გვერდები

пятница, 23 мая 2025 г.

ნიკიასი – ათენელი სახელმწიფო მოღვაწე და სტრატეგოსი (დაახლ. ძვ.წ. 470-413 წ.)

ანტიკური წყაროების მიხედვით მოამზადა ნანა ტონიამ
ნიკიასს ბერძნები მშვიდობისმოყვარე სტრატეგოსად თვლიდნენ და ამ ნიშნით ღირსშესანიშნავ სახელმწიფო  მოღვაწედ  აღიარებდნენ.  იგი  არ  იყო დაჯილდოებული ისეთი ბრწყინვალე ნიჭით, როგორითაც თემისტოკლესი ან სოლონი.  მისი ხასიათის ძირითად თვისებებს – გაუბედაობას,  სიზანტეს,  სიდინჯეს, რასაც მტრები ლაჩრობად უთვლიდნენ, ბერძნები კეთილგონივრულ სიფრთხილედ მიიჩნევდნენ.
ნიკიასის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ იგი მდიდარი  და სახელმორჭმული გვარის ჩამომავალი და მსხვილი მონათმფლობელი ყოფილა. სახელმწიფოს ვერცხლის საბადოებში მუშაობდა ნიკიასის 1000 მონა, რომელთაც  იგი იჯარით აბარებდა  და თითოეულ მათგანში დღეში  1 ობოლოსს იღებდა. გადმოგვცემენ, რომ მისი კაპიტალი იმ დროისათვის უდიდეს თანხას  –  100 ტალანტონს შეადგენდა.
იმხანად წარჩინებული და მდიდარი ადამიანები ადრე ებმებოდნენ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. ახალგაზრდა ნიკიასი ჯერ კიდევ დიდი პერიკლესის დროს არაერთგზის აურჩევიათ სტრატეგოსად,  მას თავიც  კი გამოუჩენია ხმელეთსა თუ ზღვაზე ლაშქრობათა  ჟამს.
ახალგაზრდა ნიკიასი ხალხში ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული გულუხვობით. როდესაც ქორეგოსის საპატიო მოვალეობის აღსრულება უხდებოდა, იგი თეატრალურ წარმოდგენებს არნახული ბრწყინვალებით მართავდა. 
ათენში ძვირადღირებულ თეატრალურ სანახაობათა ხარჯები კენჭისყრით ეკისრებოდათ ყველაზე მდიდარ მოქალაქეებს. ყოველწლიურ ასპარეზობებზე გამარჯვებული პოეტის სახელის გვერდით მოიხსენიებოდა იმ მოქალაქის სახელიც, რომელიც იხდიდა ქოროს სწავლებისა თუ პიესის განხორციელებისათვის  საჭირო ხარჯებს.  ეს მოქალაქე ქორეგოსად,  ანუ ქოროს ხელმძღვანელად იწოდებოდა. 
ნიკიასი გამოირჩეოდა იმ დროისთვისაც კი გასაოცარი მორწმუნეობით. ღმერთები რომ არ განერისხებინა,  იგი ყოველწლიურად აღასრულებდა მსხვერპლშეწირვის  წესს, ხოლო თეატრალური სანახაობებისათვის გაწეული უდიდესი ხარჯებით ღმერთების კეთილგანწყობასაც იმსახურებდა. 
ყოველწლიურად ათენიდან დელოსის1 წმინდა კუნძულისაკენ აპოლონის დღესასწაულზე  მიემართებოდა მომღერალთა  საზეიმო  პროცესია,  წმიდა  ჰიმნებით ღვთაება რომ ედიდებინათ. 
ერთხელ, ნიკიასის ქორეგოსობის ჟამს, დღესასწაულზე დასასწრებად ათენიდან გაემართა ხომალდი, რომელიც დელოსის მეზობელ კუნძულს მიადგა.  იქ მიიტანეს ათენელებმა ძვირფასი მასალით აგებული ოქროცურვილი ხიდი, რომელიც დღესასწაულის წინაღამეს ამ კუნძულის დელოსთან შემაერთებელ ვიწრო გადასასვლელზე გადაჭიმეს. დილით კი მდიდრული სამოსით მოსილმა ქორომ აპოლონის სადიდებელი სიმღერებით გადაიარა ამ ხიდზე და საზეიმო სვლით გაემართა ღვთაების წმინდა ტაძრისაკენ.  მსხვერპლშეწირვების, ასპარეზობათა  და მდიდრული ნადიმის შემდეგ ნიკიასმა აპოლონის ტაძრის წინ მდიდრული ძღვენი – ბრინჯაოს პალმა – აღმართა ღვთაების პატივსაცემად და მასვე უძღვნა მიწის დიდი ნაკვეთი ტაძრის მახლობლად. 
ნიკიასს არ წამოუწყია არცერთი მნიშვნელოვანი საქმე ისე, რომ არ გაეგო ღმერთების ნება  იმ წინასწარმეტყველებისგან, რომლებიც გამუდმებით ცხოვრობდნენ მის სახლში.  იგი იმასაც  კი ეკითხებოდა ღმერთებს, თუ როგორ უნდა ემართა თავისი საბადოები. 
მაგრამ ღმერთებზე უფრო მეტად ნიკიასს თანამოქალაქეებისა ეშინოდა.  მთელი ცხოვრების განმავლობაში  მას აძრწუნებდნენ სიკოფანტესები.2 ნიკიასი ლამობდა, თავი დაეღწია მათგან ფულებით: გულუხვად აძლევდა სესხს მეგობრებსაც და მტრებსაც. სიფრთხილის  გამო  იგი თანამოქალაქეებთან სიახლოვესაც  კი  გაურბოდა, არასოდეს ესაუბრებოდა მათ, არავისთან სადილობდა, დილიდან საღამომდე სახელმწიფოებრივი საქმეებით იყო დაკავებული, თავისუფალ დროს კი იკეტებოდა სახლში მეგობრებს და ახლობლებს განრიდებული. 
გამუდმებულმა შიშმა, ბუნებით ისედაც ფრთხილი და გაუბედავი ნიკიასი,  კიდევ უფრო მფრთხალი და წინდახედული გახადა. მას ეშინოდა სახელმწიფოებრივი გარდაქმნებისა და მიაჩნდა, რომ საჭიროა „მამათა წესით“ ცხოვრება. ვითარცა წარჩინებული და შეძლებული მოქალაქე, ნიკიასი არისტოკრატული წყობის მომხრე იყო და დემოსის მოწინააღმდეგე.  იგი უფრთხოდა ხალხის ბელადებს, უფრო მეტიც, სძულდა ისინი. 
უკიდურეს სიფრთხილეს, გაუბედაობასა და სიზანტეს ნიკიასი ბრძოლათა ჟამსაც ამჟღავნებდა. იგი ამჯობინებდა სულაც უარი ეთქვა სახიფათო ბრძოლებისას მხედართმთავრობაზე, რადგანაც იცოდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში გაძევება  ან სიკვდილით დასჯა ელოდა. მაგრამ თუკი ოდესმე გასძღოლია ლაშქარს, ყოველთვის გამარჯვებული დაბრუნებულა.  მის წარმატებებს მტრები თუ მეგობრები მიაწერდნენ წლებით დაგროვილ გამოცდილებასა და გასაოცარ იღბლიანობას. პერიკლესის გარდაცვალების შემდეგ ნიკიასი პირველ სტრატეგოსად აირჩიეს. მან იმთავითვე აღიარა, რომ ომის მოწინააღმდეგე იქნებოდა  და მალე ბრძოლებით განაწამებ ატიკის მკვიდრთა შორის უდიდესი მხარდაქერაც ჰპოვა. 
ყველაზე მეტად ომებმა ათენის გლეხობა დააზარალა.  მათი მიწები გადაბუგული იყო, ვენახი აჩეხილი, საქონელი გატაცებული. ამიტომაც გლეხებს ყველაზე  მეტად სძულდათ ომი. ისინი მშვიდობას ითხოვდნენ. მათ მდიდარ მიწათმფლობელებთან ერთად შექმნეს მშვიდობის პარტია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ნიკიასი. 
სხვა პარტია  (ეგრეთ წოდებული „პირეოსული“) შედგებოდა  იმ ხალხისაგან, რომელთაც  ასე ძალუმად  არ შეხებია ომის სიმძიმე. ძირითადად ესენი იყვნენ  ქალაქელი ხელოსნები, წვრილი მოვაჭრენი, მეზღვაურები  და სოვდაგრები,  რომლებიც ზღვის მიღმა ვაჭრობას ეწეოდნენ. ისინი ომის მომხრენი იყვნენ. პირეოსული პარტიის სათავეში იდგნენ ცნობილი ორატორი და ბელადი კლეონი, ჰიპერბოლოსი და სხვები. 
კლეონმა და მისმა პარტიამ შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. იგი დაუხანებლივ შეუდგა სპარტის წინააღმდეგ ომისთვის მზადებას.  მან განიზრახა თვით პელოპონესოსში მოეწყო ჰელოტთა ამბოხება. 
ათენელმა მხედართმთავარმა  დემოსთენესმა  ბრძანება  მიიღო,  თავს დასხმოდა სპარტელებს პელოპონესოსში. ათენელთა  იქ  გამოჩენას ჰელოტთა ამბოხება უნდა მოჰყოლოდა. დემოსთენესმა ხელში ჩაიგდო ქალაქი პილოსი, სპარტელთა მნიშვნელოვანი ნავსადგომი მესენიის სანაპიროზე. აქედან უფრო იოლი იყო ჰელოტთა  ამბოხების მოწყობა. სპარტელებმა,  იგრძნეს  რა მოსალოდნელი საფრთხე,  მრავალრიცხოვანი  ქვეითი და საზღვაო ძალა  გაგზავნეს კუნძულ სფაქტერიისკენ, რომელიც პილოსის მოპირდაპირედ მდებარეობდა. მაგრამ ათენელებმა დაამარცხეს სპარტის ესკადრა და ალყა შემოარტყეს კუნძულზე დაბანაკებულ 400 სპარტელს. 
როდესაც სპარტელებმა დაინახეს, რომ ბრძოლის ბედი ათენელებისკენ გადაიხარა, პირველებმა შესთავაზეს ზავის დადება. ნიკიასის წინააღმდეგობისდა მიუხედავად, ათენელებმა არ მიიღეს წინადადება.
ბრძოლა გრძელდებოდა,  მაგრამ სფაქტერიის ალყას  წარმატება  არ  მოჰყოლია. ბლოკადისდა მიუხედავად, სპარტელები ახერხებდნენ კუნძულზე  საკვების შეგზავნას, ამიტომ ალყაში მოქცეულთა დამორჩილება შეუძლებელი გახდა შიმშილის ძალით. 
მაშინ კლეონმა ათენის სახალხო საბჭოზე გაილაშქრა დემოსთენესისა და ნიკიასის წინააღმდეგ. პასუხად ნიკიასმა  ასე მიუგო: „კლეონ, შენ თავად  ხომ  არ  გაემართებოდი სპარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად?“
მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ კლეონმა მიიღო ნიკიასის წინადადება და სათავეში ჩაუდგა  იმ ჯარს, რომელიც ალყას არტყამდა კუნძულს. მან განაცხადა, რომ გამგზავრებიდან ოცი დღის შემდეგ გაანადგურებდა სპარტელებს,  ან ტყვედ წამოასხამდა მათ ათენში. 
კლეონმა დემოსთენესსთან ერთად ისე წაიყვანა ბრძოლის საქმე, რომ ოცი დღის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი სპარტელები (300 კაცი) ტყვედ ჩაიგდო და ათენში  ჩამოიყვანა.  ამან აიძულა სპარტელები ეფიქრათ  ზავზე ათენელთათვის  ხელსაყრელი პირობებით. 
კლეონმა გააფრთხილა სპარტელები,  რომ,  თუ  ისინი  ისევ შემოიჭრებოდნენ ატიკაში, ტყვეებს სიკვდილით დასჯიდნენ. და მართლაც,  იმ დროიდან სპარტელთა ატიკაში თარეში შეწყდა. 
ხმელეთზე დაუმარცხებელ სპარტელებზე კლეონის უზადო გამარჯვებამ ათენში დიდი სიხარული  გამოიწვია.  სახალხო  საბჭომ  იგი სახელმწიფოს  მხსნელად  და გმირად აღიარა და სათანადო პატივიც მიაგო. სამაგიეროდ მრავალი ადანაშაულებდა ნიკიასს სიმხდალესა და სიზანტეში იმის გამო, რომ თავისი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ უარი თქვა მთავარსარდლობაზე. ცნობილი კომიკოსი პოეტი არისტოფანე ასეთი სიტყვებით ამასხრებდა  მას: 
„ზევსია მოწმე, მძინარა ნიკიასივით მთვლემარების დრო აღარა გვაქვს, და არც  ქოქჭმანის“... 
კლეონი კი ამასობაში მისთვის ჩვეული ენერგიით განაგრძობდა ომს სპარტისა და მის მოკავშირეთა წინააღმდეგ. თავდაპირველად ომის ბედი ათენელების მხარეს იხრებოდა. მათ შეძლეს ეგეოსის ზღვიდან მოეკვეთათ კუნძული მეგარა, ხელში  ჩაიგდეს რა მისი ნავსაყუდელი და დაეკავებინათ სპარტელთა ფლოტის მთავარი სადგომი  – კუნძული კითერა, რომელიც პელოპონესოსის სამხრეთით მდებარეობდა. 
შემდეგ ომის ღმერთმა მიატოვა ათენელები და მათ მწარე დამარცხება აგემა ბეოტიელებთან ბრძოლაში. ათენელთა ამ წარუმატებლობამ სპარტელები გამარჯვების რწმენით  აღავსო.  მათ განიზრახეს,  ბრძოლა დაეწყოთ თრაკიაში,  რათა ხელთ ეგდოთ ათენელთა იქაური სამფლობელოები.
ნიჭიერმა სპარტელმა მხედართმთავარმა ბრასიდასმა შეძლო რამდენიმე თრაკიული სახელმწიფოს ათენის წინააღმდეგ განწყობა. 
