე) და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ (ლუგალანდას მამაკაცის ხაზის მემკვიდრე არ დარჩენია) მიიღო მეფის წოდება ფაქტიურმა მმართველმა ურუქაგინამ. ლუგალანდა და მისი მეუღლე პატივით ცხოვრობდნენ ლაგაშში, თუმცა ჩამოერთვათ სამეფო და სატაძრო მეურნეობები. როდესაც გარდაიცვალნენ ურუგაქინამ და მისმა მეუღლემ ისინი პატივით დაკრძალა.
ურუქაგინა (ძვ.წ. 2372-2361) როგორც არამეფური წარმომავლობის პირი, ხელისუფლებას სათავეში მოექცა ფართო სახალხო მასებსა და ქურუმთა წრეზე დაყრდნობით. ამდენად იგი ტახტზე ასვლისთანავე გახდა იძულებული გაეტარებინა რეფორმები რომლებიც ითვალისწინებდნენ მოსახლეობისა და ქურუმთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. თავისი 11 წლიანი მმართველობის განმავლობაში, მან მოასწრო საკმაოდ ეფექტური რეფორმების გატარება. პირველ რიგში გააუქმა არსებული საგადასახადო სისტემა. როგორც რეფორმის ტექსტშია ნათქვამი, ურუქაგინამ უკან გამოიწვია გადასახადების ამკრეფნი, დატოვა რა ზოგიერთი მათგანი მხოლოდ თემებში. აიკრძალა ის ძალმომრეობა, რასაც დაბალი მასები განიცდიდნენ არისტოკრატიული წრის წარმომადგენელთა მხრივ. რეფორმის ტექსტში ერთ ასეთ საინტერესო კანონს ვხვდებით: თუ ღარიბი კაცის სახლი აშენებულია მდიდრის სახლის გვერდით და ეს უკანასკნელი მოინდომებს მეზობლის სახლის მითვისებას, ეტყვის მას: „მე მინდა ვიყიდო შენი სახლი“; თუ ღარიბი მოითხოვს თანხას, რომლის გადახდას არ მოისურვებს მდიდარი, მას არა აქვს უფლება იხმაროს ძალდატანება ღარიბის მიმართ.
ურუქაგინამ ქალაქიდან განდევნა მევალეები, ქურდები და მკვლელები. იგი სიამაყით აცხადებს, რომ ამიერიდან არაფერი დაეკარგება ქვრივსა და ობოლს, ვერავინ გამოსძალავს მათ, მოსახლეობა გათავისუფლდება სავალო კაბალისაგან, გაძარცვისა და მკვლელობისაგან; ხალხს მისცა მან თავისუფლება. ტექსტში ნათქვამია, რომ ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად მან ღვთაება ნინგირსუსთან დადებული პირობა გამოსცა კანონების სახით. სამწუხაროდ, ეს კანონები ჩვენამდე არაა მოღწეული. შეიძლება იგი გაანადგურეს ძველ დროში რეფორმით უკმაყოფილო პირებმა ურუქაგინას ტახტიდან ჩამოგდებისთანავე.
რეფორმები შეეხო ეკლესიასაც. ქურუმები გათავისუფლებულ იქნენ გადასახადებისაგან, თუმცა სატაძრო მეურნეობა ამჯერად ურუქაგინას მეუღლეს დაექვემდებარა. საბუთებში წერდნენ: „ლაგაშის მეფის ლუგალანდას მეუღლის ბარნამთარას მეურნეობა“, ახლა დაიწყეს წერა: „ქალღმერთი ბაბას მეურნეობა, შანა, ლაგაშის მეფის ურუქაგინას მეუღლე“.
გვაროვნული წყობილების ზოგიერთი გადმონაშთის აღმოფხვრის მიზნით გატარდა რეფორმა საოჯახო სამართლის დარგშიც. განზრახული იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება გვაროვნული არისტოკრატიის საბოლოოდ დასუსტების მიზნით, მაგრამ შინაგანმა და გარეშე მოწინააღმდეგეებმა ადრე, შეწყვიტეს რეფორმატორი მეფის მოღვაწეობა.
