ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი პატრი, თეატინელთა ძმობის წევრი და მისიონერი იყო. 1631 წელს არქანჯელო ლამბერტისთან ერთად ქართლში, გორში, ჩამოვიდა. 1633 ორივე ახალციხისა და გურიის გავლით სამეგრელოში ჩავიდა. აქ დაიწყო ჯუდიჩემ სამისიონერო საქმიანობა, სწავლობდა მეგრულ ენასა და საექიმო საქმიანობას ეწეოდა ლევან II დადიანის დავალებით ჯუდიჩე 1643 რომში პაპ ინოკენტი X-თან ჩავიდა სარწმუნოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობის გაძლიერების მიზნით. დაბრუნებისას თანამგზავრებთან ერთად ოსმალეთში დაატყვევეს და იქვე გარდაიცვალა 1646 წელს.
სამეგრელოში ყოფნის პერიოდში მან შეადგინა რელაციონები და რომს გააგზავნა. ლამბერტის „სამეგრელოს აღწერასთან“ ერთად ჯუდიჩეს წერილები უძვირფასესი წყაროა XVII საუკუნის სამეგრელოს და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესასწავლად.
ნაშრომი თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბეჟან გიორგაძემ.
***
სხვა დროს არ მომიწერია თქვენს ყოვლად ბრწყინვალე პიროვნებისადმი იმის გამო, რომ პატრმა დონ პიეტრომ1, მისიონის უფროსმა, რამდენიმეგზის უკვე გაახლათ სრული რელაცია იმის შესახებ, რაც კი რამ მოხდა ამ მხარეში. ახლა, როცა ჩვენმა უფალმა და მისმა უწმინდესმა დედამ ინებეს, რომ ეს ქვეყანა რამდენადმე დამშვიდებულიყო იმ ომისაგან, რომელიც სპარსეთსა და მეფე თეიმურაზს შორის წარმოებდა, გზა გაიხსნა მისიონისათვისაც, რომლის გამოც პატრმა დონ პიეტრომ მიგვავლინა პატრი დონ არქანჯელო ლამბერტი2 და მე. ამისათვის მიზანშეწონილად მივიჩნიე თქვენს ყ.ბ. პ-თვის მომეწოდებინა სრული ცნობები, რათა გამოყენებული ყოფილიყო უფლისადმი მრავალ მომსახურებაში და მისი ღვთაებრივობის სადიდებლად ჩვენს მოღვაწეობაში, რაშიც ღმერთი დაგვეხმარება თავისი ჩვეულებრივი გულშემატკივრობით და ყურადღებით, ვინაიდან ღვთისა და უწმინდესი ქალწულის წყალობით აღსავსენი ვართ მტკიცე რწმენით და მისი იმედით დიდ საქმეს შევასრულებთ. თქვენს ყოვლად პატივცემულ პიროვნებას სრული რელაცია რომ მივცე, განზე უნდა დავტოვო ამბები, რომლებიც მოხდა სპარსეთის ხელმწიფესა და თეიმურაზ მეფეს შორის, რის შესახებაც, მე მგონი, ამ დრომდე თქვენ ყველაფერი უკვე გეცოდინებათ. თეიმურაზის სამეფო ექვემდებარება სპარსეთის ხელმწიფეს, რომელმაც სპარსეთის ჩვეულებისამებრ აქ დასვა მმართველად ერთი ხანი3, იგი ამავე დროს სპარსეთის შაჰის მოადგილედ ითვლება. ეს ხანი სპარსეთშია დაბადებული. ვინაიდან მის მშობლებს სხვა შვილი არ ჰყავდათ, ამიტომ ქართლის სამეფო მას ეკუთვნის. მაგრამ იმ ხანად ქართლს თვიმურაზი განაგებდა; ამ მიზეზით იყო, რომ იგი აჯანყების გზას დაადგა, რადგან სპარსეთის ხელმწიფემ უბრძანა მას აღნიშნული სამეფო ხსენებული ხანისათვის დაეთმო. ხანისაგან სპარსეთის ხელმწიფე დიდად დავალებული იყო, რადგან მისი მეშვეობით სპარსეთის ტახტზე ავიდა. სპარსელებს უკვე ჰყავდათ ხელმწიფე, და არ მოისურვეს შაჰსეფის ცნობა, რადგან მას ქართველი დედა ყავდა, რომელიც დღესაც ცოცხალია. შაჰსეფი ქართველების რაზმის დახმარებით დაეპატრონა ტახტს. ამგვარად, ამ ხანმა (როსტომ მეფემ), სურდა რა ცოლის შერთვა, ყოველი გზა მოსინჯა (შეიძლება სახელმწიფოებრივი მოსაზრებითაც), რომ დანათესავებოდა ოდიშის მთავარს დადიანს – დაქორწინებულიყო მის დაზე. ეს მხარე მდებარეობს საქართველოს უკიდურეს საზღვარზე. დადიანმა და როსტომ მეფემ გადაწყვიტეს ორივე მხრიდან ომი გაუმართონ იმერეთის მეფეს, რათა მერმე შუაზე გაიყონ ეს მხარე, იმ საბაბით, რომ იმერეთში გადმოხვეწილ თემურაზს იმერეთის მეფემ თავშესაფარი მისცა. ეს ქორწინება უსაფუძვლოა ორი მიზეზით: პირველი, ეს ქალბატონი გათხოვილია გურიის მთავარზე (საქართველოს სხვა სამთავროა), რომელიც საომარ მდგომარეობაშია დადიანთან მან მთავარი დაატყვევა ღალატით, თვალები დასთხარა და ხელთ იგდო მისი ორი მემკვიდრე დედასთან (თავის დასთან) ერთად. კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ მასზე ამბობენ, რომ ამ ღალატის მიზეზი ის იყო და ის კი ამ მხარეში მიჩნეულია როგორც პაპი. ამჟამად სამთავროს მართავს ბრმა მთავრის ბიძა, რომელიც ერთსა და იმავე დროს გურიის მთავარიც არის და კათალიკოსიც. დადიანს უნდა გურიის სამთავროს დაეპატრონოს, გარდა ამისა, უსაფუძვლოა ეს ქორწინება იმიტომაც, რომ ქალი ქრისტიანია საქმრო კი – მაჰმადიანი; მაგრამ ამ მხარეში... ცუდს არაფერს ხედავენ ერთ ცოლთან გაყრასა და მეორის მოყვანაში, ამბობენ რომ ხსენებული ქალბატონი არავითარ შემთხვევაში არ თანხმდება ამ ქორწინებაზე.
უფალმა ინებოს, რომ ასე იყოს. ამრიგად, ჩვენ შევიტყვეთ თუ არა, რომ ამ ქორწინების საქმეზე ქართლიდან მომავალი გორზე გაივლიდა დადიანის ელჩი და მათთან ერთად მოდიოდა აგრეთვე სინიორ ნიკოლო4, რომელიც ადრე თეიმურაზის ელჩად იყო მის უწმინდესობა პაპთან, ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა გვეცადა დაგვეარსებინა სხვა ახალი მისიონი ოდიშის ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ სინიორ ნიკოლო უკანვე უნდა დაბრუნებულიყო სამეგრელოში და შეეძლო დიდი დახმარება გაეწია ჩვენთვის რადგან ძალაინ კარგად იყო მიღებული დადიანის კარზე და მისს ფავორიტად ითვლებოდა, ჩვენი მოსაზრება გავუზიარეთ ელჩსა და სინიორ ნიკოლოს, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ და დაგვაიმედეს, რომ ხელს შეგვიწყობდნენ მთავრის წინაშე, რომელიც მათ კარგის თვალით უყურებდა და მისი რჩეულები იყვნენ. ამრიგად, გახარებულნი მოვემზადეთ და სინიორ ნიკოლოსთან ერთად 26 დღის მგზავრობის შემდეგ წარვსდექით ხსენებული მთავრის წინაშე.
აქ არ შეგვიძლია იმის მოყოლა, თუ რარიგად გავიტანჯეთ ამ მგზავრობაში, იმის გამო, რომ ნახევარი გზა ქვეითად ვიარეთ, განსაკუთრებით ერთ ღამეს ყველა წმინდანის დღესასწაულის წინა დღეს. შემდეგ საჭირო გახდა გზის განგრძობა მომდევნო დღის 16 საათამდე იმის გამო, რომ თავს არ დაგვსხმოდნენ მძარცველები, საერთოდ აუცილებელი იყო სულ ქვეითად გვევლო, რადგან ცხენები დატვირთულები იყვნენ და საჭირო შეიქნა ციცაბო კლდეებსა და უფსკრულებზე ჩქარა გვევლო. 16 საათის განმავლობაში სამი ცხენხე იჯდა, დანარჩენი ქვეითად, ჯარისკაცებთან ერთად, სირბილით მივდევდით, ესენი ელჩს აცილებდნენ. ჯარისკაცები მათრახის ცემით ცხენებს ძალას ატანდნენ ნაბიჯის ასაჩქარებლად. იმ ღამეს ისე მაგრად დავიღალეთ, რომ უფალს თავისი უსაზღვრო სიკეთით რომ განსაკუთრებული მოწყალება არ მოეღო, ალბათ შიმშილით, უფრო კი წყურვილით დავიხოცებოდით, რადგან ქვეითად მრავალი მილის გამოვლისასს იძულებული ვხდებოდით მხოლოდ ცოტაოდენი გაყინული წყალი გვესვა და ჩირგვებში რამდენიმე ტყის ვაშლი და მსხალი აგვეკრიფა, რომ ჩვენი გაჭირვებისათვის გვეშველა. ღვთის წყალობით ბოლოს მივედით კავკასიონის მთის ფერდობამდე და როდესაც გვეგონა, ჩვენს ტანჯვას ბოლო მოეღო, მაშინ გავიგეთ, რომ თურმე ის ახლა იწყებოდა, რადგან ოთხ დღეს უნდა გვევლო კავკასიონის მთებზე, მეტად მაღალსა და უსაშინელეს, წარმოუდგენელ ციცაბო კლდეებსა და უფსკრულებს შორის. კაცები და პირუტყვები სახიფათოდ ძირს ცვივოდნენ. ღვთის მადლით კიდევ კარგი, რომ სხვა საშინელება არაფერი შეგეემთხვა. 15 დღის მგზავრობის შემდეგ კათალიკოსის წინაშე წარვსდექით. იგი ამავე დროს გურიის მთავარია5 (როგორც ზემოთ იყო ნათქვამი). მან გვნახა და დიდი სიყვარულით მიგვიღო. ორ საზეიმო ლხინში თავისთან მიგვიწვია, სადაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა ცერემონიალმა რომელიც ერთის მხრით სასაცილოა, ხოლო მეორე მხრით ღირსია ცრემლებისა, როდესაც ხედავ, თუ რა ბნელში ცხოვრობს ეს ბეჩავი ხალხი. აი, ეს ცერემონიალიც: საზეიმო წვეულება დაიწყო 22 საათზე და შუა ღამეზე უფრო მეტ ხანს გაგრძელდა. კათალიკოსმა სხვა სასმისების გარდა (რაც მრავალია), სამგზის დიდი თასით უნდა დალიოს ღვინო. იგი თავისი ადგილიდან დგება, წინ გამოდის. იქ დამსწრე ეპისკოპოსებიც აგრეთვე ყველა ფეხზე დგება (იმჟამად ისინი იქ ბევრსი იყვნენ), დიდი თასით ღვინო მიაქვთ კათალიკოსთან, რომელიც სვამს რამდენიც უდა, მერმე სხვებს გადააწოდებს. სმის დროს მეტად მხიარულ სიმღერებს მღერიან, შემდეგ კათალიკოსი თავის ადგილზე ბრუნდება და ჭამას განაგრძობს. ამ ცერემონიას სამგზის ასრულებენ და დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებენ. ხსენებულმა კათალიკოსმა მოისურვა, რომ მისი სამთავროს დიდი სინიორებისა და მათი მეუღლეების თანდასწრებით წირვა შეგვესრულებინა და ერთ ჩვენგანს ექადაგა, რაც ჩვენ დიდის კმაყოფილებით შევასრულეთ. ყველა განცვიფრებული დარჩა ჩვენი წმინდა წირვის შესრულების წესრიგით. მოიხიბლნენ ლათინთა მიერ წმინდა ევქარისტიისათვის მიღებული სადა და უბრალო ცერემონიალით, რადგან ბერძნები, რომელთა ღმერთმსახურების წესსაც აქ მისდევენ რთული კომპოზიციით ასრულებენ წირვას (ჩვენ მრავალგზის ვნახეთ ის) კათალიკოსს ერთი გვირგვინი მივართვით, მან მეტად კეთილად მიიღო საჩუქარი და გამოგვეთხოვა. შემდეგ გავემგზავრეთ დადიანთან ისეთი ძნელად სავალი ატალახებული გზებითა და ფრიალო კლდეებით, რომ თითქმის სასწაულია, ჯანმრთელი როგორ გადავრჩით. ბევრჯერ უმეჯინიბოდ ცხენები წინ გაგვიგდია, ჩვენ კი მუხლებამდე ტალახში გვივლია.
ერთხელ, მივდიოდით რა კავკასიონის მთებში (ერთი ცხენი მიგვყავდა ორს და ჩვენ კი ქვეითად მივდევდით უკან), ცოტა ღვინო მოგვინდა, რომ ჯანზე მოვსულიყავით (თუმცა, განსაცვიფრებელი კია), ქარავანს სამზე მეტი მილის მანძილზე ჩამოვრჩით იმის გამო, რომ ცხენს სიარული აღარ შეეძლო. წინ წასულ ქარავანს თურმე შემოეყარა ორი კაცი. მექარავნეებს უფიქრიათ, ვაითუ პატრები გაქურდონ და გაძარცვონ, და ერთი კაცი გამოგვაყოლეს თანამგზავრად, რათა მოვიდოდა თუ არა ჩვენთან, ყასიდად შემოეთავახებინა რაიმეს ყიდვა და ეცნობებინა ხიფათიც. მაგრამ ეს ორი კაცი, მე მგონი, ღვთისაგან უფრო იყვნენ გამოგზავნილნი, რადგან არათუ რაიმე ცუდი ჩაიდინეს, არამედ თან წამოეღოთ პური, ღვინო და კაკალი, ჩვენც გვიწილადეს და ძალიან თავაზიანადაც მოგვეპყრნენ, რითაც ჩვენ სული მოვითქვით და დავნაყრდით, შემდეგ მგზავრობა განვაგრძეთ მარტოდ ღამის პირველ საათამდე დიდი ტანჯვით. ვეღარ დავეწიეთ ქარავანს და ერთ სოფელში დავრჩით ღამის გასათევად. ამ კაცებს მივეცით ერთი წყვილი დაბალყელიანი წაღა, რაზედაც დიდი მადლობა გადაგვიხადეს, თუმცა ამდენი ხიფათი და წამება დიდად პატივცემულო მონსინიორ, მხიარულად და კმაყოფილი გულით გადავიტანეთ იმ უფლის სიყვარულისათვის, რომელმაც ბევრი იტანჯა ჩვენთვის და ამ საწყალ არსებათა ხსნისათვის...
დასასრულ, 19 ნოემბერს, შაბათ დღეს მივედით იქ, სადაც დადიანი იმყოფებოდა. ეს იყო იმ ადგილას, სადაც წმინდა გიორგის საპატივსაცემოდ დღესასწაულობდნენ6. დღესასწაული შემდეგში მდგომარეობს: ღამისთევისას კეტავენ ეკლესიის კარებს, რომელიც ვერცხლის თხელი ფურცლითაა გადაკრული, ზედ მთავრის ბეჭედი აზის, და მას დარაჯობენ. შემდეგ კარებს აღებენ და ეკლესიის შესავალში გამოჩნდება ხარი, რომელსაც კლავენ და ხორცს ხალხს ურიგებენ. თუკი ვინმე რჩეულთა შორისია, მას შეიძლება ცოტა რამ შეხვდეს. მთავარმა წვეულებიდან, რომელსაც დავესწარით, ხარის რქები და ხორცი წაიღო. ამ დღეს ძალიან მხიარულად მღერიან. დღესასწაული იმაში მდგომარეობს, რომ დათვრნენ და ბევრი მსხვერპლი შესწირონ წმინდა გიორგის. ჩვენს გვერდით იყო ერთი მღვდელი, სინიორე და ერთი ბიჭი, რომელიც შანდლით ხელში რთულ ცერემონიებს ასრულებდა დეკეულის ირგვლივ. შემდეგ დეკეული მსხვერპლად შესწირეს. ამ დღეს მთავარმა დაგვასაჩუქრა და წასვლის წინ მიგვიწვია სხვა ადგილას, სადაც დარბაზობას გვიმართავდა. მას მივართვით ჩვენი უფლის ხატი, შორ მანძილზე დასანახი ერთი სათვალე, ერთი ბროლით მოოჭვილი გვირგვინი, ერთი თაბაშირის. ქანდაკება და სხვა, ნაკლებმნიშვნელოვანი ნივთები, რამაც ძალიან ასიამოვნა მთავარი. დილით თავისთან პური გვაჭამა, საკუთარი კერძი გვითავაზა. ცოტა ხნის შემდეგ ინება გვენახა მისი სამი წლის ავადმყოფი ქალიშვილი. ვინაიდან მას ერთი მოყვანილი სომეხი მკურნალობდა, მისიონერ ნიკოლოს პირით შეგვატყობინა რომ თუკი ჩვენ მივცემდით სიტყვას, რომ ვუმკურნალებდით ავადმყოფს, მაშინ მას დაითხოვდა. ვუპასუხეთ, რომ ჩვენს შესაძლებლობაზე კი არ არის დამოკიდებული ასეთი დაპირება, არამედ ღვთის ხელშია ეს საქმეო. რადგან თავიდანვე სომეხი ექიმობდა, ამიტომ მასვე უნდა განეგრძო მკურნალობა და ჩვენ შემდეგ ზოგიერთ წამალს ვახმარებდით და იმედი გვექნებოდა ღვთისა, რომ იგი განიკურნებოდა. ასეთი პასუხით დიდად დაკმაყოფილდა. ამ ხნის განმავლობაში სომეხი განაგრძობდა მკურნალობას.
ბევრი წყალობა მოგვაგო როგორც მთავარმა, ისე დედოფალმაც, მრავალგზის დაგვასაჩუქრა სხვათა შორის, ერთ საზეიმო წვეულებაზე განსაკუთრებით გამოგეკითხა – რატომ ვეღარა გხედავთო. მერმე დონ არქანჯელოს უბრძანა სურათი დაეხატა იტალიურ ყაიდაზე, რაც ძალიან ლამაზად შეასრულა, მთავარი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ მოვიდა ჩვენს ბინაში და დაგვპირდა სახლისა და კაცების მოცემას, რომელნიც ჩვენ მოგვემსახურებოდნენ. ვიდრე არქანჯელო ხატავდა, დედოფალი იმდენ სახრდოს გვიგზავნიდა, რომ რვა დღეს გვყოფნიდა. დედოფალს სურათი უზომოდ მოეწონა პატრი დონ არქანჯელო სხვა სურათებსაც ხატავს. მე მგონი ესენიც მეტისმეტად მოეწონებათ.
სამეგრელო მშვენიერი ქვეყანაა, მაგრამ რადგან მაცხოვრებელი ხალხი მცირერიცხოვანია, თითქმის მთლად ტყედაა გადაქცეული. ქალაქი არა აქვთ და სახლები ტყეშია გაფანტული, ერთი აქაა, მეორე იქ, ზოგი ერთს მხარეს, ზოგი მეორეს, მეტად ღარიბად ცხოვრობენ. პური არა აქვთ, არც ხორბალი, თუ აქვთ, ძალიან ცოტა და როდესაც ვისმე დასაჩუქრება უნდათ, მას ერთ ხორბლის პურს უგზავნიან. პურის მაგივრად სჭამენ ღომს, ასე უწოდებენ, რომელიც იტალიურ panigo-ს მსგავსია. წყალში მოხარშული ფაფად იქცევა და მას სჭამენ. ფული მხოლოდ აზნაურთა ხელში ტრიალებს, ესენი ჩვენებური gentil huomini-ები არიან, მდაბიო ხალხში კი ყოველი საგანი გაცვლის ობიექტადაა ხმარებული. ფულად ხმარებაშია წიწაკა მარილი, წინწკლებიანი (მუსკატური) კაკალი, საკმელი, ნავის ფარანი, საკერავი ნემსები, შეღებილი ტილო. ამგვარად ცხოვრობენ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო შემთხვევა სიკეთის ქმნისა და უფლისათვის სულების შეძენისა და გვწამს, რომ შეგვიძლია მოვნათლოთ პირობით, რადგან ბევრი მოუნათლავია. მღვდლები იმდენად უვიცნი არიან, რომ კითხვა არ იციან. თავს ისე აჩვენებენ, თითქოს კითხულობენო და სულ სხვას კი ამბობენ. ერთხელ სინიორ ნიკოლამ ჩვენი თანდასწრებით იხმო ერთი მღვდელი, რომელიც კითხულობდა, მაგრამ სხვას კი ამბობდა, რაც წიგნში არ ეწერა. ისე რომ არ იციან საკრამენტები და არც ფორმა საკრამენტებისა. უფალმა ინებოს და როცა ცოტა ენას დავეუფლებით, უკეთეს ინფორმაციას მოგაწვდით. საეკლესიო დღესასწაულებს არ იცავენ, წირვას არ უსმენენ, ისე კი ქრისტიანის სახელს ატარებენ, იმდენად განუვითარებელნი არიან, რომ არ იციან, ჯოჯოხეთში სულები რომ იტანჯებიან, და როდესაც პატრმა დონ არქანჯელომ მათ განუმარტა, საოცრად განცვიფრებულნი დარჩნენ. მეგრული ენა ქართულისაგან განსხვავებული და შესასწავლად ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ არ დავიზარებთ და დიდ გულმოდგინებას გამოვიჩენთ მის შესათვისებლად. დღე-დღეობით თურქულ ენასა ვხმარობთ. აქ არის ამ ენის მცოდნე კაცი.
მხედველობაში მიიღეთ, თქვენო ყოვლად პატივცემულებავ, რომ ხალხი უცოდინარია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ თავიანთი ანბანი დაკარგული აქვთ. მეზობლად ბევრი წარმართული ქვეყანაა, ღვთის წყალობით იმედი გვაქვს მათთანაც მივიდეთ. რა თქმა უნდა, ეს სიძნელეებთან არის დაკავშირებული, რადგან ისინი ეწევიან ყაჩაღობას და აუცილებელია თავის ძალიან კარგად დაცვა. ისინი კაცებსა და ბავშვებს იტაცებენ და თურქეთში ჰყიდიან. საჭიროა აგრეთვე ჩვენს საერთო მტრებს – ბერძნებს გავუწიოთ წინააღმდეგობა. ერთმა მათგანმა გაბედა და თქვა დედოფლის წინაშე, – თეიმურაზმა იმიტომ დაჰკარგა სამეფო, რომ თავის ქვეყანაში თავშესაფარი მისცა პატრებსო. იმედი გვაქვს ღვთისა და უწმინდესი ქალწულის შემწეობით ყველაფერი ავიტანოთ, ვიღებთ რა მხედველობაში იმას, რომ მთავარი, დედოფალი და სხვა ყველა კარგად გვექცევიან, მით უფრო, რომ ყურადღება მივიპყარით როგორც უანგაროებმა. ყველას მოწონებას ვიმსახურებთ; უფასოდ ვმკურნალობთ, არავითარ გამოსაღებს არ ვართმევთ საექიმო დახმარებაში. ღვთის სიკეთით ჩვენი ქველმოქმედება იმდენად გაიზარდა, რომ გურიის მთავარმა წინადადება მოგვცა გადავსულიყავით იქ სამუშაოდ, სადაც მბრძანებელია კათალიკოსი (როგორც ვთქვი ზემოთ). ჩვენ ამის თაობაზე სიტყვა მივეცით, რომ მას მოვემსახურებოდით და ამის შესახებ გორში მივწერეთ ჩვენი მისიონის უფროსს პატრ დონ პიეტრო ავეტაბილეს, რომელმაც დიდად გაიხარა.
ძალიან გავიტანჯეთ 2 დღის განმავლობაში, ვიდრე სახლს მოგვცემდა მთავარი, რადგან ჩვენ მასთან ერთად ვმოგზაურობდით მთელ მის სამფლობელოში. ამ მთავარს ჩვეულებად აქვს ხანგრძლივად არსად გაჩერდეს, ერთ დღეს რომ ერთ მხარეშია, მეორე დღეს მეორეში. ამის გამო ჩვენ იძულებული ვიყავით მასთან ერთად გვევლო. მიგვყავდა წიგნებით და სხვა საქონლით დატვირთული ორი ცხენი, ჩვენ კი ქვეითად მივყვებოდით. სრულიად მართალია, რომ მთავარი ჩვენზე ზრუნავდა მრავალგზის გამოუგზავნია წვნიანი საჭმელი, რამდენჯერმე კი ცოტა თევზიც. ერთ დღეს, ქვეითად რომ მივდიოდით, შემოგვხვდა დედოფალი, რომელიც დაწინაურდა და, მიაღწია თუ არა მდინარეს, შეჩერდა, დაინახა პატრი დონ არქანჯელო ერთ კაცს ზურგზე შესმული მდინარეზე გადაჰყავდა, ეს კაცი მან მოგვცა, რომ ჩვენ გვხლებოდა. შევებრალეთ და ერთ მთავარ სინიორეს უბრძანა გავიდოდა თუ არა მდინარეს, ჩემთვის დაეთმო ცხენი გადასასვლელად, გარდა ამისა, აღვირიც კი მომაწოდა ნიშნად შებრალებისა. ამაზე არ შეჩერებულა დედოფლის გულკეთილობა, მან საღამოთი ყველაფერი უამბო მთავარს7, რომელმაც დილით გამოგვიგზავნა ნაირნაირი საჭმელები და ორი ცხენი მომსახურეებისათვის, თანაც ბოდიშს იხდიდა, რომ არაფერი არ იცოდა ჩვენი გაჭირვების შესახებ და რომ ამას მომავალში არ დაუშვებდა, მართლაც, რომ, ალბათ, სწორედ უფალმა ინება, არ გვესარგებლა ამ ხელსაყრელი შემთხვევით, გავწვალებულიყავით მისი სიყვარულისათვის, რადგან დავადგებოდით თუ არა გზას ჩვენი ჩვეულების მიხედვით, ქვეითად უნდა გვევლო, არ გვემგზავრა ცხენებით ან სხვა რამით. ბოლოს, ჩვენმა უფალმა ინება, რომ ამდენი ტანჯვის შემდეგ დაგვესვენა ამ უჩვეულო, ძნელი სავალი გზიდან. მართლაც, მეტი აღარ შეგვეძლო. 30 დღეზე მეტი ვიარეთ ფეხით ტალახსა და გაუვალ გზებზე, მდინარეებს ფეხშიშველი გადავდიოდით, რადგან ფეხსაცმელები და წინდები გაგვიცვდა.
ერთ დღეს სამთავროს ცენტრალურ ადგილას მივედით და იმედით ვსულდგმულობდით, რომ მთავარი ჩვენ მიგვიჩენდა სახლს. იქ. სამ დღეში ორივე ცხენი დაგვეხოცა. მთავარს შევატყობინეთ, რომ აღარ შეგვეძლო, ძალა აღარ შეგვწევდა მას გავყოლოდით, ამის გამო ვემუდარებოდით, როგორმე ჩვენზე ეზრუნა, დედოფალმა ერთ. პატარა გორაკზე ეკლესია ააშენებინა. აღნიშნული ეკლესიის ერთი. ფიგურისათვის დახარჯა ათი სკუდო. როცა ნახა ეს ფიგურა, რომელიც პატრი დონ არქანჯელოს მიერაა დახატული, ძალიან მოეწონა. მან ბრძანა, რომ განზრახული აქვს მოახატვინოს ეკლესია აღნიშნულ პატრს, ამიტომ ხსენებულ პატარა გორაკზე ამ საყდრის მახლობლად ერთ-ერთი თავისი სახლი დაგვითმო, იქვე მეორე ეკლესიაც მოგვცა წმინდა წირვის დასაყენებლად. ამასთან ერთად, 12 წლის ყმაწვილიც გვიბოძა ღვთის მსახურებაში დამხმარედ და ორი სხვა კაციც დაგვინიშნა მომსახურებისათვის, რომ მათ ჩვენი საჭირო ნივთები ეტარებინათ. ვთხოვეთ აგრეთვე დამატებით სურსათი. ვუთხარით, მომარაგებული გვაქვს პური, ღვინო და საჭირო სანოვაგე, როცა ეკლესია ჩვენს უფლებაში გადმოვა, როგორც იმედი გვაქვს, ეს სურსათ–სანოვაგე თხუთმეტ დღეზე მეტს არ გვეყოფა: მართალია, თქვა მან, დამატებით სურსათს მოგცემთო.
უკვე დავიწყეთ ზოგი რამის მოწყობა, განსაკუთრებით ეკლესიისა და ყოველნაირად ვცდილობთ, რომ დედოფალთან თავაზიანი ურთიერთობა დავამყაროთ. დონ არქანჯელო შეუდგა ზოგიერთი ხელოვნური ყვავილის გაკეთებას, რაც ქალბატონს ძალიან მოსწონს. მთავარმა ერთ დღეს თავისთან მიმიხმო, სინიორ ნიკოლო თარჯიმნობდა, ძალიან სურს როგორმე ერთი ოქრომჭედელი ჩამოვიყვანოთ, რომელსაც მომინანქრება ეცოდინება. თარჯიმანის პირით მოვახსენეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მისი უმაღლესობის სურვილი დაგვეკმაყოფილებინა. მოვითათბირეთ და გავითვალისწინეთ, რომ თითქმის შეუძლებელი იყო რომელიმე ერისკაცი ოქრომჭედელი ასე შორეულ და ღარიბ ქვეყანაში ჩამოსულიყო. პატრმა დონ არქანჯელომ მითხრა, რომ ჩვენს სახლში Santa Maria di Loreto-ში, ნეაპოლში, ჩვენს ბერებს შორის იმყოფება ერთი მორჩილი ძმა, რომელსაც მარტინო ჰქვია, ნოვიციარი, იგი ძალიან კარგი ყოფაქცევისა, ოქრომჭედელია და იცის მომინანქრებაც. ამის გამო ადვილია მისი ჩამოყვანა, მით უფრო, რომ მას სურვილი აქვს... (აქ გადამწერის მიერაა ტექსტი გამოტოვებული)
აქ ვამთავრებ რელაციას დიდად პატივცემულო მონსინიორ; მიწაზე დაჩოქილი გემუდარებით, თქვენო ყოვლად წმ. აღმატებულებავ, გამოიჩინოთ დიდი მზრუნველობა ამ მისიონზე, რომელიც ჩვენ სისხლის ფასად გვიჯდება და შეგვიძლია ვთქვათ ის, რასაც ამბობდა მოციქული წმ. პავლე კორინთელებისადმი წერილში, თუმცა, ჩემი რელაცია არც იმდენად შინაარსიანია: მძიმე შრომაში აუტანელი დაქანცულობა დაგვითმენია, მათრახით ცემა, ხელის კვრა აგვიტანია, ხშირად დახოცილთა გვამებზე გვივლია, არაერთხელ სიკვდილის პირისპირ ვმდგარვართ ხშირი მგზავრობის დროს. თითქმის ორი თვე ვიარეთ უმთავრესად ფეხით, სახიფათო მდინარე მრავალგზის ფეხით გადაგვილახავს ნიადაგ ფეხსაცმელებში წყალი გვდგომია, ყაჩაღების შიშით ვძრწოდით, აქ ისინი აუარებელია. განმარტოებულებს საფრთხე გველოდა არა მხოლოდ ქურდების მხრივ, არამედ დათვების, პანტერებისა და სხვა მძვინვარე მხეცებისა და გაიძვერა თანამოძმეთა მხრივ. ვერ ვენდობით ვერავის და ისინიც კი, ვინც გვმეგობრობენ, ძალიან ვეჭვობთ, რომ არ გვიღალატებენ. გარჯასა და მძიმე შრომაში ღმერთმა უწყის თუ როგორ გავიტანჯეთ; მრავალგზის ღამის თევისას საჭირო ხდებოდა ადგომა და გამოუძინებლად ღამე სიარული. მშიერ-მწყურვალთ მრავალგზის გაგვგიტარებია მთელი დღეები და დღეში ერთხელ თუ მიგვიღია საკმაოდ პური და სასმელი. ზამთარში სუსხიანსა და მოტიტვლებულ მხარეში დავდიოდით და საჭირო რამ არ გაგვაჩნდა, რომ გათოშილებს სადმე თავი შეგვეფარებინა.
მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში ოდნავ ფეხი მოვიკიდეთ ამდენი შრომის შემდეგ, განდევნის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან ფამილიარულ მსჯელობისას ერთ ჩვენთაგანს მოუფიქრებლად წამოსცდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიტროლოპიტიაო. ერთმა (ყველაზე მნიშვნელოვანი პირია), რომელსაც ჩვენი ბევრი ემართა და ჩვენგან დავალებულიც იყო, ეს შეურაცხყოფად მიიღო. მან თქვა, თქვენი თავი უნდა განვაძევებინო აქედანო, თუმცა უფალმა თავისი უსაზღვრო სიკეთით ყველაფერი მოაგვარა. ყველაფერი ეს იმიტომ ვთქვით, რომ მისიონი განვამტკიცოთ ისე, რომ არ დაიღუპოს.
ღვთის წყალობით, ახლა ხომ ადგილზე ვიმყოფებით, მაშინ კი სასიკვდილოდ განწირულნი ვიყავით, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით, რომ შესაძლებელი გახდებოდა მეტი მისიონერის შემოყვანა, რადგან სხვა ბერებსაც უცდიათ შემოსვლა, თუმცა მთავარს ნება არ დაურთავს, მაინც შემოუღწევიათ, ახლა კი მხედველობაშია მისაღები, რომ პატრი დონ არქანჯელო განცხრომაშია, სურათებს, დახვეწილ მინიატურებს ქმნის, ხელოვნურ ყვავილებს აკეთებს და სხვა ხელსაქმეს, რაც ძალიან სიამოვნებს მთავარსა და დედოფალს, ამ მისიონმა თავი რომ შეინახოს, საჭიროა თქვენმა ყოვ. წმ. უმაღლესობამ ხელი შეუწყოს იტალიიდან ყოველ წელს მღვდლების გამოგზავნის საქმეს. უნდა ჩამოვიდნენ ისინი, რომელნიც ახალგაზრდები და გონიერნი იქნებიან, უნდა იცოდნენ რაიმე ხელსაქმე და ჩაცმულნი იყვნენ დომინიკანურ ტანსაცმელში. როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, როცა კი საჭირო აღარ იქნებიან, ჩვენ ვაცნობებთ წმინდა კონგრეგაციას. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ აქ სამკალი ბევრია. იმედი გვაქვს წავიდეთ მათთან მას შემდეგ, რაც გამოგზავნით პატრებს ჩვენს ადგილას, ბევრია, ქრისტიანის სახელს რომ ატარებს, მაგრამ მოუნათლავნი არიან, ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, არც რამ ნიშანი აქვთ ქრისტიანული. აქ თათრებიცაა, თურქები და სხვა ჯურის ეროვნებანიც, რომელთა შორის დროთა განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს ღვთის სამსახურისა და მისი უწმინდესი სარწმუნოებისათვის. ამის გამო აუცილებელია ბევრი ღვთის მსახური, მით უმეტეს, რომ ზაფხულში საკმაო ოდენობით იხოცება ხალხი და თუ ახლო მომავალში ჩამოვლენ, სიამოვნებით იქნებიან მიღებულნი; სადაც ჩვენ ვერ გავწვდით, სიკვდილისა თუ სხვა შემთხვევის გამო, უდიდესი საშიშროება იქმნებოდა იმისა, რომ მთელი მისიონი დაიღუპებოდა. ის პირნი, რომელნიც აქ უნდა მოვიდნენ, ოთხნი არიან. თქვენო ყოვლ. წმ. პატ-ბავ, ინებეთ და განკარგულება გაეცით ჩვენს კონგრეგაციაში ყოველნაირად იზრუნონ იმისათვის, რომ სარწმუნოებამ არ განიცადოს რაიმე ლანაკლისი ასეთ პირთა გამოისობით, რადგან შეუძლებელია უფრო ღირსეულად გაკეთდეს ასეთი წმინდა საქმე და უფლისადმი მომსახურება მათ გარეშე; ესენი მეტად კეთილი პირნი არიან და რასაც სხვები ორ ან სამ წელიწადში გააკეთებდნენ, ისინი ერთ წელიწადში შეასრულებენ.
დიდად პატივცემულო მონსინიორ, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ჩვენ გვეხებოდა. სიცოცხლე და სული ღვთისათვის გადავდეთ, ახლაც მზადა ვართ სხვა ტანჯვაც განვიცადოთ სისხლის დანთხევამდე და სიკვდილამდეც, თუკი უფალს სურს მისი უსაზღვრო სიკეთის ღირსი გაგვხადოს. იტალიიდან წამოსვლის შემდეგ, როგორც კი დავამზადებთ სრულყოფილ რელაციას, მაშინვე ვუგზავნით წმინდა კონგრეგაციას. ახლა რჩება მხოლოდ ის, რომ წმინდა კონგრეგაციამ საკმაო დახმარება გაუწიოს თავის უღირს მსახურებს, რომელთაც სურთ სიცოცხლე არ დაიშურონ თავიანთი მიზნის მისაღწევად. სწორედ ამას ემსახურება წმინდა კონგრეგაცია. მე არ ვწერ ჩვენს დიდად პატივცემულებას, არც სინიორ პიეტრო ლა ვალეს, დროის უქონლობის გამო თუ ქაღალდის ეკონომიისათვის, რადგან ქაღალდი აქ არ იშოვება. გემუდარებით, თქვენო ყოვლად პატივცემულობავ, მოგვცეთ კუთვნილი ქაღალდი იმისათვის, რომ მივწეროთ ჩვენს ყოვლად პატივცემულებას და სინიორ პიეტრო ლა ვალეს, რათა აღავლინონ დიდება ღვთისადმი, დაგვეხმარონ წმინდა საკმარმენტებითა და ლოცვებით, რომ შევძლოთ განვახორციელოთ კეთილი ზრახვანი, რომლებითაც უფალმა ღირსი გაგვხადა მისი უსაზღვრო სიკეთე ჩვენთვის შთაეგონებინა. მისი მომადლებული სიკეთის შესაბამისად ხელსაყრელი შემთხვევა მოგვეცა ცუდიდან ყოველთვის კარგი მიგვეღო. მას შემდეგ, რაც ერთმა ბერძენმა მეორე ბერძენი გაჯოხა, ეს უკანასკნელი ჩვენთან მოვიდა სამკურნალოდ. იგი გვემსახურება თარჯიმნად, მას ვუხსნით ჩვენს კონცეფციას თურქულად და შემდეგ იგი წერს ამ ქვეყნის ენაზე, რომელიც მეტისმეტად ძნელია. ჩვენ ვცდილობთ აგრეთვე რაც შეიძლება კარგი. ურთიერთობა დავამყაროთ, ეპისკოპოსებთან და ბერძნებთან, რომ, ხელი არ შეგვიშალონ. ამიტომ ზოგიერთი ნივთი მივეცით, პატრი დონ არქანჯელოს მიერ დახატული მინიატურა ჩარჩოთი, რომელიც ისეთი სიამოვნებით მიიღო ერთმა ეპისკოპოსმა, რომ მან ჩვენ, გამოგვიგზავნა შეშის დასახერხი ხერხი, რომელიც აქ ძნელად. იშოვება და ძალიან კი გვჭირდება. დაგვპირდა ქვაბს (ძაბრს), რომელიც არ გაგვაჩნია.