კლეონი ათენის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში  და ბრასიდასის წინააღმდეგ  გაილაშქრა. თრაკიის ქალაქ ამფიპოლისსთან ბრძოლის  ჟამს, სადაც ორივე მხედართმთავარი – კლეონიცა და ბრასიდასიც  – სიცოცხლეს გამოესალმა, დამარცხდნენ ათენელები  (ძვ.წ. 422  წ.).
ამ ბელადთა დაღუპვის შემდეგ ათენშიც და სპარტაშიც მშვიდობის პარტიებმა იმძლავრეს. მალე ნიკიასისა და მის მომხრეთა წყალობით შესაძლებელი გახდა სპარტასთან ორმოცდაათწლიანი, ეგრეთ წოდებული ნიკიასის ზავის დადება იმ საფუძველზე, რაც ომამდე იყო. ათენელებს სპარტისთვის უნდა დაებრუნებინათ ტყვეები, დაეთმოთ პილოსი და სფაქტერია; სპარტელები ამფიპოლისიდან უნდა წასულიყვნენ. 
მაგრამ მშვიდობა  დიდხანს  არ გაგრძელებულა:  ორივე  მხარე უკმაყოფილო იყო და ზავს ისე უმზერდა, როგორც სულის მოთქმას ახალი, გადამწყვეტი ბრძოლის  წინ. სპარტელებმა  არ დაუბრუნეს ათენელებს ამფიპოლისი.  ამის  პასუხად ათენელებმა შეინარჩუნეს პილოსი და სფაქტერია. 
მიუხედავად ათენისა  და სპარტის დაზავებისა, მთელი საბერძნეთი განხეთქილებამ  მოიცვა.  თვით პელოპონესოსი უკმაყოფილო იყო  სპარტის მოქმედებით. ყველაზე მეტად ალშფოთებულნი იყვნენ კორინთოელები, მანტინეელები  და  არგოსელები. სპარტელთა შეურიგებელი მტრები  – არგოსელები და მანტინეელები ათენთან დაახლოებას ისწრაფოდნენ. 
ამ დროს ათენის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა ალკიბიადესი.3  იგი შეეცადა არგოსთან და სხვა პელოპონესურ სახელმწიფოებთან ზავის დამყარებას. ნიკიასი ამაოდ იბრძოდა ალკიბიადესის ამ ჩანაფიქრის წინააღმდეგ. ნიკიასი სათავეში ჩაუდგა ათენის წარმომადგენლობას და გაემგზავრა სპარტაში, რათა ჩაეწყნარებინა ათენელთა და სპარტელთა შორის არსებული უთანხმოება. იგი ვარაუდობდა, რომ ათენელები თავს შეიკავებდნენ არგოსელებთინ კავშირისაგან. მაგრამ ელჩობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ნიკიასის გავლენა დაეცა. 
ხელისუფლების სათავეში მოექცა ალკიბიადესი. მან არგოსთან და პელოპონესოსის სხვა სახელმწიფოებთან შეკრა კავშირი. 
სპარტა ერთობ მძიმე და სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა: იგი გარემოცული იყო მისდამი მტრულად განწყობილი დემოკრატიული სახელმწიფოებით. ახლა სპარტისთვის მტრებზე გამარჯვებას სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. 
მოკავშირეთა ლაშქარი მანტინეასთან შეება სპარტელებს. ნიკიასის სიზანტის გამო ათენელებმა ვერ გაუწიეს მოკავშირეებს სათანადო დახმარება და მათ სრული დამარცხება განიცადეს.
ამ მარცხმა ათენში ალკიბიადესისა და ომის მომხრეთა გავლენები შეასუსტა და სახელმწიფოს სათავეში კვლავ ნიკიასი მოექცა. 
ათენელთა ადათის თანახმად, დამარცხებულთა ბელადს ოსტრაკისმოსის  წესით განდევნა ემუქრებოდა. ალკიბიადესის გაძევება თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მან მოახერხა ნიკიასის მომხრეებთან მოლაპარაკება  და გაძევებული ალ მოჩნდა ჰიპერბოლოსი, დემოკრატიული პარტიის ბელადი. ალკიბიადესი  და  ნიკიასი კვლავ ხელისუფლების სადავეებს დაეპატრონნენ. მოწინააღმდეგენი  ნიკიასს კიცხავდნენ იმის გამო, რომ  მას არ შეეძლო ამფიპოლისის დაბრუნება. 
ნიკიასს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოუხდა თრაკიაში გალაშქრება ამფიპოლისის დასაბრუნებულად. ლაშქრობა სრული კრახით დასრულდა, რამეთუ მაკედონიის მეფემ, რომლის სამფლობელოზეც გადიოდა  გზა, სპარტელთა  მხარე დაიკავა და ათენელთა ჯარს არ მისცა იქ გავლის უფლება. ალკიბიადესი ახლა უკვე 
პირეოსის დემოკრატიულ პარტიას დაუახლოვდა, რომელიც ომის მოსურნე იყო. პირეოსის  პარტიის  მომხრენი ათენის სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრების გაფართოებაზე ოცნებობდნენ. მათ სურდათ სიცილიის, კართაგენისა და აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (ლიბიის) დაპყრობა. 
ალკიბიადესს დიდი ხანია ფიქრად ჰქონდა, გამხდარიყო ათენის მეთაურობით გაერთიანებული მთელი საბერძნეთის განმგებელი – ტირანი. მას მხოლოდ პირადი მისწრაფებები ამოძრავებდა, როდესაც ემხრობოდა  ხან დემოკრატიულ,  ხან არისტოკრატიულ პარტიას. ახლა ალკიბიადესის ჩანაფიქრს პასუხობდა პირეოსის დემოკრატიული პარტიის გეგმა და იგიც სიცილიაზე ლაშქრობის მომხრეთა ბელადად იქცა.
მთელი თავისი მჭევრმეტყველება და გავლენები ალკიბიადესმა იქით მიმართა, რომ სახალხო კრებაზე ათენელები სიცილიაზე ლაშქრობის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. ემოციური ათენელები გაიტაცა მის მიერ წარმოსახულმა სურათებმა. „თავდაპირველად,  – ამბობდა იგი, – აუცილებელია დავიპყროთ სიცილია, ვითარცა ჩრდილოეთისკენ ლაშქრობათა საფუძარი. სიცილიის და კართაგენის დამორჩილების შემდეგ ათენელები ხელთ იგდებენ ზღაპრულად მდიდარ ნადავლს და მაშინ ყოველი მოქალაქე გამდიდრდება;  აღარ  იქნება საჭირო შრომა,  თქვენ მხოლოდ ბრძანებთ და ყოველივეს ხელქვეითნი აღგისრულებენ“. 
ათენელთა მღელვარებამ და სალაშქრო გეგმებით გატაცებამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, როდესაც ათენში გამოჩნდნენ სიცილიის ქალაქთა – ლეონტინის და ეგესტეს ელჩები. ისინი ათენელებს დახმარებას სთხოვდნენ და არწმუნებდნენ, რომ კუნძულზე იფეთქებდა დემოკრატების ამბოხება, როგორც კი იქ ათენელთა ლაშქარი გამოჩნდებოდა. ისინი პირობას დებდნენ, რომ ათენელ ჯარისკაცებს და უნიშნავდნენ დიდ გასამრჯელოს.
თენის სახალხო კრებებზე ცხარე დავა იმართებოდა იმის თაობაზე, ღირდა თუ არა სიცილიური ქალაქების დასახმარებლად გალაშქრება. ათენელთა დიდ ნაწილს წარმოდგენაც არ ჰქონდა შორეულ კუნძულზე.  იგი ზღაპრულად  მდიდარ ქვეყნად მიაჩნდა,  მისი დაპყრობა კი – უიოლეს საქმედ. სახალხო კრებათა შემდეგ დავა გრძელდებოდა ქუჩებში, მოედნებზე, დახლებსა თუ სახელოსნოებში. ყველა ასაკის ადამიანი – ხანდაზმულიცა და ახალგაზრდაც – ქვიშაზე ხატავდა სიცილიის რუკას და ამ კუნძულთან დაკავშირებით ყოვლად შესაძლო გაუგონარ ამბებს ჰყვებოდა. 
ვერავინ ბედავდა ამ ფანტასტიკური ჩანაფიქრის წინააღმდეგ გამოსვლას. ერთადერთმა ნიკიასმა, მისთვის ჩვეული გაუბედაობისა და მფრთხალობისდა მიუხედავად, პირდაპირ გაილაშქრა ომის წინააღმდეგ. „სიცილიაზე,  – ამბობდა იგი,  – ათენის წინააღმდეგ განწყობილი მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა. კუნძულის მკვიდრნი ბრწყინვალედ არიან შეიარაღებულნი და ომების საწარმოებლად დიდძალი სახსრებიც გააჩნიათ. ჩვენ კი, ათენელებს, მრავალრიცხოვანი ომების გამო ხაზინაც ცარიელი გვაქვს“. 
სახალხო კრებამ გადაწყვიტა,  გაეგზავნა სიცილიაზე ესკადრა  6000 რჩეული მეომრის შემადგენლობით. ლაშქარს სათავეში ჩაუყენეს ალკიბიადესი, ნიკიასი და ლამაქოსი (რომელიც თავისი საბრძოლო საქმეებთი იყო განთქმული). ათენელები ვარაუდობდნენ, რომ ალკიბიადესის სიმამაცესა და ლამაქოსის სიფიცხეს შერწყმული ნიკიასის გამოცდილება და სიფრთხილე საქმეს დიდად წაადგებოდა. 
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომდევნო სახალხო კრებაზე ნიკიასი კვლავ შეეცადა თანამოქალაქეთა გონზე მოყვანას. ნიკიასი ბრალს სდებდა ალკიბიადესს იმაში, რომ იგი პირად მოგებასა და დიდებას გამოდევნებული, სახელმწიფოს უდიდეს საფრთხეში აგდებდა. „ალკიბიადესმა, ისევე როგორც დანარჩენმა ათენელებმა, ზუსტად არ იცის,  – ამბობდა იგი, – რა  ქვეყანაა სიცილია და რა მოგველის ჩვენ ამ დიდსა და მტრულად განწყობილ კუნძულზე. თუკი ჩვენ საქმე სიცილიაზე ცუდად წაგვივა, მტერი უმალ თავს დაგვაცხრება. სპარტასთან დადებული ზავი ხომ ერთობ არასაიმედოა. ლაშქრობა და სიცილიის დაპყრობაც  კი მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ძალებს“. 
სახალხო კრებამ ყურად არ იღო მისი რჩევა. მთელი ქალაქი აბობოქრდა: მდიდრებს ხომალდთა აგება და აღჭურვა დაევალათ, მოკავშირეებს შემოჰქონდათ აუცილებელი აღსაჭურველი, ყოველი მოქალაქე, რომელსაც იარაღის ტარება შეეძლო, გამალებით ემზადებოდა სალაშქროდ, მესაჭეები და მეზღვაურები საზღვაოსნო ხელოვნებას ეუფლებოდნენ. 
სახელმწიფო ხაზინის მთელი სახსრები მოხმარდა 134 ტრიერისაგან შემდგარი უდიდესი ფლოტის აგებას. დიდძალი თანხა დაიხარჯა აღსაჭურველისათვის,  მეომართა საზღაურმა 1620 ტალანტონი შეადგინა. ფლოტის გამგზავრების წინადღეს კი საბედისწერო რამ მოხდა, რამაც უკიდურესად დაძაბული ათენელები კიდევ უფრო მეტად დაძაბა  და ააღელვა: ღამით უცნობმა პირებმა დაარბიეს  და  დაამსხვრიეს ათენის გზაჯვარედინებზე აღმართული ჰერმები – ღვთაება ჰერმესის ქანდაკებები4. ხალხი ალკიბიადესს ადანაშაულებდა. ალკიბიადესმა მოითხოვა  საქმის დაუხანებლივ გარჩევა, მაგრამ მტრებმა ვერ გაბედეს მის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლა. ამას გარდა,  მისი სამსჯავროს წინაშე წაყენება ესკადრის გამგზავრებას დააყოვნებდა, ათენის სახალხო კრება  კი ლაშქრობის სასწრაფოდ  დაწყებას მოითხოვდა. გადაწყდა, რომ ალკიბიადესი სასამართლოზე წარდგებოდა ომის დამთავრების შემდეგ, ჯერ-ჯერობით  კი იგი სიცილიაზე უნდა გამგზავრებულიყო. 
და ბოლოს, ფლოტის გამგზავრების დღეც დაინიშნა  (ძვ.წ.  415  წ.). ათენელები და მოკავშირეები სხდებოდნენ ხომალდებზე  და ზღვაში გასასვლელად  ემზადებოდნენ. თითქმის მთელი ქალაქი გამოვიდა მათ გასაცილებლად; მოქალაქეები ემშვიდობებოდნენ თავიანთ ახლობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს. მრავალი  მოიცვა შიშისა და სინანულის გრძნობამ: როგორ გასრულდება შორეული ლაშქრობა? ეღირსებათ  კი ახლობლების ნახვა ისევ?! 
მრავალმა მოცლილმა და უქნარამ მოიყარა თავი ნავსადგომში არნახული სანახაობის სამზერად. და მართლაც, ბრწყინვალედ აღკაზმულ და მდიდრულად მორთულ ხომალდთა სიმრავლე, მეომართა აღსაჭურველის ბზინვარება დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენდა. 
როდესაც მეომრები ავიდნენ ხომალდებზე და ჯარების დაბარგება დასრულდა, გაისმა საყვირის  ხმა. ყოველ ხომალდზე მქადაგებლები ერთდროულად აღავლენდნენ ლოცვას, რომელსაც იმეორებდნენ მეომრებიცა და ნაპირთან თავშეყრილი ბრბოც. მთავარსარდლები და მეზღვაურები ოქროს და ვერცხლის სასმისებით ღმერთებს ზედაშეს სწირავდნენ. ბოლოს იმღერეს საზეიმო ჰიმნი (პეანი). ხომალდებმა აუშვეს ღუზა და აბობოქრებული ნავსადგომი შორს მოიტოვეს. 
ათენის ფლოტმა ჩაუარა პელოპონესოსს და კუნძულ კერკირასთან (ეპიროსის სანაპიროზე) ჩაუშვა ღუზა.  აქ თავი მოეყარა მოკავშირეთა დანარჩენ  ლაშქარს. სტრატეგოსებმა ერთხელ კიდევ შეამოწმეს თავიანთი ძალები. ფლოტი სამ ესკადრად დაიყო, თითოეულს საკუთარი ნავარქოსი მეთაურობდა. ეს ესკადრები დიდძალი სატრანსპორტო ხომალდების თანხლებით დაიძრნენ იტალიის ნაპირებისკენ. 
სალაშქროდ შერჩეულმა  სამმა სტრატეგოსმა გამგზავრების შემდეგაც  კი ვერ მოახერხა მოქმედების საერთო გეგმის შედგენა. ალკიბიადესი, ძლიერი ნების ადამიანი, რომელიც მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ესწრაფოდა, საჭიროდ მიიჩნევდა, უპირველეს ყოვლისა არა სიცილიის მთავარი ქალაქის – სირაკუსას,  არამედ მისი მოკავშირე სახელმწიფოების აღებას. ლამაქოსი, მგზნებარე მხედართმთავარი, მოუწოდებდა, გაეცურათ პირდაპირ სირაკუსასკენ და ვიდრე  მისი მოქალაქენი გონს მოეგებოდნენ,  ზედ ქალაქის კედლებთან დაეწყოთ ბრძოლა. ნიკიასი  კი ორივეს ეწინააღმდეგებოდა. იგი არ იყო დარწმუნებული ლაშქრობის წარმატებაში  და ამიტომ  მისი  გეგმა  ასეთი  იყო:  მცირეოდენი  დახმარება  გაეწიათ ეგესტეს მკვიდრთათვის, შემდეგ გარსშემოევლოთ სიცილიისთვის, მტერი დაეფრთხოთ და შინისაკენ მიქცეულიყვნენ.  ამ წინადადებით ნიკიასმა მყის დაბლა დასცა ათენელების საბრძოლო სული და შემართება.  ესეც არ იკმარა, ზღვად გასვლის მერეც იგი საოცარ სიზანტესა და გაუბედავობას იჩენდა. ნიკიასის ასეთი ქმედება სხვა მხედართმთავრებსაც უქრობდა ბრძოლის ხალისს, ხოლო ფლოტი უაზროდ კარგავდა დროს. 
ბოლოს და ბოლოს, ლამაქოსი მხარში ამოუდგა ალკიბიადესს, ნიკიასი კი იძულებული იყო მათ დამორჩილებოდა. 
იტალიის სანაპიროებთან ათენის უზარმაზარი ფლოტის გამოჩენამ სამხრეთ იტალიის სახელმწიფოთა შორის უდიდესი მღელვარება გამოიწვია: ყველას ესმოდა, რომ ათენელებმა აქ მოცურეს არა მათ დასახმარებლად, არამედ დასაპყრობად,  ამიტომ ქალაქ რეგიუმამდე (იტალიის სამხრეთით) ათენელებმა არა თუ გადმოსვლა, დასალევი წყლის აღებაც კი ვერ მოახერხეს. რეგიუმში კი, როგორც იქნა, შეძლეს სურსათით მომარაგება, მაგრამ ათენელ სტრატეგოსებს კვლავ გაუცრუვდათ იმედები: მალე ნათელი გახდა, რომ ეგესტეს წარმომადგენლები ნაცვლად შეპირებული დიდძალი თანხისა, მეზღვაურებს სთავაზობდნენ უმცირეს გადასახადს, სულ 30 ტალანტონს. 
აქედან მოლაშქრეებმა გასწიეს სიცილიის ქალაქებისკენ – ნაქსოსისა და კატანესაკენ, რომლებიც ათენელებს მიემხრნენ. 
ამ დროს გამოჩნდა ათენიდან მომავალი სახელმწიფო ხომალდი „სალამინია“, რომელმაც სახალხო კრების გადაწყვეტილება აუწყა ბერძნებს: ალკიბიადესს უნდა მოეხსნა მთავარსარდლობა  და დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო ათენში  სამსჯავროზე წარსადგომად. საქმე ის იყო, რომ აღმოჩნდა მის მიერ ჩადენილი მკრეხელობის დამადასტურებელი ახალი საბუთები. ალკიბიადესი დაემორჩილა ამ ბრძანებას, მაგრამ გზიდან  გაიქცა  და სპარტას შეაფარა თავი. ათენელებმა ალკიბიადესის გაქცევა  მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მხილებად სცნეს და დაუსწრებლად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 
ალკიბიადესის წასვლის შემდეგ განმგებლობა ნიკიასს დაევალა. მას მართებდა დაუხანებლივ მოექცია სირაკუსა ალყაში.  ეს უნდა მომხდარიყო მანამ, ვიდრე  სირაკუსელები შეაგროვებდნენ დიდძალ ლაშქარს  და  სახსრებს თავდაცვისათვის და ვიდრე ბრძოლის ბედი ათენელებისკენ იხრებოდა.  ეს იყო ომის მოგების ერთადერთი გზა. 
ნიკიასს  კი  ვერ გადაეწყვიტა, დაეწყო სერიოზული საბრძოლო მოქმედებანი თუ არა. ის ჯერ კიდევ ლამობდა თავისი ფლოტის ძალმოსილების ჩვენებით სიცილიური ქალაქების მიმხრობას. ამ მიზნით მან უაზროდ ისეირნა სიცილიის ნაპირებთან და ზაფხულის უძვირფასესი დრო ამაოდ დაკარგა. ბოლოს უშედეგოდ დაბრუნდა კატანეში.
ამასობაში სირაკუსელები თავდაცვისათვის ემზადებოდნენ.  მათ დახმარებისთვის მიმართეს სპარტასა და ათენის მოწინააღმდეგე სხვა ბერძნულ სახელმწიფოებს  და დაქირავებულ  მეომართა  დიდი ლაშქარი შეაგროვეს.  ბოლოს  ისეთ  ძალებს მოუყარეს თავი, რომ განიზრახეს, თავად დასხმოდნენ თავს ათენელებს. 
სირაკუსელთა ამბებმა ათენელთა ყურამდეც მიაღწია. მხოლოდ მაშინ, და ისიც ძალით, დაითანხმეს ნიკიასი შეტევაზე გადასულიყო. იმხანად ბერძენთა საომარი მოქმედებები წლის დროებთან იყო დაკავშირებული.  ისინი  ზამთრობით,  ჩვეულებრივ,  არ იბრძოდნენ  და ათენელი სტრატეგოსიც ბრძოლის დაწყებას გაზაფხულისთვის ვარაუდობდა. 
საბრძოლო მზაკვრობით ათენელებმა შეძლეს სირაკუსელთა ჯარის  ქალაქის კედლებიდან გამოყვანა. მაშინ ნიკიასმა დატოვა კატანე, დაიპყრო სირაკუსას ნავსადგომები და დასაბანაკებლად ხელსაყრელი ადგილი შეარჩია. როცა სირაკუსელები თავისი ქალაქის კედლებთან მიბრუნდნენ, ათენელები თავს დაესხნენ და გაიმარჯვეს კიდეც.  მაგრამ  ნიკიასმა  არ ისარგებლა  ამ გამარჯვებით  და ნაცვლად იმისა, რომ სირაკუსა აეღო ბრძოლით, ნაქსოსზე დაბრუნდა გამოსაზამთრებლად. 
როდესაც სირაკუსელებმა  ეს  გაიგეს, ათენელთა ბანაკს კატანეში თავს  დაესხნენ და გადაწვეს.  ამ მარცხს ყველა ათენელ სტრატეგოსს აბრალებდა. 
ახლა კი, როგორც იქნა, ნიკიასმა გადაწყვიტა ალყაში მოექცია სირაკუსა. ათენელებმა შეძლეს მის მახლობლად შეუმჩნევლად გადმომსხდარიყვნენ და დაეკავებინათ ის მაღლობი, ქალაქს რომ ჩრდილოეთიდან დაჰყურებდა. ამასობაში სირაკუსელთა მხედრიონმაც ისწრაფა მათკენ  და გაიმართა სასტიკი ბრძოლა.  ათენელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, ტყვედ 300 კაცი ჩაიგდეს. 
შემდეგ ნიკიასმა  მეტად  მცირე დროში  სირაკუსას გარსშემოავლო კედელი, რათა ქალაქისათვის ალყა შემოერტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ათენის ფლოტი სირაკუსელთა დიდ ნავსადგომში შენავდა. 
ალყაში მოქცეული სირაკუსელები თავს იცავდნენ  და თავის მხრიდანაც აგებდნენ კედელს, რომელიც ათენელთა კედლის შემხვედრი უნდა ყოფილიყო. სირაკუსელები ყოველნაირად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ათენელთათვის,  ხანგამოშვებით ისინი ებრძოდნენ კიდეც ერთმანეთს. ასეთი შეტაკებისას მოკლეს ათენელთა მეორე სტრატეგოსი, შეუპოვარი ლამაქოსი. 
ახლა ჯარების გამნმგებელი მხოლოდ ნიკიასი იყო. სასოწარკვეთილი სირაკუსელები თავს იცავდნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა: ათენელთა მიერ ქალაქის გარეშემო აგებული გალავანი თითქმის მზად  იყო,  ნიკიასი ალყის შემორტყმას იწყებდა. სიცილიის ზოგიერთი ქალაქი ათენელთა  მხარეს გადავიდა. სირაკუსელებმა იმედი დაკარგეს და ათენის მთავარსარდალთან მოლაპარაკება გამართეს. 
მაგრამ მოულოდნელად შეიცვალა ომის ბედი. სამშობლოს მოღალატე ალკიბიადესის რჩევით,  სპარტელებმა სირაკუსელთა დასახმარებლად გაგზავნეს 700 მეომარი გამოცდილი მხედართმთავრის, ჰილიპოსის მეთაურობით.  მან შეძლო მალულად გადაელახა სრუტე  და სიცილიის ჩრდილო-დასავლეთით გადმოესხა თავისი ლაშქარი. ნიკიასს გამარჯვების ისეთი რწმენა ჰქონდა, რომ მეთვალყურენიც კი არ განუწესებია, თუმცა იცოდა, რომ ჰილიპოსი უახლოვდებოდა. 
სირაკუსას მახლობლად დაბანაკებულმა ჰილიპოსმა თავდაპირველად ნიკიასსთან გაგზავნა  მაცნე.  იგი ათენელებს სთავაზობდა, დაუყოვნებლივ ასულიყვნენ ხომალდებზე და ათენისკენ გაეცურათ. ნიკიასს პასუხიც  არ გაუცია სპარტელთა მხედართმთავრისთვის. მაშინ ჰილიპოსი სირაკუსელებთან ერთად თავს დაესხა ათენელებს. პირველ ბრძოლაში ათენელებმა გამარჯვება მოიპოვეს,  მაგრამ შემდეგ მტერმა დაიკავა მათი რამდენიმე სიმაგრე  და ალყაშემორტყმულ ქალაქში შეაღწია. 
ამ წარუმატებლობამ ათენის სტრატეგოსი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. იგი მიხვდა, რომ ათენელებს აღარ შეეძლოთ ქალაქის ალყის შენარჩუნება ხმელეთიდან. უფრო მეტიც, ათენელები მალე თავად აღმოჩნდებოდნენ  ალყაში,  რამეთუ სირაკუსელებმა კედელი ააგეს  იქვე,  მათ სიმაგრეებთან. 
ახლა ათენელებს  ერთი  გამოსავალი რჩებოდათ – ეთხოვათ  დახმარება  ათენისათვის. ნიკიასი ასეც მოიქცა.  მან გაუგზავნა ათენის სახალხო კრებას წერილი, რომელშიც მრუმე საღებავებით ხატავდა შექმნილ მდგომარეობას, იმიზეზებდა ავადმყოფობასა და თავის სანაცვლოდ ახალ სტრატეგოსს ითხოვდა. „ვიდრე ჯანმრთელი ვიყავი, – წერდა ნიკიასი, – სახელმწიფოს ვემსახურებოდი. ახლა კი უკვე აღარ შემიძლია სტრატეგოსის თანამდებობის აღსრულება. სასწრაფოდ გეჭირდება შველა, რამეთუ ჩვენი ხომალდები დაზიანდნენ და გამოუსადეგარნი ხდებიან, მოკავშირეები გარბიან. ლაშქარი საჭიროებისამებრ  ვერ  მარაგდება, ფული აღარ არის და არც იშოვება, რადგან მოკავშირეები აღარ გვეხმარებიან“. 
ნიკიასის წერილი ათენში მაშინ მიიტანეს, როდესაც ქალაქს მძიმე დრო ედგა: სპარტელებმა კვლავ  წამოიწყეს  ომი.  ალკიბიადესის  რჩევით,  მათ  დაიკავეს დეკელეა  – ატიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრე. აქედან სპარტელები ატიკისა და მის მეზობლად მდებარე  ევბეას ველებზე მოწეულ ხორბალს  არ უშვებდნენ  ათენში. დღითა და ღამით მტერი მოსვენებას არ აძლევდა ათენელებს. ქალაქის მთელი მოსახლეობა თავს იცავდა. მტერთან შეტაკებები ყოველდღიურ მოვლენად იქცა.
მიუხედავად  ამისა, სახალხო კრებამ სახელმწიფოს მთელი ძალების დაძაბვით ხომალდთა ორი ესკადრა აღჭურვა 1200 ათენელი ჰოპლიტით, მრავალრიცხოვანი მოკავშირეებით  და გამოცდილი მხედართმთავრის,  დემოსთენესის მეთაურობით სიცილიისკენ გაგზავნა, თან გაატანა დიდძალი ფულიც. 
ამასობაში ნიკიასს თავს დაესხნენ ხხელეთიდან და ზღვიდან, მტერმა ჩაძირა ათენელთა 7 ხომალდი, სხვები მნიშვნელოვნად დააზიანა და, რაც მთავარია, ხელში ჩაიგდო ათენის ბაზა, პლემირიას კონცხი, დიდძალი მარაგით, იარაღითა და ფულით. 
მას შემდეგ, რაც ათენელები პლემირიადან გააძევეს, ლაშქრის მომარაგება მეტისმეტად გაძნელდა, რადგანაც მტრის ხომალდები ხელს უშლიდნენ სურსათ-სანოვაგის შემოზიდვას. ათენელთა  ამ მარცხს თან მოჰყვა თითქმის ყველა სიცილიური ქალაქის სირაკუსელთა მხარეს გადასვლა. 
ათენის ჯარი საბოლოოდ  დაეცა სულით;  ათენელთაგან  აღარავის სჯეროდა გამარჯვებისა და შინ მშვიდობით დაბრუნებისა. 
სწორედ ამ დროს ათენის ბანაკში შენიშნეს, რომ ახლოვდებოდა დიდი ესკადრა. მუსიკის ხმაზე დემოსთენესის ფლოტი, რომელიც 73 ხომალდისაგან შედგებოდა  და რომელსაც  5000 ჰოპლიტი,  3000 მსუბუქად შეიარაღებული  მეომარი  და დიდძალი აღჭურვილობა მოჰქონდა, ნავსაყუდელში შემოვიდა.  ათენელები  გამხნევდნენ და აღფრთოვანდნენ. როგორც იქნა, ფიქრობდნენ ისინი, ჩვენ შევძლებთ სირაკუსას აღებასა და მდიდარი ნადავლით შინ დაბრუნებას. 
სირაკუსელები  კი,  პირიქით,  სასოწარკვეთილებაში  ჩაცვივდნენ:  მათ  დაინახეს, რომ შემოვიდა ლაშქარი, არანაკლები უწინდელზე,  და რომ ათენელები  ძველებურად ძალმოსილები არიან. 
დემოსთენესმა განიზრახა, დაუხანებლივ თავს დასხმოდა მტერს.  „საჭიროა,  – ამბობდა იგი – ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს:  ან უნდა დავიპყროთ სირაკუსა,  ან შინ უნდა დავბრუნდეთ“. 
ნიკიასი, როგორც ყოველთვის, წინააღმდეგი იყო. იგი ამბობდა, რომ მტერს სახსრები აღარა  აქვს და რომ მალე მოკავშირეები მათ მიატოვებენ;  მაშინ  ისინი ზავს მოითხოვენო. და მართლაც, სირაკუსელებმა ისევ წამოიწყეს ზავზე მალული მოლაპარაკება ათენელებთან. სხვა სტრატეგოსები დემოსთენესს მიემხრნენ. ისინი ამბობდნენ,  რომ  ნიკიასი ადრეც  ვერ ბედავდა ბრძოლის  დაწყებას  და  ძვირფას დროს კარგავდა, რომ იგი ახლაც თავს იტყუებსო. 
ნიკიასი მეგობრების ძალისხმევით ძლივს დაიყოლიეს. დემოსთენესმა იმავე ღამეს სცადა სირაკუსელთა დამორჩილება. თავდაპირველად, ათენელებმა შეძლეს მტრის შევიწროვება; მაგრამ შემდეგ, უკანდახეულთა დევნისას,  სიბნელეში უწესრიგო ბრძოლა  გაიმართა.  ათენელები  მტერს ვეღარ არჩევდნენ. დემოსთენესი მწარედ დამარცხდა. ბრძოლის ველზე ათენელთა და მის მოკავშირეთა 2000 ცხედარი დარჩა.
ამ წარუმატებლობის შემდეგ ათენელი სტრატეგოსები მოსათათბირებლად შეიკრიბნენ. საჭირო იყო, გადაეწყვიტათ, რა ეღონათ. არაჯანსაღ ადგილას განლაგებულ ათენელთა ბანაკში სენიანობა დაიწყო; მებრძოლები დაეცნენ სულით; მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო. ამიტომ დემოსთენესმა შესთავაზა კრებას,  ან დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყვნენ  შინ, ანდა ბანაკი სხვა ადგილას გადაეტანათ, სირაკუსადან მოშორებით და იქიდან ეწარმოებინათ ბრძოლები. მაგრამ  ამ წინადადებას მოულოდნელად  წინ აღუდგა ნიკიასი.  მას უწინდებურად გამარჯვებისა არა სწამდა რა, მაგრამ სირაკუსელებზე უფრო მეტად ეშინოდა თავისი მტრების  – დემოკრატების, რომლებიც, მისი აზრით, ათენში დაბრუნებისთანავე მას სამსჯავროზე გაიყვანდნენ  ამ მარცხის გამო  და დასჯიდნენ.  „მე ვამჯობინებ, – ამბობდა იგი, – ბოლო მომიღოს მტერმა, ვიდრე ჩემივე თანამოქალაქემ“. 
ამასობაში სირაკუსაში კვლავ შემოვიდა დიდძალი მეშველი ლაშქარი. მაშინ კი მიხვდა ნიკიასი, რომ ომი წაგებულია, რომ საჭიროა ალყის მოხსნა და შინ დაბრუნება. როდესაც უკვე ყველაფერი მზად  იყო გასამგზავრებლად,  ღამით  დაბნელდა მთვარე, რამაც ძლიერ შეაშინა ნიკიასიცა და სხვა მეომრებიც. ათენის ლაშქარში მყოფმა წინასწარმეტყველებმა განაცხადეს, რომ ღმერთები წინააღმდეგნი არიან უკან დახევისა,  და რომ საჭიროა დაცდა მთვარის მომავალ მოვანებამდე. 
ასეც მოიქცნენ. და მაშინ მოხდა ყველაზე უფრო საშინელი რამ: ორდღიანი საზღვაო ბრძოლების  შემდეგ,  რამაც მრავალი ათენელი იმსხვერპლა. სირაკუსელებმა ათენის ფლოტს უკან დასახევი გზა გადაუჭრეს. ათენელები ხაფანგში გაებნენ. 
ათენის ბანაკში კვლავ შეიკრიბა სამხედრო საბჭო, რომელმაც გადაწყვიტა: ავადმყოფთა და დაჭრილთათვის დაეტოვებინათ  დაცვა,  დანარჩენებს  კი,  რადაც  არ უნდა დაჯდომოდათ, გაერღვიათ მტრის ალყა და სასწრაფოდ გამგზავრებულიყვნენ სამშობლოში. 
ათენის ქვეითი ჯარის საუკეთესო ნაწილი ჩასხეს გადარჩენილ ხომალდებში. გამგზავრების წინ ნიკიასმა მოკლე სიტყვით მიმართა მეომრებს: „ჩვენ სამშობლოსათვის ბრძოლა მოგველის. გახსოვდეთ, რომ სამშობლოს უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ;  ჩვენს სახელმწიფოს აღარც ფლოტი აქვს და არც ლაშქარი. თუკი დავმარცხდით, სამშობლო დაუცველი აღმოჩნდება. ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ. ხომალდები მზად არიან შეტევისათვის.  ჩვენ შევებმებით მტრის ხომალდებს  და ისევე ვიბრძოლებთ, როგორც ხმელეთზე“. 
ათენის  მძიმე ხომალდებისათვის არახელსაყრელ ადგილას ფიცხელი  ომი  გაჩაღდა. ზღვის მომცრო უბეში ორას ხომალდამდე შეიკრიბა.
სირაკუსელთა და ათენელთა ქვეითი ჯარი ნაპირიდან უმზერდა ბრძოლას.  სირაკუსელთა მსუბუქი ხომალდები ყოველი მხრიდან უტევდნენ ათენელთა მძიმე ტრიერებს. მტერი უზარმაზარ ლოდებს უშენდა ათენელებს, რომლებიც ისრების  და შუბების სროლით პასუხობდნენ. მტრის ალყის გარღვევის ყოველი ცდა ამაო იყო. ბოლოს სირაკუსელებმა გადამწყვეტი იერიშით უკუაქციეს ათენელთა ხომალდები. დაიწყო დამარცხებულთა ჟლეტა.  ათენელები უიმედო მდგომარეობაში  აღმოჩნდნენ:  ზღვისკენ  გზა მოჭრილი  იყო,  ხმელეთზეც  უკანდახევა  შეუძლებელი აღმოჩნდა – მტერს მოხელთებული ჰქონდა ყველა მაღლობი თუ გადასასვლელი, ხიდები დანგრეული იყო, ხოლო გაშლილი ველები ცხენოსანთა ჯარებს ეკავათ. 
ათენელთა ჯარს ერთადერთი გზა ჰქონდა ხსნისა – იგი სიცილიის შიდა მხარეებს უნდა შეფარებოდა. უკანდახევა დროულად რომ დაწყებულიყო, ათენის ჯარი გადარჩებოდა. მაგრამ ნიკიასმა ზღვაზე დამარცხებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ გასცა ბრძანება. 
მთელი  ამ დანაკარგის შემდეგაც ათენის ლაშქარი 40 ათას მეომარს ითვლიდა. იგი დაიყო ორ რაზმად:  წინ მიემართებოდა  ნიკიასი,  უკან  – დემოსთენესი.  მეომრებს სურსათ-სანოვაგის მხოლოდ ხუთი დღის მარაგი მიჰქონდათ. 
თავიდანვე  მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ათენელები.  ისინი იძულებულნი იყვნენ, გზიდან გადაეხვიათ, რადგანაც  ეს გზა სირაკუსელებს ჰქონდათ გადახერგილი. ამის შემდეგ ისინი ალალბედზე დაეხეტებოდნენ: იქით მიდიოდნენ,  საითაც ნაკლები საფრთხე ელოდათ ან სურსათი ეგულებოდათ. მტრის მხედრიონი მათ მოსვენებას არ აძლევდა. შიმშილი და წყურვილი ახელებდა უკანდახეულთ. 
თავად  ნიკიასი,  თავს დამტყდარი უბედურებისა და ავადმყოფობისდა  მიუხედავად, ინარჩუნებდა სულის სიმხნევეს და ცდილობდა, თავის უბედურ მეომრებში ხსნის იმედი არ მოესპო. 
უკანდახევის  მეექვსე დღეს თავისიანებს ჩამორჩენილი დემოსთენესის  რაზმი ალყაში მოექცა. მტერი მთელი დღე უშენდა ათენელებს ისრებსა და შუბებს. როდესაც ცხადი გახდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას მთელი რაზმის განადგურება მოჰყვებოდა, დემოსთენესი თვითმკვლელობის წარუმატებელი ცდის შემდეგ ტყვედ ჩაბარდა იმ პირობით, რომ მის მეომრებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. 
ორი დღის შემდეგ იარაღი დაყარა ნიკიასმაც. მასაც შეჰპირდნენ ცოცხლად დატოვებას. მაგრამ სირაკუსას სახალხო კრებამ დაადგინა, რომ ნიკიასი, დემოსთენესი და სხვა სტრატეგოსები სიკვდილით დაესაჯათ, ათენელთა მოკავშირეები მონებად გაეყიდათ, ხოლო თვით ათენელები სირაკუსას მახლობლად მდებარე საპყრობილეებში ჩაეგდოთ.
ასე დაიღუპა ნიკიასი.  მან თავისი გაუბედაობითა  და სიმხდალით სამშობლოს დიდი უბედურება მოუტანა. 
ათენელ ტყვეთა დიდ ნაწილს საპყრობილეებში აღმოხდა სული. საბრალო ტყვეები ეწამებოდნენ წყურვილით, სიცივით, საშინელი სივიწროვით; მათ შორის გავრცელდა მოარული ავადმყოფობები; ზოგი კვდებოდა მწირი და ერთფეროვანი საკვებით დაუძლურებული. მხოლოდ მონებად გაყიდულებმა შეინარჩუნეს სიცოცხლე. გადმოგვცემენ, რომ ზოგიერთმა ტყვემ თავი დაიხსნა და თავისუფლებაც კი მიიღო იმის  წყალობით, რომ ზეპირად ახსოვდა ნაწყვეტები ბერძნულ სამყაროში სახელმოხვეჭილი ათენელი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ქმნილებებიდან. 
მთელი ლაშქრისა და ფლოტის დაღუპვის ამბავი ათენელებს ვიღაც უცხოელმა ამცნო. იგი პირეოსის ნავსადგომში ჩამოვიდა და გასაკრეჭად სადალაქოს მიადგა. ეს დიდი უბედურება  მან  ისე  ახსენა, როგორც ყველასთვის ცნობილი რამ.  სადალაქოს მეპატრონე თავქუდმოგლეჯილი გავარდა ქალაქში და მოსმენილი თანამდებობათა პირებს შეატყობინა. 
ატყდა საშინელი აურზაური.  სასწრაფოდ  შეიკრიბა  სახალხო  კრება,  სადაც მიიყვანეს  ეს უცხოელი და დაწვრილებით დაუწყეს გამოკითხვა, თუ ვინ იყო,  სად ან ვისგან გაიგო ეს ამბავი. უცხოელს შიშისგან ენა ჩაუვარდა და გარკვევით ვერაფერი თქვა.  ათენელებმა  იფიქრეს, ეს კაცი ბოროტმოქმედია  და  განგებ  ავრცელებს ჭორს სახელმწიფოში განგაში რომ ატყდესო. უცხოელი აწამეს და მანამდე ჰყავდათ დამწყვდეული საპყრობილეში, ვიდრე ბოლოს და ბოლოს თავად მაცნეები არ გამოცხადდნენ  ამ შემაძრწუნებელი უწყებით.
შენიშვნები
1. დელოსი ითვლებოდა ღვთაება აპოლონისა და მისი დის, არტემისის სამშობლოდ. 
2. იმხანად ათენში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მდიდართა დაბეზღებითა და მათი სამსჯავროზე წარდგენით შოულობდნენ სახსრებს. მათ სიკოფანტესებს ანუ დამსმენებს უწოდებდნენ. ისინი ფულს ძალავდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს და სამსჯავროზე გადაცემის მუქარით ხშირად გაკოტრებამდე მიჰყავდათ იგი. 
3. იხ. ალკიბიადესის ბიოგრაფია. 
4. ჰერმესი იყო გზათა და ვაჭრობის ღვთაება. ჰერმების წაბილწვა რელიგიის წინააღმდეგ მიმართულ შემზარავ დანაშაულად ითვლებოდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий