გვერდები

воскресенье, 1 июня 2025 г.

კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი (ძვ. წ. 275 – ძვ. წ. 203) – პლუტარქე

ამბობენ,  ერთი  ნიმფათაგანი,  სხვათა სიტყვით კი, – რომელიღაც  იქაური  მოკვდავი  ქალი, – მდინარე  ტიბრის  სანაპიროზე შეეუღლა  ჰერაკლეს  და  შვა ვაჟი ფაბიუსი, ვისგანაც დასაბამი მიეცა მრავალრიცხოვანსა და რომში სახელგანთქმულ ფაბიუსების გვარსო. ზოგიერთები გადმოგვცემენ თითქოს ამ გვარის პირველი  წარმომადგენლები  ორმოების  მეშვეობით  იჭერდნენ  გარეულ  ცხოველებს  და  ამიტომ  უწინ  მათ ფოდიუსებს   ეძახდნენ. დღემდე რომაელები „ორმოებს“ ფოსებს. ხოლო „თხრას“ – ფოდერე-ს უწოდებენ1. დროთა მანძილზე  სიტყვაში  ორი  ბგერა  შეიცვალა  და ფოდიუსების ნაცვლად  ფაბიუსებს  წარმოთქვამდნენ.
ფაბიუსების  სახლმა  მრავალი  დიდი  კაცი  მისცა  ქვეყანას, მათგან უდიდესი  იყო  რულუსი,  რომელსაც  ამის გამო რომაელებმა მეტსახელად  მაქსიმუსი  შეარქვეს2. მისგან  წარმოშობილ  მეოთხე  თაობას  მიეკუთვნება  ფაბიუს  მაქსიმუსი,  ვისზეც  ამ თხრობას  ვწერთ.  მას   ჰქონდა  სხეულისმიერი  მეტსახელი  ვერუკოზუსი – ბაგეთა  ზემოთ ამოსული პატარა მეჭეჭის  გამო3.  სხვა  მეტსახელად  ჰქონდა ოვიკულუსი, რაც  „ცხვარს“  აღნიშნავს.  ასე შეერქვა ჯერ კიდევ ბავშვობაში მშვიდი და აუჩქარებელი ხასიათის გამო. მისი  მშვიდობიანობა და სიტყვაძუნწობა, ამასთან ერთად ბავშვურ სიამოვნებათაგან  თავშეკავების დიდი უნარი, ის, რომ ზანტად და გაჭირვებით ითვისებდა რასაც  ასწავლიდნენ,  ისიც – ამხანაგებს   რომ  ყველაფერს  უთმობდა და ემორჩილებოდა, გარეშე  პირთ  ეჭვის  საბაბს აძლევდა,  მისთვის  სიზანტე  და გონებაჩლუნგობა  დაეწამებინათ.  მცირე  რაოდენობით,  მაგრამ მაინც  იყვნენ  ისეთები,  რომლებიც  მის  ბუნებაში  ხედავდნენ სიღრმისეულ შეუდრეკლობასა და დიდსულოვნებას, და კიდევ რაღაც ლომისებურს.  გავიდა  დრო  და  სულ  მალე,  შექმნილი ვითარებით წაქეზებულმა,  ყველას  დაუმტკიცა,  რომ  მის  მოჩვენებით  უმოქმედობაში –  აუღელვებლობა,  გადამეტებულ სიფრთხილეში – კეთილგონიერება, ხოლო მუდმივ აუჩქარებლობაში – საიმედო  სიდინჯე  და  ურყევი  ბუნება  იყო  ჩაბუდებული.
იგი   ხედავდა,  სახელმწიფომი  დიდი  ამბები  და  მრავალი ომი  იყო  მოსალოდნელი,  ამიტომ  საკუთარ  სხეულს,  ვითარცა   ბუნებით  თანდაყოლილ  აბჯარს,  მუდმივ ვარჯიშით  აწრთობდა,  ხოლო  სიტყვას  გამუდმებით  ხვეწდა,  რათა ცხოვრებაში  შესაფერისად  გამოეყენებინა  და ხალხის  დამარწმუნებელ  იარაღად  გამოსდგომოდა.  მისი  სიტყვა  კეკლუცობისათვის  და  მოედანზე  რიხით წარმოსათქმელად როდი  იყო  გამიზნული.  იეს   იყო  საგანგებოდ  გონიერი,  შეგონებებით  დამშვენებული  და  ღრმა  აზრების  შემცველი  სიტყვა,  რომელიც,  ამბობენ,   ყველაზე  უფრო  მეტად   თუკიდიდესეულ   სიტყვას ჰგავდაო.  შემორჩენილია  ფაბიუსის  ერთ-ერთი  სიტყვა,  რომელიც  ხალხის  წინაშე წარმოუთქვამს  თავისი  ვაჟიშვილის ხოტბის შესასხმელად, რომელიც კონსული  იყო  და  მერე  მალე გარდაიცვალა.
2. ფაბიუსი ხუთგზის  იყო კონსულად  არჩეული.  მისი  პირველი  კონსულობა  ლიგურიელებზე  გამარჯვების  ტრიუმფით აღინიშნა.4 ფაბიუსის მიერ  ბრძოლაში დამარცხებულმა ლიგურიელებმა,  რომლებიც  დიდად  დაზარალდნენ  და  ალპების სიღრმეში  შერეკეს,  ხელი  აიღეს  იტალიის  მიმდებარე  მხარის ძარცვა-რბევასა  და   აწიოკებაზე.
ამის შემდეგ  იტალიაში  ჰანიბალი  შეიჭრა  და    მდინარე ტრებიასთან  გამართულ  ბრძოლაში  პირველი  გამარჯვება  მოიპოვა5.  მერმე  ეტრურიაზე6  გავლით ამ   მხარის  დარბევა  დაიწყო  და რომს  საშინელზე  საშინელი  თავზარი  დასცა.  ამასთან გავრცელდა  ხმები  სასწაულებრივი  ნიშნების  თაობაზე:  ჰყვებოდნენ  არა   მარტო  რომაელთათვის  ჩვეულ  ისეთ  წინამოსწავების  ნიშანზე,  როგორიც  მეხის  დაცემაა,  არამედ  მანამდე გაუგონარ და მრავალი საოცრების შემცველ მოვლენებზე: თითქოს თორ-აბჯარნი თავისდათავად შეიღებნენ სისხლით; თითქოს ანტიუმთან სისხლიან თავთავებს იმკიდნენ; თითქოს ზემოდან  ცეცხლმოდებული, გავარვარებული ქვები ცვიოდა, ხოლო ფალერეს თავზე ზეცა გასკდა და იქიდან  ჩამოცვივდა და  მიმოიფანტა  მრავალი  ფირფიტა,  რომელთაგან  ერთზე სიტყვა-სიტყვით  ეწერა:  „მარსი  თავის  იარაღს  არხევს!“
ამ  მითქმა-მოთქმამ  სრულიადაც  ვერ  შესძრა  კონსული გაიუს  ფლამინიუსი,  ბუნებით  ფიცხი  და  პატივმოყვარე  ვაჟკაცი,   რომელიც თავისი  წარმატებებით  ამაყობდა.  ამ    წარმატებებს  მან  ჯერ  კიდევ  ადრე  მიაღწია  იმის  წყალობით,  რომ, სენატის უარისა  და თანაკონსულის თავგამოდებული  წინააღმდეგობის  მიუხედავად,  გალებთან  ბრძოლაში  ჩაება   და   გაიმარჯვა.
მრავალთა შემძვრელმა  წინამოსწავების ნიშნებმა, თავისი უაზრობის გამო, მაინცდამაინც ვერც  ფაბიუსი   შეაშფოთა. როგორც  კი   შეიტყო  მტრის  სიმცირე  და მისი  უსახსრობა, რომაელებს მოუწოდა: თავი  შეეკავებინათ იმ კაცთან ბრძოლაში, ვისაც მრავალ ომში  გამოწრთობილი  ჯარი  ჰყავდა,  მოკავშირეებისათვის  დახმარება  გაეგზავნათ  და  ქალაქები  ხელში ჰყოლოდათ,  ჰანიბალის  ძალა  კი   ნებაზე მიეშვათ,  რათა  ოდნავ  მბჟუტავი  ალივით  თავისდათავად  ჩამქრალიყო. 
3. ფლამინიუსის  გადარწმუნება  ფაბიუსმა   ვერ  შეძლო. ფლამინიუსმა  დაიკვეხა,  ომს  რომის  კარიბჭესთან  არ   მოუშვებდა  და  ძველი  კამილუსივით  ქალაქისათვის  ბრძოლას  ქალაქში  არ  გამართავდა.  მან  ათასისთავებს7 უბრძანა,  ჯარი  გაეყვანათ,  თვითონ  კი ცხენს  მოახტა,  მაგრამ  ცხენი  სრულიად მოულოდნელად,  რამე  საჩინო  მიზეზის  გარეშე  დაფრთხა; ფლამინიუსი  ცხენიდან  გადმოვარდა  და  თავი  მიწას  დაახეთქა.   მან   აზრი  მაინც  არ   შეიცვალა   გადაწყვეტილებისამებრ დაიძრა  ჰანიბალთან. შესახვედრად  და  ჯარი  ეტრურიაში  ტრაზიმენუსის  ტბასთან8 საბრძოლველად  დარაზმა.  როცა  მეომრები  ხელჩართულ  ბრძოლაში  ჩაებნენ,   გაჩაღებული  შერკინების  ჟამს  მიწა  იძრა,  რისგანაც  ქალაქები  დაინგრა,  მდინარეებმა  გეზი  იცვალეს  და  მთათა  ძირები ირგვლივ  დაიბზარნენ.  მიუხედავად  იმისა,  რომ  ეს  მოვლენა  ძლიერი  იყო,  იგი ვერც  ერთმა მებრძოლმა  ვერ  იგრძნო.  ფლამინიუსმა  დიდი ვაჟაცობა  და  ძალა  გამოიჩინა  და  ბრძოლაში  ისე  დაეცა;  მასთან  ერთად  დაიღუპნენ  საუკეთესო  მეომრები; ნაწილი  უკუიქცა;   დიდი  ხოცვა-ჟლეტა  გაიმართა;  მოკლულ იქნა  თხუთმეტი  ათასი  კაცი,  ამდენივე  კიდევ ტყვედ  წაიყვანეს. 
ჰანიბალმა  მოინდომა  მამაცობისათვის  პატივი  მიეზღო  და ფლამინიუსის  გვამი  საკადრისად  დაეკრძალა,  მაგრამ  ის   გვამთა  შორის  ვერაფრით  ვერ   მოიძიეს  და   საერთოდ  უცნობი დარჩა,   სად   გაქრა. 
ტრებიასთან  განცდილი  მარცხის  თაობაზე  არც  სტრატეოსს  მოხსენებითი  ბარათით  და  არც  გაგზავნილ  მაცნეს  პირდაპირ  სიმართლე  არ  უთქვამთ.  ტყუოდნენ;  მართალია,   საეჭვო  და  საყოყმანო,  მაგრამ  მაინც  გამარჯვებაა  მოპოვებულიო. მხოლოდ  პრეტორმა  პომპინიუსმა,  როგორც  კი  შეიტყო,  მომხდარი,  ხალხს  თავი  მოუყარა  და  ყოველგვარი  მიკიბვ-მოკიბვის  და  წილადობილას  გარეშე  განაცხადა:  „რომაელებო, დამარცხებული  ვართ  მეტად  დიდ  და  მნიშვნელოვან  ბრძოლაში; ჩვენი  ლაშქარი განადგურებულია,  ხოლო  კონსული  ფლამინიუსი  დაიღუპა.  ახლა  გმართებთ,  თავის  გადარჩენასა  და უშიშროებაზე  იფიქროთ!“ ვით  ქარის  ქროლა  დაეძგერება  და აამოძრავებს  ზღვას,  ისე  პრეტორის  სიტყვამ  ააღელვ-აამოძრავა ხალხი,  მთელი  ქალაქი.  ჯერ  აზრი  ვერ დაუდეს  იმას,  რაც ეუწყათ  და  ვერც  სიმშვიდე  პოვეს.  მერმე  კი  ყველა  იმ  ერთ აზრამდე  მივიდა,  რომ  შექმნილი  ვითარება  საჭიროებდა  შეუზღუდავ  მონარქიას,  რასაც  რომაელები  დიქტატორიას  ეძახიან  და  ისეთ  კაცს,  რომელიც  ამ  ძალაუფლებას  მტკიცედ  და უშიშრად  აიღებდა  ხელთ.  ასეთი  კაცი  კი  იყო  ფაბიუს  მაქსიმუსი,  რომლის  კეთილგონიერება  და  ხასიათის  ღირსება  თანაბრად შეესაბამებოდა  ხსენებული  ძალა-უფლების  სიდიადეს. თანაც  ისეთ  ასაკში  იმყოფებოდა,  როცა  სხეული  თავისი  ძალით  სულსა  და  გულში  გამჯდარ  ზრახვათა  აღსრულების  საიმედო  საყრდენია  და  სიმამაცე  კეთილგონიერებასთან  არის შეერთებული. 
4.   როცა  გადაწყვეტილება  მიიღეს  და  ფაბიუსი  დიქტატორად  დაინიშნა,  ხოლო  ამან,  თავის  მხრივ  მხედართა წინამძღოლად  მარკუს  მინიციუსი  დანიშნა,  უწინარეს  ყოვლისა  სენატს სთხოვა  ლაშქრობათა  ჟამს  ცხენზე  ჯდომის  ნება  მომეცითო. რომელიღაც  ძველი  კანონით  ეს აკრძალული  იყო  ალბათ  იმის გამო,  რომ  რომაელები  თავიანთ  ძალად  უპირატესად  ქვეით ჯარს  მიიჩნევდნენ და  ამიტომ  ფიქრობდნენ,  სტრატეგოსი  ფეხოსანთა  მწკრივში  უნდა  დარჩენილიყო  და  არ  მიეტოვებინა იგი;  ანდა  სურდათ,  ამით  მაინც  გამოჩენილიყო  ხალხისადმი მორჩილება  დიქტატორისა,  რომლის  ძალა-უფლებაც  სხვა დანარჩენ  შემთხვევაში  ეგზომ  დიდია  და  ტირანული  ხასიათისა. 
ასე   იყო,  თუ  ისე,  ფაბიუსმა  განიზრახა,  მაშინვე  ეჩვენებინა  ხალხისათვის  თავისი  ძალა-უფლების  სიდიდე  და  ღირსება,   რათა  მოქალაქენი  სრულ  მორჩილებაში  ჰყოლოდა.  სწორედ  ამიტომ  დანიშვნისთანავე  ოცდაოთხი  ლიქტორის  თანხლებით  გამოვიდა;  გადარჩენილ,  მეორე  კონსულს  რომელიც მის  შესაგებებლად  გამოეშურა,  მსახურის  პირით   უბრძანა, თავის ლიქტორები  დაეთხოვა,  საკონსულო  ნიშნები  ჩამოეხსნა და   კერძო  პირის   სახით  შეგებებოდა.
ამის  შემდეგ  ღმერთების  შემწეობით  შეუდგა  გამგებლობის აღსრულებას.  იგი  ხალხს  უხსნიდა,  რომ  მარცხის მიზეზია არა მეომართა  სიგლახე, არამედ სტრატეგოსის დაუდევარი და აგდებული დამოკიდებულება ღვთაებისადმი. ამიტომ მოუწოდებდა, მტრების შიში კი არ ჰქონოდათ, არამედ ღმერთები  მოელმობიერებინათ  და  მათთვის პატივი ეცათ. ამასთან ცრუმორწმუნეობას კი  არა,  არამედ  ღვთისმოსაობით  სიმამაცეს  ნერგავდა,  ღმერთების იმედზე დაყრდნობით  მტრის  წინაშე   შიშს  აქარწყლებდა  და   სიმხნევეს  ქადაგებდა.  რომაელებში  მაშინ  ძალზე  გავრცელდა  საიდუმლო მისნობათა  შემცველი  ეგრეთწოდებული  სიბილასეული  მრავალი  წიგნი.  ამბობენ,  ამ    წიგნებში  გადმოცემული   ზოგიერთი   წინასწარმეტყველება  მაშინდელ  ამბებსა  და   აღსრულებულ  საქმეებს დაემთხვაო.  ამ   წიგნებში  ამოკითხული  საიდუმლოების  სხვისათვის  შეტყობინება  არ   შეიძლებოდა,  მაგრამ   დიქტატორი გამოვიდა  ხალხთან  და  ღმერთებს  აღთქმა  დაუდო,  რომ  მათ წელს  უკლებლივ  შესწირავს  თხათა  და  ღორთა,  ცხვართა  და ძროხათა   იმ    ნამატს,   რომელსაც  გაზაფხულზე   გამოზრდის იტალიის  მთა-ბარი,  მდინარეები  და  მდელოები;  რომ   მოაწყობს მუსიკალურ და სასცენო შეჯიბრ-სანახაობებს, რისთვისაც გაიღებს სამასოცდაცამეტ ათას სესტერცსა და სამას ოცდაცამეტ და  კიდევ  მესამედ  დინარს,  რის  საერთო  ჯამი იქნება ოთხმოცდასამიათას  ხუთასოთხმოცდასამი  დრაქმა  და ორი ობოლოსი.  თუ  რა  აზრი  ედო  საფუძვლად  რიცხვის  ზუსტად  ასეთ  განსაზღვრას,  ძნელი  სათქმელია.  შეიძლება  აქ  გამოიხატა  სურვილი  ტრიადის  ანუ  სამეულის  განდიდებისა, რამეთუ  სამი  თავისი  ბუნებით  სრულყოფილი  რიცხვია:  იგი პირველი  კენტია კენტთა შორის  და  თავისში  შეიცავს  სიმრავლის  საწყისსა  და ერთმანეთთან შეთანხმებული  ყოველი  რიცხვის  პირველ  სხვაობათა  და  საფუძველთა  ნაზავს. 
5.    როცა  ფაბიუსი  ხალხის  ფიქრსა  და  ზრახვას  ზენაართა განგებას  მიაპყრობდა,  ამით   მომავლის  რწმენას ნერგავდა, თვითონ  კი   გამარჯვების  ყველა  იმედს  იმ   აზრს  აყრდნობდა, რომ ღმერთი მხოლოდ  მამაცობისა  და კეთილგონიერების  მეშვეობით  ანიჭებდა  ადამიანს  წარმატებებს. 
ფაბიუსი  ჰანიბალის  წინააღმდეგ  წარემართა,  მაგრამ  იმიტომ  კი  არა,  მასთან ხელჩართულ ბრძოლაში  ჩაბმულიყო,  არამედ  განზრახული  ჰქონდა,  დაეპირისპირებინა  – მისი  ძლიერებისათვის  გაჯანჯლებული  დრო,  მისი  უსახსრობისათვის – ნივთიერი  სიუხვე,  რიცხობრივი  სიმცირისათვის  – ლაშქრის სიმრავლე  და  ამით  ნელ–ნელა  დაესუსტებინა  და  გაეტეხა  იგი. სწორედ  ამიტომ  გამუდმებით  მტრის  მხედრობისათვის  მიუწვდომელ  მთიან  ადგილებში  სცემდა  ბანაკს;  იქიდან  არ  იძროდა   თუ  მტერი  ადგილზე  რჩებოდა,  მაგრამ  თუ  ის   აიყრებოდა,  მთებიდან  გარს  შემოუვლიდა  და   ისეთ  მოშორებულ მანძილზე  გამოჩნდებოდა,  უნებლიედ  ბრძოლაში  ჩაბმა არ მოსწეოდა  და  ამ   დაყოვნების  ხერხით  მტერი მოსალოდნელი ბრძოლის  შიშში  ჰყოლოდა.  დროის  ასე   გაჯანჯლების  გამო ბევრმა შეიზიზღა  და  არა მარტო  თავის  ბანაკში  ლანძღავდნენ, არამედ  მტერსაც  კი   ლაჩრად  მიაჩნდა.   მხოლოდ  ერთ  კაცს ესმოდა,  საქმე  რომ  აგრე  არ  იყო.  ეს  კაცი  ჰანიბალი  გახლდათ. მხოლოდ  ის   ჩაწვდა  ფაბიუსის  მარჯვე  განხრახვას  ღა   ომის წარმოების  მისეულ  ხერხს.  ჰანიბალმა  დაინახა,  როძ  საჭირო იყო  ყოველი  ღონისძიებითა  და  ძალით  აემოქმედებინა  ფაბიუსი  მასთან  შესაბრძოლებლად.  მან   გაითვალისწინა  და   მოსინჯა   სამხედართმთავრო  ფანდებისა  და   ილეთების  ყოველი სახე   ისე,   ვით   გამოცდილი ათლეტი  ეძებს    მეტოქის  სუსტ ადგილს.  წინააღმდეგ  შემთხვეევაში,  ჰანიბალის  აზრით,  კართაგენის  სახელმწიფო  დაიღუპებოდა,  ვინაიდან  იარაღი,  რითაც  კართაგენელები უფრო  ძლიერნი  იყვნენ,   გამოუყენებელი  რჩებოდა,  ხოლო  ჯარის  რაოდენობა  და  ნივთიერი  სახსარი,   რითაც  მტერს  ჩამორჩებოდნენ,  კლებულობდა  და  დანახარჯით  არარაობამდე  დადიოდა.  ჰანიბალმა  ფაბიუსზე  შეტევა   დაიწყო,  აფორიაქებდა  და  ხშირად  ადგილს  აცვლევინებდა;   ცდილობდა,  სიფრთხილის  დაცვის  აზრიდან  გადაეცდინა. ფაბიუსი  მტკიცედ  და შეუცვლელად  იდგა  თავის  მოქმედების აზრზე, რომელიც წარმატების საიმედო  საყრდენად  მიაჩნდა. მაგრამ  მას  ხელს  უშლიდა  მხედართა  წინამძღოლი  მინიციუსი: უდროო  დროს  ბრძოლისაკენ  ილტვოდა,  თავი  თავხედურად ეჭირა,  ხალხის  გულის  მოგებას  ცდილობდა  და  ჯარისკაცებს უგუნურ  სიფიცხეს  უნერგავდა  და  ფუჭი  იმედებით  ავსებდა. მისი დამქაშები  ფაბიუსს  დასცინოდნენ,  აბუჩად  იგდებდნენ და   „ჰანიბალის  ლალას“ ეძახდნენ,  ხოლო   მინიციუსს  დიდ ვაჟკაცად  და  რომის  ღირსეულ  სარდლად   თვლიდნენ,  მინიციუსი  კიდევ უფრო  მეტად  გაყოყოჩდა  და  სიამაყით  გულზე მოსული  დასცინოდა  მაღლობებზე  განლაგებულ   ბანაკებს: ჩვენი  დიქტატორი  განუწყვეტლივ  ქმნის   მშვენიერ  სახილვებელთ,  რათა  კარგად  დააცქერდნენ,  როგორ  არბევენ  და  წვავენ  იტალიის  მიწა-წყალსო.  იგი  ფაბიუსის  მეგობრებს  უეკითხებოდა:  „იმიტომ  ხომ  არა  ჰყავს  ფაბიუსს  ჯარი  ზეცაში, რომ მიწის  იმედი  დაკარგა?  იქნებ  ღრუბლებითა  და  ნისლით  დაფარულს  სურს  დაუსხლტეს  მტერს  ხელიდან?“  როცა  მეგობრებმა  ფაბიუსს  ეს  აუწყეს  და  ურჩიეს,  მისი  ღირსების  შესალახავად დარხეული  ხმა  საფრთხის  პირდაპირი  შეგებებით  გაექარწყლებინა,  ფაბიუსმა  განაცხადა:  „ვგონებ, უფრო  მეტად მხდალი აღმოვჩნდებოდი,  ვიდრე  ახლა  მივაჩნივართ,  დაცინვისა  და  გაკიცხვისა  რომ შემშინებოდა  და  ჩუმს  გადაწყვეტილებაზე  ხელი  ამეღო.  სამშობლოს  გამო  შიში  სამარცხვინო  როდია;  ხალხის  აზრის,  ცილისწამებისა და  ლანძღვა-გინების  წინაშე  შიში  კი  ნამდვილად  არ  შეჰფერის  ესოდენ  დიდი  ძალაუფლების  პატრონ  კაცს, თორემ  იმათ  მონად  იქცევა,  ვინც, მისი  გამგებლობისა  და  მბრძანებლობის  ქვეშ  უნდა  იმყოფებოდნენ, მიუხედავად  კეთილგონიერებიდან  მათი  გადაცდომისა“. 
6. ამის  შემდეგ  ჰანიბალს  დიდი  შეცდომა  მოუვიდა.  მან მოინდომა,  ფაბიუსისაგან მოშორებით  გაეყვანა  ჯარი  და  დაეკავებინა  პირუტყვის  საკვებით  მდიდარი  ვაკე  ადგილები.  ამიტომ  გამყოლებს  უბრძანა,  სადილის შემდეგ დაუყოვნებლივ წაეყვანათ  მხედრობა  კაზინუმისაკენ.  გამყოლებმა   ბარბაროსული  გამოთქმის  გამო  სიტყვა  კარგად  ვერ  გაიგონეს  და  ჰანიბალის   ჯარი  წაიყვანეს   კამპანიის   საზღვრებისაკენ,  ქალაქ კაზილინუმთან. ამ ქალაქზე  მიედინება  და  მას  შუაზე  სერავს მდინარე  ლოთრონოსი,  რომელსაც  რომაელები ვულტურნუსს ეძახიან.  ეს  მხარე  მთლიანად  მთებითაა შემოჯარული.  ზღვისკენ  ჩადის  ველი,  რომელზეც,  მდინარის  ადიდების   შემდეგ, ჭაობები რჩება მაღალი ქვიშოვანი სანაპიროებით მარად მღელვარე   და   მიუდგომელ  შესართავამდე.  როცა  ჰანიბალმა    ამ ველზე  ჩასვლა  დაიწყო,  იქაური  გზების  მცოდნე  ფაბიუსმა მტერს  გარს  შემოუარა,  ოთხი  ათასი  მძიმედ  შეიარაღებული მეომარი  ზემოთ  დატოვა  და  ველის  ყელი  ჩაკეტა.  დანარჩენი ჯარი  სხვა  მაღლობებზე  მარჯვედ  განალაგა  და თვითონ  მსუბუქად აღჭურვილი  და მოქნილი მებრძოლებით მტერს ზურგიდან  თავს  დაესხა,   მისი  ლაშქარი  მთლიანად არივდარია და რვაასამდე  კაცი   მოუკლა.
ჰანიბალი   მიხვდა  ადგილმდებარეობის არჩევაში  რომ შეცდა და საფრთხეში  აღმოჩნდა. მან  გამყოლები  ჯვარზე  გააკრა მაღლობებზე  გამაგრებული  მტრის  ძალით  შევიწროებასა  და  მასთან  ბრძოლის  გამართვაზე  უარი  თქვა  და  ცდილობდა,  თავისი  ჯარი როგორმე  გაეყვანა  აქედან.  სულით  დაცემული  და  დამფრთხალი  ჯარისკაცები,  რომლებიც  მეტად ვიწრო  ალყაში  მოექცნენ,  გაჭირვებიდან  თავის  დაღწევას  უკვე  შეუძლებლად  თვლიდნენ.  მაშინ  ჰანიბალმა  მტრის  მარჯვე ხერხით  მოტყუება  გადაწყვიტა:  ასეთ  ხერხად  კი,  აი,  რა  მოიგონა:  მან ბრძანა,  ნადავლიდან შეერჩიათ ორი ათასამდე  ძროხა  და  მათ  ყოველ  რქაზე  მიეკრათ  გამხმარი  წკნელისა  ან ფიჩხის  კონები  ჩირაღდნებისათვის;  დაღამდებოდა  თუ  არა, ნიშნის  მიცემისთანავე,  ჩირაღდნები  უნდა  აენთოთ  და  საქონელი  მტრის  მიერ  ჩაყენებულ  დარაჯთაგან  დაკავებული უღელტეხილის  ვიწროებისაკენ  გაერეკათ.  სანამ  ისინი,  ვისაც უბრძანეს,  დავალებას  ასრულებდნენ,  ჰანიბალმა  ყველა  დანარჩენი  მებრძოლი  ფეხზე  დააყენა  და  როგორც  კი  დაბინდდა,  ადგილიდან  დაიძრა.  ვიდრე  რქებზე  მიკრული  ჩირაღდნების  ცეცხლის  ალი  ჯერ  კიდევ  ნელი  იყო  და  მხოლოდ  კონები  იწვოდა,  მთის  ძირისაკენ  გადენილი  ძროხები  მშვიდად მიემართებოდნენ.  მარეკნი  და  მწყემსნი  გაოცებით  დასცქეროდნენ  მაღლობებიდან  რქების  წვეტებზე  გაჩაღებულ  ალს; ასე  ჩანდა,  თითქოს  მრავალზე  მრავალი ლამპარით  განათებული,  ერთ  მწკრივად  შეკრული  ლაშქარი  მიდიოდა.  როცა ცეცხლი  რქებამდე  დავიდა  და  ისინი  ძირამდე დაწვა, მწვავე  შეგრძნება  უკვე  ხორცს  გადასცა:  ძროხები  ტკივილისაგან აირდაირივნენ,  თავების  ქნევა  დაიწყეს, ერთმანეთს  ცეცხლი მოსდეს  და  რაკი  მწკრივად  სვლა  ვეღარ  შეძლეს,  შიშისა  და ტანჯვისაგან  გამწარებულნი  მთის  ფერდობებისაკენ  გავარდნენ;  შუბლებსა  და  კუდის  წვეროებზე  აელვარებული  ცეცხლით  მსრბოლნი  გზად შემხვედრ  ხესა  თუ  ბუჩქს  ალში  ახვევდნენ.  უღელტეხილის  მცველ  რომაელთათვის  ეს  სანახაობა თავზარდამცემი  გამოდგა.  აუტანელი  შიშით  შეპყრობილ  დარაჯებს  მოეჩვენათ,  ადამიანები  მორბოდნენ  ანთებული  ჩირაღდნებით  ხელში  და  ეგონათ,  მტერი  ყოველი  მხრიდან  მოიწევდა  მათკენ  და  უკვე  მთლიანად  ალყაში  იყვნენ  მოქცეულნი.  ამის  გამო  ადგილზე  დარჩენა  ვეღარ  გაბედეს,  გასასვლელი ყელი  მიატოვეს  და  მთავარი  ბანაკისაკენ  მოკურცხლეს.  ამასობაში  ჰანიბალის  მსუბუქი  რაზმებიც  მოიჭრნენ  და  უღელტეხილი  დაიკავეს.  დანარჩენი  მხედრობა  კი,  დიდი  და  მძიმე ალაფით  დატვირთული,  სრულიად  უშიშრად  მოადგა  იქაურობას.
7.  ფაბიუსი  ღამითვე  მიხვდა  მზაკვრობას  (ნახირიდან  გამოქცეული  რამდენიმე  ძროხა  ცალ-ცალკე   ჩაუვარდა  ხელთ რომაელებს),  მაგრამ  ჩასაფრებისა  და ბინდის შიშით ბანაკიდან არ  დაძრულა,  ოღონდ  თავისი  ძალები  საბრძოლოდ  გაამზადა. როგორც  კი  გათენდა,  მტერს  დაედევნა  და  უკანა რაზმებს  დაესხა  თავს.  გაიმართა  ხელჩართული  ბრძოლა  მეტად  მოუხერხებელ  ადგილებში,  რამაც  გამოიწვია  დიდი  და  გაუთავებელი არევ-დარევა,  სანამ  ჰანიბალის  მიერ  სანაპიროდან  გამოგზავნილი,  გამოცდილი  მთამსვლელი,  მოქნილი  და  სხარტი  იბერები9 მძიმედ შეიარაღებულ  რომაელ  მეომრებს  არ  დაეძგერნენ.  მათ  არცთუ  მცირე  რაოდენობის  მოწინააღმდეგე  შემუსრეს  და  ფაბიუსი  უკუაქციეს.  მაშინ  კიდევ  უფრო  იმატა ლანძღვა–გინებამ,  ფაბიუსისადმი  მიმართულმა  სიძულვილმა. ფაბიუსი  იმედოვნებდა,  იარაღის  ძალით  უფრო  ღონიერ  ჰანიბალს  გონების  გამჭრიანობით  აჯობებდა,  მაგრამ  აღმოჩნდა, მტერმა  აქაც  აჯობა  და  მოხერხებით  დაამარცხა.  კიდევ  უფრო მეტად  რომ  გაეღვივებინა რომაელთა  რისხვა ფაბიუსისადმი,  ჰანიბალმა,  როცა  მის  ადგილსამყოფელში  შეიჭრა,  თავისიანებს  უბრძანა,  აქ  ყველაფერი  დაერბიათ  და  გადაებუგათ; მაგრამ  აუკრძალა,  ხელი ეხლოთ  ფაბიუსის  პირადი  საკუთრებისათვის,  რასაც  საგანგებო  მცველები  დაუყენა,  რათა  არაფერი  დაეზიანებინათ  და  იქიდან  არაფერი აეღოთ. 
რომში  ჩაღწეულმა ამ ამბავმა  ფაბიუსის  მიმართ  ცილისწამება  გაამრავლა. ტრიბუნები ხალხის  წინაშე  ხმამაღლა სდებდნენ  ბრალს  ფაბიუსს.  ხალხის გასაღიზიანებლად ყველაზე უფრო გამოიდო თავი  მეტილიუსმა;  მაგრამ  არა  იმდენად  ფაბიუსთან  მტრობის  გამო, რამდენადაც  იმის  მიზეზით, რომ ცხენოსანთა  წინამძღოლის,  მინუციუსის,   ნათესავი  იყო  და ფიქრობდა,  ფაბიუსისათვის  გაუთავებელი  ცილისწამება  იმას პატივსა  და   სახელს   მოუტანდა.
ცალკე  სენატიც  მრისხანებდა.  განსაკუთრებული  სიმძაფრით  კიცხავდა  იგი  ფაბიუსს  ტყვეების  თაობაზე  ჰანიბალთან დადებული  შეთანხმების  გამო.  ფაბიუსი  და  ჰანიბალი  შეთანხმდნენ:  კაცი  კაცში  გაეცვალათ  და  თუ ერთ-ერთ  მხარეს  მეტი ტყვე  აღმოაჩნდებოდა,  ყოველი  მათგანის  გამოსასყიდად  მეორე  მხარეს  ორასორმოცდაათი  დრაქმა  გადაეხადა.  როცა  კაცის  კაცში  გაცვლა  დამთავრდა,  აღმოჩნდა,  რომ  ჰანიბალთან მეტი  დარჩა  ორას-ორმოცი  ტყვე  რომაელი.  სენატმა  გადაწყვიტა,  მათი გამოსასყიდი  არ  გაეგზავნა, ხოლო  ფაბიუსს  ბრალად  დასდო, სიმხდალის  გამო  მტრის  ხელთ  ჩავარდნილ ტყვეთა  უკან დასაბრუნებლად  ჩადენილი შეუფერებელი  და  მიზანშეუწონელი  საქციელი.  თანამოქალაქეთა  წყრომას  ფაბიუსი მოთმინებით  იტანდა;  მაგრამ  რაკი  სახსრები  აღარ  ჰქონდა  და ჰანიბალის  მოტყუება  და  ტყვედ  დარჩენილ  თავისიანთა  ბედის  ანაბარად  მიტოვება  არამც  და  არამც  არ  უნდოდა,  თავის ვაჟი  რომში  გაგზავნა  დავალებით,  გაეყიდა  მისი  კუთვნილი ადგილ-მამული  და  აღებული  ფული  დაუყოვნებლივ  მიეტანა მისთვის  ბანაკში.  გაყიდა  თუ  არა  ჭაბუკმა  მამული,  სასწრაფოდ  უკან  დაბრუნდა.  ფაბიუსმა  გამოსასყიდი  ჰანიბალს  გაუგზავნა  და  ტყვეები  დაიბრუნა.  შემდგომ  ხანებში  ბევრმა მოიწადინა,  ფაბიუსისათვის  ზარალი  აენაზღაურებინა,  მაგრამ მან  არავისგან  არაფერი  არ  აიღო  და  ვალი  ყველას  მიუტევა.
8. ამის  შემდეგ  ფაბიუსი  ქურუმებმა  რომში  გამოიძახეს რომელიღაც  მსხვერპლშეწირვებში  სამონაწილეოდ. მან   ძალაუფლება  მინუციუსს  გადასცა,   ოღონდ,  ვითარცა  დიქტატორმა,  აუკრძალა  მისგან  დამოუკიდებლად  მტერთან  ბრძოლაში  ჩაბმა  ან   ცალკეული  შეტაკებანი;  ამასთან  ბევრი  სხვა შეგონება  და  თხოვნაც დაურთო  თავის  ბრძანებას.  მინუციუსმა   ეს   ყველაფერი  ფეხებზე  დაიკიდა  და  დაუყოვნებლივ  დაიწყო  მტერთან  შებმა.  ის   დაუდარაჯდა  მტერს  და  როცა  ჰანიბალმა  ჯარის  დიდი  ნაწილი  საკვების  მოსაძიებლად  გაგზავნა, დარჩენილ  ნაწილს  თავს   დაესხა,   ბანაკში  შერეკა,  კაი   გვარიანად  შემუსრა  და  ყველას  იმის  შიში  მოჰგვარა,  რომ  მის ალყაში  მოხვდებოდნენ. როცა ჰანიბალს  ძალები  კვლავ  თავმოყრილად დაუბრუნდა  ბანაკში, მინუციუსმა უსაფრთხოდ  დაიხია უკან. იგი ზომადაუდებლად  ტრაბახობდა  და   მეომრებიც   გულზვიადობით  აავსო.
მინუციუსის  წარმატების  ამბავი  სულ  მალე  გაზვიადებით მოედო  რომს.  ცხადია,  ფაბიუსმაც  გაიგო  ეს  და  ასე  თქვა:  მინუციუსის  წარმატებისა  უფრო  მეშინია,  ვიდრე  მისი   წარუმატებლობისაო.  რაც  შეეხება  ხალხს,  იგი  ფეხზე  დადგა  და  სიხარულით  მოიყარა  თავი  ფორუმზე.  სახალხო  ტრიბუნი  მეტილიუსი  საქადაგოზე  შედგა  და   მინუციუსის  სადიდებელი სიტყვა  წარმოთქვა,  ფაბიუსს  კი   ბრალად  დასდო  არა  მარტო სიმხდალე  და სულმოკლეობა,  არამედ  ღალატიც  კი. ასევე დაადანაშაულა  მასთან  ერთად  სხვა  გამოჩენილი  თავკაცებიც; ვითომ  ამათ  იმთავითვე  იმიტომ  წამოიწყეს  ომი,  რომ  ხალხი დაეთრგუნათ,  და სახელმწიფო შეუზღუდავი ერთმმართველობის ქვეშ მოექციათ: ეს ერთმმართველობა  თავისი  გაჯანჯლებული  მოქმედებით  ჰანიბალს  საშუალებას  აძლევს  ფეხი  მოიკიდოს,  მერე  კი  ლიბიიდან10 სხვა  ძალებიც  შეიმატოს  და  იტალია  დაიმორჩილოსო.
9.   ამის  შემდეგ  ფაბიუსი  გამოვიდა  სიტყვით,  მაგრამ  თავის მართლება  და სახალხო ტრიბუნთან პაექრობა  არც უცდია. მან მხოლოდ  ის  თქვა, რომ ეცდება, მალე დაასრულოს  მსხვერპლშეწირვა  და   სხვა   წმიდა სამსახური, რათა ბანაკში დაბრუნდეს და მინიციუსს პასუხი აგებინოს მისი ბრძანების შეუსრულებლობისა  და  მტერთან ბრძოლის გამართვისათვის. როცა  ხალხმა  დაინახა,  მინიციუსს  საფრთხე, მოელოდა,  მეტად შეშფოთდა: დიქტატორს ხომ ძალუძს ყოველი მოქალაქე შებორკოს  და  გაუსამართლებლად  სიკვდილით  დასაჯოს.  ყველა  ფიქრობდა:  ფაბიუსმა  ლმობიერებაზე  ხელი  აიღო  და  ახლა  მისი  რისხვა  მკაცრი  და ულმობელი  იქნებაო.  აი,   ამიტომ შიშით  ხმა  ვერავინ  ამოიღო,  მხოლოდ  მეტილიუსმა   გაბედა შეპაექრება,  რაკი  სახალხო ტრიბუნის  ხელშეუხებლობის  უფლებით  სარგებლობდა  (დიქტატორის  არჩევის  შემდეგ  მხოლოდ  და მხოლოდ ტრიბუნის  ძალა  არ კნინდებოდა  და ურყევი რჩებოდა,  მაშინ  როცა ყველა  სხვა თანამდებობის  პირის  უფლებამოსილება  მთლიანად  უქმდებოდა).  და   აი,   მეტელიუსი დაჟინებითი  მოწოდებით  და  თხოვნით  მიმართავდა  ხალას,  არ დაენებებინათ  ფაბიუსისათვის  მინუციუსი  და  არ  დაეშვათ,  მას ისეთი  მწარე  ხვედრი  რგებოდა,  რაც  მანლიუს  ტორკვატუსმა არგუნა  თავის  ვაჟს,  რომელსაც  სწორედ  მოპოვებული  წარმატებისა  და   გვირგვინისათვის  მოჰკვეთა  თავი11.  გარდა  ამისა, მეტელიუსმა  მოითხოვა  ჩამორთმეოდა    ერთმმართველობა ფაბიუსს  და  იგი   გადასცემოდა  ისეთ  პირს,  ვისაც  ძალუძდა და სურვილიც  ჰქონდა,  სახელმწიფო  გადაერჩინა.
ხალხმა  მეტელიუსის  სიტყვები  გულთან  ახლოს  მიიტანა, მაგრამ  ვერ   გაბედეს  შერისხული  ფაბიუსი   აეძულებინათ, ერთმმართველობაზე  ხელი  აეღო.  ეს   კი   დაადგინეს:  მინუციუსს  წინამძღოლობაში  ფაბიუსის  თანაბარი  ღირსება  ჰქონოდა და  ომი  დიქტატორის  ბადალი  უფლებით  წარემართა. ასეთი რამ რომში  მანამდე  არ   მომხდარა,  მაგრამ  კვლავ  განმეორდა კანესთან  განცდილი  მარცხის შემდეგ.12  მაშინ  დიქტატორი  მარკუს  იუნიუსი  ჯართან  ერთად  ბანაკში  იმყოფებოდა. რაკი  მრავალი სენატორი ბრძოლაში  დაიღუპა  და  სენატს  შევსება სჭირდებოდა, სახელმწიფოს შიგნით მეორე დიქტატორად ფაბიუს  ბუტეონი  აირჩიეს. როგორც  კი  გამოვიდა ხალხის  წინაშე,  შეარჩია  საჭირო  პირები  და  სენატი  შეავსო,  ბუტეონმა იმ   დღესვე დაითხოვა  ლიქტორები,   დაუსხლტა   ამალას,  შეერია  ხალხს  და  ვითარცა  კერძო  პირი,   თავის  ჩვეულებრივ საქმეთა   შესრულებას  დაუბრუნდა  ფორუმზე.
10. მინუციუსისათვის დიქტატორისეულ  საქმეთა  გამგებლობის  უფლების  მიცემით  მოწინააღმდეგენი   ფიქრობდნენ, ხელს შეუშლიდნენ  და სავსებით  დააკნინებდნენ  ფაბიუსს,  მაგრამ  ისინი  მართებულად  ვერ  აფასებდნენ  ამ კაცს.  იგი თავის უბედურებად  როდი თვლიდა  მათ მიუხვედრელობას. ერთხელ ვიღაცამ დიოგენე ბრძენს უთხრა:  „შენ დაგცინიანო!“ „მე ვერ ვგრძნობ  ვერავითარ  დაცინვასო“,  – უპასუხა დიოგენემ, ვინაიდან  ფიქრობდა,  რომ  მხოლოდ იმათი დაცინვაა შესაძლებელი,  ვინც  ამას  განიცდიან  და  ამის  გამო შეშფოთდებიან.  ფაბიუსი სწორედ  დიოგენისებურად უმტკივნეულოდ  და  ადვილად იტანდა თავსდატეხილს  და  იზიარებდა  იმ  ფილოსოფოსთა  დებულებას,  რომლებიც  თვლიან,  რომ  არ  შეიძლება  წესიერი  და  პატიოსანი  კაცის  არც  განქიქება  და  არც სახელის გატეხა.  მრავალთა  განუსჯელობა ფაბიუსს  საერთო  საქმის გამო  აწუხებდა:  მინუციუსის  წრეგადასული  პატივმოყვარეობა  ომს  არ  წაადგებოდა.  რაკი  ეშინოდა,  ფუჭი  პატივმოყვარეობით  და ქედმაღლობით  მთლად თავდაკარგულ  მხედართა წინამძღოლს  ურიგო  საქმის  აღსრულება  არ  მოესწრო,  ფაბიუსი  ყველასაგან შეუმჩნევლად  გავიდა  ქალაქიდან. 
ბანაკში დაბრუნებულს  მინუციუსი  დადინჯებული  როდი დახვდა. პირიქით,  აუტანლად  გაყოყოჩებულმა  და  წინდაუხედავმა  ფაბიუსს  მოსთხოვა:  რიგრიგობით  გავწიოთ  მთავარსარდლობაო.  ფაბიუსი  არ  დათანხმდა  და  ჯარი  შუაზე  გაჰყო:  მთელი  მხედრობის  შენაცვლებით  მეთაურობას  ერთის  მიერ  მისი ნაწილის  გამგებლობა  ამჯობინა.  პირველი  და  მეოთხე  ლეგიონი  თავისთვის  დაიტოვა,  მეორე  და  მესამე   მინუციუსს  გადასცა,   ასევე   თანაბრად  განაწილდა  მოკავშირეთა  რაზმები. მინუციუსი  ნიშნის   მოგებით  ხარობდა,  რომ  მისი   მიზეზით უზენაესი  და  უძლიერესი  ძალა-უფლების  მშვენება  დაჩიავებულ  და  დაკნინებულ  იქნა.  ფაბიუსი  მოაგონებდა:  „თუ  ჭკუას მოუხმობ,  ბრძოლაში  შენი  მეტოქე  ფაბიუსი  კი  არა, ჰანიბალია, თუ მაინცდამაინც თანაგამგებელს ერკინები, იცოდე, მოქალაქეთა  აზრით, პატივმოპოვებული  და  გამარჯვებული  გაცილებით  ნაკლებ  ფიქრობს  მათ  ხსნასა  და  უსაფრთხოებაზე, ვიდრე  დაძლეული  და  პატივაყრილი!“ 
11.  მინუციუსმა  ეს  სიტყვები მხოლოდ ბერიკაცულ დაცინვად ჩათვალა. მან  წაიყვანა  წილხვედრი  ნაწილი ჯარისა  და ფაბიუსისაგან  განცალკევებით  დაბანაკდა.  მომხდარ  ამბავთაგან  ჰანიბალს  არაფერი  გამოპარვია.  იგი  დადარაჯებული  იყო და ყველაფერს  თვალყურს  ადევნებდა.  მოწინააღმდეგეთა  ბანაკებს  შორის  ერთი  გორაკი  იყო  აღმართული,  დასაკავებლად არცთუ  ძნელი,  მაგრამ  ჯარის  დასაყენებლად  და  სხვა  მხრივაც მეტად  მოხერხებული  და  ხელსაყრელი.  მის  ქვემოთ  ირგვლივ მდებარე  ველი შორიდან სრულიად მოტიტვლებული  და გლუვზედაპირიანი  ჩანდა,  მაგრამ  სინამდვილეში  მომცრო  ორმოებსა  და  სხვაგვარ  ჩაღრმავებულ ადგილებს  შეიცავდა.  მათი  მეშვეობით  გორაკის  ფარულად  ხელში  ჩაგდება  მეტად  ადვილი საქმე  იყო,  მაგრამ  ჰანიბალმა  მაშინვე  კი   არ   მოინდომა  ამის შესრულება,  არამედ  ბრძოლის  ატეხის  საბაბად  შემოინახა. და  აი, ახლა,  როცა  დაინახა,  მინუციუსი  ფაბიუსს  გამოეყოვო, ღამით  ჯარისკაცთა  ნაწილი  ორმოებსა  და  თხრილებში  ჩასხა, დილით  კი   სრულიად  აშკარად  გაგზავნა  მეომართა  მცირე  რაოდენობა  გორაკის  დასაკავებლად,  რათა  ამ   ხერხით  მინუციუსი სწორედ  ამ ადგილზე ბრძოლაში  გამოეწვია.  ასეც  მოხდა: მინუციუსმა  ჯერ  ქვეითთა  მსუბუქი  რაზმი  გამოგზავნა,  მერმე – ცხენოსნები,  ბოლოს  კი,  როცა  დაინახა,  ჰანიბალი  გორაკთან  მყოფ  თავისიანების  დასახმარებლად  მოდიოდა,  საბრძოლოდ  დარაზმული მთელი  თავისი  ძალებით  იქითკენ  დაიძრა.   მან   სასტიკი  ბრძოლა  გააჩაღა;  განსაკუთრებით  გორაკიდან  ისართა მსროლელთ შეუტია  და  მტერს  თანაბარი  ძალით ერკინებოდა.  მაგრამ,   როცა ჰანიბალმა დაინახა, მინუციუსი მის ანკესზე კარგად  წამოეგო და რომაელთა ზურგი  ჩასაფრებულთათვის სრულიად  გაშიშვლდა, დათქმული  ნიშანი  აღმართა. ჩასაფრებულნი  ნიშნის  მიცემისთანავე  წამოიმართნენ,  საშინელი ყიჟინით  ყოველი  მხრიდან  ეკვეთნენ  მტერს  და  უკანა რაზმები  ამოჟუჟეს. რომაელები აუწერელმა შფოთმა  და  შიშმა  შეიპყრო,  მინუციუსის  მამაცობაც  გატყდა.  იგი  ხან  ერთ მეთაურს  შეავლებდა  თვალს,  ხან – მეორეს,  მაგრამ  ვერც ერთმა  მათგანმა  ადგილზე  დარჩენა  ვერ  გაბედა  და  ყველა უწესრიგოდ  უკუიქცა;  მაგრამ  ამაში  შველა  როდი  იყო.  უკვე გამარჯვებული  ნუმიდიელები13 ველის  ირგვლივ  დაჯირითობდნენ  და  მასზე  მიმოფანტულ  რომაელებს ხოცავდნენ. 
12. აი, ასეთ  დიდ უბედურებაში აღმოჩნდნენ რომაელები. მათ თავზე დამტყდარი საფრთხე შეუმჩნეველი როდი  იყო ფაბიუსისათვის.  იგი,   ეტყობა,  წინასწარ  გრძნობდა  მოსალოდნელს   ამიტომ   ჯარის    ნაწილი   იარაღშემართული   ჰყავდა  და  რაც  ხდებოდა,  მაცნეთაგან  კი  არ  გებულობდა,  არამედ თვითონვე  უთვალთვალებდა  ბანაკის  წინ   გამართული  სადარაჯოდან.  როცა  დაინახა,  ალყაში  მოქცეული  და  შეშფოთებული  რომაელები  მტერს  ვეღარ  უმკლავდებოდნენ  და  მათი საბრძოლო  ყიჟინი  დამფრთხალთა  და   უკუქცეულთა  ღრიალით  შეიცვალა,  ფაბიუსმა  თეძოზე  ხელი  შემოიკრა,  მძიმედ ამოიოხრა  და  გარშემო მყოფთ  უთხრა:  „მინუციუსმა,  ვფიცავ ჰერკულესს,  საკუთარ  თავს  დაღუპვა მოუმზადა უფრო  ადრე, ვიდრე  მე   მოველოდი  და უფრო  გვიან,  ვიდრე  თვითონვე  მიისწრაფოდა  ამისაკენ!“   ფაბიუსმა  განკარგულება  გასცა, დაუყოვნებლივ  გამოეტანათ  საბრძოლო  ნიშნები,  ხოლო  მხედრობას  უკან  გაყოლა  უბრძანა,  და  რაც  შეიძლება ხმამაღლა შესძახა: „აბა, მეომრებო, დადგა ჟამი, ყველა, ვისაც  კი ახსოვს მინუციუსი,  მისაშველებლად  გამოემართოს!  იგი  ბრწყინვალე და   მამულის  მოყვარული  ვაჟკაცია  თუ  მტრის განდევნის სურვილით  აჩქარდა  და  შეცდომა  დაუშვა,  ამისათვის  მერმე განვსაჯოთ!“  გამოჩნდა  თუ  არა  ველზე,  ფაბიუსმა  უწინარეს ყოვლისა  იქ  მოჯირითე  ნუმიდიელები  მიმოფანტა;  მერმე  იმათ შეუტია,  რომლებიც  ზურგში  მოექცნენ  რომაელებს  და  ჯერ კიდევ  იბრძოდნენ.  ამათგან,  ყველა,  ვინც  წინ   აღუდგა,  ფაბიუსმა  უკლებლივ  შემუსრა.  დანარჩენები,  სანამ  ალყაში  მოექცეოდნენ  და  ისეთ  მახეში  გაებმებოდნენ,  რომელსაც  თვითონ  უგებდნენ რომაელებს,  ბრძოლას  განუდგნენ  და  უკუიქცნენ.
როცა  ბრძოლაში  მომხდარი  გარდატეხა  დაინახა  და   ის, რომ  ფაბიუსი,  მიუხედავად  თავისი  ასაკისა,  მებრძოლთა  შორის  მძლავრად  მიიკვლევდა  გზას ზემოთ – გორაკზე  მყოფ მინუციუსისაკენ  ჰანიბალმა  ბრძოლა  შეწყვიტა საყვირით უკან  დახევის  ნიშანი  მიაცემინა  და  კართაგენელები   ბანაკში დააბრუნა.  ამის  შემდეგ  რომაელებიც  ხალისით  გამობრუნდნენ,   ამბობენ,  უკუსვლის ჟამს ჰანიბალმა  ხუმრობით  ასე უთხრა ფაბიუსზეო:  „განა მე წინასწარ არ გეუბნებოდით ხოლმე,  მწვერვალებზე დაფენილი ეს ღრუბელი, ქარიშხლის თანმხლებ  მძლავრზე მძლავრ წარღვნად გარდაიქცევა-მეთქი?“
13. ბრძოლის  შემდეგ  ფაბიუსმა  დახოცილ  მტრის  ჯარისკაცებს  იარაღი  აჰყარა  და უკან  დაიხია  ისე,  რომ  მინუციუსზე არც  ერთი ქედმაღლური  და  ძვირი  სიტყვა  არ დაუძრავს.  მინუციუსმა  კი  შეკრიბა  თავისი  მხედრობა  და  უთხრა:  „ჩემო თანამოსაგრენო! შეუძლებელია  დიდ  საქმეებში  ადამიანმა  რაიმე  შეცდომა  არ   დაუშვას; მაგრამ კეთილშობილსა და  გონიერ კაცს  მართებს,  შეცდომები  მომავლის  გაკვეთილად  გამოიყენოს.  მე   ვაღიარებ,  რომ  ბედზე  სამდურავი  არ  მეთქმის; პირიქით  –  მადლობელი  უნდა  ვიყო   მისი.  ის   რაც  დროის ასეთ  დიდ  მანძილზე  არ   მესმოდა,  დღის  მცირე  მონაკვეთის წყალობით  ვისწავლე:  მე   შევიგნე,  რომ  არათუ  სხვების:  გამგებლობა  არ   ძალმიძს,   არამედ  თვითონ  ვსაჭიროებ   სხვის მბრძანებლობას  და  არ   უნდა  ვცდილობდე  იმ კაცზე  გამარჯვებას, ვის  მორჩილებაში  ყოფნაც  უფრო  უპრიანია. თქვენი გამგებელი  მხოლოდ  და   მხოლოდ  დიქტატორია.  მე   თქვენ გიწინამძღოლებთ მხოლოდ  მისი მადლიერებით  და  მე   ვიქნები პირველი  მორჩილი  და  აღმსრულებელი  მისგან  მიღებული ყოველი  ბრძანებისა!“ 
თქვა  თუ  არა  ეს,  ბრძანა  არწივებიანი  ალმები  აღემართათ და  ჯარი  ფაბიუსის  ბანაკისაკენ  გაიყოლია.  ბანაკში  შესულსა  და პირდაპირ  სარდლის  კარვისაკენ  მიმავალს ყველა  შეცბუნებული  და გაოცებული  მზერით შესცქეროდა.  როცა  ფაბიუსი  კარვიდან  გამოვიდა,  მინუციუსმა მის   ფერხთა  წინ  ალმები  დააწყობინა  და სარდალს ხმამაღლა  მიესალმა:  მან  „მამა“ უწოდა  მას,   ხოლო  მისმა   მეომრებმა  ფაბიუსის    ჯარისკაცებს –  „ჩვენო  პატრონებოო“, – შესძახეს    („პატრონის“ სახელით  გააზატებული  მიმართავს  მას,   ვინც   თავისუფლება მიანიჭა14).  ბოლოს  სიჩუმე  ჩამოვარდა  და  მინუციუსმა  ფაბიუსს  მიმართა:  „დღევანდელ  დღეს ორი გამარჯვება მოიპოვე, შენ, დიქტატორო: მამაცობით ჰანიბალი დაამარცხე, ხოლო კეთილგონიერებითა  და   სიკეთით  –-   თანაწინამძღოლი.  პირველი  გამარჯვებით  გადაგვარჩინე   მეორეთი  კი   ჭკუა   გვასწავლე  ჰანიბალისაგან  სამარცხვინო,  შენგან  კი   მშვენიერი, და   მხსნელი  დამარცხებით  ძლეულებს.  მე   შენ   „კეთილ  მამას“   გიწოდებ,  რამეთუ  არ   ვუწყი,  რომელი  შეიძლება  იყოს ამაზე   საპატიო  სახელი.  შენგან   მონიჭებული  წყალობა  გაცილებით უფრო  დიდია,  ვიდრე  მამისეული  მადლი,  მამაჩემმა მხოლოდ  მე  მიბოძა სიცოცხლე  ქვეყნად  გაჩენით,  შენ  კი  ხსნა მოგვანიჭე  მეცა  და  ჩემთან ერთად  ყველა  ამათაც!“
ასე   თქვა  მინუციუსმა.  იგი  ფაბიუსს  გადაეხვია  და  აკოცა მას.   ასევე  ეხვეოდნენ  და  ჰკოცნიდნენ  ერთმანეთს   ჯარისკაცებიც.   მთელი  ბანაკი   სიხარულითა  და   ტკბილზე   ტკბილი ცრემლებით  აივსო. 
14.  ამ  ამბავთა  შემდეგ  ფაბიუსმა  ძალაუფლების  რწმუნება  მოიხსნა  და ხელახლა  აირჩიეს  კონსულები.  ამათგან  პირველნი  იცავდნენ  მტერთან  ომის  წარმოების  იმ  სახესა  და ხერხს, რომელიც  ფაბიუსმა დაადგინა. სახელდობრ: გაურბოდნენ ჰანიბალთან პირდაპირ ბრძოლას, ეხმარებოდნენ  მოკავშირეებს  და  წინ  ეღობებოდნენ  მათ  განდგომას.  მაგრამ  როცა კონსულობას  მიაღწია  არცთუ  საჩინო  წარმომავლობის  კაცმა,  ტერენციუს  ვარონმა,  ვინც  ცხოვრებაში  მნიშვნელობა ხალხთან  ლაქუცითა  და  მატაოცობით  მოიძია,  მყისვე  ცხადი გახდა,  იგი  თავისი  გამოუცდელობით  და  თავხედობით  სახელმწიფოს  მთელ  საქმიანობას  ბედის  სასწორზე  აგდებდა. ტერენციუსი  თავყრილობებზე  გაჰყვიროდა:  ომს  ბოლო  არ მოეღება,  სანამ სახელმწიფო სტრატეგოსებად  ფაბიუსებს  აყენებსო,  რომ  თვითონ,  როგორც  კი დაინახავს,  მაშინვე  შემუსრავს  მტერს.  ამ  ბაქიაობასთან  ერთად  იგი  ჰკრებდა  და თავს  უყრიდა  ისეთ  რიცხვმრავალ  ლაშქარს,  რომლის  ტოლი რომაელებს  არასოდეს  მტრისთვის  არ  დაუპირისპირებიათ. საბრძოლველად  დარაზმულ  იქნა  ოთხმოცდარვა  ათასი  კაცი. ამან  მეტისმეტად  შეაშფოთა  ფაბიუსი  და  ყველა  გონიერი რომაელი.  მათ  არავითარი  იმედი  არ  ჰქონდათ  იმისა,  რომ  სახელმწიფო  წელში  გაიმართებოდა,  თუ  ასეთი  რაოდენობის ჯარს  ერთდროულად  დაკარგავდა.  ამიტომ  ფაბიუსმა  მიმართა ტერენციუსის  თანაკონსულს – ემილიუს  პავლუსს15, მრავალ ომში  გამობრძმედილ,  მაგრამ  ხალხისათვის  არცთუ  მაინცდამაინც  მოსაწონ  და  რომელიღაც  საქმის   გამო  სასამართლოს განაჩენით  დაშინებულ  კაცს.  ფაბიუსმა  მას დაჟინებით  მოუწოდა,  აელაგმა  ტერენციუსის  უგუნურება  და  შეაგონა,  რომ სამშობლოსათვის  ბრძოლა  მოუწევს  არა   იმდენად  ჰანიბალთან, რამდენადაც  ტერენციუსთან:  ორივე  ბრძოლის  გამართვას  ჩქარობს  მაშინ,  როცა  ერთმა  არ  იცის  მტრის  ძალა,  მეორემ  კი  კარგად  უწყის  თავისი  სისუსტეო. „მე,   ჩემო  პავლუს,  – თქვა ბოლოს  ფაბიუსმა, –  ტერენციუსზე,  ბევრად უფრო  სანდო  ვარ ჰანიბალთან დაკავშირებულ საქმეებში და  გადაწყვეტით  ვამტკიცებ,  თუ  მას   ამ   წელიწადში  არავინ არ  შეებრძოლება  და  იგი აქ, იტალიაში დარჩება,  ან დაიღუპება, ანდა უკანმოუხედავად გაიქცევა.  აი,  ახლაც,  როცა  თითქოს  გამარჯვებული  და  ძალაუფლების  პატრონი  ჩანდა,  არავინ   მიემხრო  მას   ჩვენ   მტერთაგან, ხოლო იმ  ძალებიდან, თან  რომ  მოიყვანა,  მესამედი  ნაწილიც  კი  აღარ  შერჩა“.  ამაზე პავლუსმა,  როგორც  გადმოგვცემენ,  უპასუხა:  „როცა  საკუთარი  თავის  ვითარებას ვუკვირდები, ჩემთვის ბევრად უმჯობესია მტრის შუბთა  წერა  გავხდე,  ვიდრე  თანამოქალაქეთაგან  კვლავ  გასამართლების  მსხვერპლი.  მაგრამ  რაკიღა  სახელმწიფო  საქმე  მოითხოვს,  მირჩევნია  კარგი  სარდალი  ვიყო სწორედ  შენს  თვალში,  ვიდრე  სხვებისა,  რომლებიც  მაიძულებენ, შენგან   მიღებულ გადაწყვეტილებას  დავუპირისპირდე“.
ასეთი  არჩევანის  მიღების  შემდეგ  პავლუსი   ქალაქიდან ბანაკისაკენ   გაემართა. 
15.   ტერენციუსი  დაჟინებით  მოითხოვდა,  მასა   და  თანაკონსულ  ემილიუს  პავლუსს  რიგ-რიგობით   ყოველდღიურად გაეწიათ წინამძღოლობა. იგი ჰანიბალის  გვერდით,  მდინარე  ავფიდუსთან,  ეგრეთ წოდებულ  კანეს   მიდამოებში  დაბანაკდა. გარიჟრაჟზე  მან   საბრძოლო  ნიშანი  აღმართა  (ეს   იყო  მეწამული ქიტონი,  რომელსაც  მხედართმთავრის  კარავზე  გაშლიან ხოლმე). რომაელთა  სარდლის  გამბედაობისა  და  ლაშქრის  სიდიდის  დამნახველი  კართაგენელები  დასაწყისში  მეტად  შეშფოთდნენ,  ვინაიდან  თვითონ  ამის  ნახევარიც  კი  არ  იყვნენ. ჰანიბალმა  თავის  ჯარს  უბრძანა,  შეიარაღებულიყო,  თვითონ კი  რამდენიმე  ცხენოსნის  თანხლებით  ავიდა  ერთ  მცირე  გორაკზე  და  იქიდან  მტრის  საბრძოლო  რაზმებად  დამწკრივებას შესცქეროდა.  ერთ-ერთმა  თანმხლებმა,  მისი ღირსების ტოლმა პიროვნებამ,  სახელად  გისკონმა,  უთხრა:  მტრის  რაოდენობა გასაოცრად  მეჩვენებაო.  ჰანიბალმა  თვალი  მოჭუტა  და  უპასუხა:  „ამაზე  ბევრად  უფრო  გასაოცარი  რამ  გამოგრჩა  შენ მხედველობიდან,  ჩემო  გისკონო!“  გისკონმა  ჰკითხა:  „სახელდობრ,  მაინც  რა  გამომრჩა?“  –  „რა  და  ის,  რომ  ასეთი  დიდი რაოდენობის  ხალხში  ერთი  კაციც  კი არაა  ისეთი,  რომელსაც სახელად  გისკონი  ერქვას!“  ეს  ხუმრობა  ყველასთვის  მოულოდნელი  იყო  და  ერთი  სიცილი  ატყდა.  გორაკიდან  ჩამოსვლის  ჟამს  მეომრები  ხუმრობით  ნათქვამს  ყოველ  შემხვედრს ამცნობდნენ  და  სიცილიც  თანდათან  მატულობდა.  მერმე  კი მისგან  თავი  ჰანიბალმაც  ვეღარ შეიკავა.  ამის  დამნახველ  კართაგენელებს  გამბედაობა  შეემატათ  და  თვლიდნენ:  საფრთხის   პირისპირ მდგომ  მთავარსარდალს  ასე   მშვიდად  გაცინებისა  და  ხუმრობის  გუნებაზე  მტრის  უსაზღვრო  და   ძლიერი  ზიზღი  აყენებსო. 
16. ბრძოლის  დროს  ჰანიბალმა  რამდენიმე  სტრატეგიულ ხერხს  მიმართა:  უწინარეს  ყოვლისა  მეომრები ისე განალაგა, რომ  ქარი  მათ  ზურგიდან  უბერავდა.  იგი,  ცეცხლოვანი  გრიგალივით  მოვარდნილი,  ქვიშოვან   ველზე   მტვრის  საშინელ კორიანტელს  აყენებდა,  სქელი  მტვრის  ბუღს  კართაგენელთა რაზმებზე  გადაქროლვით  წინ  ერეკებოდა  და  პირდაპირ  სახეში  სცემდა  რომაელებს, რომლებიც  იძულებული  ხდებოდნენ,  შეტრიალებულიყვნენ  და  არევდარეულიყვნენ. 
მეორე  ხერხი ის იყო,  რომ  ჰანიბალმა  საბრძოლოდ  დარაზმული  მხედრობის ორივე  ფრთაზე  ყველაზე  ძლიერი  და ომში  გამოწრთობილი  მეომრები  დააყენა,   ხოლო  შუა   ნაწილი  ნაკლებ  საიმედო  ჯარისკაცებით  ამოავსო  და  ფრთათაშორისი,  მეტად  წინ  გამოწეული  სოლის  სახე   მისცა.  რჩეულ მეომრებს  ებრძანათ:  როცა  რომაელები  შუა  ნაწილზე  დაყენებულ  ჯარისკაცთა  რაზმს  გაჰკვეთდნენ,  მისი  უკანდახევით შექმნილი  სიღრმის  შუაგულში  შეიჭრებოდნენ  და  ფრთათა შორის  მოექცეოდნენ,  ამ  ფრთებიდან  დაძრულებს  მძლავრად  დაეცხოთ  მტრისათვის  და  რკალში  მოემწყვდიათ  იგი. ეტყობა, სწორედ  ამან გამოიწვია უპირატესად საზარელი ხოცვა-ჟლეტა.  და  მართლაც,  როცა  კართაგენელთა  ლაშქრის  შუა ნაწილმა  უკან  დაიხია  და  რომაელები  სიღრმეში  აღმოჩნდნენ, ჰანიბალის საბრძოლო წყობამ  სახე  შეიცვალა  და მთვარისებრ მოირკალა. რჩეულ რაზმთა მეთაურებმა თავთავიანთი  რაზმები ზოგმა  მარცხენა  ფრთიდან,  ზოგმაც  მარჯვენა ფრთიდან  შემოაბრუნეს  რკალის  შუაგულმი  შევრილ  ზურგდაუცველ მტერს  თავს  დაესხნენ  და  შეერთებულებმა  ყველა,  ვინც  ალყას  თავი  ვერ  დააღწია,  უკლებლივ  შემუსრეს. 
ამბობენ,  რომაელთა  ცხენოსნებსაც მოულოდნელი  ფათერაკი  შეემთხვათო. ეტყობა,  დაჭრილმა  ცხენმა  პავლუსი  ძირს ჩამოაგდო.  მისი  თანამოსაგრენი  ერთი  მეორეზე  მიყოლებით ჩამოქვეითდნენ  და  ფეხით  გაეშურნენ  კონსულის  დასახმარებლად.  სხვა  მხედრებმა  რომ  ეს დაინახეს,  იფიქრეს,  საერთო ბრძანებაა  გაცემულიო  და  ყველანი  ჩამოხდნენ  ცხენებიდან და  ქვეითად  გამართეს  მტერთან  ხელჩართული  ბრძოლა. ამის  დანახვაზე  ჰანიბალს  უთქვამს:  „ეს  ბევრად    უფრო ხელსაყრელია  ჩემთვის,  ვიდრე  ის,   ტყვედ  რომ  ჩამბარებოდნენო“, 
ყოველივე  ამას   მოგვითხრობენ  დაწვრილებითი  ისტორიების  შემთხზველი  მწერლები. 
კონსული  ვარონი, რამდენიმე ცხენოსნის თანხლებით ქალაქ  ვენუსიაში  გაიქცა.  პავლუსი  კი  უკუქცევის  ორომტრიალსა  და აურზაურში შუბებით მთლად დაცხრილული  და  უსაზღვრო მწუხარებით  აღვსილი  ერთ  ქვაზე  ჩამოჯდა  და  მტრის ხელით  სიკვდილს  ელოდებოდა.  თავპირი  ისე   ჰქონდა  სისხლით  მოთხვრილი,  რომ  ვერავინ  იცნო:  მეგობრები  და  მსახურებიც  კი გვერდს უქცევდნენ  შეუცნობლობის   გამო. მხოლოდდამხოლოდ ერთმა ახალგაზრდა   პატრიციუსმა – კორნელიუს  ლენტულუსმა  შენიშნა  და  შეიცნო  იგი. ჭაბუკი მყისვე ჩამოქვეითდა, ცხენი მიუყვანა და სთხოვა, თავი გადაერჩინა  თანამოქალაქეთა  გულისთვის:  კარგი  წინამძღოლი  სწორედ  ახლა და აუცილებლად  სჭირდებათ  მათო. პავლუსმა თხოვნა-ვედრება უკუაგდო  და ცრემლმორეული  ჭაბუკი  აიძულა,  კვლავ ამხედრებულიყო  ცხენზე.  მერმე წამოდგა,  მხედარს ხელი  გაუწოდა  და  უთხრა:  „ჩემო  ლენტულუს,  აუწყე  ფაბიუს  მაქსიმუსს  და  შენც  დამემოწმე,  რომ  პავლუს  ემილიუსი ბოლომდე  მისი  ერთგული  დარჩა  და  არც  ერთი  მისი  შეგონება  არ  დაურღვევია  და ძლეულ  იქმნა  ჯერ  ვარონისა  და  მერმე ჰანიბალისაგან-თქო!
ასეთი  დავალებით  გაგზავნა  პავლუსმა  ლენტულუსი,  თვითონ  კი შეიჭრა  იქ,  სადაც  ხოცვა-ჟლეტა  იყო  გაჩაღებული  და მალე  სიკვდილი  ჰპოვა.   ამბობენ,  ამ    ბრძოლაში  დაეცა  ორმოცდაათი  ათასი რომაელი, ორმოცი ათასი ტყვედ ჩავარდა და არანაკლებ  ათი  ათასი კაცისა ბრძოლის შემდეგ შეიპყრეს ორივე  ბანაკიდან. 
17. ასეთი  დიდი  წარმატების   შემდეგ ახლო  მეგობრები ჰანიბალს  აქეზებდნენ  ბედი ხელიდან  არ   გაეშვა,  უკუქცეულ მტერს  მიჰყოლოდა  და  ქალაქში  შეჭრილიყო:   ამ   გამარჯვებიდან  მეხუთე  დღეზე  შენ  კაპიტოლიუმში  ისადილებო.  არაა ადვილად  სათქმელი,  რა  მოსაზრებამ  ააღებინა   ამაზე   ხელი ჰანიბალს.  ყველაზე  უფრო ეტყობა,  ამ   საქმეს  წინ აღუდგა რომელიღაც  დემონის  ან  ღვთის  განგება  და  მას   სიზანტე  და სიმხდალე  შთააგონა.  სწორედ  ამიტომო,  ამბობენ,  კართაგენელმა  ბარკამ  წყენით უთხრა  ჰანიბალს:  „შენ  გამარჯვება  იცი, მაგრამ  გამარჯვების  გამოყენება  არ  იციო!“16
ასე   იყო  თუ  ისე,   გამარჯვებამ  ჰანიბალის მდგომარეობა დიდად  შეცვალა:  ამ   ბრძოლამდე  მას   იტალიაში  არ გააჩნდა არც  ერთი  ქალაქი,  არც  ერთი  ნავსადგური ან უბრალო ნავსაყუდელი.  ძლივძლივობით  და  ძარცვა-გლეჯით   შოულობდა საჭმელ-სასმელს  ჯარისათვის; სალაშქროდ  დაძრული  ომისათვის  საჭირო  საიმედო  საყრდენს  უკან  ვერ  იტოვებდა  და თავისი  ჯარით,  ვით  უზარმაზარი  ყაჩაღური  დასით, აღმადაღმა  დაძრწოდა.  ახლა  კი  თითქმის  მთელი  იტალია  მის  გამგებლობაში  აღმოჩნდა,  დიდ-დიდ  ტომთა  უმეტესი  ნაწილი ნებაყოფლობით  დაემორჩილა  მას.  მის ხელთ იყო კაპუა, რომელსაც  ქალაქთა  შორის,  რომის  შემდეგ,  ყველაზე  დიდი მნიშვნელობა  ჰქონდა.  ევრიპიდე ამბობს: არცთუ  მცირე  უბედურების  გადატანაა  საჭირო  მეგობრების  ერთგულების  გამოსაცდელადო,  მაგრამ  ეს  მარტო  ამაზე  არ  ითქმის,  იგივე შეიძლება  ვთქვათ  სარდალთა  გონიერებაზე.  და  მართლაც,  ამ ბრძოლამდე  ყბადაღებული  სიმხდალე  და  გულგრილობა  ფაბიუსისა  ბრძოლის  დამთავრებისთანაგე  მიიჩნიეს  არა  ადამიანის  გონიერების  შედეგად,  არამედ  რაღაც  ღვთაებრივი  თუ დემონური  ძალის  შეგონებად, რომელმაც  ადრევე  წინასწარ განჭვრიტა  მოსალოდნელი  ამბები, რის დაჯერებაც მათი გადამტანთათვისაც კარგა ძნელი იყო. სწორედ ამიტომ რომმა თავისი  უკანასკნელი  იმედები  მაშინვე  ფაბიუსზე  გადაიტანა და  ამ  ვაჟკაცის  ჭკუა-გონებას  მიაშურა,  ვით  ტაძარსა  წმიდას  და  საკურთხეველს.  სწორედ  მისი  გონებაგამჭრიახობა იყო  პირველი  და  უდიდესი  მიზეზი  იმისა,  რომ  ქალაქი  ხელუხლებელი  დარჩა  და  მოსახლეობა  არ  მიმოიფანტა,  ვითარცა კელტების  თავდასხმის  დროს.  ეს  კაცი,  მაშინ  როცა  საყოველთაო  აზრით  თითქოს  არავითარი  საფრთხე  არ  არსებობდა, მეტისმეტ  სიფრთხილესა  და  უიმედობას  ამჟღავნებდა;  ახლა კი,  როცა  ყველანი  უსაზღვრო  მწუხარებასა  და  დაუძლეველ შფოთში  ჩაიძირნენ,  ერთადერთიღა  დადიოდა  ქალაქში  დინჯი ნაბიჯით,  დაწყნარებული  სახით,  ალერსიანი  ღიმილ-სალამით;  ქალთა  მოთქმა-ვაებას  საზღვარს  უდებდა  და  სახალხო ზარისა  და  გლოვისათვის  საგანგებო  თავყრილობებს  კრძალავდა.  იგი  მოითხოვდა  სენატის  შეკრებას,  თანამდებობის პირთ  ამხნევებდა  და  სამაგალითო  სიმტკიცისა  და  ძალის  პატრონი  ყოველგვარი  ძალაუფლების  მქონეთა  ყურადღებასა და  მზერას  იპყრობდა. 
18. ჭიშკრებში  მან მცველები  ჩააყენა,  რათა  მდაბიო  ჩალხი არ  გაქცეულიყო  და  ქალაქი  არ  მიეტოვებინათ.   საგანგებოდ განისაზღვრა  გლოვის  ადგილი  და  დრო.  ბრძანა ყოველ  მსურველს  ომში  დაღუპული  ახლობელი  დაეტირებინა  შინ  ოცდაათი  დღის  მანძილხე.  ამის  შემდეგ ყოველი  გლოვა უნდა  შეწყვეტილიყო  და  ქალაქი  ცრემლთა  ღვრისაგან   გათავისუფლებულიყო.  რაკი  გლოვისათვის  დანიშნულ  დღეებს  კერესისადმი   მიძღვნილი  დღესასწაული  დაემთხვა,   უმჯობესად  ჩათვალეს,  მსხვერპლშეწირვისა  და   საზეიმო  მსვლელობის  მოწყობაზე  საერთოდ  ხელის  აღება,  ვიდრე  დამსწრეთა  მცირე  რაოდენობით  და სასოწარკვეთილებით უდიდესი უბედურების გამომჟღავნება.  ასეთი გადაწყვეტილება  სწორი  იყო,  რადგან ღვთაებაც  მაშინაა  კმაყოფილი  და  გახარებული,  როცა  მას პატივ-დიდებას  ბედნიერები  მიაგებენ  ხოლმე.  რაც  შეეხება წინასწარმეტვველთა  რჩევა-დარიგებას  ღმერთების  მოლმობიერებისა  და  ავის  მოსწავებათა  განრიდების  თაობაზე,  იგი აღსრულებულ  იქნა.  ფაბიუსის  ნათესავი  მკითხავი  პიქტორი დელფოს  სამისნოში  გაგზავნეს;  ხოლო  როცა  გამოარკვიეს, ვესტას17 მსახურ  ორ  ასულს  უბიწოება  დაჰკარგოდათ,  ერთი მათგანი,  ჩვეულებისამებრ  ცოცხლად  დამარხეს,  მეორემ  – თვითონ მოიკლა  თავი. 
მეტად  სასიამოვნო  განცდას  იწვევს  რომის  მოსახლეობის მიერ  გონიერებისა  და  გულმოწყალეობის  გამოჩენა ბრძოლის ველიდან  უკუქცეული  და  ახლა  ქალაქში  დაბრუნებული  კონსულის – ვარონის მიმართ.  იგი ბრუნდებოდა  სასოწარკვეთილი  და  დამდაბლებული,  რაც  მოსალოდნელიც  იყო  ასეთი შერცხვენისა  და  ბედკრულობის  შემდეგ. მაგრამ,  მიუხედავად ამისა,  ქალაქის  ჭიშკრებთან  მას მისალმებით  შეეგება  სენატი და მთელი  მოსახლეობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა   და  პირველმა  სენატორებმა,  რომელთა  შორის  ფაბიუსიც იყო, როცა  სიმშვიდე  ჩამოვარდა,  ვარონი  შეაქეს  იმის  გამო, რომ  ასეთი  უბედურების  შემდეგ  სულით  არ   დაეცა,  ქალაქს ზურგი  არ შეაქცია  და დაბრუნდა, რათა ხელი მოჰკიდოს საგამგებლო  საქმეთ  კანონებისა  და თანამოქალაქეების  გადასარჩენად. 
19.   მალე  ცნობილი  გახდა,  რომ  ამ   ბრძოლის  შემდეგ  ჰანიბალმა  იტალიის  სხვა  ნაწილისაკენ  იბრუნა  პირი.  რომაელები   გამხნევდნენ  და  წინამძღოლები  და  ჯარი  იქით  გაგზავნეს. წინამძღოლებში  ყველაზე  გამოჩენილი  იყვნენ  ფაბიუს  მაქსიმუსი  და  კლავდიუს  მარცელუსი,  რომლებიც,   მართალია, თითქმის საპირისპირო თვალსაზრისებზე  იდგნენ,  მაგრამ  ხალხში   თანაბარ  აღფრთოვანებას  იწვევდნენ.  კლავდიუს,  მარცელუსი,  როგორც  ეს   მისი   ცხოვრების  აღწერაშია ნათქვამი, დიდი  ჯიუტობითა  და  ზვიადობით   გამოირჩეოდა.   ბუნებით იგი  მამაცი  და  ერთი  იმათგანი  იყო,  ვისაც  ჰომეროსი   უპირატესად  „ფილოპტოლემოსსა“  და   „აგეროხოსს“  ანუ   „ომის მოყვარულსა“  და   „დაუცხრომელ  ვაჟკაცს“  ეძახის. პირველივე  ბრძოლები  მან  მთელი  მგზნებარებით  შეუპოვრად წარმართა  და  ჯიუტსა  და  მამაც  ჰანიბალს  ომში  თავისი  სიჯიუტე  და  მამაცობა  დაუპირისპირა.  ფაბიუსი  კი  თავისი  თავდაპირველი  მოსაზრებების  ერთგული  რჩებოდა  და   იმედოვნებდა,  ჰანიბალი  ყოველგვარი  ბრძოლისა  და  შეტაკების  გარეშე  თვითონვე  მოუტანდა  თავისთავს  ზიანს  და გამოფიტავდა ომში  საკუთარ  ძალებს  ისე,  ვით  ათლეტს  გაუწყდება  ხოლმე ქანცი   ძალ-ღონის  უკიდურესი  დაძაბვის   შემდეგ. აი, ამიტომო, –  ამბობს  პოსიდონიოსი,18  – რომაელები  ფაბიუსს „ფარს“,  ხოლო  მარცელუსს  „ხმალს“  ეძახდნენო.  ფაბიუსის სიმტკიცე  და   სიფრთხილე,  მარცელუსის  ჩვეულ მგზნებარებასთან შეერთებული რომაელებისათვის ნამდვილი ხსნა იყოო. მარცელუსი  ჰანიბალისათვის  იყო  მძლავრად  მოვარდნილი  ნაკადი,  რომელიც  ხშირად  ჯარს  უფორიაქებდა  და  მის ძალას მოულოდნელ  ვნებას  აყენებდა.  ფაბიუსი  კი  შეუმჩნევლად,  ნელ-ნელა  აცლიდა  ძალ-ღონეს,  და  ისე  ფიტავდა,  ვით მდორე  მდინარე ფიტავს სანაპიროს უხმაურო და გამუდმებული შეხლა-ჩამორეცხვით ბოლოსდაბოლოს,  მარცელუსთან ბრძოლით  გადაღლილი და დაშინებული  ფაბიუსისაგან,  რომელიც  შეტაკებას  თავს არიდებდა,   ჰანიბალი  მეტად  მძიმე და  გამოუვალ  ვითარებაში  აღმოჩნდა.  ომის მთელი  ხნის  მანძილზე,  შეიძლება  ითქვას,  უპირატესად  ეს   ორი  კაცი  უპირისპირდებოდა,  რომლებიც  ხალხის  მიერ  არჩეული  იყვნენ ხან  პრეტორებად,  ხან  პროკონსულებად  და  ხანაც  კონსულებად.  ერთიცა  და  მეორეც  ხუთგზის  იყო  კონსულად.  მართალია,   მეხუთე  კონსულობის  ჟამს  ჰანიბალმა  მარცელუსი  საფარში  შეტყუებით  მოკლა,19  ფაბიუსს  კი,   მიუხედავად  მრავალი  ფანდის  დაგებისა  და  ათასგვარი  ცდისა,  ვერაფერი მოუხერსა.  ოღონდ,  ეს   იყო,  ერთხელ  კინაღამ  არ მოიმწყვდია ხაფანგში  და  კინაღამ  არ   შემუსრა:  მეტაპონტუმის20  გავლენიან  და  პირველ  მოქალაქეთა  სახელით ჰანიბალმა  შეადგინა და ფაბიუსს  გაუგზავნა  წერილი,  რომ  ჩააბარებენ  ქალაქს, თუ  იგი  მას  მოადგება  და  რომ  ამ   საქმის  მოთავენი  რომაელთა   წინამძღოლის  გამოჩენასა  და   მოახლოებას  ელოდებიან. წერილმა ფაბიუსზე იმოქმედა. იგი უკვე მზად  იყო ჯარის ერთი ნაწილით  დაღამებისთანავე  გზას   დადგმოდა,  მაგრამ   რაკი ფრინველთმკითხაობამ  სიკეთის  მომასწავებელი  ვერაფერი აუწყა,  განზრახულზე  ხელი  აიღო. მცირე ხნის შემდეგ  კი შეიტყო, წერილი მის მისატყუებლად  იყო  შედგენილი  ჰანიბალის  მიერ  და  იგი  ქალაქთან  ჩასაფრებული  ელოდებოდა. სრულიად  შესაძლებელია,  ასეთი  გამოსავალი  ღვთის  კეთილ-მოწყალეობას  მიეწეროს. 
20.  ქალაქთა  განდგომასა  და მოკავშირეთა შეთქმულებებს ფაბიუსი  ადრევე  მიღებულ  მოსაზრებაზე  დაყრდნობით ლოიალურად ეკიდებოდა. ცდილობდა, მშვიდად გადაერწმუნებინა და შეერცხვინა  დამნაშავენი;   არ   წამოეწყო  ყოველი  ეჭვის გამო  კვლევა-ძიება  და  ეჭვმიტანილთ  საერთოდ  არ  მოქცეოდა  მკაცრად.  ასე,   მაგალითად,  ამბობენ,  როცა  გაიგო,  მარსების   ტომის  ერთ-ერთი  ჯარისკაცი,  მოკავშირეებში  მამაცობითა  და  წარმომავლობით  გამორჩეული,  ბანაკში  ზოგიერთ  მეომარს  განდგომაზე  ესაუბრებაო,  გული  კი   არ  მოსვლია,  არამედ  აღიარა,  რომ  ამ   ჯარისკაცს უსამართლოდ   აწყენინეს; იგი   ახლა  მეთაურებს  მართებულად  ადანაშაულებს    იმაში, რომ   ჯილდო-პატივებს  ანაწილებენ  არა დამსახურების  მიხედვით,  არამედ  მიკერძოებით;  ამიერიდან  კი  თვითონ  იქნება დამნაშავე,  თუ  რამე  დასჭირდება  და  მე,   ფაბიუსს,  თხოვნით არ  მომმართავსო.  ამ   ჯარისკაცს  ფაბიუსმა  საბრძოლო  ცხენი აჩუქა  და  სხვა  პატივითაც  შეამკო.  ამის  შემდეგ  ეს   ვაჟკაცი ყეელაზე  ერთგული  და  უბეჯითესი  მეომარი  გახდა.  იმ   დროს, როცა  მხედრები  და   მონადირენი  ცხოველთა  მძიმე,   ჯიუტი და  უტეხი  ბუნების  მოთვინიერებას  უფრო  მეტად  ზრუნვით, ალერსით  და   საკვებით   ცდილობენ  და   არა   მათრახითა  და ჯაჭვ-საბმელებით. ფაბიუსი   მიუტევებელ  უხეშობად მიიჩნევდა ადამიანთა ხელისუფალი რომ მათ გამოსასწორებლად ლმობიერებასა და  შემწყნარებლობას  კი   არ   მიმართავს ხოლმე  უპირატესად,  არამედ  ამჯობინებს,  გაცილებით  მკაცრად  და   ულმობელად  მოექცეს  მათ,   ვიდრე  მიწის  მუშაკნი ექცევიან  ველურ  ლეღვს, პანტასა  და   ზეთისხილს,  რომელთაც, გაკეთილშობილების გზით, ლეღვის,  მსხლისა  და ზეთის ხის   ჯიშიან ხეხილებად  გარდაქმნიან.
ერთხელ  ცენტურიონებმა  ფაბიუსს  აუწყეს,  რომ  ჯარისკაცი  ვინმე   ლუკანიელი  ხშირად  ტოვებდა  თავის  რაზმს  და ბანაკიდან  სადღაც  იპარებოდა.  ფაბიუსმა  გამოიკითხა,  საერთოდ  როგორი  კაცი  იყო  ეს    ჯარისკაცი   ყველამ   ერთხმად აღიარა:  მეორე  ასეთი  მეომარი  ძნელად  თუ  იქნება  ვინმეო, და  მისი  შესანიშნავი  მამაცობისა  და  წარმატებული  საქმიანობის   რამდენიმე  მაგალითი  დაიმოწმეს.  მაშინ   ფაბიუსმა  მის მიერ  წესრიგის  დარღვევის  მიზეზი  გამოიძია  და  გამოარკვია, რომ  ლუკანიელი  ერთი  ასულის  სიყვარულით  იყო  შეპყრობილი  და  მასთან  შესახვედრად  ბანაკიდან  გაპარული  ყოველთვის  საშიშ  და  გრძელ  გზას  გადიოდა.  ფაბიუსმა  მისდა  უჩუმრად  საგანგებოდ  გაგზავნილებს  ეს  ასული  მოაყვანინა,  თავის კარავში  დამალა,  ლუკანიელი  გამოიძახა  და  უთხრა:  „ჩემთვის ცნობილი  გახდა,  რომ  შენ  რომაელთა  ადათებსა  და  კანონებს არღვევ  და  ხშირად  ბანაკის  გარეთ  ათევ  ღამეს. შენ  მიერ მრავალგზის  გამოჩენილი  მამაცობისათვის  ამ   შეცოდებას  გაპატიებ,  ოღონდ,  ამიერიდან,  სხვა  მცველს  დაგიყენებ!“  გაოცებულ  ჯარისკაცს  ფაბიუსმა  სატრფო  გამოუყვანა,  ჩააბარა და  უთხრა:  „ეს  იმის  თავდებად  გეყოლება,  რომ  ჩვენთან  ერთად  ყოველთვის  ბანაკში დარჩები  და საქმით  გვიჩვენებ, სხვა რამ უგვანო საქციელისათვის  ხომ   არ   იპარებოდი  და ხომ   არ   იყო   სიყვარული  მოგონილი  საბაბი“. აი, ასე გადმოგვცემენ  ამ  ამბავს. 
21. ღალატით  აღებული  ტარენტელების  ქალაქი  ფაბიუსმა შემდეგი  ხერხით  დაიბრუნა.21 მის   მხედრობაში  მსახურობდა ერთი  ტარენტელი  ყმაწვილი,  რომელსაც  ქალაქში  ჰყავდა  მეტად  ერთგული  და   ნაზად მოყვარული და. იგი   უყვარდა ერთ  ბრუტიელს,  ვინც  ჰანიბალის  მიერ  ქალაქის  დასაცავად ჩაყენებულ  რაზმს მეთაურობდა. ამ საქმისაგან  გამომდინარე წარმატების  იმედით  და ფაბიუსის  თანხმობით   ტარენტელი ქალაქში  შეგზავნეს,   ხმა   კი  დაარხიეს:   დასთან  გაიქცა  ტარენტშიო.  პირველ  დღეებში  ის   ბრუტიელი  არ   გამოჩენილა; ქალი  ფიქრობდა  ჩემმა  ძმამ   არაფერი  იცისო. ბოლოს  და ბოლოს  ყმაწვილმა  უთხრა:  „იქ – ჩვენთან,  ბანაკში,  ხმა  დადის,   თითქოს  შენ  ვიღაც  წარჩინებულ,  დიდ  კაცთან  ცხოვრობ.  ვინაა   იგი?   თუ  ის, როგორც  ამბობენ,  მართლა  სახელოვანი  და  ქველობით  გამოჩენილი  კაცია,  არავითარი  მნიშვნელობა  არა   აქვს   მის   სადაურობას;  ომი  ხომ   ყველაფერს ურევს  იძულებისადმი  დამორჩილება  სამარცხვინო  როდია; ის კი არადა, ბედნიერი  შემთხვევაა, სამართლიანობის  საერთო  დაკნინების  ჟამს,   თუ  აუცილებელია,  არცთუ  მაინცდამაინც  ტლანქ  ძალდატანებას  დაექვემდებარო!“  ამის   შემდეგ ქალმა  დაიბარა  ის   ბრუტიელი  და   ძმა  გააცნო. ამან დის ტრფიალს  მხარი  დაუჭირა  და  ახლა  იგი  წინანდელზე  უფრო კეთილგანწყობილი  და  მორჩილი  გახდა  ტარენტელის  და  თავისი  სატრფოსი. ტარენტელმა  ამ  გზით  ბარბაროსის  ნდობა მაშინვე  მოიპოვა  და  შეყვარებულ  ვაჟკაცს  და  თანაც  დაქირავებულ  მეომარს  სულ  ადვილად  შეაცვლევინა  გუნება,  გადაიბირა  და  ფაბიუსის  სახელით  დიდძალი  საჩუქრების  იმედი მისცა.  აი,  ასე  გადმოგვცემს  ამ  ამბებს  მწერალთა უმრავლესობა  ზოგიერთები  ამბობენ:  ქალი,  ვისი  მიზეზითაც  ბრუტიელი  კართაგენელებს  განუდგა,  ასევე  ბრუტიიდან  იყო  და ფაბიუსს  ხასად  ჰყავდაო.  როცა  შეიტყო,  ბრუტიელთა  რაზმის  უფროსი  მისი  თანამემამულე  და  ნაცნობი:  იყო,  ეს  ფაბიუსს  აუწყა:  მერმე  ქალაქის  კედელთან  მივიდა,  ბრუტიელს საუბარი  გაუმართა,  დაარწმუნა  და  რომაელთა  მხარეზე  გადაიყვანა.
22.  ამ  საქმეთა  აღსრულების  ჟამს  ფაბიუსმა  ჰანიბალის ყურადღების  მოსადუნებლად  ასეთ  ხერხს  მიმართა.  რეგიუმში ჩაყენებულ  ჯარის  ნაწილს  უბრძანა,  თავს  დასხმოდა  ბრუტიას და იერიშით  აეღო  კავლონია.  რეგიუმში  რვა  ათასი  მეომარი  იდგა.  უმრავლესობა  ამათგან  მტრის  მხრიდან  ნებაყოფლობით  გადმოსული  და  მარცელუსის  მიერ  სიცილიიდან  წამოყვანილი  ყოვლად  უგვანო  გამოუსადეგარი  ბრბო  იყო, რომლის  დაღუპვაც  სახელმწიფოს  დიდ სევდასა  და  ზიანს  ვერ მოუტანდა.  ამ  ჯარისკაცთა  საიერიშოდ  გაგზავნა ჰანიბალის მისატყუებელი ფანდი იყო, რაც ფაბიუსს იმედს აძლევდა, მტერს  ტარენტიდან  მოიცილებდა.  ასეც  მოხდა.  ჰანიბალი თავისი  მხედრობით  მყისვე  დაიძრა  ბრუტიისაკენ  მის  ასაღებად  გაგზავნილთა  დასათრგუნავად.  ფაბიუსმა  ტარენტს  ალყა  შემოარტყა.  მეექვსე  ღამეს  მასთან  გამოცხადდა  ჭაბუკი, ვინც დასთან  ერთად ზემოხსენებულ  ბრუტიელს  შეუთანხმდა.  ჭაბუკს  წინასწარ  დათვალიერებული  და  დამახსოვრებული  ჰქონდა  ის  ადგილი,  სადაც  ბრუტიელი  მცველად  იდგა და  საიდანაც  იგი  მომხდურ  რომაელებს  ქალაქში  შეუშვებდა.  ფაბიუსი  მთლად  და  უბრალოდ  მაინც  არ  დაენდო  გამცემს.  იგი ქალაქის კედელთან  მივიდა  და  იქ  მშვიდად  იდგა.  მისი  ჯარის  ნაწილი  კი  ერთდროულად  ხმელეთიდან  და  ზღვიდან ზარდამცემი  ყიჟინითა  და  ხმაურით  ეკვეთა  ქალაქის  კედლებს. ტარენტელთა უმრავლესობა  კედელთა  მცველების  დასახმარებლად  გამოეშურა,  სწორედ  ამ დროს  ბრუტიელმა ფაბიუსს  დათქმული  ნიშანი  მისცა.  რომაელები  კიბეებით  კედლებზე  ავიდნენ  და მალე  ქალაქი  აიღეს.  ეტყობა,  ფაბიუსმა მაშინ  პატივმოყვარეობა  ვერ  დაიოკა  და  ბრძანა,  ბრუტიელი თავკაცები  დაეხოცათ,  რათა  არ   გამჟღავნებულიყო,  რომ  მან ქალაქი  ღალატის  წყალობით  აიღო.  მაგრამ  აქ   შეცდა,  იმედმა არ   გაუმართლა  და   ვერაგობისა  და ულმობელი სისასტიკის ბრალდება  დაიტეხა  თავს.
ქალაქის  აღების  დროს  კიდევ  მრავალი  ტარენტელი  დაიღუპა.   ოცდაათი  ათასი  მოქალაქე  მონებად  გაიყიდა,   ხოლო ქალაქი  გამარჯვებულმა  ჯარმა   მთლიანად  გაძარცვა.  სახელმწიფო  ხაზინაში  სამი  ათასი  ტალანტი  თანხა  შევიდა.  ქალაქის  საყოველთაო  ძარცვის  ჟამს,  ამბობენ,  მდივანმწიგნობარს ფაბიუსისათვის  უკითხავს:  ღმერთების თაობაზე  რას გვიბრძანებ, რა ვუყოთ მათო? – იგი ნახატებსა და ქანდაკებებს გულისხმობდა, ფაბიუსს უპასუხნია: „დავუტოვოთ ტარენტელებს მათი განრისხებული  ღმერთებიო!“  მიუხედავად ამისა, ჰერაკლეს უზარმაზარი ქანდაკება ფაბიუსმა მაინც წამოიღო ტარენტიდან და  კაპიტოლიუმზე  დადგა,  ხოლო  გვერდით ბრინჯაოსაგან  ნაკეთები  ცხენზე  ამხედრებული  საკუთარი  გამოსახულება  დაადგმევინა.  „ამ   შემთხვევაში  გამოამჟღავნა  ის, რომ  მარცელუსზე  უფრო  წინდაუხედავად  მოიქცა და  ხალხის  თვალში  მარცელუსი  თავისი  ლმობიერებითა  და  კაცთმოყვარეობით  აღტაცების  ღირსად  გამოაჩინა,  რაც  ამ   ვაჟკაცის ცხოვრების  აღწერაშია  აღნიშნული. 
23.   გადმოგვცემენ,  ჰანიბალი  უკან  ბრუნდებოდა  და  უკეე ორმოცი  სტადიონი  მანძილიღა  დარჩა  ქალაქამდე,  როცა  პირდაპირ  განაცხადა:   „ეტყობა,  რომაელებსაც  ჰყავთ   თავისი ჰანიბალი:  ტარენტელთა  ქალაქი   სწორედ ასე   დავკარგეთ, როგორც  უწინ  ავიღეთ“.  მან   მაშინ  პირველად  და   პირადად აღიარა  მეგობრების  წინაშე,  რომ  თავიდანვე  ხედავდა  სიძნელეს,  ხოლო  ახლა მთლად შეუძლებლად  მიაჩნია  იტალიის  დაუფლება  მის  ხელთ  არსებული  ძალებით. 
მეორე  ტრიუმფი  ფაბიუსმა პირველზე უფრო ბრწყინვალედ გადაიხადა,  რადგან  ახლახან  გარდახდილ  ბრძოლაში  ათლეტისებურად  შეება  ჰანიბალს,  სულ  ადვილად  ჩაფუშა  მისი  ზრახვები  და  ასევე  იოლად დაუსხლტა მის ძალაგამოცლილ ფანდებსა და ხერხებს. ჰანიბალის ლაშქრის ნაწილი ფუფუნებამ და  სიმდიდრემ  გარყვნა  და  დააკნინა,  მეორე  ნაწილი  კი გაუთავებელი  ბრძოლებით  დაიქანცა  და  დაუძლურდა. 
იყო  ერთი  მარკუს  ლივიუსი.  იგი  ტარენტის  მცველ  რაზმს მეთაურობდა,  როცა  ჰანიბალმა  ქალაქი  რომაელთაგან  განდგომაზე  დაითანხმა.  მარკუსს  ციხესიმაგრე  ეკავა  და  ფეხმოუცვლელად  იცავდა  მას,   ვიდრე  რომაელებმა  კვლავ  არ  დაიბრუნეს  ქალაქი.  ციხის  მცველს  მოსვენებას  არ   აძლევდა  ფაბიუსის  პატივ-დიდება  და  ერთხელ  შურითა  და  პატივმოყვარეობით  აღგზნებულმა  სენატს  განუცხადა:  ტარენტის  ხელთგდების  მიზეზი  ფაბიუსი  კი   არა, მე გახლავართო.  ფაბიუსს ამაზე  გასცინებია  და  უთქვამს:  „მართალს  ბრძანებ;  შენ  რომ არ  დაგეკარგა  ქალაქი,  მე მას,  ცხადია,  ვერ  ავიღებდი!“. 
24. რომაელები   ყველაფერში  ღირსეულად  „უხდიდნენ, მადლს  ფაბიუსს;  მისი  ვაჟიშვილი,  სახელად  ასევე   ფაბიუსი, კონსულადაც   კი   აირჩიეს  ერთხელ,  როცა  ფაბიუსი  თავის თანამდებობას  უკვე  ასრულებდა  და  ომთან  დაკავშირებული რომელიღაც  საქმით  იყო  გართული,  მამამისი,   სიბერისა  თუ უძლურების,  ანდა  სულაც  იმის  მიზეზით,  რომ  შვილის  გამოცდა სურდა, ცხენზე  ამხედრდა და კონსულის გარშემო დაჯარული  ამალის  გარღვევით  მისკენ  გაემართა.  დაინახა  თუ არა  შორიდან  იგი,  ახალგაზრდა  კონსულმა  თავი  ვერ  შეიკავა, მსახური გაგზავნა და მამას უბრძანა, ჩამოქვეითებულიყო და ისე მისულიყო მასთან, თუკი ხელისუფლებისაგან  რაიმე  სჭირდებოდა.  ასეთმა  ბრძანებამ  ყველა  შეაწუხა  და  უსიტყვოდ შეტრიალდნენ  ფაბიუსისაკენ,  ვისი  ღირსებაც  დაუმსახურებლად  შელახულად  ჩათვალეს.  მაგრამ  ფაბიუსი  სწრაფად  ჩამოქვეითდა,  სწრაფადვე  გაეშურა  ფეხით  შვილისაკენ,  ჩაეხვია,  აკოცა  და  უთხრა:  „ყველაფერი  კარგად  გესმის  და  კარგადაც  იქცევი,  შვილო  ჩემო;  კარგად  გაქვს  შეგნებული  ვის გამგებლობ  და  რა  სიდიადის  ძალაუფლება  გიპყრია  ხელთ! სწორედ  ასე  განვადიდეთ  რომი  ჩვენცა  და  ჩვენმა  წინაპრებმაც.  ჩვენ  მუდამ  მამულის სიკეთეს  ვამჯობინებდით  მშობლებსაც  და  შვილებსაც!  და  მართლაც,  როგორც  გადმოგვცემენ, ფაბიუსის პაპის პაპა22, ვინც რომაელებში სახელოვნებითა და დიდი გავლენით  გამოირჩეოდა,  ვინც  ხუთგზის იყო  კონსულად და დიდი ომების გადახდით უსაჩინოესი ტრიუმფები იზეიმა, შვილის  კონსულობაში  მასთან  ერთად საომრად გაემართა ვითარცა თანაშემწე-ლეგატი. ტრიუმფშიც 6 შვილი ოთხცხენიან ეტლით  მოემართებოდა  მაშინ,  როცა  მამამისი სხვებთან  ერთად  ცხენზე  იყო  ამხედრებული  და  ისე  მიაცილებდა  მას,  თანაც  გახარებული  იყო  იმით,  რომ  შვილის უფალი  და  თავისი  არსებობითაც  და  ზედწოდებითაც  მოქალაქეთა  შორის  უდიადესი  თავის  თავს  კანონსა  და  ხელისუფლების  მეთაურს  უმორჩილებდა.  სხვათა  შორის,  იგი  მარტო ამით  როდი  იწვევდა  აღფრთოვანებას. 
ფაბიუსს წილად ხვდა ვაჟიშვილის სიკვდილს მოსწრებოდა.23 ეს უბედურება მან საგანგებო  თავშეკავებით  გადაიტანა  ვითარცა  გონიერმა  კაცმა  და  კარგმა  მამამ.   ფორუმზე მდგარმა  თვითონვე  წარმოთქვა  სახოტბო  სიტყვაც,  რომელსაც,  ჩვეულებრივ,  გამოჩენილი  გარდაცვლილი  პირის  ახლობლები  წარმოთქვამენ  ხოლმე დაკრძალვის  ჟამს.   ეს   სიტყვა მერმე   ჩაწერა   მან   და   გაავრცელა  კიდეც.
25. მალე ესპანეთში მივლინებულმა კორნელიუს სციპიონმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვა და  ესპანეთიდან  კართაგენელები  გარეკა.  მან  რომაელებს  ბევრი  ტომი  და   დიდი ქალაქი   დაუმორჩილა  და   დიდი  სიმდიდრეც  შესძინა.   ამის წყალობით  ხალხის  ისეთი  კეთილგანწყობა  და  ისეთი  სახელი მოიპოვა,  როგორიც  მანამდე  არავის  ღირსებია.  ხოლო  როცა კონსულად  აირჩიეს, მიხვდა, ხალხი მისგან დიად   საქმეთა აღსრულებას  მოელოდა  და  მოითხოვდა  კიდეც.  მან  ჰანიბალთან  იტალიაში ბრძოლა მეტად მოძველებულ  და დრომოჭმულ საქმედ  ჩათვალა  და  გადაწყვიტა:  ომი  აქედან  მტრის  ქვეყანაში  გადაეტანა,  კართაგენი  და  საერთოდ  მთელი  ლიბია24 იარაღითა  და  ჯარით  აევსო  და  კართაგენი   პირისაგან   მიწისა აღეგავა.  იგი  მთელი   მგზნებარებით   ცდილობდა   რომაელი ხალხის  წაქეზებას  მისთვის  მხარდასაჭერად.  მაშინ  ფაბიუსმა ქალაქის  დაშინება დაიწყო, რომელიც, მისი აზრით, უგუნური ახალგაზრდა კაცის მხარის დაჭერით  უკიდურესი  საფრთხისაკენ მიექანებოდა.  ფაბიუსი არც  სიტყვასა  და  არც  არაფერს  იშურებდა  იმისათვის,  რომ  თანამოქალაქენი სციპიონის გზიდან აეცდინა. სენატის დარწმუნება მან შეძლო, მაგრამ  ხალხი  ფიქრობდა:  ფაბიუსს  სციპიონის  წარმატების  შური  ამოძრავებს  და  შიშობს,  ახალგაზრდა კაცმა რამე დიადი და  უსაჩინოესი  საქმე  არ  შეასრულოს – არ  დაუდოს   ომს საერთოდ  საზღვარი,  ანდა  იტალიაში  არ  აღკვეთოს  იგი;  ასეთ შემთხვევაში  ხომ  ყოველი კაცისათვის  ცხადი  გახდება,  რომ თვითონ  ფაბიუსმა  დიდი  ხნის  მანძილზე  გაჭიანურებულ  ომში თავისი  უმოქმედობითა  და  სიზანტით  ვერაფერს  მიაღწიაო25. 
ეტყობა,  პირველ  ხანებში  ფაბიუსი  საწინააღმდეგო  თვალსაზრისზე  მართლაც  დიდი  სიფრთხილისა  და წინდახედულობის  გამო იდგა  და  მეტისმეტად  დიდი  საფრთხის  შიში  ჰქონდა. მაგრამ  მერმე  და  მერმე,  რაც  უფრო  ძაბავდა  თავის  ძალებსა  და  თავისი  გადაწყვეტილებებით  შორს  შეტოპა,  უკვე პატივმოყვარეობა  და მეტოქეობა  ამოქმედებდა. იგი  ცდილობდა, სციპიონის აღზევება დაებრკოლებინა. ამიტომ კრასუსს,  სციპიონის  თანაკონსულს,   არწმუნებდა, არ   დაეთმო წინამძღოლობა  სციპიონისათვის,  არ  დამორჩილებოდა  მას  და თუ  საჭიროდ  ჩათვლიდა,  თვითონვე  გადასულიყო  ზღვით  კართაგენელებთან  საომრად.  მეტიც,  ფაბიუსმა  ომის  საწარმოებლად  სციპიონისათვის  ფული  სენატს  არ  მიაცემინა.  სციპიონი იძულებული  გახდა,  საჭირო  თანხები როგორმე  თვითონ ეშოვნა. მან  თხოვნით  მიმართა  მისადმი  ძალზე  კეთილად  განწყობილ  ტირენიის  ქალაქებს.  რაც    შეეხება  კრასუსს,  იგი   შინ დააკავა  ჯერ  ერთი  იმან,   რომ  ბუნებით,  არ   იყო  მეტოქეობის  მოყვარული   კაცი  და  ლმობიერებით   გამოირჩეოდა  და მერმე  იმანაც,  რომ  უზენაესი  ქურუმი  იყო და ღვთაებრივი კანონი უნდა დაეცვა. 
26.   ახლა  სხვა  გზით  დაუწყო  ფაბიუსმა  სციპიონს  ხელის შეშლა. იგი  არწმუნებდა  და  აკავებდა  იმ   ახალგაზრდებს, რომელთაც  სციპიონთან  ერთად  სურდათ  სალაშქროდ  წასვლა. სენატსა  და   სახალხო  კრებას  ფაბიუსი  ყვირილით იკლებდა: სციპიონი  არათუ   უბრალოდ  გაურბისო  ჰანიბალს, არამედ იტალიიდან  თან   გააქვსო რომაელთა შემორჩენილი  მთელი ძალა;  იგი  ფუჭი  იმედებით აცთუნებს ახალგაზრდებს და აქეზებს, მიატოვონო  მშობლები, ცოლები  და  ქალაქი,  რომლის ჭიშკრებთან  გამარჯვებული  და  დაუძლეველი  მტერი  ჩამჯდარაო. ამ სიტყვებით  ფაბიუსმა ისე დააფრთხო რომაელები, რომ  დაადგინეს, სციპიონს გამგებლობაში  ჰყოლოდა  მხოლოდ  და  მხოლოდ  სიცილიაში  მყოფი  ჯარი  და,  ამას გარდა, ნება დართეს, თან წაეყვანა  ესპანეთში  დაბანაკებული  მხედრობიდან  ის   სამასი მეომარი, რომლებმაც  მისი  ერთგულება დაიმსახურეს. 
ფაბიუსის  მოქმედება,  ეტყობა,  მისი   საკუთარი  ბუნებიდან   მომდინარეობდა. 
როგორც კი გადავიდა  სციპიონი  ლიბიაში, მყისვე მოვიდა რომში ცნობები მისი საოცარი საქმეებისა  და   სიდიადითა  და  ბრწყინვალებით  გამორჩეული  გამარჯვებების  თაობაზე. ამ უწყებებს დამადასტურებლად  მოჰყვა დიდღძალი ნადავლი და დატყვევებული მეფე ნუმიდიელთა. სციპიონმა ერთდროულად გადაწვა  მტრის  ორი  ბანაკი,  სადაც  ცეცხლმა შთანთქა  მრავალი  მეომარი,  დიდძალი  იარაღი   და ბევრზე ბევრი  ცხენი. კართაგენელებმა ჰანიბალს ელჩები გამოუგზავნეს მოწოდებითა და თხოვნით, ხელი აეღო აუსრულებელ  იმედებზე  და  სამშობლოს  დახმარებოდა. რომში  კი  ყველას სციპიონის სახელი ეკერა პირზე. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, ფაბიუსმა დაჟინებით მოითხოვა ლიბიაში სციპიონის შემცვლელი გაეგზავნათ;  თუმცა  საამისო  საბაბი  სხვა  არაფერი  ჰქონდა  და  მხოლოდ  იმ  დამკვიდრებულ  აზრს  ეყრდნობოდა,  რომ  დიდი  მნიშვნელობის  საქმეში  მხოლოდ  ერთი კაცის  იღბალზე  დანდობა  მუდამ  სახიფათოა:  შეუძლებელია ერთსა  და  იმავე  კაცს  ყოველთვის  გაუღიმოს  ბედმაო.  ამჯერად  ხალხი  უკვე  აღაშფოთა  ფაბიუსმა:  მეტისმეტად  ყბედი და  შურიანია  ეს  კაცი,  ანდა  სიბერისაგან  მთლად  დაკარგა  მამაცობა, ყოველი  იმედი გამოეცალა  და ზომაზე  მეტად  უძრწის ჰანიბალსო.  და  მართლაც,  ჰანიბალმა  როცა  თავის  ლაშქრით უკვე  დატოვა  იტალია,  ფაბიუსი მაინც ცდილობდა, გასაქანი არ მიეცა თანამოქალაქეთა  სიხარულისა და მხნეობის  სიმტკიცისათვის;  იგი  განუწყვეტლივ  ამტკიცებდა:  სწორედ  ახლა მიექანება  სახელმწიფო  უკიდურესი  საფრთხისაკენ  და  მისი ბედი  ყველაზე  მეტად  სწორედ  ახლაა  სასწორზე  შეგდებულიო.  ჰანიბალი  ახლა  ლიბიაში,  კართაგენის  კედლებთან,  კიდევ  უფრო  გააფთრებით  შეგვებრძოლება  და  სციპიონს  მოუწევს,  შეხვდეს  ჯარს, რომელიც  მრავალი  ჩვენი  სარდლის,  დიქტატორისა  და  კონსულის  ცხელი  სისხლითაა  შეღებილიო. 
ბოლოს და ბოლოს ფაბიუსმა თავისი ასეთი სიტყვებით კვლავ შეაშფოთა ქალაქი და ირწმუნეს,   მართალია, ომმა ლიბიაში გადაინაცვლა,  მაგრამ საფრთხე კიდევ უფრო მეტად მოუახლოვდა  რომსო. 
27.   მაგრამ  სულ  მცირე  ხნის  შემდეგ  სციპიონმა  მძლავრი იერიშით დაამარცხა ჰანიბალი, ძირს დასცა   და შემუსრა დაძლეული კართაგენის ზვიადობა და რომაელებს ყოველგვარ მოლოდინზე აღმატებული  უდიდესი სიხარული მიანიჭა და რომის მბრძანებლობა ჭეშმარიტად კვლავ ფეხზე დადგა შერყეული   ქარიშხალისგან. 
ფაბიუსი ომის დასასრულს ვერ მოესწრო. მან  ჰანიბალის საბოლთო  დამარცხების  ამბავი  ვერ  მოისმინა  და  თავისი  სამშობლოს  დიდი  და  ურყევი  ბედნიერებაც  ვერ  იხილა;  სწორედ იმ  დროს,  ჰანიბალი  რომ  იტალიას  გაეცალა,  ავად  გახდა და  გარდაიცვალა. 
როგორც  ცნობილია, ეპამინონდა26  ისეთ სიღარიბეში მოკვდა, რომ  თებელებმა  საზოგადო  ხარჯით  დაკრძალეს.  ამბობენ,  გარდაცვლილის  სახლში  ერთი  რკინის  შამფურის  მეტი ვერაფერი  იპოვესო.   ფაბიუსი,   რა თქმა უნდა, რომაელებს საზოგადო  ხარჯით  არ  დაუკრძალავთ. მხოლოდ ეს იყო, რომ თითოეულმა  მოქალაქემ  შესწირა  ლითონის  წვრილი  ფული, მაგრამ  არა როგორც დახმარება გაჭირვებულისა, არამედ  როგორც  უკანასკნელი  სახსოვარი  ხალხის  მამისა.  ასე   რომ,  ფაბიუსს  სიკვდილის  შემდეგაც  თავისი  სიცოცხლის  შესაბამისი   პატივი   და   სახელი  ერგო.
პერიკლესა  და  ფაბიუს  მაქსიმუსის  შეთანასწორება 
1. აი, ასეთი გახლავთ  ამ ორი  მოღვაწე  კაცის  ცხოვრების ამბავი.  ორივემ  მრავალი და მშვენიერი მაგალითი დატოვა მოქალაქეობრივი  თუ  სამხედრო  მოღვაწეობისა. სამხედრო დამსახურებათა  გახსენებისას,  უწინარეს  ყოვლისა,  უნდა  აღინიშნოს  ის  რომ  პერიკლე  სახელმწიფოს განაგებდა,  მაშინ,  როცა  მისი  ხალხი  დიდ  სიკეთესა და აღზევებულ ვითარებაში იმყოფებოდა და ძლიერების  აყვავების  ხანა  ჰქონდა  დამდგარი.  პერიკლეს მტკიცე წარმატებანი, მისი წაუბორძიკებელი  მოღვაწეობა, ეტყობა, სახელმწიფოს  საერთო კეთილდღეობისა  და  ძლიერების  შედეგი  იყო.  ფაბიუსმა  კი წინამძღოლობა  რომის  მეტად  მძიმე  და  უკიდურესი  ძნელბედობის  ხანაში  მიიღო  და  ამიტომ  ქვეყნის  უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა  ვერ  შეძლო  და  მხოლოდ  სიკეთისაკენ  მიმავალ  გზაზე  დააყენა  იგი.  კიმონის  მიერ  მოპოვებულ წარმატებათა,  მირონიდესა  და  ლეოკრატეს  მიერ აღმართულ ძლევის ძეგლთა და ტოლმიდეს მრავალ  დიდ  გამარჯვებათა შემდეგ  პერიკლეს  გამგებლობაში  გადასულ  ქალაქს  ზეიმების მომწყობი  უფრო  მეტად  სჭირდებოდა, ვიდრე დამპყრობელი ან  მტრისაგან  დამცველი  მთავარსარდალი. 
ფაბიუსს  თვალწინ  ედგა: განუწყვეტელი მრავალი ლტოლვა და  მარცხი,  მრავალი  მთავარსარდლისა და მეთაურის სიკვდილი, მათი მკვლელობა, მეომართა გვამებით  აღსავსე  ტბები, მინდორ-ველები და  ტყე-ჭალაკები,  სისხლით  შეღებილი  მდინარეები,  რომელთაც  გვამები  ზღვაში  ჩაჰქონდათ.  მიუხედავად  ასეთი  ვითარებისა,  ფაბიუსს  თავი  მტკიცედ  ეჭირა,  სახელმწიფოს დედაბოძად შეუდგა  და არ მიიყვანა იქამდე, ხსენებულ  სიავეთა  მიზეზით უფსკრულში გადაჩეხილიყო.  შეიძლება  ვინმეს  ეგონოს,  რომ  არცთუ  ისე  ძნელი  საქმეა  უბედურებებით  დაკნინებული  სახელმწიფოს  მართვა,  რომელიც იძულების გამო  გონიერი მრჩეველის მორჩილი ხდება და რომ გაცილებით რთულია ბედნიერებით აღზევებული ხალხის ქედმაღლობისა  და  თავხედობისათვის  ლაგამის  ამოდება.  პერიკლე  სწორედ  ალაგმვის  ხერხით  მართავდა  ათენელებს.  რომაელთა თავზე  დამტყდარმა დიდმა  და  მრავალმა უბედურებამ კი  წარმოაჩინა  ფაბიუს  მაქსიმუსის  დიდი  და ძლიერი  გონიერება,  შემართება  კაცისა, რომელიც  არ შედრკა  და  თავის  ზრახვებს  არ  უღალატა. 
2. პერიკლეს  მიერ  სამოსის   აღებას   შეიძლება  დავუპირისპიროთ  ტარენტის  დაკავება,   ხოლო  ევბეის   დაძლევას, ვფიცავ  ზევსს,  კამპანიის ქალაქთა დამორჩილება შეედრება – გამონაკლისი  იქნება  თვითონ  კაპუა27,  რომელიც  კონსულებმა ფულვიუსმა  და  აპიუსმა  ჩამიგდეს  ხელთ.  არაფრით  არ ჩანს, პირდაპირ  ბრძოლაში  ფაბიუსს  მოეპოვებინოს ერთზე  მეტი გამარჯვება, რომელიც  მან პირველი  ტრიუმფის  გამართვით აღნიშნა.  პერიკლემ  კი,   ხმელეთსა  და  ზღვაზე  მტერთა  დაძლევით,  ცხრაგზის  აღმართა  ძლევის ძეგლი.   მაგრამ, ამბობენ, პერიკლეს  საგმირო  საქმეებში  არ მოიპოვება  იმის   ბადალი, ხაც  აღასრულა  ფაბიუსმა  როცა  ჰანიბალს  მინუციუსი გამოსტაცა  ხელიდან  და  რომაელთა  მთელი  ლაშქარი  გადაარჩინა.  ეს  იყო  დიდებული  საგმირო  საქმე,  რომელშიაც  ერთდროულად  გამომჟღავნდა  მამაცობა,  სიბრძნე  და  სიკეთე.  სამაგიეროდ  პერიკლეს  არ  დაუშვია  ისეთი  შეცდომა,  როგორიც ფაბიუსს  მოუვიდა,  როცა  ჰანიბალმა  ძროხების  მეშვეობით მოატყუა.  მაშინ  რომაელების  ბედზე  მტერმა  თვითონ  მოიმწყვდია  თავი  ხეობაში  და  ფაბიუსის  ხელში აღმოჩნდა, მაგრამ ღამით შეუმჩნევლად დაუსხლტა, დღისით კი დაასწრო მოწინააღმდეგეს,  მოხერხებულად  დაესხა  თავს  და  გაანადგურა კიდეც,  თუმცა  ფაბიუსს  ეგონა:  გამარჯვება  მე  დამრჩებაო. 
კარგ  სტრატეგოსს  მართებს,  არა  მარტო  აწმყო  ვითარების   გამოყენება,  არამედ  მომავლის  სწორად  განჭვრეტაც  და ათენელებისათვის  ომი  მართლაც ისე დასრულდა,  როგორც პერიკლე  ჭვრეტდა  წინასწარ  და ვარაუდობდა:  სხვათა  მრავალ საქმეში  ცხვირის  ჩაყოფით  მათ  საკუთარი  ძალები  დაღუპეს. რომაელებმა  კი არ  დაუჯერეს ფაბიუსს, კართაგენელების წინააღმდეგ სციპიონი გაგზავნეს და სრული გამარჯვებაც  მოიპოვეს არა ბედის წყალობით, არამედ წინამძღოლის სიბრძნითა და მამაცობით, რამაც მტრის  წინააღმდეგობა დასძლია. პირველ  შემთხვევაში  სამშობლოს  ბედუკუღმართობამ პერიკლეს სწორი განსჯა   დაადასტურა,  მეორე  შემთხვევაში კი  უმრავლესობის  წარმატებებით  ფაბიუსის  სრული  მცდარობა   გამომჟღავნდა.  ისე  კი,   ერთნაირი  შეცდომაა:  მოულოდნელად  ჩავარდება  სტრატეგოსი  განსაცდელში,  თუ  თავისი  უნდობლობით  ხელიდან გაუშვებს ბედნიერ შემთხვევას, როგორც ჩანს, ერთი რამ – გამოუცდელობა წარმოქმნის მამაცობასაც   და სიმხდალესაც.
აი,   რაც  უნდა  გვეთქვა  საომარი  ხელოვნების  თაობაზე.
3. სახელმწიფო  მოღვაწეობაში  პერიკლეს  ყველაზე  დიდი  ბრალდება  –  ომია,  ამბობენ,  იგი  მისგან  იქნა  წამოწყებული,  რადგან  არაფერი  არ  დაუთმო  ლაკედემონელებსო. მე მგონი,  ფაბიუს  მაქსიმუსიც  არაფერს  დაუთმობდა  კართაგენელებს,  მაგრამ  პირველობისათვის  კი  მამაცურად  ეგებებოდა  საფრთხეს.  ფაბიუსის  კეთილგანწყობილება  და  ლმობიერება  მინუციუსისადმი  ამჟღავნებს  პერიკლეს  სიმკაცრეს კიმონისა  და  თუკიდიდეს  წინააღმდეგ  ბრძოლაში:  ეს  კეთილშობილი  და  არისტოკრატიის  ფენის  ვაჟკაცები  პერიკლემ ოსტრაკისმოსის  წესით  გააძევა.  ძალა და ხელისუფლება  პერიკლეს  მეტი  ჰქონდა,  ვიდრე  ფაბიუსს.  ამის  წყალობით  იგი საშუალებას  არ  აძლევდა  ვინმე  სტრატეგოსს,  თავისი  ავი ზრახვით  ვნება  მიეყენებინა  სახელმწიფოსათვის.  ერთადერთი ტოლმიდე დაუსხლტა ზედამხედეელობიდან და კიდეც დამარცხდა  ბეოტიელთაგან;  სხვები  კი მისი ძალის  სიდიადის წყალობით,  უკლებლივ  იზიარებდნენ  და  ეთანხმებოდნენ,  რასაც  განიზრახავდა.  ფაბიუსი,  მართალია,  ფრთხილი  იყო  და შეცდომებს  გაურბოდა,  მაგრამ  პერიკლეს  ჩამორჩებოდა  იმით, რომ  ვერ ახერხებდა  სხვათა  განრიდებას შეცდომებისაგან.  რომაელებს  არასდროს  არ  დაადგებოდათ  იმდენი  განსაცდელი, ფაბიუსს  რომ  ისეთივე  ძალაუფლება  ჰქონოდა  მათთან,  როგორიც  პერიკლეს  ჰქონდა  ათენელებში.  კეთილშობილური უანგარობა  იყო  პერიკლეს  მხრივ  ის,  რომ  არ  იღებდა  შეთავაზებულ ფულს. ფაბიუსიც უანგარო გახლდათ. მან თავი გამოიჩინა იმ დიდი  დახმარებით,  გაჭირვებულთ  რომ  გაუწია: მან  ხომ  საკუთარი  ფულით  გამოისყიდა  ტყვეები.  ამ  ფულის რაოდენობა  მაინც  და  მაინც  დიდი  არ ყოფილა –  გაღებულმა თანხამ  სულ  ექვსი  ტალანტი  შეადგინა.  პერიკლეს  თავისი  ძალის  წყალობით  შეეძლო  იმდენი  სარგებლობა  ენახა  მოკავშირეთა  და  მეფეთაგან,  რომ  კაცი  ვერ  დათვლიდა,  მაგრამ  იგი ბოლომდე  მოუსყიდავი  და  წმიდათაწმიდა  დარჩა. 
რაც  შეეხება  მშენებლობათა  მოცულობას,  ტაძრებსა და სხვა  ნაგებობებს, რომლებითაც  პერიკლემ  ათენი დაამშვენა, მათთან  შედარების ღირსიც კი არაა ყველაფერი ის, რაც კეისრებამდე  აიგო  რომში.  პერიკლეს  დროს  აღმართულ ნაგებობათა გამორჩეული  და   შეუდარებელი  სიდიადე მათი პირველ  ადგილზე   დაყენების   საწინდარია.
შენიშვნები
1. ლათ. ფოსა „ორმო“, „თხრილი“. პლინიუს უფროსის ახსნით ფაბიუსების გვარი მომდინარეობს  „ცერცვისა“  თუ  „მუხუდოს“  აღმნიშვნელი  სიტყვისაგან:  „ფაბიუსები“ – „ცერცვის  მთესველნი“. 
2. წყაროებით  ცნობილია  ძვ.  წ.  IV  ს-ის  მოღვაწე კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს  რულიანუსი,  რომელმაც  თავი   გამოიჩინა  სამნიტებთან,  ეტრუსკებთან და იტალიის სხვა მკვიდრ ტომებთან ბრძოლაში. მისი  მეტსახელი  მაკსიმუსი ლათ.  ენაში  ზედსართავი სახელის – „დიდის“  აღმატებითი  ხარისხია. 
3. ლათ.  –  „მეჭეჭიანი“. 
4. ძვ. წ. 233    წელს. 
5. ეს   იყო   მეორე  პუნიკური  ომის  დასაწყისი.  კართაგენელებს ამ ომში (218-201) წინამღოლობდა სახელოვანი სარდალი ჰანიბალი (241-183) – ძე ჰამილკარ ბარკასი. ტრებია – ლიგურიის  მდინარე. 
6. ეტრურია –  ბერძნ   ორიგინალში  – ტირენია. 
7. ათასისთავი  –  რომში  სამხედრო   ტრიბუნი. 
8. ტრაზიმენუსი –  ბერძ.  ორიგინალში  – თრასინია – თრასიმენე. 
9. იბერები  – ესპანეთის  მკვიდრნი. 
10. ლიბია –  ჩრდ.  აფრიკა. 
11. ძვ.   წ.   340  წელს,  ლატინებთან  ომის  დროს,  კონსულის  – ტიტუს  მანლიუს  ტორკვატუსის  ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს მისი შვილი, რომელმაც კონსულის განკარგულება  უგულებელყო, ბანაკიდან გავიდა და ორთა ბრძოლაში  გამოწვეული  მტერი  მოკლა.
12. ძვ. წ. 216  წელს  აპულიაში  დაბა  კანესთან ჰანიბალმა  სასტიკად  დაამარცხეს   რომაელები. 
13.  ნუმიდიელები – ჰანიბალის   ცხენოსნები. 
14.  ლათ. – პატრონი,  ქომაგი,  მფარველი. 
15.  მარკუს  ემილუს  პავლუსი  –  კონსული,  ძვ.   წ.    216  წელს კანესთან   ბრძოლაში   მოკლული. 
16. ტიტუს  ლივიუსის  გადმოცემით, ეს სიტყვები კანესთან  ბრძოლის  შემდეგ წარმოუთქვამს  ჰანიბალის  სარდალს  მაჰარბალს  (ტ.   ლივიუსი,   XXII,  51). 
17. ვესტა  –  ოჯაის   მფარველი   კერის   ღვთაება, 
18. პოსიდონიოსი  –  ახ.  წ.  II-I.  სს-ის  ფილოსოფოსი  და  ისტორიკოსი; პოლიბიოსის საისტორიო თხზულების გამგრძელებელი. 
19. ძვ. წ. 208 წელს. 
20. მეტაპონტუმი  (მეტაპონტიონი)  –  ქალაქი  სამხრ.  იტალიაში  ტარენტის   უბესთან. 
21.   ტარენტი  ჰანიბალმა  აიღო  ძვ.   წ.    212  წელს,  ფაბიუსმა   დაიბრუნა ძვ.  წ.  209   წელს. 
22.    ამ     ფაბიუსის   შესახებ   იხ.    ზემოთ  შენ. 2. 
23.  ძვ.   წ.   207  წელს. 
24. ლიბია  –  იხ. შენ   10. 
25. ფაბიუსს  სწორედ  ზანტი  მოქმედებისათვის  შეარქვეს    კუნქტატორის   (ფაბიუს  კვინტუს   მაქსიმუს  კუნქტატორი)  –  „დამყოვნებელის“ ანუ    „ანჯალის“ სახელი. 
26. ეპამინონდა  –  ძვ. წ.    V-IV  სს   მოღვაწე,  თებელი  სარდალი.
27. კაპუა – კამპანიის მხარის ცენტრალური ქალაქი.


Комментариев нет:

Отправить комментарий