ამჟამად სხვა არაფერი მომხდარა. უღრმეს სალამს გიძღვნით, თქვენო ყოვლ. პატივცემულობავ.
დონ ჯუზეპე ჯუდიჩე
დონ არქანჯელო – რეგულარების მღვდელი
ოდიში. 1634 წლის 4 იანვარი
***
დიდად პატივცემულო მამაო! ჩვენ ყოველ წელს ჩვეულების მიხედვით გიგზავნით ხოლმე მოკლე რელაციას იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი ამბავი შეხვდა წმინდა მისიონს საქართველოში. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია წელსაც მოგაწოდოთ ეს მოხსენება.
ვიწყებთ ოდიშის ადგილსამყოფიდან, ე.ი. 1634 წლის სექტემბრიდან 1640 წლამდე იმავე საკითხზე. ამ თვეში სამეგრელოდან კონსტანტინეპოლში გადის თურქთა გემები, დატვირთული აქაური საქონლით და, განსაკუთრებით, სამეგრელოში, იმერეთსა და ქართლში თურქებზე გაყიდული ქრისტიანი ყმაწვილებით. რასაკვირველია ჩვენ უფრო გულმხურვალედ, მეტი მწუხარებით გამოვიტირეთ ისინი, ვიდრე წარმართნი გლოვობენ გარდაცვლილ სულებს, როდესაც კოკტოს კარონტოს8 ნავით ჯოჯოხეთში გადაჰყავდა ხოლმე. ღმერთმა უწყის – რამდენჯერ მიგვიმართავს მუდარით ტყვე ყმაწვილებისათვის, თუ ვინიცობაა ვინმემ მლიქვნელობასა ან მუქარას მიმართოს, არ მიატოვონ ქრისტეს რწმენა. ყოველთვის და განსაკუთრებით კი ამ წელს ნამდვილი გულმხურვალებითა და ცრემლებით დიდი კეთილმყოფელი გავლენა მოვახდინეთ მეტად დამღუპველ ჩვევაზე სინიორების, რომელნიც თავიანთ მონებს, ქრისტიან ბავშვებს დემონებზე ჰყიდიან. ყოველ წელს გაყიდულთა რიცხვი არა ნაკლებ ორი ათასს აღწევს. ღვთის შემწეობით ცოტა ნაყოფი კი არ გამოუღია ჩვენს ქადაგებას, ვინაიდან, როცა ავად ხდებიან, ჩვეულებრივად ჩვენ გვიხმობენ ხოლმე თავიანთ სახლში, მათ მივაჩნივართ ყველაზე სწავლულ მკურნალებად მთელ ქვეყანაზე. ხშირად, როდესაც მძიმედ დაავადებულნი სავსებით ჩვენს ხელთ მოექცევიან და არ სურთ, რომ მათი სიცოცხლე სხვაზე იყოს დამოკიდებული, გადაგვეშლება ფართო ასპარეზი მათთან ქადაგებისა, განსაკუთრებით ზემოხსენებულ მავნე ჩვეულების წინააღმდეგ, მაშინ, როცა ისინი ქრისტიანობის მაღიარებლად ითვლებიან. და მართლაც, ავადმყოფობის მიერ შეწუხებულებს უფრო მეტ მორჩილებას ვამჩნევთ. შეგნებული აქვთ ის, რომ ამჟამად დიდი ცოდვებისათვის არიან დასჯილნი ღვთის მიერ. დიდმა ბატონებმა ჩვენი ქადაგებიდან ბევრი რამ ისწავლეს. ამის გამო ზოგიერთი, რომელიც ტყვეს არ ჰყიდდა, ურყევ სიმაგრედ იქცა, უფრო მეტის დაჟინებით იცავს ასეთ კეთილ გადაწყვეტილებას, თუმცაღა ფული ესაჭიროებოდა. მათ კი, რომელთაც დღიდი რაოდენობთ ტყვე უნდა გაეყიდა ზოგმა სულ დათმო, ზოგმა ნაწილობრივ, დანარჩენებმა მტკიცედ გადაწყვიტეს ხელი აეღოთ ამ ბოროტებაზე.
ამათგან მოხსენიების ღირსია ამ პროვინციის ზოგიერთი შესანიშნავი ბატონი: ჩვენი დიდი კეთილისმყოფელი როსტომ ჩხოტუა. დედამისი კენჭოვანი სნეულებით იყო დაავადებული. იგი განვკურნეთ; სქირია მიქეიას ბნედა სჭირდა შვიდი წლის განმავლობაში, იგი განვკურნეთ ქინაქინით ოცდაათ დღეში. ასევე მოვარჩინეთ მისი ძმა კაკა სხვადასხვა სნეულებისაგან. მან არა მარტო გადაწყვიტა, რომ აღარ გაყიდდა ყმებს, არამედ აღსარებასაც იტყოდა და გაყიდულთა ცოდვებსაც მოინანიებდა. აწ გარდაცვლილი დედოფლის მაზლი ქორთუაძე ხშირად ავადმყოფობდა, მისი მორჩენის იმედი არავის ჰქონდა და სიკვდილის პირას მისული ჩვენ მოვაბრუნეთ. ის ხომ ყოველ წელს მრავალ ყმაწვილსა ჰყიდდა ხოლმე, ახლა კი ცდილობს გამოიხსნას ზოგიერთი გაყიდულთაგანი – წარსული ცოდვების მოსანანიებლად. იგი ჩვენი ცხოვრების ხასიათისადმი მცირე სიყვარულს როდი იჩენდა. როდესაც დავარწმუნეთ და შთავაგონეთ, გარდა იმ მოწყალებისა, რომელიც მან მოიღო, დაგვპირდა ყმაწვილების მოცემასაც. მაგრამ ამის შესრულებაზე ხელი ააღებინა ალავერდელმა ეპისკოპოსმა, რომელიც ყველასაგან პატივცემულია და წმინდანადაა მიჩნეული. იგი ჩვენი სარწმუნოების. მტერია. ქორთუაძემ ვერ შეასრულა დაპირება რადგან, თანახმად ეპისკოპოსის სიტყვებისა, ერთგულ მოოწმუნეთა სულები მწვალებელთა ხელში გაირყვნებოდნენ. პირიქით თვით ჩვენს მთავარს შეეხო ყოვლისშემძლე უფლის ხელი, მისი მეუღლის, პრინცესას სიკვდილის გამო და, ამასთან ერთად, დაიწყო კეთილი ცხოვრება. მთელი ამ მხარისა და მეზობელ მხარეთა გასაოცებლად. მან არა მარტო უარჰყო ყმაწვილების გაყიდვა თურქეთში, არამედ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, როდესაც ესმოდა, რომ სხვები ჰყიდდნენ. თუმცა ადვილად შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მათთვის, მაგრამ ეს ჩვეულება ოდითგანვე დამკვიდრებული იყო ამ მხარეში.
ჩვენი ქადაგება განსაკუთრებით ამ ბოროტების წინააღმდეგ, იმდენად კარგად იქნა მიღებული მთელ სამეგრელოში, რომ წელს, სულთანისათვის ყმაწვილების გაგზავნის დრო როცა დადგა, ჩვენი სახლი თავშესაფარი გახდა მათივე მშობლების მიერ გამოგზავნილი და გამოქცეული ყმაწვილებისათვის რათა მფარველობა გაგვეწია მათთვის, ვინაიდან მათ იციან, რომ ჩვენ დიდ პატივს გვცემენ მთავარი და ამ ქვეყნის დიდებულნი. ჩვენ ყველას მიღებასა ღა დაცვაზე დავთანხმდით, მოვიმარაგეთ რა სურსათი რამდენიმე ღღისათვის. როგორც ითქვა, უფალს ის კი არა სურდა მარტო, რომ დახმარება გაეწია ოდიშის ადგილსამყოფის მოზარდ ყრმათ სულთათვის, არამედ თავისი ღვთიური მოწყალება გამოიჩინა, რათა გამოეაშკარავებინა ამ მხარეში უკანონოდ მონათვლის წესი, რაშიც ჩვენ იმთავითვე საფუძვლიანი ეჭვი გვქონდა. შვიდი თვეა რაც აქ ვიმყოფებით, მაინც შევძელით დახმარება აღმოგვეჩინა ჩვილი ბავშვების სულთათვის, აღნიშნული დროისათვის ამ ადგილსამყოფში საადუმლოდ მოვნათლეთ ორმოცდათორმეტი ბავშვი. იმის გამო, რომ წმინდა კონგრეგაციამ არ მოისურვა გორის ადგილსამყოფში ბავშვები წყალში განებანა ნათლიას და მრევლთაგანის მიერ წარმოთქმული ყოფილიყო ნათლისღების სიტყვები, ამიტომ პატრებს ხელახლად უნდა პირობით დაბრუნებოდა მოსანათლად ბავშვები. აქამდე მეტად ფრთხილად ვიქცეოდით სამეგრელოში, რომ გამოგვერკვია ამ საიდუმლოების უკანონობა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გაუნათლებელი მღვდლები. ამასთანავე მათ ბევრი მტკივნეული შეცდომაც აქვთ. სწორედ წელს უფლის ნებით ხელში ჩაგვივარდა ტიპიკონი, რომელსაც შეცდომით კითხულობენ ნათლისღებისას. აშკარად ვნახეთ, რომ მასში არა მარტო ჩაუწერელია ამ საიდუმლოების ფორმა არამედ თვით მღვდლებისათვისაც სრულიად უცნობია მისი არსიც კი. როდესაც წასაკითხად მივეცით მათივე ენაზე დაწერილი ფორმა ფურცელზე, მათ განაცხადეს, რომ ამას არ ვიცნობთო და არასდროს არ წარმოგვითქვამს ნათლისღებასაო. ზოგიერთმა აქაურმა ეპისკოპოსმა, სხვებზე უფრო განათლებულმა და ბერძნული ენის მცოდნემ, აგრეთვე გვაუწყეს უკანონობა ნათლისღებისა ამ პროვინციაში – ფორმის ნაკლულევანების გამო.
ამიტომ წელს გადავწყვიტეთ აშკარად მოგვენათლა ყველა ბავშვი (რომ ასე არ მოვქცეულიყავით, შეიძლება აეკრძალათ ეს კეთილი საქმე და მწვალებლობა დაეწამებინათ ჩვენთვის) შვიდი წლისა და ქვევით პირობით, თავდაპირველად მეგრელების მიერ მონათლულნი და საერთოდ მოუნათლავნიც. ამისათვის ჩვენ გამოვიყენეთ შემდეგი წესი: სამეგრელო წარმოადგენს დიდ ტყიან მხარეს, სადაც გაფანტულია სახლები, არ გააჩნიათ ქალაქი, ამიტომ განუწყვეტლად ვმოგზაურობთ ცხენით ჩვენი სახლიდან ერთი-ორი და ზოგჯერ სამი დღის სავალზე ავადმყოფთა სამკურნალოდ რომ გვიბარებენ, გვიგზავნიან ცხენსა და მეგზურსაც. სხვა წამლებთან ერთად ჩვენ თან დაგვაქვს ხოლმე ნაკურთხი წყლით სავსე სურა. ყველას ვუცხადებთ, რომ ეს არის განსაცვიფრებელი და სასწაულებრივი წამალი ბავშვთა მუცლის ჭიების დასახოცად. ჭიებში ვგულისხმობდით პირვანდელ ცოდვას. ამ ავადმყოფობით ოდიშში მრავალი ბავშვი იხოცება. არ იყო სახლი, სადაც შევსულვართ, რომ დიდის მუდარით არ მოეთხოვათ ეს წამალი. უფლის განგებით, რომელმაც ინება ამ წამლისათვის სასწაულებრივი ძალა მიენიჭებინა, მძიმედ დაავადებული მრავალი ბავშვი ასე განვკურნეთ: როცა წამალს ვაძლევდით, ნაკურთხ წყალს შუბლზე ვაპკურებდით მირონცხების მსგავსად და საკრალურ სიტყვებს წარმოვთქვამდით, დანარჩენები ექსკრემენტებთან ერთად უმალვე მკვდარ ჭიებს ყრიდნენ.
სხვათა შორის, ერთხელ უცნაური რამ მოხდა, როდესაც ჩვენმა ერთმა პატრთაგანმა ინახულა სნეული ბავშვი, მას შემდეგ, რაც ერთ ბავშვს წმინდა ნათლისღება შეუსრულა შუბლზე და მეორისთვისაც იგივე წამალი უნდა მიეცა, მეორის მშობელმა უარი განუცხადა იგი ვერ ენდობოდა ასეთ წამალს, მაგრამ როდესაც იმავე საღამოს ნახა, რომ მეორე ქალის ბიჭმა ჭია დააგდო, დილით თავის ორ ბიჭთან ერთად საჩქაროდ პატრთან მიირბინა და დაჟინებით სთხოვდა, რომ მიეცა მისგან უარყოფილი წამალი. პატრმა ბევრი ახვეწნინა ქალს და მისი თხოვნა დააკმაყოფილა მას შემდეგ, რაც მოუნათლა შვილები.
ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდით ხოლმე. როდესაც ქალებმა დაინახეს, რომ მათი შვილები ამ წამლით იკურნებოდნენ დიდის მუდარით გვთხოვდნენ მათთვის განმეორებით მიგვეცა ეს წამალი, ჩვენ თუ ამაზე უარს განვაცხადებდით, ისინი უფრო გვემდურებოდნენ და ღორონთის კოჩს გვიწოდებდნენ, რაც ღვთის კაცსა და ჭეშმარიტ ქრისტიანსა ნიშნავს. ისინი უკმაყოფილონი რჩებოდნენ, როდესაც მის ნაცვლად სხვა წამალს ვთავაზობდით და დაჟინებით მოითხოვდნენ, მიგვეცა საკუთრივ საბოზე წამალი, ისინი ასე უწოდებენ ნაკურთხ წყალს ანუ ბავშვების წამალს, რომ დაგვეკმაყოფილებინა და მათი ეჭვი გაგვექარწყლებინა ზოგჯერ იძულებული ვიყავით ხელახლა ოდნავ მაინც განგვებანა მათი შუბლი შეულოცავად. მართლაც, ამ წმინდა სულიერმა ვარჯიშმა, რომელსაც წელს ბავშვების მონათვლაც დაერთო, რამდენადმე გვანუგეშა, უფრო წარმოუდგენელი წვალების დროს, რომელიც ჩვენ გვხვდება გარეთ ყოფნისას ვფიქრობდით ბავშვებზე, რომელნიც მონათვლის შემდეგ იხოცებოდნენ (რაც აქ ჩვეულებრივი მოვლენაა). და იმით, რომ უკანონოდ მონათლული ბავშვები ნაცვლად განსაცდელში მოხვედრისა სამოთხეში ხვდებოდნენ, ნაწილობრივ მაინც აგვინაზღაურა ჩვენ მიერ გაწეული დიდი შრომა.
ჩვენი ცხოვრება; რომელსაც აქ ვეწევით, ერთი განუწყვეტელი მოძრაობაა ცხენით: წვიმაში, ტალახში, ქარსა და თოვლში; ზაფხულის პაპანაქებაში კი მზისგან ვიხრუკებით. ასეთი ცხოვრება აუცილებელია ამ მხარეში მოყვასთა დასასმარებლად, ხშირად სიცხიანებს გვიხდებოდა მოგზაურობა ცხენით და, ამგვარად, ამ ქვეყნის მაზნევარ ჰავას უნდა შევგუებოდით, ზოგჯერ ცხენს მიწაზე გადმოვუგდევართ და სიცოცხლე ხიფათში ჩაგვიგდია. მარტო ამ უკანასკნელ ორ თვეში ერთ ჩვენს პატრს სამგზის თავს გადახდა ასეთი უბედურება: გაცოფებულმა ცხენმა გაიტაცა და ძირს გადმოაგდო, ცხენი ვეღარ ნახა, ამის გამო ცოცხალმკვდარს მრავალი მილის მანძილზე ფეხით უვლია და ხშირად გზაც არევია. ძლივს მოუღწევია სახლამდე და სიცხიანი ავადმყოფი ჩაწოლილა ლოგინში, ანუ ძონძებდაგებულ ფიცარზე უქვეშაგებოდ.
აქაური ტყეების შესახებ უკვე ნათქვამი იყო. მწყემსთა ფარეხების მსგავსად ტყეში სახლებია რომლებშიც წვიმა ჩამოდის. პატრს დაჰკლებია პური, ფეტვი და ღომი, ჩვენც ბევრჯერ გვივლია ფეხშიშველი. ფეხები ლაფში გვქონდა ამოსვრილი განუწყვეტელი წვიმების გამო, რადგან ჩვენი სახლები ერთიმეორისაგან ხანძრის შიშით დაცილებული იყო.
ამ მხარეში პატივს გვცემს ხალხი, მთავარი და ყველა დიდებული, ასევე ღარიბებიც არასდროს ამ მხარეში მსგავსი რამ არავის მოსწრებია (ჩვეულებრივად ყველა ასე ამბობს ჩვენი აქ ყოფნის თუ არყოფნის დროს), მიუხედავად ამისა, ბერძენთა გარჯილობით ყველამ იცის აგრეთვე ისიც, რომ ჩვენ სხვა სარწმუნოებისანი ვართ და, მაშასადამე, თვითეულს მივაჩნივართ მწვალებლად. ის პირები, რომელნიც ჩვენი ცხოვრების ხასიათით განცვიფრებულნი არიან და ჩვენი ქადაგება სჯერათ, შემთხვევას არ უშვებენ საქვეყნოდ არ აღიარონ, რომ მხოლოდ ჩვენი სარწმუნოება არის ჭეშმარიტი და დანარჩენი კი ყალბი, რომ ნამდვილი და ყველა ეკლესიის საერთო მწყემსია რომის მღვდელმთავარი და არა სხვა ვინმე. მარტო ფრანკებს აქვთ ორი თვალი – განასხვაონ ღვთიური და ადამიანური ერთმანეთისაგან იმ დროს, როდესაც ყოველ კაცს ქვეყანაზე აქვს მხოლოდ ერთი თვალი და ბრმასავით დაიარებაო.
პატივცემულმა და კეთილშობილმა პიროვნებამ, ჩვენმა კეთილისმყოფელმა ბარძიმ ვაჩნაძემ წელს საგანგებოდ საჯაროდ აღიარა, რომ პაპი (ასე უწოდებენ ჩვენს უმაღლეს მღვდელმთავარს) ჩვენს დროში წმინდა პეტრეს მოადგილეა და საყოველთაო მეთაური ყველა ქრისტიანისო, იგი სხვებს საქმით უჩვენებდა, რომ იგი დიდად პატივს სცემს პაპს.
მთავარ დადიანის სიძემ (ქვისლმა), მამუკა ტამელეიამ, რომელიც ფიცარზე ხატავდა, თქვა, რომ პატრები ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის მაღიარებელნი არიანო და რომ მე ჩემი გლეხებით სიბნელეში ვცხოვრობო.
დიდი თავადი, ჩვენი კეთილისმყოფელი კაკუ ჩელია ჩვენი სარწმუნოებისადმი იმდენად დიდი ნდობით იყო გამსჭვალული, რომ როდესაც ავად გახდა ერთ ჩვენს პატრთაგანს შეეხვეწა ლოცვა წაეკითხა მისთვის და სახლში წირვა დაეყენებინა; მოისურვა, რომ მის პატივსაცემად ორი წირვა მოეწყო, ამისათვის გაიღო უხვი წყალობა, რომლის მიღებაზე ეს პატრი არ დათანხმდა, რათა კარგი მაგალითი ეჩვენებინა და მრავალრიცხოვან საშუალო, წოდების პირთა გული მოეგო.
გიორგი მიქელეიას მეუღლემ, დიდმა ქალბატონმა, დადიანის ძალუამ, ვრცელი სიტყვა წარმოთქვა ჩვენს ორ მისიონერზე: ფრანკების მღვდლები ჭეშმარიტი ღვთის მსახურნი არიან, ჩვენები კი არაო; მათ თუმცა ხორცი არასოდეს არ უჭამიათ, მაგრამ ხორცის ჭამა შეიძლება ცოდვად არ ჩაითვალოს, მიუხედავად ამისა არ ერიდებიან საქვეყნოდ მრავალი ცოდვა ჩაიდინონ, როგორიცაა თურქებზე ყმაწვილების გაყიდვა ძარცვა-გლეჯა, ხასის ყოლაო.
არაჩვეულებრივად განცვიფრებულნი არიან აქ, როდესაც გვხედავენ, თუ რა შორსა ვდგავართ ქალებთან დამოკიდებულებისაგან. მათ შეუძლებლად მიაჩნიათ, რომ კაცმა ხორციელი ვნება მოიკლას. სათნოებას სისულელედ თვლიან ჰგონიათ, რომ ჩვენ, როგორც სახარების ზედმიწევნით აღმსრულებელი, თითქოს დასაჭურესებულნი ვიყოთ და ამიტომ ხორციელი ცთუნება არ გაგვაჩნდეს.
ჩვენი სარწმუნოების პატივისმცემლებს მიემატა რამდენიმე მოზარდი, რომელთაც მოისურვეს ჩვენი წმინდა საიდუმლოების მიღება. სიქენია მიქეია, ავადმყოფობისაგან სიკვდილის პირას მისულმა, წმინდა ზიარების მიღება ითხოვა, მაგრამ აღსარეზის თქმა ვერ გადაეწყვიტა, ამიტომ გამოჯანსაღებისას საიდუმლო ნაწილები მას არ მივეცით. ერთი აზნაური გვარად დაგურია, რომელმაც იფიქრა, რომ კანონიერად არაა მონათლული, შეგვეხვეწა მინახულეთ და უკვე მზად ვარ აღსარება ვთქვა და ზიარება მივიღოო. გარდა ამისა, სურს, რომ სამი ბიჭიც მოვუნათლოთ. მეორემ, სახელად ნასკინჯამ, ავადმყოფობით სიკვდილის პირად მისულმა, მოეკითხა ის პატრი რომელიც იმავე წმინდა საქმეს განაგებდა და თავისი სასოებით იყო ცნობილი, როცა ხუცესს ფარულად წმინდა ევქარისტია მოჰქონდა, სახლის პატრონი შეეკითხა, რა არის ეგ ან რა მიგაქვს ავადმყოფთანო. პატრმა უპასუხა, რომ ძალიან კარგი წამალია მისი ჯანმრთელობისათვისო და, ამგვარად, აზიარა ფარულად.
ბევრია ისეთი, რომელთაც გულითა სწამთ ჩვენი სარწმუბოება და ის სიტყვები რომელთაც ვუქადაგებთ; ისინი თავიასთ თავს კათოლიკებად აღიარებდნენ და ჩვენგან წმინდა საიდუმლოებასაც მიიღებდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდენ, რომ შეჩვენებისა და ზიზღის საგანი არ გახდნენ სხვებისაგან როგორც მწვალებლები. მთავრის მიერ ბოძებული ჩვენი სახლის ცხრა მსახური მოვაქციეთ, რომ ყველაფერში ჩვენი წესი და ამასთანავე იგივე საქმე შეესრულებინათ, მაგრამ დაგმობილ იქნენ ამ ქვეყნის ერთი ხუცესისა და ერთი ბერძნული სარწმუნოების და ეროვნებით რუსის მიერ. ორივე წვენმა ყმამ მოინდომა მათ ღმერთმსახურების წესებს დაბრუნებოდენ.
მთავარი დადიანი ღვთის განგების შემწეობით ხელს უწყობს ჩვენს მისიონს, მიუხედავად იმისა, რომ მარშანდელს აქეთ ძალიან დამწუხრებულია მეუღლის გარდაცვალების გამო, რომელიც მას ძლიერ უყვარდა. მისი პატივისცემისათვის არაჩვეულებრივ ლმობიერებას იჩენს, დახმარებაზე კი ოდნავ გული აიცრუა, მაგრამ მოულოდნელად კვლავ პირვანდელი მდგომარეობა დაგვიბრუნა. ის დიდი რაოდენობით აკეთებინებს ვერცხლის რელიეფურ ნივთებს მეუღლის სულის საამებლად და მოისურვა რომ ყველა ნივთი ოქროში გაევლოთ და მოეხატათ ჩვენს სახლში. სხვა ნივთთა შორის იყო ერთი დიდი ჭურჭელი მთლიანად ოქროსი, ხუთი ათასი სკუდის ღირებულებისა, იაგუნდითა, ლალითა და ზურმუხტით მოოჭვილი. ამასთან ერთად ისურვა, რომ ჩვენს ოქრომჭედელ მორჩილ ძმას სხვაც გაეკეთებინა უფრო მცირე ზომის, მთლიანად ხალასი ოქროსაგან სრულიად მომინანქრებული. რაც შეეხება ხატს, ამაზე კმაყოფილი დარჩა, თუმცა მისი შესრულების სტილი ნაწილობრივ დაიწუნა, მაგრამ მაინც ასე დატოვა. მთავარმა პრეტენზია განაცხადა და მრავალგზისაც ითხოვა, რომ მორჩილი ძმა. ოქრომჭედელი, თან გაჰყოლოდა და იგივე სამუშაო შეესრულებინა, რასაც მისი ოქრომჭედლები აკეთებდნენ. ამაზე ჩვენმა უფროსმა წინააღმდეგობა გაუწია. აცნობა, რომ ვინაიდან ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენი ჩვეულების დასაცავად იძულებული ვიყავით შეძლებისდაგვარად გვემსახურა, ასევე შეგვიძლია ამ საქმეშიც მას მოვემსახუროთ ჩვენს სახლშივე და არ შეგვეფერება, რომ წესი დავარღვიოთ და ერთი ჩვენგანი წამოვიდეს საოქრომჭედლო წარმოებაში ბოგანოს მსგავსადო.
როდესაც მთავარმა დადიანმა, რომელიც თავის მდგომარეობით ჩვეული არ იყო არავისაგან წინააღმდეგობის გაწევას, ეს მოისმინა, იწყინა. კაცი აღარ დარჩა, რომ არ გაჯავრებოდა და არ ჩაეგონებინა მისთვის, რომ პაპმა მისი მომსახურებისათვის გამოუგზავნა ოქრომჭედელი, იმდენად განრისხდა, რომ ჩვენ სხვებთან ერთად ვიფიქრეთ, ვაითუ ახლა გამოგზავნოს ვინმე და ბოძებული სახლი ჩამოგვართვასო. მიუხედავად ამისა, ბოლოს, ჩვენს გადაწყვეტილებას ანგარიში გაუწია და, რომ არ გავნაწყენებულიყავით დათმობაზე წავიდა.
ამ ამბავმა ყველა მეგრელის განცვიფრება გამოიწვია. ამიერიდან ნათელი გახდა მათთვის, რომ მთავარი და მასთან ერთად ყველა, ვინც არ უნდა ყოფილიყო დიდკაცი, სულ სხვაგვარად ეპყრობოდა პატრებს. მართლაც, მთლად გადაჭარბებული არ იქნებოდა გვეთქვა, რომ მთავარი სიყვარულითა და ლმობიერად გვეპყრობა, მას მოსწონს ყველა ჩვენი მოქმედება თუ სიტყვა, ღვთისაგან რჩეულ, წმინდა ადამიანებად მივაჩნივართ. პირადად მობრძანდა თავისი ამალით, ჩვენს სახლში, ოქრო მოიტანა და გადმოგვცა, რომ ძალიან ნასიამოვნები დარჩებოდა, თუკი მისგან ხატს გამოვჭედღით თან დასძინა მსურს ყოველივე ეს ჩემ სახლში დამუშავდეს არა იმიტომ, რომ თქვენი წესჩვევები შეგაცვლევინოთ, არამედ იმის გამო, რომ დიღძალი ოქრო ქურდებმა არ მოგპარონო. მასთან რომ ვყოფილიყავით, ასეთი შემთხვევა არ დაგვემართებოდა, როცა მართლა ყველაფერი აგვიხდა და რამაც უსაზღვროდ დაგვაღონა; გამართლდა მთავრის წინასწარმეტყველება არა იმ ოქროზე, რომელიც რელიეფური ხატის გასაკეთებლად მოგვცა და რომელიც მან მიიღო მომინანქრებული, არამედ ჩვენთან მობარებულ სამას სკუდო ოქროზე, რომლისგანაც მასიური ოქროს ბარძიმი უნდა გაგვეკეთებინა და ერთი ეკლესიისათვის უნდა შეეწირა დედოფლის სულის მოსახსენებლად.
ერთი თვის შემდეგ, ე.ი. 1640 წლის შუა აგვისტოს, ღამით, ქურდებმა გამოთხარეს მიწისქვეშა ხვრელი, რომელიც გადიოდა მორჩილ ძმა ოქრომჭედელ ფრანჩესკოს სენაკში, სადაც მას ეძინა. მათ ადვილად ამოიღეს პატარა სკივრში ჩაწყობილი ნახევრად დამუშავებული ოქრო; სხვა საქონელსაც გაიტანდნენ გარეთ, რომ ფრანჩესკოს არ გამოღვიძებოდა და ხმაურობა არ აეტეხა.
დიდად პატივცემულო მამაო თქვენ წარმოიდგინეთ, თუ რა მწუხარებაში ჩავცვივდებოდით იმის გამო, რომ ჩვენი მიზეზით დავკარგეთ დიდძალი ოქრო მთავრისა, ვისაგანაც ყოველ დღე ახალ-ახალ შემწეობას ვღებულობდით. მეორე დღეს ადრე დილით ორი ჩვენგანი ცხენზე შეჯდა და გაეშურა დადიანთან, რომელიც ნახევარი დღის სავალზე ცხოვრობდა. დამწუხრებულებმა უამბეს წინა ღამის მომხდარი ამბავი. უფრო მეტიც. მსგას უბედურ შემთხვევებს გასულ წელსაც ხშირად ჰქონდა ადგილი (რაც მან კარგად იცოდა). იმჯერად ქურდებმა ღამე გამოთხარეს ხვრელი სხვა ოთახის, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, ქოხის ქვეშ და მოიპარეს ზოგი რამ სამზარეულოს ჭურჭელი და სხვა ნივთები. ჩვენ ძალიან შეშინებული ვიყავით იმ აზრით, რომ ბოლოს და ბოლოს სიკვდილს ვარჩიეთ ყველაფერი წაეღოთ. ამის გამო ვთხოვდით მთავარს წასვლის ნება მოეცა სამეგრელოდან. ამისათვის ჯერ უნდა დაგვებრუნებინა მოპარული ოქროს საფასური მთავრისათვის. გადავწყვიტეთ გაგვეყიდა რაც კი რამ კარგი მოგვეპოვებოდა სახლში და იგი დაგვეკმაყოფილებინა. მთაგარმა, ცუდი ამბავი რომ გაიგო, სახეზე ცოტა უკმაყოფილება გამოეხატა, ოქროს დაკარგვის გამო კი არა, არამედ უსიამოვნებისა და პატრების ახალ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ მოიწადინა მათი დამშვიდება და უპასუხა კეთილი სიტყვებით მშვიდად იყავით, მე მთავარი ვარ, ოქრო არ მაკლია, თქვენი მწუხარება არ მსიამოვნებს. ეს თქვენი შეურაცხყოფა კი არაა, არამედ ის უფრო მეტად მე მეხება. თქვენს გაძარცვაში ბრალი თქვენვე მიგიძღვით, ვინაიდან, როდესაც მოვინდომე თქვენი საქმისათვის მომევლო და მკაცრად დამესაჯა ქურდები და საეჭვო ხალხი, ხელი შემიბორკეთ თხოვნით, რომ იმავე ბოროტმოქმედთ შური არ ეძიათ თქვენზე. მაგრამ რადგან ახლა მე მომაყენეს შეურაცხყოფა, ამიტომ მე მეხება დამნაშავეთა მოძებნა და დასჯა. ფიქრს ნუ გაივლებთ იმაზე, რომ ქურდები დაგხოცავენ, რადგან მეგრელი ქურდების ჩვეულებად ეს არ ითვლება და ამ მხარეში ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა. დღეის შემდეგ ვეღარ გაგძარცვავენ. მიუბრუნდა თავის ამალას და უბრძანა, ჩვენთვის გაეკეთებინათ ძალიან მაგარი ორსართულიანი ხის სახლი, სადაც შეინახავდნენ ყველაფერს და ქონების დაკარგვის შიშიც არ ექნებოდათ.
ღვთის წყალობით საჩქაროდ გააკეთეს ერთიმეორეზე შედგმული ორი ოთახი, ერთი პატარა სათავსოთი და აივნით, უბრძანა აგრეთვე რომ ჩვენი შინამოსამსახურეებისათვის კიდევ დაემატებინათ ორი მსახური, რომლებიც ჩვენს მრევლს მოემსახურებოდნენ. გარდა ამისა, ერთი დიდი ტერიტორია ორკამასად წოდებული და შარშან ბოძებული ორი სხვა სახლიც მოგვცა.
დიდად პატივცემულო მამაო, მე მგონი, გასულ წელს ამის შესახებ უკვე გაცნობეთ, რომ მთავარი ხელგაშლილია და ძალიან ხშირად გვიგზავნის ხოლმე ხორცეულობასა და სხვა საჩუქრებს. სამი თვე იქნება მას აქეთ, რაც ამ სახლში ვცხოვრობთ. როდესაც ნახა ორი ჩვენგანი ცუდად იყო ჩაცმული, კვლავ მოგვცა სკუდოები ერთის შესამოსავად. როდესაც ნახა ზოგიერთი ჩვენი ბარძიმი და სხვა საეკლესიო სამკაული, გაუკვირდა, რომ დაკონკილი ტანსაცმელი გვეცვა, ღარიბები ვიყავით და ამავე დროს კი ეკლესია ძალიან კარგად მორთულ-მოკაზმული გვქონდა. ერთმა ჩვენმა პატრმა უპასუხა: რადგან იესო ქრისტეს სიყვარულისათვის ნებაყოფლობით სიღარიბე ავირჩიეთ, რამდენი ძვირფასეულობაც ხელთ ჩაგვივარდა, ეკლესიას მოვახმარეთ იესოს სამსახურისათვის: ვკმაყოფილდებოდით მცირედით, რათა გვეცხოვრა და შევმოსილიყავით ღარიბულად და საწყლად, თანახმად დადებული აღთქმისაო. „ეჰ, ამოოხვრით გვიპასუხა: ჩვენი ბერები ასე არ იქცევიან, განსაკუთრებით კი ჩემი საძვალის მღვდელი, რომელიც მდიდარ ეკლესიას ძარცვავს, რომ თავის ტანსაცმელის ზემოდან დაიკეროსო“.
დაუჯერებელი იყო, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მგლოვიარება მომდევნო წელსაც გაგრძელდებოდა, როგორც ეს მოიმოქმედა დადიანმა, დასამტკიცებლად იმ დიდი სიყვარულისა, რომელსაც დედოფლისადმი იჩენდა. დედოფლის სულის მოსახსენებლად ოდიშის ყველა ეკლესიას მრავლად შესწირა ხატები, ფარჩა, ოქრო და ძვირფასი აბრეშუმეული; გარდა ამ შეწირულებისა, იმავე მიზნისათვის უფრო მეტიც მოიმოქმედა, სამ თუ ოთხგზის დააკვლევინა დაახლოებით ხუთასი კამეჩი და ძროხა, ამდენივე ჭედილა და დაურიგა სამეგრელოს ყველა ღარიბს, ამ შემთხვევისათვის ჰქონდა უზარმაზარი ქვაბები, თითოეულში ოცდათხუთმეტი ძროხა ეტეოდა. ყველა ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, რომელნიც ახლო პროვინციებიდან, თვით ტრაპიზონიდანაც, ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს დაკრძალვასა თუ წირვის დაყენებაში, საკმაო რაოდენობის ფულით დაასაჩუქრა. ყველა დიდ ბატონსა და მთავარს, რომელნიც მწუხარების გასაზიარებლად მოვიდნენ, აჩუქა ძვირფასეულობა და სხვა საუცხოო ნივთები.
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მწყემსების ქოხში დაისადგურა და აქვე მოინდომა ერთი წლით ცხოვრება. ამისათვის მიატოვა სასახლენი, ქვის ნაგებობები, ასევე ფიცრულიც. მას მთელ სამეგრელოში გაფანტული აქვს სამოცდაათი ასეთი სასახლე. მასთან ერთად მთელმა მხარემ მოისურვა ერთი წლით ეტარებინათ რუხი იისფერი ტანსაცმელი, რაც აქ სამგლოვიაროდ არის მიჩნეული, ბაწრის ხამლები, თხის ქუდები. პირს რომ გაიპარსავენ, მერე უშვებენ წვერულვაშს და თმებს ხელუხლებლად მთელი წლის განმავლობაში. წლის თავზე კვლავ იმავე წესით გაიპარსავენ, ამ ხნის განმავლობაში ცხენს უფაფროდ და უძუოდ ატარებენ.
დადიანი წელიწადნახევარია სანადიროდ არ გასულა, ირმების ხმა რომ არ გაეგონა, რომელიც მას გულსა ტკენდა და აცდუნებდა. ერთ მთაზე ავიდა, სადაც ნადირი არ ბინადრობდა. ერთი თვის განმავლობაში სხვას არაფერსა ჭამდა, გარდა მოხარშული ბოსტნეულისა, ისიც შეუკაზმავსა და უმარილოს. გურიელის თხოვნით ხსენებულ საჭმელს დაუმატა ცოტა ხიზილალა და წლინახევრის განმავლობაში, ე.ი. დღემდე, ასე განაგრძობდა ყოფნას. ამ დროის მანძილზე არ უგემნია თევზი, ხორცი, კვერცხი და ყველი. მარტოდ მარტო სადილობს. თავისი მაგიდიდან განდევნა ვერცხლეულობა. მიირთმევს ცოტაოდენ ჩამიჩს და ძლიერ უნდა, რომ ჩვენ მას გავუგზავნოთ რაც შეიძლება მეტი ჩამიჩი, რომელსაც ჩვენ გვიგზავნიან კონსტანტინოპოლიდან ავადმყოფებისათვის სხვა შემოწირულებასთან ერთად, ყოვლად აღმატებული ვენეციის სინიორ bailo-საგან, რადგან ამ მხარეში არ იშოვება. ყოველ ღამე ტირილის მეტს სხვას არაფერს აკეთებდა. ხშირად მიდიოდა სატირლად საფლავზე მთელი თავისი ამალით, მოთქვამდა ხმამაღლა ისე, რომ არავის არ შეეძლო მისი დამშვიდება გადაწყვეტილი ჰქონდა ბერივით გაეტარებინა თავისი დანარჩენი სიცოცხლე, თუმცა ამ განზრახვაზე დროთა მსვლელობაში გული აუცრუვდა. ამბობენ, რომ გავა ხანი, გული მოუბრუნდება და ცოლს შეირთავსო.
