1. ლუკულუსის1 პაპა კონსულად ნამყოფი კაცი გახლდათ, ხოლო დედის მხრივ მისი ბიძა იყო მეტელუსი, რომელსაც მეტსახელად ნუმიდიელს ეძახდნენ. რაც შეეხება მის მშობლებს, მამამისი თავის დროზე ამხილეს, როგორც სახელმწიფო ქონების გამფლანგველი, დედას – ცეცილიას კი აღვირახსნილი ცხოვრების გამო სახელი ჰქონდა გატეხილი.
ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ლუკულუსმა, სანამ რაიმე თანამდებობის აღსრულებას შეუდგებოდა და სახელმწიფო საქმეებში ჩაებმებოდა, უპირველეს მიზნად დაისახა, საჯარო სამართალში მიეცა მამამისის ბრალმდებელი, მისანი სერვილიუსი, როგორც ბოროტმოქმედი. ეს ფრიად ბრწყინვალე საქმედ მიიჩნიეს რომაელებმა; სერვილიუსის გასამართლების ამბავი, როგორც დიდი მიღწევა, ყველას პირზე ეკერა. რომაელებს, საერთოდ, უღირს საქციელად როდი მიაჩნდათ, თუნდაც საბაბის გარეშე ვისმე წინააღმდეგ ბრალდებით გამოსვლა. პირიქით, მათთვის დიდი სიამოვნება იყო, ეცქირათ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ისე მიესეოდნენ დანაშაულის ჩამდენთ, ვით ჯიშიანი ლეკვები ნადირს.
სერვილიუსის გასამართლების დროს მხარეთა შორის საშინელი დავა ატყდა; რამდენიმე კაცი დაჭრეს, ზოგი მოკლეს. ბოლოს და ბოლოს სერვილიუსი გაამართლეს.
ლუკულუსი შესანიშნავად იყო გაწაფული ორსავე ენაში და ჩინებულადაც ლაპარაკობდა2, ამიტომ სულამ საკუთარი ხელით დაწერილი თავის საქმეთა აღწერილობა უძღვნა, როგორც ისეთ კაცს, რომელიც გაცილებით უკეთ შეძლებდა მის მოწესრიგებასა და დალაგებას3.
მისი მჭევრმეტყველება უბრალო და გაცვეთილი როდი იყო. ლუკულუსის სიტყვა სრულიადაც არ ჰგავდა ზოგიერთი მჭევრმეტყველის იმ სიტყვას, რომელიც, მართალია, ფორუმს აღელვებს, ვით ზღვის ზედაპირს ვეება და მოქნილი თევზი, მაგრამ ფორუმს გარეშე ხდება უნიჭო, უსიცოცხლო, სულ გამომშრალი.
სილამაზის სიყვარულით ლუკულუსმა სიყმაწვილეში ეგრეთ წოდებული თავისუფალი და ყოველმხრივი განათლება მიიღო. უფრო გვიან, უკვე სიბერის ჟამს, მრავალი ბრძოლით დაქანცულმა ჭკუა გონებას საზრდო მისცა იმით, რომ ფილოსოფიას მოჰკიდა ხელი. ამან ახალი ძალა შემატა მოვლენათა აღქმის უნარში და ამავე დროს პომპეუსთან უთანხმოების შედეგად წარმოშობილ მის მედიდურობას ფრთა შეაკვეცა.
მის განსწავლულობაზე, გარდა ზემო თქმულისა, გადმოგვცემენ შემდეგ ამბავსაც: ერთხელ თურმე ახალგაზრდობაში ჯერ ხუმრობით, მერმე კი მთელი სიდინჯით შეუთანხმდა ვექილ ჰორტენზიუსსა და ისტორიკოს სიზენას4, რომ მათი თხოვნით შეადგენდა მარსების ომის აღწერილობას ლექსად ბერძნულ ან ლათინურ ენაზე, იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდებოდა კენჭისყრით. როგორც ჩანს, ლუკულუსს წილად ხვდა შეედგინა ეს აღწერილობა ბერძნულ ენაზე. მართლაც, დღემდე შემონახულია მარსების ომის ისტორია ბერძნულად5.
იმ მრავალ ღირსსახსოვარ შემთხვევათაგან, რომლებიც ადასტურებენ, თუ როგორ უყვარდა ლუკულუსს თავისი ძმა მარკუსი, რომაელები, უწინარეს ყოვლისა, იხსენებენ ხოლმე შემდეგს: ლუკულუსი უფროსი იყო; მაგრამ არ მოინდომა ძმის გარეშე მიეღო რაიმე თანამდებობა და დაიცადა, ვინემ ძმაც კანონით გათვალისწინებულ ასაკს არ მიაღწევდა. ლუკულუსის კეთილშობილური საქციელით ისე კმაყოფილი დარჩა ხალხი, რომ იგი ძმასთან ერთად დაუსწრებლად აირჩიეს ედილის თანამდებობაზე6.
2. მარსების ომში ახალგახრდა ლუკულუსმა სიმამაცისა და ღრმა მოსაზრების მრავალი მაგალითი გამოიჩინა. მაგრამ ყველაზე მეტად სულამ სიმტკიცისა და უბოროტო ხასიათისათვის შეიყვარა. სულა მას თავიდანვე დიდმნიშვნელოვან საქმეთა შემსრულებლად იყენებდა. მათ შორის აღსანიშნავია ფულის მოჭრის საქმე. ფულის უდიდესი ნაწილი მითრიდატესთან წარმოებული ომის დროს პელოპონესში სწორედ ლუკულუსის თაოსნობით მოჭრეს. ამ ფულს მის პატივსაცემად „ლუკულუსის ფული“ ეწოდა. მას საკმაოდ დიდხანს ხმარობდნენ და სწრაფადაც ბრუნავდა, ვინაიდან სამხედრო ხარჯები ამ ფულით იფარებოდა.
იმ დროს, როდესაც ათენის აღების წყალობით სულა ხმელეთზე მბრძანებლობდა, ზღვაზე ბატონობა მთლიანად მტრის ხელთ იყო. მტერმა7 სულას ზღვიდან სურსათის მოსაზიდი გზა გადაუჭრა. ამიტომ სულამ ლუკულუსი ეგვიპტესა და ლიბიაში გაგზავნა, რათა იქიდან ხომალდები ჩამოეყვანა.
შუა ზამთარი იყო. სამი ბერძნული ხომალდითა და ამდენივე როდოსული დიკროტოსით8 ლუკულუსი ღია ზღვაში გავიდა. იგი დიდი წვალებით დაუსხლტა მტრის ურიცხვ ხომალდებს, რომლებიც ყოველი მხრივ სერავდნენ ზღვას და, რაღა თქმა უნდა, ლუკულუსს საფრთხეს უქმნიდნენ. მიუხედავად ამისა, იგი კრეტას მიადგა და ეს კუნძული თავის მხარეზე გადაიბირა.
კვირენეში9 რომ მივიდა, ლუკულუსმა იქაური მცხოვრებლები ტირანთა ძალმომრეობისა და შეუწყვეტელი ომების გამო ფრიად აღელვებული იხილა. კვირენელები მან დააშოშმინა და სახელმწიფო წყობილება დაუდგინა. აქ ლუკულუსმა მოქალაქეებს გაახსენა პლატონის ნაწინასწარმეტყველები კვირენელთა მიმართ. კვირენელებმა თურმე პლატონს სთხოვეს, მათთვის კანონები შეედგინა და ხალხი სანიმუშო სახელმწიფოებრივი წყობილების გზაზე დაეყენებინა. პლატონმა უპასუხა: კვირენელებისათვის, რომლებიც ეგზომ ბედნიერ ყოფაში არიან, კანონების შედგენა ადვილი საქმე არ არისო. მართლაც, არაფერია ისე ძნელი, როგორც იმ ადამიანის დამორჩილება, რომელიც თავს ბედნიერად თვლის, და არაფერია იმაზე ადვილი, როგორც ბედისგან დაჩაგრულ კაცზე ბატონობა.
აი, ამიტომ იყო, რომ კვირენელები ხალისით დაემორჩილნენ მაშინ ლუკულუსის მიერ შედგენილ კანონებს.
კვირენედან ლუკულუსი ეგვიპტეში გაემართა. გზაზე მას თავს დაესხნენ მეკობრეები და ხომალდთა დიდი ნაწილი დაკარგა. თვითონ გადარჩა და დიდი ზეიმით შევიდა ალექსანდრიაში. აქ მას შემოეგება ეგვიპტის საგანგებოდ მორთული მთელი ფლოტი, როგორც ეს ჩვეულებრივ ზღვაში გასული მეფის დაბრუნების დროს ხდებოდა ხოლმე. ჭაბუკმა პტოლემეოსმა არაჩვეულებრივი თავაზიანობა გამოიჩინა ლუკულუსის მიმართ. მიუჩინა მოსასვენებელი ბინა სასახლეში და საზრდოც დაუნიშნა, ერთი სიტყვით, ასეთი რამ არც ერთ უცხოელ სარდალს არ ღირსებია მანამდე იქ. ლუკულუსისა და მისი ამალის შესანახავად გაღებული ხარჯი ოთხჯერ აღემატებოდა იმას, რასაც მეფე, ჩვეულებრივ, სხვებს უნიშნავდა. მაგრამ ლუკულუსი არაფერს იღებდა იმაზე მეტს, რაც მისთვის აუცილებელი იყო. ის კი არა, მეფის მიერ გამოგზავნილი საჩუქარიც არ აილო, თუმცაღა ეს საჩუქარი ოთხმოცი ტალანტის ფასისა გახლდათ.
ამბობენ, ლუკულუსმა არ მოინდომა არც მემფისში წასვლა და არც ეგვიპტის დიდებული და სახელგანთქმული ძეგლების ხილვაო. მას უთქვამს: „ამ სანახაობათა დათვალიერება მოცლილი და განებივრებული კაცის საქმეა და არა იმის, ვინც ჩემსავით მტრის სიმაგრეთა მახლობლად ღია ცის ქვეშ დაბანაკებული დატოვა თავისი იმპერატორიო“.
3. პტოლემეოსმა მითრიდატეს შიშით რომაელთა მოკავშირეობაზე უარი თქვა, მაგრამ ლუკულუსს მისცა საბადრაგო ხომალდები, რომლებიც კიპროსამდე გააცილებდნენ. გამგზავრების დროს პტოლემეოსი დიდი თავაზით გამოეთხოვა ლუკულუსს და საჩუქრად ოქროს ბუდეში ჩასმული ძვირფასი ზურმუხტი უბოძა. ლუკულუსს ჯერ არ უნდოდა, საჩუქრის აღება, მაგრამ როცა უჩვენეს, მასზე მეფის სახე იყო ამოკვეთილი, საბოლოო უარის თქმა ვეღარ გაბედა. შეეშინდა, მეფემ არ იფიქროს მტრული განწყობილებით ვტოვებდე აქაურობას და ზღვაზე მგზავრობის დროს ხიფათი არ შემამთხვიოსო.
გზადაგზა ლუკულუსმა მრავალი ხომალდი მოაგროვა. ზღვისპირა ქალაქებში. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ის ქალაქები, რომლებიც მონაწილეობდნენ მეკობრეთა ავაზაკურ საქმიანობაში. ამგვარად მოპოვებული ხომალდებით იგი მიადგა კიპროსს. აქ შეიტყო, რომ მტრის ხომალდები ჩასაფრებული იყვნენ კონცხებთან და უთვალთვალებდნენ. ლუკულუსმა ყველა თავისი ხომალდი ხმელეთზე ამოათრევინა, მეხობლად მდებარე ქალაქებს კი გამოსაზამთრებლად ვარგისი ბინების მომზადებისა და სურსათის მომარაგების თაობაზე მისწერა, თითქოს განზრახული ჰქონდა, აქ დალოდებოდა გაზაფხულს. მაგრამ დადგა თუ არა გასვლისთვის ხელსაყრელი ამინდი, მყისვე ჩაუშვა ხომალდები წყალში და კიპროსიდან გავიდა. დღისით დაშვებული, ხოლო ღამით გამლილი იალქნებით მიცურავდა იგი ზღვაზე და ბოლოს მშვიდობიანად მიაღწია როდოსს.
როდოსელებმა ლუკულუსს ბევრი ხომალდი უძღვნეს, რაც შეეხება კოსელებსა და კნიდოსელებს, ისინი დაარწმუნა, განდგომოდნენ მეფეს და მასთან ერთად გაელაშქრათ სამოსელთა წინააღმდეგ10. პირადად ლუკულუსმა ქიოსიდან განდევნა მეფის ჯარები, გაათა- ვისუფლა კოლოფონელები და მათი ტირანი ეპიგონე შეიპყრო.
სწორედ ამ დროს მითრიდატემ მიატოვა პერგამოსი და პიტანეში ჩაიკეტა11. აქ მას ხელეთიდან ალყა შემოარტყა ფიმბრიამ12. მითრიდატემ თვალები საშველად მხოლოდ ზღვას მიაპყრო. რაკი მამაცსა და გამარჯვებულ ფიმბრიასთან შებრძოლებას ვეღარ ბედავდა, ყოველმხრივ გაფანტულ ფლოტს თავი მოუყარა და თავისკენ გაიწვია. ფიმბრია ამას ხედავდა, მაგრამ საზღვაო ძალები არ გააჩნდა. ამიტომ ლუკულუსს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მოსულიყო თავისი ფლოტით, რათა შეერთებული ძალებით მოესპოთ მითრიდატე, ყველაზე უფრო მძვინვარე და საშიში მტერი მეფეთა შორის, და მრავალი ბრძოლისა და ტანჯვის ფასად დევნილი ეს სანუკვარი ნადავლი ხელიდან არ დასხლტომოდათ რომაელებს: მით უმეტეს, იგი ასე ახლოა თავდასხმისათვის და უკვე გაბმულია მახეშიო. თუ იგი დაიჭირეს, არავის ექნება ისეთი დიდი სახელი, როგორც მას, ვინც მითრიდატეს გაქცევაში ხელი შეუშალა და რომელმაც იგი შეიპყრო იმ დროს, როცა თავის დახსნას აპირებდაო. ფიმბრია ლუკულუსს სწერდა: ჩვენ ორივენი გავიყოფთ გამარჯვებით მოპოვებულ სახელს, თუ მითრიდატეს მე ხმელეთიდან უკუვაგდებ, შენ კი ზღვიდან გადაუჭრი უკან დასახევ გზას; რომაელები მაშინ აღარაფრად ჩათვლიან ორქომენსა და ქერონეასთან სულას მიერ მოპოვებულ სახელგანთქმულ გამარჯვებებსო.
ფიმბრიას სიტყვებში გადაჭარბებული არა იყო რა. ყველასათვის აშკარა გახლდათ, საკმაოდ ახლო მანძილზე მყოფ ლუკულუსს რომ ფიმბრიასათვის დაეჯერებინა, ხომალდები აქ მოეყვანა და თავისი ფლოტით ნავსადგური ჩაეკეტა, ომი დამთავრდებოდა და მთელი ქვეყანა მრავალ უბედურებას აიცილებდა თავიდან. მაგრამ ლუკულუსი ალბათ უფრო მეტი მოწიწებით ეკიდებოდა სულას დავალებას, ვიდრე საკუთარსა და საზოგადო სურვილებს, ან შეიძლება ეზიზღებოდა უწმინდური ფიმბრია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თანამდებობის გულისათვის მოკლა თავისი მეგობარი და სარდალი13; ან კიდევ შესაძლებელია, ლუკულუსმა განგების ძალის თანახმად დაზოგა მითრიდატე, ვით მისი მომავალი მოწინააღმდეგე და ფიმბრიას თხოვნა არ შეისმინა. ამით მან საშუალება მისცა მითრიდატეს, პიტანედან ზღვაში გასულიყო და დამცინავი ღიმილით აევლო გვერდი ფიმბრიას მხედრობისათვის.
უწინარეს ყოვლისა, ლუკულუსმა თვითონ გაანადგურა მეფის ის ხომალდები, რომლებიც ტროადის კონცხ ლეკტონთან შემოხვდა. ცოტა ხნის შემდეგ კი შენიშნა, ტენედოსთან14 ღუზაზე იდგა ნეოპტოლემე15 გაცილებით უფრო დიდი ფლოტით. ლუკულუსი ყველაზე ადრე დაიძრა მის წინააღმდეგ ხუთ რიგზე გამწკრივებული ხოფებიანი როდოსული ხომალდით, რომელსაც რომაელთა ერთგული და საზღვაო ბრძოლაში ფრიად გამოცდილი დამაგორა მესაჭეობდა. ნეოპტოლემე ელვისებური სისწრაფით გაეშურა ლუკულუსთან შესახვედრად და მესაჭეს უბრძანა, ცხვირით დატაკებოდა მტრის ხომალდს. დამაგორას შეეშინდა სამეფო ხომალდის სიმძიმისა და ცხვირის ძალისა და მასთან ბრძოლაში პირისპირ შებმა ვერ გაბედა; მან სწრაფად მიაბრუნებინა ხომალდი გვერდზე და კიჩო, რაც კი შესაძლებელი იყო, დაბლა დაახრევინა. ამგვარად გადახრილ ხომალდს მტრის ხომალდის ცხვირის დარტყმით ოდნავი ზიანიც არ მოსვლია, ვინაიდან ეს დარტყმა მხოლოდ ხომალდის წყალში ჩაშვებულ ნაწილზე მოხდა. ამასობაში ლუკულუსს მოკავშირეთა ხომალდებმაც მოუსწრეს. მან ბრძანა, მისი ხომალდი ისევ მოებრუნებინათ ცხვირით წინ. მრავალი გმირობის ჩადენის შემდეგ მტერი უკუაქცია და ნეოპტოლემეს დაედევნა.
4. ამის შემდეგ ლუკულუსი შეუერთდა სულას, რომელიც ხერონესოსთან16 იდგა და მცირე აზიაში გადასვლას ლამობდა. ლუკულუსმა მისი გადასვლა საფრთხისაგან დაიცვა და მხედრობაც გადააყვანინა.
მალე ზავიც შეიკრა17. მითრიდატემ თავისი ფლოტით ევქსინის პონტოს18 სანაპიროებისაკენ დაიხია. აზიას სულამ ოცი ათასი ტალანტის ხარკი დაადო და ლუკულუსს დაავალა, ეს თანხა აეკრიფა და იმით რომაული ფული მოეჭრა. სულას სასტიკი მოქმედების შემდეგ ლუკულუსი ერთგვარი ნუგეში იყო აზიის ქალაქებისათვის. ასეთი მძიმე და უწყალო დავალების აღსრულებისას იგი ცდილობდა, სამართლიანი ყოფილიყო და ლმობიერადაც იქცეოდა.
მას, მაგალითად, უნდოდა მიტილენელები, რომლებიც აშკარად აუჯანყდნენ სულას, გონს მოსულიყვნენ და იმ შეცოდებისათვის, რაც მარიუსის მიმხრობით ჩაიდინეს, მაინცდამაინც სასტიკად არ დასჯილიყვნენ19. მაგრამ როცა დაინახა, მიტილენელები ჯიუტობდნენ, თავისი ფლოტით მათ წინააღმდეგ დაიძრა, დაამარცხა ისინი საზღვაო ბრძოლაში, ჩაკეტა ქალაქის კედლებში და ალყა შემოარტყა. მერმე კი, დღის სინათლეზე, სრულიად აშკარად, ღუზა აუშვა და ელეასაკენ20 გაემართა; მაგრამ სულ მალე შეუმჩნევლად დაბრუნდა უკან და ქალაქის მახლობლად ჩასაფრდა. მიტილენელები იმ განზრახვით, რომაელების მიერ ვითომც მიტოვებული ბანაკი რომ დაერბიათ, უწესრიგოდ, გაბედულად გამოცვივდნენ ქალაქიდან. ლუკულუსი მყისვე დაესხა მათ თავს; ბევრი მათგანი დაატყვევა, ხოლო ხუთასი კაცი იმ მიტილენელთა შორის, რომლებიც თავს მედგრად იცავდნენ, სიცოცხლეს გამოასალმა. სულ ამ ბრძოლაში ექვსი ათასი მონა ჩაიგდო ხელთ და სხვა უთვალავი ნადავლიც წამოიღო.
ლუკულუსს რაღაც ზეციური განგების ძალით მცირეოდენი წილიც კი არ ედო იმ მრავალგვარ უბედურებაში, რაც სულამ და მარიუსმა იტალიის ხალხებს დაატეხეს თავს, ვინაიდან იგი ხანგრძლივად იმყოფებოდა აზიაში და იქაური ამბებით იყო გართული. მიუხედავად ამისა, სულა მას თავის სხვა მეგობრებზე ნაკლებ პატივს როდი სცემდა. ის კი არა, როგორც ზემოთაც ვთქვით, მისდამი სიყვარულის აღსანიშნავად, საკუთარ მოგონებათა კრებული გადასცა, ხოლო როცა კვდებოდა, პომპეუსს გვერდი აუარა და შვილის მეურვედ დანიშნა.
როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო პირველი მიზეზი ლუკულუსსა და პომპეუსს შორის არსებული მეტოქეობისა და შურისა. ისინი მაშინ ახალგაზრდები იყვნენ და სახელის მოხვეჭის ცეცხლით იწვოდნენ.
5. სულას სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ, დაახლოებით ასსამოცდამეთექვსმეტე ოლიმპიადაში21, ლუკულუსმა მარკუსს კოტასთან ერთად კონსულობა მიიღო. რომაელთა უმრავლესობა ამ დროს მითრიდატესთან ომის განახლებას მოითხოვდა. თვითონ მარკუსიც ამბობდა: ეს ომი კი არ დამთავრებულა, მხოლოდ მცირე ხნით შეწყდაო. ლუკულუსი, რაკი საგამგებლოდ ალპებსამიერი გალია ხვდა წილად, საკმაოდ ნაწყენი იყო; დიად საქმეთა შესასრულებლად აქ ნიადაგი არ გააჩნდა. ყველაზე უფრო მეტად ლუკულუსს მაინც პომპეუსი და მის მიერ ესპანეთში მოპოვებული გამარჯვებები აღი– ზიანებდა. ადვილი მოსალოდნელი იყო, თუკი პომპეუსი ესპანეთში ომის დამთავრებას მოახერხებდა, მყისვე აირჩევდნენ მთავარსარდლად მითრიდატეს წინააღმდეგ. აი, ამიტომ, როცა პომპეუსი ფულს თხოულობდა და წერილით იმუქრებოდა: თუ არ გამომიგზავნით, ესპანეთსა და სერტორიუსს22 სულ დავანებებ თავს და მხედრობას იტალიისკენ დავძრავო, ლუკულუსი მეტისმეტად გულმოდგინედ ცდილობდა, გაეგზავნა ფული და არ მიეცა მისთვის ოდნავი საბაბი, რათა უკან დაბრუნებულიყო მისი კონსულობის ვადის განმავ– ლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი რომი მრავალრიცხოვანი მხედრობის წინამძღოლის მორჩილებაში აღმოჩნდებოდა.
გარდა ამისა, ლუკულუსს ქალაქშიც ჰყავდა მტერი. ეს იყო ცეთეგუსი, რომელიც სახელმწიფოში დიდი გავლენით სარგებლობდაიმის წყალობით, რომ ყოველნაირად, სიტყვით თუ საქმით, ხალხის გულის მოგებას ცდილობდა. ლუკულუსი ზიზღის თვალით უყურებ- და გარყვნილ, თავხედსა და უამრავი ცოდვით აღსავსე ცეთეგუსს და აშკარა ომს უცხადებდა. მეორე დემაგოგი ლუციუს კვინკციუსი სულას მიერ დაწესებული მმართველობის წინააღმდეგ აღდგა და არსებული წყობილების დამხობას შეეცადა23. ლუკულუსმა პირადი შეგონებით, თუ საჯარო გაკიცხვით ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა, მის პატივმოყვარეობას ფრთა შეაკვეცა და, როგორც კი შეეძლო, ბრძნულად და სახელმწიფოსათვის საკეთილდღეოდ დიდი ჭირი ძირშივე მოსპო.
6. ამასობაში კილიკიის მმართველის ოქტავიუსის სიკვდილის ცნობა მოვიდა. რომში მრავალს აღეძრა სურვილი, უმმართველოდ დარჩენილი მხარე საგამგებლოდ მიეღოთ. ისინი, ვინც ამისაკენ მიისწრაფოდნენ, ფეხქვეშ ეგებოდნენ ცეთეგუსს, ვითარცა ყოვლისშემძლე კაცს, რომელსაც ამ საქმის მოგვარება შეეძლო. საკუთრივ კილიკიას ლუკულუსი დიდ რამედ არა თვლიდა, მაგრამ ფიქრობდა, თუ იგი კაპადოკიასთან მახლობლად მდებარე ამ მხარეს საგამგებლოდ მიიღებდა, მითრიდატეს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, მის გარდა, სხვას არავის გაგზავნიდნენ სარდლად. ამიტომ ყოველმხრივ ეცადა, კილიკიის მხარე სხვისთვის არ დაეთმო. ბოლოს და ბოლოს, ლუკულუსი, მისი ბუნების წინააღმდეგ, იძულებული გახდა, ისეთ გზას დასდგომოდა, რომელიც არ იყო საკადრისი და საქები, მაგრამ მიზნის მისაღწევად კი სასარგებლო ჩანდა.
იმ დროს რომში ცხოვრობდა ვინმე პრეცია, რომელსაც სილამაზისა და სითამამის წყალობით სახელი ჰქონდა განთქმული ქალაქში. ეს, პრეცია სხვა მეძავი ქალებისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ ხშირად თავისი საყვარლების დახმარებით მეგობრებს მისწრაფებების აღსრულებასა და თანამდებობის მიღებაში შველოდა. ამიტომ სხვა მშვენიერებასთან ერთად თავი ისახელა, როგორც მეგობრის მოყვარულმა და საქმიანმა ქალმა. ასეთი მოქმედებით პრეციამ მეტად დიდი გავლენა მოიპოვა. როცა მან იმხანად დიდი სახელის მქონე და ქალაქის სადავეების მპყრობელი ცეთეგუსი მოხიბლა და მისი ხასა გახდა, სახელმწიფოს მთელი ძლიერება თანდათანობით მის ხელში გადავიდა. არაფერი არ კეთდებოდა აქ ცეთეგუსის ჩაურევლად, ცეთეგუსი კი არაფერს აკეთებდა პრეციას ბრძანების გარეშე.
და აი, ლუკულუსმა საჩუქრებითა და პირფერობით პრეციას გული მოიგო (ამ ამაყსა და მედიდურ ქალს ლუკულუსისათვის დახმარების გაწევა სასახელო საქმედ მიაჩნდა). ამის შემდეგ ცეთეგუსმა მაშინვე დაიწყო ლუკულუსის ქება-დიდება და მისთვის კილიკია გამოითხოვა.