ფართო რეფორმატორულ საქმიანობასთან ერთად ურუქაგინა აწარმოებდა დიდი მასშტაბის მშენებლობებსაც. მის დროს გაყვანილ იქნა არხები, აიგო სასახლეები და ტაძრები ლაგაშში, გამაგრებულ იქნა ცენტრალური უბნის გირსუს კედლები. ეს უკანასკნელი ღონისძიება გამიზნული იყო იმისათვის, რომ გარედან თავდასხმის შემთხვევაში, რის საფრთხესაც თავიდანვე გრძნობდა მეფე-რეფორმატორი, აემაღლებინა ქალაქის თავდაცვისუნარიანობა. ეს საფრთხეც მალე შეიქმნა. შემოტევა დაიწყო უმას მეფე ლუგალზაგესმა, ქალაქის მოსახლეობის ნაწილი, კერძოდ მდიდრები და მევახშეები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ რეფორმებით, მხარს უჭერდა მტერს. ეს ის ფენა იყო, რომელიც კარზე მომდგარი მეზობლის – ქალაქ უმას მმართველ ლუგალზაგესისათვის წარმოადგენდა „მეხუთე კოლონას“. ეს ფენა ცდილობდა დამარცხებულიყო ურუქაგინა, რომელსაც თან გადაჰყვებოდა მისი რეფორმებიც. შექმნილმა რთულმა ვითარებამ შესაძლებლობა მისცა ლუგალზაგესს შეჭრილიყო ქალაქში ურუქაგინას მეფობის მეთერთმეტე წელს. მეფე-რეფორმატორი ტახტიდან იქნა ჩამოგდებული, ხოლო ქალაქი ლაგაში მტერმა საშინლად ააოხრა. ამ დროს ნაწილობრივ გაუქმდა რეფორმები. ურუქაგინამ სატახტოდ ერთი ხანი 25 კმ-ით მოშორებული ქალაქი გირსუ აირჩია, ვიდრე ისიც არ დაიპყრეს უმელებმა.
ურუქაგინას მომხრე მწერალი ამ მისთვის სამწუხარო მოვლენისადმი მიძღვნილ ელეგიაში წერს: „უმას ხალხმა ლაგაშის განადგურებით შეცოდეს ნინგირსუს წინაშე, მათი წილხვდომილი ძლიერება წარეტაცება მათ. ურუქაგინას, ლაგაშის მეფეს, ბრალი არაფერში მიუძღვის. რაც შეეხება ლუგალზაგესს, უმას მმართველს, დაე, მისმა ქალღმერთმა ნისაამ ზიდოს მისი ცოდვის სიმძიმე“.
უმას მეფე ლუგალგაზესის შორს გამიზნული დაპყრობითი პოლიტიკა არ შეიძლებოდა შეჩერებულიყო ლაგაშის საზღვრებში. მომდევნო წლებში მან წარმატებით სძლია სამხრეთ შუამდინარეთის მთელი რიგი ქალაქების მმართველებს და შემოიერთა ურუქი, ლარსა და ადაბი. ამის შემდეგ ლუგალზაგესმა მიიღო ურისა და ურუქის მეფის ტიტული. იგი აცხადებდა ჩრდილოეთ შუამდინარეთზე გაბატონების პრეტენზიასაც, რის სისრულეში მოყვანის მიზნით ჯერ კიდევ თავისი მეფობის დასაწყისში გაილაშქრა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მან სასტიკი დამარცხება აგემა ქიშის მეფე უზარბაბას, ლუგალზაგესმა მაინც ვერ შეძლო ამ მხარეში გაბატონება. ადგილობრივი სემიტები, რომლებიც უკეე საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენდენ ჩრდილოეთ შუამდინარეთში, არ აძლევდნენ ლოგალზაგესს ამის საშუალებას.
ძლიერი პიროვნების ხელქვეით მთელი სამხრეთი შუამდინარეთის ეს ახალი გაერთიანება უდავოდ იყო პროგრესული მნიშენელობის ფაქტი. უპირველეს ყოვლისა, ამაღლდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რამაც თავის მხრივ განაპირობა სააღმშენებლო საქმიანობის ფართოდ წარმოების შესაძლებლობა. გაყვანილ იქნა ახალი არხები, გაიწმინდა და გაფართოვდა ძველი. ური და ურუქი, რომლებიც ახალი გაერთიანების ადმინისტრაციულ ქალაქებს წარმოადგენდნენ, დამშვენდა ლამაზი შენობებით. ლუგალზაგესი, როგორც გვამცნობს ერთ-ერთ წარწერაში, თავისი მოღვაწეობის მთავარ შედეგად თვლიდა იმ გარემოებას, რომ „ქვეყანა სიმშვიდეში ცხოვრობდა და მინდვრები ირწყვებოდა უხვი წყლით“.
ლუგალზაგესის ბატონობა მთელს შუმერში დაახლ. 20 წელი გაგრძელდა. ამ დროს ისტორიის ასპარეზზე გამოვიდა ახალი ძალა – ჩრდილოეთ შუამდინარეთში შექმნილი სემიტი ტომების გაერთიანების მეთაური სარგონი. შუამდინარეთის მიწა მალე ვიწრო აღმოჩნდა ამ ორი ძლიერი მმართველისათვის. მათ შორის შეტაკება გარდუვალი გახდა, კიდევაც დაიწყო ბრძოლა, რომელშიაც გამარჯვებული გამოვიდა სარგონი. მას ისტორია იცნობს სარგონ ძველის, ანუ სარგონ აქადელის სახელით.
ლუგალზაგესის (უმას მეფე დაახლ. ძვ. წ. 2358 – დაახლ. ძვ. წ. 2334) წარწერის ნაწყვეტი (ნიფურში)
ლუგალზაგესს, ქალაქ ურუქის მეფეს1, ქვეყნის2 მეფეს, ღვთაება ანმა3 მოწყალე თვალით გადმოხედა, (ხოლო) ქვეყნიერების მეუფემ ღვთაება ენლილმა მეფობა უბოძა მას... (ლუგალზაგესმა) თავისი ძლიერებით დაამხო ქვეყნები და აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ყველას ქედი მოახრევინა. ქვემო ზღვიდან ზემო ზღვამდე4 ტიგროსისა და ევფრატის გასწვრივ გზა გაკაფა. ღვთაება ენლილმა (მას) ქვემო ზღვიდან ზემო ზღვამდე მბრძანებლობა დაუმკვიდრა... (ამაჟამად მთელი) ქვეყანა სიმშვიდეში ცხოვრობს (და მინდვრები) ირწყვება უხვი წყლით... ქალაქი ურუქი მხიარულად გაბრწყინდა, ქალაქმა ურმა (კი) ხარივით აღიმაღლა თავი ცისაკენ. ლარსა, ღვთაება უთუს საყვარელი ქალაქი უხვი წყლით ირწყვება, (ხოლო) ღვთაება შარას საყვარელი ქალაქი უმა მომეტებული ძალით აღზევდა...
ლუგალზაგესმა, ურუქის მეფემ, ქვეყნის მეფემ ღვთაება ენლილს ნიფურში (ეს ვაზა) შესწირა (და) იგი წმინდა წყლით განბანა, (ზედ) წააწერა: „ქვეყნიერების მეუფეო ღეთაებაო ენლილ! ჩემი ნათქვამი მოახსენე შენს საყვარელ მამას ღვთაება ანს: დაე, მან გამიხანგრძლივოს სიცოცხლე, სიმშვიდე უბოძოს ჩემს ქვეყანას; მომცეს მე ბალახსავით უთვალავი ჯარი, მოწყალე თვალით გადმოხედოს ჩემს ქვეყანას (და) კეთილი ბედი მომიზღოს მე... დაე, თავისი გადაწყვეტილება (ამის შესახებ) არასოდეს შეცვალოს მან“.
ღვთაებაო ენლილ! შენი საყვარელი მეფე (ლუგალზაგესი) თავისი სიცოცხლისათვის გიძღვნის (ამ ვაზას).
შენიშვნები
1. როგორც ჩანს, ტექსტი შედგენილია იმ დროს, როცა უმას მმართველის ტიტულის მქონე ლუგალზაგესმა დაიმორჩილა რა ქალაქი ურუქი, „ქვეყნის მეფის“ ტიტულთან ერთად მიიღო „ურუქის მეფის“ ტიტულიც.
2. იგულისხმება სამხრეთი შუამდინარეთი – შუმერის ქვეყანა,
3. ანი ითვლებოდა შუმერული პანთეონის უმაღლეს და უპირველეს ღვთაებად.
4. იგულისხმება სპარსეთის ყურე და ხმელთაშუა ზღვა.
5. იგულისხმება ქალაქი სიფარი, სადაც თაყვანს სცემდნენ მზის ღვთაება უთუს.
ლუგალზაგესის მიერ ლაგაშის აოხრების ტექსტი
უმას ხალხმა ექი (...) ცეცხლს მისცა ანთასურა ცეცხლს მისცა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; თირაშის სასახლეში სისხლი დაღვარა, აბზუ-ბანდაში სისხლი დაღვარა, ენლილის საკურთხეველში, უთუს საკურთხეველში, სისხლი დაღვარა, ახუშში სისხლი დაღვარა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; ებარბარში სისხლი დაღვარა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; გიგუნაში, ნინმახის წმიდა ჭალაში, სისხლი დაღვარა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; ბაგარაში სისხლი დაღვარა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; დუგრუში სისხლი დაღვარა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; აბზუეგაში სისხლი დაღვარა, გათუმდუგის ტაძარი ცეცხლს მისცა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა, მისი ქანდაკი დალეწა; ინანას ეანა ცეცხლს მისცა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; შაპადაში: სისხლი დაღვარა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; ხიენდაში შეიჭრა, ქიეშში, ნინდარას ტაძარში, სისხლი დაღვარა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; ქინუნირი, დუმუზი-აბზუს ტაძარი, ცეცხლს მისცა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა ლუგალ-ურუს. ტაძარი ცეცხლს მისცა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; ნანშეს ენგურის ტაძარში სისხლი დაღვარა, მისი ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; ამა-გეშთინას ტაძარში სისხლი დაღვარა, ამა-გეშთინასგან ვერცხლი და ლაჟვარდი გაიტაცა; ნინგირსუს ხოდაბუნებში მოწეული. ხორბალი ახვეტა.
უმას ხალხს, რაკი ლაგაში მოაოხრა და ნინგირსუს მიმართ ცოდვა ჩაიდინა, მასზე გადმოსული ძალა წაერთვას. ურუინიმგინას, გირსუს მეფეს. ცოდვა არა აქვს: ლუგალსაგესის, უმას ენსის, მისმა ღმერთმა ნისაბამ ცოდვა დააკისროს!
Комментариев нет:
Отправить комментарий