მთავარ დადიანს ყოველთვის სურვილი ჰქონდა ვაჭრები მოეყვანა და თავის სამთავროში დაესახლებინა. ძალიან სურდა შორეული სახელმწიფოებიდან ვაჭრები და სავაჭრო საქონელი მოეზიდა. ერთ დროს ომში დაიმორჩილა იმერეთის მეფე ანუ მეფე ბაში-აჩუკი. გარდა ამისა, ბრძოლაში დაამარცხა მთავარი გურიელი და მოხარკედ გაიხადა; შემდეგ იძულებული გახადა საცხოვრებლად გადმოეყვანა სამეგრელოში ასი სომეხი და ებრაელი ვაჭარი; ცდუნებითა და მოტყუებით მრავალი თურქი ვაჭარიც დაიყოლია ამავე პირობაზე; ისე რომ ეს მხარე მის ხელში თითქმის ორჯერ გაიზარდა. შარშან ჩვენს პატრებთან საუბარში დადიანმა ცხოველი ინტერესი გამოამჟღავნა: თუ შესაძლებელი იქნებოდა, კონსტანტინოპოლიდან ზოგიერთი მდიდარი ვენეციელი ვაჭრის ჩამოყვანა, მაშინ დაავალდებულებდა მათთვის სხვა საქონლის გარდა, აბრეშუმის მიყიდვას მთლად მის სამთავროდან, აგრეთვე ნაწილობრივ სპარსეთისასაც. ამისათვის, ვინც შავი ზღვით აბრეშუმით ვაჭრობას მოჰკიდებდა ხელს, მათთვის ვაჭრები აბრეშუმს სპარსეთიდან და სომხეთიდან ოდიშში ჩაიტანდნენ ნახევარ ფასზე უფრო იაფად, ვიდრე ჰალაბში გადასატანად დასჭირდებოდათ. ამგვარად, ნაღდ მოგებას ნახავენ ის ვაჭრები, რომელნიც მთავრის საბაჟოდან გაჰყიდიან საქონელს და ფრანკებიც, რომლებიც აქ იაფად შესყიდულ საქონელს ზღვით ჩაიტანენ საფრანგეთში.
ორი წელია მას შემდეგ, რაც აქედან კონსტანტინოპოლში წამოვიდა ჩვენი პატივცემული პატრი დონ პიეტრო ავიტაბილე, რომელმაც სხვა პროვინციების მაგალითებიდა5. იცოდა, რომ ვაჭრობასთან ერთად ხშირად კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასაც ჰქონია ადგილი. ამ ფაქტზე კონსტანტინოპოლში ელაპარაკა ყოვლად აღმატებულ სინიორ ბაილოს, რომელიც დაჰპირდა, რომ ოდიშში გაგზავნიდა ვენეციელ ვაჭარს ჯერონიმო დე ტომაზის, მაგრამ არეულობისა და განხეთქილების გამო, რომელიც ბრწყინვალე ვენეციის რესპულიკასა და თურქეთს შორის ჩამოვარდა, მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა.
დადიანი ამის გამო მეტად ღელავდა და რადგან სურვილი ჰქონდა განზრახვა შეესრულებინა მგლოვიარობის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა წელს აქ მყოფი გემით გააგზავნოს ყოვლად აღმატებულ სინიორესთან კონსტანტინოპოლში ერთი ჩვენი პატრთაგანი ოთხი მინდობილობით; რის შესახებაც განმეორებით სთხოვა ჩვენ პატრ ვიკარიოსს (მოადგილეს), რომელმაც უარი ვეღარ უთხრა და ზემოხსენებული მიზნით კონსტანტინოპოლში მიავლინა დონ კლემენტე გალანო სინიორესთან მოსალაპარაკებლად. სხვათა მორის, ეს პატრი იქიდან უნდა წასულიყო სხვა შესაფერ ადგილას, სადაც მოსახერხებელი ექნებოდა სომხური ენის შესწავლა, რის შესახებაც ჰალაბიდან ინდოეთში მიმავალმა პატრმა დონ პიეტრო ავიტაბილემ წერილით აცნობა მას.
ახლა მრჩება გაცნობოთ გორის ადგილსამყოფელის შესახებ და ის, რაც გურიაში მოხდა მას შემდეგ, რაც ორი წლის წინათ საქართველოდან იტალიაში გაემგზავრა, ორივე ადგილსამყოფის ჩამორთმევამდე, ხსენებული პატრი დონ პიეტრო ავიტაბილე. გურიის ადგილსამყოფის ჩამორთმევა გამოიწვია მთავრის შეცვლამ და პატრების ფორტუნის ცვლილებამ, გორისა კი გლეხების სიმცირემ, იქნებ იმის გამოც, რომ მისიონი მიტოვებული დარჩა ხსენებული პატრის წასვლის შემდეგ. მან დატოვა წერილობითი განკარგულება, რომ იტალიიდან მისიონერები ჩამოსულიყვნენ ამ ორ ადგილსამყოფში.
ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა ცხონებული ჩვენი დონ ანტონიო ჯარდინო, მას მიჰყვა აგრეთვე დონ ჯუსტო პრატოც, რომელთა შესახებაც გასულ წელს მოგწერეთ.
პატრის წასვლის შემდეგ გორის ადგილსამყოფმა ოთხი თვე და ერთი დღე იარსება. იქ დარჩა მხოლოდ სამი მისიონერი, რომელთაც განკარგულება ჰქონდათ პირველსავე შემთხვევაში წასულიყვნენ ორ ადგილსამყოფში. ესენი იყვნენ, წმინდა ხსოვნა მის სახელს, პატრი დონ ჯუსტო პრატო, დონ კლემენტე გალანო და მორჩილი ძმა მანუელე არენა, რომელთაც არ შორდებოდათ ის აზრი, რომ ახლო ხანში აუცილებელი გახდებოდა მათი წასვლა ჩვეულებრივ საეკლესიო სამსახურში მისიონის სასარგებლოდ. ისიჩი კმაყოფილებას განიცდიდნენ ჩვეულებრივი ქადაგებით, გულშემატკივრობითა და, უმთავრესად, უანგარო, კდემამოსილი ცხოვრებით, გამოცდილებიდან ვიცოდით, რომ მათ უდიდესი სარგებლობა მოჰქონდათ ამ მხარეებისათვის.
მოახლოვდა თუ არა მათი წასვლის დრო, ყველა დაამწუხრა. ფრანკ მისიონერებთან დაშორების ამბავმა, ვინაიდან აღარავინ დარჩა ისეთი, რომ არ მიეღო მათგან როგორც სულიერი, ისე მორალური დახმარება, განშორების მტანჯველმა ფიქრებმა ძლიერად იმოქმედა ყველაზე, ვინც მათ სიკეთეს უარყოფდა. გული აუჩუყდათ ამ ღვთისმსახურებსაც, ვინაიდან უნდა მიეტოვებინათ ჯერ კიდევ ჯიუტნი და ჰერეტიკოსნი, რომელთა სასარგებლოდ მოღვაწეობას ათ წელზე მეტი შესწირეს წმ. ბერებმა.
ეს ხალხი პატრების კეთილი საქმიანობით აღფრთოვანებული იყო, თუმცა მათ აქ ცოტა ხანი დაჰყვეს, მაგრამ მათ საქმიანობას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. სხვა ადგილსამყოფში პირველად პატრები და ფრანკებიც ყველას ჰერეტიკოსებად მიაჩნდათ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მოიხიბლებოდნენ პატრების წმინდა ცხოვრებითა და წესჩვეულებებით; შეიძლება ითქვას, კაცი არ დარჩა, რომ მათი დარიგებით არ ესარგებლა.
დედების თხოვნით ჩვენს ეკლესიაში სამი ქართველი ბავშვი მოვნათლეთ საზეიმოდ. ერთი ყმაწვილი ქართველი გავაკათოლიკეთ ცოდვების მონანიების შემდეგ. ეს პირველი აღსარება იყო მის სიცოცხლეში, რომელიც მან თქვა, და ამასთან ერთად პირობა დადო, რომ თავის ცხოვრების წესს შეცვლიდა. ერთ მოხუც სომეხს, რომელიც ხსენებულ ახალგაზრდას და ხუთ სხვა პირთან ერთად ჩვენს ეკლესიაში ხშირად დადიოდა, შევუსრულეთ მონანიებისა და ევქარისტიის ლოცვა-კურთხევა ერთი სომეხი და ახალგაზრდა ქრთველი ქალი განვარიდეთ ხალხს დღა განუწყვეტელ მრუშობას. ამ მიზეზით ერთი ჩვენი პატრთაგანი სიკვდილს ძლივს გადარჩა, რადგან ეს შემთხვევა მთელ ქალაქში გახმაურდა, ცალკე აღნიშვნის ღირსად მივიჩნიეთ.
გორში ერთი პატრი ავგუსტინელიღა დარჩენილიყო, რომელიც იცავდა მისიონსა და სახლს, სადაც მან წმინდა სარწმუნოება დააარსა. რადგან მან ისპაანის ადგილსამყოფში, სპარსეთში მყოფ ბერებთან წასვლა გადაწყვიტა, ჩვენ დაგვიტოვა სახლი ეკლესიითურთ და ორი კომლი ყმა კომლებზე გამგებლობისა და მფლობელობის საკითხში უფლება ჰქონდა ერთ სომეხსაც, რომელიც სპარსეთში წასული პატრის კრედიტორი იყო. სომეხს მეფისაგან დავალებული ჰქონდა ამ პროვინციის ყველა სამღებრო საქმე ერთ-ერთ სახლში ეკეთებინა. ამ სახლში ცხოვრობდა ერთი გათხოვილი ახალგაზრდა ყმა ქართველი ქალი წმინდა სარწმუნოებისა, აქვე იყო მოთავსებული ყველა ხელსაწყო და შესაღები ლარნაკი. მან აქვე თავი შეაფარებინა კიდევ ერთ ახალგაზრდა ცოლშვილიან სომეხს, რომელიც გახრწნილი და თავაშვებული ხასიათისა იყო და რომელსაც აგრეთვე წილი ედო სამღებროში, რადგან ამ ხელობაზე მუშაობდა. მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მას ჟინიანობამ მოუარა ამ ყმაწვილი ქალისადმი რომლის კანონიერი ქმარი შორს, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, მან ხასად აიყვანა იგი ქვეყნის სამარცხვინოდ და პატრების სამწუხაროდ, რომელთაც ვერაფერი უშველეს ამ საქმეს სასამართლოს ჩაურევლად. მრავალგზის ვესაუბრეთ თავაწყვეტილ ახალგაზრდას, ყოველგვარი დამარწმუნებელი მოსაზრებანი გამოვიყენეთ, დავავალეთ აგრეთვე მისივე მღვდელს მოლაპარაკებოდა, შევთავაზეთ ჩვენი სახლი საცხოვრებლად, მაგრამ, ყოველივე სრულიად ამაო იყო.
ამიტომ იძულებული გავხდით დიდი დავიდარაბისა და ღვთის შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად შემწეობისათვის მიგვემართა ემინბაშისათვის, ანუ ქალაქის ციხისთავისათვის, რომელიც სპარსეთის დიდბატონია, მაჰმადის სარწმუნოებისა და ჩვენი კარგი მეგობარია, პატრები მასთან მივიდნენ საჩივლელად, აქვე მოვიდა ახალგაზრდაც, სახელად აბრასა, შურისსაძიებლად. მას თან ახლდნენ მეგობრები, რომელნიც მას იცავდნენ. ისინი ერთად შევიდნენ ემინბაშთან, რაც ათასის თავს ნიშნავს, და ნახეს, რომ მაგიდასთან სადილად იჯდა თავისი ამალის (ოცი კაცის) შუაში. მან პატრები დიდი მოწიწებით მიიღო და თავის გვერდით მოისვა, რომ სადილის დროს მოეხსენებინათ თავიანთი გასაჭირი. ამ ქვეყნის ადათის მიხედვით დიდბატონმა სიყვარულის გამოსახატავად მათ წინ დაუდგა თავისი თასი, რათა ამ სასმისით ცოტა ღვინო შეესვათ, შემდეგ კი მას მთლად უნდა დაეცალა იგი. ასეთი ცერემონია მეგობრობის გამოხატულებადაა მიღებული. ემინბაში თავიდანვე მიხვდა რომ მათი მოსვლის მიზეზი სახალხო საქმეს შეეხებოდა იგი მიუახლოვდა ერთ პატრს და დაბალი ხმით ჰკითხა, თუ რა უნდა მომხდარიყო ასეთი არაჩვეულებრივი რამ და, როდესაც მოისმინა, უპასუხა, მეც გაგებული მაქვს ეს ამბავიო. ახლა აღარ ეგება, რომ აღარაფერი არა ვსთქვა: მე ვიქნები მათი ვექილიცა და მსაჯულიცო. მერმე მიუბრუნდა ახალგაზრდას და მძიმე სასჯელის გამოყენებით დაემუქრა, ჩამოცილდი იმ ქალს, რომელსაც ეს წმინდა ბერები მფარველობენო. რაც უფრო მეტად იცავდნენ მას მეგობრები ყოვლად მცდარი მსჯელობით, მით უფრო მეტად ლაპარაკობდა ემინბაში პატრების სასარგებლოდ. ისე დააჯერა და შეარცხვინა ყველა, რომ ჩვენებს ლაპარაკიც არ დასჭირებიათ. როდესაც ემინბაშისაგან ასეთი ბრძანება მოისმინა, ეს ყმაწვილი გაოცდა. გახელებულ მდგომარეობაში მყოფს სამართლის შიშით არ შეეძლო პატრების წინააღმდეგ იარაღი ეხმარა. მას ეგონა, რომ ვეღარ იცოცხლებდა, თუკი ამ ბრაძნებას შეასრულებდა. ტირილითა და ღრიალით დაოსდა. ცრემლებს ღვრიდა მთელი დღის განმავლობაში. ვინც კი მას უცქერდა, ეგონათ, რომ უკვე გაგიჟდაო, ბოლოს ნამტირალევი და ცრემლიანი ჩვენს სახლში მოვიდა საღამოს და პატრების ფეხქვეშ დაემხო. არ ვიცოდით რა უნდოდა, მაგრამ ვინაიდან იმ მომენტში სწავლის დრო არ იყო, რომელსაც ეს მისიონერები ჩვეულებრივად აწყობდნენ ხოლმე კვირაში სამგზის ჰერეტიკოსების მოსაქცევად, მათ უკეთ მიიჩნიეს ასე ნახევრად შეშლილი ეკლესიაში წაეყვანათ და ღვთისათვის შეევედრებინათ, სანამ ხსენებულ მეცადინეობას შეუდგებოდნენ.
როდესაც აბრასამ ეს ჩოჩქოლი მოისმინა, მონანიების ქენჯნამ შეიპყრო, საღამოს მოკრძალებით მოვიდა და მოისურვა ჩვენს სახლში ღამის გათევა. მაგრამ დილით, როდესაც გარეთ გავიდა, შეიარაღდა ხმლითა და მშვილდ-ისრებით და ამგვარად შეჭურვილმა ჩვენი სახლის შესავლის წინ დაიწყო სიარული და ბინძური სიტყვებით იმუქრებოდა პატრებისა და იმათ დახოცვას, ვინც კი გაბედავდა ერჩია მისთვის ამ ადგილის დატოვება. მაგრამ ქრისტეს მსახურებმა, რომელნიც ღვთისადმი წმინდა სასოებით იყვნენ შთაგონებულნი, გული არ გაიტეხეს და განმეორებით მივიდნენ ციხისთავთან. მან პატრებს გამოაყოლა ერთი ჯარისკაცკი რომელსაც უბოძანა სახლის შუა ეზოში გამოეყარა სამღებროს ყველა ხელსაწყო და თავხედისათვის ბრძანება გაემეორებინა. სანამ ეს საქმე კეთდებოდა, გახელებული აბრასა სახლიდან გამოვარდა, ხმალი იმიშვლა და გაექანა პატრებისაკენ რომლებმაც იგი გიჟად ჩათვალეს. მან ბევრი ისარი დააყარა პატრებს, მაგრამ ააცდინა და მაშინვე გაეცალა. ერთმა ისარმა კინაღამ მძიმედ დასჭრა პატრი, რომელმაც მიწაზე დაწოლით აიცდინა ისარი. მეორე ისრითაც დაიჭრებოდა, რომ ჯარისკაცი არ სწვდომოდა აბრასას ხელში. ამის შემდეგ აბრასა თავისი ამხანაგების რჩევით ისევ წავიდა საჩუქრებითა და დიდი ძღვენით ციხისთავისა და მისი ხელქვეითების მოსასყიდად, მაგრამ ციხისთაემა იმდენი მფარველობა გაუწია პატრებს, რომ მათ აღარ ძალუძდათ კვლავ მისი შეწუხება. ახალგაზრდა დაბრუნდა, რომ თავისი განზრახვა შეესრულებინა. ბოლოს მივმართეთ უფალს ლოცვით, დაეცვა ჩვენი ინტერესები. ჩვენებმა ხმა დაარხიეს გვინდა ამ საქმეზე მეფეს მივმართოთ, რომელიც ორი დღის სავალზე, თბილისში ცხოვრობს, მისგან ნებართვა უნდა გამოვითხოვოთ ამ ქალაქიდან წასვლის თაობაზე, რადგან ციხისთავს არ შეუძლია ჩვენი დაცვა ამდენი დავიდარაბისაგანო. იმის შიშით, რომ მეფისათვის უსიამოვნება არ მიეყენებინა, რადგან რამდენიმე თვის წინათ მეფისაგან რეკომენდაციის წერილი ჰქონდა მიღებული პატრების შესახებ, ემინბაში იძულებული გახდა უკანასკნელი აუდიენცია გაემართა და მოაგვარა საქმე.
ჩვენებს ძალიან ესიამოვნათ, მთელ ქალაქმი იდღესასწაულეს ეს ამბავი. ყოველთვის, როდესაც კი ხალხით სავსე ქუჩებში გავლა გვიხდებოდა, მოქალაქენი ტაშით გვხვდებოდნენ, რომ ასე დაჟინებით დავიცავით და ბოლომდე მივიყვანეთ ღვთისაღმი დიდად საამებელი საქმე და ქალაქის ღირსებაც. თვით აბრასასაც, რამდენიმე დღე მტრულად განწყობილი რომ დარჩა პატრებისადმი, ბოლოს თვალი აეხილა, შეიცნო თავისი წარსული შეცდომები და ღვთისმსახურთა გულმოდგინება ქველმოქმედება, რომელნიც მის გაგულისებისას მხოლოდ პროტესტს აცხადებდნენ, რადგან მისთვის უსიამოვნების მიყენების განზრახვა კი არ ჰქონდათ, თუგინდ მეტეც ჩაედინა, არამედ სურდათ თავიდან აეცდინათ ღვთის შეურაცხყოფა. მოინანია რა თავისი ცოდვა, მოვიდა, მათ ფეხებზე ეამბორა და თავმდაბლად ცდილობდა ეპატიებინთ ჩადენილი შეცოდებანი. იგი ამბობდა, რომ როდესაც შევეცადე დამეხოცა ასეთი წმინდა კაცები, მეჩვენებოდა თითქოს ჩემს თავზე ღვთიური სამართალი აღსრულდებოდა, თუ არ მაპატიებდნენ დანაშაულს და გულით არ ილოცებდნენ ჩემთვის. ამასთან გვპირდებოდა, აღსარებას გაგანდობთ ჩემს წარსულ ცუდ ყოფაქცევაზეო. თუმცა შემდეგ აღარ მოსულა ჩვენებთან, გვჯეროდა კი, რომ მაშინვე შეასრულებდა ამ დაპირებას თავის მღვდლებთან.
იმავე ხანებში ჩვენი სახლის კეთალისმყოფელი ერთი სომეხი ვაჭარი, სახელად გოგი ბეგი დღეში ორგზის აგზავნიდა ჩვენებთან თავის შვილს სომსური ენისა და ქრისტიანული მოძღვრების შესასწავლად მშობლიურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენმა სომხებმა იგი შეიძულეს და შეიზიზღეს, განსაკუთრებით კი მღვდლებმა, მაინც ამ კაცს, რომელმაც თავისი შვილი ჰერეტიკოსებს მიაბარა სწავლის მისაღებად, უკან არ დაუხევია. იგი ეუბნებოდა პატრებს, რომ ყველას ჰგონია, თითქოს მე ამგვარი მოქმედებით ფრანკი გავხდი, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევო. იმავე სიტყვებითა და მათი მღვდლების სურვილის წინააღმდეგ მეორე ყმაწვილიც გამოგვიგზავნა: რომ ჩვენს სახლში მასაც განეგრძო იმავე მოძღვრების შესწავლა და წერა-კითხვა სომხურ ენაზე.
ამ შემთხვევაში მისიონერებმა უკეთ მიიჩნიეს დამეგობრებოდნენ სომეხ მღვდლებს, რომელნიც ხშირად ხელს უშლიდნენ სამისიონერო მოღვაწეობაში. რომ არ შეერისხათ სომხებს, როძლებიც გორის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ, ხშირად დასწრებიან ჩვენს მახლობლად ერთ-ერთ სომხის ეკლესიაში. მათ ლოცვას და იმავე მღვდლებთან ერთად უგალობიათ მათი წიგნებიდან სომეხთა თანდასწრებით ფსალმუნები და სხვა კარგი ლოცვები მათივე წესის თანახმად, ზიარების მიუღებლად, იმ განზრახვით, რომ კამათის შესაძლებლობა მისცემოდათ, რათა შეეგნებინებინათ მათი შეცდომები. მცირე ხანში ასეთმა. მეთოდმა ნამდვილად გამოიღო ნაყოფი. პატრებმა იმდენად დიღი პატივისცემა დაიმსახურეს მღვდლებისაგან მათსავე ეკლესიაში, რომ თუკი მათმა ღვთის მსახურებმა პირველად გამოიჩინეს პირმოთნეობა, მერმე ხალხი პატრებს უკვე იმდენად აღარ ერიდებოდა. პატრები დიდად დაუმეგობრდნენ ერთ-ერთ ცნობილ მღვდელს, სახელად ტერსიმონეს, რომელთანაც ხშირი საუბრისა და კამათის მეოხებით შესაძლო გახდებოდა რაიმე დასკვნამდე მისვლა. ეს მღვდელი დაახლოებით ორმოცი წლისა იყო, როცა გარდაიცვალა. დარჩა შვილები სხვათა შორის, იგი შესანიშნავ უნარს იჩენდა ჩვენი წმინდა სარწმუნოების მისტერიების გაგებაში. მას კარგად ესმოდა ფრანკების სარწმუნოება, რომლებიც მიაჩნდა სწავლულებად და ნდობის, ღირსად საღმრთო საკითხებში ტერსიმონე რამდენჯერმე ყოფილა იერუსალიმში მომლოცავად და უკმაყოფილო დარჩენილა შეხედულებით ცეცხლის შესახებ, რაც სომხებს სხვებთან ერთად სწამთ. მართლმადიდებელი სამღვდელოების მიერ მოტყუებულნი არიან, თითქოს აღდგომა დღეს წმინდა საფლავიდან ცეცხლი ამოდიოდეს. ჰერეტიკოსები ამას იყენებდნენ ჩვენი სარწმუნოების გასაბათილებლად, რადგან თქვენს აღღგომას იერუსალიმში ციდან არ ეშვება ცეცხლიო. ამ მღვდელთან მრავალგზის ხანგრძლივი კამათი გაგვიმართავს ქრისტეს ორბუნებოვანი მისტერიის გარშემო.
თუმცა დასაწყისი მისთვის ძნელი გასაგები იყო, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებისა და მოძღვრების განხილვის შემდეგ ცხადი გახდა. მას სწამს, რომ სომხების მიერ აღიარებული მონოფიზიტობა ქრისტეს ერთ პიროვნებას ნიშნავდა, რომელსაც ისინი ერთბუნებოვნებისაგან ვერ ასხვავებენ, რადგან ცუდად აქვთ გაგებული წმიდა კირილე ალექსანდრიელის ნაწერები და მესამე საეკლესიო კრების დასკვნები ნესტორის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოდ თვლიდა, რომ ერთბუნებოვნება ერთი პიროვნება უნდა იყოსო; ამასთან სჯეროდა, რაკი ფრანკები აღიარებენ ორბუნებოვნებას, ამიტომ ისინი ნესტორიანები უნდა იყვნენო, სწამდა განსაწმენდელის სინამდვილე, აგრეთვე იმქვეყნიური დიდება და ჯოჯოხეთი, რომლებიც თითქოს. საჟოველთაო განკითხვისაგან არ განსხვავდებიან, და სურდა მიიღო ჩვენი მოსახრების ყოველი წვრილმანი ამ ორი მისტერიის შესახებ.
ტერსიმონეს ძალიან მოეწონა ჩვენი მსჯელობა და მტკიცება, რის შედეგადაც ბოლოს დიდად განუმტკიცდა რწმენა განსაკუთრებით ერთი მაგალითით: ერთ მღვდელს წირვის დროს თურმე გამოეცხადა ორი ურჩხული, ცეცხლოვანი არსების სახეთ. ეს ადგილი წაიკითხა ერთმა ჩვენთაგანმა იმავე მღვდლისაგან ნათხოვარ ძველი სომხური ქადაგების წიგნში, რომელიც ნათლად ადასტურებდა ორ მისტერიას, და წასაკითხად გადასცა ტერსიმონეს და ერთ მოხუც სომეხ მღვდელს ტრტირ მინასს, მათ შერცხვათ თავიანთი სიბეცისა და ამ შემთხვივის შემდეგ შეიცვალეს შეხედულება. ტერსიმონე უაღრესად აღშფოთდა და შეიგნო, რომ თავისმავე მცდარმა სარწმუნოებამ იგი ხსნის გზას მეტად დააშორა, მას შეუძლებლად ეჩვენებოდა ერთსა და იმავე დროს ფრანკების სარწმუნოების საჯაროდ აღიარება და ცხოვრება იმ ქალაქში, რომლის მკვიდრთა ნახევარზე მეტი მხოლოდ მასთან მიდიოდა აღსარების სათქმელად. მას ეს გარემოება მეტად აღონებდა ზოგიერთი ჩვენგანისათვის. ხშირად უთქვამს, ჩემს ვაჟიშვილთან ერთად რომში გავიქცეოდი, რომ ვიცოდე, ვისი მზრუნველობის ქვეშ დავტოვო ჩემი ქალიშვილები რომელნიც უჩემოდ ხიფათში ჩაცვივდებიანო. ამასთან ერთად დასძენდა, სურვილი მაქვს მთელი ოჯახით ოდიშში გავიხიზნო პატრების რეზიდენციაში საცხოვრებლადო. მაგრამ მერმე ეს აზრი აღარ გაუზიარებია ჩვენთვის იმის გამო, რომ ამ პროვინციაში სხვა სომხებიც ცხოვრობენ ერთი სიტყვით, იგი ამბობდა, რომაელი მღვდელმთავარი: მიმაჩნია ქრისტეს მოადგილედ და ყველა ქრისტიანის წინამძღვრადო (ჩვენს ეკლესიაში მის გამოსახულებას დიდ ჩარჩოში ყოველთვის სიამოვნებით უცქერდა ხოლმე). გარდა რომაული სარწმუნოებისა, მას სხვა სარწმუნოება არ სწამდა. სჯეროდა, რომ შეძლებდა იმავე ქალაქში სადმე თავის შეფარებას და ფარულად კათოლიკური სარწმუნოების აღიარებას. თუმცა, ამჯერად რაიმე გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. დაგვპირდა კი, რომ კვირა დღეებში, თუკი იგი თავის ეკლესიაში არ დააყენებდა წირვას (იქ მას ჩვეულებრივად არ ჰქონდა უმოწყალებოდ. წირვის დაყენება და ხშირად აკლდებოდა კიდეც), მოვედოდა ჩვენს ეკლესიაში წირვის მოსასმენად და თან სხვებსაც მოიყვანდა. მართლაც, რამდენჯერმე როდესაც კვირა დღეს წირვა ვერ დააყენა, ისე მოიქცა როგორც თქვა, და თავისი მღვდლების თანხლებით მოვიდა ჩვენს წირვაზე.
იმავე რეზიდენციაში ერთ მაჰმადიან სპარსელ ყმაწვილს მაჰამას, ემინბაშის მსახურს, კატეხეზმოს ვასწავლიდით და წმინდა ნათლისღებისათვის ვამზადებდით. მან ქრისტეანული სარწმუნოება იწამა. გასულ წლებში ერთ მისიონერს მისთვის მიეცა ქაღალდზე დაწერილი დარიგება, როდესაც ის კვლავ გორში დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ეს ქაღალდი უბით ეტარებინა ხანგრძლივი მგზავრობისას. მას მტკიცედ სწამდა რომ ამ ქაღალდზე დაწერილმა მრავალ უბედურებასა და სასიკვდილო ხიფათს გადაარჩინა მაშასადამე, ის რომ ასეთ განწყობილებაზე იყო და ხშირად მოდიოდა ჩვენს სახლში სარწმუნოების საკითხზე სასაუბროდ, უფალმა გონება გაუნათლა და ჭეშმარიტ გზაზე დააყენა. დიდად მოწადინებულიც იყო წმინდა ნათლობა მიეღო, მაგრამ, რადგან სპარსელი ბატონის შიშით არ შეეძლო ქრისტიანული სარწმუნოების აღიარება (გაიგებდა თუ არა იგი, მას უთუოდ მოჰკლავდა), პატრებს ემუდარებოდა, ვინაიდან თქვენი წასვლის დრო მოახლოვებულია, თქვენთან ერთად ფარულად ოდიშს წამოვალო.
ჩვენს პატრებს მიაჩნდათ, რომ კატეხიზმოს ყოველ დღე ფარულად სწავლება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გორში მოენათლათ წასვლის წინ, როგორც მაჰამა იყო მოწადინებული, ვინაიდან, თუ შემდეგში რაიმე უბედურება შეემთხვეოდა, როგორც ეს არაერთხელ ხდებოდა, ურწმუნო უმინბაშის ხელში კვლავ უარყოფდა რწმენას მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივზე უფრო ცუდად მოექცეოდა მისი ბატონი. წასვლის დრომ რომ მოაწია, მაჰამა აღარ გამოცხადდა სახლში. თითქოს შეთანხმებულნი ყოფილიყვნენ, პატრებმა იგი ნახეს ერთ სოფლის გზაზე. ეს არც გაჰკვირვებიათ, რადგან იცნობდნენ ამ ყმაწვილის ღვთისმოსაობას. სხვებს ამის შესახებ არაფერი არ უნდა სცოდნოდათ, რათა პატრონს არ გაეგო მისი გაქცევა, თორემ ეს უკანასკნელი მას დააპატიმრებდა. ეტყობა, უფალმა არ დააყოვნა, მადლი მოიღო მისი წმინდა სურვილის დასაკმაყოფილებლად.
პატრებმა ქალაქ გორიდან წასვლა ორგზის გადადეს: ჯერ ერთი, ცხენების უყოლობის გამო და მერმე შიშის მიზეზით, ყველა ერთად რომ წასულიყო, მაშინ მეფეს აცნობებდნენ და ის აუკრძალავდა. შეთანხმდნენ, რომ უფრო აზრიანი იქნებოდა ჯერ წასულიყო მარტო დონ კლემენტე სომხის ქარავანთან ერთად – სამი ცხენი, დატვირთული საკრისტიის ნივთებით, წიგნებითა და საოჯახო სხვა საგნებით. ცხენების მომვლელად თან უნდა წაეყვანათ ერთი მეეტლე. ცოტა ხნის შემდეგ უფრო მოხერხებულად გაემგზავრა ნეტარხსენებული პატრი დონ ჯუსტო ორდენის ძმა ემანუელთან ერთად.
მგზავრობაში ზოგი რამ მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ აღწერის ღირსად ვერ მივიჩნიე და გამოვტოვე. ამრიგად, ერთი მღვდლის მგზავრობა თვრამეტი დღე გაგრძელდა. პირველ ორ დღეს რა უბედურებაც შეემთხვა, მთელი მგზავრობის განმავლობაშიც იგივე მეორდებოდა, პატრს გაუძნელდა ერთი მეეტლით სამი დატვირთული ცხენის გაძღოლა, რადგან ტალახისა და ცუდი გზების გამო დატვირთული ცხენები ხშირად ვარდებოდნენ, თუმცა ზოგჯერ ღვთის სიყვარულით სომეხი მექარავნენი ეშველებოდნენ ხოლმე. მთის ერთ ქედზე ქარავანი შეიპყრეს და დააკავეს ქართველმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ორი პროვინციის – ქართლის და იმერეთის საზღვარზე იდგნენ, ამ ორ მეფეს შორის უთანხმოების გამო. ამ ცუდი ყოფაქცევის ჯარისკაცებმა ქარავანს წინ წასვლის ნება დართეს, ხოლო პატრი და მეეტლე ცხენებით და საქონლით დააპატიმრეს იმ იმედით, რომ ფრანკისათვის ბევრი პიასტრი გამოერთმიათ. წინ წასული ქარავნის მეთაურს ღვთის სიყვარულით შეებრალა პატრი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ძალიან დაუმეგობრდა იმ უდაბურ გზაზე რომ არ დაღუპულიყო, მან გადაწყვიტა დაახლოებით ორი საათი კიდევ დარჩენილიეყო პატრთან, რომ გაეგო, შეძლებდა თუ არა მის დაცვას და ადგილზე მიყვანას. მან კარგად იცოდა გზები, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ეს ყაჩაღები დიდ ფულსა სთხოვდნენ. საწყალ მისიონერს საფულეში ხუთ პიასტრზე მეტი არ გააჩნდა, ისიც საჭმლის ფულად წამოეღო, მაგრამ ისინი მაინც ვერ დააჯერა, მათთან ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწია. ჯოვანი, ასე ეწოდებოდა სომეხ ქარავანბაშს, გამოეთხოვა თანაგრძნობით და წავიდა, რომ დასწეოდა თავის ქარავანს, დატოვა უდიდეს მწუხარებასა და სიმძიმილში ჩავარდნილი კაცი მეეტლის ანაბარად, რომელიც სწყევლიდა ამ ბარბაროსთა ხელში თავის უბედობას, სხვას არც ეს პატრი აკეთებდა თავისი უკიდურესად გაურკვეველი მდგომარეობის გამო, საღამოდან დაწყებული განუწყვეტლივ ტიროდა უწმინდეს ღვთისმშობლის ფერხთა წინაშე, რომ რამენაირად ეშველა მისთვის. მისი ღვთაებრიობისათვის ყველაფერი ხომ შესაძლებელი იყო. სომხის წასვლის შემდეგ პატრი მრავალგზის შეეცადა მათი ულმობელი გული ცრემლებითა და თხოვნით მოელბო, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ.
როცა მოსაღამოვდა, თავისი კარავიდან გარეთ გამოვიდა ამ ჯარისკაცების უფროსი, რომელიც ქართველი სინიორე იყო და მთელი დღე მთვრალს ეძინა. დაინახა თუ არა ეს პატრი დაღონებული და თავის ბარგთან ახლო მდგომი, შეებრალა იგი, თანაც შეეშინდა, ამბავი არ მიეტანათ მეფისათვის მისი დაღუპვის შესახებ. ისიც იცოდა, რომ მეფეს ფრანკები ძალიან უყვარდა. მან უბრძანა ჯარისკაცებს დაუყოვნებლივ მოხმარებოდნენ ბარგის დატვირთვაში და ორი ჯარისკაცი ცხენებით გაჰყოლოდა მას, რომ ამაღამვე დასწეოდნენ დასასვენებლად დამდგარ ქარავანს, თორემ ვეღარც კი დაეწეოდნენ მეორე დილამდე. სხვა ჯარისკაცთა შორის ორმა დაუნდობელმა ჯარისკაცმა თავისი სამსაური შესთავაზა პატრს, რომელსაც გზაში მოჰპარეს ხუთი პიასტრი. მას მეტიც არ გააჩნდა, ამასთან ერთად გახადეს უსახელო ქვედა ანაფორაც და ღამე შუა გზაში მიატოვეს მეეტლესთან ერთად. შემდეგ წავიდნენ და ტყეში რამდენიმე სახლი გაძარცვეს.
მარტო დარჩენილმა ორმა კაცმა გზა განაგრძო, მაგრამ მიმართულება აერიათ. ღამის სიბნელისა და ნადირის შიშით დაეჭვებულებმა აღარ იცოდნენ, საით წასულიყვნენ, თუმცა მარტოდ დარჩენილები უფრო კმაყოფილებით მიაბიჯებდნენ, რადგან განთავისუფლდნენ იმათგან, რომელნიც მხეცებზე უარესები აღმოჩნდნენ. ეჭვი არ ჰქონდათ, რომ ისინი ბარგსაც წაართმევდნენ. ჩვეულებრივ ცხვარი მგლის თანამგზავრობისას ვერასოდეს ხეირს ვერ ნახავს. იძ იმედით, რომ შუა გზაზე ქარავანს შეხვდებოდნენ, ცხენები ააჩქარეს და განაგრძეს მგზავრობა, მაგრამ დიდი ხნის სიარულის შემდეგ განცვიფრდნენ, რომ წინა დღეს ქარავანი ძალიან შორს წასულიყო, შეყოყმანდნენ, ვაითუ ბნელ ღამეში გზა არეოდათ, და ეს მართლაც ასე მოხდა. ყოყმანი უფრო იმ გარემოებამ გააძლიერა, რომ მათ წინ აღიმართა მეტად მაღალი და გაუვალი ტყე. სინამდვილეს არა ჰგავდა, რომ იმ ღამით მგზავრებს შეეძლოთ გაეღწიათ ამ ტყეში, მიუხედავად ამისა, ეჭვი არ გამართლდა. აღარ იცოდნენ უკანვე როგორ გაბრუნებულიყვნენ, რადგან გზას არ იცნობდნენ. სიმხნევე მოიკრიბა პატრმა, რომელიც ყოველთვის ღმერთს ავედრებდა თავს, და ტყისაკენ გაეშურა იმ იმედით, რომ ტყე მალე დაილეოდა. თითქმის ნახევარზე მეტი გზა გაიარეს, მაგრამ უფალმა არ ინება მათი წინ გაშვება, რომ ნადირის მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ. წინ თურმე ერთმა სატვირთო ცხენისოდენა დათვმა ჩაიარა, რომელიც სამი ცხენის ხმაურზე დაფრთხა და ვერ გაბედა რაიმე ზიანი მიეყენებინა მათთვის, ახლო ჩაუარა გახელებულმა და თვალთაგან მიეფარა. ამის გამო ორივეს იმდენად შეეშინდა, რომ ვეღარ გაბედეს ტყეში უფრო ღრმად შესვლა და გზის განაგრძობა. ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში რამდენიმე ხანს დარჩნენ. სანხამ მეეტლემ პატრს არ უთხრა, თუ შენ ცხენებთან დარჩები, მე უკან გავბრუნდები და ტყის გავლის შემდეგ ძლიერ ყვირილსა და ღრიალს ავტეხ, იქნებ ვინმე გზად მიმავალმა გაიგონოს ჩემი ხმა, ვინ იცის, ამ უდაბურ ადგილას იქნებ ვინმე გლეხი (მიწათმოქმედი) ცხოვრობდეს კიდეც. მისიონერი დათანხმდა, დაიჩოქა მუხლებზე ცხენებთან, იმ ღამის ერთი ნაწილი თავის უბედურებაზე ლოცვაში გაატარა.
ამ ხნის განმავლობაში ის ორი ბანდიტი სხვა გზით მისულიყო იმ ადგილას, სადაც ქარავანი იდგა და ძილს მისცემოდა. პატრი რომ ვერ ნახეს, მის შესახებ აცნობეს ქარავანბაშს, რომელსაც იმდენად არ გახარებია მისი განთავისუფლება, რამდენადაც შეწუხდა ამ მისიონერის დაღუპვით. უმალვე ორი კაცი გაგზავნა იმ უდაბური ტყისაკენ. ისინი გაჰყვიროდნენ და ეძახდნენ მეეტლეს. მან რამდენიმე ხნის შემდეგ გაიგონა ღამის სიჩუმეში მათი ძახილი. ამასობაში თვითონაც დიდი გზა გაევლო. ერთმანეთს შეხვდნენ და სამივე გაეშურა ტყისაკენ, პატრი გამოიხსნეს ტანჯვისაგან და შეუერთდნენ ქარავანს. ჯარისკაცებმა მიიღეს ზოგი რამ საჩუქარი და უკან დაუბრუნეს უსახელო ქვედა ანაფორაც. როდესაც ნახეს, რომ პატრს ფული აღარ გააჩნდა და სურსათიც შემოაკლდა, სომხებმა მისცეს მას საგზაოდ საჭმელი. პატრ დონ ჯუსტოსა და მორჩილ ძმას ასე დაემართათ მგზავრობისას: გზაში პატრი ავად გახდა ცხელებით და ასეთ მდგომარეობაში ცხენით იმგზავრა დაახლოებით თხუთმეტი დღე, მთელი მგზავრობა კი ოცდახუთი დღე გაგრძელდა. ავადმყოფი გზას მოსწყდა და ცხენიდან ხრამში გადავარდა. ღვთის წყალობით მას დიდი არაფერი ევნო, მაგრამ ცხენმა ფეხი მოიტეხა. საჭირო შეიქნა მისი იქვე დატოვება ხოლო ოდიშამდე სხვა ცხენის დაქირავება. ყოველივე ის, რაც მოხდა, დაწერილია გორის რეზიდენციაში იმ ორ თვეში; რომელიც პატრ დონ პიეტროს იტალიაში მგზავრობისას მოუნდა.
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პატრი გურიის რეზიდენციის მახლობელ მხარეში ჩავიდა. დღემდე ორივეს ცნობა უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ შარშან ოდიშში მისგან დროზე ვერ მივიღე რელაცია, რომ გემების გასვლისათვის მოესწრო. ამრიგად, როდესაც პ.დ. პიეტრო მორჩილ ძმა ანდრეასთან ერთად წავიდა, აქ დარჩა სამი მღვდელი და ორი მორჩილი ძმა, ე.ი. პატრი დონ ვინჩენცო ჯილიბერტო, დონ ფრანჩესკო მარია მაჯო და დონ ქრისტეფორე კასტელი, მორჩილი ძმები ჯაკომო და კლაუდიო, რომელნიც ჩვეულებრივი საქმიანობით არიან დაკავებულნი, განუწყვეტლივ მოგზაურობენ მთელ მხარეში ბავშვების მოსანათლავად და სხვა საკრამენტების აღსასრულებლად არაჩვეულებრივი გაჭირვებით, რადგან, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, გურია არა მარტო ესაზღვრება, არამედ ოდიშსა ჰგავს მდებარეობით, ასევე ტყითაა დაფარული, ქალაქები არ გააჩნია და სახლები სულ ტყეშია გაფანტული.
ჩვენს სახლში ქრისტიანულ მოძღვრებაზე ზრდიან ექვს ბავშვს, ნაწილი ამ ბავშვებისა პატრებს მოუყვანეს იმ პირებმა, რომელთაც ისინი მკურნალობდნენ, ნაწილი მთავარმა განუწესა. მართლა რომ ჰარმონიულია ლოცვაზე მდგარი ბავშვების ჩვენებთან ერთად ნახვა, როდესაც ქრისტიანულ მოძღვრებას ზეპირად ჰყვებიან და წირვაზე ემსახურებიან ხოლმე. ამასთან დასაწყისში დაბრკოლებას ჰქონდა ადგილი: რადგან დიდძალი ხალხის ყურადღებას იპყრობდნენ, ამიტომ ხშირად სცოდავდნენ. მას შემდეგ, რაც პატრების ხელში მოექცნენ, ვნებათა მოკვდინების მაგალითით მთელი მხარე განაცვიფრეს. იქ იყო საშუალო თანამდებობის პირის მეუღლე. ქმარს მეტად ამაყი და ამპარტავანი ხასიათი ჰქონია გურიის მთავარმა მალაქიამ მას რაღაც მძიმე დანაშაულის გამო არა მარტო თვალები დასთხარა, არამედ ცოლიცა და ხელისუფლებაც წაართვა. მალაქია ოთხი პროვინციის პატრიარქია, ე.ი. გურიის, ოდიშის, იმერეთისა და აფხაზეთის, იგი განსაკუთრებულ პატივს სცემდა პატრებს. ქალს სახელად ერქვა ლელორა. ის თურქებზე გასასყიდად იყო განწირული. თურქები ხშირად მოდიან ამ მხარეში ტყვე ქალების დიდი საფასურით შესაძენად. სხვათა შორის, ერთ დღეს მთავართან პატრები ისეთ დროს შეესწრნენ, როდესაც შემთხვევით ასეთი მოლაპარაკება წარმოებდა. ისინი თანაუგრძნობდნენ იმ არსებას, რომელიც შესაძლებელი იყო იოლად დაეთმოთ ასე დიდ ფასად, ამიტომ ისეთი საბუთიანობით და თხოვნით იმოქმედეს მთავარზე, რომ მას არამცთუ გადაათქმევინეს გაყიდვა, არამედ ხელი ააღებინეს იმ მავნე ჩვეულებაზეც, რომელსაც დღემდე მისდევდა. რომ ეს ქალი თავის პროვინციაში მეტი ცოდვების მიზეზი არ გამხდარიყო, მთავარმა ისურვა მისი გადაცემა პატრების მხრუნველობის ქვეშ. პატრები მას წმინდანებად ჰყავდა წარმოდგენილი. მცირე ხნის შემდეგ ლელორას, რომელიც წინათ ცუდი ყოფაქცევისა იყო, ღვთის მსახურებმა განუწყვეტელი ქადაგებით არა მარტო გული მოულბეს, არამედ უმთავრესად მათმა წმინდა ცხოვრების მაგალითებმა მოხიბლეს იგი. მათ მფარველობაში მყოფი ლელორა სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნა, განერიდა ყოველგვარ მოკაზმულობას, ურომლისოდაც უწინ არც ერთ კაცს არ ეჩვენებოდა ხოლმე. სახლში ძველმანის ჩაცმით კმაყოფილდებოდა და თავი გაანება სიკეკლუცეს, რაც მას სახელგანთქმულს ხდიდა, სერიოზული სახე მიიღო და ფუქსავატ ცხოვრებას ჩამოცილდა, საოჯახო საქმეს მიჰყო ხელი, არაფერს თაკილობდა და სახლში ასრულებდა ყველაზე უფრო ათვალწუნებულ სამუშაოს. ის იმდენად გამოიცვალა, რომ ზოგჯერ მნახველები ძლივს ცნობდნენ ხოლმე. წარსულმი ცუდი ყოფაქცევის გამო გული სინანულით ეტანჯებოდა ხშირად დადიოდა ჩვენს ეკლესიაში და, ბოლოს, კათოლიკური სარწმუნოება აღიარა. მისი არაჩვეულებრივი და სამაგალითო ქცევა აცვიფრებდა ხალხს. მაგრამ გარდაიცვალა თუ არა მთავარი, პატრების ბედიც უკუღმა შეტრიალდა. ახალმა მთავარმა წაგვართვა ჩვენს მზრუნველობაში მყოფი ქალი და მიჰყიდა ადგილობრივ მცხოვრებს, ერთ ქრისტიან კაცს, რომელმაც ცოლად შეირთო იგი.
ამ ხნის განმავლობამი შედარებით უკეთესად ვცხოვრობთ, ეკლესიის ყველა წმინდა საკრამენტებით; სინიორ ნიკოლო დი კოჯევიკი უწინ თურქი მაჰმადიანი იყო, ხოლო შემდეგ ჩვენებმა კათოლიკედ მოაქციეს. მის მიერ კათოლიკური სარწმუნოების აღიარება ღვთის მონიჭებული მადლით ცნობილ სასწაულად იქცა და განაცვიფრა არა მარტო გურია, არამედ მისი ახლომახლო მხარეებიც, ამიტომ ღირს, რომ მის შესახებ დაწვრილებითი რელაცია მოგწეროთ, დიდად პატივცემულო თქვენო უგანათლებულესობავ.
სინიორ ნიკოლო დი კოჯევიკი დაბადებით ქრისტიანეა სიენადან (იტალია). მამამისი რომელიღაც კათოლიკე პრინცის ფლორენციის დუკას გულადი ჯარისკაცი ყმაწვილობაში გაბედული და ღონიერი ყოფილა. შვილსაც აღეძრა მოგზაურობის და ქვეყნების ნახვის სურვილი, გადაწყვიტა მამის მაგალითისათვის მიებაძა ომში, სადაც ფეხში დაიჭრა და საგრძნობლად დასახიჩრდა კიდეც. თურქებმა ტყვედ ჩაიგდეს იავარქმნილმა ქრისტეს სარწმუნოება უარჰყო და, ამგვარად, ყველაფერში მიბაძა რა მათ, სასტიკი თურქი შეიქმნა. ნიკოლოს მაგიერ ეწოდა ფერინდონი, ჩავიდა კონსტანტენოპოლში და დაახლოებით ოცდახუთი წელი იცხოვრა თურქ ქალთან, მრავალ ცოდვაში გაეხვია. იქ ასე თუ ისე შეისწავლა ზოგადი მედიცინა. ერთი სიტყვით, ამ დროს მას იქ შეხვდა მთავარ გურიელის ელჩი, რომელსაც დავალებული ჰქონდა მკურნალის ჩამოყვანა კონსტანტინოპოლიდანი მან გადაწყვიტა აღნიშნულ ელჩთან ერთად გურიაში წამოსვლა და. მთავარ გურიელის კარზე სამსახური როდესაც გურიაში ჩამოვიდა, მთავარმა რომელიც უკვე მოხუცებული და დაავადებული იყო, იგი მიიღოთ როგორც ერთი საოცრებათაგანი, თავისი ხანდაზმულობისა და ცხოვრების დასაყრდენი, თავისი ჯანმრთელობის ბედი მას ჩააბარა. ფერინდონი ტანმაღალი იყო, სახით სერიოზული, გრძელი წვერითა და გარეგნობით მიმზიდველი. უდიდეს ნიჭსა და მონდომებას იჩენდა განსაკუთრებით ენაში. ჰფლობდა იტალიურს, ლათინურს, თურქულს, სლავიანურსა და ქართულ ენებს, როდესაც მთავარი დარწმუნდა, რომ იგი კარგად მკურნალობდა, თავისი სამფლობელოს ქვეშევრდომად გახადა, ქონებით გაამდიდრა: მისცა სახლები, მონები9 (schiavi), უფლება დართო და კარგი ოჯახიშვილის ორი ქალიც მიათხოვა, რომლებიც მას ემსახურებოდნენ მაჰმადიანური რჯულით. შემდეგ, როდესაც ჩვენი პატრები გურიაში ჩამოვიდნენ, ფერინდონმა გაითვალისწინა, რომ პატრები სარწმუნოებითა და ცხოვრებით. განსხვავებული არიან, თუმცა ეროვნებით, როგორც თვით ისინი იტალიელებია, და ისე ძლიერად აინთო სიძულვილით მათდამი, რომ დევნა დაუწყო. როდესაც ამ საწყალი მისიონერების სახლე ხანძარმა შთანთქა, მან სახალხოდ თავისი სიხარული ასე გამოხატა: ღმერთმა ჩემს მაგიერ შური იძიაო. ამის გამო იყო, რომ ხალხმა ჩვენი სახლის დაწვა მას მიაწერა, თუმცა ისინი მართალნი არ იყვნენ.
ვინაიდან ჩვენს პატრებს ჩვეულებად ჰქონდათ წმინდა სარწმუნოების ქადაგება ფერინდონს უდიდესი შური და მძულვარება აღეძრა პატრებისადმი განსაკუთრებით მედიცინის ნიადაგზე. იგი ყოველწაირად ცდილობდა ღვთისმსახურები გურიიდან განედევნა. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, შემთხვევას ეძებდა, რომ ერთი ჩვენთაგანი მოეწამლა. ასეთ სისაძაგლეზე ნებას არა რთავდა მთავარი, რომელმაც ის თავის ჯანმრთელობისათვის ჩამოიყვანა. პატრები ფირინდონთან სარწმუნოების საკითხზე მრავალგზის კამათობდნენ. მას ბრაზი ერეოდა დიდი გავლენა და ძალა რომ არ შესწევდა იმის სიტყვებს მაჰმადიანობის დასაცავად. სხვათა შორის განმეორებით უნდა ითქვას, რომ დიდად სწამდა მაჰმადიანობა და სჯეროდა მისი ძლიერებისა. თითქოს შეეძლო რაიმე სასწაულის მოხდენა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია და კამათი მიატოვა.
რადგან იგი ვერ ისვენებდა, დიდი ხნის განმავლობაში კარჩაკეტილად ცხოვრობდა, როცა ჩაუფიქრდებოდა მისიონერების საწინააღმდეგო მოქმედებას, შფოთავდა, რაც ჩვეულებრივია მომთმენი გულის ადამიანისათვის. მსგავსს მოვლენას აქვს ადგილი, როდესაც უცხო ქვეყნებში მშობლიური ენა და ჰავა მოუნჯება კაცს, რომელსაც ბუნებრივად იზიდავს გლეხის ტკბილი საუბარი, ასევე ვეღარ შეძლო თავი შეეკავებინა და სამი წლის მდუმარების შემდეგ არ განეახლებინა ხშირი და მეგობრული კამათი პატრებთან, რომელნიც სათნო კრავებივით ყოველთვის ცდილობდნენ იგი არ გაეჯავრებინათ, წმინდა და გულჩათხრობილმა ტანჯვამ, ხშირმა მსჯელობამ, უმეტესად კი ამ პატრების უმანკო ცხოვრების მაგალითებმა (იგი ხმირად დადიოდა ჩვენს სახლში). საბოლოოდ გაუხსნა გონება, მას სიტყვიერადაც გააცნეს ის ჭეშმარიტება, რომ ოიდარვა წლის განმავლობაში ბინძურ, საძაელ მაჰმადიანურ სარწმუნოებას აღიარებდა და ქრისტეს რჯულს მოშორებული იყო.
როდესაც ხანგრძლივ სიბნელეში მყოფმა თვალები გაახილა სინათლეში, მაშინვე ბუნდოვან ქაოსში ჩაიძირა და, ახლად გონებგანათებული, ვითარცა საული, სამი დღე კი არ დარჩა დაბრმავებული, არამედ სამი თუ ოთხი თვე გაბრუებული თავის ჭკუაზე არ იყო. მას ელანდებოდა, თითქოს დიდ ზღვებში ცურავდა ან მიუდგომელ მთებზე ადიოდა. ერთის მხრით, თუკი წინ აყენებდა ქრისტიანების უბედურ და უგულვებელყოფილ ცხოვრებას, მას უპირისპირებდა პატივისცემასა და პატივმოყვარეობას რომელიც ამ მხარესა და მთელ აღმოსავლეთში თურქების გარყვნილების დამახასიათებელია, მეორე მხრით, როგორც სულგრძელ არსებას, მას სთავაზობდნენ მრავალი ცოდვისაგან მონანიებასა და განწმენდას. სხვათა შორის, უარს ამბობდა თავის ორ ხასაზე, ერთისაგან ორი შვილიც კი ჰყავდა. როგორც იგი ამბობდა, ამ ქალებს ორი ჯაჭვით შეუბრალებლად შებოჭილი აქვთ ჩემი გულიო. კვნესისა და ოხერს გარდა, სხვას არაფერს არ აკეთებდა, თითქოს დაჭრილიაო, მაგრამ მთლად პატრების გავლენის ქვეშ არა. პატრის დაჟინებით მოთხოვნით ერთ დღეს ალყორანი გადაუგდეს, რომელსაც იგი მუდამ ყელზე ატარებდა და მის ადგილას ჯვარი ჩამოკიდეს, რომ დაენახა მის მთავარ ციხე-სიმაგრეზე აფრიალებული ჯვარცმის ახალი ალამი, რომ ამიერიდან უფრო მეტად ებრძოლა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. მის ოჯახში ერთთავად ტირილი ისმოდა როგორც მისი, ასევე მისი ხასებისაც. აცრემლებული ეთხოვებოდა თავის ცოლებს და კათოლიკურ ქრისტიანობაში დაბრუნებას ამცნობდა მათ.
იგი პატრებთან თათბირობდა სულიერი ხსნისა და ცთომილების შესახებ, რომელშიაც დიდ ხანს იყო ჩავარდნილი, და, ასე ვთქვათ, რაც უფრო მეტად აღიზიანებდა ცრემლი, რომელიც სანეტარო ხდებოდა, ამავე დროს უფრო ხელს უშლიდა, ვიდრე უმსუბუქებდა მის მთლიან მოქცევას. ხოლო უფალმა, რომელიც სასოებით უცქეროდა მის სიკვდილს, აღარ დააყოვნა და სნეულება მოუვლინა მას. დაავადმყოფებულმა ნიკოლო კოჯევიკმა ერთ დღეს წერილი მისწერა ჩვენ მისიონერებს, გორის ეპისკოპოსის წმ. ნიკოლოს დღესასწაულის წინა ღამეს (ამ წმინდანის სასწაულმოქმედება ჩვენა გვწამს). აღნიშნული დღესასწაულის ღამეს მან მოიპოვა და ხელახლა დაიბრუნა ის სახელი, რომელიც მას დაარქვეს წმინდა ნათლობისას, ხოლო შემდეგ უარჰყო და გამოიცვალა სარწმუნოებასთან ერთად.
წერილში პატრს დაჟინებითა სთხოვდა საჩქაროდ მისულიყო მასთან აღსარებისა და ქრისტეს წმინდა ეკლესიასთან შესარიგებლად, ვინაიდან იგი ქრისტიანად იყო დაბადებული. ღვთის სიკეთეს ადიდებდა უფალმა გაჭირვებაში ჩამაგდო, ამიტომ მსურს პატრების დახმარებით დავიხსნა სულიო. პატრი დაუყოვნებლივ მივიდა მის ოჯახში და აქვითინებული მოინათლა იმ პირობით, რომ მკაცრ მონანიებას გაივლიდა. გამოჯანსაღების შემდეგ მან უარჰყო მაჰმადის ყალბი სექტა, პატრისა და თავისი სახლობის თანადასწრებით დასწვა ყველა თურქული წიგნი და ორი დღის შემდეგ ცრემლებითა და სასოებით აღელვებულმა მიიღო ევქარისტიის მეორე საკრამენტოც.
განიკურნა თუ არა ავადმყოფობისაგან ნიკოლო მაშინვე განმარტოვდა მეტად პატარა ოთახში, რომელიც საგანგებოდ ააგო თავისი ეზოს ერთ კუთხეში, რომ შესდგომოდა მონანიებას. ერთი ცოლი, რომელთანაც შვილი არა ჰყავდა, გაათავისუფლა, მეორე კი დათანხმდა, რომ მონანიების გზას დაადგებოდა, თავისი ტანსაცმელი გაიხადა; ჩვენი ჩაიცვა და მეორე ოთახში განმარტოვდა ორი შვილით ნიკოლომაც ჩაიცვა ბალნის ძაძა, რომელიც კანს ხეხდა, თავი მისცა ლოცვებსა და თავისი ცოდვების მონანიებას, თავს იწვრთნიდა მკაცრი რეჟიმით. იძინებდა შიშველ ფიცარზე, კვირაში უმეტეს დღეებს მარხულობდა. ჩვენს ეკლესიაში ხშირად დადიოდა საკრამენტებზე, ცოდვები გამოისყიდა სათნო ქცევით, აღარ ჰყიდდა ქრისტიან ტყვეებს თურქებზე, ურიგებდა ქონებას ყველას და დიდ სიღარიბეში ჩავარდა, რასაც იტანდა იესო ქრისტეს სიყვარულისათვის პირად მტრებს შეურიგდა. წინათ მათ ძალიან ცუდად ეპყრობოდა, როდესაც მთავრის მფარველობით სარგებლობდა. ახლა შარა გზაზე დადიოდა, რათა მათ ფეხთა. წინ დამხობილიყო საამბორებლად, როგორც მაჰმადიანი. ბუნებით ამპარტავანი იყო, მთელ გურიას შიშის ზარს სცემდა. ერთხელ სახალხოდ გაჯოხა ერთი თავისი მტერი, კალებუკი, ამ მხარის ყველა სომხის მეთაური. სხვა მსგავს რამესაც სჩადიოდა მთელ ამ პროვინციაში მთავრის მხარდაჭერით და არავისი შიში არა ჰქონდა. შემდეგ უწყინარ კრავად გადაიქცა. არავის უხილავს თავი მაღლა აეწიოს მისი მოქცევის დღიდან სიკვდილამდე.
ერთი წელი და რამდენიმე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. საცოდავი ავადმყოფობასა და სიღარიბეში ჩავარდა. უფალმა ინება ეს მრავალტანჯული კაცი შეეწყნარებინა. ძალიან გვთხოვდა მიგვეღო ჩვენი სარწმუნოების მორჩილ ძმობაში, ამისათვის გურიიდან ოდიშს ჩამოვიდა, რომ დანარჩენ ჩვენს პატრებს მოლაპარაკებოდა, რომელთაც იმედი მისცეს თუკი ურყევად დარჩებოდა და დაწყებულ კეთილ ცხოვრებას განაგრძობდა გარკვეული დროის მონაკვეთზე. სიკვდილს რომ არ ემსხვერპლა, საქმე სხვაგვარად არც იქნებოდა, რამდენადაც ავადმყოფობა საშუალებას აძლევდა, იგი უჩვეულო ენერგიითა და გულმოდგინებით უქადაგებდა ჩვენს წმინდა სარწმუნოებას თურქებს (მაჰმადიანებს), სომხებსა და ქართველებს და წარმატებასაც აღწევდა. სხვათა შორის, დაიყოლია მთავარი, რომელიც უწესო ცხოვრებას ეწეოდა, ეღიარებინა თავისი ცოდვები საქვეყნოდ, რამაც ყველას განცვიფრება და სიხარული გამოიწვია. ეს შეასრულა ნიკოლომ მხოლოდ თავისი სიკვდილის წინ.
ერთ დღეს აღგზნებული ლანძღავდა იმათ, ვინც ბერძნულ-ლათინური ეკლესიების ერთმანეთისაგან გათიშვის მიზეზი გახდნენ. დიდი სურვილი ჰქონდა ქრისტესათვის წამებული სიკვდილი მიეღო და ავადმყოფებს მომსახურებოდა ღვთის სიყვარულით იმ საავადმყოფოში, რომლის აშენებას დაჰპირდა გურიის მთავარი. ამას კიდევაც შეასრულებდა, რომ არ გარდაცვლილიყო უწმინდესი სამების დღესასწაულზე. ჩვენი პატრების საზეიმო წირვაზე ეკლესია სავსე იყო ქართველებითა და სომხებით საკურთხეველს მიუახლოვდა ნიკოლო მეუღლესა (მოქცევის დროიდან სიკვდილამდე ამ ქალს აღარ მიჰკარებოდა) და ორ ქალიშვილთან ერთად. სამივეს თეათინელების ტანსაცმელი ეცვა. მსხვერპლის შეწირვის შემდეგ, მღვდლის წინ დაჩოქილმა, ქვითინითა და ცრემლით ხმამაღლა წაიკითხა წერილი, რამაც ყველა დამსწრეს გული აუჩუყა. ამ წერილით უწმინდეს სამებას სწირავდა თავს, ცოლსა და ორ ქალიშვილს უტოვებდა უფალს ნეტარხსენებული ჩვენი დედის სუორ ორსოლას სამონასტრო წესდებისა და ჩვენი მფარველობის ქვეშ. გარდა ამისა, პატრებს უწყალობა თავისი სახლი, მოსამსახურენი, მიწები და ქონება. უფალმა ინება 3 თვის ავადმყოფობის შემდეგ მოეკითხა იგი ყველა წმინდა საკრამენტით. და 1638 წლის 29 დეკემბერს მან განუტევა სული. მთელი ამ მხარის დამქცევი პიროვნების კათოლიკობაში მოქცევა მიზეზი გახდა იმისა, რომ მისიონს მადლობა გადაუხადეს და მრავალმა მიიღო კათოლიკობა, კერძოდ მთავარმა და შემოქმედელმა ეპისკოპოსმა ამჟამად ამ პროვინციის პატრიარქმა, რომელიც მისი პირადი მტერი იყო იმ ხანად, როდესაც იგი მაჰმადის სჯულზე იყო შემდგარი და დიდი მეგობარი გაუხდა მას შემდეგ, რაც მან კათოლიკური სარწმუნოება აღიარა.
ნიკოლოს სიკვდილმა ავადმყოფების დასახმარებლად წასულ მისიონერებს ჩვეულებრივზე უფრო მეტად მისცა შემთხვევა ტყე-ტყე ევლოთ მთელ გარშემო მდებარე მხარეში და, ამგვარად, უფრო ხელსაყრელი გარემოება შეექმნათ წმინდა სარწმუნოების საქადაგებლად და აქ ბოროტად გამოყენებული ჩვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. დიდი მოწიწებით უსმენდა მათ ხალხი, მდიდარი თუ ღარიბი, მრავალმა სარგებლობა ნახა არა მარტო თავისთვის, არამედ ცდილობდნენ, რომ სხვებსაც ასევე ესარგებლათ. მესხეთის სინიორემ ბავშა ქავთარაძემ და მამუკა ვასკორტოშვილმა, დადიანის ცოლის ძმამ (სიძემ), პატრებისაგან კარგად შეისწავლეს სულიწმინდის გადმოსვლა. ამ მოძღვრებას იცავდნენ სხვების წინაშეც, როცა კი მსჯელობის საჭიროება ამას მოითხოვდა ხოლმე. წარჩინებულმა თავადმა მამუკა ნაკაშიძემ სინიორების წინაშე სიტყვა წარმოსთქვა და აუხსნა, რომ ფრანკები ქრისტეს სახარების ნამდვილი აღმასრულებელნი არიანო უნდა ვაღიარო, რომ ყველა ქვეყნის მტარვალის წინაშე ქრისტიანობას იცავენ და მისთვის სიკვდილსაც არ ერიდებიან დასასრულს (როგორც მათ სჯერათ) ზეციური სასუფევლისათვის თავი დაუსაჭურისებიათ, ხორციელი სიწმინდის დასაცავად, და ასკვნის, რომ ესენი ჭეშმარიტი მოციქულებრივი კაცები, არიანო.
ბევრმა ქალბატონმა და მათ შორის ერთმა ბარონესა ნიკოდიამ, გურიის მთავრის ქალმა თამარმა, იმერეთის დედოფალ-ყოფილმა, როდესაც ქადაგების დროს მოისმინეს ჩვენი მისიონერებისაგან, რომ საფრანგეთის მონასტრებში ქალები, ხორციელ სიამოვნებს განრიდებულნი, სიწმინდით ღმერთს ემსახურებიანო, მწუხარე გულითა სთქვეს, სხვათა შორის, ეს სიტყვებიც: „ეჰ, როდის გვაღირსებს ღმერთი, რომ აქედან გავიპაროთ და იქ ღვთის სამსახურისათვის ვიცხოვროთო“.
ელიზბარ მარაშვილმა, რომელიც დიდი პიროვნებაა და ყველაზე ბრძენი ამ მხარეში, ჩვენს სახლში თავადების ერთი ჯგუფი მოიყვანა (ისინი თათრებზე ჰყიდდნენ საკუთარ შვილებსა და ტყვეებს) იმ მიზნით, რომ პატრებს ექადაგათ ტყვეთა გაყიდვის უდიდეს ბიწიერებაზე, რაც მათ უდიდესი სიამოვნებით შეასრულეს. ელიზბარ მარაშვილი ფიქრობდა, ამის საწინააღმდეგო ყველაზე უფრო ძლიერი წამალი მხოლოდ ფრანკების ქადაგებააო.
ამ მოსაზრებას ამართლებდა ერთი შემთხვევა, რომელიც ღირსია აღნიშვნისა, პატრებმა დიდ სათნოებაში აღზარდეს 13 წლის ერთი ქართველი ყმაწვილი, მათი მონა, სახელად მიქელე, რომელიც დაჯილდოეუბლი იყო დიდი ნიჭით, კარგი სულიერი თვისებებით და სხეულითაც ლამაზი იყო, ამ ყმაწვილის შესახებ ამბავი მიუტანეს ახალ მთავარს, მისიონის მტერს, რომელმაც პატრებს გაუგზავნა შიკრიკი და აცნობა წერილობით, ხსენებული ვაჟი თურქების ერთ ფაშას უნდა მივყიდოო, რადგან მთელ ჩემს მხარეში ვერ მოგნახე უკეთესი – კოხტა ვაჟიო. ამაზე პატრებმა მთავარს დასაბუთებულად უპასუხეს და ემუდარებოდნენ არ მიეყენებინა მათთვის უსიამოვნება რადგან ისინი თანახმანი იყვნენ საკუთარი სისხლი დაექციათ ამ ყმაწვილეს გასათავისუფლებლად ჯოჯოხეთიდან. მთავარი ასეთმა პასუხმა არ დააკმაყოფილა, გადაწყვიტა კაცების გაგზავნა, რომ მათ ყოველი საშუალება გამოეყენებინათ და ეს ვაჟი პატრებისთვის წაერთმიათ ჩვენებმა შეიტყვეს თუ არა ეს გადაწყვეტილება, ბავშვი მაშინვე წაიყვანეს ეკლესიაში, სადაც მუხლმოყრილებმა უფალს შეავედრეს მისი უბედურება. პატრებმა იგი შეახვედრეს ხელმძღვანელებს და იმდენი ილაპარაკეს ამ ცოდვის წინააღმდეგ, რომ დაარწმუნეს ისინი და გული მოულბეს, ისე რომ მათვე გააგზავნეს კაცი მთავრისათვის ეთქვა, რომ უმაღლეს სასულიერო პირს არ ეკადრებოდა ღვოის მიერ ბოძებული უმწიკვლო არსება თურქების ხელში დაეღუპა. თუ მაინც და მაინც ასეა გადაწყვეტილი, პატრები კმაყოფილნი იქნებოდნენ ბავშვის მაგიერ მის მიერვე არჩეული ერთ-ერთი პატრი დაეთმოთ თურქებისათვის, რადგან პატრი ქრისტეს სარწმუნოებას არ უარჰყოფდა თურქების ხელში, ამავე დროს ერთ არსებას გადაარჩენდა, ვინაიდან ჩვენი ხსნისათვის ისურვა სიკვდილი თვით ღვთისშვილმაო.
ამგვარი მსჯელობა მთავარს მოეწონა და პატრების გულშემატკივრობამ მთელი ეს პროვინცია უზომოდ განაცვიფრა. ყველამ მოიწადინა, რომ თავიანთი შვილები, ასეთ შემთხევევაში, პატრების ხელში მოხვედრილიყვნენ. მოხდა ისე, რომ ზემოხსენებული მესხეთის სინიორე ბავშა ქავთარაძე ლოგინად ჩავარდა, ერთ ჩვენთაგანს მესხეთში წასვლისა და ქადაგების საშუალება მიეცა. მან სარწმუნოებაში მოაქცია ის ხალხი თუმცა ისინი ქართველები არიან და გურიიდან ორი დღის სავალზე ცხოვრობენ, მაინც დიდი სულთანის გამგებლობაში იმყოფებიან და ბევრი ქართველი ქრისტიანული სარწმუნოებიდან მაჰმადიანობაში გადადის. სხვათა შორის, ერთი ქართველი, სარწმუნოებით უკვე მაჰმადიანი, სახელად აზინა, პატრის მიერ შთაგონებული დაჰპირდა, რომ გულით ირწმუნებდა იესო ქოისტეს და თავისი ცოდვების აღსარებასაც იტყოდა, მაგრამ ეს მისიონერი სწორედ ამ დროს უკან გამობრუნდა და ეს ხელსაყრელი შემთხვევა მან ასე მოაგვარა: რადგან აზინა საკმაოდ არ იყო განწყობილი და მომზადებული, ამიტომ, რასაც კი ეს წერელობით დაჰპირდა სარწმუნოების საკითხში, პატრის დაბრუნებეს შემდეგ საქმით უნდა გაემართლებინა.
იმხანად წმინდა მისიონი ამ პროვენციაში იფურჩქჩებოდა. უზომოდ უყვარდა ისინი მთავარსა და ამავე დროს პატრიარქ მალაქიას. მან მიგვიჩინა სახლი, გვიბოძა მამულები, მსახურები და ყმები ოჯახებიანად, როგორც თავის დროზე ამის შესახებ უკვე მოგწერეთ. ის უვლიდა და მფარველობდა პატრებს, როგორც თავის საკუთარ შვილებს. ერთ დღეს, პურის ჭამისას იგი სცადა აეღელვებინა მისმა ძმამ ვახტანგმა, რომელიც ახლა სამთავროს მემკვიდრე გახდა და სამთავროდან პატრების განდევნა განიზრახა, როგორც მწვალებლებისა და ორთოდოქსალური სარწმუნოების შემბღალველებისა. მთავარმა ამაზე მშვიდად უპასუხა, რომ სარწმუნოებიდან გამორიცხული უნდა იყოს ყოველგვარი უთანხმოებაო, რადგან ასეთი ბრძენი და კეთილი ადამიანები არასდროს არ მოსულან ჩემს სამფლობელოშიო. მას არა მარტო უყვარდა პატრები, არამედ აფასებდა და აღტაცებული იყო, როცა სხვებიც, მისი თანდასწრებით, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამდნენ მათზე. მას სიამოვნებდა ჩვენს ეკლესიაში წირვაზე დასწრება და ხშირად დადიოდა, აღფრთოვანებული იყო მათი ყოფაქცევით, ცერემონიებითა და სასოებით შესრულებული წირვით. იგი იმდენად მოხიბლული იყო ღვთისმოსაობით, რომ ხშირად წარჩინებულ პირთა თანხლებით მოდიოდა ჩვენს სამყოფში და გაკვირვებული რჩებოდა პატრების მოწესეობით. ყველას ეუბნებოდა: „თუ ესენი აქ, დიდ სიღარიბესა და უცხოობაში მყოფნი, პატივსა სცემენ ღვთის კულტს, მაშ რაღა იქნება მათ სამშობლოშიო“. საბოლოოდ ჩვენების სათნოებით განცვიფრებულმა, მტკიცედ გადაწყვიტა თავისი შემოსავლიდან აეშენებინა ერთი პოსპიტალი ავადმყოფებისათვის, რომელსაც გადასცემდა პატრების მზრუნველობის ქვეშ. მაგრამ მძიმე ავადმყოფობამ შეიპყრო და 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1639 წელს და მისი სიკვდილის შემდეგ მისიონერების ეს წმინდა რეზიდენცია დასტოვა უკიდურეს მწუხარებასა და შიშში.
დადიანმა, როდესაც თავისი მტერი სიმონ ხანი10 დაამარცხა ბრძოლაში, ტყვედ ჩააგდო, თვალები დასთხარა და გურიის სამთავროდან განდევნა, სიმონის ბიძა, გურიის მთავარი მალაქია, ამ მხარის მთავრად და პატრიარქად დაადგინა. როდესაც შეიტყო მისი გარდაცვალება, იმის გამო, რომ სამფლობელო არ დამეკარგოსო. სასწრაფოდ იქ გაჩნდა თავისი ჯარით, ისე რომ ვერავინ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ჯარის მძვინვარებისაგან თავი რომ დაეღწიათ, პატრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს სხვებთან ერთად ტყეში გაქცეულიყვნენ და გაფანტულ სახლებში თავი შეეფარებინათ, ეს გაჭირვებაც აეტანათ სხვა ბევრ უბედურებასთან ერთად, რადგანაც იმ წელს მორგეთში, სადაც მათი სახლი იდგა, გავრცელებულმა სენმა ღვთის მსახურებს დიდი ვნება მოუტანა. დადიანმა, შემოვიდა თუ არა ჯარით, დაიპყრო ეს მხარე და სხვათა სურვილის წინააღმდეგ მოითხოვა მთავრად ყოფილიყო მალაქიას ძმა, მისიონის უდიდესი მტერი, ვახტანგი. ჩააბარა თუ არა მას საგამგეოდ გურიის სამთავრო, ოდიშში დაბრუნდა და თან წაიღო გარდაცვლილი მთავრის დაახლოებით ერთ მილიონად ღირებული მთელი ქონება.
მთავარმა ვახტ:ნგმა, ხელთ იგდო რა დაშოშმინებული სამფლობელო, იწყო მისიონის დარბევა. მან ჩამოართვა არა მარტო ზოგიერთი ყმის ოჯახი, მიწები, არამედ მოისურვა საცხოვრებელი სახლის წართმევაც. ბავშვები და დანარჩენი ყველაფერი დაურიგა თავის ფავორიტებს (რჩეულებს). გარდა ამისა, იმსახურებდა ხოლმე პატრებს, რომელთაც უწოდებდა თავის მსახურებს, იგი ძალდატანებით გზავნიდა მათ ყველგან, რათა მომსახურებოდნენ მის ავადმყოფებს და არ დაგიდევდათ იმას, რომ თვით პატრები ციებცხელებით იყვნენ დაავადებულნი, თანაც ემუქრებოდა, რომ მომავალში მათ უფრო სასტიკდ მოეპყრობოდა ვარაუდობდა, რომ ისინი ასე შევიწროვებულნი და შიმშილით დაოსებულნი იქნებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში, რადგან საფრანგეთიდან დახმარებას ვერ მიიღებდნენ და ოდიშშიც ვერ გაიქცეოდნენ, რაზედაც ისინი მართლაც ფიქრობდნენ. მთავარმა პატრებს მიუგზავნა თავისი მოხელენი და უბრძანა ყველას დაეფიცა, კათოლიკური ჩვეულების შესაბამისად, ერთ ხატზე, რომ მის სამფლობელოდან არასდროს არსად არ წავიდოდნენ. პატრებსა და მორჩილ ძმებს ამის ჩადენა არ უნდოდათ არავითარ შემთხვევაში.
ეს მოხელენი მივარდნენ მორჩილ ძმას კლაუდიოსა და კისერზე აღმართული გაშიშვლებული ხანჯლით ემუქრებოდნენ, რომ თუ არ დაიფიცებდა, აქვე მოჰკლავდნენ. ამის გამო, უკიდურეს გაჭირვებამდე მისულმა ერთმა მორჩილმა ძმამ ყოყმანით და რუდუნებით, იმის შიშით, რომ ღვთის წინაშე ცოდვა არ ჩაედინა და გაწბილებული არ მომკვდარიყო – დასთანხმდა მიეცა ფიცი მათთვის, არ დასჯერდა რა ამას, ვახტანგმა მიუჩინა დარაჯები, რომელნიც თვალ-ყურს ადევნებდნენ ყოველგვარ საეჭვო მოქმედებას, ისე რომ გაქცევა შეუძლებელი შეიქნა.
ამგვარად, საბრალო პატრები ყმებად დარჩნენ მძიმე მონობაში. გარდა ამისა ერთ მორჩილ ძმას ოდიშში წასვლა მიენდო. ეს ამბავი გაიგეს მთავრის მსახურებმა და ამის გამო მას საჯაროდ სცემეს. რადგან გაქცევა აღარ შეეძლოთ, ყველას აზრად მოუვიდა. დიდ თავადს, დადიანის სიძეს (ცოლის ძმას) მამორა თამელეიას მსახურებად დასდგომოდნენ. გაიგეს თუ არა ძმების გაჭირვება, ოდიშში მყოფ პატრებს შეებრალათ და მაშინვე გაეშურნენ დადიანთან, დიდის ვაივაგლახის შემდეგ მთავრისაგან მიიღეს წერილი, რომელშიაც ვახტანგს სთხოვდა ოდიშში გამოეგზავნა ღვთის მსახურნი, რომელთაც მის სამთავროში მეტი დარჩენა აღარ უნდოდათ, ნუ გადააქცევდა მონებად იმათ, ვინც ფრანკების სახელს ატარებდნენ და მის სამფლობელოს უსაზღვრო სარგებლობა მოუტანეს.
ამგვარად, დადიანმა გურიაში გააგზავნა ჩვენი პატრე ვიკარი (მოადგილე) ამ წერილით, მისცა ნავი და მეგზურიც გააყოლა, რომელსაც უკანვე უნდა წამოეყვანა ჩვენი მეგობრები. ის ჩავიდა გურიაში და წერილი გადასცა ვახტანგს. მთავარმა უპასუხა, რომ იგი დადიანს დააკმაყოფილებდა, ფრანკებს კი მისი ქვეყნის გარეთ წასვლის ნებას არ მისცემდა, რადგან ისინი ღმერთმა სამთავროსთან ერთად უწყალობა, – ბატონო, – დასძინა პატრმა, – მართალია; უფალმა თქვენ სამთავრო მოგცათ, მაგრამ ფრანკები მონები კი არა, პაპის ქვეშევრდომნი არიან და იესო ქრისტეს მსახურნი; იესო ყველას პატრონია და უფრო ძლიერი, ვიდრე თქვენ თვითონ ბრძანდებითო.
ამაზე მთავარმა მიუგო, თითქოს ამით პატრებს შეაშინებდა და ხელს ააღებინებდა თავიანთ განზრახვაზე რომ მათ ტიტვლებს გაუშვებდა თავისი სამთავროს გარეთ, მაგრამ ამის საპასუხოდ პატრებმა ყველას თანდასწრებით აქვე გაიძვრეს ფეხსაცმელები ფეხებიდან, მტვერი გაიბერტყეს და უთხრეს, რომ სახარებაში ქრისტეს მიერ მიცემული წესისამებრ მათ არ სურდათ თან წაეღოთ ამ ქვეყნიდან მტვერიც კი, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელნი დიდად დამაშვრალნი და სარგებლობის მომტანი უგულვებელჰყო და არ მოისურვა პატივი ეცა ჭეშამრიტ ღვთისმოსავთათვის. ამის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ თუ არა, მათ ბინას გარს შემოერტყნენ მთავრის რაზმის ჯარისკაცები, რომელთაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დაჰყვეს აქ, რათა პატრები არსად გაპარულიყვნენ.
როდესაც დადიანმა ნახა, რომ პატრი მარტო დაბრუნდა და ამავე დროს მისგან არც ბარათი მოუტანა, ძალიან გაჯავრდა რდა აღშფოთებულმა მეორე წერილი მისწერა. ამჯერად გურიის მთავარი იძულებული შეიქმნა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მონებად ქცეული მისიონერები დადიანისათვის გაეგზავნა. დადიანმა ისინი გადაიყვანა ოდიშის ადგილსამყოფში, მორჩილ ძმა კლაუდის გარდა, რომელიც დღემდე იქ დარჩა თავისივე მიზეზით. მასაც მალე ვიხილავთ.
პატრების განშორებამ დიდი მწუხარება და სიბრალული გამოიწვია ყველა იმ ხალხში, რომელთაც გულწრფელად უყვარდათ ისინი, აღმოჩნდა, რომ ამ მხარეში მონათვლა არაკანონიერი წესით სრულდებოდა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ბავშვების საიდუმლოდ მონათვლა. ეს ამბავი მაშინვე ვაცნობეთ გურიაში. პატრებმა ეს საქმე ერთ თვეში მოათავეს, მანამ, სანამ ეს რეზიდენცია აქ გადმოვიდოდა, და დრო აღარ დარჩათ მოენათლათ ოცდათერთმეტზე მეტი ბავშვი. მომავალში იმედი გვაქვს ღვთის წყალობით, გავხსნათ რომელიმე სხვა რეზიდენცია ისეთ ადგილას, სადაც ხალხს სარგებლობას მოვუტანთ, თუკი ბარბაროსი მომავალში გზას არ გადაგვიღობავს, როდესაც გურიის სამთავროში კვლავ დავბრუნდებით იმ თანაგრძნობის გამო, რომელიც ამ ხალხს ჩვენდამი აქვს. დალოცვილი ღმერთი ყოველთვის სასტიკად სჯის ხოლმე კათოლიკური ეკლესიისა და მისიონის მტრებს. დროის უქონლობის გამო ბევრი შემთხვევა აღუწერელი გვრჩება.
მას შემდეგ, რაც ამ მთავარმა პატრების განსაკუთრებული დევნა დაიწყო, ღვთის რისხვა დაატყდა თავს. ერთხელ ცხენიდან გადმოვარდა, საკუთარ ხანჯალზე დაეგო და მუცელი გამოიფატრა. ერთი თვე იქნება რაც მას სასტიკი შეთქმულება მოუწყეს. ინებოს უფალმა, რომ მომავალ წელს არ მოგვეწეროს მისი ტრაგედიის შესახებ. დასასრულს, ყველანი უღრმეს სალამს გიძღვნით, დიდად პატივცემულო მამაო, უმდაბლესად ვემთხვევით თქვენს ხელებს და გთხოვთ მოგვმადლოთ თქვენი წმინდა ლოცვა-კურთხევა.
ღვთის უმდაბლესი მსახური, რეგულარების მღვდელი.
დონ ჯუზებე ჯუდიჩე.
ოდიში. სამეგრელო. 1640 წლის 20 სექტემბერი:
***
ძველად საქართველოს თვითმპყრობელი მეფე განაგებდა. მისი საცხოვრებელი და ადგილსამყოფელი იყო ამჟამად იმერეთად წოდებულ პროვინციაში ანუ ბაშიაჩუკში, ქალაქ ქუთაისში. ეს ქალაქი დღესაც არსებობს, თუმცა ნაწილობრივ დანგრეულია, ამავე ქალაქში გადარჩენილია აგრეთვე უძველესი მეფის - სასახლე, რომელიც აშენებულია ფაზისის, ეგრეთწოდებულ მდინარე რიონის ნაპირზე. სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა უკანასკნელ ომში, რომელიც მეფე ბაში-აჩუკს ანუ ალექსანდრე მეფეს გაუმართა, ეს სასახლე ნაწილობრივ დაანგრია, მაგრამ ზემოხსენებულმა მეფე ალექსანდრემ ის ხელახლად აღაშენა.
იმ დროს, როდესაც საქართველოს თავისი მკვიდრი მეფეები ჰყავდა, მისი საზღვრები აღმოსავლეთით აღწევდა თავრიზამდე (რომელიც ახლა სპარსეთის მეფის ხელშია), დასავლეთით არზრუმამდე (რომელიც ახლა თურქების ხელშია), ხოლო ჩრდილოეთით აფხაზეთამდის, რომლის მთაგორიან ადგილებში მეტად სასტიკი ხალხი ცხოვრობს, ქართველები ჩვენს წმინდა სარწმუნოებაზე მოქცეულან ქრისტეს წელთაღრიცხვიდან 327 წელს წმინდა სილვესტროს პაპობის მეთოთხმეტე წელს და იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის ოცდამეორე წელს ერთი ქრისტიანი ტყვე ქალის მიერ, რომელსაც ქართველები წმინდა ნინოს უწოდებენ, რაც წმინდა ქრისტიანეს ნიშნავს. კარდინალი ბარონიუსი შემდეგი სიტყვებით გვამცნობს ამ ამბავს: „იბერიის ქრისტიანი ტყვე ქალი, სამაგალითო ღვთისმმოსავი და მკაცრი მოწესე, სახელგანთქმული სასწაულთმომქმედი ყოფილა, ერთ მეფე ბაკურს აქვს ნათქვამი, რომ წმინდა ნინოს მათი ერისათვის ჭეშმარიტება შეუგნებინებია. მისი ღვაწლი ყოფილა ის, რომ (ქართველებს) კონსტანტინე იმპერატორთან წარმომადგენლები გაუგზავნიათ თხოვნით, რომ მას იბერიაში მღვდლები გამოეგზავნა. კონსტანტინე იმპერატორს ეს თხოვნა დაუკმაყოფილებია, რეფინუსი (წიგ. 1, თავი 10) ამ ფაქტს ადასტურებს. მას ეს ამბავი იერუსალიმში თვით მეფე ბაკურისაგან მოუსმენია. ბაკური იერუსალიმში კონსტანტინეპოლიდან ჩამოსულა და იქ სამეფო სახლის მოურავად უმსახურიაო, ამბობს ბარონიუსი.
დროთა განმავლობაში ერთ მეფეს, რომელსაც ოთხი ვაჟიშვილი ჰყოლია, სიცოცხლეშივე თავისი სამფლობელო ოთხ ნაწილად დაუყვია: ერთი ეგრეთ წოდებული ქართლის პროვინციის ერისთავად ანუ მარკიზად დაუდგენია, მეორე – კახეთის – პროვინციის ერისთავად, მესამე – გურიის პროვინციის ერისთავად და მეოთხე – სამეგრელოს ერისთავად.
რამდენიმე ხანს ერისთავები თავიანთი მეფე ბაში აჩუკის მორჩილნი და გამგონნი ყოფილან, მაგრამ შემდეგ მას განდგომიან. ყოველ მათგანს დამოუკიდებელი ცხოვრება დაუწყია, როგორც უფლებაშეუზღუდველ მთავარს. დღეს კი ლევან დადიანად წოდებული სამეგრელოს მთავარი ყველაზე ძლიერია. მან დაიმორჩილა და მოხარკედ გაიხადა მეფე ბაში-აჩუკი, მთავარი გურიელი, სამეგრელოს მეოთხე ერისთავი და აფხაზეთის ერთი მთავარი. სიმონ გურიელი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათესავი11 იყო, ბრძოლაში დაატყვევა, სამეფო მისი მიიტაცა, თვალები დასთხარა და ამ მთავრის მეუღლე, დადიანის და12, ძალად შერთო ცოლად ქრისტიან როსტომ ხანს, შემდეგ გამაჰმადიანებულს, რომელიც მორჩილობს სპარსეთის ხელმწიფეს.
საქართველოს უამრავი ომებისაგან გამოწვეული უბედურება განუცდია, ახლა ჩვენს დროში, დაახლოებით 30 წელი იქნება, რაც სპარსეთის ხელმწიფემ შაჰ-აბასმა განსაკუთრებით გაანადგურა ქართლ-კახეთი, მან მთელი კახეთის მკვიდრნი აჰყარა და სპარსეთის პროვინცია თერაბადში გადაასახლა ამ უკანასკნელ წელს ხელახლად აუჯანყდა სპარსეთის შაჰს ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზი დაუდ ხან13 განჯელთან (ეს ქალაქი სპარსეთის მხარესაა) ერთად. ამის გამო სპარსეთის უძლიერესმა ჯარმა ხელმეორედ გაანადგურა კახეთი თუმცა ქართლს იმდენი ზიანი არ მოსვლია, რადგან როსტომ ხანი იცავდა იმ პროვინციას, რომელიც მას ეკუთვნოდა, როგორც ტახტის მემკვიდრეს. სპარსეთის მეფემ ეს პროვინცია მას დაუთმო ხელშეკრულების იმ მუხლით, რომლითაც მას უნდა ეცნო მისი სუვერენობა და შაჰის სამფლობელოს ვასალურ დამოკიდებულებაში დარჩენილიყო.
რაც შეეხება სამეგრელოს მთავარს, იგი დღეს ყველა სხვა მთავარზე უძლიერესია. მან ომში ყველას სძლია და დაიმორჩილა. ამ მთავართა მტრობის გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ დადიანის მოსაკლავად მოაწყვეს შეთქმულება რათა მთავრად აერჩიათ დადიანის უმცროსი ძმა იოსები. ისინი შეთანხმდნენ. ერთ საღამოს, როდესაც დადიანი ვახშმობდა, შუბით დასჭრეს. ეგონათ მოჰკლეს, და ბოროტმოქმედებმა სხვადასხვა მხარეს შეაფარეს თავიი დაჭრილი მთავარი განიკურნა და ნელ-ნელა ყველა მთავარი გაანადგურა, აფხაზეთის მთავარზე მეტადაა გაჯავრებული, რადგან აფხაზეთის მთავრის ქალი14 ჰყავდა ცყოლად, მან კი უღალატა15, ამისათვის მას ცხვირი, ყურები და ენის წვერი მოსჭრა და თავის სამშობლოში გააგდო (ამ სასჯელს მიმართავენ ხოლმე, როდესაც ცოლი ქმრის ერთგულებას არ იცავს), მისი საყვარელი16 კი ქვემეხში შეაგდო და ჰაერში ააფეთქა. პირველი ცოლისაგან ორი ვაჟი დარჩა. ცოლად შეირთო თავისი ძალუა, მკვიდრი ბიძის მეუღლე17. ჯერ ისევ ცოცხალ ბიძას18 ლიპარტიანს ცოლი ძალად წაართვა და მასთან იქორწინა ამ ქალმა, როდესაც ნახა, რომ დადიანს პირველი ცოლისაგან ორი ვაჟი დარჩენოდა, მათ საწამლავი დაალევინა და ორ დღეში ორივე წუთისოფელს გამოასალმა. ეს იმისათვის ჩაიდინა, რომ თვვის შვილებს მემკვიდრეობა დარჩენოდათ.
დადიანს მეორე ცოლისაგან ორი ვაჟი შეეძინა: პირმშოს ალექსანდრე ჰქვია, მომდევნოს კი მანუჩარი. შემდეგ მიეცა ორი ქალი: პირველი დაიბადა კუტი, რომელიც ჩვენმა პატრებმა თითქმის სასწაულებრივი ძალით განკურნეს. მის შესახებ აქვე ვიტყვით: მას გულ დადიანი ერქვა, რაც ვარდს ნიშნავს. იგი ახლახან გარდაიცვალა. მეორეს ზივაკანი ჰქვია, ანუ ბატონიშვილი ქალწული დადიანი. ეს ქალიშვილი ცოლად შეჰპირდა მთავარ გურიელს. მაგრამ ამ ბოლო ხანს ხმა დაირხა, რომ მთავრი გურიელისადმი შეპირებულ ქალიშვილს მეფე ბაში-აჩუკის უმრწემეს ვაჟზე ათხოვებსო, რომელსაც მსგავსივე მიზეზით - თავისივე კანონიერი მეუღლე მრუშობისათვის დაუთხოვია19 და მხოლოდ ეს ვაჟი დარჩენია. მეორე ცოლად შეურთავს კახეთის მეფის თეიმურაზის ქალიშვილი20, მაგრამ ამ მეორე ცოლისაგან შვილები არა ჰყოლია, დადიანმა იცოდა, რომ ოდესმე ორ ძმას შორის განხეთქილება მოხდებოდა მმართველობისა და ქონების საკითხში, განსაკუთრებით როდესაც მისდა საუბედუროდ თავისი ღვიძლი ძმის წარმატებას ხედავდა. იმ მიზნით, რომ თავის შვილებს, ალექსანდრესა და მანუჩარს, შორის განხეთქილება არ მომხდარიყო, უმცროსს გამოუყო ორასი ოჯახი რაია, ანუ ყმა, მაგრამ კარგი ხალხი უბრალო და მდაბიო, ვინც მის შვილებზე იზრუნებდა. ისინი დააფიცა, რომ არასდროს არ ჩაერევიან ხსენებულ ძმათა შორის წამოჭრილ რაიმე დავაში. არ ვიცი როგორ მოევლება ამ საქმეს, რადგან უმცროსი მეტად ჭკვიანია, მაშინ როცა უფროსი ასეთი არ არის. ჩემი ყურით მოვისმინე, რომ განზრახვა ჰქონიათ ამ უმცროსის გამეფებისა, უფალო, შენი სიკეთით ყველას ხელი მოუმართე. მინდა ზოგი რამ ვთქვა განსაკუთრებით სამეგრელოზე.
სამეგრელო პონტოს მცირე ნაწილია, რომელსაც ერთი მხრიდან აფხაზეთი საზღვრავს, მეორე მხრიდან კი შავი ზღვა, პონტო კუშინოდ21 წოდებული. დანარჩენ ორ მხარეს გურია და იმერეთი აკრავს. ამ მხარის გარე მოხაზულობა ოთხასი მილია, უმთავრესად მთაგორიანია, ხშირი ტყითა და უხვი მდინარეებით დასერილი, ამათგან ყველაზე შესანიშნავია ფაზისი, მას ქართულ ენაზე რიონი ეწოდება. იგი მოედინება კაეკასიონის მთის კალთიდან. გარემო მიდამოსთან შედარებით რიონის ხეობის ადგილმდებარეობა ვაკე, რის გამოც განსაკუთრებით წყალუხვია, ზომიერი ჰავაა, თუმცა განუწყვეტელი წვიმების გამო ჰავა მეტად ნესტიანი. ეს იწვევს უამრავ დაავადებას. სამეგრელოს ქალაქი არ გააჩნია. აქაა მხოლოდ ერთი სასახლე, რომელიც დღევანდელი მთავრის ლევან დადიანის მიერაა აშენებული, ვინაიდან სასახლეს კარგი საძირკველი არ ჰქონდა, ამიტომ ნაწილობ-რივ ჩამოინგრა. ამ მხარის ხალხი ძალიან გაფანტულად ცხოვრობს ხის სახლებში, ფიცარი ფიცარშია ჩასმული ულურსმოდ და ისლითაა დახურული.
მდიდარი საძოვარი უზრუნველყოფს საკვებით მთელი წლის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის ჯოგს, უპირატესად ცხენებს, რომლებიც ისეა მომრავლებული, რომ ცხვრის ფარასავით სძოვენ და მხოლოდ ბალახით იკვებებიან. როდესაც ეს მხარე თოვლით იფარება, თითქმის ყველა პირუტყვი მინდვრადაა გაშვებული და ხის ქერქით ირჩენს თავს. ცხენთა ერთ ნაწილს წინა ფეხები დაბორკილი აქვს ომიანობისა და ნადირობის შემთხვევისათვის.
სამეგრელო სავსეა ყოველნაირი ჯიშის ნადირით, განსაკუთრებით შვლით და ხოხბით აქ არის აგრეთვე მრავალი ყარყატი, წავი, დათვი, ვეფხვი და ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ჯიშის მხეცი და ფრინველი. ნიადაგი იძლევა ყოველი სახის ბოსტნეულსა და ხილს, რომელთაც ჭაობიანი ადგილი უყვარს, როგორიცაა ბრინჯი, ღომი, ფეტვი, პარკი ლობიო. სხვა დანარჩენი მარცვლეული მეტად მცირეა. აქ ხარობს სხვადასხვა ჯიშის კიტრი, განსაკუთრებით ნესვი, რომელიც მეტად დიდი ზომის იზრდება, ღვინო ბევრი მოდის. ხილი უხვადაა, მაგრამ უგემურია. საზრდოს სიმცირის გამო უმწიფარსა ჭამენ, სამეგრელოს მდინარეებში უგემრიელეს თევზს ზუთხს იჭერენ.
სამეგრელოში მთავარი ინიშნება მემკვიდრეობით. იგი ყოველთვის დადიანად იწოდება, რომელიც ამავე დროს გვარიცაა. ხონთქარს ხარკის სახით ყოველწლიურად უგზავნის ქალ-ვაჟებს, მიმინოებსა და სხვ. ამას შიშის გამო კი არ სჩადის, არამედ უფრო იმიტომ, რომ უზრუნველყოფილი იყოს და თავის სამთავროს უცვლელი ჰველი კანონებით განაგებდეს. ორ-სამ წელიწადში ერთხელ სპარსეთის ხელმწიფის კარზე დიდ ელჩიონს გზავნის ხოლმე საჩუქრებით. ელჩიონი შედგება საპატიო და თანამდებობის პირთაგან. ამგვარად იგი მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობაშია მასთან. სამაგიეროდ სპარსული თავაზიანობით საჩუქრებსა და წერილებს ღებულობს.
მეზობელ მთავრებთან შედარებით ყველაზე უფრო ძლიერია. მის გამგებლობაშია 150 თავადი, რომლებიც მთავარს დესპოტური ბატონობის ქვეშ ჰყავს, 8000 კომლი ყმადნაფიცი, რომელთაც ისე ეპყრობა, როგორც მონებს. საომრად გამოჰყავს 35 ათასი ქვეითი და 15 ათასი ცხენოსანი ზემოხსენებულო სამი მთავარი რომელთა შორის ერთი იმერელია, მეორე გურული, ხოლო მესამე აფხაზი, მოვალენი არიან ომის დროს დაეხმარონ, ჯარს ხანგრძლივად უმოქმედობა - დაახლოებით ერთ თვეზე მეტ ხანს – არ შეუძლია, რადგან საზრდო არ ეყოფა, ამიტომ ყოველი მათგანი მოვალეა საჭირო საკვები თან წამოიღოს.
სამეგრელოს მთავარს თავის საცხოვრებლად, სხვა ნაგებობათა გარდა, ერთი დიდი ქვის შენობა, აქვს. მთელ სამფლობელოში გაფანტული აქვს ხისაგან ნაშენი 15 მოზრდილი საფრინველე, ამდენივე მამული, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ესტუმრება ხოლმე ჩვეულებრივი ამალით სამასი კაცით. ერთში ოთხ დღეს დაჰყოფს, მეორეში – ექვს. არასოდეს ერთ ადგილას ამაზე მეტ ხანს არ ჩერდება. ამისათვის თავის ბარგს ქვეითად მოსიარულეთ აზიდვინებს, არა იმის გამო, რომ ცხენები არ გააჩნია (მას ოთხი ათასზე მეტი ცხენი ჰყავს), არამედ იმიტომ, რომ ამ მხარის ჩვეულებაა დატვირთულებმა შიშვლად ტალახში იარონ, მთებზე ავედნენ, მდინარეები გადალახონ; წყლის ჩქარმა დინებამ რომ არ გაიტაცოს, ამისათვის ხელიხელჩავლებულები ეხმარებიან ერთმანეთს წყლის გადალახვის დროს.
მთავართან ერთად დედოფალიც მოგზაურობს. მას თავისი სეფე-ქალები ახლავან ცხენით, რომელზედაც მიმაგრებულია ჩექმიანი უზანგები. თან ახლავს მომღერალ-მუსიკოსთა გუნდი. ქალები ცხენებს მეომრებივით დააჭენებენ მამაკაცები და სხვა მსახურნი ქვეითად დადიან, ვინაიდან სამეგრელოს ჩვეულებით ქალებმა, ამორძალების მსგავსაღ, ცხენებით უნდა იჯირითონ და წავიდნენ იქ, სადაც მათ მოესურვებათ.
მთავარსა და მის ამალას სურსათ-სანოვაგეს ჩვეულებრივად მისი ყმები აძლევენ თავისი მეურნეობიდან უმთავრესად კი – ნანადირევიდან. ამის გამო იგი არასოდეს არავითარ სანოვაგეზე არ ზრუნავს და ყოველთვის უდარდელად ცხოვრობს, ტანსაცმელსაც აგრეთვე იმავე ყმებისაგან ღებულობს. არც ერთსა და არც მეორეში ფული არ ეხარჯება, ამის გამო იგი მდიდარია ოქრო-ვერცხლით. როგორც თავადები მემკვიდრენი ხდებიან თავიანთი ყმების ქონების, როდესაც ისინი (მამრობითი სქესი) უმემკვიდრეოდ გარდავლენ ხოლმე, თუნდაც მემკვიდრედ ქალი დარჩეთ, ისე მთავარიც ეუფლება თავადის ქონებას, როდესაც უკანასკნელი უმემკვიდროდ რჩება, თუმცა ქონების უმცირეს ნაწილს მემკვიდრე ქალს მაინც მიაკუთვნებს ხოლმე. მთავრის სუფრას ჩვეულებრივად თავისი კარის დიდი ნაწილი ესწრება. მის ახლოს დაალაგებენ ხოლმე რვა-ათნაირ ტლანქად შენელებულ საჭმელს, ხოლო დანარჩენთა წინ, ჩვეულებრივად, მხოლოდ ერთნაირ, ასე ვთქვათ, ერთი პატარა ხორცის ნაჭერს, უმარილო წყალში მოხარშულს, და პურის მაგიერ ღომს.
ამალის წევრები ქამარზე ატარებენ პატარა ქისას, სადაც მარილი აქვთ შენახული, რომ ჭამის დროს იხმარონ ხოლმე. მთავარს ჩვეულებად აქვს ყველა იმ საჭმელიდან, რომელიც მის წინ აწყვია. გაუგზავნოს სუფრაზე მყოფ თავის ყველაზე დიდ რჩეულებს და იქ არ მყოფთ ერთი პატარა ნაჭერი ხორცი, ზოგს კი ორი. როდესაც მის სუფრას დავსწრებივართ, ბევრჯერ ჩვენი პატრებისთვისაც გამოუგზავნია პურის ნარჩენები: პური სამეგრელოში მხოლოდ მთავრისა ან ზოგიერთი: თავადის ოჯახებში იშოვება, მან იცოდა, რომ ეს საჭმელი ჩვენ მეტად გვესიამოვნება, ზოგჯერ თევზის ფხას, ნესვის ქერქებს და უხორცო ძვლებს გვიგზავნის ხოლმე. ასეთი ძღვენი დიდ წყალობად არის მიჩნეული... ამ ქვეყნის ყველა თავადიც ასევე იქცევა. ამ მიზეზითაა, რომ სამეგრელოში ხშირად ნახავთ დამშეულ, გაძვალტყავებულ ძაღლებს.
როდესაც მთავარს სურს რომელიმე უცხო პირს უჩვენოს თავისი განთქმული ნადიმი, მაშინ თავისთან იხმობს ყველა თავადს, რომელთაც ეკისრებათ სუფრის მომსახურება მათი თანამდებობის კვალობაზე, ასეთი თანამდებობა კი, როგორც ტიტული, მათ გვარეულობას აქვს მიკუთვნებული. ეს გავრცელებული ჩვეულება როგორც ამ ნადიმზე, ისე სამეგრელოს სხვა ადგილებში შემდეგია: ლხინს აწყობენ დიდ დარბაზში, რომლის შუაში მარანის მსგავსად გამზადებულია ღვინით სავსე მრავალი დიდი კასრი და ქვევრი, რადგან ღვინის სიუხვეზეა დამოკიდებული წვეულების ბრწყინვალება, აგრეთვე დაუჭრელი ღორები და მსხვილად დაჭრილი ძროხის ხორცი, ხორცეული მეტად დიდი ზომის ქვაბებშია უმარილოდ მოხარმული და სანახევროდ შემწვარი. დიდი ეფექტის გამომხატველად მიჩნეულია ის, თუ რაოდენად დიდია ქვაბი რომელიც მათ მოეპოვებათ. ასე, მაგალითად, მთავარს სხვა ქვაბებს გარდა, ორი იმდენად დიდი ქვაბი აქვს რომ თითოეულში 30 ძროხა იხარშება.
ლხინი დილიდან მომდევნო დილამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ჭამენ, სვამენ, მღერიან და მსჯელობენ სალაღობო გართობაზე, ლხინი სამ სუფრადაა გაყოფილი. ყოველი სუფრის ბოლოში ყველაზე საპატიო სამი პირი ფეხხე დგება სუფრას განშორდება და დარბაზის შუაზე დადგება. მათ ხელში უჭირავთ ღვინით სავსე მეტად მოზრდილი სამი თასი. ისინი ნელნელა იწყებენ სმას და მხიარულ სიტყვებს წარმოსთქვამენ ლხინში: ყველა მონაწილე ან ერთი ნაწილი რიგრიგობით მღერიან. პირველი სამი გაათავებს თუ არა სმას მიდიან და მეორე სამის წინ ცალ მუხლს იყრიან. ასეთი თავაზიანობის საპასუხოდ ეს სამი ფეხზე დგება, მათ ეხვევა და ჰკოცნის, მერმე თავის ადგილს უბრუნდებიან და ნელ-ნელა სმას განაგრძობენ. პირველი სამი თავის ადგილზე ჯდება, რომ მეორე სამმა იგივე შეასრულოს. მეორე სამეული მსგავსი ცერემონიით ახლა სხვებს გამოიხმობს და, ამგვარად, გრძელდება ბოლომდე. ეს ცერემონია სრულდება ზომიერი სიმღერით, რომლის დასასრულს თავდება პირველი ნაწილი. მსგავსადვე იქცევიან მეორე და მესამე წყების დასრულების შემდეგაც. ვინც პირველად ფეხზე დგება, რამდენიმე ხანი რომ გავა ერთ წყებასა და მეორეს შორის, მათ წილად ხვდება დასაწყისი მისცეს პირველს, მეორესა და მესამე წყებას დიდ ბატონთა ნადიმებზე მეორე წყებაში ტანისამოსს იცვლიან, რაც სიდიადის მაჩვენებლადაა მიჩნეული. ნადიმის დასასრულს რიგი ხვდება დამსწრეთა შორის ყველაზე საპატიო პირებს.
ჩვეულებრივი ვარჯიშობანი როგორც მთავრის, ისევე ამ ქვეყნის მცხოვრებთათვის, ნადირობაა არაფერი ისე არ სიამოვნებს მათ, როგორც ეს გართობა ძალიან გაწვრთნილი არიან ისრის ტყორცნასა და შუბის ხმარებაში. ნადირობისას ამ იარაღს იყენებენ, თოფს არ ხმარობენ. სანადიროდ მრავალი სხვადასხვა ჯიშის ძაღლი მიჰყავთ და მიაქვთ დაფდაფიც, რომ ხშირი ტყიდან ნადირი გამორეკონ, თვითონ კია მეტად ფეხმარდი ცხენებით უკან მისდევენ, ორმაგ, ე.ი. ორწვეტიან, ორლესულ ისარს ტყორცნიან, რომლითაც ნადირს ხშირად ფეხებს სჭრიან, როგორც ამბობენ, ასეთი ნადირობა იმდენად სახიფათოა, რომ, სამწუხაროდ მრავალი დახოცილა და დაჭრილა (ასეთი ბედი ეწია მთავრის მამას), მონადირეთა სიმრავლის გამო სროლის დროს ნადირის ნაცვლად ისარი ადამიანებს ხვდება ხოლმე, თუმცა სანადიროდ მრავალი ძაღლი მიჰყავთ, მაგრამ ყოველთვის დაბმული ჰყავთ იმის გამო, რომ მხეცები არ დაგლიჯონ, რადგან მათ სიამოვნებას გვრის ხოცვა ცხენდაცხენ.
ქურდები სასამართლოს მიერ ისჯებიან. დამნამავეს ქონებას ჩამოართმევენ, ცალი ხელით ხეზე ჩამოჰკიდებენ, ხელ-ფეხს მოსჭრიან. მიუტევებელი ბოროტმოქმედბის ჩადენისათვის, რომელიც სიკვდილით უნდა დაისაჯოს, თვალებს თხრიან, ვინაიდან სიკვდილით დასჯა ცოდვად ითვლება, გამონაკლისს წარმოადგენს ეკლესიის გაქურდვა, რის გამოც ყველას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ ხოლმე.
მთავარი მრჩეველ ვაზირებთან ერთად განაგებს მართლმსაჯულების საქმეს მთელ თავის სამთავროში, ასევე თავადები თავიანთ სათავადოებში ყმების სამართალს აწესრიგებენ და სიკვდილით დასჯის უფლება აქვთ.
სამეგრელოში ყველა ყმა, მთავრისაა იგი თუ თავადისა, შეუძლიათ გაყიდონ. მართლაც, ყოველ წელს მრავალრიცხოვან ქალსა და კაცს თურქებზე ჰყიდიან... თუმცა მონებით, ტყვეებით ვაჭრობა ცოდვად მიაჩნიათ, მაგრამ თითქმის ყველა იღებს მონაწილეობას ამ ვაჭრობაში, რომლის მეშვეობითაც ტანსაცმელს, მოვერცხლილ იარაღს და სხვა საჭირო ნივთებს იძენენ ოჯახისათვის.
სამეგრელოში არ არის არც ქალაქი და არც მჭიდროდ დასახლებული ადგილსამყოფელი, რასაკვირველია, არა აქვთ ბაზარიც... სავაჭროდ ფულს არა ხმარობენ, არამედ სყიდვა-გაყიდვისათვის საქონლის გაცვლა-გამოცვლა წარმოებს. თავადები მთელი წლის საჭირო სანოვაგეს იმარაგებენ თავიანთი ყმებისაგან. ერთი თხა რვა ან ათ დედლად (ქათამი) იყიდება: ერთი ჭედილა ორ თხად, ერთი ძროხა – ორ ჭედილად, ერთი ცხენი – ორ ან სამ ძროხად. თურქ ვაჭრებსაც მოაქვთ და მონებზე ცვლიან ფულის საფასურში, შემოაქვთ აბრეშუმის დრაპი (ქსოვილი), მატყლი, რკინა, მარილი, ბრინჯაო და ტყვეებზე ცვლიან. ვაჭრობა წელიწადში რვა ან ათჯერ ეწყობა. დანიშნულ დროს ცალკე გამოყოფილ ადგილას ხალხი თავს იყრის სავაჭროდ, რაც ორი-სამი დღე გრძელდება.
როდესაც თავადთა შორის თავს იჩენს უკმაყოფილება და განხეთქილება, საქმე იარაღითა წყდება ერთმანეთის წინააღმდეგ საკუთარი ყმები გამოჰყავთ. ორივე მხარე ნადგურდება და ზარალდება, ვენახებს ჰკაფავენ ისლით დახურულსა და ხის სახლებს წვავენ სკდება დიდი ქვევრები რომლებიც ცისტერნებივით მიწაშია ჩაფლული ღვინის შესანახად. ბრძოლის მიზანია გამოარკვიოს ის, თუ ვინ უფრო ძლიერია. მთავარი ხელს არ გამოიღებს მანამ, სანამ საჩივრით არ მივლენ მასთან.
სხვა ცრურწმენათა გარდა, შემდეგ ჩვეულებასაც აქვს ადგილი: როდესაც ვინმე დაავადდება, სნეულის თავის ირგვლივ სამგზის შემოატარებენ ჰჭედილას, მერე ცხოველს რამდენიმე ადგილას მატყლს შეუტრუსავენ ზოგიერთი ლოცვის წარმოთქმის შემდეგ დაჰკლავენ და, ამგვარად, ავადმყოფისათვის საღმთოს სწირავენ. მეორე შემთხვევაში ასევე იქცევიან ხარის მიმართაც. მხოლოდ მას კი არ კლავენ, არამედ ცალ ყურს აჭრიან, შემდეგ ავადმყოფის თავზე ამ მოჭრილ ყურს შემოატარებენ. სხვა შემთხვევაში ხარს სახლის ირგვლივ შემოატარებენ ხოლმე. შემდეგ მღვდელს ეკითხებიან, რა მოელის ავადმყოფს და ღმერთმა რა მიზეზით მოუვლინა მას ავადმყოფობა. მღვდელი ბედსა ცდის წიგნის მიხედვით და მათ სხვადასხვა პასუხს აძლევს უმეტეს შემთხვევაში ეუბნება, რომ cate, რომელსაც ჩვენ ხატებს ვუწოდებთ, ავადმყოფზე მეტად გამწყრალნი არიანო, ამიტომაც საჭიროა მათი მომადლიერება საჩუქრებითა და შესაწირავებით, რომელთაც შემდეგ მღვდელი ითვისებს.
ავადმყოფი მოკვდება თუ არა, მის ოჯახში ქელეხი გაიმართება გარდაცვალებულის სულის მოსახსენებლად. ჭირისუფლები და მეგობრები ცხედარს ზედ აყრიან ფულს ან სხვა რამეს, რომლითაც შემდეგ ოჯახის უფროსი რვა დღის საჭმელს ამზადებს გარდაცვალებულის სამძიმარზე მოსულთათვის. ცხედარს ღამით წაასვენებენ ხოლმე რომელიმე ეკლესიაში, რომელიც თითქმის ყველა თავადს აქვს თავის ადგილსამყოფელში, ან ოთახში განცალკევებით, თუ ეკლესია არ არის. გარდაცვალებულის სულისათვის მიაქვთ სასმელ- საჭმელი. ამბობენ, რომ ღამე მოდის და მიირთმევსო. მე ვეკითხებოდი: როგორ შეიძლება სული მოვიდეს და ჭამოს-მეთქი. ისინი ასეთ პასუხს იძლეოდნენ რამდენჯერაც საჭმელი დაგვიდგამს, იმდენჯერ საჭმელი აღარ დაგვხვედრია, მაშასადამე, სულს უჭამია და, ცხადია, ადგილზე აღარ იდგმებოდაო. ამაზე არ ვიცოდი, რა მეპასუხა ასე ამბობდნენ; ატეი ზეზ ვენ (ათენერი რე ზნე ჩქინი), რაც ნიშნავს: ასეთია ჩვენი ჩვეულება.
მოსული ნათესავები და მეგობრები ცხედრის ახლო ქმნიან ორ გუნდსა, რომლებიც რიგრიგობით მოსთქვამენ დილა-საღამოს საზარელი ხმით. მერმე სხდებიან და მიცვალებულის სულისათვის ქელეხს მართავენ, რვა დღის შემდეგ ყველანი მიცვალებულის ოჯახის წევრებთან ერთად, დასაფლავებაზე მიდიან. მიცვალებულს აცილებენ თავმოხდილნი და წელამდე შიშველნი და მოსთქვამენ. სასაფლაოზე მისვლისთანავე ყველა გარს შემოეხვევა საფლავს, მიწაზე დაჩოქილი, თავსა და მკერდში იცემს, სახეს იკაწრავს, თმებს იგლეჯს, გადაჭარბებით მოსთქვამს და ტირის. დასაფლავების რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახის მეთაური მიდის საფლაეზე, მის წინ მუხლს იყრის წელზემოთ შიშველი, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, და მოსაკითხად მოსულ ნათესავებს იქ იღებს ისინი წელზევით შიშველნი დგანან. ყოველი მათგანი რიგრიგობით ოჯახის მეთაურის წინ წარსდგება, სახეს იკაწრავს და თავს იხოკს მძიმედ და დარბაისლურად, უტირლად და მდუმარედ ერთი მეორეს მისდევს და მხოლოდ მწუხარების გამომხატველი მოძრაობით ამცნობენ თავიანთ ტანჯვას. ოჯახის უფროსი თითოეულს უპასუხებს აგრეთვე მსგავსი მოძრაობით და ძლიერად იკაწრავს სახეს. ამ დროს არაჩვეულებრივ სიჩუმეს იცავენ.
ვინმეს გარდაცვალების შემდეგ ნათესავები და ყმები მგლოვგიარობის აღსანიშნავად თავს, წვერ-ულვაშსა და წარბებს იპარსავენ, რამდენიმე თვის განმავლობაში თავზე ჭედილას ტყავის ფაფახს იხურავენ და ამისივე ქალამანი აცვიათ. ძირს მიწაზე გაშლილ ჭილობზე იძინებენ, მთელი წლის მანძილზე არ ჭამენს ხორცს, თევზს, კვერცხსა და რძის ნაწარმს. ამ ხნის განმავლობაში წვერსა და თმას აღარ იპარსავენ. ამჟამად მთავარ დადიანს ოთხი წელია რაც მეუღლე გარდაეცვალა და არ უჭამია ხორცი, კვერცხი და ყველი, თუმცა ერთი წელია თევზის ჭამა დაიწყო.
როდესაც ვინმეს სადღეგრძელოს თქმა უნდათ, ასეთ ცერემონიას ასრულებენ: ცოტა ღვინოს მოსვამენ მოტანილი სასმისიდან; მერმე დააფარებენ ხელსახოცს სასმისს იმ ადგილას, სადაც დალევის დროს პირით შეეხნენ, და ამგვარად სასმისს უგზავნიან მას, ვისი სადღეგრძელოც სურთ მიირთვან. ის იღებს ამ სასმისს, გამომგზავნელს ესალმება და იწყებს სმას. ასევე იქცევა ის, ვინც სადღეგრძელო მიიღო და სურვილი აქვს ალავერდი სხვასთან გადავიდეს.
დიდკაცები მეტად თავაზიანნი არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მრავალრიცხოვანი ამალით სტუმრად უხდებათ წასვლა. დანიშნულ ადგილას მისვლისთანავე ცოტა მოშორებით ცხენებიდან ყველა დაიქვეითებს. ყველაზე მთავარი პირი წინ წარსდგება, დანარჩენნი უკან მისდევენ. მათ შესახვედრად ოჯახის ქალბატონი გამობრძანდება თავისი სეფე-ქალებით, როდესაც მიუახლოვდებიან ერთმანეთს რვა-ათ ნაბიჯზე, ცალ მუხლს მოიყრიან, ესალმებიან, ეხვევიან და უამბორებიან (თუ ნათესავები არიან) შემდეგ ქალბატონი შეიპატიჟებს სახლში, სადაც გულღიად საუბრობენ. დასასრულს, წასვლის ხანს გამოსალმების არავითარ ცერემონიას უკვე ადგილი აღარა აქვს და ერთმანეთს უბრალოდ ეთხოვებიან.
სამეგრელოში უამრავი ძაღლია. ამათგან მწევარს ირმისა და სხეა ნანადირევის ხორცით კვებავენ. ბრწყინვალების გამოსახატავად მწევრებს შიგნით შემოიყვანენ და ყველას დასანახად უხვად აჭმევენ ხორცს.
როდესაც დიდკაცები ავადმყოფობის შემდეგ განიკურნებიან, მათ ნათესავები პატივით იღებენ, შესასვლელში, სადაც გამოჯანმრთელებული ავადმყოფი დგას, მოკრძალებით ესალმებიან და სიხარულის აღსანიშნავად ფულით ან ვერცხლის თასით ასაჩუქრებენ. მსგავსივე ცერემონიით გამოხატავენ ქალის მომშობიარებას, განსაკუთრებით, როდესაც დედოფალი მოილოგინებს ხოლმე. ამ შემთხვევაში იგი მრავალი ვერცხლისა და ოქროს საჩუქარს იღებს.
ომიდან არავინ არ თავისუფლდება, არც ეპისკოპოსი, არც ბერი, არც მღვდელი და არც ბრძენი თუ ვინიცობაა ვინმე ომს თავს აარიდებს, მას სასტიკად სჯიან და ხელჰყოფენ მის ქონებას, ართმევენ საქონელსა და ყმებს.
მტრული ურთიერთობის შემდეგ, როდესაც იმერეთის მეფეს22 დადიანი შეურიგდა, დიდი მეგობრობის გამოსახატავად თავისი მეუღლის, დედოფლის ძუძუ მოაწოვინა და მხოლოდ შერიგების შემდეგ უსაყვედურა უმადურობა.
როდესაც ომში ვინმე დაიღუპება, მის პატივსაცემად წარჩინებული პირების თანხლებით უნდა გააგზავნონ დაღუპულის სისხლში ამოსვრილი პერანგი და სხვა რომელიმე მისი ტანსაცმელი. ოჯახის ჭირისუფალი მიდის თავისი ყმებით მის დასატირებლად, სახეს იკაწრავს და შემაძრწუნებელი ხმით გაჰკივის, თითქოს მის წინ ცხედარი იყოს დასვენებული.
ვისაც სურს ამ მხარეში ჩამოსვლა, მისთვის ზედმეტი არ იქნება იცოდეს, რომ მთავართან ერთად მგზავრობის დროს რვა თვის განმავლობაში ასეთ ყოფაში ვიყავით საზრდოს მიღების შემდეგ უცნაურ წუხილს განვიცდით ხოლმე საპირფარეშოს უქონლობის გამო, რადგან ასეთი ადგილი მხოლოდ მთავრისა და დიდკაცებისათვის იყო განკუთვნილი, დანარჩენებს კი უნდა შეგვეფერებინა და მოხერხებული ადგილები მოგვენახა.
მეგრელები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და იცავენ ბერძნული ღმრთისმსახურების წესებს. თუმცა მეგრული ენა ცალკე ენას წარმოადგენს და ყველა დანარჩენებისაგან განსხვავდება, მაგრამ საღმრთო და საერო წიგნებს ქართულად კითხულობენ და წირვასაც ქართულ ენაზე ასრულებენ, ისევე როგორც ევროპელები საეკლესიო ენად ლათინურს მიიჩნევენ. ამასთანავე მთავრის კარზე და დიდებულნიც ქართულ ენას ხმარობენ როგორც უფრო ლამაზსა და პატივდებულს...
სამეგრელოს ჰყავს პატრიარქი, რომელსაც კათალიკოსს უწოდებენ. ამასთანავე იგი საქართველოს პროვინციების, ე.ი. ბაში-აჩუკად წოდებული იმერეთის, გურიის, აფხაზეთის პატრიარქიცაა. პატრიარქი მთავარ დადიანის მიერაა დანიშნული, ისევე როგორც ამ ქვეყნის ყველა ეპისკოპოსი. ისინი არ შეიძლება ეპისკოპოსად ან პატრიარქად გახდნენ, თუ ბერები არ არიან. ამ წოდებით შერაცხავენ ისეთ მორწმუნეებს, რომელთაც არასოდეს ხორცი არ უჭამიათ, ასე უწოდებენ აგრეთვე სხვებსაც, რომლებიც ცოლებს, განშორდნენ ან კიდევ მოუკვდათ. ეპისკოპოსებს თავიანთ უფროსად მიაჩნიათ პატრიარქი ეკლესიის მეთაურად კი ანტიოქიის ბერძენი პატრიარქი.
მთელ სამეგრელოში ექვსი სამთავრო და ამდენივე საეპისკოპოსო ეკლესიაა, ტყეში აქა-იქ აგებული, რომლებიც მდიდარია ქონებითა და ყმებით. ამ ეკლესიებში მხოლოდ მთავარ დღესასწაულებში წირავენ და ჩვეულებად არა აქვთ წირვაზე დასწრება, გარდა უქმე დღეებისა. ეკლესიაში ისე არ წავლენ, თუ არა საჭმელად. ქალი და კაცი დღეობაში მიდის და თან მიაქვთ სასმელ-საჭმელიც, რომელსაც მღვდელი აკურთხებს ხოლმე, შემდეგ ერთად სხდებიან და შეექცევიან, დარწმუნებულნი არიან, რომ ლოცვასთან შედარებით ღვთისათვის ეს უფრო მისაღები იქნება.
გაჭირვებისა და მწუხარების შემთხვევაში უმალვე ეკლესიას მიაშურებენ ხოლმე, ეკლესიის კარების წინ გაჩერდებიან და თავიანთ გაჭირვებაზე ლოცულობენ, ღვთისმშობლის ხატს ევედრებიან (რომელსაც ხელში ყრმა ქრისტე უჭირავს). ასეთი ხატები ჩვეულებრივია ყველა ეკლესიაში, თითქოს ადამიანებს ესაუბრებიანო. ამგვარად: „ოო, უნეტარესო ქალწულო! შენ ხომ იცი, რომ მე მდიდარი ვარ და ბევრი ფულის მოცემა შემიძლია. შენზე არასოდეს უმადური არ ვყოფილვარ, წყალობით მოხედე ჩემს გაჭირვებას, რისთვისაც შენ მოგემსახურები და შემოწირულებასაც არ დავიშურებო“, და სხვა მსგავსი სიტყვები. ამ სიტყვებს ხმამაღლა ამბობენ და მეტად მკაფიოდ გამოსთქვამენ, რომ სხვებმაც კარგად გაიგონონ. ზოგჯერ შუამავალნი მოჰყავთ, რომელნიც თითქოს ვექილებიაო, ისე ელაპარაკებიან ხატს მრავალი საბუთის მოტანით, რის შედეგადაც ხატი უნდა განეწყოს მისი პატივისმცემელისადმი და იგი შეიწყნაროს. ყველაზე ძლიერი საბუთი ის არის, რომ დამწუხრებული მდიდარია და სიკეთის გადახდა შეუძლია. ასე რომ თუ ავადმყოფნი ღარიბნი არიან, ტირიან მხოლოდ იმიტომ, რომ არაფერი არ გააჩნიათ ხატისათვის შესაწირავი და უნდა დაიხოცონ.
დედოფლის ავადმყოფობის დროს, რომელიც გარდაიცვალა და მეუღლე იყო მთავარი დადიანისა, სნეულისათვის მთელ სამეგრელოდან მრავალი ხატი მოაგროვეს და თავისი კარისა და დიდებულთა თანადასწრებით. მთავარმა ხატებს შესწირა დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლი. ხატების წინ მთავარი დაჩოქილი იყო, კარისკაცნი და დიდებულნი ხატებთან სათითაოდ შედიოდნენ სალაპარაკოდ და ვექილებივით არსებით მოსაზრებებს უსაბუთებდნენ, რომ დედოფალი სიკვდილს გადაერჩინათ. მიუხედავად ყოველივე ამისა, ხატებმა მათი ვედრება არ შეისმინეს.
სწამთ, რომ სიკვდილ-სიცოცხლე მათზეა დამოკიდებული, ცხენით მგზავრობის დროს ეკლესიასთან ისე არ გაივლიან, რომ რამდენჯერმე მაინც გარშემო არ შემოუარონ. ეკლესიის კარებს გაუსწორდებიან თუ არა, ხატს ესალმებიან, რომელსაც პატივს ისე არ სცემენ, თუ ის ოქროსი ან ვერცხლისა არ არის.
მეგრელთა მონათვლის წესი მრავალ მუხლში სრულფასოვანი არ არის, უმთავრესად იმიტომ, რომ არ წარმოსთქვამენ სავალდებულო ფორმის საჭირო სიტყვებს. მრავალი ლოცვის წაკითხვის შემდეგ მღვდელი ბავშვს გადასცემს ნათლიას, რომელიც მას წყალში ნათლავს. ამბობენ, რომ დიდებულთა შვილებს ღვინოში ნათლავენო. მართლაც, რამდენიმე წელია მას აქეთ, რაც ნათლობის საკითხის შესახებ ჩვენი ქადაგება მიიღეს და მრავალი ბავშვი, ჭაბუკი და ხანდაზმული, სრულფასოვნად მოინათლა. მიუხედავად ამისა ბევრმა ბავშვი მაინც არ მონათლა, რადგან, მათი ჩვეულების თანახმად, ვინმეს მონათვლისას აუცილებელია ძროხისა და ღორის დაკვლა, მღვდლისა და სხვებისათვის სადილის გამართვა. სიღარიბის გამო ბევრი ერიდება თავიანთი შვილების მონათვლას.
სამეგრელოში ეპისკოპოსები და ბერები ძალიან კარგად არიან მოწყობილნი, მათ მოსამსახურე ბევრი, რაია – ყმა ჰყავთ. ამ ყმებიდან მხოლოდ მამაკაცებს ამუშავებენ. შემოსავლის ძირითად წყაროდ ითვლება ბევრი მოსამსახურეს ყოლა (ნაწილი ქვეითად და ნაწილი ცხენოსნად). მღვდლები როდესაც წირვას აყენებენ (იშვიათად სწირავენ, ისიც მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევაში), მათ მრავალ საჩუქარს მიართმევენ ხოლმე. ზოგჯერ ერთ წირვაზე მრავალი აბრეშუმის ქსოვილი, დიდი ვერცხლის თეფში ან ცხენი და სხვა მსგავსი რამ მიუღიათ. რამდენადაც უფრო დიდია პიროვნება, ვისთვისაც სწირავენ იმდენად მეტად ასაჩუქრებენ მღვდლებს. ზოგჯერ სანამ წირვა დადგებოდეს, შეთანხმდებიან, რომ ესა და ეს ცხენი მსურსო ან ესა და ეს ნივთიო, უფრო ხშირად წირვას ისე დააყენებენ ხოლმე, რომ აღსარება არა აქვთ ნათქვამი. ამგვარად 40 ან 60 წელიწადი ისე გადის, რომ არასოდეს აღსარება არ უთქვამთ. ასევე იქცევიან, როდესაც რომელიმე მომაკვდავს აზიარებენ უაღსარებოდ. უდიდესი მკრეხელობაა, როდესაც უწმინდესი ზიარება ჩანთით მიაქვთ ხოლმე.
დიდად აფასებენ იმას, ვინც ხორცს არ ჭამს და ბერად შედგება. ამიტომ ზოგიერთს მოუკვდება თუ არა ცოლი, ბერად აღიკვეცება და ხორცს აღარ ჭამს. მე ვიცნობ ერთ კაცს, რომელიც თავის ცოლს გაეყარა და მას კვლავ გათხოვების ნება მისცა, თვითონ კი ბერად შედგა. თუმცა ჩემგან გაფრთხილებული იყო, რომ ცოლისაგანაც უნდა ჰქონოდა თანხმობა და მასაც აგრეთვე თავშეკავება უნდა დაეცვა...
მეგრელები მრავალ უქმეს დღესასწაულობენ. ყველა ეს ჭამა-სმასა და გართობა-სიამოვნებაშია გამოხატული. განსაკუთრებით ოთხი დღესასწაულია აღსანიშნავი.
პირველი აღდგომის მეორე დღეა გარდაცვალებულთათვის განკუთვნილი, ამ დღისათვის ამზადებენ ერთგვარ ხის გალიას, რომელსაც ყვავილებითა და სანთლებით რთავენ და თავიანთი ახლობლების საფლავზე დგამენ. შემდეგ მოდის მღვდელი და გარდაცვალებულის სულისათვის საფლავზე ჭედილას ან მტრედს დაჰკლავს; ხორცი სახლში მიაქვთ და უმალვე საჭმელს ამზადებენ. დაახლოებით 20 საათის შემდეგ თითოეული თავის სამრევლოში მიდის დატვირთული სურსათ-სანოვაგით. ღვინითა და პურით, ამ დღისათვის ყოველ მათგანს შემონახული აქვს ცოტაოდენი ხორბალი. ეს არის მათი საერთო ზიარება, რომელსაც ყოველ წელს აწყობენ.
მეორე უქმედ დღესასწაულობენ დადიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დღეს. მაისის რომელ დღეს ხვდება ეს დღესასწაული, მე აღარ მახსოვს. ამ დღისათვის მოიწვევენ თორმეტ პაპას, დიდი ბრწყინვალებით ეწყობა წირვა, უამრავი ხალხი იყრის თავს. წირვის დასასრულს მიდიან ერთ-ერთ გამოყოფილ სახლში, სადაც ჰკლავენ თხას და სვამენ ღვინოს იმ ქვევრიდან, რომელიც ამ დღესასწაულისთვისაა შემონახული ეკლესიაში. ჭამენ, სვამენ, მღერიან და მთავარს ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებენ, შემდეგ თხის ტყავს გაბერავენ და მახლობლად ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოჰკიდებენ ნიშნად სამარადისო ხსოვნისა... რამდენიც კი შეუძლიათ, მაღლა დაჰკიდებენ ხოლმე, რომ ყველა გამვლელისათვის ადვილი დასანახი იყოს.
მესამე უქმეს დღესასწაულობენ პირველი აგვისტოდან უწმიდესი ქალწულის ამაღლებამდე, რომელსაც მეგრულ ენაზე მარაძინა პიჩანს, ანუ უწმინდესი ქალწული მარიამის მარხვას უწოდებენ. დღისით, თვის დადგომიდან აღნიშნული დღესასწაულის გასვლამდე, ხორცს არ ჭამენ, მაგრამ ღამით კი თავიანთ ოჯახებში მშვენივრად მიირთმევენ. მერე გარეთ გამოდიან როგორც კაცები, ისე ქალები, და შუაღამემდე მღერიან: ოჯახის თვალყურისმგდებლად მოხუცებს სტოვებენ. გამხიარულებულნი ერთად ცეკვავენ როკანს23, ოცკუმს24 ანუ ცეკვისა და ჭამის დრო. ყოველ საღამოს ასე მხიარულებას განაგრძობენ მომდევნო დღეებშიც. თავს ვეღარ იკავებენ, უცნაურობანი რომ არ ჩაიდინონ. ასე ემზადებიან უწმინდესი ამაღლების საზეიმო დღესასწაულისათვის, დადგება თუ არა ეს უწმინდესი დღე, თითოეული ჰკლავს საქონელს, ვინ ძროხას, ვინ ღორს და საჭმელ-სასმელით ხვდება დღესასწაულს.
მეოთხე დღესასწაული, რომელიც მიძღვნილია წმინდა გიორგისადმი, ყველა დანარჩენ უქმესთან შედარებით მთავარ დღესასწაულად ითვლება. მას უქმობენ ილორში 21 ნოემბერს. ილორი ზღვასთან ახლოს მდებარეობს, პატარა სოფელია, სადაც აქა-იქ გაფანტულია ოცდაათამდე სახლი. აქ არის წმინდა გიორგის სახელობაზე აშენებული ვერცხლის კარებიანი ეკლესია. ეს ეკლესია დიდი თაყვანისცემის სიმბოლოდაა გადაქცეული. ამ ეკლესიაზე ამბობენ, რომ წმინდა გიორგი ღამის თევისას, მის დღესასწაულს რომ უსწრებს, ერთ ხარს იჭერს და ღამით ეკლესიაში ამწყვდევსო ღამის სათევად მთავარი დადიანი აქ მობრძანდება ხოლმე, რომ მის სასწაულს დაესწროს, საღამოთი ეკლესიას მაგრად ჰკეტავენ და ვერცხლის გასაღებს მთავარს ჩააბარებენ. დილით დიდძალი ხალხი იყრის თავს, რომ მოწმე გახდეს ასეთი საოცრებისა. მთავარი გასაღებს გადასცემს მღვდელს, აღებენ, შედიან შიგნით და ხედავენ ხარს. გამოჰყავთ გარეთ და ჰკლავენ როგორც ნაკურთხ ხორცს, დადიანი მას მეზობელ მთავრებს უგზავნის, რაც დარჩება მთავრის სუფრაზე დიდთავადთაშორის ნაწილდება. ამ დღეს დადიანი და მასთან მყოფნი, წმინდა გიორგისადმი ერთგულების აღსანიშნავად, ამ ხარის ყანწით სვამენ ღვინოს. ბედიელმა ეპისკოპოსმა რომელსაც ამ ეკლესიის მოვლა აბარია, მთავრისათვის მოაწყო მეტად ბრწყინვალე ნადიმი, დაკლა 10 ძროხა, 20 ღორი და 100 თხა. დიდძალი პური და ღვინო მოემარაგებინა. ბერებისათვის, რომელნიც ხორცს არ ჭამენ, ეპისკოპოსს მოემზადებინა დიდი რაოდენობით მარილიანი და ახალი თევზი, ნაღები და სხვ. მაგრამ განსაკუთრებით უხვად ჰქონდა ღვინო. აღნიშნული დღესასწაულის დროს იმართება უდიდესი ბაზრობა, სადაც თავს იყრის 20.000-მდე კაცი გურიიდან, ბაში-აჩუკიდან (იმერეთიდან) და სხვა მახლობელი მხარეებიდან განსაკუთრებით ესწრება კათალიკოსიც, რომელიც მათ რომის პაპსავით მიაჩნიათ...
ძველად ერთი თურქი მოსულა სამეგრელოში. რამდენიმე მეგრელთან მსჯელობა ჰქონია იმას შესახებ, თუ წმინდა გიორგის რა ადგილი უკავა სამოთხეში. თურქს განუცხადებია რომ არასოდეს დაიჯერებს, ის ასეთი დიდი წმინდანი იყოსო. თუ ის მართლაც ასეთი სასწაულთმოქმედია, აბა შესძლოს ერთი ჩემი ქვეყნიდან ხარი გადმომიყვანოს სამეგრელოშიო. როგორც ისურვა, ასე მოხდა კიდეც: წმინდანმა სასწაულებრივი ძალით ხარი სამეგრელოში მოიყვანა, რის შემდეგ თურქი მოიქცა და გაქრისტიანდა. ამ ფაქტის აღსანიშნავად ყოველ წელს ერთი ხარი იკვლებოდა და ხალხს ურიგდებოდა. დროთა მსვლელობაში ღვთისმოსაობა შეცვალა ბოროტმოქმედებამ. იმისათვის, რომ მღვდლებს ხალხი მოეზიდათ და შემოწირულება შეეგროვებინათ, ხმა გაავრცელეს, წმინდანს ყოველ წელს მოჰყავს ხარიო. ამბობენ, წმინდანს ჯერ თურმე მოჰყავდა ირემი, მაგრ:მ ვინაიდან (ჩემი აზრით) ირემი ძნელი დასაჭერია, იგი ხარით შეცვალეს. რამდენადაც არ ვეცადეთ, დღემდე ეს დანაშაულობა ვერ მოვაშლევინეთ, რადგან წმინდანისადმი ღვთისმოსავობას წამაქეზებელი მიზეზი აქვს რომელიც ხალხში მეტად ფესვგამდგარია.
ამასთანავე გამოვარკვიე, რომ საკმეველი, რომელსაც მათ ენაზე საკმელი ეწოდება მეგრელების რწმენით ცოდვებსა წმენდსო. როდესაც ჩვენ ზოგიერთს ვკიცხავდით რომელიმე ცოდვის გამო, იგი ასე გვიპასუხებდა. თუ ქვეყნის ჩვეულების თანახმად თავზე შემოივლებს ცოტაოდენ საკმეველს, განიწმინდებაო. დავავალე პატრებს, რომ არავის არ მისცენ საკმეველი. შემთხვევა არ უნდა გაუშვან და ეს მეტად აუცილებელი ჭეშმარიტება ხალხს გააცნონ, რომ ცოდვების მისატევებლად საჭიროა აღმსარებელთან მისვლა, რომელსაც მათ ენაზე მოძღვარი ეწოდება, გულწრფელი აღსარების თქმა და მერე უნდა ითხოვონ განდობა.
ვინმეს ავად გახდომისას პირველ ყოვლისა მღვდელი უნდა იხმონ, რომ მან გამოარკვიოს თუ რა მიზეზით მოევლინა მას ასეთი სნეულება. მოვა თუ არა მღვდელი, მას აუწერენ სნეულებას შეპირდებიან ერთ ჭედილას ან მსგავს რამეს, რომ კარგი პასუხი მიიღონ. მღვდელი მოისმენს თუ არა ყოველივეს, ლოცვანის წიგნს აიღებს, რომელსაც მათ ენაზე „ჟამნის წიგნი“ ეწოდება. წიგნის გადაფურცვლამდე პირჯვარს იწერს დღა ამ წიგნის საშუალებით ავადმყოფობის მიზეზს არკვევს. გადაშლის თუ არა წიგნს, ხელახლა პირჯვარს გამოისახავს და თან დასძენს: სკანი მარდიგე, ე.ი. ავადმყოფს ღმერთმა კეთილი ბედი და ბედნიერება მოუვლინეო, მერმე კამათლების მაგვარ ეჟვანს გააგორებს, რომელსაც ნარდს უწოდებენ. გულმოდგინედ თვალყურს ადევნებს, თუ რა ნიშანი გამოისახება და, როდესაც ის უკვე გამოჩნდება, მღვდელი, თუ დაპირებულ ძღვენს იცოტავებს და უფრო მოზრდილ ძღვენს ისურვებს, მეგრულად ამბობს: ინტუ, რაც ნიშნავს, რომ ძალიან კარგი ამბავი არ არისო. ავადმყოფის მშობლები მოისმენენ თუ არა ამას, ერთ ხარს ან ერთ ძროხას უმატებენ ახლა მღვდელი მეორეჯერ ცდის ბედს იმავე ეჟვნით და შენიშნავს თუ არა ნიშანს – უპასუხებს, ჯგირო ქიმინას, ანუ კარგი ამბავია, სნეული განიკურნებაო. მერმე დასძენს – ეს ავადმყოფობა ამა და ამ მიზეზით გაჩნდა, მაგალითად, იმიტომ რომ, კარში არ დაიძინაო.
სამეგრელოში ჩვეულებად ითვლება რომ იმ დღეს, ე.ი. 14 სექტემბერს გარეთ უნდა დაწვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე უსიამოვნება შეხვდება, ან კიდევ ამან და ამან დასწყევლაო, რისაც მეტად ეშინიათ. მე მაგონდება ასეთი შემთხვევა ერთმა მეორე ძალიან შეაჩვენა და დარწმუნებული იყო, რომ ამ მიზეზით ჩავარდა ლოგინადო. ლოგინად ჩავარდნილმა ინება, რომ ორი უმშვენიერესი ცხენი მიეცათ მაწყევრისათვის, რათა მას წყევლა უკან წაეღო და დაელოცა იგი.
უკვე მოგახსენეთ, რომ აქ მრავაელი ცრუმორწმუნეობა არის გავრცელებული, ამასთან ერთად მაგიზმიცაა. მე აქ ზოგიერთ მცირე რამეს დავუმატებდი, რაც მაგონდება თუთაშხას, ე.ი. ორშაბათს ხორცს არასოდეს არ ჭამენ თავიანთ კარმიდამოზე. ამბობენ, აქ რომ ვჭამოთ, მგელი მოვა და ოჯახს ზიანს მიაყენებსო, ამიტომ ცოტა მოშორებით სადილობენ. ასეთია ჩვეულებაა ამ ქვეყანაში: ამ დღეს ბაკოს, ე.ი. ღომის ჩასაყრელ ადგილს, არ გააღებენ, ოჯახიდან არაფერს არ გაასესხებენ, საჩუქარს არ გასცემენ; სამგზავროდ. არ წავლენ. ეს დღე ყველაფერში უბედურების მომტანად მიაჩნიათ. როდესაც ახალი თუთაშხაა, ე.ი. ახალი მთვარის პირველი ორშაბათი, ამ ცრურწმენას უფრო მტკიცედ ადგანან.
მარხვის დადგომის პირველ დღეს მეგრელები კაპანობას უწოდებენ. ამ დღეს ჰკლავენ და სჭამენ ყვერულებს. თვითეული ერთ ყვერულს ჰკვებავს იმ ზომამდე, რომ ძალზე გასუქდეს. დადგება თუ არა ეს დღე, ამ ფრინველს დაჰკლავენ, რომელიღაც ლოცვას იტყვიან და თითოეული თავის ყვერულს შეექცევა ისე, რომ სხვას არ უწილადებს. ერთ ჩვენ პატრს, რომელიც იმ დღეს შეესწრო, ბარაქიანად გამზადებული ამდენი ფრინველის შეწვას რომ უმზერდა, დიდი მადა აღეძრა და მოუთმენლად ელოდა გამასპინძლებას, შიმშილით დაოსებული შესცქეროდა, როცა თითოეულმა თავისი ყვერული გადმოიღო, ჭამას შეუდგა და საწყალ პატრს კი ერთი ნაჭერიც არავინ უთავაზა.
ავადმყოფს გარშემო ბადეს შემოაფენენ ხოლმე, ეშმაკებისაგან დაიფარავსო, დარწმუნებულნი არიან, რომ მას შეეშინდება და ბადეში გაეხვევა ფეხზე მოსიარულე ავაღმყოფს (ეს მე ვნახე, მთავრის ქალიშვილს რომ ვასეირნებდი) ერთი წინ სახარებით ხელში მიუძღოდა, მეორე კი მისდევდა ხმალამოწვდილი, რომ ავი სულისაგან დაეცვა.
სამეგრელოში ღვინის შესანახად, როგორც იტალიაშია, დიდ კასრებს კი არ ხმარობენ, არამედ მიწაში ჩაფლულ დიდ ქვევრებს. როდესაც ქვევრის ახდა სურთ, წირვას აყენებენ, ძროხასა ჰკლავენ. წირვა დასრულდება თუ არა, მღვდელი სარდაფში ჩადის, რომელსაც მარანი ეწოდება, და ჭურის თავზე ლოცვას ამბობს. ცერემონიის დასასრულს დასხდებიან, შეექცევიან და მხიარულადა სვამენ. სადაც ეკლესიები არ არის, მარანი ხშირად ეკლესიის მაგივრობასაც სწევს. წმინდა წირვის შესასრულებლად საუკეთესო ადგილია მარანი. ბავშვების ნათლობასაც აქვე აწყობენ. წლის დამლევს, სანამ ახალი წლის პირველი დღე დადგებოდეს, დიდკაცებს ჩვეულებად აქვთ საღამო თავიანთი ვერცხლეულობა გააგზავნონ ეკლესიებში, სადაც მღვდელი რამდენიმე მსახურთან ერთად ღამეს ატარებს. დილით საზეიმო პროცესიაზე გამოდიან ვერცხლეულობით. ერთი გალობას იწყებს, მეორენი ბანს აძლევენ და კეთილი ახალწლის დაწყებას უსურვებენ პატრონს.
რაც შეეხება მაგიზმს, თუ რას აკეთებენ საიდუმლოდ, ამის შესახებ მე დაწვრილებით არა ვიცი რა. მხოლოდ მომისმენია, როდესაც საქურდლად მიდიან, ძაღლებმა რომ არ დაიყეფონ და შინ არვის გამოეღვიძოს, მკვდრის ძვალს აანთებენ ხოლმე. სხვა ვერაფერი ვერ გავიგე. ეს კი სინამდვილეა, რომ როდესაც ჩვენ გაგვძარცვეს, ძაღლებმა არავითარი ხმაურობა არ ასტეხეს. სახლში მძინარე ხუთმა პატრმა ვერც იგრძნო, თუ როგორ გათხარეს მიწის ქვეშ ხვრელი, შემოვიდნენ, მოიპარეს ექვსი ქვაბი და სხვა რამეები, ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა თურმე.
მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში ღვინო უხვადაა, ნახევარი წლის განმავლობაში მაინც წყალსა სვამენ. ეს იმის გამოა, რომ სურსათის ნაკლოვანების დროს ყურძნის მოსავლის ნახევარს მიირთმევენ. რადგან წვეულებისას ერთ დღეში თითქმის ერთ დიდ კასრ ღვინოს შესვამენ ხოლმე, ამიტომ უღვინოდ რჩებიან და შემდეგ წყლის სმითაც კმაყოფილდებიან. ასევეა ხილიც, რომელიც ძალიან უხვადაა, მაგრამ თითქმის მოუწევარს ჭამენ.
ამ ქვეყნის ჩვეულების თანახმად, წელიწადში ერთხელ კაცებს აძლევენ ერთ გარტოს, ანუ კურტაკს (რომელიც მუხლამდე სწვდება), პერანგს, ზოგიერთს კი ერთ წყვილ წინდას, ქალებს ერთ წყვილ ლურჯი ტილოს შეიდიშს და იმავე ტილოს გრძელ პერანგს. მზა ტანსაცმელი იმდენად პატარაა, რომ ჩაცმისას იხევა. უმეტეს შემთხვევაში ნემსის უქონლობის გამო დახეულ ტანსაცმელს აღარ აკერებენ და ასე ნახევრად შიშველნი დაიარებიან.
უდიდესი ყურადღება აქვს მიქცეული დიდმარხვას. მათ ჰგონიათ, რაკი მარხულობენ, ცხონდებიან. ეს იმდენად საგულისხმოა, რომ ამ ხნის მანძილზე ქალებს კანონიერ ქმრებთან მიკარებაც კი არა სურთ. მე ვიცნობ ერთ დიდ პიროვნებას, რომელსაც ორი ცოლი ჰყავდა, დიდმარხვის განმავლობაში კანონიერი ცოლი მიდიოდა და მხოლოდ აღდგომის შემდეგ ბრუნდებოდა ოჯახში. მარხვას იმდენად იცავენ, რომ ავადმყოფობის დროსაც კი სიკვდილს ამჯობინებენ, ვიდრე ხორცისა და რძის ნაწარმი ჭამონ.
მოხდება ხოლმე, ისე, რომ ცოლ-ქმარი ურთიერთს მოიძულებს უშვილობის ან სხვა რაიმე მიზეზით, ადვილად იყრებიან და სხვას ირთავენ, მაშინ, როცა ყოფილი ცოლი ჯერ კიდევ ცოცხალია. ზემოთ უკვე გვქონდა ნათქვამი, რომ ეპისკოპოსები ბიწიერებით სავსენი არიან ვინაიდან როდესაც ჟინი მოუვლით, ეპისკოპოსობას მიატოვებენ და ცოლს ირთავენ ხოლმე, როგორც ამ ბოლო დროს ჩაიდინა ერთმა ეპისკოპოსმა, დიდმა თავადმა, დადიანის ცოლის ძმამ, რომელმაც შეირთო მთავარ გურიელის ქალიშვილი.
ახლა ზოგი რამ უნდა ვთქვათ, რაც გაკეთებულა და რა გაჭირვებაც გამოიარეს მისიონერ-პატრებმა, თეათინელმა მოწესე მღვდლებმა. დაუჯერებელია ის, რაც გადავიტანეთ სამეგრელოში ჩამოსვლისას და იქ დასამკვიდრებლად. ქართლის პროვინციას ქალაქ გორიდან სამეგრელოში მგზავრობას მოვუნდით 23 დღეზე მეტი. უმთავრესად ქვეითად დავდიოდით კავკასიონის მთის უფსკრულებზე, სიმშილით შეწუხებულნი ვიყავით, მაგრამ უფრო მეტაღ წყურვილმა დაგვტანჯა. ვჭამდით ტალახში ჩაცვივნულ ტყის პანტასა და მაჟალოს, ვსვამდით ყინულივით წყალს, რომ საშინელსა და უღრან ტყეში არსებობა შეგვენარჩუნებინა.
მივაღწიეთ რა თურქეთ-სპარსეთის საზღვარს, უკვე აღარ შეგვეძლო ქარავანს მივყოლოდით, რადგან ქვეითად გვიხდებოდა სიარული; ჩვენი ცხენები მისიონის ბარგით იყვნენ დატვირთული, ამიტომ უკან ჩამოვრჩით და გზაც ვეღარ გავიგნეთ. მაგრამ ღვთის მადლით ვიღაც სპარსელმა ჯარისკაცებმა გვიშველეს და ცხენებზე შეგვსვეს, რომ ქარავანს დავწეოდით. როდესაც ქარავანს დავეწიეთ, ცხენებიდან ჩამოგვსვეს და მათრახის ცემით იძულებული გავხდით ქვეითად გვევლო, რომ ქარავანს არ ჩამოვრჩენილიყავით. ზამთრის ბნელი ღამე იყო; სხვა რომ ვერაფერი მოვახერხეთ, გადავწყვიტეთ ცხენის ძუაზე ხელის ჩავლება რითაც ხიფათს ავცდებოდით ტალახსა წყალსა და ფრიალო კლდეებს შორის მთელი ღამე ფეხით სიარულში. დილით დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ ჩვენი ტანჯვა-წვალება უკვე დასრულდა და ასე თუ ისე თავისუფლად უნდა ამოგვესუნთქა, მაგრამ დახე უბედურებას! ახალი გაჭირვება იწყებოდა – საჭირო გახდა კავკასიის უმაღლეს მთაზე ასვლა. ცხენები დაგვიცვივდნენ, კაცები უფსკრულში გადავარდნის საშიშროების წინაშე იდგნენ ჩვენი ერთი დატვირთული ცხენი გადაიჩეხა, ჩვენ კი შიმშილითა და წყურვილით დახოცილები ფეხზე ძლივსღა ვიდექით ასე რომ კავკასიის მთაზე ქარავანმა კვლავ მიგვატოვა.
ყაჩაღების შიშიცა გვქონდა, მაგრამ უფალმა ღმერთმა ამ მწუხარების ჟამს არ მიგვატოვა. ვინაიდან ერთ ბერს, შეუტყვია თუ არა პატრების ჩამორჩენის ამბავი შევცოდებივართ და თავისი ერთი მსახური უკან გამოუგზავნია იმის შიშით, რომ ჩვენები ყაჩაღების ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. მან გვანუგეშა, გაგვამხნევა და დანარჩენ გზაზე თანამგზავრობა გაგვიწია. ჩვენმა უფალმა კი უფრო მეტად გვცა ნუგეში, რადგან ესოდენ დაქანცულებს სანადიროდ მიმავალი ორი კაცი მოგვივლინა ღომითა და ღვინით დატვირთულები. ერთი ჯულიოთი25 მათგან ჩვენ ვიყიდეთ სურსათი, რითაც რამდენადმე მოვსულიერდით და მოვღონიერდით. საღამოს შეგვიანებით ერთ უსაშინელეს ტყეს მივაღწიეთ, სადაც უნდა შევჩერებულიყავით თუმცა ჩვენი ჩვეულებრივი გაჭირვებით ქვეითად სიარულით მეტად დაღლილი ვიყავით, მაგრამ მხოლოდ ცოტა დასვენება შეგვეძლო, რადგან, ჯერ ერთი, ცხენებისათვის ყური უნდა გვეგდო და, მეორეც, ღამე ღია ცის ქვეშ უნდა გაგვეტარებინა. გარდა ამისა, ერთ ჩვენგანს ჭაჭები ასტკივდა. გათენდა თუ არა, ჩვენი ჩვეულების თანახმად ქვეითად მგზავრობა განვაგრძეთ. საღამოს კავკასიის მთის ქედს მივაღწიეთ, სადაც რამდენიმე პატარა ისლის სახლი იდგა. აქ ერთი ცხენი გადაიჩეხა უფსკრულში. ღმერთს ცხარე ცრემლებით მივმართავდით თხოვნით გაეწია ჩვენთვის შემწეობა რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ დავიღუპებოდით. დილით, განვაგრძეთ თუ არა გხა, ჩვენდა სასიხარულოდ ქარავანიც გამოჩნდა, მაგრამ კვლავ მიგვატოვა. ცოტა სული მოვითქვით. ამასობაში ერთმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინა და თავის ოჯახში დაგვაბინავა. რადგან ფეხით სიარული უკვე აღარ შეგვეძლო, დილით გადავწყვიტეთ ცხენი დაგვექირავებინა, მაგრამ როდესაც ერთ უსაშინლეს უფსკრულს მივაღწიეთ, თითქმის სასწაულებრივ გადავრჩით, ცხენი პატრთან ერთად კინაღამ ხრამში გადაიჩეხა, მაგრამ ერთმა ქართველმა ეპისკოპოსმა რომ დაინახა ეს სახიფათო მომენტი, ცხენიდან ჩამოხტა და დიდის კაცთმოყვარეობით პატრს მიეშველა, რითაც ღვთის შემწეობით ხიფათს გადაარჩინა.
გურიაში ჩამოსვლისთანავე ვეახელით, კათალიკოსს, რომელიც გურულებს რომის პაპსავით მიაჩნიათ. მან თავაზიანად გვთხოვა წირვის დაყენება და თან ისურვა მოესმინა ფრანკების ქადაგება. წირვას პირადად დაესწრებოდა მთელი თავისი ამალით. თხოვნა სიამოვნებით მივიღეთ დილითვე: რამდენადაც კი შესაძლებელი იყო, საზეიმო წმინდა წირვის დასაყენებლად მოვემზადეთ. კათალიკოსისა და მისი ამალისათვის კარგი მაგალითი რომ გვეჩვენებინა, პირველ ყოვლისა, აღსარება ვთქვით, შემდეგ ამისა ვწირეთ და ვიქადაგეთ, როგორც საჭირო იყო. იგი ბოლომდე დაესწრო ღა გულდასმით თვალყურს ადევნებდა ყოველ ცერემონიას. ფრანკების ღვთისმსახურებამ ჩააფიქრა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. გვითხრა: „ჩემს ქვეყანაში სიამოვნებით დაგტოვებდით, დადიანისა რომ არ მეხათრებოდესო“.
კათალიკოსისა და მისი ამალის გარდა, უამრავი ხალხი შეგროვდა, სულ თავადობა, დედოფალი, ბერები და ეპისკოპოსები იყვნენ. წირვის დასასრულს ბევრი დარჩა მეორე წირვაზე დასასწრებლად, როგორც მაგალითად, ზოგიერთი დიდი თავადი, კათალიკოსის ნათესავები უპირველესი თავადი-ეპისკოპოსი, მთავრის გაკათოლიკებული ნათესავი შამოკი. შემდეგ დიდ საზეიმო ნადიმზე მიგვიწვიეს, დაგვასაჩუქრეს და ნაირნაირი საჭმელებით გაგვიმასპინძლდნენ.
ბოლოს, ჩვენ ჩავედით სამეგრელოში. დადიანის კაცებმა ჩამოგვიყვანეს და მთავარმაც დარბაზობა გაგვიმართა. გვიჩვენა თავისი საპყრი ქალიშვილი რომელსაც ბნედა სჭირდა და ლაპარაკიც უჭირდა. როდესაც დადიანმა გაიგო, რომ მკურნალები ვიყავით, იკითხა: განკურნებულს სული თუღა შერჩებაო. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ძალიან ძნელია რამის თქმა, ზოგიერთ წამალს ვახმართ და, თუკი განიკურნა ეს უკვე ღვთისწყალობა იქნება. მთავარი მაშინვე გაემართა, ჩვენც უნდა გავყოლოდით მას. გამოვლილ გაჭირვებაზე უფრო მეტი მწუხარება განვიცადეთ, ვიდრე სახლს მოგვცემდა: რვა თვე გაგვტანჯა. აქ ქალაქი არსად არი. ჩვენ მას უკან უმთავრესად ქვეითად მივჩანჩალებდით დატვირთულ ცხენებთან ერთად.
სამეგრელო მთლიანად დაფარულია ტყით, მეტად ძნელი გასავლელებით, ატალახებული გზებით, მრისხანე და ღრმა მდინარეებით, პირქუში მთებითა და ამავე დროს... მათი ენა არ ვიცოდით და მუნჯად უნდა მივყოლოდით მთავარს, რომ არ გავეძარცვეთ და სიმშილით არ დავხოცილიყავით. მის ამალასთან ერთად სიარული უდიდესი წვალება იყო ჩვენთვის, რადგან ცხენებისათვის უნდა მოგვევლო, დაგვეტვირთა და თვალყური გვედევნებინა. ერთ ღამეს მთავრის სასახლეს მივაღწიეთ, სადაც სამ დღეში ორი ცხენი დაგვეღუპა. მართალია, მათი დახოცვა გვეწყინა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განვთავისუფლდით ამ დიდი წვალებისა და ტარებისაგან. მაგრამ გამოვლილი გაჭირვებისას ანაზღაურებლად და მისიონის აუცილებელი საჭიროებისათვის ვერავითარი სანოვაგე ვერ ვიშოვნეთ. საცოდავ მდგომარეობაში ჩავცვივდით და მხოლოდ ღმერთსღა მივანდეთ ჩვენი თავი.
მთავარმა შეიტყო თუ არა ჩვენი გაჭირვება, შევეცოდეთ. შემოგვითვალა რომ წავსულიყავით კოზხეთად26 წოდებულ ერთ ადგილას, სადაც საყდარს აშენებდა. აღნიშნულ ადგილას ქვეითად წავედით. იქ ერთი თვე დავრჩით და მართლაც სული მოვითქვით. რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ სახლი უკვე მოცემული გვაქვს, ამიტომ ცოტაოდენი სურსათ-სანოვაგე მოვიმარაგეთ, მაგრამ ეს ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დილას საჩქაროდ დაგვიბარა თავისთან და იძულებული შევიქენით ყველაფერი მიგვეტოვებინა თოვლსა და ტალახში ქვეითად გზას გავუდექით. ამ ქვეყნის ჩვეულებისამებრ ბარგი ზურგით წავაღებინეთ კაცებს. მთავარმა სიამოვნებით მიგვიღო, თავის სასახლეში ადგილი მიგვიჩინა და ყოველ დღე გვინახულებდა ხოლმე. ჩემს მომვლელად ერთი კაცი გამოჰყო. იტალიიდან ჩამოტანილი ნივთების სანახავად თითქმის ყველა დიდებული დღეში ორგზის და სამგზისაც მოდიოდა. წამლებსაც გვთხოვდნენ, რადგან ხმა დაირხა, რომ ჩვენ მკურნალები ვიყავით. ამასთანავე სიამოვნებით ათვალიერებდნენ სურათებს, საათებს და სხვა ნივთებს, რომლებიც ჩვენ თან გვქონდა, განსაკუთრებით პერგამენტს. ყველაზე უფრო შინაურულად დედოფალი გვექცეოდა, რომელსაც უნეტარესი ქალწულის ხატთან ერთად უმშვენიერესი რელიკვარი მივართვით, რაზედაც უღრმესი მადლობა გადაგვიხადა.
მათთან ორი კვირის გატარების შემდეგ მთავარმა ხელახლად წინადადება მოგვცა, რომ მისი კუტი ქალიშვილისათვის გვეწამლა, და დაგვიბარა, რომ მას გავყოლოდით ორი დღის სავალზე, სადაც იგი ცხოვრობდა... გზაში იმდენად აღარ გაგვჭირვებია იმის გამო, რომ ცხენებზე ვისხედით. ღმერთო ჩვენო! ამ ქალიშვილს ზრუნვა არ მოაკლო, რადგან ჩვენი მკურნალობის ოცი დღის მანძილზე თითქოს სასწაული ეხილოს. ლაპარაკი დაუწყია, დაკუტებული ხელი და ფეხი აუმოძრავებია. ეს სასწაული უნახავს აგრეთვე მთავარსა და დედოფალსაც, რისთვისაც სურსათით დაგვასაჩუქრეს. იგი სრულიად გამოსაღდებოდა, გულნიაზობა რომ არ გამოეჩინა: მარხვაში კარგი არ არისო ქალიშვილისათვის იმ წამლის წასმა, რომელშიაც ძაღლის ქონი ურევიაო. ერთი წიგნიდან ამოვიკითხეთ და დავისწავლეთ, რომ ყვითონი ნერვების მკურნალობისათვის უებარი წამალია ზეთში შემწვარი ძაღლისა და სხვა კომპონენტთა ნარევის ავადმყოფის კანზე წასმა. საჭირო იყო მთავართან შეთანხმება, რადგან ძაღლის ხორცის გამოყენება ეზიზღებათ, განსაკუთრებით შემწვრისა, თუგინდ სხვაგვარადაც, თუმცა ჩვენ მას ვაკეთებდით კიდეც, მაგრამ უკეთ მივიჩნიეთ, ჩვენ კი არა, არამედ სხვებისათვის გაგვეკეთებინებინა, რისთვისაც მთავრის განსაკუთრებული დასტური გვქონდა. მან ერთი კაცი ძაღლის მოსაძებნად მიუჩინა, მეორე მის მოსაკლავად და შემდეგ ამისა ჩვენ გვბარდებოდა. სამკურნალო წამალი დიდის საიდუმლოებით ერთ ჩაკეტილ სახლში მოვამზადეთ, თუმცა დიდი ნაკლი კი გააჩნდა, რადგან შემაზავებელი ყველა საჭირო ელემენტი გვაკლდა, წამლის გამოყენება დავიწყეთ, რამაც ავადმყოფს დიდად არგო.
ამ ხნის განმავლობაში მარხვაც დადგა და უნეტარესი ქალწულის ამაღლების დიდმარხვაც დაიწყო ამიტომ 15 დღით ადრე ხორცს არა ჭამენ. დედოფალს აქაც გულნიაზობა დაემართა. არ არისო კარგი, რომ მარხვის დროს ქალიშვილს ქონი წაესვას, განსაკუთრებით ძაღლისა, მით უმეტეს, რომ მთავარი ეკლესია ახლოს გვაქვს, ამბობდა რომ უხერხულია ხატმა ძაღლის ქონის სუნი იყნოსოსო. დედოფალი იმდენად შეუჩნდა ქმარს, რომ მთავარი თავის ნებაზე დაიყოლია. ამის გამო ავადმყოფი ქალიშვილი სხვაგან გახიზნეს და ჩვენ კი გაგვათავისუფლეს. მთავარი მეუღლითურთ მეტად განცვიფრებული იყო, რომ მათი ავადმყოფი ქალიშვილი იკურნებოდა, ამიტომ გვიბოძა ქვით ნაშენი მშვენიერი ორი ეკლესია თავისი ტერიტორიითა და ყმებით, რომ ჩვენ მოგვმსახურებოდნენ, ამასთანავე უფრო მეტსაც შეგვპირდა.
ჩვენ გახარებული წავედით და ღმერთს მადლობას ვწირავდით, რომ დადიანის ნაბოძებ ქონებას დავეპატრონებოდით. მაგრამ დახეთ, ჩვენი სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ჩვენმა მოწინააღმდეგე ბერძნებმა დადიანს უკიჟინეს, რომ იგი ცუდად მოიქცა, როცა მათ ეკლესია ჩამოართვა და კათოლიკური სარწმუნოების ფრანკებს გადასცა. ერთი სიტყვით, იმდენი იბრძოლეს, რომ მთავარმა ორივე ეკლესია ჩამოგვართვა და მათ დაუბრუნა. გულმოკლული დავრჩით სამწუხარო შედეგით, მაგრამ მაინც ღმერთს მივენდეთ და სულიერ სიმხნევეს არ ვკარგავდით. დადიანს ვაცნობეთ, რომ ჩვენ უეკლესიოდ აქ გაჩერება არ შეგვიძლია, ამიტომ ქართლში დაბრუნების ნება დაგვრთოს. ვხედავდით, რომ მთავარი დაღონებული იყო და ჩვენგან განშორება არ სურდა, რადგან ძალიან ვუყვარდით. იმ ორი ეკლესიიდან ერთი დაგვიბრუნა, მაგრამ ეკლესიის მსახურები შეეცადნენ კვლავ ჩამორთმევას და კლიტეებიც წაგვართვეს. უფალმა ინება, რომ მთავარი ავად გამხდარიყო მაშინ, როცა ალექსანდრე მეფის ბაში-აჩუკის წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდა. პატრმა დონ არქანჯელომ იგი განკურნა რამდენიმე დღის წინათ შემთხვევით ვინახულე მთავარი, რომელმაც მითხრა: შენმა ამხანაგმა განმკურნაო. ჩემი მოხელენი ჩაგაბარებენ ეკლესიის კლიტეებსო. ახლა ეს ეკლესია ჩვენს ხელშია. ის ჩვენ მოვაწყეთ და რომაელი ღვთისმსახურები წესზე ცერემონიას ვასრულებთ, თუმცა ბერძნებმა არაფერი დაზოგეს და ყოველი ღონე იხმარეს. რომ მთავარს ჩვენთვის მესამედ ჩამოერთმია ეკლესია.
ამ რვა თვის მანძილზე, რაც სამეგრელოში ვმოგზაურობდით, წარმოუდგენელი გაჭირვება გამოვიარეთ. ღომსაც კი ძლივს ვშოულობდით. საჯინიბოში ტანგაუხდელებს ცხენებივით მიწაზე გვეძინა. ერთხელ ჩვეულებისამებრ ქვეითად მგზავრობის დროს ერთ მდინარეს მივადექით დაუხმარებლად მდინარეზე გადასვლა არ შეგვეძლო და რამდენიმე ხანს დავყოვნდით. ამასობაში დედოფალიც მოვიდა. იგი შეჩერდა, ერთ თავის სეფე ქალს უბრძანა ცხენიდან ჩამოსულიყო და ჩვენთვის გადმოეცა მდინარეზე გადასასვლელად. მეორეჯერ ასეთი ამბავი შეგვხვდა. მთავარმა ერთ ჩვენგანს დაავალა, რომ ერთი ცნობილი პირისათვის ბინაზე ემკურნალა. უკან გამობრუნებისას ორმა გამცილებელმა გზაში მიატოვეს და გაიქცნენ. ჩვენი სახლიდან ორი დღის სავალზე მარტოდ დარჩენილმა და თვალცრემლიანმა ღმერთს მიმართა. ამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პატრი უნახავს დადიანის მოიჯარეს (მმართველს, კომისიონერს), რომელმაც იგი თავის სახლში წაიყვანა და ანუგეშა, თან დაჰპირდა, დილით დანიშნულ ადგილამდე მიგაცილებო. მასპინძელმა პატრს უთხრა, შეგიძლია ღამე ქალთან გაატაროო, ეგონა, რომ ამით სიკეთეს სჩადიოდა. მაგრამ პატრმა მიუგო, მსგავსი საქციელი ცოდვადაა მიჩნეული და ასეთი უმსგავსოების ჩადენა უფლის შეურაცხყოფად ითვლებაო. მასპინძელი ჩააფიქრა პატრის პასუხმა, ვინაიდან სამეგრელოს სინამდვილეში ასეთი მოქმედება არაჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა.
პატრი დილით ადგა და მეგზურთან ერთად ქვეითად გაუდგა გზას. ერთ მდინარესთან მისვლისას გამყოლს მიუტოვებია და მერმე ვიღაც კაცს ზურგზე მოკიდებული გადაუყვანია ნაპირზე. კვლავ ქვეითად განაგრძო გზა. გზად მიმავალს სამი კაცი შემოეყარა, რომელთაც აცნობეს, რომ ერთი მისიონერთაგანი სამი თუ ოთხი მილის მანძილზე იმყოფებოდა, რითაც თავი ინუგეშა. წაღები დაეხა სრულიად ფეხშიშველი რომ არ დარჩენილიყო, იძულებული შეიქნა ბაწრით შეეკრა. სხვა უამრავ გამოვლილ ტანჯვა-წვალებაზე ხომ აღარაფერი მეთქმის.
სამეგრელო სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თავისებური ქვეყანაა. ფულით არ იყიდება სანოვაგე და ტანსაცმელი, რომ საკუთარი საჭიროებისათვის მოიხმარო, არამედ აქ აუცილებელია შენვე დათესო, ბაღი გააშენო, შეშა მოიტანო, გყავდეს დამხმარენი ღვინის დასაყენებლად. ყველა ეს სამუშაო რომ შეასრულოს კაცმა, ბევრი უნდა იტანჯოს. რაც გაგვაჩნდა, ისიც მოგვპარეს ოქროს თასის გასაკეთებლად მთავარმა 150 ძეკინი მოგეცა ერთ ღამეს ქურდებმა სახლის ქვეშ დიღი ხვრელი გამოთხარეს იქ, სადაც სალარო იდგა ოქროთი და ძვირფასი წმინდა მოსართავებით. გარდა ამისა, დაახლოებით 100 სხვა პიასტრიც ეწყო შიგ და ყველაფერი წაიღეს. ამ ამბავმა მეტისმეტად დაგვაღონა. საგონებელში ჩავვარდით, ვაითუ მთავარმა ამაზე ჩვენ გაგვკიცხოსო. მიუხედავად ამისა, ღმერთმა მოგვაგო ნუგეში. მთავარმა შემოგვითვალა, რომ მაგაზე ნუ იდარდებთო, ვინაიდან მე საკმაოდ მომეპოვება ოქროო. ამ უკანასკნელ ხანს ქურდი აღმოაჩინეს. ის უპირველესი თავადი აღმოჩნდა.
სამეგრელო თითქმის უღრან ტყეს წარმოადგენს, გველებითა და ეკლებით სავსეს, დაუჯერებელია, თუ ოდესმე აქ მისიონი არსებულა. ჩვენ, საბრალო მისიონერებს, წილად გვხვდა აქ მოსვლა. თუმცა შეძრწუნებულნი მაინც არა ვართ. ღვთის სასწაულით დიდი გაჭირვება გამოგვიცდია, მაგრამ მაინც შესაფერისი მოთმინებით გადაგვიტანია. მრავალგზის ცხენიდან გადმოვარდნილვართ, ბევრჯერ წვიმასა და თოვლში დავრჩენილვართ, ფეხსაცმელი დაგვხევია და ფეხები სიცივისაგან გაგვყინვია. რამდენჯერმე ტალახსა და წყალში ჩავვარდით, ერთი გადარია მხოლოდ იმით, რომ ცხენის ძუას მოეჭიდა, როდესაც დიდ მდინარეს გადიოდა. საჭმლის უქონლობასა და სხვა გაჭირვებაზე აღარას ვიტყვი, ისიც საკმარისია ითქვას, რომ სამეგრელოში სასტუმროები არ არის და საჭირო ხდებოდა ალალბედზე მთელი დღე კარდაკარ სიარული ცოტაოდენი ღომის საშოვნელად.
ერთხელ ორი ცხენი საძოვარზე გავუშვით, მაგრამ ორივე მოგვპარეს სხვა დროს ხანჭკოლითა და ჭინჭრით იოლად გავდიოდით, ღვინის დურდოც შეგვიფერებია ან ორი სამი თვის განმავლობაში წყალში უმარილოდ მოხარშული სამკურნალო მცენარეების ყლორტებით ავადმყოფობის დროს ტკივილებს ვიყუჩებდით. ერთ პატარა ოთახში, ვიწროდ ვცხოვრობდით. არ გვქონდა რიგიანი საწოლი. აქვე ცეცხლს ვანთებდით და ვამზადებდით საჭმელს, ვსადილობდით და ასეთ გაჭირვებაში მისიონის საქმიანობასაც ვეწეოდით. ახლა ღვთის მიერ გამხნევებულნი და მხოლოდ ქრისტეს ხსნისათვის აღტყინებულნი მზად უნდა ვიყოთ ქრისტეს მიბაძვით სისხლის დასანთხევად. შევეცადეთ შეცდომების აღმოჩენას და სულიერი დახმარების გაწევას ამ საცოდავი ხალხისათვის.
გულმოდგინე ძიების შემდეგ გამოვარკვიეთ, რომ სამეგრელოში ნათლობის უწმინდესი საიდუმლოება არ არსებობდა, მიუხედავად ამისა მაინც ნათლავენ ბავშვებს – მხოლოდ ლოცვას წარმოთქვამენ და არ ასრულებენ ნამდვილ წესს. ამაში უკეთ რომ დავრწმუნებულიყავით, ერთ მღვდელს მოვუხმეთ და მას შევეკითხეთ, ნათლობის დროს თუ წარმოსთქვამს საიდუმლო სიტყვებს. მან, სამეგრელოში ყველაზე განსწავლულმა ეპისკოპოსმა, ძლივს გაგვაგებია, თუ რა სიტყვები წარმოითქმოდა მონათვლისას. სიტყვა-სიტყვით ეს წესი ასეთია: Baptizetur servus Christi Ambrozius in nome del padre amen, del Figlio amen, et dello Spirito Santo amen.
წმინდა ნათლობის წესი და სიტყვები მეგრულად არა აქვთ, ქართულად კი ამას ნიშნავს: ნათელს იღებს მონა ღვთისა ამბროსი, სახელითა მამისათა ამინ, ძისათა ამინ, და წმიდისა: სულისათა ამინ. როგორც ვთქვით, ეს წესი და სიტყვებია საჭირო. ამ მღვდელს შევეკითხეთ, ამ წესს თუ იყენებდა ნათლობისას. გვიპასუხა: „თუ წიგნში წერია, ვიტყვი, თუ არა, ვერ გეტყვითო“. ჩვენ წიგნი მოვუტანეთ, რომ ეს ადგილი მოენახა. როდესაც კითხვა დაიწყო, წესი და სიტყვები მაინც ვერ მოძებნა. ამის შემდეგ ჩვენ მას ვასწავლეთ, წესისა და სიტყვების გადაწერილი ასლი მივეცით არა მარტო თავის სახელმძღვანელოდ, არამედ აგრეთვე სხვა მღვდლებისათვისაც უნდა ესწავლებინა. ავუხსენით, რომ როდესაც წესი და სიტყვა სრულდება, ერთმა წესი და სიტყვა უნდა შეასრულოს და მეორემ კი ბავშვი განბანოს. გარდა ამისა, გაგონილი მაქვს, რომ ზოგჯერ ბავშვს ღვინოში აბანებენო. ბევრი სრულიად მოუნათლავია, რადგან ნათლობის გადახდის დროს ჩვეულებით უნდა მოაწყონ ლხინი, ძროხა და ღორი დაკლან და ღვინოც ბლომად დალიონ, ამიტომ, ვისაც შეძლება არა აქვს და ღარიბია, თავისი შვილების მონათვლას აღარ ცდილობს და, ამგვარად, მოუნათლავს ტოვებს. სამეგრელოში ბერძნები და ზოგიერთი სხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომელთაც ნათლობის ნამდვილი წესი და სიტყვები იციან. დიდკაცები უმთავრესად ეპისკოპოსებს ან ბერძნებს გამოიძახებენ ხოლმე, რომელნიც, იმედი უნდა ვიქონიოთ, კანონიერად ნათლავენ. ხოლო მდაბიო პირთა შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის არავინაა მონათლული.
ყველა ამ მოსაზრების საფუძველზე მიზანშეწონილად მივიჩნიეთ რამდენადაც კი შესაძლებელი იყო, დაგვენათლა (თუმცა პირობით) უშუალოდ ჩვენ თვითონ ოთხასზე მეტი მოვნათლეთ. უმრავლესობას ყველა საზეიმო ცერემონია შევუსრულეთ ჩვენს ეკლესიაში სხვების თანდასწრებით. ჩვენი ცერემონიით ისინი მეტად აღფრთოვანებულნი დარჩნენ, დანარჩენი საჯაროდ კი არ მოვნათლეთ, არამედ საიდუმლოდ. ამათგან დაახლოებით 300-ზე მეტი პატარა ბავშვი, რომელთაც ჯერ შვიდი წელი არ შესრულებოდათ. როგორც შევიტყეთ, ამათგან ოცზე მეტი მოკვდა და სამოთხეში მოხვდა. როდესაც ჩვენ წამლების მისაცემად ავადმყოფების შემოვლა გვიხდებოდა, თითოეულს ნაკურთხი წყალი მიგვქონდა ლარნაკით. დავინახავდით თუ არა რომელიმე ბიჭს, რომელიც, ჩვენის აზრით, შეიძლებოდა მონათლულიყო, თავს ისე ვაჩვენებდით, ვითომ ჭიის წამალს ვაძლევდით (ხმა დავარხიეთ, თითქოს წმინდა ნათლიღების წყალი, ლარნაკში რომ გექონდა შენახული, ჭიების წამალია). ამ წყალს ცოტას მოვასმევინებდით, მერმე საიდუმლოდ ვიტყოდით წესსა და სიტყვას, შუბლს მოვბანდით და ვნათლავდით ხოლმე. ამგვარად 300-ზე მეტი მოვნათლეთ. მონათლული ბიჭის გვარს მაშინვე ვიწერდით, რომ რომელიმე პატრთაგანს შეცდომით მეორედ არ მოენათლა.
ჩვენი უფალი, ალბათ, კმაყოფილებით შესცქეროდა ჩვენს თვალთმაქცობას. ბევრი ავადმყოფი თითქმის სასწაულებრივ გაჯანსაღდა არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურადაც. სხვათა შორის, ერთ ფაქტს გვიამბობენ, რომელიც ერთ ჩვენთაგანს თავს გადახდა. პატრი გამოიძახეს რომ ერთი აზნაურისათვის ანუ კეთილშობილისათვის ეწამლა. იგი მივიდა მასთან და ნახა, რომ მისი ორი წლის შვილი წყალმანკით იყო ავად. პატრმა განუცხადა დედამისს, ბავშვს უნდა მივცე ჭიის წამალი, რომელიც ჭიებს დახოცავს და ავადმყოფს მოარჩენს, თუ ამის მიზეზით არის ავადო. ბავშვის დედა კმაყოფილი დარჩა და, თანახმად ჩვეულებისა, მონათლა. დილით უზომოდ გახარებული პატრთან მივიდა და მოახსენა, რომ მისმა შვილმა ძალიან დიდი ჭია დააგდოო. ამ ფაქტმა წამალს იმდენად გაუთქვა სახელი, რომ მეორე სინიორამ, ზემოხსენებულის ცოლის დამ, რომელსაც ორი ბავში ჰყავდა და მათთვის მამამისს ჭიის საწინააღმდეგო წამალი ეშოვნა, თქვა, რომ მათი შვილები არ საჭიროებენ არავითარ წამალს, რადგან ჯანმრთელნი არიანო. მაგრამ როცა გაიგო, თუ რა შედეგი გამოიღო მისი დისწულის მიერ მიღებულმა წამალმა, უმალვე ორივე შვილი პატრის სენაკში მიიყვანა, რომ მათთვის წამალი მიეცა. პატრმა (რომ წამლისათვის უფრო მეტი ფასი დაედო) ჯერ ახვეწინა და მერე მისცა. შემდეგ კი ორივე მონათლა.
დასაწყისში ცოტას ვფრთხილობდით და ვაცხადებდით, რომ სამეგრელოში ნათლობა არ არსებობსო, რადგან გვეშინოდა ჩვენი მიზნისათვის ხელი არავის შეეშალა. შემდეგმა გამოცდილებამ, ისე როგორც ზემოთ დასახელებულმა ეპისკოპოსმა, რომელიც აცხადებდა, რომ ჩვენი ნათლობა არ არსებობსო, იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ აშკარად უნდა გვეთქვა ჩვენი მოსაზრება. ამან ჩვენს სიტყვებს იმდენი ძალა მისცა, რომ მრავალი ყრმა და ამასთანავე მღვდელი მოინათლა. ყველაზე უფრო შესანიშნავი ის არის, რომ ორი ეპისკოპოსი საფუძვლიანად მოინათლა და ხელახლად ეკურთხა. ამ ბოლო დროს მთავრის ვეზირმა პაპუა წულუკიამ, დადიანის შემდეგ მეორე პირმა, ჩვენი ჩაგონებით გადაწყვიტა მონათლულიყო, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ არასრულყოფილად იყო მონათლული. მან თავისთან იხმო ერთი ჩვენგანი, რათა ორივე დასწრებოდა და ეხილათ – მართლმადიდებელი მღვდლები ყველაფერს სწორად ასრულებენ თუ არა. მერმე იკითხა: რანაირი წესით უნდა ვთქვა ჩემი ცოდვების აღსარებაო. ასეთი პასუხი მიიღო: ნათლობა არათუ თანდაყოლილ ცოდვებისაგან განწმენდს ადამიანს, არამედ მიეტევება ახლად ჩადენილი შეცოდებანი და დანაშაულობანიცო. ვინაიდან არ იცოდა, კანონიერად იყო მონათლული თუ არა, ამიტომ ხელმეორედ მოინათლა იმ პირობით, რომ ყველა თავისი ცოდვა ეღიარებინა და, მაშასადამე, პირობითვე ცოდვები მიეეტევებოდა. შემდეგ კი უნდა ზიარებულიყო, ვინაიდან ბერძნები (რომელთა ღმერთმსახურების წესსაც მართლმადიდებლები აღიარებენ) მონათვლის შემდეგ მყისვე აზიარებენ ხოლმე. როგორც ვურჩიეთ, მან ისე შეასრულა. შევეცადეთ და ჩვენ ვეზირთან ერთად მისი ოჯახის ზოგიერთი წევრიც მოვნათლეთ.
ხსენებული სინიორე (პაპუა წულუკია) იმდენად კარგ დამოკიდებულებაშია ჩვენთან, რომ მრავალგზის წინადადება მოგვცა (ჩვენთან შეთანხმებით) დადიანისათვის ჩაგვეგონებინა მონათვლა. თუ სინიორე ასეთ წყალობას გვიზამს და ამას შეასრულებს, მაშინ, უეჭველია, სამეგრელოს დიდი ნაწილი მოინათლება, შესაძლოა ამასვე ჩაიდენდა იმერეთის ერთი ნაწილიც, ალექსანდრე მეფე და გურიელი, რადგან მათი ნათლიღება, ჩვენის აზრით, ჯერ კიდევ საეჭვოდაა მისაჩნევი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ერთმა უნდა წარმოსთქვას წესი და სიტყვები და მეორემ განბანოს.
ამ ბოლო დროს მათ კათალიკოსს ველაპარაკეთ მათი ნათლობის უვარგისობაზე. ჩვენდა სასიხარულოდ ნებას დაგვყვა, კიდეც მოინათლა და ხელმეორედ ეკურთხა. ამასაც დავსძენთ: საქმე იქამდე მივიდა რომ ერთი უპირველესი თავადი გვარად ჩერტუა, სამეგრელოში ყველაზე მდიდარი, დავიყოლიეთ, რათა მას მოენათვლინებინა თავისი ყმების ყველა პატარა ბავშვი და მღვდლებისთვისაც შეესწავლებინა ის წმინდა ნათლისღების წესები და სიტყვები, რომელთაც აღნიშნული საიდუმლოების კანონიერი შესრულება მოითხოვდა. თვით ეს სინიორე ჩვენის წყალობით გათვითცნობიერდა; გარდა ამისა დავარწმუნეთ, რომ თავის ყმებს აღარ გაჰყიდის მონებად თურქებზე. მან არა მარტო პატიოსანი სიტყვა მოგვცა, არამედ საქმით მეტიც გააკეთა, რამდენიც კი შეეძლო, ტყვეები გამოისყიდა...
ნათლობის საკითხზე, კერძოდ, ორ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ერთი მანდილოსანი იმდენად ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ღმერთმსახურების წესს, რომ მოიწადინა ჩარევა ჩვენი მოძღვრების საქმეებშიც, რომელიც ყოველ კვირა ეწყობოდა ხოლმე. ქალი საიქიოზეც ლაპარაკობდა და ამბობდა ის არაფერს არ შველისო. ეს მანდილოსანი ხანგრძლივად ავადმყოფობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მასთან მივიდა ერთი პატრი, რომელიც არწმუნებდა, რომ ამ უკიდურეს მდგომარეობაში მაინც მონათლულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სული სამუდამოდ დაიღუპებოდა. ღვთის შემწეობით პატრმა იმდენად დაარწმუნა, იგი, რომ ქალმა წმინდა ნათლიღება ითხოვა. პატრმა იგი მონათლა, მაშინვე აღსარება ათქმევინა და პირობით ცოდვანიც მიუტევა. ამის შემდეგ ერთ საათზე ცოტა მეტი იქნებოდა გასული, რომ იგი გარდაიცვალა. ყველა კმაყოფილი დაგვტოვა, რადგან მან ამ უკანასკნელ წუთებში შეიგნო ის სარგებლობა, თუ რა იმედი გვასულდგმულებს ჩვენ სამოთხეში მოხვდომისას.
უფრო ღირსსახსოვარი მეორე შემთხვევა გადახდა იმავე პატრს. ჩვენი მოწინააღმდეგე იყო ერთი მღვდელი, რომელიც სხვებს აგულიანებდა ჩვენს ღმერთმსახურებას არ მიჰკედლებოდნენ, რადგან ფრანკები კარგი ქრისტიანები არ არიანო. გარდა ამისა, ზოგჯერ ცრუმორწმუნეობით სავსე სხვა მოსაზრებასაც გამოთქვამდა. ისე რომ ბევრი მასთან მიდიოდა, როცა რაიმე უბედურება შეემთხვევოდა და მიზეზის გამორკვევა სურდათ. მღვდელი აიღებდა ხელში ლოცვანის წიგნს, გადაფურცლავდა, ნებისმიერად ამოიკითხავდა ამა თუ იმ ადგილს და აძლევდა ღვთისმგმობ პასუხს, რომ ამის მეოხებით რაიმე გასამრჯელო მიეღო. ერთი სიტყვით, ჩვენ მას იმდენად ვძულდით, რომ, როდესაც გაიგო, ჩვენ მიერ მონათლული ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა, მან მკვდარი ხელახლად, მონათლა, თანაც განაცხადა, ფრანკების ნათლიღება კანონიერი არ არისო და ჩვენს შეუტყობინებლად მყისვე დამარხა. ჩვენ განზრახვა გვქონდა გარდაცვალებული საზეიმოდ დაგვეკრძალა, ჯერ ერთი, გვინდოდა ჩვენი დასაფლავების ცერემონიის ჩვენება და, მეორეც, პატივი გვეცა ამ ნეტარი არსებისათვის.
ეს მღვდელი მძიმე ავადმყოფი რომ შეიქმნა და სიკვდილის პირას იყო მისული, პატრი მის სანახავად წავიდა, ვითომდა წამლების მისაცემად (ამ საშუალებით შეგვეძლო შესვლა სახლში და ყველა სიამოვნებით გვიღებდა კარებს). პატრმა ავადმყოფის ოთახიდან ყველა დაითხოვა, რადგან არ სურდა სხვებს ენახათ ის წამალი, რომლის მიცემასაც აპირებდა. ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ავადმყოფი არ განრისხებულიყო და უარი არ ეთქვა ნათლიღების მიღებაზე, რადგან იგი მღვდელი იყო. როდესაც მარტო დარჩნენ, პატრმა (იგი გვარად გვავისელი-გავისელი)27 განუმარტა მას, თუ რა საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი სული და უთხრა თუ სურვილი გაქვს, მოგნათლავ, რადგან თქვენი ნათლიღება კანონიერი არ არისო. მღვდელმა ჰკითხა: „რომ მოვინათლო, მომარჩენო?“ პატრმა მიუგო: „გარწმუნებ რომ მოგარჩენო“. ერთი სიტყვით, ბევრი მტკიცებისა და კითხვა-პასუხის შემდეგ პატრმა მღვდელი დაიყოლია. პატრს თან ჰქონდა წმინდა ნათლიღების წყალი. ავადმყოფმა თავი მოიხარა. პირველ ყოვლისა, თავისი ცოდვები მოინანია და მერმე მოინათლა, თანაც ჰპირდებოდა, თუ ვინიცობაა სიკვდილს გადარჩებოდა, პატრებისაგან მიღებულ რჩევა-დარიგებებს უკლებლივ შეასრულებდა. მღვდელი რამდენიმე დღის შემდეგ, განიკურნა თუ არა, პირველ ყოვლისა პატრს ეახლა. მან იგი შეაგონა, რომ კეთილი ცხოვრება დაეწყო და მრავალი ცრურწმენა მიეტოვებინა. წმინდა ნათლიღების ცერემონია შეასრულა თუ არა, ბერძენი კათოლიკე ეპისკოპოსის28 ხელით ხელახლად ეკურთხა და ცრუმორწმუნეობის წიგნის ჩაბარებასაც დაგვპირდა. ცხადია, ცრუმორწმუნეობის ფუნქციას, მხოლოდ იმიტომ ასრულებდა, რომ თავისი სიღატაკისათვის ეშველა რამე. პატრს შეეხვეწა, მოწყალებას მიეღო და გაჭირვებაში მყოფა დახმარებოდა. პატრი შეჰპირდა, რომ ამაზე იზრუნებდა მას შემდეგ, რაც იგი კეთილ ცხოვრებას მოეკიდებოდა, ვიმედოვნებთ, რომ ამ მღვდლის მეშვეობით სხვებსაც ღვთის წიაღს დავუბრუნებთ.
მთავრის მიერ მოცემულ ეკლესიასთან ერთად უფალმა ინება, რომ მას ჩვენთვის კვლავ ყურადღება მოექცია და რამდენიმე კომლი მშრომელი გლეხი ებოძა. ჩვენთვის ეს მეტად ძვირფასი საჩუქარი იყო რომ უფრო ადვილად შეგვძლებოდა კათოლიკურ წესზე მათი მოქცევა. ჩვენი მოწინააღმდეგენი თუმცა ძნელად, მაგრამ მაინც აღწევენ წარმატებას, ვინაიდან დაჟინებით არწმუნებენ ხალხს, რომ ვინც ჩვენი ღმერთმსახურების წესს მისდევს, ის უსათუოდ მოკვდებაო. ამათში იყო დაახლოვებით 14 წლის ქალიშვილი, რომელიც ყოყმანობდა, ჩვენს წესზე მოქცეულიყო თუ არა. იმის მიხედვით, რასაც მართლმადიდებლები ლაპარაკობდნენ, დარწმუნებული იყო, რომ იგი მოკვდებოდა და ამის გამო გადამწყვეტ ნაბიჯს ვერა სდგამდა. ბოლოს თავის თავს გაენდო: როგორც ვხედავ, ფრანკები არ კვდებიან, მეც მინდა ვცადო, იქნებ გამიმართლდესო. ამისათვის პატრებს შეუთვალა, რომ სურვილი აქვს მოინათლოს და ყველაფერში და ყველგან მათი ცხოვრების წესი გაიზიაროს. როცა ეს ამბავი მისი ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, ყოველი ღონე იხმარეს, რომ მას კათოლიკური სარწმუნოება არ მიეღო. ამისათვის მას შეურაცხყოფდნენ, აწვალებდნენ და ურიას ეძახდნენ; მაგრამ იგი მედგრად ეწინააღმდეგებოდა ყველას. ხოლო პატრებმა, რომ იგი უკეთ გამოეცადათ, მისი მონათვლა რამდენიმე ხნით დააყოვნეს. ბოლოს ნახეს შეურყევლად და დაჟინებითაც ითხოვდა მონათვლას. ამის შემდეგ დიდის დიდებით მოვნათლეთ და კატერინა დავარქვით იგი ჩვენი ღმერთმსახურებისა და ცერემონიის აღსრულებას შეუდგა განსაცვიფრებელი კია: თუ უწინ ხშირად ავადმყოფობდა, ისე იყო გამხდარი, რომ მცირე შრომა შეეძლო, მონათვლის შემდეგ ავადმყოფობისაგან განიკურნა, ხორცი შეივსო და ყევეელას გაკვირვებას იწვევს; ამჟამად ყველაზე მეტს მუშაობს.
სხვები ემუქრებოდნენ და მოლოდინში იყვნენ მათი მარხვა რომ დადგება, მაშინ უსათუოდ მოკვდებიო. და ყოველი საშუალებით ცდილობდნენ თავისკენ გადაებირათ. კატერინა მუდამ შეუდრეკელად უპასუხებდა ხოლმე: „ისევე მოვიქცევი, როგორც, პატრები იქცევიან და სიკვდილის სრულიადაც არ მეშენიაო“. მარხვაც დადგა და ღვთის წყალობით იგი არ მოკვდა. როდესაც სხვებმა ყოველივე ეს ნახეს და ისიც, რომ სნეულებისაგან განიკურნა, მათაც გადაწყვიტეს მონათვლა და ჩვენი წესჩვეულების აღიარება. პირველი მათგანი იყო ერთი ქალი, რომელსაც თაფური ერქვა, წმინდა ნათლობის შემდეგ კი მარია შევარქვით. მას მოჰყვა ოთხი სხვაც. ამჟამად ჩვენს სახლში ათი საზეიმოდ მონათლული გვყავს, რომელნიც ჩვენი ღმერთმსახურების კათოლიკურ წესს მისდევენ. ამასთანავე ორი დავაქორწინეთ, მათ ბავშვებს ქრისტიანულად აღვზრდით. რელიგიურად იმდენადაა აღგზნებული ქალიშვილი კატერინა, რომ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რასაც იგი აკეთებს: ჩვენი სარწმუნოებისათვის თავდადებულია. სხვებს უქადაგებს და უმთავრესად ხელს უწყობს, რომ კათოლიკობაში მოიქცეს ის ზემოხსენებული ქალი, რომელიც მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთს მოინათლა.
ამ ბოლო ხანს ჩვენი ერთი პატრთაგანი გამოიძახეს, რომ ერთი დიდი პეროვნებისათვის ქინაქინის წამალი მიეცა. მან დიდი სიხრულით მიიღო იგი. სანამ პატრს გაისტუმრებდნენ, მან შინაურებს დაავალა, პატრესათვისს გადაეცათ მისი დასაჩუქრება მინდა და თვით პატრმა თქვას, რას ისურვებს, რომ კმაყოფილი დარჩესო პატრმა მიუგო, „თქვენი ჯანმრთელობის გარდა, მე სხვა არა მინდა რაო, წამლისათვის კი არავითარ საფასურს არ ვითხოვო“. „არაო“, უპასუხა რაინდმა, „მე არ მაკმაყოფილებს თქვენი პასუხი, მსურს, რომ პატრმა ჩემი სიყვარულისათვის საჩუქრად ერთი მშვენიერი ცხენი ინებოსო“. მე პატრს ვურჩიე მადლობა გადაეხადა მისთვის, ეთხოვა მოწყალება მოეღო და ცხენის ნაცვლად მისთვის ერთი ბიჭი მიეცა. პატრმა იცოდა, რომ ეს სინიორე მრავალ ტყვესა ჰყიდდა თურქებზე და ადვილად შეეძლო ერთი სულის გადარჩენა. ამიტომ, ცხადია, ცხენის მაგიერ ბიჭის აყვანა ირჩია. ამ წინადადებაზე რაინდი მყისვე დათანხმდა და პატრს ორი წლის ბიჭი უბოძა. რაზედაც პატრმა დიდი მადლობა გადაუხადა რადგან ამ დროს ზამთარი იდგა და ყინავდა პატრი კი თავისი სახლიდან სამი დღის სავალზე იყო დაშორებული, ეძნელებოდა ბავშვის სახლამდე საღსალამათად მიყვანა. ერთი საწვიმარი ლაბადა ჰქონდა, რომელშიც ბავშვი შეახვია, ცხენზე შეჯდა და ხელში აყვანილი სახლში მოიყვანა, საზეიმო მონათვლის შემდეგ ნიკოლო დავარქვით.
ეს საკმარისია, რაც ითქვა ნათლობის წმიდა საიდუმლოებაზე. ახლა ზოგი რამ უნდა გამცნოთ მონანიების წმიდა საიდუმლოებასა და ევქარისტიაზე. ცოდვათა მიტევების ფორმა ნათლიღებაზე სრულიადაც ნაკლები არაა, ეს კი მეგრელთათვის უცნობია. ამისათვის მე მათ დავუწერე შემდეგი: Absolvus servus Christi in nomine Pris et Filii et Sptus St amen, რაც შემდეგსა ნიშნავს: Mighedefnen zodvani sceni sachelita mamisata da smisata Sulisata amin – მიგიტევენ ცოდვანი შენნი სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ. ეს ფორმა გავამრავლე და დავარიგე, რომ ცოდვათა მიტევების ფორმულად გამოეყენებინათ.
იმ ოჯახებში, სადაც ჩვენ ხალხი მოვნათლეთ და ჩვენი წესის აღმასრულებელნი არიან, ზოგიერთი მათგანი აღსარებას ამბობს და ეზიარება ხოლმე 15 დღეში ერთხელ, სხვები კი მხოლოდ მთავარ უქმეებში. ქრისტიანული მოძღვრების სწავლებისათვის ყოველ კვირა დღეს ვიკრიბებით, გარდა ამისა როგორც კი საექიმო დახმარების გასაწევად წასვლა მოგვიხდებოდა, მაშინვე ეცდილობდით ყველას შთაგონებას, რომ ხშირად ზიარებულიყვნენ.
ერთ დღეს ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი: გამოძახებულნი ვიყავით ერთ მომაკვდავთან, რომელიც უკვე აღარ განიკურნებოდა, იქ ვნახეთ ერთი ბერძენი, მას ავადმყოფისათვის მიეღებინებინა წმიდა ზიარება. როდესაც გავიგეთ, ავადმყოფისათვის აღსარება არ ეთქმევინებინა და ისე ეზიარებინა, მაგრად გავკიცხეთ და შევარცხვინეთ, რომ იგი ბერძენი იყო... შეცდომა კი ჩაიდინა და უაღსარებოდ აზიარა ავადმყოფი. მან გვიპასუხა, დადიანისა მეშინოდაო. აქ შემთხვევა მოგვეცა, მისთვის ჭეშმარიტება გვესწავლებინა.
მეორედ პატრმა ერთი მომაკვდავი ახალგაზრდა პოლონელი მღვდელი ნახა და ურჩია, აღსარება ეთქვა და ზიარებულიყო. პოლონელი დაეთანხმა. ყველა დაითხოვა, ვითომდა პატრს არ სურდა ენახათ ის წამალი, რომლის მიცემასაც აპირებდა. წმიდა ზიარებისთვის მას აღსარება ათქმევინა. მერმე დილით დროზე წმიდა წირვა დააყენა (ჩვეულებრივად ამისთვის ყოველთვის საგანგებო შესამოსელი თან მიაქვს ხოლმე), სეფისკვერი აკურთხა და თასით ავადმყოფს წაუღო საიდუმლოდ საკრამენტო. შემთხვევით გზაზე სახლის პატრონი შეხვდა და იკითხა, თუ რა მოჰქონდა მას. პატრმა უპასუხა: ავადმყოფის წამალიაო. პატრონმა დასძინა: „მე შენ გავალებ და ძლიერ გთხოვ, რომ მას კარგი წამალი მისცე“. პატრი მივიდა და საიდუმლოდ აზიარა.
ჩვენი სარწმუნოების გარშემო მთავართან მრავალგზის გვისაუბრია. ერთხელ საგანგებოდ ვაზირის ოთახში დაგვიბარა, სადაც მთავრის, ვაზირისა და ჩვენი ორი პატრის გარდა სხვა არავინ იყო. მთავარმა ჭეშმარიტების გასაგებად სხვადასხვა მოსაზრება და საეჭვო საკითხები წამოაყენა. პატრებმა მთავარს პასუხი გასცეს და მთლიანად დააკმაყოფილეს იგი. ვაზირმა, მისი სიტყვებით რომ გადმოგცეთ, თქვა: „ოო, რა ბრძენი კაცები ყოფილან ეს პატრები, ასეთები არასოდეს არ გამიცვნიაო“ და სხვა შესაქები სიტყვებიც იხმარა, რაზედაც ჩვენ დავიმორცხვეთ. მთავარმა პატრები თავის ოთახში შეიყვანა და უთხრა: „მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ მკურნალები არა ხართ და ყველაფერს ღვთის სიყვარულით აკეთებთ, ღვთის კაცნი ხართ და სხვა ამგვარი სიტყვები. ამის გამო მე მსურს ერთი საიდუმლოება გაგანდოთ და თუ თქვენ ჩემი თავი გინდათ, არამც და არამც სხვას არ უთხრათო“. თავისი საიდუმლოება გაანდო, ცხრა სკუდო მისცა და პატრები შინ გაისტუმრა. სამეგრელოში ჩვეულებად აქვთ, როდესაც რაიმე საჩუქარს უგზავნიან ვინმეს, საჩუქრის წამღებიც უნდა დაასაჩუქრონ. ამ წესისათვის გვერდი რომ აევლო, მოატანინა ცხრა სკუდი და საკუთარი ხელით პატრებს მისცა.
უფრო ვრცელ ინფორმაციაში უკეთ შეიძლებოდა შეფასებულიყო ის შრომა, რომელსაც მისიონერები ამ სამთავროში ეწევიან. რაც შეეხება სამეგრელოს მთავარს, მასზე დამატებით მოტანილი იქნება მასალა მესამე თავში მთავარი დადიანი გულწრფელად არის ჩვენდამი განწყობილი, გვენდობა და პატივს გვცემს.
მთავარი თავისი ამალით მოვიდა, ჩვენს საცხოვრებელ სახლთან ახლო დადგა თავის კარვები და, ნიშნად იმ სიყვარულისა, რომელიც მას ჩვენდამი აქვს, ხანგრძლივად გვესაუბრა. ჩვენ თვითონ მივდივართ ხოლმე მასთან და სხვადასხვა საგანზე სასარგებლო საუბარს ვმართავთ, რასაც იგი სიამოვნებით ისმენს. ყოველთვის, როდესაც სამეფოს ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის, როგორც ზემოთ ვთქვით, იმ მხარეს გამოივლის, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით ხოლმე, მთელი თავისი დიდებულების თანხლებით. გზიდან მოშორებით განგებ შეჩერდებიან რომ ჩვენს სანახავად მოვიდნენ და საუბარი გაგვიბან. უფრო ხშირად ჩამოაგდებდნენ ხოლმე ლაპარაკს საიქიო ცხოვრებაზე, რომლის შესახებ სრულიად არაფერი გაეგებათ. მთავარს სიამოვნებდა საუბარი უბრალო საკითხებზედაც, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო საკითხი, ბოსტნის წესრიგში მოყვანა. თავისთვის ითხოვა ბოსტნის ნაწილი, რომელიც ჩვენ მისთვის დავამუშავეთ. იგი კაცის მოცემას დაგვპირდა, რომელიც მის სახელზე ბოსტანს დაამუშავებდა.
ჩვენი ავადმყოფობის დროს მთავარმა გვინახულა და მეტად გულწრფელად შემოგვთავაზა ყველა ის, რაც ვინატრეთ, ამით სურდა თავისი გულუხვობა საქმითაც დაემტკიცებინა საუბარის დროს ერთხელ მან კაცი გაგზავნა თითქმის ერთი დღის სავალხე ფეხით, რომ თავისი სასახლიდან წამოეღო ლიმონისა და სოჭის ნერგი, რომელიც ამ მხარეში მეტად იშვიათია. იმდენი ოქრო და ვერცხლი გვიწყალობა, რამდენიც მოვინდომეთ.
პატრებისათვის ბევრ შემთხვევაში გამოუცხადებია ნდობა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ავად ჰყას ხოლმე შვილები ან მეუღლე. ვინაიდან ხშირად სხვადასხვა საქმეების გამო მათთან განშორება უხდებოდა, ასეთ შემთხვევაში ოჯახის მზრუნველებად ყოველთვის პატრები დაუტოვებია ამასთანავე განკარგულებაც გაუცია რომ პატრების ბრძანების წინააღმდეგ არავინ წასულიყო. მთავარი აცხადებდა რომ მათ მზრუნველობაში ტოვებდა მეუღლეს, შვილებს. ასე ინებოს უფალმა, რომ სიკეთე და მყუდროება მოუვლინოს ამ სამთავროში.
მთავარი, როდესაც ავად გახდება ხოლმე, პატრების გარდა სხვას არავის ენდობა. სხვათა შორის, პატრები ყოველგვარ საქმიანობას ასრულებენ, რაც ჩვეულებრივ შინამსახურებს ევალებათ. რაც შეეხება საჭმელს, მთავარს უნდა, რომ ესეც პატრების ხელით კეთდებოდეს. ხშირად ვერცხლეული, ოქრო და სხვა ნივთები მათთვის ჩაუბარებია, რადგან პატრებს მეტისმეტად ენდობა.
ერთ ბრწყინვალე წვეულებაზე, რომელზედაც დაახლოებით ათასი კაცი იყო დაპატიჟებული, მთავარმა პატრების დასწრება ისურვა. თადარიგი დაიჭირა, რომ პატრები დედოფლისა და მის სეფე-ქალებს შორის მოეთავსებინათ ნიშნად ახლო მეგობრობისა და პატივისცემისა, რომ დამსწრეთ დიდი წარმოდგენა შექმნოდათ მათ პატიოსნებაზე. უნდა ვაღიაროთ ერთი მეტად დამახასიათებელი გარემოება იმათთვის, ვინც აქ სამისიონერო მოღვაწეობისათვის ჩამოვლენ. ქვეყანა და განსაკუთრებით ქალები მეტისმეტად ლამაზებია. ამ მხარეში უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყანაში, დიდი თავშეკავებაა საჭირო, რომ ცთუნებაში არ ჩავარდეს კაცი.
მთავარმა და ყველა სტუმარმა პატრების უდიდესი პატივისცემა დაიწყეს მათი სათნო ხასიათისა და მკურნალობისათვის, უფრო იმიტომ, რომ ისინი წამლობაში არავითარ სარგებლობას არ ეძებდნენ, ამგვარ მოღვაწეობაში შეუძლებელია არ ეცნოთ პატრებშია ღვთისაგან მონიჭებული მადლი, რადგანაც ისინი ნეტარებას განიცდიდნენ ყველა სახის ავადმყოფის მოვლასა და მკურნალობაში. უმეტესად განუკურნელსა და ძნელად მოსარჩენ სნეულებაზე ზრუნვაში, როგორიცაა ძნელი მშობიარობა და სხვა მძიმე ავადმყოფობანი. გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ თუმცა ყველა ჩვენგანმა მრავალი სნეული მოარჩინა, მაგრამ საამისო მეცნიერული სწავლა არ გვქონია, გარდა რამდენიმე საცნობარო წიგნისა. როდესაც ლოცვაზე მივდიოდით, ამ წიგნიდან რამდენიმე ადგილსა ამოვიკითხავდით ხოლმე. წამლების მომზადების ცოდნა და გამოცდილება არ გაგვაჩნდა, არ ვიცოდით რომელი წამალი იყო ავადმყოფისათვის საჭირო. ვიცნობდით ადგილზე ხმარებულ მედიკამენტებს, რომლებსაც დიდი სარგებლობა მოუტანია დაავადებულთათვის. გარდა ერთი შემთხვევისა, ამ წამლებს კარგად უმოქმედია ავადმყოფებზე.
ზეციერმა უფალმა, ჩვენი თავმდაბლობა და მისიონის დანიშნულება რომ განედიდებინა, ინება, რომ არა მარტო მკურნალობაში, არამედ ყველაფერში ადამიანები დიდი ცოდნის შეძენისაკენ ისწრაფოდნენ. მრავალგზის აღძრული ეჭვები გაგვიქარწყლებია, რამდენგზის შეცდომებში დაგვირწმუნებია გონივრული მტკიცებითა და თვით მათივე წიგნებით, როგორც ეს თავს გადახდა არქიეპისკოპოს ალავერდელს29, კათალიკოსის შემდეგ მთავარ საეკლესიო პირს, ამ სამთავროში ყველაზე განსწავლულსა და მეცნიერს, მაგრამ მეტად ზვიადს და ჩვენს დიდ მტერსა და მოწინააღმდეგეს. მას ჩვენ ძალიან ვძულდით მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პირჯვარის გამოსახვას უცქეროდა. იგი ჩვენში სატანისებურ ადამიანებს ხედავდა. ეს კაცი უარჰყოფდა წმიდა სულის გადასვლას ძეში. რამდენიმე საუბრის შემდეგ თავისთან მიგვიწვია და დაგვპირდა; რომ გამოიძიებდა და ჭეშმარიტებას ამოიკითხავდა ამ საკითხზე ქართულ წიგნებში. როდესაც ამას მიაღწია და ამ საგანზე პატრების ცოდნა გაიზიარა, იმდენად მოიხიბლა, რომ ჩვენების არც ერთ წირვას არ აკლდებოდა. რაც შეეხება ამ საკითხზე აღიარებულ ჭეშმარიტებას, სავსებით თუ არა, ნაწილობრივ მაინც იზიარებდა. ყოველ შემთხვევაში, მეტად კმაყოფილი დარჩა. თავდაპირველად ვძულდით, შემდეგ უკვე ნებაყოფლობით გვესაუბრებოდა ხოლმე, გვეთანხმებოდა, თავის ეჭვებს გვიზიარებდა, სახლში გვეპატიჟებოდა. იგი უკურნებელი სნეულებით იყო შეპყრობილი და ჩვენს ხელში დალია სული.
მთავარს, როდესაც რაიმე სიძნელე წამოეჭრებოდა თავისი სამთავროს მმართველობის საქმეში ზნეობრივი ცხოვრებისა და სარწმუნოების საკითხებზე, ან ზოგჯერ მოლაპარაკება იყო საჭირო, ან ჯოგის საკითხი იყო გადასაწყვეტი და მისი მსგავსი რამ, ასეთ ზემთხვევაში სურდა პატრების რჩევაც მოესმინა.
როდესაც მდინარე წალეკავდა და დიდ ზარალს მიაყენებდა ქვეყანას, დაზარალებულთ მრავალგზის მოუმართავთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებული იყვნენ რომ მთავარს მოვეთათბირებოდით და ჩვენთვის უეჭველად გააკეთებდა იმას, რასაც სხვებისათვის არ ჩაიდენდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა ძალიან კარგად იცოდა, რაც ხდებოდა, რომ მისი შვილის ქონება და სახლი განსაცდელში იყო, მაშინვე როდი მიიღო ზომები. მაგრამ როდესაც მოვახსენეთ, რომ ჩვენს სახლებს საშიშროება ელოდა, მან ათასი კაცი გამოგზავნა, რომელნიც შუა წყალში შიშველნი შევიდნენ და ჯებირით მდინარება სხვა მხარეს მიმართეს. შემდეგ, როდესაც გამოარკვია, რომ ჯებირი სავსებით საიმედო არ იყო, მთავარი ორგზის მოვიდა შესამოწმებლად, რათა უკეთესად გაემაგრებინათ წყლის ნაპირი.
მცირე პატივისცემა როდი იყო ჩვენი ამასთანავე უაღრესად მანუგეშებელიც, როდესაც მთავარმა უკანასკნელ ხანს ჩვენდა საამაყოდ განკარგულება გასცა, რომ თავისი ყმები აღარ გაეყიდათ თურქებზე. ამ სამთავროდან ყოველ წელს გასაყიდად მიჰყავდათ დაახლოებით 2 ან 3 ათასი კაცი, რომელნიც შემდეგ უთუოდ თავიანთ სარწმუნოებას ტოვებდნენ ხოლმე, ჩვენს მისიონს ამის გარდა სხვა სარგებლობა რომ არ მოეტანა ამ მხარისათვის, ცხადია, ასეთი ქველმოქმედებაც საკმარისი იქნებოდა მათი მოღვაწეობის შესაფასებლად.
უნდა დავსძინოთ, რომ აქ მეტად ფასდება კაცთმოყვარეობა, რომელიც პატრების სახლშია შენიშნული სტუმრების მიღების დროს. ყველაფერი რაც ერთისთვისაა, ასევეა მეორისთვის სამონასტრო ჩვეულების მიხედვით.
ქართლიდან ჩამოსული უცხო პატრები თავაზიანად მიიღეს. მათთან პური ჭამეს და ღვინო დალიეს შინაურულად, ბერებში მიღებული წესისამებრ. ჩვენი ცხოვრების ადათსა და წესს აქ ერთობ დიდად სცემენ პატივს. ამ წესებს ის ხალხი უკეთ ასრულებს. რომელნიც თავიდან ჩვენი მოწინააღმდეგენი იყვნენ. თვით მთავარი ზუსტად იცავს ამ წესს, გარდა იმ დროისა, როცა იგი მისიონისაგან შორს იმყოფება, რაც ჩვენთვის დიდად საფიქრებელი გახდება ხოლმე, რადგან მთელ დროს სამხედრო წყობასა და ვარჯიშს ანდომებს. წირვა ყოველ დღე სრულდება მგალობელთა გუნდით – ჟამისას სერობისას და ღამე. მამლის ყივილისას, სისხამ დილით ვდგებით და წირვას ეკლესიაში ერთად ვაყენებთ, რაც არასდროს არ გაგვიცდენია. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ჩვენი სახლიდან დაშორებული იყო, ჩვენ ხშირად ჩვეულებრივი ტანსაცმელით წავსულვართ თოვლსა, წვიმასა და ტალახში.
კვირაობით ქრისტიანულ მოძღვრებას ვასწავლით. საზეიმო უქმეებში წირვა დგება ზარის რეკით. რამდენიც კი შესაძლებელია, ეკლესია მდიდრულადაა მორთული ხალხის მოსაზიდავად. აქ ისინი თავს იყრიან ჩვენი რწმენის საიდუმლოებისადმი მოწიწების გამოსახატავად. ვნების კვირაში ცერემონიას არავითარ შემთხვევაში არ დააკლდებიან. კუბოს ვაკეთებთ და უწმინდეს შობის დღეს მრავალგვარი სიახლე შემოვიღეთ, როგორიცაა ბაგასს გაკეთება. ეს იმდენად მშვენივრად გამოგვივიდა რომ მთავარი, მისი ამალა და მრავალი ხალხი მოვიდა სანახავად.
ეკლესიაში გამოვფინეთ პატრი ავგუსტინელების მიერ ნაჩუქარი რელიეფური ჯვარი. ეს ახალი ხატი უცნობია ამ სამთავროში. სანახავად მთავარი, წარჩინებული თავადები და მრავალი ხალხი მოვიდა.
რამდენიმე საათით ზოგჯერ ზიარებას გამოვსდგამდით, რომ ჩვეულებრივი კურთხევყთ შეგვესრულებინა. ამან გამოიწვია მოწიწება. შემთხვევა არ გავუშვით, რომ რამდენიმე თვით შემოგვეღო და განგვეგრძო დისციპლინის გავლა ეკლესიაში ერის კაცთათვის, რომელნიც ჩვენთან ერთად გადიოდნენ სულიერ წვრთნას.
თუ მწუხრისას „გიხაროდენ ქალწულოს“ ლოცვის ნიშნად ზარი ირეკება, რომლის შემდეგ საიდუმლო ლოცვა სრულდება; ის აგრეთვე ალიონის შემდეგ დილითაც მეორდება და მას მაშინვე უწმიდესი ღვთისმშობლის ლიტანიაც თან ერთვის, ყველაფერი ეს ჩვენ წესრიგს შეესაბამება. სიჩუმეს ჩვენს სახლში მცხოვრები ერისკაცნიც იცავენ: ჩვენი კონსტიტუციის განაწესის საათებში მაგიდაზე რომელიმე სასულიერო წიგნი იკითხება თუ შუქის უქონლობის გამო არ შეფერხდა. საღამოთი ჩვეულებრივად ცეცხლის შუქზე ვვახშმობთ, სიღარიბისა და გაჭირვების გამო უზეთოდ30 ვრჩებით ხოლმე.
ჩვეულებრივი ღამისთევისა და მარხვის გარდა, ამ ქვეყნის ორ დიდ მარხვასაც ვასრულებთ ჩვენი სარწმუნოების შესაბამისად და რასაც წმიდა ეკლესია გვავალებს დიდმარხვასა და ხსნილში, ერთს უწმიდესი სამების შემდეგ პირველ კვირაში, ვიდრე წმიდა პეტრემდე, მეორეს – პირველ აგვისტოდან ღვთისმშობლობამდე, ამ დროს ხორცისაგან თავს ვიკავებთ და მხოლოდ რძის ნაწარმით ვიკვებებით. მარხვის დაცვა სავალდებულოა. ღამეს ვათევთ ოთხშაბათობით, რომ მივბაძოთ ყველაფერში ამ ხალხს, რომელთაც სძულთ და აღმშფოთებულნი არიან იმათ მიმართ, ვინც ხორცს სჭამს დიდმარხვის დღეებში.
წმიდა ეკლესიის მიერ სავალდებულოდ აღიარებულ დიდ-მარხვას ერთობლივ ვასრულებთ. სოფლებში მარტო ხანჭკოლით, მწვანილითა და ღომით იოლად გადიან, უფრო ხშირად კი ჭინჭრით და malva-თი, როგორც ზემოთაა აღნიშნული. ასეთ ყოფაში თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს საბრალო, მიტოვებული სამთავრო, სადაც მისიონერები წარსულში შეშინებულან და გაქცეულან მარტო მისი სიდუხჭირის გამო, ღირსია, რომ ახლა მაინც სიყვარულით გაიხსენონ და ყურადღება მიაქციონ მას, რომელსაც დასრულებული ქრისტიანული კულტურა მოეპოვება უკვე დაძლეულია ყველა შეფერხება და წინააღმდეგობა. ღვთის ვენახი უდაბნოდ რომ არ იქცეს, ამასთან ერთად, წარსულის გამოცდილებაც რომ გავითვალისწინოთ, შეიძლება შიში ვიქონიოთ, რომ სხვა დროს ვერ გავაკეთებდით მას, რასაც ამჟამად გადავდებდით და მივატოვებდით და რის გაკეთებაც ახლა აქ მყოფ მისიონს შეუძლია ძნელი მისაღწევი კია, ხოლო ეს საკითხი ცალკე რომ გაგვეხილა, მეტად ადვილი იქნებოდა მისი მოგვარება.
ამ სამთავროდან შეგვეძლო უკეთესი და ადვილი მისასვლელი გზა გამოგვენახა მის მოსაზღვრე სხვა უცნობ და ჩამორჩენილ, სამეგრელოს მთავრისაგან მიტოვებულ ან მის იურისდიქციაში მყოფ სამთავროსთან. სამეგრელოს მთავრის მეტად ეშინიათ, რადგან იგი ძლიერი სინიორია.
უკვე გული მოვიგეთ და თანაგრძნობაც დავიმსახურეთ ზოგიერთი პირისა, ე.ი. სამეგრელოში მძევლად ნამყოფი აფხაზეთის ერთი თავადისა და ყარაჩაელი, თავადისაც, რომელიც ჩვენ განვკურნეთ ავადმყოფობისაგან პატივისცემის ნიშნად მათ შემოგვთავაზეს დახმარება და თავიანთი სამსახური.
რაც შეეხება სპარსეთს (სამეგრელოდან ჩვენ მოგვიწოდებს თავისთან სპარსეთის დედოფალი, რომ ქართლი და სამეგრელო მთლად ჩვენზე გახდეს დამოკიდებული), უნდა მივუთითო უკვე მოწერილ წერილებზე და აღვნიშნო მარტო ის, რაც მოვისმინე გამოცდილი პირისაგან, რომ იმ სამეფოში (ე.ი. სპარსეთში), არავითარ შემთხვევაში შესაძლებელი იმედი არ უნდა ვიქონიოთ დედოფალთან დალაპარაკებისა რადგან ამაზე ნებას არა რთავენ, გინდაც თვით დედოფლის მიერ ვიყოთ გამოძახილნი საპასუხოდ. როგორც ჩანს, შეუძლებელია დაისახოს რაიმე იმედი.
აქ ვათავებ ამ არასრულ რელაციას სამეგრელოზე, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მორჩილება გამოვხატო და უბრალო ცნობა მივაწოდო ამ მისიონის მდგომარეობის შესახებ. ბევრ ამბავს ვტოვებ, რომლის შესახებ არაფერი მახსოვს და ვგონებ სამეგრელოდან მოწერილ წლიურ მოხსენებებში ამის შესახებ უნდა მქონდეს აღნიშნული.
დიდება ღმერთს! გამარჯვება და უჭკნობი სიხარული მას, ვინც, კეთილი განზრახვით წყვდიადში აჩრდილივით შთენილი ხალხის. დასახმარებლად თავს დაიმდაბლებს და უწინამძღვრებს მას.
შენივნები
1. დონ პიეტრო ავიტაბილე, საქართველოს მისიონის პრეფექტი 1626 წლიდან.
2. ამ რელაციის მიხედვით არქანჯელო ლამბერტის ბიოგრაფიას ემატება ახალი დეტალი: იგი შესანიშნავი მხატვარი ყოფილა. მას ბევრი პორტრეტი ჰქონია დახატული როგორც მთავრისა და დედოფლის, აგრეთვე სხეა ცნობილი პირისა. ამასთანავე მთავრისა და დედოფლის დავალებით ერთი ეკლესია მოუხატავს, რისთვისაც დიდი მოწონება დაუმსახურებია. მეორე მხრივ, სცოდნია სხვადასხვა ხელობაც, როგორიცაა დურგლობა, დეკორაციული დეტალების მრავალსახიანი ხელსაქმე და სხვა. ადვილი შესაძლებელია, რომ ქრისტეფორე კასტელის ალბომში, რომელშიც 500 სურათია მოთავსებული, ლამბერტის ნახატებიც იყოს შესული, რადგან კასტელის სურათები ერთი სტილისა როდია, მასში რამდენიმე სტილი შეიმჩნევა და, როგორც ჩანს, ერთი კაცის ნახატების ალბომს არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ სხვადასხვა დროისა და რამდენიმე მხატვრის კოლექციაა. გარდა ამისა, ლამბერტი კარგი მკურნალის სახელსაც ატარებდა და ამ დარგში ფართო მასების დიდი სიყვარულიც დაუმსახურებია, სამისიონერო ასპარეზზე მოღვაწეობის გარდა, მას სასოფლო-სამეურნეო დარგშიც შეუტანია თავისი წვლილი.
3. როსტომ ხანი
4. ირუბაქიძე - ჩოლოყაშვილი
5. ავტორის ცნობა ეჭვს არ იწვევს იმის შესახებ, რომ კათალიკოსი მალაქია გურიელი იმავე დროს გურიის მთავარიცაა, და რომ ერთი პიროვნების ხელშია გაერთიანებული სამოქალაქო-ადმინისტრაციული და სასულიერო ფუნქციები. ასეთი არაჩვეულებრივი მოვლენა გამოწვეული იყო იმით, რომ დადიანის მიერ დატყვევებული და თვალებდათხრილი სიმონ გურიელი, რომელსაც დადიანის და ჰყავდა ცოლად და მისი სიძე იყო, მსხვერპლი გამხდარა მალაქია გურიელის, ე.ი. ბიძის ღალატისა რის გამოც დადიანმა დანიშნა მთავრადაც. მისი მმართველობა გაგრძელდა 1638 წლამდე.
6. ილორში
7. Il re
8. ალბათ, „ქარონი“ იგულისხმება.
9. ავტორი კარგად ასხვავებს მონების კატეგორიას ყმათა და გლეხთა კატეგორიისაგან, მაგრამ ამ შემთხვევაში საგანგებოდ ხაზი აქვს გასმული მონების ყოლას მთავრის ქვეშევრდომის მფლობელობაში, ასეთი გარემოება კი ანგარიშგასაწევია.
10. სიმონ გურიელი, ლევან დადიანის სიძე, მისი და ჰყავდა ცოლად.
11. ლევან დადიანის სიძე, მისი დის მარიამის ქმარი.
12. მარიამი.
13. დაუდ-ხანის პორტრეტი გამოქვეყნებულია კრებულ „გეორგიკა“-ში 1937 წ., #4-5. ზურაბ ავალიშვილი თავის გამოკილევაში აღნიშნავს, რომ პორტრეტის ორიგინალი ინახება პალერმოში. ის სურათი ქრისტე- ფორო კასტელის ნახატს წარმოადგენს, პორტრეტს აქვს წარწერები. – ბერძნულად: „განჯის ბეგლარ-ბეგი“ და იტალიურად: „დაუდ-ხან სპარსელი“, კვლავ შემდეგი წარწერა: 1. დაუდ-ხანი, შირაზის ხანის ძმა, ჩვენი პატრების კეთილისმყოფელი და მწყალობელი საქართველოს სამეფოში. 2. „დაუდ დუკა ანუ ხანი განჯისა, იბერიის სამეფოს პროვინციისა, ძმა მამოლი-ხანისა – შირაზელის. სპარსეთის პროვინციისა, რომელიც სპარსეთის მეფემ მოკლა იმის შიშით, რომ დაუდ ხანიც არ მოეკლა სპარსეთის მეფეს, იგი თურქეთში გაიქცა გზად მიმავალმა სახლში გვინახულა და ჩვენს პატრებთან ისაუბრა“. საქართველოში მისიონერად ყოფნის დროს კასტელიმ მისი სურათი დახატა დაახლოებით 1633 წელს.
დაუდ-ხან, იმამ-ყული-მამული ხანის ძმას, შაჰ-აბასის მთავარსარდლის, ალავერდი-ხანის შვილს, მაღალი თანამდებობა ეკავა მისი ძმის სამფლობელოში. მისი სახელი, ისევე როგორც მისი ძმის, იმამული-ხანის ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც არ წაშლილიყო სამხრეთ სპარსეთში. 1674 წელს შარდენი იხსენიებს დაუდ-ხანის ბაზარს და ქარვასლას ან 200-ოთახიან სასახლეს, განკუთვნილს ინდოელ ვაჭართა მოსასვენებლად. ეს დაუდ-ხანის განკარგულებით იყო აშენებული, ცნობილი იმამ-ყული ხანის ძმისაო. ისპაანიდან ბენდერაბასში მიმავალმა შარდენმა გაიარა ამნაბადის სოფელზე, რაც ეტიმოლოგიურად შემდეგსა ნიშნავს: საკავშირო, მყუდრო სადგური. ასე ეწოდება თანახმად შარდენისა, სიმაგრის მსგავს ნაგებობას, რომელიც აგრეთვე დაუდ-ხანის მიერას აგებული. ეს ადგილი დაუდ-ხანის თანამედროვის ჰემბერტის მიერაცაა აღწერილი, რომელიც იქ იყო 1627 წელს. იმ ხანებში იქ ცხოვრობდა ორმოცი ოჯახი, რომელთა უმეტესობა მაჰმადიანი ქართველობა იყო. ეს სოფელი ირგვლივ გალავნით იყო შემოვლებული და ციხე-სიმაგრეს ემსგავსებოდა. ეს იყო დაუდ-ხანის რეზიდენცია.
სპარსელთა წინააღმდეგ დიდი აჯანყების დროს, 1625 წელს, დაუდ-ხანს მაღალი თანამდებობა ეკავა საქართველოს მეზობლად. მისი პოზიცია ამ პერიოდში შაჰისადმი ერთგულების მაჩვენებელი არ იყო. იგი აშკარად ეხმარებოდა გიორგი სააკაძეს.
დაუდ-ხანის ვინაობის დამადასტურებელი ცნობა მოეპოვება არჩილ მეფეს, როდესაც იგი თეიმურაზს ათქმევინებს (იხ. 523, 1 – 2) – „დაუდ-ხანი განჯაში იჯდა, ვით ბეგლარ-ბეგი, იგი იქიდან დაიძრა და მე მხარში ამომიდგაო“. აქედან ნათელია, რომ მისი გვარი უნდილაძეა. ფარსადან გორგიჯანიძე მოგვითხრობს რა დაუდ-ხანის ორგულობასა და სპარსელთა მიმართ მის ცბიერებაზე, გადაწყვეტით აღნიშნავს, რომ იგი შირაზის ბატონის, იმამ-ყული-ხანის, ძმა არის. აქ არ შეიძლება ეჭვი იქონიოს მკვლევარმა, რომ დაუდ-ხან უნდილაძე და შირაზის ბატონი, იმამ-ყული-ხანის ძმა, ერთი და იგივე პირია.
დაუდ-ხანმა ივრის ნაპირზე დააყენა ყაჯარი ნომადების ჯარი, რომელიც არჩილის სიტყვებით „კახელებს მისცა გასანადგურებლად, გასაწყვეტად“. ასეთი აქტით დაუდ-ხან უნდილაძემ შური იძია მათზე, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და, განსაკუთრებით კახეთის უმაგალითო აოხრებაში, ჯავრი იყარა სპარსელებზე, რომელთაც ქართველი მოსახლეობა გაანადგურეს.
14. აფხაზეთის მთავრის შარაშია აბეძანის ქალიშვილი დარუნდია.
15. ავტორის მიერ აღწერილ ამ ფაქტს აღნიშნავს როგორც ლამბერტი, ასევე ავტორი უცნობი და გამოუქვეყნებელი რელაციისა დონ პიეტრო ავიტაბილე, რომ ლევან დადიანმა თავის მეუღლის ერთგულებაში ეჭვი შეიტანა და ამის გამო იგი სასტიკად დასაჯა, ამ მოტივის ავიტაბილეს არა სჯერა სინამდვილესთან უფრო ახლო იქნებოდა გვეფიქრა რომ ლევან დადიანს უზნეო ტრფიალი ძალუა ნესტანდარეჯანისადმი საკასო საბაბი უნდა ყოფილიყო თავისი მეუღლისათვის ცილის დაწამებისა, მისი თავიდან მოშორების მიზნით. ამ საქმეში ალბათ, თვით ჭილაძის ქალი ნესტანდარეჯანიც დაეხმარებოდა ოღონდაც დადიანის ცოლი გამხდარიყო.
15. ლამბერტის აღწერით დადიანის ვეზირს პაპუნა რქმევია.
16. ჭილაძის ქალი ნესტანდარეჯანი (იხ. ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“).
17. ლევან დადიანის ბიძა გიორგი ლიპარტიანი,
18. იმერეთის მეფე გიორგის სამი ვაჟი ჰკოლია: ალექსანდრე, რომელზედაც ჩვენი ავტორი ლაპარაკობს, მამუკა და ბერი.
19. ამ ფაქტს ვახუშტი ბატონიშვილიც ადასტურებს, იგი ამბობს, რომ იმერეთის მეფე გიორგიმ თავის შეილს ალექსანდრეს საცოლედ მამია გურიელის ქალი მოუყვანა, რომლისაგან მიეცა შვილი ბაგრატი, ორი წლის შემდეგ ალექსანდრემ მის მეუღლეს ღალატი დასწამა და თავისი ცოლშვილი სიმამრს უკან მიჰგვარაო.
20. თეიმურაზ მეფემ თავისი ასული დარეჯანი, ზურაბ ერისთავის ნაქვრივალი, გიორგი მეფის შვილს ალექსანდრეს მიათხოვა.
21. ალბათ, უნდა ყოფილიყო „პონტო ევქსინო“, რაც, მართლაც, შავი ზღვის ბერძნული სახელია, ხოლო კუშინო იტალიურად ბალიშს ნიშნავს.
22. იმერეთის მეფე ალექსანდრე.
23. როკვა.
24. ოჭკომალი.
25. იტალიური ფული
26. ლაბერტის ცნობით კორცხელი.
27. შეიძლება იყოს გავაშელი
28. იმხანად დადიანის სანახავად სამეგრელოში მოსულა ტრაპიზონის მიტროპოლიტი, ბერძენი ეპისკოპოსი კირილე. პატრებმა თავისი ქადაგებით იგი გააკათოლიკეს. ასე რომ, როდესაც პატრები მღედლებს ნათლავდნენ, ეს მიტროპოლიტი ახლადმონათლულ მღვდლებს ხელახლა აკურთხებდა ხოლმე, პატრები ასეთსავე ფუნქციას გურიის მიტროპოლიტ ალავერდელსაც ასრულებინებდნენ.
29. კახეთის ეპისკოპოსი ალავერდელი ამავე დროს გურიის მიტროპოლიტიც იყო. როსტომ მეფის (ხანის) ქართლ-კახეთში გამეფების შემდეგ იგი სამეგრელოში გადაიხვეწა, შემდეგ სამეგრელოდან ოზურგეთში ჩავიდა – თეათინელი მისიონერი პატრების წინააღმღეგ სამოქმედოდ. მისიონერებმა და ალავერდელმა ერთმანეთი საჯარო პაექრობაზე გამოიწვიეს საღვთისმეტყველო საკითხების გასარკვევად. ალავერღელებთან მოკამათედ პატრი ანტონიო ჯარდინა გამოსულა, მას მოკამათე ალავერდელი დაუძლევია და ბოლოს გაუკათოლიკებია კიდეც (ქრისტეფორო კასტელის გამოუქვეყნებელი წერილის თარგმანი გე. 1-30).
30. როგორც ცნობილია XVII საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ნავთი ხმარებაში იყო და მას ადგილობრივ იღებდნენ იგი ევროპელთათვის ზეთის სახელით იყო ცნობილი. არაბული სიტყვიდან, ზეთი.