მიიღო თუ არა კილიკია საგამგებლოდ, არც პრეციასა და არც ცეთეგუსის დახმარება ლუკულუსს აღარ დასჭირვებია; მითრიდატესთან ომის წარმოება ყველამ ერთხმად მიანდო, როგორც ისეთ სარდალს, რომელიც სხვაზე გაცილებით უკეთესად შეძლებდა ამ ომის დამთავრებას. პომპეუსი ამ დროს ჯერ კიდევ სერტორიუსთან ბრძოლით იყო გართული, ხოლო მეტელუსი24 სიბერის გამო სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებდა; ლუკულუსისათვის მეტოქეობის გაწევა კი მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ კაცს შეეძლო.
ლუკულუსის თანაკონსული კოტა, დიდი ხნის დაჟინებითი თხოვნის შემდეგ, სენატმა ხომალდთა კრებულით გაგზავნა პროპონტიდის დასაცავად „და ბითვინიისათვის საბრძოლველად25.
7. ლუკულუსი ერთი ლეგიონის თანხლებით, რომელიც თვითონ შეადგინა იტალიაში, მცირე აზიაში გადავიდა. აქ დანარჩენი ძალებიც შემოიკრიბა, მაგრამ მთელი აქაური მხედრობა ნებიერი ცხოვრებისა და ვერცხლისმოყვარეობის წყალობით უკვე ხელიდან წასული იყო. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ამ მხრივ ეგრეთ წოდებული ფიმბრიანელები, რომლებიც ისე შეთვისებოდნენ ანარქიას, რომ მათი დამორჩილება შეუძლებელი იყო. სწორედ ესენი იყვნენ, ფიმბრიას თაოსნობით რომ კონსული და საკუთარი სარდალი ფლაკუსი მოკლეს და მერმე ფიმბრიასაც უღალატეს და სულას გადასცეს. ამ თავხედ ფიმბრიანელებს კანონები არაფრად მიაჩნდათ, სამაგიეროდ, მეტისმეტად მამაცნი, გაჭირვების ამტანნი და ომში გამოცდილნი იყვნენ. ლუკულუსმა სულ მოკლე ხანში ამათ თავხედობასაც შეაკვეცა ფრთა და სხვებიც აიძულა, დამორჩილებოდნენ მის მბრძანებლობას, მათ მაშინ პირველად იწვნიეს ალბათ, თუ რას ნიშნავდა ნამდვილი მმართველი და მხედართმთავარი, მანამდე კი თავზე ხელის სმას იყვნენ დაჩვეულნი, და სურვილისდა მიხედვით, მიდიოდნენ ხოლმე სალაშქროდ.
რაც შეეხება მტერს, მისი საქმე ასე იყო: მითრიდატე, როგორც ეს სოფისტებს სჩვევიათ ხოლმე, თავდაპირველად დიდი გოროზობითა და მედიდურობით აღდგა რომაელთა წინააღმდეგ და გარეგნულად ბრწყინვალე და სანაქებო, სინამდვილეში კი სრულიად გამოფიტული მხედრობა დაუპირისპირა. მაშინ იგი სასაცილოდ დამარცხდა. სამაგიეროდ, ჭკუა ისწავლა და, როცა რომაელებთან მეორე ომის გადახდა დასჭირდა, თავისი ძალების მართლაც ნამდვილ და საქმიან მომზადებას შეუდგა. მან თავიდან მოიცილა მეტისმეტად ჭრელი ლაშქარი, მრავალ ენაზე მეტყველი საშიში ბარბაროსებისაგან რომ შედგებოდა, და აკრძალა ოქროთი და ძვირფასი თვლებით იარაღის შემკობა, ვინაიდან ასეთი იარაღი გამარჯვებული მტრისათვის სანუკვარი ნადავლი იქნებოდა, პატრონს კი არავითარ სარგებლობას არ მოუტანდა. ასეთი იარაღის სანაცვლოდ, მითრიდატემ რომაული ყაიდის ხმლები გამოაჭედინა და მძიმე ფარებიც დაამზადებინა. მერმე თავი მოუყარა ცხენებს, რომლებიც გაწვრთნილი უფრო იყვნენ, ვიდრე მოსართავებით შემკულნი. ფეხზე დააყენა რომაულ საბრძოლო წყობას შეთვისებული ას ოცი თაასი მეომრისაგან შემდგარი ქვეითი ჯარი და გარდა ასი ოთხცხენიანი საომარი ეტლისა, რომელთა თვლებზეც ბასრი ცელები იყო დამაგრებული, თექვსმეტი ათასი ცხენოსანიც მოაგროვა. საბრძოლველად მოამზადა მითრიდატემ ხომალდებიც. მათზე უკვე აღარ იყო ოქროთი გადახურული კარვები, ხასებისათვის განკუთვნილი სააბაზანოები და მდიდრული სამეფო ჰარამხანები. თავისი ფლოტი მითრიდატემ ახლა იარაღით, ისრებითა და ფულით აავსო.
ამის შემდეგ იგი ბითვინიაში შეიჭრა. აქაური ქალაქები სიხარულით ეგებებოდნენ. არა მარტო ბითვინიას, არამედ მთელ აზიას მოდებოდა ძველი სენი. იგი მზად იყო განდგომოდა რომს, ვინაიდან რომაელი მევახშეები და გადასახადების ამკრეფნი მეტისმეტად ტანჯავდნენ. უფრო გვიან ლუკულუსმა ეს ჰაპიები26, აზიის მოსახლეობას რომ საზრდოს სტაცებდნენ, აქედან გააძევა; პირველ ხანებში კი რჩევა-დარიგებებს აძლევდა, ცდილობდა ზომიერების დაცვა ესწავლებინა მათთვის და ამის, წყალობით ერთგვარად შეაჩერა კიდეც ჩამოცილება ზოგიერთი ტომისა, რომელთაგანაც, კაცმა რომ თქვას, არც ერთი არ იყო მშვიდად.
8. იმ დროს, როცა ლუკულუსი ზემოაღნიშნული საქმეებით იყო გართული, კოტა, რომელსაც ეგონა, ამისათვის მარჯვე დრო დამიდგაო, მითრიდატესთან საბრძოლველად ემზადებოდა. მას ყოველი მხრიდან ატყობინებდნენ: ლუკულუსი მოახლოვდა და უკვე ფრიგიაში არის დაბანაკებულიო. კოტა ფიქრობდა, გამარჯვების ტრიუმფი თითქმის ჩემ ხელთ არისო. რომ ამ ტრიუმფში ლუკულუსსაც არ დაედო თავისი წილი, ბრძოლის დაწყება მეტისმეტად იჩქარა, მაგრამ ხმელეთსა და ზღვაზე ერთდროულად დამარცხდა. დაკარგა სამოცი ხომალდი თავისი შემადგენლობით და ოთხი ათასი ქვეითი მეომარი, თვითონ კი ჩაკეტეს და ალყა შემოარტყეს ქალკედონში27, დამარცხებული კოტა ლუკულუსს მისჩერებოდა: არიქა, მიშველეო.
იყვნენ ისეთები, რომლებიც ლუკულუსს ურჩევდნენ, ბედის ანაბარა მიეტოვებინა კოტა, წინ წასულიყო და მითრიდატეს სამეფო აეღო. ისინი არწმუნებდნენ: ამ სამეფოს დამცველი არა ჰყავსო. ასეთ რჩევას უპირატესად იძლეოდნენ ჯარისკაცები, რომლებიც გამწყრალნი იყვნენ კოტაზე. მათი აზრით, კოტამ თავისი რეგვენობით არა მარტო საკუთარი თავი და მეომრები დაღუპა, არამედ მათაც შეუშალა ხელი, რადგან შეეძლოთ ყოველგვარი ბრძოლის გარეშე მოეპოვებინათ გამარჯვება. ამ ჯარისკაცებს ლუკულუსმა თავის სიტყვაში ასე უპასუხა: მტრის მთელი ავლა დიდების ხელში ჩაგდებას მოწინააღმდეგისაგან ერთი რომაელის დახსნა მირჩევნიაო.
მითრიდატეს ყოფილი სარდალი ბეოტიაში, არქელაე, რომელიც მეფეს განუდგა და რომაელებთან ერთად ლაშქრობდა, ლუკულუსს უმტკიცებდა: „მარტო შენი გამოჩენაა საკმარისი პონტოში, რომ იქაურობის სრული მბრძანებელი გახდეო“. არა, – უთხრა მას ლუ კულუსმა, – მონადირეებზე მხდალი როდი ვარ, ჯერ ნადირს გავერიდო და მერმე მის ცარიელ ბუნაგში შევიჭრეო“.
თქვა თუ არა ეს, ოცდაათი ათასი ქვეითი მეომრით და ორი ათას ხუთასი ცხენოსნით მითრიდატეს წინააღმდეგ დაიძრა. როცა იგი მტრის პირისპირ დადგა, მოწინააღმდეგის ძალთა სიმრავლემ საკმაოდ შეაძრწუნა, ამიტომ გადაწყვიტა, ბრძოლა გადაედო და დრო გაეჭიანურებინა. მაგრამ მას შემოეგება სარდალი მარიუსი28, რომელიც ესპანეთიდან მაშველი ძალებით სერტორიუსმა გამოუგზავნა მითრიდატეს. მარიუსმა ლუკულუსი საომრად გამოიწვია. ამანაც თავისი ძალები საბრძოლველად დააწყო. ის ის იყო მარიუსი და ლუკულუსი ერთმანეთს უნდა შებმოდნენ, რომ უეცრად ჰაერი შუაზე გაიპო და გამოჩნდა რაღაც უზარმაზარი ცეცხლოვანი სხეული, რომელიც ორ მოწინააღმდეგე ბანაკს შორის მოექანებოდა; ის ძალიან ჰგავდა კასრს და გავარვარებული ვერცხლისფერი იყო. ამ მოჩვენებამ ისეთი თავზარი დასცა ორივე მხედრობას, რომ ისინი უბრძოლველად დაშორდნენ ერთმანეთს. როგორც ამბობენ, ეს ამბავი მოხდა ფრიგიაში, ეგრეთ წოდებული ოტრიის მახლობლად.
ლუკულუსი ფიქრობდა, მითრიდატეს უთვალავ მხედრობას, ისიც მაშინ, როცა ამ მხედრობის პირისპირ მტერი იდგა, ვერავითარი მარაგი სიმდიდრე ვერ შეინახავდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამის დასამტკიცებლად ლუკულუსმა მოაყვანინა ერთ-ერთი ტყვე და ორი კითხვა მისცა: პირველი – თუ რამდენ კაცთან ერთად ცხოვრობდა კარავში, მეორე – თუ რამდენი სურსათი დატოვა იქ. როცა ტყვემ პასუხი მისცა, ლუკულუსმა იგი განზე გაიყვანა, მერმე ასევე რიგრიგად დაჰკითხა მეორე და მესამე ტყვეც. ამის შემდეგ ერთმანეთს შეუფარდა მტრის მეომრებისა და სურსათის რაოდენობა და დაასკვნა, რომ მტერს დარჩენილი ჰქონდა საჭმლის სამი თუ ოთხი დღის მარაგი.
ამიტომ ლუკულუსი შეეცადა დროის უფრო მეტად გაჭიანურებას. თვითონ კი ბანაკში უამრავი სურსათი მოაზიდვინა, რათა უხვად მომარაგებული დალოდებოდა მტრის კარზე მიმდგარ გაჭირვებას.
9. ამასობაში მითრიდატემ განიზრახა, თავს დასხმოდა კიზიკოსელებს, რომლებიც ქალკედონთან ბრძოლაში დამარცხდნენ და სამი ათასი მეომარი და ათი ხომალდი დაკარგეს. მითრიდატეს უნდოდა, ეს საქმე ლუკულუსისაგან მალულად მოეყვანა სისრულეში. ამიტომ იგი ნავახშმევს, ბნელსა და წვიმიან ღამეში სწრაფად დაიძრა სალაშქროდ და გათენებისას შეუფერხებლივ დააბანაკა მხედრობა ქალაქის29 პირისპირ, ადრასტიის მთასთან.
ლუკულუსმა ეს შეიტყო და მითრიდატეს დაედევნა. მეტად უხაროდა, რომ მტერს ბნელ ღამეში ბრძოლისათვის მოუმზადებელი მხედრობით არ შეხვდა. ჯარი ლუკულუსმა თრაკიად წოდებული სოფლის მახლობლად დააყენა და ფრიად მარჯვე, ბუნებრივად გამაგრებული ადგილმდებარეობა დაიკავა. ყველა გზა, რომლებითაც მითრიდატესთვის სურსათი უნდა ეზიდათ, აქ გადიოდა. ლუკულუსმა, რაკი წინასწარ განსაზღვრა ყველაფერი, რაც უნდა მომხდარიყო, ჯარისკაცებს არაფერი არ დაუმალა. როცა ბანაკი მოაწყვეს და ყველა საქმისაგან გათავისუფლდა, ლუკულუსმა შეკრიბა მეომრები და ამაყად განუცხადა: რამდენიმე დღის შემდეგ სისხლის დაუღვრელად გარგუნებთ გამარჯვებასო.
კიზიკოსელებს მითრიდატემ ხმელეთიდან ათი სამხედრო ბანაკით შემოარტყა ალყა, ხოლო ზღვიდან ხომალდებით ჩაუკეტა ვიწრო სრუტე, რომელიც ქალაქს ხმელეთისგან ყოფდა. ამრიგად, ორმხრივ ალყაში მოიმწყვდია კიზიკოსელები. ისინი ამ განსაცდელს მამაცურად შეხვდნენ და გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომაელთა გულისთვის ყოველგვარი უბედურება გადაეტანათ. მათ არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა ლუკულუსი და ცნობის უქონლობა მეტისმეტად აწუხებდათ. ლუკულუსის ბანაკი კი სულ ახლოს იყო, თვალით დასანახ მანძილზე; მაგრამ ალყაშემორტყმულნი შეცდომაში შეჰყავდათ მითრიდატეს მეომრებს. ისინი კიზიკოსელებს მაღლობზე განლაგებულ რომაელებზე უთითებდნენ და ეუბნებოდნენ: „ხედავთ იმათ? ეს სომეხთა და სპარსთა ჯარია, რომელიც ტიგრანმა მითრიდატეს გამოუგზავნა დასახმარებლადო!“ კიზიკოსელებს თავზარი დაეცათ, რა დაინახეს, ურიცხვი მტრით იყვნენ გარშემორტყმულნი. ასე ეგონათ, ლუკულუსის მოსვლაც ვერას გვიშველისო.
ლუკულუსის ახლო ყოფნა პირველად არქელაეს მიერ მოგზავნილმა დემონაქსმა აუწყა კიზიკოსელებს. ამათ არ დაიჯერეს და იფიქრეს: გვატყუებს ალბათ და ამ გაჭირვების ჟამს ამით უნდა ნუგეში გვცესო. სწორედ ამ დროს მათთან მივიდა ერთი პატარა ბიჭი, რომელიც მტრის ტყვეობას გამოქცეოდა. კითხვაზე, თუ სად არის ლუკულუსიო, ბიჭს გაეცინა: ეგონა, ეხუმრებოდნენ; მაგრამ როცა დარწმუნდა, ეს ხუმრობა როდი იყო, რომაელთა ბანაკი ხელით უჩვენა. ამ ამბავმა ალყაშემორტყმულნი ფრიად გაამხნევა.
კიზიკოსელთა ქალაქის მახლობლად არის დასკილიტის ტბა, რომელზედაც საკმაოდ მოზრდილი ნავებით შეიძლება ცურვა. ლუკულუსმა ამ ტბიდან ერთი ყველაზე უფრო დიდი ნავი ხმელეთზე ამოათრევინა და ურმით ზღვის ნაპირამდე მიატანინა. აქ ეს ნავი ზღვაში ჩაუშვეს. ლუკულუსმა შიგ იმდენი მეომარი ჩასვა, რამდენიც ჩაეტეოდა. ეს მეომრები ღამით შეუმჩნევლად გადავიდნენ კუნძულზე და ქალაქში შევიდნენ.
10. კიზიკოსელებს, მათი სიმამაცის მოწონების ნიშნად, როგორც ჩანს, ღმერთმაც შთაუნერგა მხნეობა ზოგიერთი თვალნათლივი სასწაულით. სწორედ იმ დროს ფერეფატიების დღეობა იყო კარზე მომდგარი30. ალყაში მომწყვდეულ მოსახლეობას მსხვერპლის შესაწირავად საჭირო შავი ძროხა არ ჰყავდა. ამიტომ ცომისაგან გამოძერწეს იგი და საკურთხეველთან დადგეს. ღმერთქალისათვის გასუქებული სამსხვერპლო დეკეული კი, კიზიკოსელთა სხვა საქონელთან ერთად, სრუტის გადაღმა იყო საძოვარზე გაშვებული. და აი, დღესასწაულის დღეს ეს დეკეული გამოეყო ნახირს, მარტოდმარტომ გადაცურა ზღვა, შევიდა ქალაქში და სამსხვერპლოდ თვითონვე დადგა საკურთხეველთან. ცოტა ხნის შემდეგ სახალხო მასწავლებელ არისტაგორას ღმერთქალი გამოეცხადა ძილში და უთხრა: „აი, მოვედი მე და პონტოელი მებუკის წინააღმდეგ სალამურზე დამკვრელი ლიბიელი მომყავს; უთხარი თანამოქალაქეთ, გამხნევდნენო“31.
არისტაგორას ნაამბობით გაოცებული კიზიკოსელები ჯერ კიდევ გონს არ იყვნენ მოსულნი, რომ გარიჟრაჟზე მძვინვარე ქარიშხალი ამოვარდა და ზღვა საშინლად ააღელვა. თესალიელი ნიკონიდეს ხელიდან გამოსული მეფის სასწაულებრივი მანქანები, რომლებიც ქალაქის კედლებთან ჩაემწკრივებინა მტერს, ჭრიალითა და გრუხუნით იუწყებოდნენ მოსალოდნელ უბედურებას. ჩქარა სამხრეთის ქარი ამოვარდა, წარმოუდგენელი სიმძლავრით დაუბერა და საალყო მანქანები თვალის დახამხამებაში სულ ერთიანად დალეწა. შემაძრწუნებელმა ქარმა ასი წყრთის სიმაღლის ხის კოშკი მოარყია და ძირს დასცა.
გარდა ამისა, გადმოგვცემენ, ილიონში მრავალ იქაურ მცხოვრებს მაშინ ძილში გამოეცხადა ღმერთქალი ათენაო. იგი მთლად ოფლში იყო თურმე გაღვრილი; ხალხს წამოსასხამის ჩამოხეულ კალთას უჩვენებდა და ეუბნებოდა: კიზიკოსელთ ვეხმარებოდი და ახლა სწორედ იქიდან მოვდივარო.
ილიონელები, სხვათა შორის, დღესაც უჩვენებენ იმ სვეტს, რომელზედაც ამ ამბის თაობაზე გადაწყვეტილება და წარწერები იყო ამოკვეთილი.
11. ბანაკში დამკვიდრებულ შიმშილზე მითრიდატემ კარგა ხანს არაფერი იცოდა. სარდლები ატყუებდნენ. ამიტომ მეტისმეტად ცხარობდა, კიზიკოსელები რომ ალყას ამდენ ხანს უძლებდნენ, მაგრამ პატივმოყვარეობა და ჯიუტი სიფიცხე სულ მალე გაუქრა, როცა საკუთარი თვალით დაინახა ის საშინელი გაჭირვება, რაიც ჯარისკაცებს ადგა და იმაშიც დარწმუნდა, რომ ისინი ასეთი მდგომარეობის გამო იძულებულნი იყვნენ ადამიანის ხორციც ეჭამათ.
ლუკულუსი მითრიდატესთან თავის გასართობ ომს როდი ეწეოდა. იგი, ასე ვთქვათ, მტრის მუცელს ვალალას აყრიდა და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა, სურსათის მიწოდების ყველა საშუალება აღეკვეთა მისთვის.
და აი, ერთხელ, როცა ლუკულუსი რომელიღაც ციხესიმაგრის ალყით იყო გართული, მითრიდატემ ისარგებლა მარჯვე შემთხვევით და სწრაფად გაგზავნა ბითვინიაში თითქმის მთელი ცხენოსანი ჯარი აღალითა და ბრძოლისათვის უვარგისი ქვეითებით. შეიტყო თუ არა ეს ლუკულუსმა, ჯერ კიდევ ღამით დაბრუნდა ბანაკში და გარიჟრაჟზე, ქარიშხლიან ამინდში, ათი კოჰორტითა და ცხენოსნებით მითრიდატეს გაგზავნილთ დაედევნა. დიდი წვალებით მიიკვლევდა იგი გზას თოვლიან ქარბუქში. მრავალი მებრძოლი, რომლებმაც სიცივეს ვერ გაუძლეს, უკან ჩამორჩა. დანარჩენი ძალებით ლუკულუსი მტერს მდინარე რინდაკოსის32 სანაპიროსთან დაეწია და ისე გაანადგურა, რომ დამარცხებულთა აღალის გასატაცებლად და დახოცილთათვის იარაღის ასაყრელად აპოლონიაში33 მცხოვრები ქალები ქალაქიდან გამოდიოდნენ. მოკლული, რაღა თქმა უნდა, ბევრი იყო. გარდა ამისა, ხელთ ჩაიგდეს ექვსი ათასი ცხენი, ფრიად მრავალი საპალნე პირუტყვი და თხუთმეტი ათასი ტყვე. მთელი ეს ნადავლი ლუკულუსმა თან წაიყვანა და მტრის ბანაკის გვერდით ჩაატარა.
მე ფრიად მაოცებს სალუსტიუსი34, რომელიც ამბობს, რომაელებმა მაშინ პირველად იხილეს აქლემებიო. ნუთუ მას ჰგონია, იმ რომაელებს, რომლებმაც უწინ სციპიონის წინამძლოლობით ანტიოქე დაამარცხეს, ანდა იმათ, სულ ახლახან რომ ორქომენისა და ქერონეას მახლობლად არქელეასთან იბრძოდნენ, აქლემები ნანახი არ ჰყავდათ?
ასეთმა მარცხმა მითრიდატეს გადააწყვეტინა, რაც შეიძლება სწრაფად დაეხია უკან. იმ განზრახვით, რომ ლუკულუსი ზურგში დაეყოვნებინა, თავის ნავარქოსს35, არისტონიკეს, უბრძანა, საბერძნეთის ზღვაში გასულიყო. არისტონიკე ის ის იყო ღუზის აშვებას აპირებდა, რომ ლუკულუსმა იგი ღალატის წყალობით ხელში ჩაიგდო იმ ათი ათასი ოქროთი, რომელიც არისტონიკეს რომაელთა მხედრობის ნაწილის მოსყიდვის მიზნით მიჰქონდა. მაშინ მითრიდატემ თავის დასაღწევად ზღვას მიაშურა, ხოლო მისმა სარდლებმა ჯარი ხმელეთით წაიყვანეს. ლუკულუსი მათ თავს დაესხა მდინარე გრანიკთან და ხელთ იგდო უამრავი ტყვე, ოცი ათასამდე კაცი კი გაჟლიტა. ამბობენ, ამ ბრძოლაში აღალის მხლებელი თუ მეომარი ჯარიდან მოკლულთა სახით, სულ ცოტა, სამასი ათასი კაცი დარჩა ბრძოლის ველზეო.
12. უწინარეს ყოვლისა, ლუკულუსი კიზიკოსში შევიდა. აქ მას სიხარულითა და გულთბილად შეხვდნენ. შემდეგ იგი ჰელესპონტის სანაპიროებისაკენ დაიძრა და გზადაგზა ფლოტი შემოიმტკიცა. ამ ფლოტით ლუკულუსი ტროადას მიადგა და აფროდიტეს ტაძარში დაბანაკდა. ღამით ძილში სიზმარი იხილა; თითქოს ღმერთქალი გამოეცხადა, ახლო დადგა და უთხრა: რად გძინავს აგრე ღრმად, ლომო? სულ ახლოა ირმები შენთან! ლუკულუსი მყისვე წამოდგა, იმავე ღამეს მოიხმო მეგობრები და სიზმარი უამბო. სწორედ ამ დროს ილიონიდან ვიღაცები მოვიდნენ და ლუკულუსს აუწყეს: აქაველთა ნავსადგურთან მეფის ცამეტი პენტერესი36 გამოჩნდა; ისინი ლემნოსისაკენ მიემართებიანო.
ლუკულუსი დაუყოვნებლივ გავიდა ზღვაში. სწრაფად ჩაიგდო ხელთ ცამეტივე პენტერესი, მოკლა მათი მეთაური ისიდორე და მერმე მითრიდატეს ფლოტის დანარჩენ წინამძღლოლთა წინააღმდეგ დაიძრა. ეს წინამძღოლნი ღუზაზე იდგნენ. საფრთხე რომ დაინახეს, ყველა ხომალდი ხმელეთზე ამოათრიეს და ბრძოლა გემბანებიდან დაიწყეს. მათ ლუკულუსის მრავალი მეომარი დაჭრეს. ადგილმდებარეობა საშუალებას არ აძლევდა რომაელთ, გარშემორტყმოდნენ მტერს და დაეძლიათ. ლუკულუსის ხომალდებს ზღვის ტალღები აქეთ-იქით აქანავებდა მაშინ, როცა მტრის პენტერესები მტკიცედ და უშიშრად იდგნენ ხმელეთზე.
მიუხედავად ამისა, ლუკულუსმა, მართალია, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხა კუნძულზე ხომალდთა მისადგომად მარჯვე ადგილის შერჩევა და იქ ყველაზე მამაცი მეომრები გადასხა. ესენი ზურგიდან ეკვეთნენ მტერს. ზოგი მოკლეს, ზოგიც აიძულეს, საკუთარი ხომალდების ბაგირები გადაეჭრათ და ზღვაში ჩაშვებულიყვნენ. აქ მითრიდატეს პენტერესები ან ერთმანეთს დაეჯახნენ, ან არადა პირდაპირ ლუკულუსის ხელში ჩავარდნენ.
ამ ბრძოლაში გაჟლიტეს უამრავი მტერი. ტყვეთა შორის იყო სერტორიუსის მიერ გამოგზავნილი სარდალი მარიუსი. ეს მარიუსი ცალთვალა გახლდათ. ამიტომ ლუკულუსმა ჯარისკაცებს შეტევის დასაწყისშივე უბრძანა, არ მოეკლათ ცალთვალა კაცი, თუკი ასეთი შეხვდებოდათ. უნდოდა, მარიუსი პატივაყრილი და შერცხვენილი გამოსალმებოდა წუთისოფელს.
13. გადაიხადა თუ არა ეს ბრძოლა, ლუკულუსი ახლა მთელი სისწრაფით თვითონ მითრიდატეს დაედევნა. იმედი ჰქონდა, სადმე ბითვინიაში წააწყდებოდა პონტოს მეფეს, რომელსაც იქ ვოკონიუსი დარაჯობდა. ეს ვოკონიუსი ადრევე გაგზავნა ფლოტის თანხლებით ნიკომედიაში37, იმ განხრახვით, რომ მითრიდატესათვის გაქცევაში ხელი შეეშალა. მაგრამ ვოკონიუსმა საკმაოდ ბევრი დრო დაკარგა; იგი სამოთრაკზე38 წმინდა საიდუმლოების აღსრულებითა და დღესასწაულის მოწყობით იყო გართული. ამასობაში მითრიდატე ფლოტით ზღვაში გავიდა და ჩქარობდა, ლუკულუსის დაბრუნებამდე პონტოში შესულიყო. მაგრამ საშინელმა ქარიშხალმა მოუსწრო. მისი ხომალდების ნაწილი ქარიშხალმა აქეთ იქით გაფანტა, ნაწილი კი წყალში ჩაძირა. ზღვის მთელი სანაპირო მრავალი დღის განმავლობაში ტალღების მიერ გამორიყული ხომალდების ნამსხვრევებით იყო მოფენილი. თვითონ მითრიდატე საბარგო ხომალდით მიცურავდა. მისმა მესაჭეებმა ეს ხომალდი თავისი სიდიდის გამო ვერც ნაპირს მიაყენეს ასეთ საშინელ ღელვაში, რაკიღა მეტად მძიმე იყო და უკვე წყალიც შესდიოდა, და ვერც ზღვაში გააჩერეს. მაშინ მითრიდატე მეკობრეთა მსუბუქ ხომალდზე გადაჯდა და თავისი ბედი ზღვის ყაჩაღებს მიანდო. ბოლოს და ბოლოს, სრულიად მოულოდნელად და მშვიდობიანად იგი პონტოს ჰერაკლეას მიადგა.
ის ქედმაღლობა, რაც ლუკულუსმა სენატის მიმართ გამოიჩინა, ღმერთების მხრივ დაუსჯელი დარჩა. საქმე ის იყო, რომ სენატმა თავის დროზე გადაწყვიტა, მითრიდატესთან ომის საწარმოებლად საჭირო ფლოტის ასაგებად სამი ათასი ტალანტი გაეღო. ლუკულუსმა სენატისადმი გაგზავნილ წერილში ამაზე უარი თქვა და კვეხნით განაცხადა: მითრიდატეს ყოველგვარი ხარჯისა და დიდი მზადების გარეშე გავაძევებ ზღვიდან მარტოოდენ მოკავშირეთა ხომალდებითო. მან ეს საქმე ღმერთების წყალობით მართლაც შეასრულა. ამბობენ, პრიაპოსელი არტემიდეს39 რისხვა იყო მიზეზი იმისა, პონტოს ფლოტს რომ ქარიშხალი დაატყდა თავსო. მითრიდატეს ჯარისკაცებმა თურმე ერთხელ არტემიდეს ტაძარი გაძარცვეს და მისი ქანდაკება გაიტაცეს.
14. ბევრი ურჩევდა ლუკულუსს, საომარი მოქმედება დროებით გადაედო; მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია და მითრიდატეს სამფლობელოში შეიჭრა. პირველ ხანებში იგი სურსათის მეტად დიდ ნაკლებობას განიცდიდა; ამიტომ მხედრობას უკან ოცდაათი ათასი გალატელი მიჰყვებოდა და ყოველ მათგანს საკუთარი ზურგით თითო მედიმნი პური მიჰქონდა. სამაგიეროდ, წინსვლის დროს, როცა ყველაფერი დაიმორჩილა, ისე აივსო ხვავითა და ბარაქით, რომ მის ბანაკში ხარი ერთ დრაქმად, ხოლო მონა ოთხ დრაქმად იყიდებოდა. სხვა სახის ნადავლს ჯარისკაცები აღარაფრად აგდებდნენ. რაკი საყოველთაო სიუხვის დროს მისი გასაღება შეუძლებელი იყო, ნაწილს ადგილზევე ტოვებდნენ, ნაწილს კი ანადგურებდნენ.
ლუკულუსის მხედრები თემისკირამდე და თერმოდონტის40 ველებამდე ცხენებით თარეშისას სოფლების აოხრებისა და აკლების მეტს ვერაფერს ახერხებდნენ. ამიტომ ჯარისკაცები ლუკულუსზე ბუზღუნებდნენ: იგი რიგ ქალაქებს დაზავების საშუალებით იერთებს, იერიშით არც ერთს არ იღებს და ჩვენ მათი გაძარცვის შესაძლებლობას არ გვაძლევსო. „აი, ახლა, – ამბობდნენ ისინი, – სულ ადვილი საქმეა დიდებული და მდიდარი ქალაქის ამისეს41 აღება, თუკი კაცი მის ალყას ოდნავ გააძლიერებს, მაგრამ ლუკულუსი ჩვენ მას გვატოვებინებს და მითრიდატესთან საბრძოლველად ტიბარენთა და ქალდეველთა42 უდაბნო მხარეში მივყავართო“.
ამ ბუზღუნს ლუკულუსი არაფრად აგდებდა, ვინაიდან იმედი ჰქონდა, მისი მეომრები არ გამოიჩენდნენ ისეთ უგუნურებას, როგორიც მათ შემდგომ გამოამჟღავნეს. იგი ყველაფერს ამჯობინებდა, თავი ემართლებინა იმათ წინაშე, რომლებიც ბრალად სდებდნენ ზანტ მოქმედებას; სახელდობრ, იმას, რომ საკმაოდ დიდხანს აყოვნებდა სრულიად უმნიშვნელო სოფლებსა და ქალაქებთან და ამით მითრიდატეს ძალის მოკრების საშუალებას აძლევდა. აი, სწორედ მეც ეგ მინდა, – ამბობდა ლუკულუსი. – მე აქ იმ მიზნით ვაყოვნებ, რომ ჩემმა მოწინააღმდეგემ კვლავ მოიკრიბოს ძალა და დიდ მხედრობას მოუყაროს თავი, რათა ადგილზევე დარჩეს და ჩვენი მოახლოებისთანავე არ გაიქცეს. განა ვერ ხედავთ, რომ ზურგს უკან გადაშლილი აქვს უზარმაზარი და უსაზღვრო უდაბნო? იქვე ახლოს არის კავკასიონი უამრავი ხეობით, რომელთაც სულ ადვილად შეუძლიათ შეიფარონ და დაიცვან ბრძოლას თავარიდებული ათი ათასობით მეფე. კაბეირადან43 რამდენიმე დღის სავალ მანძილზე მდებარეობს სომხეთი. სომხეთის ტახტზე ზის მეფეთა მეფე ტიგრანი44. მას დიდძალი მხედრობა ჰყავს და ამ მხედრობის წყალობით პართებს გასაქანს არ აძლევს აზიაში, ბერძნულ ქალაქთა მოსახლეობა მიდიაში გადაჰყავს, სირიასა და პალესტინაზე მბრძანებლობს, კლავს სელევკოსის მემკვიდრე მეფეებს და მათი ქალიშვილები და ცოლები მიჰყავს ტყვედ. ეს ტიგრანი მითრიდატეს ახლობელია, მისი სიძე. მითრიდატემ რომ დახმარება სთხოვოს, უარს არ ეტყვის და ჩვენ წინააღმდეგ ომს დაიწყებს. თუ ჩვენ ავჩქარდებით, რათა მითრიდატე განვდევნოთ, ამით ტიგრანის მხრივ თავდასხმის საფრთხეს შევიქმნით. ტიგრანი უკვე დიდი ხანია ჩვენ წინააღმდეგ, ომის საბაბს ეძებს და იმაზე უკეთეს მიზეზს, რომ გასაჭირში მყოფ ახლობელ კაცს და ისიც მეფეს დაეხმაროს, იგი ვერასოდეს ვერ მონახავს. ჰოდა, რატომ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ მივცეთ საშუალება მითრიდატეს, ჩაიდინოს ის, რაზეც არ უფიქრია? სახელდობრ, რატომ უნდა ვასწავლოთ მას, თუ ვისთან ერთად იბრძოლოს ჩვენ წინააღმდეგ? რატომ უნდა ვაიძულოთ იგი, დახმარებისათვის მიმართოს ტიგრანს მაშინ, როდესაც ეს არა სურს და თავისთვის სამარცხვინო საქმედ თვლის? უმჯობესი არ იქნება დრო მივცეთ, რათა საკუთარი ძალები შემოიკრიბოს და კვლავ მოღონიერდეს? მიდიელებსა და სომხებთან ბრძოლას არა სჯობია, შევებრძოლოთ კოლხებს, ტიბარენებსა და კაპადოკიელებს, რომლებიც ჩვენ არაერთხელ დაგვიმარცხებია?“
15. ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, ლუკულუსი დიდხანს იდგა ამისეს გარშემო და ეს ქალაქი საკმაოდ სუსტ ალყაში ჰყავდა. გავიდა თუ არა ზამთარი, ამისეს საალყოდ ლუკულუსმა მურენა დატოვა, თვითონ კი მითრიდატეს წინააღმდეგ დაიძრა. მითრიდატე ამ დროს კაბეირასთან იდგა და გადაწყვეტილი ჰქონდა, რომაელებს გამკლავებოდა. მის ირგვლივ თავმოყრილი იყო ორმოცი ათასი ქვეითი მეომრისა და ოთხი ათასი ცხენოსნისაგან შემდგარი მხედრობა. იგი ყველაზე უფრო დიდ იმედს მხედრებზე ამყარებდა.
მითრიდატე მდინარე ლიკეზე გადავიდა და რომაელები ვაკეზე გამოიხმო საბრძოლველად. ერთმანეთს ეკვეთნენ ცხენოსნები, მაგრამ ამჯერად რომაელები უკუიქცნენ. ერთი წარჩინებული გვარის ვაჟკაცი პომპონიუსი მძიმედ დაიჭრა და ტყვედ წაიყვანეს. ჭრილობებისაგან გამწარებული პომპონიუსი მითრიდატეს მიჰგვარეს. მითრიდატემ ჰკითხა: სიცოცხლე რომ შეგინარჩუნო, გახდები თუ არა ჩემი მეგობარიო? „დიახ, გავხდები, – უპასუხა პომპონიუსმა, – თუ რომაელებთან ზავს შეკრავ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ მტერი დავრჩები შენიო!“ ასეთი ვაჟკაცობით განცვიფრებულმა მითრიდატემ პომპონიუსს არა ავნო რა.
ლუკულუსი ყოყმანობდა. მტრის ცხენოსანი ჯარის სიმრავლე აშინებდა, ვაკეზე ჩასულიყო; ხოლო მთებში წასვლას ვერ ბედავდა ვინაიდან გზა მეტად გრძელი, ტყით დაბურული და თითქმის გაუვალი იყო. რაღაც ბედზე გამოქვაბულში თავშეფარებული ბერძნები დაიჭირეს. ამათ შორის უფროსი არტემიდორე ლუკულუსს დაჰპირდა, რომ წაიყვანდა და ბანაკისათვის ფრიად უშიშარ ადგილას დააყენებდა, სადაც ისეთი ციხესიმაგრე იყო, კაბეირას ზედ თავზე დაჰყურებდა.
ლუკულუსი არტემიდორეს ერწმუნა. დაღამდა თუ არა, ჩირაღდნები აანთებინა და იმ ადგილისაკენ დაიძრა. ლუკულუსმა მშვიდობიანად გაიარა ვიწროები და ციხესიმაგრე დაიკავა. გარიჟრაჟზე მტრის განლაგების ზემოთ აღმოჩნდა და ჯარი ისეთ ადგილას დააბანაკა, რომელიც საშუალებას იძლეოდა, თუ უნდოდა, ადვილად წაეყვანა მხედრობა მტერზე, ხოლო თუ სიმშვიდის დაცვა სურდა, სრულიად გულარხეინად ყოფილიყო.
ბრძოლის დაწყების განზრახვა და განსაცდელში თავის ჩაგდების სურვილი ამ დროს არც ერთ მხარეს არ ჰქონდა, მაგრამ მოხდა ასეთი ამბავი. მეფის ჯარისკაცები, როგორც ამბობენ, ირემს დაედევნენ თურმე. რომაელებმა ეს რომ დაინახეს, მყისვე დაუხვდნენ წინ და გზა გადაუჭრეს. მითრიდატეს ჯარისკაცები და დამხვდური რომაელები ერთმანეთს ეკვეთნენ და ბრძოლა გაჩაღდა. თანდათანობით ორივე მებრძოლ მხარეს მაშველი ძალები ემატებოდა, ბოლოს და ბოლოს, მეფის მეომრებმა გაიმარჯვეს. ზევით მყოფმა რომაელებმა ბანაკიდან რა დაინახეს, ჩვენები გარბიანო, ფრიად შეწუხდნენ, ლუკულუსთან გაიქცნენ და სთხოვეს, ბრძოლის დაწყების ნიშანი მიეცა და ისინი მტერზე თავდასასხმელად წაეყვანა.
ლუკულუსს სურდა მათთვის ეჩვენებინა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ომის ქარცეცხლისა და განსაცდელის ჟამს გვერდით გონიერი წინამძღოლის ყოლას. მან აღელვებულ ჯარისკაცებს უბრძანა, სიმშვიდე დაეცვათ; თვითონ კი ვაკეზე ჩავიდა და პირველ შემხვდურ უკუქცეულთ ბრძანება მისცა, შეჩერებულიყვნენ და მას გაჰყოლოდნენ მტრისკენ. ესენი მაშინვე დაემორჩილნენ. მალე დანარჩენებიც შემობრუნდნენ და მტრის წინააღმდეგ დაირაზმნენ. მათ სულ ადვილად დაძლიეს მოწინააღმდეგე და მეფის ბანაკამდე მირეკეს.
დაბრუნდა თუ არა უკან, ლუკულუსმა იმ რომაელებს, რომლებიც ბრძოლას გაექცნენ, დაწესებული სასჯელის ძალით პატივი აჰყარა. უბრძანა, საგანგებოდ ჩამწკრივებული მხედრობის წინ უსარტყელო ტუნიკების45 ამარა თორმეტი ფუტის სიმაღლე თხრილი ამოეთხარათ.
16. მითრიდატეს ბანაკში დანდარიების46 ერთი მთავარი იყო, სახელად ოლთაკე. დანდარიები ერთ–ერთი ტომია იმ ბარბაროსთა, რომლებიც მეოტისის ტბის47 სანაპიროზე ცხოვრობდნენ. ეს ოლთაკე ყოველგვარ საომარ საქმეში გამოირჩეოდა ღონითა და მამაცობით; მნიშვნელოვან ამბავთა განსჯის დროს მახვილ გონებას ამჟღავნებდა, სხვებთან ურთიერთობაში კი ფრიად ალერსიანი და თავაზიანი კაცი იყო: ოღონდ მუდამ უთანხმოება და მეტოქეობა ჰქონდა პირველობის გულისთვის ერთ-ერთ თანამემამულე მთავართან. აი, ამის გამო ოლთაკემ მითრიდატეს დიდი საქმის შესრულება აღუთქვა: ლუკულუსის მოკვლას დაჰპირდა. მეფემ ეს მოიწონა და ოლთაკეს განგებ შეურაცხყოფა მიაყენა, რათა მისი მოჩვენებითი რისხვა გამოეწვია. ვითომ ნაწყენი ოლთაკე ცხენზე შეჯღა და ლუკულუსთან გაიქცა.
ლუკულუსმა იგი გულთბილად მიიღო, ვინაიდან რომაელთა ბანაკში დიდად ჰქონდა სახელი განთქმული. ცოტა ხნის გამოცდის შემდეგ ლუკულუსი ისე მოიხიბლა ოლთაკეს საზრიანობით და გულისხმიერებით, რომ ხანდახან მასთან ერთად სადილობდა და ბჭობდა კიდევაც.
ბოლოს, როცა დანდარიელმა იფიქრა, განზრახულის სისრულეში მოყვანის დრო დადგაო, მსახურ ბიჭებს უბრძანა, მისი ცხენი ბანაკის გარეთ გაეყვანათ, თვითონ კი, შუადღეზე, როცა ჯარისკაცები წამოწოლილი იყვნენ და ისვენებდნენ, მთავარსარდლის კარვისკენ გაემართა, იმედი ჰქონდა, ლუკულუსის კარავში შესვლას, როგორც შინაურ კაცს, არავინ დაუშლიდა, მით უმეტეს, თუ იტყოდა, რომ მთავარსარდლისათვის ფრიად დიდმნიშვნელოვანი ამბავი ჰქონდა მოსახსენებელი. იგი მართლაც სულ ადვილად შევიდოდა კარავში, რომ ძილს, რომელსაც საკმაოდ მრავალი სარდალი დაუღუპავს, არ ეხსნა ლუკულუსი.
ლუკულუსს ეძინა. ერთ ერთმა პირისფარეშმა მენედემემ, რომელიც კარვის კარის წინ იდგა, ოლთაკეს უთხრა: – უდროო დროს მოხვედი; დიდიხნის უძილობითა და მრავალი საქმით დაქანცულმა ლუკულუსმა სულ ახლახან ჩაიძინა.
მენედემეს სიტყვებს ოლთაკემ ყური არ ათხოვა და უკან არ დაიხია. – მართალია, – უთხრა პირისფარეშს. – არ მიშვებ კარავში, მაგრამ მაინც შევალ, რაკიღა მსურს მთავარსარდალს აუცილებელი და დიდი საქმის გარშემო მოველაპარაკო!
მექნედემეს გული მოუვიდა: – მთავარია, ლუკულუსი იყოს კარგად, სხვა არაფერი, – მიუგო ოლთაკეს, ჰკრა ორივე ხელი და კარვიდან გააგდო.
დამფრთხალი ოლთაკე რომაელთა ბანაკიდან ჩუმად გამოვიდა, მოახტა ცხენს და გაწბილებული მითრიდატეს ბანაკში დაბრუნდა.
აი, ამგვარად, გარემოება ადამიანთა მოქმედებას, სამკურნალო წამლის დარად, ხან მხსნელ ძალად ევლინება და ხან კი მომაკვდინებლად.
17. ცოტა ხნის შემდეგ ლუკულუსმა სურსათის გადმოსაზიდად გაგზავნა სორნაციუსი და თან ათი კოჰორტი გააყოლა. მას მაშინვე დაედევნა მითრიდატეს ერთ ერთი სარდალი, მენანდრე სორნაციუსი შეჩერდა, ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება, მტერი საშინლად დააზარალა და განდევნა.
იმ მიზნით, რომ ჯარისკაცებს პური უხვად ჰქონოდათ, ლუკულუსმა ახლა ადრიანეც გაგზავნა მებრძოლებითურთ საალაფოდ. მითრიდატემ ეს ამბავი უყურადღებოდ არ დატოვა, ადრიანეს წინააღმდეგ მენემაქესა და მირონის წინამძღოლობით მრავალი ცხენოსანი და ქვეითი მეომარი დაძრა. როგორც ამბობენ, ეს მეომრები სულ ერთიანად აკუწეს რომაელებმა, ორად ორი კაცი გადაურჩა სიკვდილს თურმე.
მითრიდატე ყოველნაირად ცდილობდა, ეს უბედური შემთხვევა როგორმე მიეჩქმალა, თითქოს დიდი არაფერი მომხდარიყო, და ამ ვითომ მცირე მარცხს სარდალთა გამოუცდელობას აბრალებდა, მაგრამ ადრიანემ დიდი ზარ ზეიმით ჩაუარა მის ბანაკს; მას თან პურითა და მტრისთვის წართმეული ნადავლით დატვირთული მრავალი ურემი მიჰყავდა. ამან მითრიდატეს სასო წარუკვეთა, ხოლო მისი ჯარისკაცები შეაშფოთა და შიშში ჩააგდო. ამის გამო გადაწყვიტეს, აქ მეტხანს აღარ დარჩენილიყვნენ.
მეფის კარისკაცებმა მშვიდად დაიწყეს ბანაკიდან პირადი ქონების გატანა, მაგრამ სხვებს ამის ნებას არ აძლევდნენ. ამის გამო ბანაკის გასასვლელთან ძალდატანებით მირეკილი მეომრები მეტისმეტად განრისხდნენ და წინამძლოლთა ქონების დატაცებასა და მათი პატრონების ხოცვას შეუდგნენ. სარდალი დორილაე მოკლეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტანთ ძოწის კაბა ემოსა. ქურუმი ჰერმაპეოსი ბანაკის კარიბჭესთან გასრისეს. თვითონ მითრიდატე კი, რომელსაც გვერდით არც ერთი მხლებელი და მეჯინიბე არ ახლდა, ჯარისკაცთა ბრბოს შეერია და გამოვარდა ბანაკიდან. მან სამეფო საჯინიბოდან ვერც ერთი ცხენი ვერ გამოიყვანა. კარგა ხნის შემდეგ ლტოლვილთა ნაკადში ჩათრეული მითრიდატე საჭურისმა სტოლემეოსმა დაინახა. იგი მაშინვე ჩამოხდა ცხენიდან და პირუტყვი მეფეს მიჰგვარა.
რომაელები მითრიდატეს კვალდაკვალ დაედევნენ. იგი უკვე თითქმის მათ ხელში იყო, ისინი ისე ახლოს მიადგნენ მეფეს, თითქოს კიდეც უნდა შეეპყროთ, მაგრამ ჯარისკაცთა ანგარებამ და საშინელმა სიხარბემ რომაელებს ხელიდან გამოაცალა ის ნადავლი, რომელსაც ისინი მრავალი ბრძოლისა და განსაცდელის ფასად უკვე დიდი ხანია ხელში ჩასაგდებად დასდევდნენ, ხოლო გამარჯვებულ ლუკულუსს დიდი ჯილდო დააკარგვინა.
მდევრები თითქმის დაეწივნენ იმ ცხენს, მითრიდატეს რომ მიაქროლებდა, მაგრამ ანაზდეულად მეფესა და მის მდევარ რომაელთა შორის ერთი ოქროთი დატვირთული ჯორი ჩადგა. შეიძლება ეს ჯორი თავისთავად შემოიჭრა შუაში, ანდა შესაძლებელია მეფემ განგებ მიუგდო იგი მდევრებს. ასე იყო თუ ისე, რომაელებმა ჯორის გაძარცვა, ოქროს მობოჭვა და ერთმანეთთან ჩხუბი დაიწყეს და დრო დაკარგეს48.
ჯარისკაცთა სიხარბემ მარტოოდენ ეს ერთი ზარალი როდი მოუტანა ლუკულუსს; მან ბრძანა, მასთან მიეყვანათ მეფის საიდუმლოების მცოდნე ერთ ერთი ტყვე, მდივანი კალისტრატე. ჯარისკაცებმა, რომელთაც ტყვე მიჰყავდათ, დაინახეს, რომ მას სარტყელში ხუთასი ოქრო ჰქონდა. ოქროზე გაგიჟებულმა ჯარისკაცებმა კალისტრატე მყისვე გამოასალმეს სიცოცხლეს.მიუხედავად ასეთი საქციელისა, ლუკულუსმა მითრიდატეს ბანაკი თავის ჯარისკაცებს გასაძარცვავად დაუთმო.
18. კაბეირასა და სხვა ციხესიმაგრეების აღების შემდეგ ლუკულუსმა აურაცხელი განძეულობა იპოვა. აქ იგი წააწყდა უამრავ საპყრობილესაც, რომლებშიც ბევრი ბერძენი და მეფის ნათესავი იყო ჩამწყვდეული. ეს ხალხი უკვე დიდი ხანია თავს დაღუპულად თვლიდა და ლუკულუსის წყალობამ მათ არა მარტო თავისუფლება, მკვდრეთით აღდგენა და ხელახალი სიცოცხლე მიანიჭა.
რომაელებმა აქ ტყვედ ჩაიგდეს მითრიდატეს და ნისა. მისთვის ტყვეობა პირდაპირ სიკვდილისაგან ხსნას უდრიდა. მეფის დანარჩენი დები და ცოლები, რომელთაც ეგონათ, ფარნაკიის49 მიდამოებში ყოველგვარი განსაცდელისაგან მოშორებით მშვიდად იმყოფებოდნენ, საცოდავად დაიხოცნენ. საქმე ის იყო, რომ მითრიდატემ გაქცევის ჟამს მათ დასახოცად ფარნაკიაში გაგზავნა საჭურისი ბაკქიდე.
სხვა თავშეფარებულთა შორის იქ, ფარნაკიაში, მეფის ორი გაუთხოვარი და, ასე ორმოც ორმოცი წლის როქსანე და სტატირა იმყოფებოდა. აქვე იყო მისი ორი ცოლი, წარმოშობით ორივე იონიელი, ქიოსელი ბერენიკე და მილეტელი მონიმე.
მონიმეს ბერძნებში დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. მითრიდატემ თურმე მისი დამორჩილება სცადა და ძღვნად თხუთმეტი ათასი ოქრო გაუგზავნა, მაგრამ მონიმე მანამდე არ დაჰყვა მეფის ნებას, სანამ ამან ცოლად შერთვა არ აღუთქვა, დიადემა არ გაუგზავნა და დედოფლად არ აღიარა50. მიუხედავად ამისა, ეს ქალი მთელ დროს მწუხარებაში ატარებდა და თავის საბედისწერო სილამაზეს დასტიროდა; ამ სილამაზემ ქმრის ნაცვლად მრისხანე ბატონი გაუჩინა, ხოლო საქორწინო სარეცლისა და სასახლის მაგიერ წილად არგუნა საპყრობილე, რომელსაც ბარბაროსები დარაჯობდნენ. ელადას მოშორებული და ჭეშმარიტ ბედნიერებას აღკვეთილი მონიმე მხოლოდ და მხოლოდ სიზმრად ხედავდა იმ ბედნიერებას, რომელზედაც ოცნებობდა.
და აი, როცა ფარნაკიაში ბაკქიდე მოვიდა და ქალებს გამოუცხადა, უნდა დაიხოცოთ, ოღონდაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია ის სიკვდილი აირჩიოს, რომელიც ყველაზე უფრო ადვილი და ყველაზე უფრო უმტკივნეულო ჰგონიაო, მონიმემ ჩამოიგლიჯა თავიდან დიადემა, შემოიხვია ყელზე და ჩამოეკიდა. დიადემა მაშინვე გაწყდა. „ოჰ, წყეულო ძონძო, – შეჰყვირა ქალმა, – შენ ამ საქმეშიც უსარგებლო ყოფილხარ ჩემთვის!“ გაგლეჯილი დიადემა მონიმემ ძირს დააგდო, დააფურთხა მას და ბაკქიდეს ყელი მიუშვირა: მომკალი ჩქარაო.
მითრიდატეს მეორე ცოლმა ბერენიკემ საწამლავით სავსე კათხა აიღო და დალევას აპირებდა. დედამისმა, რომელიც იქვე იყო, სთხოვა: ნაწილი მე დამითმეო. დედა შვილმა ერთი კათხიდან შესვეს შხამი; მაგრამ მისი ძალა მარტოოდენ მისუსტებული დედის მოსაკვდინებლად აღმოჩნდა საკმარისი, ბერენიკეს კი უცბად როდი მოუსწრაფა სიცოცხლე. ქალი საშინელი ტანჯვით ებრძოდა სიკვდილს. მაშინ ბაკქიდე წაეშველა სულთმობრძავს და დაახრჩო იგი.
მეფის გაუთხოვარ დებში ერთმა, როგორც ამბობენ, მითრიდატეს წყევლა-კრულვასა და შეჩვენებაში შესვა საწამლავი, ხოლო მეორეს, სტატირას, ერთი საყვედური და შეუფერებელი სიტყვა არ აღმოხდომია. პირიქით, სტატირამ ქება დიდება დაუწყო ძმას იმისათვის, რომ მან საკუთარი განსაცდელის ჟამს არ დაივიწყა ისინი და ყველაფერი მოიმოქმედა, რათა მისი ახლობელნი თავისუფალნი და ნამუსაუხდელნი გამოსალმებოდნენ სიცოცხლეს.
ამ ამბავმა ფრიად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა კეთილსა და კაცთმოყვარე ლუკულუსზე.
19. ამის შემდეგ ლუკულუსი სწრაფად მიადგა ტალავრას51; მაგრამ რა გაიგო, მითრიდატეს გაესწრო და უკვე ოთხი დღით ადრე ტიგრანთან გაქცეულიყო, უკანვე გამობრუნდა. დაიმორჩილა ქალდეველები და ტიბარენები, აიღო მცირე სომხეთი, დაიკავა იქაური ციხესიმაგრეები და ქალაქები და მერმე ტიგრანთან აპიუსი52 გაგზავნა წინადადებით, მითრიდატე გადმომეციო; თვითონ კი მიადგა ამისეს, რომელიც ჯერ კიდევ ალყაში იყო.
ამისეს ხანგრძლივი ალყისა და მისი აუღებლობის მიზეზი გახლდათ ქალაქის სტრატეგოსი კალიმაქე. იგი თავისი გამოცდილებით ნაირ-ნაირ მანქანებს იგონებდა და ქალაქის დასაცავად, რამდენადაც ეს საალყო პირობებში იყო შესაძლებელი, მეტისმეტად მარჯვე ფანდებს მიმართავდა. ამით რომაელებს მრავალ ვნებას აყენებდა, რის გამოც შემდგომ სასტიკი პასუხი აგო.
ამჯერად ლუკულუსმა აჯობა მას სამხედრო ხერხში და ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მეომრები, ჩვეულებისამებრ, დასასვენებლად გაჰყავდა ხოლმე, მოულოდნელად იერიშზე გადავიდა და ქალაქის კედლის მცირე ნაწილი დაიკავა. კალიმაქე გაიქცა, ოღონდ ქალაქს წინასწარ ცეცხლი წაუკიდა. ეს ან ჯიბრით ჩაიდინა, რომ რომაელებს აქ სარგებელი ვეღარ ენახათ, ანდა იმიტომ, რომ თავისი გაქცევა გაეადვილებინა.
ასე იყო თუ ისე, გაქცეულ მტერს, რომელმაც ხომალდს მიაშურა ზღვაში გასასვლელად, ყურადღება არავინ მიაქცია როგორც კი მოედო ხანძარი და ქალაქის კედლის უმეტესი ნაწილი ცეცხლის ალში გაეხვია რომაელი ჯარისკაცები ძარცვა-გლეჯას შეუდგნენ. დასაღუპავად განწირული ქალაქის სიბრალულით ლუკულუსმა გარედან დახმარების გაწევა სცადა და ბრძანება გასცა, ცეცხლი ჩაექროთ, მაგრამ ამაოდ; მას აღარავინ ემორჩილებოდა. გააფთრებული ჯარისკაცები საშინელი კიჟინითა და იარაღის ჟღარუნით ქალაქის ქონებას მოითხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს, ლუკულუსი იძულებული გახდა, დაეთმო იმ იმედით, რომ ცეცხლისაგან მაინც გადაარჩენდა ქალაქს. მაგრამ ჯარისკაცებმა ეს იმედიც გაუცრუეს. ისინი აბრიალებული ჩირაღდნებით დარბოდნენ და დაეძებდნენ ნადავლს; მათ ყველგან შეჰქონდათ ცეცხლი და მრავალი შენობა გადაწვეს.
გარიჟრაჟზე, შევიდა თუ არა ქალაქში, თვალცრემლიანმა ლუკულუსმა მეგობრებს უთხრა: „ყოველთვის ბედნიერ კაცად ვთვლიდი სულას, მაგრამ დღევანდელ დღეს ყველაზე უფრო მეტად მაოცებს მისი ბედნიერება. მას უნდოდა გადაერჩინა ათენი და შეძლო კიდევაც ეს. მე მსურდა მიმებაძა მისთვის, მაგრამ რომელიღაც ბოროტმა სულმა მუმიუსის სახელი მარგუნა წილად“53. მიუხედავად ამისა, ლუკულუსი შეეცადა შეძლებისდაგვარად აეღორძინებინა ქალაქი. მისი აღების დროს ღვთის წყალობით ბედზე წამოსულმა წვიმამ ხანძარი ჩააქრო.
ამისეში ყოფნის დროს ლუკულუსმა მრავალი დანგრეული შენობა აღადგინა, ლტოლვილი ამისელები ალერსიანად მიიღო და დანარჩენ ბერძნებსაც, რომელთაც კი სურდათ, ქალაქში დასახლების უფლება მისცა და ოცდაოთხი სტადიონი მიწა მიუზომა.
ქალაქი ამისე ათენელთა ახალშენი იყო. იგი დაარსდა იმ ხანებში, როდესაც ათენელების ძლიერებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია და როცა ისინი ზღვაზე მბრძანებლობდნენ. აი ეს იყო იმის მიზეზი, რომ ის ათენელები, რომელთაც სურდათ არისტონის ტირანიას გაქცეოდნენ, აქ მოვიდნენ, დასახლდნენ და აქაური მოქალაქეობის უფლება მიიღეს. მაგრამ მას, ვინც შინაურ უბედურებას თავი დააღ– წია, ახლა უცხოეთში უნდა ეგემა ტანჯვა. გადარჩენილი ათენელები ლუკულუსმა შესაფერისი ტანსაცმლით შემოსა, თითოეულ მათგანს ორას-ორასი დრაქმა მისცა და უკან, სამშობლოში, გაისტუმრა.
ამისეს აღების ჟამს რომაელებმა ტყვედ ჩაიგდეს გრამატიკოსი ტირანიონი54. მურენამ55 იგი თავისთვის გამოითხოვა და, როდესაც ტყვე საკუთარ გამგებლობაში მიიღო, თავისუფლება მიანიჭა. კაცმა რომ თქვას, მურენა ასეთ ბრწყინვალე საჩუქარს კეთილშობილურად როდი მოექცა. ლუკულუსი მეტად უღირს საქციელად მიიჩნევდა, ისეთი სახელგანთქმული სწავლული, როგორც ტირანიონი იყო, ჯერ მონად გაეხადათ და მერმე გაეაზატებინათ. მართლაც, მოჩვენებითი განტევება ტირანიონისათვის ჭეშმარიტი თავისუფლების აღკვეთას ნიშნავდა.
სხვათა შორის, მარტოოდენ ამ შემთხვევით როდი გამოამჟღავნა მურენამ, რომ თავის უფროსს ბევრად ჩამორჩებოდა კეთილშობილებაში.
20. ახლა ლუკულუსი აზიის სხვა ქალაქებისაკენ გაემართა იმ განზრახვით, რომ საომარ საქმეთაგან მოცლილობის ჟამს ის სამართალი და კანონები დაეწესებინა, რომლებიც ენით გამოუთქმელსა და წარმოუდგენელ უბედურებაში მომწყვდეულ აზიის საგამგებლოს უკვე დიდი ხანია ესაჭიროებოდა.
მოიჯარენი და მევახშენი ძარცვავდნენ ამ მხარეს და მის მოსახლეობას მონებად ხდიდნენ. ცალკეული პირები იძულებული იყვნენ, საკუთარი ლამაზი ქალ-ვაჟები გაეყიდათ, ხოლო ქალაქები ტაძრის ქონებას, სურათებსა და წმინდა ქანდაკებებს ჰყიდდნენ, მაგრამ საბოლოოდ თვითონაც განწირულნი იყვნენ და მონობა არ ასცდებოდათ. ყველაზე უფრო შემაძრწუნებელი მაინც ის წამება იყო, რასაც იქაურები მონად გახდომამდე განიცდიდნენ. მათ თოკებით სცემდნენ, საპყრობილეებში ჰყრიდნენ, ცხენებით ათრევდნენ, პაპანაქება სიცხეში ღია ცის ქვეშ მზეზე აყენებდნენ, ხოლო სიცივეში ტალახში ან ყინულზე ყრიდნენ. ასე რომ, ამ წამებასთან შედარებით ხალხს მონობა მოსვენებად ეჩვენებოდა.
აი ასეთი საშინელება იხილა ლუკულუსმა აზიის ქალაქებში და უსამართლოდ დაჩაგრულები მყისვე დაიხსნა მარწუხებისაგან. უწინარეს ყოვლისა, ბრძანება გასცა, თავნის მეასედ ნაწილზე მეტი სარგებელი არ მიერიცხათ; მერმე გააუქმა ყოველი სარგებელი, რომელიც თავნს აღემატებოდა. მესამე ღონისძიება, რაც გაატარა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის გახლდათ, რომ მევალეს მოვალის შემოსავლიდან მხოლოდ მეოთხედი წილით უნდა ესარგებლა; ის პირი, ვინც თავნს სარგებელსაც მიათვლიდა, ერთსაც და მეორესაც დაკარგავდა.
ამ ღონისძიებათა წყალობით სულ რაღაც ოთხი წლის მანძილზე ხალხმა მთელი ვალები დაფარა; ყადაღიდან დახსნილი ქონება კი პატრონებს დაუბრუნდა. ვალებში ასეთი საყოველთაო ჩავარდნა იმ ოცი ათასი ტალანტის ბრალი იყო, რომელიც ხარკის სახით სულამ აზიას დაადო. მევალეები გასესხებულს ორმაგად ღებულობდნენ და მათი წყალობით ვალმა სარგებლითურთ ას ოც ათას ტალანტს მიაღწია.
მევახშეებმა, თითქოს საშინლად დაზარალებულებმა, რომში ყვირილი ატეხეს ლუკულუსის წინააღმდეგ: უსამართლოდ მოგვექცაო. მათ ფულით მოისყიდეს ზოგიერთი სახალხო ტრიბუნი და ლუკულუსზე აამხედრეს. ამ მევახშეებს ფრიად დიდი ძალა ჰქონდათ ქალაქში იმის წყალობით, რომ სახელმწიფო მოღვაწეთა შორის საკმაოდ მრავალი მოვალე ჰყავდათ56.
რაც შეეხება ლუკულუსს, მას აფასებდნენ და პატივს სცემდნენ არა მარტო ის ხალხები, რომელთაც კეთილი საქმე უყო, არამედ სხვა საგამგებლო პროვინციებიც. ამ პროვინციების მოსახლეობა ბედნიერად თვლიდა იმათ, რომელთაც ასეთი წინამძღოლის ყოლა ერგოთ წილად.
21. ტიგრანთან გაგზავნილი აპიუს კლოდიუსი (იგი, სხვათა შორის, ლუკულუსის ცოლისძმა გახლდათ) მეფის ეტიკებმა პირველად ჩრდილოეთისაკენ წაიყვანეს შემოვლითი გზით და ტყუილუბრალოდ ბევრი დრო დააკარგვინეს. მაგრამ როცა ერთმა სირიელმა აზატმა სწორი გზა უჩვენა, სოფიზმივით გრძელსა და დახლართულ გზას თავი მიანება და ბარბაროს ეტიკებს გამოეთხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ ევფრატზე გადავიდა და ეგრეთ წოდებულ „დაფნესთან მდებარე“ ანტიოქიას მიადგა57.
აქ ბრძანება მიიღო, ტიგრანისათვის დაეცადა, რომელიც მაშინ ფინიკიაში იმყოფებოდა და იქ ზოგიერთ, ჯერ კიდევ დაუმორჩილებელ ქალაქებს იპყრობდა. ტიგრანის მოლოდინში აპიუსმა თავის მხარეზე გადაიბირა მრავალი მთავარი, რომლებიც სომხეთის მეფის მბრძანებლობის ქვეშ იტანჯებოდნენ. მათ შორის იყო გორდიენეს58 მეფე ზარბიენოსიც. გარდა ამისა, ტიგრანის მიერ დამონებულმა ბევრმა ქალაქმა აპიუსთან ფარულად გამოგზავნა ელჩები. აპიუსმა მათ ლუკულუსის სახელით შემწეობა აღუთქვა და სთხოვა, ჯერჯერობით სიმშვიდე დაეცვათ.
სომხეთის მბრძანებლობა ბერძნებისათვის აუტანლად მძიმე იყო. საოცარი წარმატებებით ფრთაშესხმული მეფე ტიგრანი ნამეტნავად ზვიადი გახდა. მას ეგონა, ყველაფერი ის, რაც ხალხის მისწრაფებისა და გაოცების საგანს წარმოადგენდა, არათუ მას ეკუთვნოდა, არამედ მარტოოდენ მისთვის იყო შექმნილი.
დასაწყისში ტიგრანის ზრახვანი და შესაძლებლობანი უმნიშვნელო იყო. მაგრამ მერმე მრავალი ხალხი დაიმორჩილა და პართების ძლიერება ისე დააკნინა, რაც მანამდე ვერავინ შეძლო. მესოპოტამია ტიგრანმა ბერძნებით აავსო. ისინი იძულებით გადმოასახლა აქ კილიკიიდან და კაპადოკიიდან. ასევე წამოიყვანა სამშობლოდან მომთაბარე არაბები59 და თავისი დედაქალაქის მახლობლად დაასახლა, უნდოდა, ეს ხალხი სავაჭრო საქმეებში გამოეყენებინა.
ტიგრანის გარშემო თავმოყრილი იყო მრავალი მეფე, რომლებიც ემსახურებოდნენ. ოთხი მეფე მაინც, პირისფარეშთა და პირად მცველთა მსგავსად, მუდამ თან ახლდა. თუ ტიგრანი სადმე ცხენით მიდიოდა, ეს მეფეები მოკლე კაბებით ქვეითად მისდევდნენ უკან, ხოლო როცა იჯდა და ვინმესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, გულხელდაკრეფილნი გაუნძრევლად ედგნენ გვერდით. ეს მათ აშკარა მონობას გამოხატავდა. ისინი, ასე ვთქვათ, ხელს იღებდნენ თავისუფლებაზე და საკუთარ თავს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მბრძანებელს უმორჩილებდნენ.
ამ სანახაობამ ვერც შეაშინა და ვერც გააკვირვა აპიუსი. მან ტიგრანს შეხვედრისთანავე პირდაპირ აუწყა თავისი მოსვლის მიზანი: მითრიდატე უნდა წავიყვანო, ვინაიდან იგი ლუკულუსის ტრიუმფის დროს უნდა გაატარონ, როგორც ტყვე; წინააღმდეგ შემთხვევაში, დავალებული მაქვს ომი გამოგიცხადოო.
ტიგრანი თუმცა ცდილობდა მხიარული და მომღიმარი სახე მიეღო და ისე მოესმინა აპიუსის სიტყვები, ყველამ შეამჩნია მის სახეზე აღბეჭდილი აღმფოთება, რაც ახალგაზრდა კაცის პირდაპირმა ლაპარაკმა გამოიწვია: ასეთი თამამი სიტყვები მან თითქმის პირველად მოისმინა თავისი მეფობის, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ძალადობის ოცდახუთი წლის მანძილზე.
ტიგრანმა აპიუსს უპასუხა: მითრიდატეს არ გავცემ, მაგრამ თუ რომაელები ომს დამიწყებენ, თავს დავიცავო.
ლუკულუსზე გამწყრალმა ტიგრანმა, ვინაიდან თავის წერილში უბრალოდ „მეფე“ უწოდა მას და არა „მეფეთა მეფე“, საპასუხო ბარათში იგი იმპერატორად არ მოიხსენია.
აპიუსს ტიგრანმა საუცხოო საჩუქრები მიართვა. აპიუსმა არ მიიღო. მაშინ სომეხთა მეფემ ამ საჩუქრებს კიდევ მიუმატა სხვა რამეებიც და ისე გაუგზავნა. აპიუსს როდი უნდოდა ეფიქრათ, რომ იგი ტიგრანის მტრობის გამო ამბობდა უარს ნაბოძვარზე, ამიტომ ერთი ფიალა აიღო, დანარჩენი საჩუქრები კი ისევ უკან დაუბრუნა ტიგრანს და სასწრაფოდ თავისი სარდლისკენ გაემართა.
22. აქამდე ტიგრანი არც ნახვისა და არც მასთან საუბრის ღირსად არ თვლიდა მითრიდატეს, თუმცაღა მისი ახლობელი კაცი იყო და თანაც ესოდენ დიდი სამეფო ჰქონდა დაკარგული. ტიგრანი მას ფრიად უპატივცემულოდ და ამპარტავნულად მოექცა და, თითქოს ტყვე ყოფილიყო, მოშორებით ერთი ჭაობიანი, მავნე ადგილი მიუჩინა სამყოფად. მაგრამ ახლა, აპიუსის ელჩობის შემდეგ, დიდი პატივითა და მოწიწებით მიიწვია სასახლის კარზე.
სასახლეში გამართულ საიდუმლო თათბირზე, ახლობელ პირთა საუბედუროდ, ტიგრანმა და მითრიდატემ ურთიერთ შორის არსებულ ეჭვსა და უნდობლობას ბოლო მოუღეს და ყველაფერი ახლობლებს: გადააბრალეს.
ამ ბრალდებულთა რიცხვში იყო ნიჭიერი ორატორი და დიდი სწავლული მეტროდორე სკეფსისელი, რომელსაც ისეთი მეგობრობა ჰქონდა მითრიდატესთან, რომ მეტსახელად „მეფის მამას“ ეძახდნენ ერთხელ თურმე მითრიდატემ რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სათხოვნელად იგი ტიგრანთან გაგზავნა. ტიგრანმა, როგორც ამბობენ, მეტროდორეს ჰკითხა: „მენ თვითონ რას მირჩევ ამ შემთხვევაშიო?“ მეტროდორემ, ან ტიგრანის სასარგებლოდ, ანდა, შეიძლება. იმიტომ, რომ მითრიდატეს გადარჩენა არ უნდოდა, სომეხთა მეფეს ასე უპასუხა: „ვითარცა ელჩი, გთხოვ დაეხმარო მითრი– დატეს, ხოლო ვითარცა მრჩეველი, გირჩევ უარი შეუთვალოო“.
ეს ამბავი ტიგრანმა მითრიდატეს გადასცა და თან დაუმატა: იმედი მაქვს, ამისათვის ცუდს არაფერს შეამთხვევ მეტროდორესო. მიუხედავად ამისა, მეტროდორე მითრიდატეს ბრძანებით მყისვე მოკ– ლეს. ტიგრანმა ბევრი ინანა; მაგრამ ამ კაცის უბედურების მიზეზი მთლად იგი არ ყოფილა. მან, ასე ვთქვათ, უკანასკნელი ბიძგი მისცა მეტროდორეს მოძულე მითრიდატე მეფის უკეთურ ზრახვებს.
მითრიდატე უკვე კარგა ხანია ფარულად მტრობდა მას. ეს ამბავი გამომჟღავნდა მითრიდატეს საიდუმლო ბარათებით, რომლებიც რომაელებმა ჩაიგდეს ხელთ. ამ ბარათებში იპოვეს ბრძანება მეტროდორეს სიკვდილით დასჯაზე.
მეტროდორე დიდი პატივით დაკრძალა ტიგრანმა და იმ კაცის გვამის გასაპატიოსნებლად, რომელიც სიცოცხლეში ვერაგულად გასცა, არაფერი არ დაზოგა.
ტიგრანის კარზე გამოესალმა სიცოცხლეს რიტორი ამფიკრატეც. იგი ათენელი იყო და ღირსია მოვიხსენიოთ აქ. როგორც გადმოგვცემენ, ამფიკრატე სამმობლოდან ტიგროსთან მდებარე სელევკიაში გაიქცა60. როცა აქ სთხოვეს, ხალხისათვის მჭევრმეტყველება ესწავლებინა, მან ათვალწუნებითა და კვეხნით განაცხადა: „გეჯა დელფინს ვერ დაიტევსო“61. აქედან იგი მითრიდატეს ასულთან და ტიგრანის მეუღლე კლეოპატრასთან გაემართა. მაგრამ აქ მალე რაღაც ცილი დასწამეს და ბერძნებთან ურთიერთობა აუკრძალეს. ამის გამო შიმშილით მოიკლა თავი. კლეოპატრამ იგიც დიდი პატივით მიაბარა მიწას. მისი გვამი ეგრეთ წოდებულ დაბა საფას მახლობლად განისვენებს.
23. ლუკულუსმა, რომელმაც აზიაში სრული სამართლიანობა და მშვიდობა დაამყარა, არც სიამოვნება და გართობა დაივიწყა. ეფესოში ყოფნის ჟამს იგი საუცხოო ზეიმს, გამარჯვებისადმი მიძღვნილ დღესასწაულს, ათლეტთა და გლადიატორთა შეჯიბრებას აწყობდა. ამით მან მეტისმეტად მოხიბლა მოსახლეობა. აზიის მადლიერმა ქალაქებმა, თავის მხრივ, მის პატივსაცემად „ლუკულუსის დღეობა“ დააწესეს და რომაელ სარდალს ჭეშმარიტი ერთგულება აღუთქვეს, რომელიც ყველა პატივისცემაზე ძვირფასი საჩუქარია.
დაბრუნდა თუ არა აპიუსი, ტიგრანთან ომის დაწყება გადაწყვიტეს. ლუკულუსი მხედრობით კვლავ პონტოს მიადგა და ალყა შემოარტყა სინოპს62, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, მეფის მომხრე კილიკიელებს, რომელთაც ეს ქალაქი ეკავათ. კილიკიელებმა მრავალი სინოპელი გაჟლიტეს, ქალაქი ცეცხლს მისცეს და ღამით იქიდან გაიქცნენ.
როცა ლუკულუსმა ეს გაიგო, ქალაქში შეიჭრა, იქ დარჩენილი რვა ათასი კილიკიელი ააკუწინა და ადგილობრივ მოსახლეობას თავისი ქონება დაუბრუნა. გარდა ამისა, ქალაქზეც დაიწყო ზრუნვა. ამის მიზეზი სიზმარი გახლდათ. ლუკულუსს ეზმანა, თითქოს ვიღაც თავთან დაუდგა და უთხრა: „ცოტა წინ წამოიწიე, ლუკულუსო; აქ ავტოლიკე მოვიდა, შენთან საუბარი სურს“.
ლუკულუსმა გაიღვიძა, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, თუ რას ნიშნავდა სიზმარი. იმ დღეს მან ქალაქი აიღო და კილიკიელთა დევნის დროს, რომლებიც ხომალდებისაკენ გარბოდნენ, ზღვის ნაპირზე დაგდებული ერთი ქანდაკება დაინახა. იგი კილიკიელებს წამოეღოთ ქალაქიდან, მაგრამ ხომალდზე ატანა ვეღარ მოასწრეს. ეს ქანდაკება სთენისის63 ერთ-ერთი ულამაზესი ნაწარმოები იყო. ლუკულუსს ვიღაცამ უთხრა, რომ ეს სინოპის დამფუძნებლის, ავტოლიკეს ქანდაკება არისო. გადმოცემის თანახმად, ავტოლიკე დეიმაქეს ძე ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომლებიც თესალიიდან წამოვიდნენ და ჰერაკლესთან ერთად ამაძონების წინააღმდეგ იბრძოდნენ. როცა ავტოლიკე ამ ლაშქრობიდან ზღვით სამშობლოში ბრუნდე- ბოდა დემოლეონტისა და ფლოგიოსის თანხლებით, ხერონესოსის მახლობლად მდებარე ეგრეთ წოდებულ პედალიონთან ხომალდი დაეღუპა. თვითონ კი, თავისი იარაღებითა და მეგობრებით, გად– არჩა და სინოპს მიადგა. მან ეს ქალაქი სირიელებს წაართვა. სინოპი მაშინ, როგორც ამბობენ, აპოლონის და ასოპოსის ასულ სინოპეს ძის, სიროსის ნაშიერ სარდლებს ეკავათ64.
როცა ლუკულუსმა ეს გაიგო, მყისვე გაახსენდა სულას დარიგება. თავის „მოგონებებში“ სულა ამბობს, არაფერი არ უნდა ჩათვალოს კაცმა ისე სანდოდ და ისე ჭეშმარიტად, როგორც ის, რაც სიზმრად გამოგვეცხადება ხოლმეო.
როცა ლუკულუსმა შეიტყო, მითრიდატე და ტიგრანი მზად არიან აზიაში შესაჭრელად და ლიკაონიისა და კილიკიის მხარეებში მხედრობის გადასაყვანადო, მეტისმეტად გაუკვირდა. მას აოცებდა ის ამბავი, რომ სომეხთა მეფემ, რომელსაც რომაელებთან ომის დაწყება ჰქონდა განზრახული, არ გამოიყენა მითრიდატე მისი ძლევამოსილების ხანაში და მის დიდ ძალებს თავისი არ შეუერთა. ახლა კი, როცა მითრიდატეს ყველაფერი დააკარგვინა და განადგურებამდე მიიყვანა, ფრიად უმწეო იმედებით მოინდომა ომის დაწყება და თავს საფრთხეში იგდებდა იმათთან ერთად, რომელთაც ფეხზე წამოდგომა აღარ შეეძლოთ65.
24. მითრიდატეს შვილმა მახარემ66, რომელსაც ბოსფორის სამეფო ეკავა ლუკულუსს ათას ოქროდ ღირებული გვირგვინი გამოუგზავნა და სთხოვა, რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ მიეღო. ამის საფუძველზე ლუკულუსმა იფიქრა, პირველი ომი უკვე დამთავრდაო. პონტოს სანაპიროთა დასაცავად აქ ექვსთვიანი მხედრობით სორნაციუსი დატოვა, თვითონ კი თორმეტი ათასი ქვეითი და, სულ ცოტა, სამი ათასი ცხენოსნით კვლავ საომრად დაიძრა. იგი, როგორც ჩანდა, რაღაც დიდი, უგუნური გამბედაობით წაქეზებული თამამად მიემართებოდა იმ მეომარ ტომთა წინააღმდეგ, რომელთაც მრავალი ათასი ცხენოსანი ჰყავდათ და ღრმა მდინარეებით დასერილი და მარადიული თოვლით დაფარული მთებით გარშემორტყმული უსაზღვრო მიწა-წყალი ეკავათ. ჯარისკაცები რომლებიც ისედაც არ იცავდნენ ხოლმე წესრიგს, ახლა ფრიად უხალისოდ მიჰყვებოდნენ ლუკულუსს და აშკარად გამოხატავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას. დემაგოგებმა რომში ყვირილი ატეხეს. ისინი ამბობდნენ: ლუკულუსმა ერთ ომს მეორე მიაყოლა მაშინ, როცა სახელმწიფოს ეს სრულებით არ სჭირდებაო. იგი მხოლოდ იმიტომ იქცევა ასე, რომ მთავარსარდლის სახელი შეინარჩუნოს, იარაღს არ ყრის და ქვეყნის განსაცდელის ფასად პირად გამდიდრებაზე ზრუნავსო.
დემაგოგებმა ბოლოს და ბოლოს თავიანთ მიზანს მიაღწიეს; მაგრამ ეს შემდეგ მოხდა. ლუკულუსი დიდი სისწრაფით მიიწევდა წინ და ევფრატს მიადგა. როცა ეს მდინარე იქაური ზამთრის წვიმების შედეგად ადიდებული და ამღვრეული დაინახა, შეწუხდა. ეგონა, აქ ნავების მოსაგროვებლად და ტივების შესაკვრელად დიდი შრომა და დრო დასჭირდებოდა. მაგრამ, მისდა საბედნიეროდ, საღამო ჟამს წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია, ღამით სულ შემცირდა, ხოლო გარიჟრაჟზე მდინარე თვალნათლივ მთლიანად ჩაჯდა კალაპოტში. როცა იქაურმა მკვიდრებმა მდინარეში, ფონის მთელ სიგრძეზე პატარ-პატარა, ახლად ამოზიდული კუნძულები დაინახეს, რომელთა ირგვლივ წყალი უმოძრაოდ იდგა, ლუკულუსის წინ პირქვე დაემხნენ. ასეთი რამ უწინ ფრიად იშვიათად ხდებოდა. იქაურებმა იფიქრეს, მდინარე ლუკულუსის მონა-მორჩილი ყოფილა, მას ემსახურება და ადვილი გადასვლის საშუალებას აძლევსო.
ისარგებლა რა ამ შემთხვევით, ლუკულუსმა ჯარი მდინარეზე გადაიყვანა. ამ დროს კარგის მომასწავებელი ნიშანი იხილა. იქ, მდინარის ნაპირებზე, ბალახობდნენ სპარსელ არტემიდესადმი შეწირული ძროხები. ევფრატის გაღმა ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსები ყველაზე უფრო დიდ თაყვანს ლმერთთაგან ამ ღმერთქალს სცემდნენ. იმ ძროხებს მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლშეწირვისათვის იყენებდნენ. ასე რომ, ეს ძროხები, რომელთაც დაღად ღმერთქალის ნიშანი – ჩირაღდანი ესვათ, თავისუფლად დანავარდობდნენ იმ მხარეში. საჭიროების დროს ასეთი ძროხის დაჭერა ადვილი საქმე როდია.
და აი, როცა ლუკულუსის მხედრობა ევფრატზე გადავიდა, ერთ–ერთი ძროხა ნახირს გამოეყო, ღმერთქალისადმი შეწირულ ერთ წმინდა. ლოდთან მივიდა, შედგა ზედ, ჩაქინდრა თავი, თითქოს თოკით ჩამოქაჩესო, და ლუკულუსს შესაწირველად დამორჩილდა. გარდა ამისა, წყალზე მშვიდობით გადასვლის აღსანიშნავად, ლუკულუსმა ერთი ხარი მდინარე ევფრატსაც შესწირა.
იმ დღეს მან იქ დაისვენა, ხოლო მეორე დღეს და მომდევნო დღეებში სულ სოფენეზე67 გავლით მიემართებოდა. მოსახლეობას, რომელიც ეგებებოდა და მის მხედრობას გულითადად ღებულობდა, ცუდი არაფერი შემთხვევია, ის კი არა, როცა ჯარისკაცებმა ერთი იქაური ციხესიმაგრის აღება მოისურვეს, სადაც მათი ფიქრით, დიდძალი ქონება უნდა ყოფილიყო, ლუკულუსმა ხელი საკმაოდ შორს მდებარე ტავროსის მთებისაკენ გაიშვირა და მეომრებს უთხრა: „ჯერ ის ციხესიმაგრე უნდა ავიღოთ; დანარჩენი ისედაც გამარჯვებულთა ხვედრიაო“.
ლუკულუსმა კვლავ სწრაფი ნაბიჯით გასწია წინ, გადალახა ტიგროსი და სომხეთში შეიჭრა.
25. პირველსავე მაცნეს, რომელმაც ტიგრანს ლუკულუსის მოახლოება აუწყა, ჯილდოს ნაცვლად თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ ლუკულუსის მოახლოებაზე სიტყვას ვერავინ სძრავდა. ტიგრანმა არც კი იცოდა, რომ უკვე გარს ომის ცეცხლი ჰქონდა შემონთებული, მშვიდად იჯდა და მლიქვნელთა ლაპარაკს უსმენდა. ისინი ამბობდნენ: ლუკულუსი მართლა დიდ სარდლად ჩაითვლება, თუკი ტიგრანს ეფესოში მოუცდის და მაშინვე არ გაიქცევა აზიიდან, როგორც კი სომხეთის უზარმაზარ მხედრობას დაინახავსო.
როგორც ყველა სხეულს არ შეუძლია ბევრი შუმი ღვინის ატანა, ისე ყველა ადამიანს არ შეუძლია ჭკუა-გონების შენარჩუნება დიდი ბედნიერების ჟამს.
ახლო მეგობართაგან მარტოოდენ მითრობარძანემ გაბედა პირველად, სიმართლე ეთქვა ტიგრანისათვის. ასეთი სითამამის სანაცვლოდ საკმაოდ ცუდი საჩუქარი მიიღო. იგი მყისვე გაგზავნეს ლუკულუსის წინააღმდეგ სამი ათასი ცხენოსნითა და დიდძალი ქვეითი ჯარისკაცით და უბრძანეს, ცოცხლად მოეყვანათ რომაელთა სარდალი, ხოლო ყველა დანარჩენი შეუბრალებლად გაეჟლიტათ.
ლუკულუსის მხედრობის ნაწილი ამ დროს უკვე ადგილზე იყო დაბანაკებული, დანარჩენი კი ჯერ კიდევ გზაში იმყოფებოდა და თანდათან ახლოვდებოდა. როცა მზვერავებმა ლუკულუსს აუწყეს, ჩვენკენ ბარბაროსი მოდისო, შეშინდა. არ უნდოდა, მტერი მის შუაზე გაყოფილსა და ბრძოლისათვის დაუწყობელ მხედრობას დასხმოდა თავს და მის რიგებში ჩოჩქოლი შეეტანა.
ლუკულუსმა ჯარის დაბანაკება განაგრძო, ხოლო მტრის წინააღმდეგ ექვსი ათასი ცხენოსნითა და ოდნავ მცირერიცხოვანი მძიმედ და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითებით ლეგატი სექსტილიუსი გაგზავნა: უბრძანა, ახლოს მისულიყო მტერთან და მანამ მოეცადა, ვინემ არ შეიტყობდა, რომაელთა ჯარი მთლიანად დაბანაკდაო.
სექსტილიუსი მზად იყო, მთავარსარდლის ბრძანება შეესრულებინა, მაგრამ: მითრობარძანე მამაცურად ეკვეთა მას და ისიც. იძულებული გახდა, ბრძოლაში ჩაბმულიყო.
ამ დროს მითრობარძანე დაეცა, მისი მეომრები უკუიქცნენ და მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, რომაელებმა ყველა გაჟლიტეს.
მაშინ ტიგრანმა მიატოვა მის მიერ აგებული დიდი ქალაქი ტიგრანოკერტა68, დაიხია ტავროსისაკენ და იქ მთელი თავისი ძალების თავმოყრა დაიწყო. ლუკულუსმა, რომელიც ტიგრანს მომზადებისათვის დროს არ აძლევდა, მურენა გაგზავნა დავალებით, მოსვენება არ მიეცა და გზა გადაეჭრა იმ ძალებისათვის, რომლებიც ტიგრანის გარშემო იკრიბებოდნენ, სექსტილიუსს კი უბრძანა, უკუეგდო მეფის დასახმარებლად მიმავალ არაბთა უშველებელი ურდო.
სექსტილიუსი ანაზდეულად დაესხა თავს არაბებს, რომლებიც, ის-ის იყო, ბანაკს სცემდნენ და მათი უმრავლესობა შემუსრა. მურენა კი ფეხდაფეხ მისდევდა ტიგრანს, რომელიც დიდი მხედრობისათვის ვიწრო და გაუვალი ხეობით მიემართებოდა. აქ მურენამ იხელთა მარჯვე დრო და სომხეთის მეფეზე იერიში მიიტანა.
ტიგრანმა მიატოვა მთელი თავისი აღალი და გაიქცა. ამ ბრძოლაში ბევრი სომეხი დაეცა, უფრო მეტი კი ტყვედ ჩავარდა.
26. ლუკულუსმა რომ თავისიანების წარმატება დაინახა, მხედრობა ტიგრანოკერტასკენ დაძრა, იქ დაბანაკდა და ქალაქს ალყა შემოარტყა.
ტიგრანოკერტაში კილიკიიდან გადმოსახლებული მრავალი ბერძენი ცხოვრობდა. აქვე იყვნენ, ბერძენთა მსგავსად, ძალით გადმოსახლებული ბარბაროსებიც: ადიაბენელები69, ასირიელები, გორდიენელები და კაპადოკიელები. ტიგრანმა მათი სამშობლო ადგილები მიწასთან გაასწორა, ხოლო ისინი აიძულა აქ, ტიგრანოკერტაში დასახლებულიყვნენ.
ქალაქი ტიგრანოკერტა სავსე იყო დიდძალი განძითა და საუცხოო ძეგლებით. როგორც უბრალო, ისე წარჩინებული მოქალაქე თავგამოდებით ეჯიბრებოდა მეფეს ქალაქის გაზრდასა და გამშვენიერეაში.
აი, ლუკულუსმაც ამის გამო უფრო მეტად გააძლიერა ალყა. იგი დარწმუნებული იყო, ტიგრანი ამას ვერ აიტანდა, რისხვა აზრს შეაცვლევინებდა და ბრძოლის გასაჩაღებლად უკან დაბრუნდებოდა. ლუკულუსი არც შემცდარა.
მითრიდატე წამდაუწუმ შიკრიკებსა და წერილებს უგზავნიდა ტიგრანს და ურჩევდა, ბრძოლაში არ ჩაბმულიყო, მხოლოდ ცხენოსანი ჯარით მტრისათვის სურსათის მისაზიდი გზები გადაეჭრა. ასევე დაჟინებით სთხოვდა მეფეს, გაფრთხილებულიყო, რომაელთა დაუძლეველ იარაღს გაქცეოდა მასთან მითრიდატეს მიერ მიგზავნილი ტაქსილე, რომელიც ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ70.
პირველ ხანებში ტიგრანი მათ გულდასმით უსმენდა, მაგრამ როცა მასთან სომეხთა და გორდიენელთა მთელი მხედრობა მივიდა, როცა უკლებლივ გამოცხადდა მიდიელთა და ადიაბენელთა ლაშქარი თავ თავიანთი მეფეების წინამძღოლობით, როცა მოზღვავდნენ ბაბილონის ზღვის71 სანაპიროდან წამოსულ არაბთა უთვალათი ურდოები, კასპიის ზღვის მხრიდან დაძრული მრავალრიცხოვანი ალბანები და ალბანების მეზობლად მცხოვრები იბერები და არაქსის72 სანაპიროებზე მოსახლე თავისუფალ ტომთა საკმაოდ დიდი ჯარები, რომლებიც ტიგრანის ალერსიანმა თხოვნამ და უხვმა საჩუქრებმა მოიზიდეს, მაშინ მეფის სუფრასა თუ საბჭოზე იმედითა და გამბედაობით აღსავსე ხმები და რომაელთა მისამართით ბარბაროსული მუქარა გაისმა.
ტაქსილემ, რომელიც ბრძოლის დაწყების წინააღმდეგი იყო, კინაღამ თავი არ დაკარგა. ტიგრანს ეჭვი ჰქონდა, რომ მითრიდატე შურის გამო ცდილობდა აეცდინა იგი ბრძოლიდან, რომელიც დიდი წარმატების მიღწევას უქადდა.
ამის გამო ტიგრანმა მითრიდატეს აღარ დაუცადა. არ უნდოდა, მითრიდატესაც ჰქონოდა წილი დიდ გამარჯვებაში და მთელი თავისი მხედრობით რომაელთა წინააღმდეგ გაემართა. როგორც ამბობენ, მაშინ თურმე მეომრებს შესჩივლა, რომ, მისდა სამწუხაროდ, ბრძოლა მოუწევს მარტოოდენ ლუკულუსთან და არა რომაელთა ყველა სარდალთან.
ტიგრანის გამბედაობა, სხვათა შორის, სრულიადაც არ იყო უგუნური და უაზრო: სომხეთის მეფე ხედავდა, რომ მას უკან მიჰყვებოდნენ აურაცხელი ტომები, მრავალი მეფე და დიდძალი ქვეითი თუ ცხენოსანი ჯარი. მას საბრძოლველად მიჰყავდა ოცი ათასი მშვილდოსანი და მეშურდულე, ორმოცდათხუთმეტი ათასი მხედარი, აქედან ჩვიდმეტი ათასი – როგორ ლუკულუსი სენატს სწერდა – აბჯარში იყო ჩამჯდარი და კიდევ – ას ორმოცდაათი ათასი კოჰორტებად და ფალანგებად დაწყობილი მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ჯარი. გარდა ამისა, ტიგრანის ლაშქარში ირიცხებოდა ოცდათხუთმეტ ათასამდე გზისა და ხიდის მკეთებელი, მდინარეთა ფონის გამწმენდი, ტყის მკაფავი და სხვა სამუშაოთა შემსრულებელი კაცი. ისინი ზურგში უდგნენ მებრძოლებს და მთელი ჯარის გარეგნულ იერს ძალას ჰმატებდნენ.
27. აი, ამ ძალებით ტიგრანმა ტავროსი გადალახა და ტიგრანოკერტა რომაელთა ჯარით ალყაშემორტყმული დაინახა. ქალაქში მყოფი ბარბაროსები ტიგრანის გამოჩენას სიხარულის ყიჟინითა და ტამისცემით შეხვდნენ. ისინი რომაელებს ემუქრებოდნენ და ქალაქის კედლებიდან სომხეთის მხედრობაზე უთითებდნენ.
ლუკულუსმა მომავალი ბრძოლის თაობაზე თათბირი გამართა. ზოგიერთი ურჩევდა, მოეხსნა ალყა და ტიგრანის წინააღმდეგ დაეძრა ჯარი, ზოგიერთი კი შეუძლებლად თვლიდა ზურგში ამდენი მტრის დატოვებასა და ალყის მოხსნას. ლუკულუსმა განაცხადა, ცალ-ცალკე არც ერთი რჩევა არ ვარგა, მაგრამ ორივე ერთად ჭკვიანურიაო, და თავისი მხედრობა ორ ნაწილად გაყო. მურენა ექვსი ათასი ქვეითი ჯარისკაცით ქალაქის საალყოდ დატოვა, თვითონ კი თან წაიყვანა ოცდაოთხი კოჰორტი, რომლებიც ათი ათასამდე მძიმედ შეიარაღებულ ქვეით მეომარს მოითვლიდნენ, მთელი ცხენოსანი ჯარი, დაახლოებით ათას კაცამდე მეშურდულე და მშვილდოსანი, და მტრისკენ გაეშურა. იგი ერთ ვრცელ მინდორზე, მდინარის გაყოლებაზე დაბანაკდა.
ლუკულუსის მხედრობა ფრიად უმნიშვნელო მოეჩვენა ტიგრანს, მლიქვნელებს კი ქილიკობის საბაბი მიეცათ. ერთნი დასცინოდნენ ლუკულუსს, მეორენი კი მომავალი ნადავლის გასაყოფად უკვე წინასწარ ყრიდნენ წილს. ყოველი სარდალი და პატარა მეფე ცალ–ცალკე ეხვეწებოდა ტიგრანს: მაგ საქმის მოსაგვარებლად მარტო მე გამიშვი, შენ კი მშვიდად იჯექი და უცქირეო. ტიგრანმა მხიარული გუნებისა და ენამახვილობის გამომჟღავნების სურვილით, ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: „თუ ეს რომაელები ელჩებად მოვიდნენ აქ, მეტისმეტად ბევრნი არიან, თუ ჯარისკაცებად – ფრიად მცირენიო“.
აი, ასე ლუკულუსის დაცინვასა და ქილიკობაში გაატარეს ის დღე ტიგრანმა, და მისმა ამალამ. გარიჟრაჟზე ლუკულუსმა იარაღასხმული გამოიყვანა თავისი მხედრობა. ბარბაროსთა ჯარი მდინარის აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. რაკი მდინარე დასავლეთის მიმართულებით უხვევდა, სადაც ყველაზე უფრო ადვილი იყო მასზე გადასვლა, ლუკულუსმაც ჯარი იქითკენ წაიყვანა. ეს მეტად.სწრაფად გააკეთა. ტიგრანს კი ეგონა, ლუკულუსმა უკან დაიხიაო. მან დაუძახა ტაქსილეს და სიცილით უთხრა: „ვერ ხედავ, როგორ გარბიან რომაელთა უძლეველი ჯარისკაცები?“ „მეფეო, – უპასუხა ტაქსილემ, – მე ძალიან მინდა, შენდა საბედნიეროდ, რამე სასწაული მოხდეს; მაგრამ რომაელი მეომრები, როცა ისინი გზად მიდიან, ძვირფას ტანსაცმელს არ იცვამენ, არც ასე ახურავთ მუზარადები და იარაღიც, როგორც აი ახლა, ასე როდი აქვთ ტყავის ბუდიდან ამოწვდილი. მათი ბრწყინვალე იერი იმას ამტკიცებს, რომ ისინი ბრძოლისათვის არიან მზად და უკვე იერიშზე მოდიანო“.
ტაქსილეს ტიგრანთან საუბარი ჯერ არც დაემთავრებინა, რომ ლუკულუსის პირველი ლეგიონი ყველასათვის აშკარად შემობრუნდა. მდინარეზე გადასასვლელად კოჰორტებიც ცალ-ცალკე რაზმებად დაიყო. ტიგრანი თითქოს ახლაღა გამოფხიზლდა და ორჯერ თუ სამჯერ შეჰყვირა: „ნუთუ ჩვენ წინააღმდეგ მოდიან რომაელები?!“ მისმა ურდომ დიდი ალიაქოთით დაიწყო საბრძოლველად დარაზმვა.
შუა ადგილი მეფემ დაიკავა, მარცხენა ფრთის წინამძღოლობა ადიაბენელთა მთავარს მისცა, ხოლო მარჯვენაზე მიდიელთა მეფე დააყენა. მარჯვენა ფრთის წინა ხაზზე აბჯარში ჩამსხდარ მხედართა დიდი ნაწილი ჩამწკრივდა.
ის-ის იყო ლუკულუსმა მდინარეზე გადასვლა დააპირა, რომ ზოგიერთმა მისმა ხელქვეითმა ურჩია, გაფრთხილებოდა დღევანდელ დღეს, ერთ–ერთ იმ კვიმატ დღეთაგანს, რომელთაც „ნავს დღეებს“ ეძახიან; სწორედ ამ დღეს კიმბრებთან ბრძოლაში დაიღუპა ცეპიონის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი რომაელთა მხედრობაო73. ლუკულუსმა მათ ცნობილი სიტყვებით უპასუხა: „რომაელებისათვის მე ამ დღესაც ბედნიერ დღედ ვაქცევო“. ეს იყო ოქტომბრის ნონების წინადღე.
28. თქვა თუ არა ეს, ლუკულუსმა თავისიანები გაამხნევა, მდინარეზე გადავიდა და პირველი დაიძრა მტრის წინააღმდეგ. მას თვალისმომჭრელად ელვარე ქიცვიანი რკინის აბჯარი ეცვა, რომელზედაც ფოჩებიანი სამხედრო წამოსასხამი ჰქონდა მოგდებული. ხელში ლუკულუსს ქარქაშიდან ამოწვდილი ხმალი ეჭირა და ზევით სწევდა იმის ნიშნად, რომ საჭირო იყო დაუყოვნებლივ ჰკვეთებოდნენ მტრის მშვილდოსნებს, რომლებიც სეტყვასავით აყრიდნენ რომაელებს ისრებს, და სწრაფი იერიშით მათთვის ისრის სატყორცნი მანძილი წაერთმიათ.
მალე მან დაინახა თავით ფეხამდე აბჯარში ჩამჯდარი ცხენოსანი ჯარი, რომელზედაც მტერი დიდ იმედებს ამყარებდა. ამ ჯარს დაეკავებინა ერთი განიერი გორაკი. მასზე ასასვლელად მოწინააღმდეგეს სულ რაღაც ოთხი სტადიონის გავლა დასჭირდებოდა, თანაც გზა სრულიადაც არ იყო დამრეცი და ძნელი სავალი. ლუკულუსმა მის განკარგულებაში მყოფ თრაკიელ და გალატელ მხედრებს უბრძანა, გვერდიდან შემოევლოთ გორაკისათვის, დასხმოდნენ თავს მტრის ცხენოსნებს და მათი შუბები ხმლის დაკვრით მოეგერიებინათ. ერთადერთი ძალა აბჯარში ჩამსხდარი ცხენოსნებისათვის შუბი არის. ასეთი ჯარი, მძიმე და უხეში საჭურვლის გამო, მეტად ზანტად მოძრაობს და შუბის გარდა სხვა იარაღით ვერც საკუთარ თავს დაიცავს, ვერც მტერს მიაყენებს ვნებას.
თვითონ ლუკულუსი ორი კოჰორტით გორაკის დასაკავებლად გაეშურა. ჯარისკაცები მამაცურად მისდევდნენ უკან. ისინი ხედავდნენ, იარაღასხმული წინამძღოლი ყველაზე წინ რომ მიდიოდა ქვეითად, არ ერიდებოდა განსაცდელს და თავგამოდებით მიიწევდა გორაკისაკენ.
ავიდა თუ არა გორაკზე, ლუკულუსი ერთ საჩინო ადგილზე დადგა და მთელი ძალ–ღონით შეჰყვირა: „ჩვენ გავიმარჯვეთ, მეგობრებო, ჩვენ გავიმარჯვეთ!“ ამ სიტყვებით ჯარი მტრის აბჯარში ჩამჯდარი მხედრობისაკენ დაძრა და ჯარისკაცებს უბრძანა, ოროლები აღარ ეხმარათ, ყოველ მათგანს ხელში ხმალი მოემარჯვებინა და მტრისათვის ფეხებსა და თეძოებზე დაეცხოთ, ვინაიდან აბჯარში ჩამჯდარ ცხენოსნებს მხოლოდ ეს ადგილები ჰქონდათ დაუფარავი.
ამ ბრძანების შესრულება საჭირო აღარ იყო. ტიგრანის აბჯროსანმა ცხენოსნებმა რომაელების შემოტევას აღარ დაუცადეს, შემაძრწუნებელი ყვირილი ატეხეს და სამარცხვინოდ გაიქცნენ. ისინი ჯავშნისაგან დამძიმებული ცხენებით საკუთარი ქვეითი ჯარის რიგებში შეიჭრნენ. მოწინააღმდეგის ქვეითებმა ბრძოლის დაწყება ვეღარ მოახერხეს. ასე რომ, ტიგრანის მრავალათასიანი მხედრობა ბრძოლისა და სისხლის ღვრის გარეშე დამარცხდა.
დიდი ხოცვა-ჟლეტა გაიმართა მხოლოდ მტრის „კან გაქცევის ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ამის ცდის დროს. მტერმა გაქცევა ვერ შეძლო. მისი ხშირი რიგები ამ შემთხვევაში ფრიად დამაბრკოლებელ გარემოებად გადაიქცა.
ტიგრანმა ჯერ კიდევ დასაწყისშივე უშველა თავს რამდენიმე კაცის თანხლებით. როცა დაინახა, შვილიც მის ბედს იზიარებდა, თავიდან გვირგვინი ჩამოიღო, აცრემლებული თვალებით შვილს გადასცა და უთხრა, როგორმე თავი გადაერჩინა და სხვა გზით გაქცეულიყო. მაგრამ ჭაბუკმა გვირგვინის თავზე შემოდგმა ვერ გაბედა და ერთ ყველაზე სანდო მსახურს გადასცა შესანახად. ეს მსახური შემთხვევით ტყვედ ჩავარდა. იგი ლუკულუსთან მიიყვანეს. ისე რომ, სხვა ნადავლთან ერთად, ტიგრანის გვირგვინიც რომაელთა ხელში აღმოჩნდა.
როგორც ამბობენ, ამ ბრძოლაში ასი ათასზე მეტი ქვეითი მეომარი დაკარგა მტერმა, ხოლო მის ცხენოსანთაგან თითქმის არავინ გადარჩენილა. რაც შეეხება რომაელებს, მათ ასამდე კაცი დაუჭრეს, ხუთი კი მოუკლეს74.
ანტიოქე ფილოსოფოსი75, რომელიც ამ ბრძოლას მოიხსენიებს, აცხადებს: „რომაელები სირცხვილისაგან წითლდებოდნენ და თავის თავს დასცინოდნენ, ამისთანა ღვთის გლახებზე როგორ აღვმართეთ იარაღიო“. ლივიუსი კი ამბობს: „მტრის რიცხობრივად ასე ჭარბ ძალებს რომაელები აქამდე არასოდეს შეხვედრიან საბრძოლველად; გამარჯვებულნი თითქმის ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ ნაკლებნი იყვნენ დამარცხებულებზეო77.
რომაელთა შორის ყველაზე უფრო გამოჩენილ და მრავალომგადახდილი სარდლები უპირატესად იმისთვის აქებდნენ ლუკულუსს, რომ ორი მეტისმეტად სახელგანთქმული და უძლიერესი მეფე ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო საშუალებით – სისწრაფითა და დაყოვნებით დაამარცხა. მართლაც, მითრიდატე ლუკულუსმა მისი ძლიერების ჟამს დროის გაჭიანურებითა და ნელი მოქმედებით დაასუსტა, ხოლო ტიგრანი სწრაფი იერიშით გატეხა.
ლუკულუსი იმ მცირერიცხოვან სარდალთა რიგს ეკუთვნოდა, რომლებიც თავ თავის დროზე გადამწყვეტ საქმეში აუჩქარებელ მოქმედებას, ხოლო თავის დასაცავად გაბედულ იერიშს მიმართავდნენ.
29. სწორედ ამის გამო მითრიდატე მაინცდამაინც დიდი სიჩქარით არ მიისწრაფოდა ბრძოლისაკენ. იგი ფიქრობდა, ლუკულუსი მისთვის ჩვეული სიფრთხილითა და დაყოვნებით იომებდა და ამიტომ ტიგრანის დასახმარებლად ფრიად დინჯად მიემართებოდა. მაგრამ როცა გზაზე რამდენიმე დაფეთებული და შეშინებული სომეხი ლტოლვილი შემოეყარა, მაშინვე მიხვდა, საქმე ცუდად იყო. მერმე და მერმე მითრიდატეს მრავალი უიარაღო დაჭრილი მეომარი ხვდებოდა გზაში. მან აქ შეიტყო სომეხთა მარცხი და ტიგრანის ძებნას შეუდგა.
მითრიდატემ ტიგრანი ყველასაგან მიტოვებული და სასოწარკვეთილი იხილა, მაგრამ სამაგიერო კი არ გადაუხადა და ამპარტავნულად როდი მოექცა, პირიქით, ცხენიდან ჩამოხდა და მასთან ერთად საერთო უბედურება დაიტირა; მერმე მთელი თავისი ამალა დაუთმო და მომავლის იმედით გაამხნევა. ამის შემდეგ მითრიდატე და ტიგრანი კვლავ ახალი ძალების შეგროვებას შეუდგნენ.
ამასობაში ქალაქ ტიგრანოკერტას ბერძნული მოსახლეობა იქაურ ბარბაროსთა წინააღმდეგ აღდგა და მოინდომა, ქალაქი ლუკულუსისათვის ჩაებარებინა. მაშინ ლუკულუსი იერიშზე გადავიდა და ქალაქი აილო. სამეფო განძეულობა თავისთვის დაიტოვა, ქალაქი კი გასაძარცვავად დაუთმო ჯარისკაცებს, რომლებმაც იქ სხვა ქონებასთან ერთად რვა ათასი ტალანტი ლითონის ფული ნახეს. ამის გარდა, ლუკულუსმა ყოველ ჯარისკაცს რვაასი დრაქმაც მისცა ნადავლიდან78. მალე მან შეიტყო, რომ ქალაქში იმყოფებოდა დიონისეს საქმის მრავალი ოსტატი79, რომლებიც ტიგრანს მის მიერ აგებული თეატრის გახსნისათვის ყოველი მხრიდან შემოეკრიბა. ლუკულუსმა ისინი გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ შეჯიბრებასა და სანახაობაში გამოიყვანა.
ტიგრანოკერტაში მყოფ ბერძნებს ლუკულუსმა საგზაო მარაგი დაურიგა და სამშობლოში გაისტუმრა. ასევე მოიქცა აქ ძალით გადმოსახლებულ ბარბაროსთა მიმართაც. მართალია, ერთი ქალაქი დაინგრა, სამაგიეროდ, მრავალი ქალაქი ისევ აღორძინდა და ამ ქალაქებმა თავ-თავიანთი მოსახლეობა უკან დაიბრუნა. სამშობლოში დაბრუნებულმა ხალხმა ლუკულუსს, როგორც კეთილმოქმედსა და ქალაქთა ამაღორძინებელ კაცს, თაყვანი სცა.
ლუკულუსი დანარჩენ საქმეებშიც იმ კაცის ღირსებისათვის შესაფერ წარმატებებს აღწევდა, რომელიც სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობისათვის შექებას უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ომში მოპოვებული გამარჯვებებისათვის შესხმულ ხოტბას. ბრძოლაში მიღწეულ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წილი ედო მხედრობას და კიდევ უფრო მეტი ბედს; სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა კი ლუკულუსის სათნოებისა და ზრდილობის მაუწყებელი იყო. იგი სწორედ ამის წყალობით იარაღის გარეშე ახერხებდა ბარბაროსთა მოთვინიერებას. არაბთა მეფენი თავისი ნებით ეახლნენ და მთელი თავიანთი ქონება გადასცეს. ასევე მოვიდნენ მასთან სოფენეს მკვიდრნი, გორდიენეს მოსახლეობა კი ისე მიენდო ლუკულუსს, რომ ყველანი მზად იყვნენრ საკუთარი ქალაქები მიეტოვებინათ და მას გაჰყოლოდნენ უკან. ამის მიზეზი ისევ და ისევ მისი სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა გახლდათ.
გორდიენეს მეფე ზარბიენოსი, რომელიც ვერ იტანდა ტიგრანის ტირანიას, აპიუსის მეშვეობით, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, ლუკულუსთან საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებდა მოკავშირეობის თაობაზე, მაგრამ იგი მანამდე გასცეს და მოკლეს ცოლშვილთან ერთად, ვიდრე რომაელები სომხეთში შეიჭრებოდნენ. ლუკულუსს ეს ამბავი კარგად ახსოვდა და, როცა გორდიენეში შევიდა, დიდი ამბით დაკრძალა ზარბიენოსი. ამ შემთხვევისათვის საჭირო კოცონი სამეფო ტანსაცმლით, ოქროულობითა და იმ ნადავლით მორთო, რომელიც ტიგრანს წაართვა. ლუკულუსმა კოცონი საკუთარი ხელით აანთო და მიცვალებულს მის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად ზედაშე დაუქცია. ამ წესის აღსრულების დროს იგი ზარბიენოსს თავის მეგობრად და რომაელთა მოკავშირის სახელით მოიხსენიებდა. გარდა ამისა ლუკულუსმა ბრძანა, გორდიენეს მეფისათვის ძვირფასი ძეგლი აეგოთ. ზარბიენოსის სასახლეში დიდძალი ოქრო-ვერცხლი აღმოჩნდა. აქვე იყო შენახული სამი მილიონი მედიმნი ხორბალი80. ასე რომ, ნადავლმა ჯარისკაცებიც გაამდიდრა და ლუკულუსმაც საყოველთაო განცვიფრება გამოიწვია. საქმე ის იყო, რომ ლუკულუსს სახელმწიფო ხაზინიდან ერთი დრაქმაც არ მიუღია. საომარ ხარჯებს ომში მოპოვებული ნადავლით ფარავდა.
30. იმ ხანებში ლუკულუსთან პართების მეფის გამოგზავნილი ელჩები მოვიდნენ. ისინი მეგობრულ კავშირს სთხოვდნენ მას. ლუკულუსს ეს ძალიან ესიამოვნა და პართების მეფეს თავის მხრივ მანაც გაუგზავნა ელჩები. ლუკულუსის ელჩებმა გამოარკვიეს, რომ პართების მეფე ორპირობდა და დახმარების გაწევისათვის ტიგრანს ჯილდოდ მესოპოტამიას სთხოვდა.
ლუკულუსმა ეს რომ გაიგო, გადაწყვიტა, ტიგრანისა და მითრიდატესათვის, როგორც უკვე წელში გატეხილი მოწინააღმდეგეთათვის, თავი დაენებებინა81, პართების წინააღმდეგ გაელაშქრა და მათი ძალა გამოეცადა. იგი დიდ გმირობად თვლიდა, ათლეტის მსგავსად, ერთი ომით სამი მეფის ზედიზედ დამარცხებას და მზის ქვეშ არსებული სამი უზარმაზარი სამეფოს დაუძლეველი და გამარჯვებული კაცის სახელით გადაქელვას.
გორდიენედან ლაშქრობის დაწყების მიზნით ლუკულუსმა ბრძანება გაუგზავნა პონტოში სორნაციუსსა და მის ხელქვეით მეთაურებს, იქაური მხედრობა მასთან მოეყვანათ.
სორნაციუსი და მისი სხვა ლეგატები, რომლებმაც მანამდე იწვნიეს ჯარისკაცების უხეშობა და სიჯიუტე, ახლა სავსებით დარწმუნდნენ მათ თვითნებობაში. ვერავითარი რჩევითა და ძალით ვერ დაიყოლიეს ისინი ლუკულუსთან წაყვანაზე. ისინი ყვირილით ფიცულობდნენ: იქ კი არა, აქაც არ მოვიცდით, სულ წავალთ და პონტოს დაუცველად დავტოვებთო.
აუწყეს თუ არა ეს ამბავი ლუკულუსს, მისი მხედრობაც მაშინვე წახდა ზნეობრივად. ლუკულუსის ჯარისკაცები, რომლებმაც გამდიდრება და განებივრება მოასწრეს, ისედაც უხალისოდ ასრულებდნენ მეომრის მოვალეობას და დასვენებას მოითხოვდნენ. როცა პონტოს დამცველი ჯარისკაცების სითამამე გაიგეს, ისინი მამაცებად ჩათვალეს და განაცხადეს: იმათ მაგალითს უნდა მივბაძოთ; ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ და უშიშრად ყოფნისა და დასვენების უფლება დავიმსახურეთო.
31. ამისთანა და ამაზე კიდევ უარესი სიტყვების მოსმენის შემდეგ ლუკულუსმა პართების წინააღმდეგ ლაშქრობა გადაიფიქრა და შუა ზაფხულში კვლავ ტიგრანისაკენ გაემართა. როცა ტავროსი გადალახა, მეტისმეტად შეწუხდა, ჯერ კიდევ მწვანედ მოღაღანე ყანები რომ იხილა82. ცივი ჰაერის გამო აქ გაზაფხული ძალზე იგვიანებს ხოლმე.
მიუხედავად ამისა, ლუკულუსი ველზე დაეშვა, ორჯერ თუ სამჯერ უკუაქცია სომხები, რომლებიც თავს დაესხნენ, და დაუბრკოლებლივ მათი სოფლების აოხრება და ტიგრანისათვის მომზადებული პურის მარაგის დატაცება დაიწყო. ამით მტერს დაატეხა თავს ის გაჭირვება, რომლისაც თვითონ ეშინოდა.
ლუკულუსი სომხების ბანაკის გარშემო თხრილებს ავლებდა, მტერს თვალწინ მიწა-წყალს უოხრებდა და ბრძოლაში იწვევდა; მაგრამ მრავალგზის დამარცხებული მხედრობა ადგილიდან ვერ დაძრა. მაშინ ლუკულუსი ტიგრანის დედაქალაქისაკენ, არტაქსატასაკენ, დაიძრა83. იქ ტიგრანის მცირეწლოვანი შვილები და კანონიერი ცოლები იმყოფებოდნენ. ლუკულუსი დარწმუნებული იყო, ტიგრანი ამ ქალაქს უბრძოლველად არ დათმობდა.
გადმოგვცემენ, როცა რომაელებმა ანტიოქე დაამარცხეს, კართაგენელი ჰანიბალი სომხეთის მეფე არტაქსასთან84 მივიდა და მრავალი კეთილი და სასარგებლო რჩევა დარიგება მისცაო. ჰანიბალმა ამ ქვეყანაში თურმე ერთი მეტად ნოყიერი და მშვენიერი, მაგრამ გამოუყენებელი ადგილმდებარეობა შეამჩნია და იქ ქალაქის გეგმა მოხაზა. მან ამ ადგილზე არტაქსა მიიყვანა, უჩვენა იგი და წააქეზა: ეს ადგილი დაასახლეო. სომხეთის მეფეს გაუხარდა და ჰანიბალს სთხოვა, ამ საქმეს თვითონ ჩასდგომოდა სათავეში. მართლაც, აქ უზარმაზარი და მეტისმეტად ლამაზი ქალაქი აღიმართა. მას მეფის სახელი დაერქვა და სომხეთის დედაქალაქად გადაიქცა85.
აი, სწორედ ამ ქალაქისაკენ გაემართა ლუკულუსი. ტიგრანმა თავი ვეღარ შეიკავა. მხედრობა აქეთკენ წამოიყვანა და მეოთხე დღეს რომაელების პირისპირ დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისაგან ყოფდა მდინარე არსანია86, რომელიც აუცილებლად უნდა გადაელახათ რომაელებს, თუკი არტაქსატასთან მისვლა უნდოდათ.
ლუკულუსმა, თითქოს გამარჯვება უკვე ხელთ ჰქონდა, ღმერთებს მსხვერპლი შესწირა და ჯარი მდინარეზე გადაიყვანა. წინ თორმეტი კოჰორტი მიდიოდა, ხოლო დანარჩენი კოჰორტები, მტრის ალყის თავიდან ასაცილებლად, ზურგში იყვნენ დაწყობილნი. ლუკულუსის წინააღმდეგ მტრის რჩეული და მრავალრიცხოვანი მხედრობა ჩამწკრივდა. ამ მხედრობის წინ ცხენოსანი მშვილდოსნები – მარდები87 და შუბოსანი იბერები88 იდგნენ. უცხო მეომართა შორის ყველაზე უფრო დიდ ნდობას, როგორც საუკეთესო მებრძოლებს, ტიგრანი სწორედ ამათ უცხადებდა. მაგრამ არავითარი ბრწყინვალე გმირობა მათ მაშინ არ ჩაუდენიათ. რომაელ მხედრებთან მცირეოდენი შეტაკების შემდეგ იერიშზე წამოსულ ქვეითებს ვეღარ გაუმკლავდნენ, ორ ნაწილად გაიყვნენ და უკუიქცნენ. რომაელმა მხედრებმა ამით ისარგებლეს და უკუქცეულებს გამოედევნენ. მტრის დევნაში რომაელი ცხენოსნები დაიქსაქსნენ და ახლა ამათ წინააღმდეგ ტიგრანის მხედრები გაეშურნენ. ტიგრანის ბრწყინვალე და მრავალრიცხოვანი მხედრობის დანახვამ ლუკულუსი შეაშინა, მტრის მადევარი რომაელი ცხენოსნები უკან გამოიწვია და პირველად მის წინააღმდეგ საუკეთესო რაზმებად განლაგებულ ატროპატენებს89 ეკვეთა. მან ჯერ კიდევ ბრძოლის გაჩაღებამდე დასცა ატროპატენებს თავზარი და უკუაქცია.
ლუკულუსის წინააღმდეგ ამხედრებულ სამ მეფეთაგან, როგორც ამბობენ, ყველაზე სამარცხვინოდ მითრიდატე პონტოელი გაიქცა. მან თურმე რომაელთა საომარ ყიჟინასაც კი ვერ გაუძლო. მტრის დევნა მეტისმეტად გახანგრძლივდა. რომაელები მთელი ღამის განმავლობაში ჟლეტდნენ მტრებს, ტყვედ მიჰყავდათ ისინი და ფულსა და სხვა ნადავლს აგროვებდნენ. ამან ლუკულუსის მეომრები ფრიად დაქანცა.
ლივიუსი ამბობს, პირველ ბრძოლაში გაცილებით მეტი მტერი შემუსრეს, სამაგიეროდ, მეორე ბრძოლაში მტერმა საკმაოდ ბევრი წარჩინებული კაცი დაკარგა მოკლულთა თუ დატყვევებულთა სახითო.
32. ამ გამარჯვებით აღტაცებულმა და გამხნევებულმა ლუკულუსმა გადაწყვიტა, წინ წასულიყო და მტერი საბოლოოდ მოესპო. მაგრამ მისთვის სრულიად მოულოდნელად შემოდგომის ბუნიაობის ჟამს საშინელი ამინდი დადგა. დაიწყო გაუთავებელი თოვა. შიგადაშიგ, როცა ცა მოიწმინდებოდა, დედამიწა ჭირხლით იფარებოდა და ყინავდა. მდინარეებში ისე ცივი იყო წყალი, ცხენები დასალევად ვეღარ ეკარებოდნენ. გაყინულ მდინარეებზე გადასვლაც მეტისმეტად გაძნელდა, ყინული ტყდებოდა და მისი ბასრი წვეტები ცხენებს ფეხის ძარღვებს უჭრიდა. ამ ქვეყნის უდიდესი ნაწილი ჯაგნარით დაფარული, ხეობებით დასერილი და ტყიანი იყო. გზად მიმავალ ჯარისკაცებს თოვლი ზვინებად ეყრებოდათ თავზე. ხშირად უხდებოდათ ნესტიან მიწაზე დიდი ტანჯვით ღამის გატარება.
ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ჯარისკაცები მორჩილად მიჰყვებოდნენ ლუკულუსს, მაგრამ მერე დრტვინვა დაიწყეს. ჯერ ათასისთავთა მეშვეობით სთხოვდნენ ლუკულუსს: დაგვზოგეო, მერმე და მერმე კი აჩოჩქოლებულ ჯგუფებად იკრიბებოდნენ და ღამით კარვებს ყვირილით იღებდნენ. ეს უკვე ჯარის ამბოხების ნიშანი იყო. ლუკულუსი ხვეწნა მუდარით სთხოვდა ჯარისკაცებს, სულგრძელობა და მოთმინება გამოეჩინათ მანამდის, ვიდრე სომხების კართაგენს არ აიღებდა და რომაელთა უდიდესი მტრის – აქ იგი ჰანიბალს გულისხმობდა – ქმნილებას არ დაანგრევდა90.
ლუკულუსმა მხედრობა ვერ დააჯერა. მაშინ უკან წაიყვანა, სხვა გადასასვლელით ტავროსი გადალახა და ეგრეთ წოდებულ მიგდონიაში, ნოყიერსა და თბილ ქვეყანაში ჩავიდა. აქ იყო დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, რომელსაც ბარბაროსები ნისიბისს, ხოლო ბერძნები მიგდონიის ანტიოქიას ეძახდნენ91. ამ ქალაქს დიდად წარჩინებული ტიგრანის ძმა გურა მართავდა. მაგრამ, სინამდვილეში, ნისიბისი გამოცდილსა და მანქანათა გამოგონებაში დახელოვნებულ კალიმაქეს ხელში იყო. ეს ის კალიმაქე გახლდათ, რომელმაც ლუკულუსს მრავალი ვნება მიაყენა ამისესთან.
ლუკულუსი ქალაქის მახლობლად დაბანაკდა, ყოველგვარი საალყო ხრიკი გამოიყენა და სულ მოკლე ხანში ქალაქი იერიშით აიღო. გურას მიმართ, რომელიც თავისი ნებით ჩაბარდა, კაცთ- მოყვარეობა გამოიჩინა; მაგრამ კალიმაქე, მიუხედავად იმისა, რომ ჰპირდებოდა, დიდძალ გადამალულ ქონებას გაჩვენებო, არ დაინდო. ლუკულუსმა ბრძანა, კალიმაქესათვის ბორკილები დაედოთ და სამართალში მიეცათ, რათა პასუხი ეგო ამისეს დაწვისათვის, რისი მიზეზით რომაელებმა პატივმოყვარეობა ვერ დაიკმაყოფილეს და ამისეს ბერძნული მოსახლეობის მიმართ სულგრძელობა ვეღარ გამოიჩინეს.
33. აქამდე კაცს შეიძლება ეფიქრა, რომ ბედი მუდამ თან სდევდა ლუკულუსს ლაშქრობაში; მაგრამ ამიერიდან, თუ შეიძლება ითქვას, მისი კეთილისმყოფელი ზურგქარი ჩადგა ლუკულუსი ახლა ყველაფერს ძალდატანებით აკეთებდა და მრავალ წინააღმდეგობას აწყდებოდა92. მართალია, იგი კვლავ ამჟღავნებდა კარგი სარდლისათვის დამახასიათებელ ვაჟკაცობასა და სიმტკიცეს, მაგრამ მის საქმეებს უწინდებური სახელი და მადლი მოაკლდა. ის კი არა, რიგი მარცხისა და მხედრობასთან უსარგებლო უთანხმოების წყალობით, ძველი დიდებაც კინაღამ დაკარგა.
საკუთარი ბედის ცვლილებაში საკმაოდ დიდი ბრალი თვითონ ლუკულუსს მიუძღოდა. ჯარისკაცთა ბრბოს წინაშე პირფერობა არ შეეძლო და ხელქვეითის გულის მოსაგებად გაწეულ ყოველ მოქმედებას ძალაუფლების შეურაცხყოფად და დაკნინებად თვლიდა... ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ბუნებით ვერ ეგუებოდა ვერც მასზე ძლიერებს და ვერც მის სიმალლეზე მდგომ ხალხს. ყველა ეზიზღებოდა და თავის ღირსად არავის თვლიდა.
აი, ყველა ის ნაკლი, რომელიც ლუკულუსს, როგორც ამბობენ, მრავალ კარგ თვისებასთან ერთად ჰქონდა. იგი იყო ტანადი, ლამაზი, მჭევრმეტყველი და შეეძლო ერთნაირად გამოემჟღავნებინა თავისი ნიჭი როგორც ფორუმზე, ისე სამხედრო ბანაკში. სალუსტიუსი ამბობს, ლუკულუსმა ომის დასაწყისშივე დაიმსახურა ჯარისკაცების წყრომაო; ისინი აიძულა ორი ზამთარი ზედიზედ ბანაკში გაეტარებინათ, ერთი კიზიკოსის მახლობლად და მეორე ამისესთანო. რომაელ მეომრებს ამის შემდეგაც მრავალი მძიმე ზამთრის გადატანა მოუხდათ. მტრის ქვეყანაში იქნებოდა ეს თუ მოკავშირის ქვეყანაში, სულერთია, ისინი მაინც ღია ცის ქვეშ დაბანაკებულნი ზამთრობდნენ ხოლმე. ბერძნულსა და, საერთოდ, მოკავშირეთა ქალაქში ლუკულუსი არც ერთხელ არ შესულა თავისი მხედრობით.
ლუკულუსის მიმართ ჯარისკაცების ასეთი ცუდი განწყობილებით რომში მყოფმა დემაგოგებმა ისარგებლეს და ეს მტრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაზარდეს. შურით აღსავსე დემაგოგები ლუკულუსს ბრალად სდებდნენ იმას, თითქოს სარდლის რწმუნებუნების შენარჩუნებისა და ანგარების მიზნით ახანგრძლივებდა ომს. ისინი ამბობდნენ: ლუკულუსს თავის ხელში ჰყავს მომწყვდეული კილიკია, აზია, ბითვინია, პაფლაგონია, გალატია, პონტო, სომხეთი და სხვა ქვეყნები, ვიდრე ფაზისამდეო; მან ახლახან ტიგრანის სამეფოც კი ააოხრა; იგი ისე იქცევა, თითქოს მეფეთა გასაძარცვავად იყოს მივლინებული და არა საომრადო.
როგორც გადმოგვცემენ, ასე ლაპარაკობდა თურმე ერთ-ერთი პრეტორი – ლუციუს კვინკციუსი. სწორედ მან დაარწმუნა ხალხი, გამოეტანათ გადაწყვეტილება ლუკულუსის ხელქვეით მყოფი საგამგებლო მხარის სამართავად შემცვლელი პირის გაგზავნის თაობაზე. დაადგინეს აგრეთვე ისიც, რომ ლუკულუსის მხედრობის უდიდესი ნაწილი დაშლილიყო.
34. ამ დიდ უსიამოვნებას მალე კიდევ სხვაც დაერთო ზედ და ლუკულუსის საქმეები სულ ერთიანად არივ-დარია. ამის მიზეზი იყო გარეწარი და თავხედი პუბლიუს კლოდიუსი, ლუკულუსის ცოლისძმა, ძმა იმ ფრიად გარყვნილი ქალისა, რომელთანაც ბილწი კავშირისათვის მას საქვეყნოდ კიცხავდნენ93.
კლოდიუსი იმხანად ლუკულუსის ლაშქარში მსახურობდა, მაგრამ ის პატივი, რომლის ღირსადაც თავის თავს სცნობდა, არ ჰქონდა. კლოდიუსს უნდოდა, ყველაფერში პირველი ყოფილიყო, მაგრამ მისი ცუდი ხასიათის გამო მუდამ უკან რჩებოდა. მაშინ იგი ფიმბრიას სარდლობის ქვეშ მყოფ ჯარს შეუჩნდა და ლუკულუსის წინააღმდეგ აამხედრა. მაცდუნებელ სიტყვებს, რომელთაც კლოდიუსი დაუზოგავად ხარჯავდა, პირმოთნეობას მიჩვეული ჯარისკაცები ხალისით უსმენდნენ. ეს ის ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც ფიმბრიამ თავის დროზე დაიყოლია, კონსულ ფლაკუსის მოკვლის შემდეგ თვითონ აერჩიათ სარდლად. აი ამიტომ ისინი კლოდიუსსაც სიხარულით ეგებებოდნენ და „ჯარისკაცის მეგობარს“ ეძახდნენ. კლოდიუსი თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ძალიან წუხდა მათ ბედზე. იგი ეკითხებოდა: როდისღა უნდა მოეღოს ბოლო ამდენ ომსა და ტანჯვას? ნუთუ ყველა ხალხებთან ბრძოლასა და მთელ დედამიწაზე წანწალში უნდა დაამთავრონ სიცოცხლე ამ საცოდავმა ჯარისკაცებმა და მძიმე ლაშქრობის სანაცვლოდ არაფერი მიიღონ? განა ის ეყოფათ, პატიოსანი თვლებით დატვირთულ ურმებსა და აქლემებს მისდიონ? პომპეუსის ჯარისკაცები უკვე ჩვეულებრივ ხალხად გადაიქცნენ. ისინი თავ თავიანთი ცოლ-შვილით მდიდარ ქვეყნებში ცხოვრობენ და ქალაქებიც აქვთ. მათ არ დასჭირვებიათ მითრიდატესა და ტიგრანის დევნა ისეთ უდაბნოებში, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს, არც აზიის სამეფოთა ნგრევა. მშვიდობიანი ცხოვრება პომპეუსელებმა იმის საფასურად მოიპოვეს, რომ ესპანეთში გაძევებულთ, ხოლო იტალიაში გაქ– ცეულ მონებს ებრძოდნენო. „თუ ჩვენ ლაშქრობის დამთავრება არ გვიწერია, – ასკვნიდა კლოდიუსი. – განა არ ჯობია, დარჩენილი ჯანი და სიცოცხლე იმ სარდლისთვის დავზოგოთ, რომელიც ყველაზე დიდ განძად საკუთარ მეომართა სიმდიდრეს თვლის?“
ამ მიმართვამ ისეთი ავი ზეგავლენა მოახდინა ლუკულუსის მხედრობაზე, რომ მან უარი განაცხადა, გაჰყოლოდა ლუკულუსს ტიგრანისა და მითრიდატეს წინააღმდეგ მაშინაც კი, როცა მითრიდატე კვლავ პონტოში შეიჭრა და თავისი ძალაუფლების აღდგენა დააპირა.
რომაული მხედრობა, დაზამთრების საბაბით, გორდიენეში იდგა და ლუკულუსის შემცვლელის, პომპეუსისა თუ სხვა რომელიმე სარდლის მოსვლას ელოდებოდა94.
35. სწორედ ამ დროს მოვიდა ცნობა, მითრიდატემ ფაბიუსი დაამარცხა და ახლა სორნაციუსისა და ტიარიუსის წინააღმდეგ მიემართებაო95. ჯარისკაცებს შერცხვათ და ლუკულუსს გაჰყვნენ. პატივმოყვარე ტრიარიუსი მზად იყო სწრაფი გამარჯვება მოეპოვებინა და ლუკულუსისათვის, რომელიც უკვე უახლოვდებოდა, არ დაეცადა, მაგრამ იგი დიდ ბრძოლაში დამარცხდა. როგორც ამბობენ, ამ ბრძოლაში შვიდი ათასზე მეტი რომაელი დაეცა. მოკლულთა შორის ას ორმოცდაათი ცენტურიონი და ოცდაოთხი სამხედრო ტრიბუნი იყო. ბანაკს მითრიდატე დაეუფლა. რამდენიმე დღის შემდეგ ლუკულუსიც მოვიდა და შეიფარა ტრიარიუსი, რომელსაც განრისხებული რომაელი ჯარისკაცები მოსაკლავად დაეძებდნენ.
მითრიდატე ლუკულუსთან ბრძოლას თავს არიდებდა და ელოდებოდა ტიგრანს, რომელიც დიდძალი მხედრობით უკვე მოდიოდა მისკენ ლუკულუსმა გადაწყვიტა, სანამ ისინი შეერთებას მოასწრებდნენ, ტიგრანს დახვედროდა და შებრძოლებოდა.
სწორედ ამ დროს ფიმბრიას ჯარისკაცები ამბოხდნენ და თავიანთი რიგები მიატოვეს: თანახმად გადაწყვეტილებისა, ლაშქრობიდან ჩვენ უკვე თავისუფალი ვართ; ლუკულუსი ამიერიდან ჩვენ სარდლად აღარ ითვლება, ვინაიდან მისი საგამგებლო მხარე კანონმა სხვებს გადასცა სამართავადო.
არ დარჩენილა ადამიანის ღირსების დამამცირებელი არა ხერხი, რომლისთვისაც ლუკულუსს მაშინ არ მიემართოს. იგი ყოველ ჯარისკაცს სათითაოდ ეხვეწებოდა, დარჩენილიყო. სასოწარკვეთილი და თვალაცრემლებული ლუკულუსი კარავ-კარავ დადიოდა მუდარით და ზოგ მეომარს ხელსაც კი ჰკიდებდა: შემიბრალეო. ჯარისკაცები მის ხვეწნა-მუდარას არ ისმენდნენ, ცარიელ ქისებს ფეხებში ესროდნენ და ეუბნებოდნენ: წადი და მარტოდმარტო ებრძოლე მტერს, იმის წყალობით ხომ მხოლოდ შენ გამდიდრდიო!
სხვა ჯარისკაცთა დაჟინებული თხოვნით, ფიმბრიას მეომრები იძულებული გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ და ერთი ზაფხული კიდევ დარჩენილიყვნენ. პირობა ასეთი იყო: თუ ამ ხნის განმავლობაში მათ მტერი თავს არ დაესხმოდა, ისინი სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ.
ლუკულუსი იძულებული იყო, დაკმაყოფილებულიყო ამით, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო რჩებოდა და ქვეყანა ბარბაროსებისათვის უნდა დაეთმო. მასთან დარჩენილ ჯარისკაცებს უკვე ძალას არაფერში ატანდა, არც ბრძოლაში მიჰყავდა ისინი და გულგრილად უყურებდა იმას, თუ როგორ არბევდა კაპადოკიას ტიგრანი და როგორ იწყებდა უწინდებურად ყოყოჩობას მითრიდატე. და ეს ხდებოდა მაშინ, როცა ლუკულუსმა სენატს წერილობით აუწყა: მითრიდატე საბოლოოდ დავძლიეო! მასთან რომიდან მოხელეებიც კი ჩამოვიდნენ, რათა პონტოში, ვითარცა უკვე მთლიანად დამორჩილებულ ქვეყანაში, მოეწესრიგებინათ საქმეები, მაგრამ მოვიდნენ თუ არა, მყისვე დარწმუნდნენ, რომ ჯარისკაცთა მიერ აბუჩად აგდებული და შეურაცხყოფილი ლუკულუსი საკუთარი თავის პატრონიც აღარ იყო. ჯარისკაცთა თავხედობა სარდლის მიმართ იქამდე მივიდა, რომ როცა ზაფხული გავიდა, იარაღი აისხეს, ხმლები იშიშვლეს და მტერს ეძახდნენ. მტერი კი იქ არსად იყო. მას უკვე მოესწრო აქედან წასვლა. ამის შემდეგ ჯარისკაცებმა მხედრული ყიჟინა დასცეს, ხმლები ჰაერში შეათამაშეს: ის დრო, რაც ლუკულუსს შევპირდით დასარჩენად, უკვე გავიდაო, თქვეს და ბანაკიდან წავიდნენ.
დანარჩენი მეომრები პომპეუსმა გაიწვია ლუკულუსის ბანაკიდან. ხალხის კეთილგანწყობილებისა და დემაგოგთა მლიქვნელობის წყალობით, პომპეუსი უკვე დანიშნეს მითრიდატესა და ტიგრანთან წარმოებული ომის მთავარსარდლად96.
სენატი და რომის წარჩინებულთა ფენა თვლიდნენ, ლუკულუსი უსამართლოდ დაჩაგრესო. მათი აზრით, ლუკულუსი ომში კი არა, ტრიუმფში შემცვლელს ღებულობდა და იძულებული იყო, არა მარტო სარდლობაზე აეღო ხელი, არამედ ამ სარდლობით მოპოვებული ჯილდოც დაეთმო და სხვისთვის გადაეცა.
36. ასეთი უსამართლობით ყველაზე მეტად მაინც მასთან მყოფი ხალხი იყო აღმფოთებული: ლუკულუსს აღარ ჰქონდა უფლება, დაეჯილდოებინა, თუ დაესაჯა ჯარისკაცები. პომპეუსი ლუკულუსთან მისვლისა და იმის მიერ რომიდან ჩასულ ათ მოხელესთან ერთად გამოცემული ბრძანებების შესრულების ნებას არავის აძლევდა. მან საგანგებო განკარგულებით აკრძალა ლუკულუსის ბრძანებები და თავისი მრავალრიცხოვანი მხედრობით ყველას შიში ჩაუნერგა.
მიუხედავად ამისა, მათმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ისინი ერთმანეთისათვის შეეხვედრებინათ. შეხვედრა მოხდა გალატიის ერთ სოფელში. პომპეუსი და ლუკულუსი ერთმანეთს მეგობრულად მიესალმნენ და ერთმანეთს წარმატებები მიულოცეს. ასაკით ლუკულუსი უფროსი იყო, მაგრამ პომპეუსი თავისი ღირსებით ლუკულუსზე წინ იდგა: ის უფრო მეტჯერ იყო სარდლად და ორი ტრიუმფიც ჰქონდა გადახდილი.
როგორც ეს გამარჯვებულთ შეეფერებოდა, მათ წინ მიუძღოდათ ლიქტორები, რომელთაც ხელთ დაფნის შტოებით შემოსილი წკეპლის კონები ეპყრათ. პომპეუსს დიდი გზა ჰქონდა გამოვლილი. იგი უწყლო და გადახრუკული ადგილებით მოდიოდა. ამიტომ მისი ლიქტორების წკეპლის კონებზე შემოხვეული დაფნის შტოები დამჭკნარიყო. ეს რომ დაინახეს, ლუკულუსის ლიქტორებმა პომპეუსის ლიქტორებს პატივი სცეს და საკუთარი, ჯერ კიდევ ახალი და მწვანე შტოები მიართვეს. პომპეუსის მეგობრებმა ეს ამბავი კეთილის მომასწავებელ ნიშნად ჩათვალეს. მართლაც, პომპეუსის სარდლობა ლუკულუსის საგმირო საქმეებმა შეამკო97.
პომპეუსისა და ლუკულუსის მოლაპარაკებამ კეთილი შედეგი ვერ გამოიღო. ისინი ერთმანეთს კიდევ უფრო დიდ მტრებად დაშორდნენ.
პომპეუსმა ლუკულუსის მიერ გამოცემული ბრძანებები გააუქმა და მთელი მხედრობა ჩამოართვა. ლუკულუსს მომავალი ტრიუმფისათვის მხოლოდ ათას ექვსასი ჯარისკაცი დაუტოვა. ყოფილ მთავარსარდალს ეს ჯარისკაცებიც ფრიად უგულოდ გაჰყვნენ.
არ ვიცი, უუნარობით იყო ეს გამოწვეული თუ უბედობით, ოღონდაც ლუკულუსს აკლდა ის, რაც სარდლობის ჟამს უპირველესი და უდიდესია. მას რომ სხვა დიდ ღირსებებთან, მამაცობასა, მუყაითობასა, ცოდნასა და სამართლიანობასთან ერთად სარდლისათვის აუცილებელი ეს ღირსებაც ჰქონოდა, რომაელთა საბრძანებლის საზღვრად აზიაში ევფრატი კი არ იქნებოდა, არამედ ქვეყნიერების კიდე და ჰირკანიის ზღვა98. დანარჩენი ხალხები კი ტიგრანს ჰყავდა დამორჩილებული. რაც შეეხება პართებს, მათი ძლიერება ლუკულუსის დროს ისეთი როდი იყო, როგორც კრასუსის ლაშქრობის, ჟამს99. პართები ჯერ კიდევ არ იყვნენ გაერთიანებულნი; შინაური შფოთი და მეზობელ ხალხებთან წარმოებული ომები მათ საშუალებას არ აძლევდა, სომეხი შეურაცხმყოფლები მოეგერიებინათ. აი ამის გამო, ჩემი აზრით, ლუკულუსმა მაშინ უფრო მეტი ვნება მოუტანა სამშობლოს სხვების მეშვეობით, ვიდრე სარგებლობა თავისი მოქმედებით. მისმა გამარჯვებამ სომხეთში, პართების მახლობლად, ტიგრნოკერტისა და ნისიბისის აღებამ, აქედან რომში გაზიდულმა უთვალავმა სიმდიდრემ და ტრიუმფისათვის წამოღებულმა ტიგრანის გვირგვინმა, –
ყველაფერმა ამან წააქეზა კრასუსი, აზიაში გალაშქრებულიყო. მას ეგონა, იქაური ბარბაროსები მდიდარ ნადავლს წარმოადგენდნენ და სხვას არაფერს; მაგრამ კრასუსმა მალე იგემა პართების ისართა სიმწვავე და საკუთარი მარცხით დაამტკიცა, რომ ლუკულუსმა გამარჯვება მოიპოვა არა მტრის უგუნურებისა და სისუსტის წყალობით, არამედ საკუთარი მამაცობითა და გამოცდილებით. მაგრამ ამის თაობაზე შემდეგ100.
37. ჩამოვიდა თუ არა რომში, პირველი, რაც ლუკულუსმა გაიგო, ის იყო, რომ გაიუს მემიუსს101 სამართალში მიეცა მისი ძმა მარკუსი კვესტორობის დროს სულას ბრძანებით ჩადენილი მოქმედებისათვის. მარკუსი გამართლდა; მაგრამ ახლა ლუკულუსზე მიიტანა იერიში მემიუსმა და ხალხი დაიყოლია, მისთვის ტრიუმფის უფლება არ მიეცათ, იმ მიზეზით, ლუკულუსმა ბევრი ფული მიითვისა და ომი გაახანგრძლივაო.
ლუკულუსი დიდ გასაჭირში ჩავარდა; მაგრამ წარჩინებული და გავლენიანი მოქალაქენი ტრიბებში შეერივნენ და დაჟინებული თხოვნით ძლივძლივობით დაარწმუნეს ხალხი, ლუკულუსისათვის ტრიუმფის გადახდის ნება დაერთოთ102.
ლუკულუსის ტრიუმფი, სხვა ტრიუმფების მსგავსად, საზეიმო პროცესიის სიგრძითა და გამოტანილი ნივთების სიმრავლით ხალხის განსაცვიფრებლად როდი იყო მოწყობილი. ლუკულუსმა ფლამინიუსის ცირკი მტრის ნაირ-ნაირი იარაღითა და მეფეებისაგან წამოღებული საალყო მანქანებით მორთო. ეს სანახაობა თავისთავადაც საყურადღებო აღმოჩნდა.
საზეიმო სვლაში მონაწილეობდა რამდენიმე ჯავშანში ჩამჯდარი ცხენოსანი, ათი საბრძოლო, ორმხრივ ცელდამაგრებული ეტლი და მეფის სამოცამდე კარისკაცი და სარდალი. ტრიუმფში ჩაატარეს აგრეთვე სპილენძისცხვირიანი ას ათი გრძელი ხომალდი, მითრიდატეს ოქროს ქანდაკება, რომელსაც ექვსი წყრთა სიმაღლე ჰქონდა, მისი ძვირფასი თვლებით მოჭედილი ფარი და ოცი ვერცხლის ჭურჭლით სავსე ყუთი; გარდა ამისა, ოცდათორმეტი ყუთი ოქროს თასებით, იარაღითა და ფულით გაჭედილი გამოატარეს. ყველაფერი ეს საგანგებოდ დანიშნულ ხალხს მოჰქონდა. დანარჩენი ნადავლი ჯორებს ჰქონდათ აკიდებული: რვა ჯორს ოქროსაგან ნაკეთები საწოლები მოჰქონდა, ორმოცდათექვსმეტს – ვერცხლის ზოდები, ხოლო სხვა ას შვიდ ჯორზე თითქმის ორ მილიონ შვიდას ათას დრაქმამდე ვერცხლის ფული იყო აკიდებული.
ტრიუმფში გამოტანილ დაფებზე აღნიშნული იყო ის თანხა, რომელიც ლუკულუსმა მეკობრეებთან ომის საწარმოებლად პომპეუსს მისცა და ის თანხაც, რაც მან სახელმწიფო ხაზინაში შეიტანა. ცალკე იყო აღნიშნული ისიც, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა ცხრაას ორმოცდაათი დინარი მიიღო.
ტრიუმფის დასასრულს ლუკულუსმა ბრწყინვალე ლხინი გადაუხადა ქალაქს და მის მახლობლად მდებარე დაბებს, რომელთაც „ვიკუსებს“ ეძახიან103.
38. გაშორდა თუ არა კლოდიას, ამ ბილწსა და უზნეო ქალს, ლუკულუსმა შეირთო კატონის და სერვილია; მაგრამ ეს ქორწინებაც უიღბლო გამოდგა მისთვის. ერთადერთი ეს იყო, რომ სერვილია კლოდიასავით სამარცხვინოდ არ ცხოვრობდა ძმებთან, თორემ სხვა მხრივ ისეთივე ავხორცი და გარყვნილი გამოდგა. ლუკულუსი იძულებული იყო, კატონის პატივისცემით აეტანა ეს ქალი, მაგრამ მერმე ვეღარ მოითმინა და გააგდო.
სენატი დიდ იმედებს ამყარებდა სახელმოხვეჭილსა და ძლიერი გავლენის მქონე ლუკულუსზე და მასში პომპეუსის ტირანიის მოწინააღმდეგესა და წარჩინებულთა ფენისათვის ერთგულ მებრძოლს ხედავდა; მაგრამ ლუკულუსი სახელმწიფო მოღვაწეობას ჩამოშორდა.
ეს ან იმიტომ გააკეთა, რომ ეგონა: სახელმწიფო განუკურნებელი სენითაა დაავაადებულიო, ანდა შეიძლება, როგორც ზოგიერთი ამბობს, დიდებით უკვე გამაძღარს ამდენი უიღბლოდ დამთავრებული ბრძოლისა და ჯაფის შემდეგ იოლი და ფუფუნებით აღსავსე ცხოვრება უნდოდა.
ზოგიერთი კიდეც უქებს ლუკულუსს ცხოვრების ასეთნაირ შეცვლას: ამის წყალობით მარიუსის ბედი აიცდინა თავიდანო104. მარიუსმა კიმბრებზე გამარჯვებისა და დიდი და ბრწყინვალე წარმატების შემდეგ არ მოინდომა ჩამოშორებოდა სახელმწიფო მოღვაწეობის ასპარეზს, დაესვენა და იმ პატივს დასჯერებოდა, მართლაც რომ შესაშური იყო. სახელსა და მბრძანებლობას დახარბებული მოხუცი ახალგაზრდებთან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება, რამაც ისეთი საშინელი საქმენი ჩაადენინა და ისეთი უბედურება დაატეხა, ამ საქმეებზე საშინელი რომ იყო. ციცერონიც უკეთესად გაატარებდა სიბერის დღეებს, კატილინას რომ გასცლოდა. ასევე მოიგებდა სციპიონიც, კართაგენისა და ნუმანციის დამორჩილების შემდეგ თუკი განსვენებას მიეცემოდა. პოლიტიკურ მოღვაწეობასაც თავისი დრო და საზღვარი აქვს. როგორც ათლეტთა ბრძოლაში, ისე პოლიტიკურ ჭიდილშიც იგრძნობა ხოლმე ძალისა და ახალგაზრდული გატაცების შესუსტება.
კრასუსი და პომპეუსი დასცინოდნენ განცხრომასა და ფუფუნებაში ჩაძირულ ლუკულუსს: ამ ასაკის კაცს ნებივრობაში ყოფნა კი არა, სახელმწიფო მოღვაწეობა და სარდლობა შეჰფერისო!
39. მართლაც, ლუკულუსის ცხოვრება შეიძლება შევადაროთ ძველ კომედიას, სადაც ჯერ პოლიტიკური მოღვაწეობისა და გმირის სარდლობის ამბებს ვხვდებით, მერმე კი ღვინის სმას, ღრეობასა და მრავალგვარ ხუმრობა-გართობას ვხედავთ105. გართობათა რიგს ვაკუთვნებ მე ლუკულუსის მიერ აგებულ ძვირფას შენობებს, სასეირნო ხეივნებისა და აბანოების მოწყობას და კიდევ უფრო მეტად სურათებს, ქანდაკებებსა და ხელოვნების სხვა ამდაგვარ ნიმუშებს, რომელთაც ლუკულუსი გულმოდგინედ აგროვებდა და რომელთა გულისთვისაც დაუზოგავად ფანტავდა ლაშქრობებში მოხვეჭილ აურაცხელ სიმდიდრეს. აი, დღესაც, როცა ფუფუნებამ საოცარ სიმაღლეს მიაღწია, ლუკულუსის ბაღები კეისართა დიდებულ ბაღებთან ერთად იხსენიება.
ზღვის სანაპიროსა და ნეაპოლის მიდამოებში მან ბევრი რამ გააკეთა; მთებში დიდი გვირაბები გათხარა, ზღვიდან გაიყვანა თევზსაცავი თხრილები, რომელიც მის საცხოვრებელ სახლებს გარს ევლებოდა, და ზღვის პირზე შენობები აღმართა. სტოელი ტუბერონი106, რომელმაც ყველაფერი ეს საკუთარი თვალით იხილა, ლუკულუსს ტოგაში გამოწყობილ ქსერქსეს107 ეძახდა.
ტუსკულუმის ახლომახლო ლუკულუსს ჰქონდა აგარაკები, მაღალი კოშკები, საიდანაც ყველაფერი შესანიშნავად ჩანდა, მამაკაცთა მრავალი ღია დარბაზი და სასეირნო ხეივნები. პომპეუსმა, რომელიც ერთხელ იქ იყო, ლუკულუსს უსაყვედურა: საზაფხულოდ მშვენიერი სახლები აგიგია, ზამთარში კი შიგ ყოფნა ყოვლად შეუძლებელიაო. ლუკულუსს ამაზე გაეცინა და უპასუხა: „იქნებ გგონია, წეროებსა და ყარყატებზე ნაკლები ჭკუა მაქვს და წლის დროთა მიხედვით საცხოვრებელ ადგილს არ გამოვიცვლიო?“
ერთხელ ერთმა პრეტორმა, რომელსაც დიდებული სანახაობის მოწყობა ჰქონდა განზრახული, გუნდის მოსაკაზმავად ლუკულუსს მეწამული ფერის ქლამიდები108 სთხოვა. ლუკულუსმა უპასუხა: ვნახავ და, თუ აღმოჩნდა, რომ მაქვს, მოგცემო. მეორე დღეს მან პრეტორს ჰკითხა: რამდენი გჭირდებაო? პრეტორმა უპასუხა: ასი ცალი მეყოფაო. ლუკულუსმა მას ორჯერ მეტი გაატანა. აი, სწორედ ამაზე ამბობს პოეტი ფლაკუსი109, იგი სიმდიდრეს არ თვლის სიმდიდრედ, თუ ის ქონება, რომელიც არა ჩანს და რომელზეც პატრონმა არაფერი იცის, რასაც თვალნათლივ ვხედავთ, იმას არ აღემატებაო.
40. ლუკულუსის ყოველდღიური სუფრა, როგორც ეს ახლად გამდიდრებულ კაცს შეეფერება, ყოველმხრივ დიდებული იყო. იგი ცდილობდა, განცვიფრებაში მოეყვანა უბრალო ხალხი არა მარტო ძოწეულის ძვირფასი ხალიჩებით, ძვირფასი თვლებით მოჭედილი თასებით და ლხინზე შიგადაშიგ გამართული გუნდური ფერხულითა და მუსიკით, არამედ მრავალგვარი ნუგბარ-ნუგბარი საჭმლითა და საგანგებოდ დამზადებული ძვირფასი ნამცხვრებით.
სხვათა შორის, საყოველთაო ქება დაიმსახურა პომპეუსმა იმ სიტყვისათვის, რომელიც ავადმყოფობის ჟამს წარმოთქვა. ექიმმა მას საჭმელად შაშვის ხორცი დაუნიშნა. მსახურებმა განაცხადეს: ზაფხულში შაშვის შოვნა შეუძლებელია, ეს ფრინველი მხოლოდ და მხოლოდ ლუკულუსს ჰყავსო. პომპეუსმა შაშვისათვის ლუკულუსთან წასვლის ნება მსახურებს არ დართო და ექიმს უთხრა: „როგორ? ლუკულუსი რომ განცხრომით არ ცხოვრობდეს, პომპეუსი ვერ იცოცხლებს?“ მან ექიმს სთხოვა, რამე ხელმისაწვდომი საჭმელი დაენიშნა მისთვის110.
კატონი ლუკულუსის მეგობარი და მოყვარე კაცი იყო, მაგრამ მისი ცხოვრების ნირი ისეთ ბრაზს ჰგვრიდა, რომ ერთხელ, როდესაც სენატში ერთი ახალგაზრდა კაცი სრულიად უდროო დროს გრძელსა და მოსაწყენ სიტყვას ამბობდა უბრალო და თავდაჭერილი ცხოვრების თაობაზე, ფეხზე წამოხტა და ამ ყმაწვილს მიმართა: „აღარ გაათავებ? შენ მდიდარი ხარ, როგორც კრასუსი, ცხოვრობ, როგორც ლუკულუსი და ლაპარაკობ კი, ვით კატონიო!“ ზოგიერთი ამბობს, ეს ნამდვილად ასე იყო ნათქვამი, ოლონდ ამის მთქმელი კატონი არ ყოფილაო.
41. ლუკულუსი ასეთი ნებიერი ცხოვრებით არამარტო კმაყოფილი, გაამაყებულიც იყო. ეს ცხადია შემდეგი ღირსსახსოვარი ამბიდან. ამბობენ, ლუკულუსი მრავალი დღის განმავლობაში ეპატიჟებოდა და უმასპინძლდებოდა საქმეზე რომში ჩამოსულ ბერძნებს. ამათ, ბოლოს და ბოლოს, ბერძნული მოკრძალება გამოიჩინეს, შერცხვათ და მოწვევაზე უარის თქმა დაიწყეს; ასე ეგონათ, ყოველდლიური დიდი ხარჯი მათი მიზეზით იყო გამოწვეული. ლუკულუსმა მაშინ სიცილით უთხრა ბერძნებს: „ზოგიერთი რამ ამ ხარჯიდან, რა თქმა უნდა, თქვენთვისაც კეთდება, ჩემო ბერძნებო, მაგრამ უდიდესი წილი მაინც ლუკულუსისთვისაა განკუთვნილიო“.
ერთხელ ლუკულუსი მარტოდმარტო ვახშმობდა. მას ერთი მაგიდა და უბრალო ვახშამი მიართვეს. გამწყრალმა ლუკულუსმა ამ საქმისათვის დანიშნულ მონას დაუძახა და ლანძღვა დაუწყო. მონამ უპასუხა: რაკიღა მოწვეული არავინ გყავდა, არ მეგონა, თუ ძვირფასი ვახშამი დაგჭირდებოდაო. „რას ამბობ, – შეჰყვირა ლუკულუსმა, – განა არ იცოდი, დღეს ლუკულუსთან ლუკულუსი სადილობდაო?“
როგორც ჩანს, ამის თაობაზე ბევრს ლაპარაკობდნენ ქალაქში. ერთხელ, როდესაც ლუკულუსი ფორუმზე უქმად დადიოდა, მასთან მივიდნენ ციცერონი და პომპეუსი. ციცერონი მისი დიდი მეგობარი და თითქმის შინაური კაცი იყო. რაც შეეხება პომპეუსს, მართალია, ლუკულუსს მასთან მთავარსარდლის რწმუნების გამო თავის დროზე უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირად ხვდებოდა მას და ერთმანეთს მეგობრულად ესაუბრებოდნენ. ციცერონი ლუკულუსს მიესალმა და ჰკითხა: ხომ შეიძლება გეწვიოთო? ლუკულუსმა უპასუხა: დიდად მოხარული ვარ და გთხოვთ მობრძანდეთო. „ჩვენ გვინდა, – უთხრა ციცერონმა, – დღეს შენთან შინაურულად ვისადილოთ; საგანგებო მომხადება საჭირო არაა, რაც შენთვისაა გაკეთებული, იმაზე გადავიდეთო. ლუკულუსმა თავი მოიკატუნა და მოითხოვა, ასეთ შემთხვევაში დარბაზობა გადაედოთ. ციცერონმა და პომპეუსმა ლუკულუსს ამაზე უარი უთხრეს და იმ მიზნით, რომ სამზადისზე ბრძანება არ გაეცა, მსახურებთან გამოლაპარაკების საშუალება არ მისცეს. ერთ თხოვნაზე დაეთანხმნენ მხოლოდ, რომ მათი თანდასწრებით თავისი მსახურისათვის ეთქვა: დღეს „აპოლონის დარბაზში“ უნდა ვისადილოთო. აპოლონის დარბაზი კი მის ერთ ერთ უძვირფასეს სასადილო ოთახს ერქვა სახელად. ამით ლუკულუსმა სტუმრებს ეშმაკობაში აჯობა. საქმე ის იყო, რომ მისი ყოველი სასადილო დარბაზისათვის, როგორც ჩანს, დაწესებული იყო განსაკუთრებული ხარჯი და ის, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სუფრის თადარიგი. ამიტომ, როცა მონები გაიგებდნენ, თუ სად უნდოდა სადილობა ლუკულუსს, იცოდნენ, რამდენი დაეხარჯათ, როგორ მოერთოთ დარბაზი და, საერთოდ, როგორი თადარიგით მომზადებულიყო სადილი. „აპოლონის დარბაზში“ სადილობა, ჩვეულებრივ, ორმოცდაათი ათასი დინარი ჯდებოდა. აი, ამდენი დაიხარჯა ციცერონისა და პომპეუსის სტუმრობის დროსაც. პომპეუსი და მისი მხლებლები კი მეტისმეტად გააოცა ასეთმა დიდმა ხარჯმა და სუფრის სწრაფმა გაწყობამ. – განა არ იცოდი, დღეს ლუკულუსთან ლუკულუსისა. აი, ასე თავქარიანად ხარჯავდა ლუკულუსი ქონებას. იგი ისე ექცეოდა სიმდიდრეს, როგორც ტყვეებსა და ბარბაროსებს.
42. ყურადღებისა და მოგონების ღირსია, სხვათა შორის, ლუკულუსის ლტოლვა წიგნებისადმი. იგი ბევრ ლამაზად დაწერილ წიგნს აგროვებდა. ამ წიგნების შეძენაზე უფრო მეტად საქები საქმე მაინც ლუკულუსის მიერ მათი გამოყენება იყო. მისი ყველა ბიბლიოთეკა, ამ ბიბლიოთეკების გარშემო მოწყობილი სასეირნო ხეივნები და სამეცადინო ოთახები მუდამ ღია იყო. ლუკულუსი ხალისით ღებულობდა იქ სწავლულ ბერძნებს. ისინიც, მორჩებოდნენ თუ არა სხვა საქმეებს, სიამოვნებით მოდიოდნენ აქ, როგორც მუზების ნავსაყუდელში, და მთელ დღეს ერთმანეთთან საუბარში ატარებდნენ. ხშირად თვითონ ლუკულუსიც ჩამოდიოდა ხეივნებში, ესაუბრებოდა ფილოლოგებს და აქ მოსულ სახელმწიფო მოღვაწეებსაც, თუკი სჭირდებოდათ, დახმარებას უწევდა. ერთი სიტყვით, მისი სახლი ნამდვილი თავშესაფარი იყო რომში ჩამოსული ბერძნებისათვის.
ლუკულუსი თაყვანს სცემდა ფილოსოფიას საზოგადოდ; იგი მის ყოველ მოძღვრებას პატივითა და სიყვარულით ეკიდებოდა; მაგრამ განსაკუთრებით შეიყვარა აკადემიის ფილოსოფია, ოღონდ ეგრეთ წოდებული ახალი აკადემიის ფილოსოფია კი არა, თუმცაღა იგი ფილონის მიერ განმარტებული კარნეადეს თხზულებების წყალობით მაშინ დიდ პატივში იყო, არამედ ძველი აკადემიის ფილოსოფია, რომლის წარმომადგენლად იმ ხანებში შესანიშნავი და დახელოვნებული მჭევრმეტყველი ანტიოქე ასკალონელი ით- ვლებოდა. ლუკულუსმა იგი დიდი გულმოდგინეობის შედეგად მეგობრად და თავისი წრის კაცად გაიხადა ღა დაუპირისპირა ფილონის მოწაფეებს, რომელთა რიცხვშიც ციცერონი იყო. ცი- ცერონმა, სხვათა შორის, ამ აკადემიის ფილოსოფიის სისტემაზე შესანიშნავი წიგნი დაწერა, რომელმიც ლუკულუსი ძველი აკადემიის ფილოსოფიის დამცველად გამოჰყავს, თავისი თავი კი ამ ფილოსოფიის მოწინააღმდეგედ. ციცერონის ამ წიგნის სათაურია „ლუკულუსი“111.
ლუკულუსი და ციცერონი როგორც ეს ზემოთ ვთქვით, დიდი მეგობრები იყვნენ და ერთ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნოდნენ. ლუკულუსი მთლიანად არ ჩამოშორებია პოლიტიკურ მოღვაწეობას; მაგრამ პირველობისა და დიდი გავლენის მოპოვებისათვის გამართული პატივმოყვარული მეტოქეობა და ბრძოლა, როგორც საშიში და ამპარტავნული საქმე, თავიდანვე კრასუსსა და კატონს დაუთმო. როცა ლუკულუსმა პირველობაზე ხელი აიღო, იმ პირებმა, რომელნიც ეჭვისა და შიშის თვალით უყურებდნენ პომპეუსის ძლიერებას, კრასუსი და კატონი სენატის უპირველეს დამცველებად გამოიყენეს.
ლუკულუსი ამიერიდან ფორუმზე მხოლოდ მეგობრების გულისთვისღა ჩამოდიოდა და სენატში მაშინ გამოჩნდებოდა, როცა საჭირო იყო პომპეუსის რაიმე პატივმოყვარე მისწრაფებათა აღკვეთა. მან დაარღვია ის განკარგულებები, რომლებიც პომპეუსმა აზიაში მეფეთა დამარცხების შემდეგ გამოიტანა და კატონის დახმარებით საშუალება არ მისცა მას, გაეტარებინა კანონი ჯარისკაცთათვის მიწების განაწილების თაობაზე. პომპეუსმა მაშინ კრასუსთან და კეისართან შეკრა პირი, უკეთ რომ ვთქვათ, შეთქმულებას მიმართა112. მან ქალაქი შეიარაღებული ჯარისკაცებით აავსო, ძალით გაატარა თავისი კანონები და კატონი და ლუკულუსი თავ-თავიანთი მომხრეებით ფორუმიდან გააძევა.
ამ ამბავმა წარჩინებულთა ფენაში დიდი გულისწყრომა გამოიწვია. მაშინ პომპეუსელებმა მოიყვანეს ვიღაც ვეტიუსი და განაცხადეს: ეს კაცი პომპეუსზე ხელყოფის დროს შევიპყარითო. სენატში დაკითხვაზე ამ ვეტიუსმა ბრალი დასდო სხვებს, ხოლო ხალხის წინაშე ლუკულუსი დაასახელა: პომპეუსის მოკვლაზე მაგან წამაქეზაო. ეს არავინ დაიჯერა და მაშინვე აშკარა გახდა, ეს კაცი პომპეუსელთა მიერ იყო მოსყიდული საზიზღარი ცილისწამებისათვის. უფრო მეტად ნათელი შეიქნა ეს ამბავი, როცა რამდენიმე დღის შემდეგ ვეტიუსის გვამი ციხიდან გად მოაგდეს. პომპეუსელები ამტკიცებდნენ: ვეტიუსი თავისი სიკვდილით მოკვდაო; მაგრამ მოშთობისა და ცემის ნიშნები, გვამს რომ აჩნდა, ამკარად ხდიდა იმას, რომ ვეტიუსი ვერაგულად იყო მოკლული.
43. ამ ამბავმა კიდევ უფრო ჩამოაცილა ლუკულუსი პოლიტიკას. ხოლო როცა ციცერონი რომიდან გააძევეს და კატონი კიპროსზე გაგზავნეს, მაშინ კი სავსებით ხელი აიღო სახელმწიფო მოღვაწეობაზე.
ამბობენ, სიკვდილის წინ თანდათანობით გონება დაკარგა და სულით დაავადდაო. კორნელიუს ნეპოტი გადმოგვცემს: ლუკულუსი არც სიბერისა და არც ავადმყოფობის მიზეზით არ შერყეულა ჭკუაზე; იგი ერთ ერთი მისი აზატი კალისთენეს მიერ მიცემული წამლის წყალობით შეიშალაო. კალისთენემ ეს წამალი იმიტომ მისცა, რომ ლუკულუსს იგი უფრო მეტად შეჰყვარებოდა; მას თურმე ეგონა, ამ წამალს ასეთი ძალა ჰქონდა; მაგრამ სინამდვილეში წამალმა ლუკულუსი შეარყია და გონება დაუბნელა; ამის გამო, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, ლუკულუსის ქონებას მისი ძმა განაგებდაო113.
ასე იყო თუ ისე, როცა ლუკულუსი გარდაიცვალა, ხალხი ფრიად შეწუხდა. ისე გეგონებოდა, თითქოს იგი თავისი სარდლობისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ნიჭის გაფურჩქვნის ჟამს გამოსალმებოდა სიცოცხლეს. ყველა გარბოდა მის დაკრძალვაზე და მოითხოვდნენ, ლუკულუსის გვამი, რომელიც კეთილშობილ ახალგაზრდებს ფორუმზე მიჰქონდათ, მარსის ველზე დაესაფლავებინათ, აი იქ, სადაც სულა იყო დაკრძალული. რაკიღა ლუკულუსის სიკვდილი მეტისმეტად მოულოდნელად მოხდა და მარსის ველზე დაკრძალვისათვის მომზადება დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, ამიტომ ხალხი დაეთანხმა ლუკულუსის ძმას, რომელიც თხოულობდა, გვამი ტუსკულუმის მამულში დაემარხათ, სადაც საამისოდ ყველაფერი მზად იყო.
ამის შემდეგ ლუკულუსის ძმას დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი არც ასაკით და არც სახელით დიდად არ ჩამორჩებოდა ლუკულუსს და ამიტომაც მალე მიჰყვა უკან თავის საყვარელ ძმას.
შენიშვნები
1. სრული სახელია: ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი (ძვ.წ. 106-56)
2. იგულისხმება ლათინური და ბერძნული ენები.
3. იხ. კეისრის ცხოვრება, შენ. 1.
4. კვინტუს ჰორტენზიუსი (ძვ.წ.114-59) – ციცერონის მეტოქე ორატორი. ლუციუს სიზენა – სულას თანამედროვე ისტორიკოსი.
5. მარსების ომის სახელით ცნობილია იტალიკების სერთო აჯანყება ანუ მოკავშირეთა ომი (ძვ. წ.71-88 ).
6. ედილი – თანამდებობის პირი რომში. სულ იყო ოთხი ედილი. ისინი თვალყურს ადევნებდნენ საჯარო სახლებს, იცავდნენ წესრიგს ბაზარსა და თეატრში და ქალაქის კეთილმოწყობაზეც ზრუნავდნენ.
7. ე.ი. მითრიდატემ.
8. დიკროტოსი - ხომალდი, რომელსაც ორ რიგზე გამწკრივებული ხოფები აქვს.
9. კვირენე - აფრიკის ბერძნული ქალაქი.
10. სამოსი მეფე მითრიდატეს მოკავშირე კუნძული იყო.
11. პიტანე – ტროადის ქალაქი.
12 გაიუს ფლავიუს ფიმბრია – რომაელთა სარდალი, რომელიც მითრიდატეს ებრძოდა.
13. იგულისხმება კონსული ლუციუს ვალერიუს ფლაკუსი.
14 ტენედოსი – კუნძული ეგეოსის ზღვაში.
15. ნეოპტოლემე – მითრიდატეს სარდალი.
16. ხერონესოსი ანუ ხერსონესოსი – ნახევარკუნძული ჰელესპონტთან.
17. პირველი ზავი მითრიდატესა და რომაელებს შორის შეიკრა ძვ. წ. 85 წელს.
18. ევქსინის პონტო – შავი ზღვა.
19. მიტილენე – ქალაქი კუნძულ ლესბოსზე. მიტილენელები მითრიდატეს წინააღმდეგ გამართულ საომარ კამპანიაში მხარს უჭერდნენ მხედრებისა (ექვიტების) და პოპულარების ბელადს გაიუს მარიუს უფროსს (ძვ. წ. 156-86), რომელიც სულას დაუძინებელი მტერი იყო. სულასა და მარიუსის მეტოქეობა დაკავშირებული იყო საომარი კამპანიის წინამძ- ღოლობის საკითხთან. მიტილენელებმა უღალატეს რომაელებს და მარიუსის კოლეგა მანიუს აკვილიუსი, რომელმაც თავი მათ ქალაქს შეაფარა, მითრიდატეს გადასცეს. მითრიდატემ მანიუსი სასტიკად აწამა.
20. ელეა – მიტილენეს პირდაპირ მდებარე მცირე აზიის ქალაქი.
21. ას სამოცდამეთექვსმეტე ოლიმპიადა ხვდება ძვ. წ. 73-72 წლებს.
22. კვინტუს სერტორიუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მივლინებული იყო პომპეუსი.
23. პუბლიუს ცეთეგუსი– პრეტორი. ლუციუს კვინკციუსი- სახლხო ტრიბუნი,
24. კვინტუს ცეცილიუს მეტელუს პიუსი – კონსული. ებრძოდა სერტორიუსს ესპანეთში, სანამ სარდლად პომპეუსს დანიშნავდნენ.
25. ბითვინია - რომის პროვინცია მცირე აზიაში. ბითვინიის საქმე მითრიდატესთან მესამე ომის (ძვ. წ.74-64) საბაბად შეიქნა. სერტორიუსსა და მეკობრეებთან კავშირის დადების შემდეგ პონტოს მეფე მითრიდატემ ხელთ იგდო ბითვინია და კაპადოკია. სერიოზული მდგომარეობის გამო აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნეს კონსულები – ლუკულუსი და ავრელიუს კოტა.
26 ჰარპიები – მით. მტაცებელი ფრთოსნები – გოგოჩიტები.
27. ქალკედონი– ბითვინიის ქალაქი.
28. ისტორიკოსი აპიანე ამ პირს ვარიუსის სახელით მოიხსენიებს.
29. იგულისხმება კიზიკოსი (ქალაქი პროპონტიდაში).
30. ფერეფატიები – საიქიოს ღმერთქალ პერსეფონესადმი მიძღვნილი დღესასწაული.
31. „სალამურზე დამკვრელი ლიბიელი“ – ნოტოსი ანუ სამხრეთის ქარი. „პონტოელი მებუკე“ – ჩრდილოეთის ქარი ანუ მითრიდატეს მიერ კიზიკოსელთა ქალაქის დასანგრევად ჩამწკრივებული საალყო მანქანები.
32. რინდაკოსი – ბითვინიის მდინარე, ერთვის პონტოს.
33. აპოლონია – მილეტელების კოლონია თრაკიაში პონტოს სანაპიროზე.
34. გაიუს სალუსტიუს კრისპუსი – რომაელი ისტორიკოსი (ძვ. წ.86-65).
35. ნავგარქოსი – ფლოტის მეთაური.
36. პენტერესი - ხუთრიგზე ჩამწკრივებული ხოფებიანი ხომალდი.
37. ნიკომედია – ბითვინიის ქალაქი.
38. სამოთრაკი – ეგეოსის ზღვის კუნძული, სახელგანთქმული ჰეფესტოს ხელქვეით ღვთაებათარ ე. წ. კაბირთა მისტერიებით.
39. არტემიდე – რომაელთა დიანა, ზევსისა და ლეტოს (ლატონას) ასული, ნადირობისა და მთვარის ღმერთქალი. პრიაპოსი – მიზიის ქალაქი, სადაც არტემიდეს ტაძარი იყო.
40. თემისკირა – ქალაქი მდინარე თერმოდონტთან მცირე აზიაში.
41. ამისე – ქალაქი პონტოში მდინარე ირისსა და ჰალისის შუა (აწინდელი სამსუნი).
42. ტიბარენები – ძველი ქართველური (კოლხური) ტომი. ქალდეველები - (ხალიბები) – ძველი ქართველური (კოლხური) ტომი. გეოგრაფიული ლექსიკონის ავტორი სტეფანე ბიზანტიელი ამბობს: ალიბებს ანუ ხალიბებს, რომელთაც ჰომეროსი ჰალიძონებს ეძახის, ახლა ქალდეველებად უხმობენ. ხალიბები პონტოს სამხ. აღმოს. სანაპიროზე და ევფრატის ზემო წელში მოსახლეობდნენ და სახელი ჰქონდა განთქმული ლითონის დამუშავებით.
43. კაბეირა – ქალაქი და ციხესიმაგრე პონტოს სამხ. აღმოსავლეთით, 150 სტადიონზე პარიადრიდან. კაბეირა მითრიდატეს ერთ ერთი რეზიდენცია იყო. პომპეუსმა კაბეირას უწოდა დიოსპოლისი, მერმე სებასტეს და სებასატიასაც ეძახდნენ, შემდეგ შეერქვა ნეოკესარია (აწინდელი ნიკსარა მდინარე კელკიდლიკეზე). კაბეირასთან ბრძოლაში ლუკულუსმა სასტიკად დაამარცხა მითრიდატე (72-71 ძვ. წ.).
44. ტიგრან II – მითრიდატეს სიძე. მისი მეფეთამეფობა ფრიად დააკნინა პომპეუსმა (იხ. „პომპეუსი“, თ. 33).
45. ტუნიკა – რომაული ტოგის ქვეშ ჩასაცმელი სამოსი,
40. დანდარიები - სტეფანე ბიზანტიელის ცნობით, ტომი კავკასიასთან (იხ. ს. ყაუხჩიშვილი, „გეორგიკა“, III, გვ. 277).
47. მეოტისის ტბა - აზოვის ზღვა.
48. მითრიდატემ თავს უშველა და სომხეთის მეფე ტიგრანთან გაიქცა.
49. ფარნაკია – პონტოს ქალაქი, რომლის დაარსება მითრიდატეს პაპა ფარნაკეს მიეწერება.
50. მონიმე მილეტელის ამბავი გამოიყენა ფრანგმა დრამატურგმა რასინმა და დაწერა ტრაგედია „მითრიდატე“.
51. ტალავრა – კაპადოკიის ქალაქი.
52. აპიუს კლოდიუსი - ლუკულუსის ლეგატი.
53. 86 წლის მარტში (ძვ. წ.) რომის ჯარებმა, რომელთაც სულა სარდლობდა, ალყა შემოარტყა ათენს. ათენი მაშინ მითრიდატეს მხარეზე იდგა. სულას თანამგრძნობი ათენელი ოლიგარქების თხოვნით, ათენის მცხოვრებლებს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. შესანიშნავი ქალაქის დიადი წარსულის პატივისცემის ნიშნად სულამ მაშინ ირონიით უთხრა ათენის დელეგაციას: „ეს ცოცხალთა მადლობაა მკვდრების მიმართო“.
ლუციუს მუმიუსი - რომაელთა სარდალი, რომელმაც „აქაიის კავშირთან“ ომის დროს მიწასთან გაასწორა აყვავებული ქალაქი კორინთო.
54. ტირანიონი - ციცერონის თანამედროვე მოღვაწე, არისტოტელეს თხზულებათა პოპულარიზატორი რომში.
55. ლუციუს ლიცინიუს მურენა - ლუკულუსის ლეგატი.
56. ლუკულუსზე აღშფოთდნენ რომაელი მხედრები; აღმოსავლურ პროვინციებში ჩატარებულმა რეფორმებმა მათი ფინანსური რწმუნებანი მეტისმეტად შეკვეცა.
57. ანტიოქია – სირიის სამეფო ქალაქი. მის მახლობლად მდებარეობდა მშვენიერი და აყვავებული ადგილი დაფნე, აპოლონისა და არტემიდეს ცნობილი ტაძრებით. ამ მხარეს სახელი ჰქონდა განთქმული თავაშვებული ცხოვრებით.
58. გორდიენე (კორლდუენე) – მხარე ასირიაში, კარდუხების სამკვიდრებელი.
59. მომთაბარე არაბები – ეგრეთ წოდებული სკენიტები (ბედუინები).
60. ე.ი. ბაბილონში.
61. ე.ი. თქვენი ქალაქი მცირეა ჩემისთანა დიდი კაცისთვისო. სინამდ– ვილეში კი ეს ქალაქი, დაარსებული სელევკოს ენიკატორის მიერ, იმხანად 600.000 მცხოვრებს მოითვლიდა.
62. სინოპი – პაფლაგონიის ქალაქი ევქსინის პონტოს სანაპიროზე; პონტოს სამეფო ცენტრი მითრიდატე VI ევპატორიის დროს.
63. სთენისი – ოლინთელი მოქანდაკე, ლისიპესა და ლექარეს თანამედროვე. მის შესახებ ცნობები დაცულია პლინიუს უფროსთან (XXXIV, 8, 19) და პავსანიასთან (VI, 16) და არა მარტო პლუტარქესთან, როგორც პლუტარქეს ცნობილი ფრანგი მთარგმნელი ტალბო ფიქრობს.
64. ასოპოსი – მდინარის ღმერთი, ოკეანისა და ტეთისის ძე (ავტოლიკესა და სინოპის შესახებ იხ. აპოლონიოს როდოსელი, „არგონავტიკა“, IL, 46-957).
65. პლუტარქეს ამ ცნობის სიზუსტის თაობაზე იხ. მანდანიანის დასახ. ნაშრ. გვ. 76.
66. მახარე – მითრიდატეს უფროსი ვაჟი, რომელიც განუდგა მამას. 65 წელს (ძვ. წ.), როცა მითრიდატე ბოსფორს მიადგა, მახარემ თავი მოიკლა.
67. სოფენე – მხარე დიდ სომხეთში. მცირე სომხეთისა და მელიტენეს მხრისაგან მას ჰყოფს მდინარე ევფრატი. მისი ქალაქი იყო არსამოსატა.
68. ტიგრანოკერტა - სომხეთის დედაქალაქი. მისი მდებარეობის შესახებ იხ. ია. ა. მანდანიანის, დასახ. ნაშრ., გვ. 62, შმდგ.
69. ადიაბენე – მხარე ასირიაში. მისი ქალაქები იყო არბელა და გავგამელა.
70. ტაქსილე – მითრიდატეს სარდალი.
71. იგულისხმება სპარსეთის ყურე.
72. არაქსი – მდინარე არეზი.
73. კვინტუს სერვილიუს ცეპიონი – პროკონსული (ძვ. წ. 105 წელს).
74. ტიგრანოკერტასთან ბრძოლა მოხდა ძვ. წ. 697 წელს.
75. ანტიოქე ასკალონელი ფილონის მოწაფე, აკადემიური სკოლის ფილოსოფოსი.
76. იგულისხმება გეოგრაფოსი სტრაბონი.
77. ტიტუს ლივიუსი (ძვ.წ. 57 – ახ. წ. 17.) – დიდი რომაელი ისტორიკოსი, 142 წიგნისაგან შემდგარი თხზულების ავტორი. ამ თხზულებას ეწოდება „ისტორია დასაბამითგან ქალაქისა“. ჩვენამდე მოღწეულია ლივიუსის მხოლოდ 35 წიგნი (1-10 და 21-45). ლივიუსის ცნობა, რომელსაც პლუტარქე იმოწმებს, პირდაპირი გზით არ მოღწეულა.
78. დრაქმა ერთ რომაულ დინარს უდრიდა.
79. დიონისეს კულტთანაა .დაკავმირებული დრამის აღმოცენება, ამიტომ „დიონისეს საქმის ოსტატი“ მსახიობს აღნიშნავს.
80. სამი მილიონი მედიმნი ხორბალი ას ოც ათას ტონას უდრის.
81. დიონ კაისოსი „რომის ისტორიაში“ (XXXV, 2) კიცხავს ლუკულუსს იმის გამო, რომ ტიგრანს არ დაედევნა. ამის მიზეზი, დიონ კასიოსის აზრით, ის იყო, რომ ლუკულუსს მთავარსარდლის რწმუნების გახანგრძლივება სურდა.
82. ლუკულუსი იმედოვნებდა, რომ პური დამწიფებული იქნებოდა.
83, 68 წელს ძველი წელთაღრიცხვით.
84. იგულისხმება სომხეთის მეფე არტაშეს II (II საუკუნე ძვ. წ.).
85, არტაქსატა ანუ ატაშატი მდებარეობდა არაქსის პირად. ამბავი მისი დაარსების თაობაზე გვხვდება სტრაბონთანაც.
86. არსანია – ევფრატის შენაკადი.
87. მარდები – მიდიისა და ჰირკანიის საზღვარზე მოსახლე ტომი.
88. შუბოსანი იბერები – „ლონხოფორო იბერეს“. პლუტარქეს ცნობათა გამოყენების თაობაზე იხ ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I ტ.
89. ატოპატენები – ზოგან: სატრაპენები და საკაპენები – მიდიის მკვიდრნი.
90. იგულისხმება ქალაქი არტაქსატა.
91. ნისიბისი – ქალაქი მესოპოტამიაში მდინარე ტიგროსთან. იგი დაშორებული იყო ტიგრანოკერტას 37 რომაული მილით და მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა.
92. ლუკულუსის წარმატებანი დროებითი იყო, „რომაელების დასამარცხებლად მითრიდატემ ბრძოლას ფართო ხასიათი მიანიჭა და უნდოდა ეს ომი რომის აგრესიული, დამპყრობლური პოლიტიკის მოსაგერიებლად და მოსასპობად გაერთიანებული აღმოსავლეთის მიერ წარმოებულ ბრძოლად ექცია. ასეთ მოწოდებაზე ალბანებს, კოლხებს და იბერებსაც მითრიდატესა და ტიგრანისათვის მხარი დაუჭერიათ და მიშველებიან“ (ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, I, 3, თბ., 1928, გვ. 3. იხ. აგრეთვე მანდანიანი, დასახ. ნაშრ. გვ. 143 შმდგ).
93. იხ. „კეისრის ცხოვრება“, თ. 10.
94. ლუკულუსის უკან დახევის შემდეგ მდგომარეობა აღმოსავლეთში კვლავ საშიში შეიქნა. შავი და ხმელთაშუა ზღვები ხელთ იგდეს მეკობრეებმა. ამის გამო შეწყდა რომში პურის შეტანა და რომის მოსახლეობაც გრძნობდა სურსათ სანოვაგის ნაკლებობას. ასეთი იყო რომში საქმის ვითარება, როცა 66 წელს სახალხო ტრიბუნმა გაიუს მანილიუსმა კომიციებში შეიტანა წინადადება აზიასა, ბითვინიასა და კილიკიაში უმაღლესი სარდლობის პომპეუსისათვის გადაცემის შესახებ“ (ვ. ს. სერგეევი, ძველი რომის ისტორიის ნარკვევები“, IL, თბ., 1740, გვ. 353-354). მანილიუსის კანონით ლუკულუსს მთავარსარდლის რწმუნებანი ჩამოართვეს.
95. ფაბიუსი, სორნაციუსი, ტრიარიუსი – ლუკულუსის ლეგატები.
96. ლუკულუსის შემცვლელად ჯერ გლაბრიონი დანიშნეს, 66 (ძვ. წ.) წლის იანვარში კი რომის მთავრობამ ყველა ქვეყანა, რომლებიც ლუკულუსს ემორჩილებოდა, პომპეუსს ჩააბარა.
97. იხ. „პომპეუსი“, თ. 31.
98. ჰირკანიის ზღვა – კასპიის ზღვა.
99. მარკუს ლიცინიუს კრასუსი – ცნობილი მდიდარი ტრიუმვირი. დაიღუპა პართებთან ომში 53 წელს ძვ. წ. მისი ცხოვრება აღწერილი აქვს პლუტარქეს.
100. აქ იგულისხმება პლუტარქეს „კრასუსი“, თ. 16.
101. იგულისხმება გაიუს მემიუს გემელუსი, სახალხო ტრიბუნი და შემდეგ პრეტორი.
102. ტრიუმფი ლუკულუსმა გადაიხადა ძვ. წ. 63 წელს.
103. ლუკულუსმა რომი მშვენიერი ბაღებით მორთო. მან, სხვათა შორის, პირველად შეიტანა აზიიდან ევროპაში ალუბლის ხე.
104. გაიუს მარიუს უფროსი (ძვ. წ. 156-86) – დემოკრატიული პარტიის ბელადი, წარმოშობით პლებსიდან, კონსულად იყო შვიდგზის. მისი ძე გაიუს მარიუს უმცროსი 82 წელს (ძვ. წ.) იყო კონსული. იგი დაამარცხა სულამ.
105. იგულისხმება ძველი ატიკური პოლიტიკური კომედია, რომლის უდიდესი წარმომადგენელი „კომედიის მამა“ არისტოფანე იყო.
106. სტოელი ფილოსოფოსი კვინტუს ელიუს ტუბერონი (იხ. ციც. ბრუტუსი 31).
107. ბერძენ სპარსელთა ომების დროს ირანის მეფე ქსერქსემ ფლოტის შესაყვანად საბერძნეთში ათონის მთის გათხრა მოინდომა.
108. ქლამიდი – მამაკაცის ზედა სამოსი.
109. იგულისხმება დიდი რომაელი ლირიკოსი კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი (65-8 ძვ. წ.).
110. იხ. ,,პომპეუსი“, თ. 2.
111. აქ იგულისხმება ციცერონის თხზულება „აკადემიკა“, რომლის პირველი რედაქცია შეიცავდა ორ წიგნს: 1. ,კატულუსი“, 2. „ლუკულუსი“. აქ გადმოცემული იყო აკადემიკოსების ანტიოქესა და ფილონის მოძღვრება შემეცნების შესახებ.
112. აქ იგულისხმება ე.წ. პირველი ტრიუმვირატი ანუ „სამთა კავშირი“, რომელშიც შედიოდნენ: პომპეუსი, კრასუსი და კეისარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий