გვერდები

вторник, 7 сентября 2021 г.

ასურეთის სამეფოს ისტორია

ბუნებრივი პირობები და მოსახლეობა.
ასურეთი ეწოდებოდა თანამედროვე ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, მდინარე ტიგროსის შუა წელზე, ბაბილონის ჩრდილოეთით მდებარე ოლქს. თავდაპირველად ასურეთი მდ. ევფრატამდე არ აღწევდა – დასავლეთიდან მას ევფრატის მარცხენა სანაპიროზე გაშლილი სტეპიანი ზოლი საზღვრავდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით ასურეთს ირანის ზეგანისგან გამოყოფდა ზაგროსის მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მდ. ქვემო ზაბზე გადიოდა.
თავისი ბუნებრივი პირობებით შუამდინარეთის ეს ოლქი მკვეთრად განსხვავდება ბაბილონისაგან (სამხრეთ. მესოპოტამიისაგან). მდინარეები ტიგროსი და ევფრატი აქ ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებით (300-დან 400 კმ-მდე) მოედინებიან. ამიტომ მათ პერიოდულ ადიდებებს არ ჰქონდა ქვეყნისათვის ის მნიშვნელობა, რაც სამხრეთში. შუამდინარეთი აქ მაღალ ზეგანსა და მთიან მხარეს წარმოადგენს და მთები ახლოს მიდიან მდინარესთან, რის გამოც საირიგაციო მიწათმოქმედებისათვის ვარგისი რჩება მხოლოდ მდინარის სანაპირო ვიწრო ზოლი. ტიგროსის მარცხენა შენაკადების – დიდი და მცირე ზაბის – ზემო წელზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება წვიმის წყლის მარაგზე დაფუძნებულ ხელოვნურ რწყვას: დიდი წვიმების პერიოდში წყალს აგროვებენ საგანგებო საცავებში და შემდეგ იყენებენ სარწყავად.
ჰავა აქ უფრო მკაცრია და კონტინენტური; ზამთარი საკმაოდ ცივია და ხშირად თოვლიანიც, ზაფხული კი – ცხელი და მშრალი. განსხვავებით ბაბილონისა და შუმერისაგან ასურეთში ადრიდანვე დიდ მნიშვნელობას იძენს მესაქონლეობა, რომლის ბაზას წარმოადგენს მთიანი საძოვრები, სადაც ზაფხულობით მიერეკებიან მსხვილფეხა საქონლის ჯოგებსა და ცხვრის ფარებს. მთების ქვედა კალთებზე ადრიდანვე აშენებდნენ ვენახს, რომლის კულტურა ბაბილონში ნაკლებად იყო გავრცელებული.
მდ. ტიგროსის აღმოსავლეთით და დასავლეთით აღმართულ მთებში მცხოვრები მოსახლეობა, გარდა მეცხოველეობისა, მისდევდა მონადირეობას, რომელიც აქ მუდმივად რჩებოდა მეურნეობის დამოუკიდებელ დარგად.
სამხრეთ შუამდინარეთისგან განსხვავებით აქ საკმაოდ ბევრი ტყე, საშენი ქვა და ლითონი იყო. სპილენძთან ერთად აქაურ მთებში რკინის საბადოებიც იყო, რის გამოც აქაურებმა მისი დამუშავება საკმაოდ ადრე დაიწყეს.
ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში ბაბილონის ჩრდილოეთით მდებარე ოლქში ჩნდება აქადური – სემიტური – მოსახლეობა, მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს აქადიდან სემიტური ტომების თანდათანობით გადმოსახლებას, სხვები კი აქ სემიტურ დასახლებათა გაჩენას სავაჭრო ინტერესებით ხსნიან. აქადის და შუმერის ტერიტორიაზე ისეთი ნედლეულის ნაკლებობა, როგორიცაა ქვა, ხე-ტყე და ლითონი, აიძულებდა შუმერისა და აქადის ქალაქებს გამოეგზავნათ აქეთ თავისი სავაჭრო აგენტები ამ ნედლეულის შესაძენად და სწორედ ისინი ქმნიდნენ აქ თავის დასახლებებს, როგორც თავისებურ საყრდენ პუნქტებს. ასეა თუ ისე, ძვ.წ. III ათასწლეულის შუა წლებიდან მერმინდელი ასურეთის ტერიტორიაზე იქმნება სემიტური (აქადური) დასახლებანი, ხდება სემიტური ტომების ჩამოსახლება და აქ მცხოვრები ხურიტებთან და სხვებთან შერევა.
სემიტურ დასახლებათა შორის უმნიშვნელოვანესი იყო ქალაქი ასური, რომელიც მდინარე ტიგროსის მარჯვენა ნაპირზე, მასთან მცირე ზაბის შეერთების ცოტა ზევით, ახლანდელი ქალაათ-შერკატის ადგილზე მდებარეობდა. შემდგომ ხანებში ეს ქალაქი გახდა აქ შექმნილი სახელმწიფოს ცენტრი და ქვეყანასაც მის მიხედვით ასურის სამეფო ეწოდა.
ასურეთის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა მდებარეობამ უძველეს მთავარ სავაჭრო გზებზე. სამხრეთ მესოპოტამიიდან სირიისაკენ ტიგროსისა და ევფრატით მიმავალი გზები ასურეთზე ან მის უშუალო სიახლოვეს გაივლიდა. ტიგროსის გაყოლებით მიმავალი გზა ასურეთის ტერიტორიაზე  უერთდებოდა  მცირე  აზიიდან  და  სამხრეთ ამიერკავკასიიდან  მომავალ  გზას.  ასურეთთან  ძალიან  ახლოს  გაივლიდა  აღმოსაელეთიდან,  ირანის  ზეგანიდან,  მდინარეების  ადემისა  და ლალას  გაყოლებით  გადაჭიმული  გზები.  ამრიგად,  ასურეთი  თავისე-ბურ  გზაჯვარედინზე  მდებარეობდა,  რამაც  ხელი  შეუწყო  აქ  ვაჭრობის  ადრეულ  განვითარებას  და  ასურეთის  გადაქცევას  ერთგვარ  შუამავლად  წინა  აზიის  სხვადასხვა  ოლქებს  შორის  აღებმიცემობაში.
ასურეთის  უძველესი  ისტორია.
ასურეთის  უძველესი  ისტორია, იქ კლასობრივი  საზოგადოებისა  და სახელმწიფოს  წარმოქმნის  პირობები   ჩვენთვის   თითქმის  უცნობია.  წერილობითი  წყაროები  მოგვითხრობენ,  რომ  უკვე  აქადური  დინასტიის  ხანაში  ეს   ტერიტორია  აქადის  პოლიტიკური  გავლენისა  და,   შესაძლოა,  ძალაუფლების  ქვეშაც იმყოფებოდა.  როგორც  აქადური  ტექსტები  გვაცნობენ,  სარგონ  I-მა (XXIV  ს.ე)     დაიპყრო  სუბართუს  ქვეყანა  და  ზაგროსამდე ილაშქრა. მისმა  მემკვიდრემ  რიმუშმა კი მერმინდელი  ასურული ქალაქის –  ნინევიის –  ჩრდილოეთით  ააშენა  ქალაქი,  რომელსაც   თავისი  სახელი მიაკუთვნა.
ასურისა  და   ნინევიის  არქეოლოგიურმა  შესწავლამ  დაადასტურა წერილობითი  წყაროების  ცნობები;  ამ   ქალაქების  უძველესი  ფენები აშკარად  ატარებენ  სარგონისა  და  რიმუშის  დროინდელი  სააღმშენებლო  მოღვაწეობის  კვალს.
ურის III დინასტიის  მმართველობის   დროს  ასურეთის  აღმოსავლეთი,  ტიგროსისპირა  მხარე  ამ   დინასტიის  ხელქვეით  ქვეყანას  წარმოადგენდა;  ასურში  ურის  მეფეთა  მოხელე იჯდა.
ურის  III დინასტიის  დაცემისა   და  სამხრეთ   შუამდინარეთში ელამის  მოძალების  ხანაში  (XXI  ს. ბოლოს  და  XX  ს. დასაწყ.)  ასურეთი  განთავისუფლდა  და  აქ  დამოუკიდებელი  პოლიტიკური  გაერთიანება  შეიქმნა.  ასურის  მმართველები,  ე.წ.  იშაკუმები („იშაკუმ“ არის  შუმერული  ენსის  აქადური  ფორმა),  დამოუკიდებელ  მმართველებად  იქცნენ.  უფრო  მეტიც,  ასურის  იშაკუმი  ილუშუმა  (XX  ს), როგორც  ეს  ერთ-ერთი  სააღმშენებლო  წარწერიდან  ჩანს,  ხელთ  იგდებს  ბაბილონის  ცალკეულ  ოლქებს და  ქალაქ ნიფურამდე  და  ურამდეც  კი  აღწევს.
ილუშუმა  იყო  შვილიშვილი  ასურის  მმართველის  ფუზურასურისა  (XX ს. 80–70-იანი  წლები),  რომელიც  აქ  დამოუკიდებელი  აქადური  ჩამომავლობის  დინასტიის  ფუძემდებლად  ითვლება.  ამ დინასტიის  საშინაო  თუ  საგარეო  მოღვაწეობის  შესახებ  ცნობები  თითქმის არ მოღწეულა,  თუ  არ  ჩავთლით  ილუშუმას  ზემონახსენებ  ლაშქრობას  სამხრეთში  და  უკანასკნელის  წინამორბედ  და   მომდევნო  მეფეთა რამდენიმე  წარწერას,  რომლებიც  მათ  სააღმშენებლო  მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.
ფუზურასურის  დინასტიის  მმართველობის   ხანაზე   მოდის  ასურელთა  მიერ  სავაჭრო  კოლონიების  დაარსება  მცირე აზიაში  – კაპადოკიაში.  ჯერ  კიდევ  შუმერული  და  აქადური  ქალაქები  გზავნიდნენ თავის  სავაჭრო აგენტებს –  თამქარებს  –  საკმაოდ შორეულ  ექსპედიციებში.  ისინი საქარავნო  გზებზე  აარსებდნენ  თავის  საყრდენ  პუნქტებს  და  სავაჭრო  ფაქტორიებს.  მაგრამ  ასე   ორს  შუამდინარეთიდან პირველად სწორედ  ასურელი  თამქარები  აღწევენ.  ამასთან,  ეს  უკანასკნელნი  კაპადოკიამი  აარსებენ  საკმაოდ  დიდ  და  ძლიერ  ახალშენებს, რომელთა  მიზანი  იყო  ადგილობრივი  ნედლეულის  რესურსების  სისტემატური  შეძენა  და  მყარი  აღებმიცემობის  დამყარება.
ყველაზე  მნიშვნელოვანი  ასურული ახალშენი იყო  ქ. ქანეშის გვერდით  მდებარე  სავაჭრო  დასახლება.  ქ. ქანეშის  (ქიულ-თეფეს  ნაქალაქარი  თანამედროვე  ქ. კაისერის  მახლობლად) გათხრების  შედეგად   აღმოჩენილი  ასურული  ტექსტები   ისევე   როგორც  ზოგიერთი დოკუმენტი  თვით  ასურიდან,  საშუალებას  გვაძლევს  ძირითადად  წარმოვიდგინოთ  ასურულ  ახალშენთა  მდგომარეობა  და  მათი  საქმიანობა. ეს   ახალშენები  ადგილობრივ  დასახლებათა  (ქალაქთა)  გვერდით,  მათი კედლების  გარეთ,  მაგრამ  მათ  კუთვნილ  მიწებზე  არსებობდა.
მცირე  აზიაში  ასურელ  ვაჭრებს  გაჰქონდათ  ხელოსნური  ნაწარმი, უმთავრესად  ქსოვილები,  ხოლო  აქედან  მოჰქონდათ  ვერცხლი,  ტყვია, სპილენძი,  მატყლი  და   ტყავი.
ქიულ-თეფეს  არქივის  დოკუმენტები დაახლოებით  სამ თაობას მოიცავს და XX–XIX  სს. განეკუთვნება;  XIX  ს,   ასურული  კოლონიების  არსებობა  წყდება;  რითაა  ეს   მოვლენა  გამოწვეული,  ჩვენ  არ ვიცით.  შესაძლოა,  აქ    გარკეეული  როლი  შეასრულა  ასურის  მბრძანებელთა  ბრძოლამ  ამორეული  ბაბილონის  წინააღმდეგ;  მაგრამ  უფრო საფიქრებელია,  რომ ასურელებმა დაკარგეს კაპადოკიაში თავისი პოზიციები  ადგილობრივ  ტომთა  გააქტიურებისა  და  თანდათანობითი გაერთიანების  შედეგად. 
ფუზურასურის  დინასტიას  ბოლო  მოუღო  ამორეველმა  შამშიადად  I-მა  (1815–1782).  ისევე   როგორც  ცენტრალურ  და  სამხრეთ შუამდინარეთში, ძალაუფლება  აქ   შემოჭრილ  ამორეველ  ბელადთა ხელში  გადავიდა.  შამშიადადმაც  შეძლო,  როგორც ჩანს, მომთაბარე ამორეულ  ტომებზე  დაყრდნობით  ხელთ  ეგდო  ძალაუფლება ტიგროსის  შუა წელზე,  ქ. ასურში, და შემდეგ  თავისი ხელისუფლების უფრო ფართოდ  გავრცელება.  შამშიადადმა  მიზნად  დაისახა  შეექმნა  ისეთივე დესპოტური  ხელისუფლება,  როგორიც   იყო   დამყარებული ბაბილონში.  იგი  თავის  თავს  უბრალოდ   იშაკუმას  კი  არ  უწოდებს, არამედ  „შარ-ქიშათის“  „მრავალთა  მეფეს“  (დაახლოებით  იგივეა,  რაც „სამყაროს  მეფე“).  შამშიადადის  ხელქვეით  აღმოჩნდა  ევფრატის  სანაპიროებიც,  კერძოდ,  თავისი  ვაჟი  მას  ქ.  მარის  მმართველად  დაუყენებია.  ასურის  მეფეს  ერთ  დროს  ემორჩილებოდა  ჩრდილოეთი  აქადიც, როგორც  მისი  წარწერებიდან  ჩანს,  მას  ხარკს  აძლევდნენ  ასურეთის  აღმოსავლეთით  და ჩრდილო-აღმოსავლეთით მოსახლე  ტომები,  ხოლო დასავლეთით  შამშიადადს  ხმელთაშუა  ზღვის  სანაპირომდე მიუღწევია,  სადაც  ლიბანის  ქვეყანაში  თავისი  ძეგლი  დაუდგამს.
შამშიადად  I-ის  მიერ  შექმნილ  ძლიერ  სახელმწიფოს  ბოლო  მოუღო  გაძლიერების  გზაზე  მდგომმა  ბაბილონის  სახელმწიფომ,  რომელიც  განსაკუთრებით  გაძლიერდა  მეფე   ხამურაბის დროს.   ამ   უკანასკნელს  ასურეთის  მხარე დაულაშქრავს და, თუმცა  თავისი  სამეფოსათვის  უშუალოდ  არ შეუერთებია,  საგრძნობლად  კი დაუსუსტებია იგი. არც ხამურაბის სახელმწიფოს დამხობამ მისცა საშუალება ასურეთს კვლავ აღორძინებულიყო. ამ დროს  ასურეთის დასავლეთით,  მდ. ევფრატის ნოყიერ სანაპიროზე  გაძლიერდა   ხურიტულ   ტომთა დიდი   გაერთიანება – მითანის   სამეფო.
მითანის მეფე შაუშატარის დროს (დაახლ. ძვ.წ. 1500 წ.) ასურეთი მისი ბატონობის ქვეშ მოექცა. შაუშატარს დაულაშქრავს ასურეთი, ხელთ უგდია ქ. ასური და გაუძარცვავს იგი. ასურში მეფის წარმომადგენელი (სუქალუ) იმყოფება, რომელიც, ფაქტიურად, მეფის მოადგილეს, მეფის ნაცვალს წარმოადგენს. მართალია, ასურეთის ზოგიერთ ქალაქში ადგილობრივი მმართველები იყვნენ, მაგრამ მათი როლი მცირე იყო და ისინი ფაქტიურადაც მითანის მეფის ქვეშვრდომები იყვნენ.
ასურეთის  როლი  ამ  პერიოდში  საერთოდაც  დაეცა.  საერთაშორისო  სავაჭრო  გზებმა  დასავლეთით  გადაინაცვლა, ძირითად  სავაჭრო ცენტრებად  იქცა  სირიისა  და,  განსაკუთრებით,  ფინიკიის  ქალაქები, სადაც თავს იყრის კრეტა-მიკენის, ეგვიპტის, ხეთების,  მითანის მხარეებიდან  მომავალი  საქონელი.  მართალია,  ასურეთის  მეშვეობით  ვაჭრობა  ინარჩუნებს  მნიშვნელობას  ბაბილონისათვის,  მაგრამ  ასურეთი ვეღარ  არის  ისეთი  აქტიური,  როგორიც  ადრე  იყო. მას უკვე  აღარ შეუძლია  თავისი  სავაჭრო  კოლონიების  გაყვანა მცირე აზიაში და ჩრდილოეთ  მესოპოტამიაში იქ ხეთებისა და მითანის მძლავრი სახელმწიფოების  წარმოქმნის   გამო.
მითანის დასუსტება და ასურეთის პოლიტიკური გაძლიერება.
XV ს. დასაწყისიდან  მითანის  სახელმწიფო  საგრძნობლად  დასუსტდა. ეგვიპტელებმა  გააძევეს  ის  სირიის  ოლქებიდან. ამით ისარგებლეს ასურეთის მმართველებმა და ცდილობდნენ დამოუკიდებლობის  მოპოვებას,  როგორც  ჩანს,  დროდადრო  ისინი  ამას  აღწევენ  კიდეც.  ასურულ  წყაროებში  XV  ს.  მეორე  ნახევრისათვის  იხსენიებიან  მმართველები,  რომელნიც „მეფის“ ტიტულს ატარებდნენ, მითანისაგან  დამოუკიდებლად  ბაბილონის  კასიტური  დინასტიის  მეფეებთან  ხელშეკრულებებს  დებდნენ  და  სასაზღვრო საკითხებს  არკვევდნენ.  მაგრამ XIV ს.  70-იან  წლებამდე  ასურეთი  მაინც  მითანის  ძალაუფლების ქვეშ  რჩებოდა.  მითანისაგან  განთავისუფლებისათვის ხელსაყრელი პირობები  ასურეთს  შეექმნა  მას  შემდეგ,  რაც  ხეთების  მეფემ  სუფილულიუმა  I-მა  (1370  წ.  ახლო  ხანებში)  გაანადგურა  მითანის  მეფის,   თუშრათას  ჯარები  და   დაიკავა  მთელი  ჩრდილოეთი  სირია.  მითანის  ამ  მარცხით  და  მისი  ძლიერების  დაცემით  ისარგებლა  ქ.   ასურის  მმართველმა  ასურუბალიტმა,  თავი  დამოუკიდებლად  გამოაცხადა  და  თვით  გადავიდა  შეტევაზე  თავისი  ქვეყნის  ყოფილი მპყრობელის  წინააღმდეგ. 
ასურუბალიტ  I-ის  დროიდან  (1365–1330)  იწყება  ასურეთის  დამოუკიდებელი  სახელმწიფოს  არსებობა  და   მისი   ახალი  აღმავლობის ხანა,    ანუ   ეგრეთ  წოდებული  „შუაასურული  პერიოდი“.
შუა ასურული სამეფო
მიუხედავად  ხეთებისა  და   ასურელებისაგან  განცდილი  მარცხისა, მითანის  სამეფო  კიდევ  კარგა  ხანს  არსებობდა,  მაგრამ  ასურეთმა  მისგან   სრული  დამოუკიდებლობა  მოიპოვა  და  მისი  ცალკეული  ოლქებიც   დაიპყრო.
მოიპოვა  თუ  არა დამოუკიდებლობა, ასურეთი ცდილობდა გარეპოლიტიკური კავშირების  დამყარებას.  ამ   მხრივ  ნიშანდობლივია  ასურტუბალიტის  დიპლომატიური  ურთიერთობა  ეგეიპტის  ფარაონ  ამენჰოტეპ  IV-სთან,  ანუ  ეხნატონთან.  ცნობილია  მისი  ორი  ელჩობა  ეხნატონთან. პირველი  ელჩობის  დროს  ასურეთის  მეფე   ფარაონს  მხოლოდ  საჩუქრებს უგზავნის,  ხოლო  მეორე  ელჩობის  დროს,  მირთმეულ  საჩუქართა  სანაცვლოდ,  ოქროს  გამოგზავნას  სთხოვს.  ამ მეორე ელჩობისას  ასურუბალიტი  გვევლინება  ეგვიპტის   ფარაონის  სრულუფლებიან  პარტნიორად,  მის   „ძმად“.  აქვეა  აღსანიშნავი,  რომ  ფარაონისადმი  გაგზავნილ  წერილებში  ასურეთის  მფლობელი  თავის  თავს „მეფეს“  (შარუ)  ან  „დიდ  მეფეს“  (შარუ  რაბუ)  უწოდებს.
ასურეთისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევფრატის სანაპიროზე გასვლას, მაგრამ  აქ ის  ბაბილონის  წინააღმდეგობას  წააწყდებოდა, რადგან  ასურელები  ამით  ხელთ იგდებდნენ  ბაბილონიდან ჩრდილოეთით  მიმავალ  უმთავრეს  სავაჭრო  მაგისტრალს.  ასურუბალიტი  აქაც  მოხერხებულ  პოლიტიკას  ატარებს.  იგი   თავის  ქალს  მიათხოვებს  ბაბილონის  მეფეს  ბურნაბურიაშს,  რაც  ასურეთის  მეფეებს შემდგომში  საშუალებას  მისცემს  ჩაერიონ  ბაბილონის  სამეფოს  შინაურ  საქმეებში.
თავისი მეფობის უკანასკნელ წლებში ასურუბალიტი, სარგებლობს რა ბაბილონში ტახტის  პრეტენდენტთა ურთიერთბრძოლით, იჭრება მის  საზღვრებში და  ტახტზე  თავის  შვილიშვილს  ქურიგალზუს  სვამს.
ასურუბალიტის  მემკვიდრეები  განაგრძობენ  მის აქტიურ  საგარეო  პოლიტიკას,  რის  შედეგადაც  აფართოებენ  ასურეთის  საზღვრებს და  იქვემდებარებენ  მეზობელი  ქვეყნებისა  და  ტომების  საკმაოდ  დიდ ნაწილს. მეფე ადადნირარი I (1307–1275)  ლაშქრავს  ასურეთის  დასავლეთით  მითანის  სამეფოს  ტერიტორიას  და  აღწევს  ხარანსა და  ქარხემიშამდე.  მნიშვნელოვნად  აფართოებს  იგი  თავის  სასფლობელოებს  სამხრეთით  და  აღმოსავლეთითაც. აღსანიშნავია,  რომ  სწორედ  ადადნირარის  დროიდან  შეიმჩნევა  ცდა  დაპყრობითი  პოლიტიკის  კანონიერად  და  ღმერთებისათვის  სასურველად  გამოცხადებისა. ადადნირარი  თავის  თავს  „ყოველთა  მეფეს“  (შარ-ქიშათი)  უწოდებს. მის  წარწერებში  იგი  გამოცხადებულია  „მეფედ,  რომელმაც  ყველა მტერი,  ზევით  და  ქვევით  მცხოვრები,  განდევნა  და  ყველა  ქვეყანა  თავის  ფერხთით  დასცა“.
ადადნირარის მემკვიდრის სალმანასარ I-ის (1724–1245) დროს ასურეთი იწყებს აგრესიულ  მოქმედებას  ჩრდილოეთით  ურუატრის (მერმინდელი  ურარტუს  სამხრეთი  ნაწილი)  წინააღმდეგ,  სადაც  სამი დღის  განმავლობაში  აღწევს  გამარჯვებას,  იპყრობს  და ანადგურება სოფლებსა  და  გამაგრებულ  დასახლებებს.  წარმატებებს  აღწევს  სალმანასარ I დასავლეთითაც,  სადაც  ლაშქრობს ქარხემიშამდე  და ამ ოლქებს  უშუალოდ  უერთებს  ასურეთს,  დალაშქრული  იყო  აგრეთვე ბაბილონიც.  სალმანასარ  I-ის  დროს  გარკვეულად  ყალიბდება  ასურეთის  მეფეთა  დიდმპყრობელური  პოლიტიკა.
განსაკუთრებით აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მეფე თუქულთინინურტა I (1244–1208). მიუხედავად  მისი  წინამორბედების  წარმატებითი  ომებისა, მათ  მიერ დალაშქრული ქვეყნები ასურეთს არ  ემორჩილებოდა;  როგორც  კი ასურეთის  ლაშქარი  თითქოს დამორჩილებულ-დაპყრობილ ოლქს ტოვებდა,  აქ  კვლავ  ადგილობრივი  ხელისუფლება  აღდგებოდა  და  ასურეთის  მეფეებს  უხდებოდათ ამ   ქვეყნების  ხელახალი  დალაშქვრა.  ამავე  დროს,  ასურეთის  სახელმწიფოსათვის  მნიშვნელოვან  საშიშროებას  წარმოადგენდნენ  მომთაბარე   ტომები,  რომლებიც  ოდესღაც  ევფრატის  გადაღმა  სახლობდნენ, ამ დროისათვის კი მათ  ევფრატი  გადმოლახეს  და  ჩრდილოეთ  შუამდინარეთის  დაბლობი  და ზეგანის ნაწილი  დაიკავეს. ამ მომთაბარე ტომებთან,  რომელთა შორის  განსაკუთრებით  მრავალრიცხოვანი  ახლამუს   (ამორეველების)  ტომი  იყო,  ბრძოლა  თუქულთინინურტას  წინამორბედებსაც  უხდებათ,  ხოლო  უკანასკნელი  ახერხებს  მათ   დამორჩილებას  და   დაბეგვრას.
თუქულთინინურტა  ანადგურებს  ჩრდილო  სირიის  ხეთურ ოლქებს,  საიდანაც,  მისი  წარწერის  მიხედვით,  28000  ტყვე  მოჰყავს.  დალაშქრავს  იგი  აგრეთვე  ასურეთის  სამხრეთ-აღმოსავლეთით,  ელამის ტერიტორიაზე  მოსახლე  ტომებსაც  და  დასავლეთით  და  სამხრეთ-დასავლეთით  მდებარე  ოლქებს  ჩრდილოეთით  იგი  იჭრება,  ნაირის მხარეში   და   ამარცხებს   43   „მეფეს“.
თავისი  მეფობის  მეთერმეტე წელს თუქულთინინურტა  შეიჭრა ბაბილონში,  აიღო  ქალაქი  ბაბილონი,  გაძარცვა  იგი,  დაანგრია  მისი სიმაგრეები,  მეფე  კასტილიაშ  IV ტყვედ წამოიყვანა,  გაძარცვა ღმერთ მარდუკის  ტაძარი,   ხოლო  თვით  ღმერთის  ქანდაკება  „ტყვექმნილი“ წამოიღო  ასურში.  კასიტების  დიდი  რაოდენობა  ასურეთში  იქნა  გამორეკილი  და  კალხუსთან  (დღევ.  ნიმრუდი)  დასახლებული.
თუქულთინინურტას  დროს  ასურეთის  საზღვრებში  მტკიცედ  შევიდა ყოფილი  მითანის  მიწა-წყალი  და ევფრატამდე გავრცელდა. მისი ტერიტორია დასავლეთით დაპყრობილი ქვეყნების უფრო მყარად  შემომტკიცების  მიზნით თუქულთინინურტა  ფართოდ   მიმართას   დამორჩილებულ  ოლქთა მცხოვრებლების  დიდი  რაოდენობით  ასურეთში  გადმოსახლების,  მძევალთა  აყვანის  მეთოდებს,  აგრეთვე  ზოგიერთ  ოლქში  (მაგალითად,  მითანში)  სიმაგრეების  აგებასა  და  იქ ასურული  ჯარების  დატოვებას.
ფართო  დაპყრობით  პოლიტიკას  მარტო  საზღვრების  გაფართოებისა  და  პოლიტიკური  პრესტიჟის  ამაღლების  მიზანი  არ  ჰქონაა,  ასეთი   დაპყრობები  წმინდა  ეკონომიკური  ამოცანებითაც  იყო  ნაკარნახევი.   დალაშქრული  ქვეყნებიდან  ასურელებს  უამრავი  ნადავლი მოჰქონდათ, განსაკუთრებით ისეთი ნედლეული,  რაც  ასურეთში  ცოტა იყო, მაგალითად: ლითონი, ხე-ტყე,  სოფლის  მეურნეობის  პროდუქტები.  დაპყრობილ  ოლქებს  ხარკს  ადებდნენ.  ეს   ყველაფერი  ამდიდრებდა  ქვეყანას,  პირველ  რიგში, ცხადია,  მის  გაბატონებულ  ზედაფენას.
თუქულთინინურტა,  თავს   წინამორბედთა   მსგავსად,  საკმაოდ ფართო  სამშენებლო  მოღვაწეობასაც  ეწეოდა. ამისათვის ის სწორედ მოპოვებულ ნადავლს და  დატყვევებულთა   შრომას  იყენებდა. განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  ასურელ  მეფეთა  ზრუნვა  საკუთარი   სასახლეების  გადიდება-გამშვენიერებაზე.  ეს   ღონისძიება  მიზნად ისახავდა  არა  მარტო  ესთეტიკური  მოთხოვნილების  დაკმაყოფილებას, არამედ  ემსახურებოდა  მეფის  ძლიერების,  მისი  პიროვნების  ბრწყინვალების   ხაზგასმას,   მისი  განსაკუთრებული  მდგომარეობის  სიმბოლიზაციას. თუქულთინინურტას  დროისათვის  მეფე  უკვე  ხდება  სავსებით შეუზღუდველი  მეუფე  და  ერთპიროვნული  მმართველი, ღმერთის  მოადგილე  დედამიწაზე.  მის  ხელში  იყრის  თავს  სახელმწიფო მმართველობის  ყველა  ძაფი  და ის ნამდვილ  დესპოტად  გვევლინება. თუქულთინინურტას  მეფობის  უკანასკნელი  წლები  ბურუსითაა მოცული,  ჩვენ  მხოლოდ  ის   ვიცით,  რომ  იგი  სასახლის  გადატრიალების   მსხვერპლი  გამხდარა.
თუქულთინინურტას  მემკვიდრეთა  დროს  ასურეთის  სახელმწიფო საგრძნობლად  სუსტდება.  ბაბილონში  ახალი  დინასტიის  ენერგიული წარმომადგენლის,  ნაბუქოდონოსორ II-ის გამეფების  შემდეგ  ბაბილონი კვლავ  გაძლიერდა  და  გარკვეული  დროით  ასურეთი  თავის  გავლენასაც  დაუმორჩილა.  არამყარი  აღმოჩნდა სხვა დაპყრობებიც, დამორჩილებულმა ტომებმა და ხალხებმა კვლავ იგდეს ხელთ  დამოუკიდებლობა. 
მხოლოდ  XII  ს. ბოლოს,  მეფე  ტიგლათფილესერ  I-ის (1115–1077)  დროს  მოხდა  ასურეთის  დროებითი აღზევება და  მისი  საგარეო ძლიერების  აღდგენა.  გამეფების  პირველ  წლებშივე  ტიგლათფილესერ I ლაშქრობს  მცირე  აზიის  აღმოსავლეთ  ოლქებში,   სადაც  ამ   დროს მუშქების  დიდი  გაერთიანებაა წარმოქმნილი,  ცეცხლითა  და  მახვილით გაივლის  ამ   ქვეყანაზე   და  დაიმორჩილებს  მას.   ლაშქრობის  შემდგომ ასპარეზად ხდება ყოფილი  მითანის  სამეფოს  ტერიტორია, რომელიც ასევე  დაპყრობილ  იქნა.  ამის  შემდეგ ტიგლათფილესერ I მიმართავს თავის  მახვილს  ჩრდილოეთით,  ნაირის  მხარისაკენ,  სადაც  მის  წინააღმდეგ  ნაირის  ტომთა  საკმაოდ  მსხვილი  გაერთიანება  გამოდის,  მაგრამ  ასურეთის  მეფე  ამარცხებს  ამ  კავშირს,  ანადგურებს  მის  დასახლებებს,  ხელთ  იგდებს  დიდძალ  ნადავლს,  ტყვეებს  და  მძევლებს.
ტიგლათფილესერ I წარმატებებს  აღწევს  სირიაშიც,  მიდის  ლიბანის  მთებამდე  და  გადალახავს  რა  მათ,   ფინიკიის ქალაქებს  – ბიბლოსს,  სიდონს  და არვადს – დახარკავს,  აქედან  გამოზიდავს  კედარის ხეებს,   რომლითაც  ასურში  ტაძრებს   აგებს.
ტიგლათფილესერ  I-ის  წინაშე  აუცილებელ  ამოცანად  ისახება  იმ მომთაბარე  ტომთა  ალაგმვა  და  განადგურება, რომელთა თავდასხმები სულ უფრო საშიში ხდება ასურეთისათვის. ყველაზე  მრავალრიცხოვანი და   მოუსვენარი  ახლამუს,  ანუ  არამეელთა  ტომები  იყო.  ტიგლათფილესერმა  შეძლო  მათი  უკუგდება  და  ევფრატის  გადაღმა  გადარეკვა,  მაგრამ  აქ  ისინი ფართო ველზე გაიფანტნენ  და  მეფემ, მიუხედავად ენერგიული  დევნისა,  მათი  განადგურება  ვერ შეძლო.
ტიგლათფილესერ I-მა   თავისი  მეფობის  ოცდამეათე  წელს  დალაშქრა  ბაბილონიც,  შემდეგ  წელს   ხელმეორედ   შეესია  მას,   აიღო და  მიწასთან  გაასწორა  ბაბილონი  და  სიფარი.  ასურეთი  გარეგნულად უდიდეს  ძლიერებას  აღწევს, უჩვეულოდ  ამაღლდა  მისი  საერთაშორისო  ავტორიტეტი,  მაგრამ ეს   ძლიერება  მეტად  არამყარი  აღმოჩნდა. ტიგლათფილესერ  I-ის   მემკვიდრეთა  დროს  დაიწყო  ასურეთის ხელახალი  დაცემა,  რაც  ძირითადად არამეული  ტომების  შემოსევებით  იყო  გამოწვეული.  მრავალი  ომითა  და  გამუდმებული  ლაშქრობებით  დასუსტებული  ასურეთი  ვეღარ  აღუდგება  წინ  არამეელთა შემოსევებს,  თანდათანობით  კარგავს  ყველა  დაპყრობილ  ოლქს  და საბოლოოდ  ქვეითდება.
ასურეთის   საშინაო   ვითარება   შუაასურულ   ხანაში.
 ასურეთის    გაერთიანება  ერთ   სახელმწიფოდ  და მისი წარმატებები საგარეო სარბიელზე ხელს   უწყობდა ვაჭრობის ხელახალ  აღორძინებას, მაგრამ შუაასურულ ხანაში საგარეო ვაჭრობამ მაინც ვერ მოიპოვა  ისეთი წამყვანი  როლი,  როგორიც  მას  ადრეულ  პერიოდში  ჰქონდა;  ამის  მიზეზი  იყო  მცირე  აზიაში  ძლიერი  ხეთების  სახელმწიფოს  წარეოქმნადა სავაჭრო  გზების  გადანაცვლება  უფრო  დასავლეთით,  ამასთან,  ერთიანი სახელმწიფოს შექმნამ, ევფრატისპირა დაბლობი ოლქების დაპყრობამ ხელი შეუწყო  მიწათმოქმედების  ხვედრითი  წონის  გაზრდას ქვეყნის   ეკონომიკაში.
ასურეთის  სახელმწიფოში  მიწის  უმთავრეს  მფლობელს  წარმოადგენდა სასოფლო  თემი.  სათემო  მიწის  მთელი   ფონდი  შედგებოდა დასამუშავებელი  მიწისაგან,  რომელიც  იყოფოდა  ნაკვეთებად;  ეს   ნაკვეთები ცალკეულ  ოჯახებს  ურიგდებოდა  და პერიოდულად  გადანაწილებას განიცდიდა.  სათემო  მიწებში  შედიოდა  კიდევ   სათადარიგო მიწები,  რომლებიც  საერთო  საკუთრებაში  ითვლებოდა.  უკვე   შუაასურულ  ხანაში  ხდებოდა  მიწების  გასხვისება.  შემორჩენილი  დოკუმენტები  ცხადყოფენ  მიწის  ნაკვეთების  ყიდვა-გაყიდვის  ფაქტებს,  მაგრამ   ეს   პროცესი  გართულებული  იყო სხვადასხვა  ფორმალობით  და მიწის   გაყიდვის  შესახებ  ხელშეკრულება  საჭიროებდა  მეფის  ან  მისი სათანადო  მოხელის  დასტურს,  რაშიც  ელინდებოდა  მეფის  უფლება, როგორც  მთელი  მიწის  უზენაესი  მესაკუთრისა.  თემი  იყო  ის   ორგანიზაცია,  რომელიც  იხდიდა  გადასახადს  და  ბეგარას.  საერთოდ,  მეფის ხელისუფლება  ყოველმხრივ  კონტროლს  უწევდა  სასოფლო  თემს  და აწესრიგებდა  მის   ურთიერთობას  მსხვილ  მიწისმფლობელებთან.
შუაასურული  ხანისათვის ჯერ კიდევ   დამახასიათებელია  დიდი პატრიარქალური  ოჯახის  არსებობა,  მაგრამ  მის  შიგნით  უკვე  ჩნდება ბზარი და შემონახულ  დოკუმენტებში  ჩანს, როგორ  იყოფა  ერთიანი ოჯახი.  არსებული  წესის  მიხედვით  ოჯახის  გაყოფისას  უფროსი  ვაჟი ღებულობს  მიწის  ორ  წილს,  რომელთაგან  ერთს  თვითონ  ირჩევს,  მეორეს  არგუნებს  წილისყრა,  დანარჩენი  მიწა  კი  თანაბრად  ნაწილდება ძმებს  შორის.  ეს  წესი  იწვევს  ოჯახშივე  ქონებრივი  უთანასწორობის წარმოქმნას.
შუაასურული  ხანის  საკანონმდებლო  ძეგლებში  გარკვეული  ადგილი აქვს დათმობილი  ქალის უფლებრივ  მდგომარეობას.  ქალი  საკმაოდ უუფლებო  ჩანს  ამ ძეგლების მიხედვით.  გათხოვებისას  ქმარი  მას ფაქტიურად ყიდულობდა და შემდეგ ცოლი  ქმრის  სრულ  მორჩილებაში  ექცეოდა.  ქმრის  გარდაცვალების  შემთხვევამი  ცოლი  გადადიოდა  ოჯახის  სხვა   მამაკაცის   ხელში  (მაზლის,  მამამთილის,  გერის) და მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  თუ ოჯახში  არ  რჩებოდა  10 წელზე  უფროსი  ასაკის  ვაჟი,  ქალს  ჰქონდა გარკვეული  უფლებამოსილება  ოჯახის მართვის  საქმეში.  მართალია, ასურული  კანონები  ერთგვარ  გარეგნულ  უპირატესობას  ანიჭებდნენ  თავისუფალ  ქალს  მონა ქალთან შედარებით  (თავისუფალ  ქალს  ჰქონდა  მანდილის  ტარების  უფლება, მონა  ქალს  კი, ისევე  როგორც  მეძავ  ქალებს,  ეს ეკრძალებოდათ  და მანდილის  ტარებისათვის  სასტიკად ისჯებოდნენ  –  მათ  როზგავდნენ), მაგრამ  ქალის  უფლებრივ  მდგომარეობაზე  ეს   დიდ  გავლენას  არ  ახდენდა.
შუაასურულ  კანონებში  კარგად  გამოსჭვივის  მათი ძირითადი ტენდენცია – დაიცვან კერძო  საკუთრება. ტიგლათფილესერ  I-ის დროინდელი  კანონების სპეციალური  მუხლები  სასტიკად  სჯიან  სამიჯნო  ქვების  ხელმყოფს:  მას  თითს  სჭრიან,   100   როზგს  არტყამენ  და გარკვეულ  დროს  იძულებით  ამუშავებენ.
ქონებრივი  დიფერენციაცია  ამ    დროს  უკვე  საკმაოდ  მკვეთრად ისახება.  ცალკეული  პირების  ხელში  თავს იყრის დიდი სიმდიდრე, ვაჭრობისა  და  მევახშეობის  განვითარება შლის  სასოფლო  თემს,  ხელს უწყობს  მეთემეთა  შორის  მდიდარი   ზედაფენისა და   ღარიბი,  გაღატაკების  გზაზე  მდგომი  მწარმოებელი  ფენის  გამოყოფას. რაც  შეეხება მონობას,  იგი   ამ   დროს  ჯერ  კიდევ   მეტად  შეზღუდულია.   რიგითი მეთემის  მეურნეობაში  მონის  შრომა  არ  გამოიყენებოდა,  მცირე  იყო მონების  რიცხვი  მდიდარ  მიწათმფლობელთა  მამულებშიც.  მართალია, შუაასურული  ხანის მეფეთა  დაპყრობითი   ომების   დროს  ასურელები  ბევრ  ტყვეს  შოულობდნენ,  მაგრამ,   როგორც  ჩანს, მათ  ყოველთვის  მონებად  არ   აქცევდნენ.  მაგალითად,  სალმანასარ I ურუატრის  ქვეყანაში  ლაშქრობისას  აღნიშნავდა  თავის  წარწერაში,  რომ მან  მხოლოდ  ისინი  აქცია  თავის  მსახურად  ტყვეთაგან, რომლებიც განსაკუთრებით  მოეწონა,  ხეთებისა და  არამეელების  დამარცხების შემდეგ  იგივე  სალმანასარ I 14000  ტყვეს  მონად  კი  არ  აქცევს,  არამედ  აბრმავებს.  იმ   ტყვეებსაც,  რომლებიც  მონები  ხდებიან,  როგორც ჩანს,  უმთავრესად  თვით  მეფე  და  მისი  კარი  იყენებს   სასახლეში  ან ტაძრებს  სწირავს  მსხვერპლად.  ყოველ  შემთხვევაში,  ამ დროისათვის ასურეთში  მონათმფლობელურ  მეურნეობაზე  ლაპარაკი   გამორიცხულია.
რაც შეეხება  სავალო  მონობას,  იგი უკვე  საკმაოდ  ფეხმოკიდებული  ჩანს ამ დროისათვის.  ქონებრივი  დიფერენციაციის  გაღრმავება  იწვევდა  მწარმოებელი  მოსახლეობის  გაღატაკებასა  და  დავალიანებას,  ამასთან,  მოვალე  საწინდრად  აძლევდა  მევალეს  მიწას,  სახლს, საქონელს და  თავისი  ოჯახის  წევრებსაც. თუ  ვალი  საბოლოოდ  არ  იქნებოდა  გადახდილი,  გირაოში  დატოვებული  პირი  უკვე  კრედიტორის  სრულ საკუთრებაში  გადადიოდა  და მისი   მონა  ხდებოდა,  მაგრამ ასეთ  მონათა  რიცხვი  არ  შეიძლებოდა იმდენად  დიდი  ყოფილიყო,   რომ  მათ მეურნეობამი რაიმე გადამწყვეტი როლი ეთამაშათ.
ახალასურული სამეფო, ასურეთის  ხელახალი  გაძლიერება.
მიუხედავად იმისა, რომ  II ათასწლეულის  ბოლოს  ასურეთი  არამეელთა  შემოსევების  შედეგად დასუსტდა და საკუთრივ  ასურული  ოლქებით შემოიფარგლა,  მან  შეინარჩუნა  გარკვეული  შინაგანი  პოტენციალი,  რათა  თანდათან  კვლავ გაძლიერებულიყო.
განსაკუთრებით  ფართოვდება  ასურეთის სახელწიფო  მეფე  ასურნასირფალ  II-ის დროს  (885–860).  მან გაილაშქრა არამეული  ტომების წინააღმდეგ, რომლებიც ევფრატის ნაპირებზე სახლობდნენ და დაიმორჩილა  ისინი.  ასეთივე  ძლევამოსილი  ლაშქრობები  ჩაატარა  მან აღმოსავლეთით  მთიან  ოლქებში  და ასურეთის  სახელმწიფო  აღადგინა  თითქმის  იმ ფარგლებში, რომელიც  მას ჰქონდა XIII–XII  საუკუნეებში. ასურნასირფალმა  ილაშქრა  ჩრდილოეთ  სირიაში,   აქედან  გადალახა ლიბანის  მთები,  მიაღწია  ხმელთაშუა  ზღვას  და  დახარკა  ფინიკიის  ქალაქები:  ტვიროსი,  სიდონი  და  ბიბლოსი.  ჩრდილოეთით  იგი   ნაირის მხარეში  შეიჭრა  და  დიდძალი  ნადავლით  გამობრუნდა  უკან.
ასურნასირფალ  II არაჩვეულებრივი  სისასტიკით  იქცეოდა  დალაშქრულ  ქვეყნებში,  თავის   გზაზე    ყოველივეს  ანადგურებდა,  ანგრევდა  და  წვავდა,  მოსახლეობას  მასიურად  სპობდა  და  ატყვევებდა. მის  შემდეგ  ეს  ქვეყნები გაუკაცრიელებულ  და უდაბურ მხარეებად  იქცეოდა.
ასეთივე  პოლიტიკას  აგრძელებს  მისი  ვაჟი სალმანასარ  III  (860–825). თავისი  მეფობის  მანძილზე  იგი  ყოველწლიურად  აწყობს  ლაშქრობებს  ყველა  მიმართულებით,  ჩრდილოეთ  სირიაში,  ტიგროსის  აღმოსავლეთით  მდებარე  ოლქებში. ნაირის  მხარეში  იგი  რამდენჯერმე, ძლევამოსილად  ლაშქრობს  და  დიდძალი  ნადავლით  და  მრავალრიცხოვანი  ტყვეებით  ბრუნდება.  ამიერიდან  ასურეთს  ჩრდილოეთით  საქმე ექნება  არა  ნაირის  ტომების  გაერთიანებებთან,  არამედ  აღმავლობის გზაზე  მდგომ,  ერთიან  ურარტუს  სახელმწიფოსთან.  ამ   მიმართულებით ასურეთს  უკვე  კარგა  ხნის  მანძილზე  აღარ შეეძლო  აქტიური  მოქმედება.  გამანადგურებელი  ლაშქრობა  მოაწყო  სალამანასარ  III-მ  ბაბილონის  წინააღმდეგ  და  სპარსეთის  ყურის  ნაპირებსაც  მიაღწია.  ბაბილონის  ტახტზე  მან  თავისი  ერთგული  პირი  დასვა.
სალამანასარის  მემკვიდრეების დროს  ასურეთის დაპყრობითი  პოლიტიკა  უკვე  აშკარა  კრიზისს  განიცდის;  ასურეთი  მხოლოდ  ცალკეული  დამსჯელი  ექსპედიციების  მოწყობას  ახერხებს  დაპყრობილ ოლქებში  აჯანყებების  ჩასახშობად  და არამცთუ  ვერ  აფართოებს  თავის საზღვრებს,  არამედ  ზოგიერთ,  ადრე  მოპოვებულ  პოზიციასაც  კარგავს.
ურარტუ  წარმატებით  იგერიებს  ასურელთა  თავდასხმებს  და  შეტევაზეც  კი  გადადის   და  ასურეთს  უხდება  ახლა  თავისი  საზღვრების დაცვაზე  ზრუნვა. მეფეების – არგიშთი  I-ისა   და სარდური  II-ის – დროს  ურარტუ  სამხრეთისაკენ  დაიძრა  და  ასურეთს  გზა  გადაუკეტა ჩრდილო–დასავლეთით  მცირე  აზიისა  და   ჩრდილო  სირიისაკენ,  დაიკავა  რა  ასურეთის  კუთვნილი  ზოგიერთი  ჩრდილოეთი  ოლქი.  745  წ. ასურეთის  ტახტზე  ადის  მეფე ტიგლათფილესერ  III,  რომელსაც  საკმაოდ  რთული  საგარეო  და  საშინაო  საკითხები  ჰქონდა  გადასაწყვეტი.
743  წ. ტიგლათფილესერ  III  გადალახავს ევფრატს  და  ლაშქრობას იწყებს  სირიაში,  სადაც  ამ   დროს  ახალ  კოალიციას  სათავეში  ქალაქი   არფადი  უდგას.  მაგრამ  ევფრატთან  ის   შეფერხდა.  აქ მის ჯარს თავს  დაესხა  ურარტუს  მეფე  სარდური  III. ტიგლათფილესერმა  დაამარცხა  იგი   და   ჩრდილოეთისაკენ  უკუაგდო,  შევიდა  სირიაში,  ორწლიანი  ალყის  შემდეგ,  740  წ. აიღო  ქ. არფადი,  რასაც  მოჰყვა  სირიისა  და  კილიკიის  ქალაქების,  მათ  შორის  დამასკოს  დამორჩილება და მათგან  ხარკის  აღება. მაგრამ  უკვე მეორე წელს  ასურეთის  მეფეს კვლავ  მოუხდა  სირიაში  გალაშქრება  და  მისი  ხელმეორედ  დამორჩილება,  სირიის  ქალაქები,  ასევე   მცირე  აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის  ოლქები  (თაბალებისა  და  კუე-კილიკიის)  თავს ასურეთის მოხარკედ ცნობენ. სირიაში მეტ–ნაკლებად ფეხის მოკიდება საშუალებას აძლევს  ტიგლათფილესერს  თავისი  ყურადღება   ჩრდილოუთით, ურარტუსაკენ  მიმართოს. 
პირველ  ლაშქრობას  737  წ. მეთაურობს   ერთ-ერთი  სარდალი, რომელიც  უმთავრესად  ვითარებას  ზვერავს  და   პლაცდარმებს  ამზადებს  გადამწყვეტი  ბრძოლებისათვის.  ამავე    დროს  ასურეთის  ჯარი შეიჭრება  შორს  აღმოსავლეთით  მიდების  ტომის  ტერიტორიაზე  (მერმინდელი  მიდია),  აქედან დიდ  ხარკს  წამოიღებს  და  40000  ტყვეს  წამოასხამს. 
736  წ. უკვე  თვით  ტიგლათფილესერ  III შედის  თავისი  არმიით ურარტუს ტერიტორიაზე  და  ლაშქრავს  ვანის  ტბასა  და  ევფრატს  შორის  მდებარე  ოლქებს.  ხოლო  ჩრდილოეთი  და   ცენტრალური  სირია ტიგლათფილესერმა უშუალოდ თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა და მათგან შექმნა  ადმინისტრაციული  ოლქები,  აქაური  მოსახლეობის დიდი  რაოდენობა  ასურეთის  სახელმწიფოს  სხვა  მხარეებში  იქნა  გადასახლებული.  მოხარკე  სამეფოთა  შემადგენლობაში  შევიდა  ისრაელთა  სამეფო  და  არაბეთი,  ამ  უკანასკნელის  დედოფალი,  ხარკის გარდა,  ტიგლათფილესერს  აძლევდა  10000  მეომარს.  732  წ.  აღებულ იქნა  ქ.  დამასკოც.
ამის  შემდეგ  ასურეთის  მეფის  წინაშე   დგება  ბაბილონის  საკითხი,  სადაც  ამ  დროს  ტახტის  გარშემო  მიმდინარეობს  შინაბრძოლები. ტიგლათფილესერი  ერევა  ამ ბრძოლაში,  მაგრამ  ბაბილონს  უშუალოდ არ   უერთებს  ასურეთს;  ის   თავის  თავს  ბაბილონის  მეფედ  აცხადებს და  ნომინალურად  ქმნის  თავისებურ  კავშირს  ბაბილონისა  და  ასურეთის  სამეფოებისას.  ეს, ცხადია  დიპლომატიური  ხერხი  იყო,  რეალურად  კი   ბაბილონიც  ასურეთის  მეფეს  ემორჩილებოდა.
აღსანიშნავია  ტიგლათფილესერ  III-ის  ღონისძიებები,  რომელთა მიზანი  იყო  ქვეყნის  მეტი  ცენტრალიზაცია  და  მისი  სამხედრო  ძლიერების  განმტკიცება.  სწორედ ამ ღონისძიებების  წყალობით  აფერხებს   იგი   ესოდენ  წარმატებული  საგარეო  პოლიტიკის  განხორციელებას. 
ადმინისტრაციულ  სფეროში  ტიგლათფილესერმა შეამცირა ის ოლქები, რომელთაც  სათავეში  მეფის  ნაცვლები  ედგნენ.  ამ   დიდი  სამეფისნაცვლოების  მაგიერ  შეიქმნა  უფრო  პატარა  ადმინისტრაციული ერთეულები, რომელთაც ახლა „ოლქის  უფროსნი“ მართავდნენ. მათ ევალებოდათ  ამ ოლქებში  გადასახადების აკრეფისა  და  ბეგარაზე  ხალხის   გაყვანის  უზრუნველყოფა. ამასთან,  ისინი  სათავეში  ედგნენ  მათ ოლქში შეკრებილ სამხედრო  კონტინგენტებს;  ძველი  მეფის  ნაცვლებისაგან   განსხვავებით,  მათ  არ   ჰქონდათ  გადასახადებისა  და ბეგარისაგან ვისიმე  განთავისუფლების  უფლება.  „ოლქის  უფროსნი“  ემორჩილებოდნენ  მეფის დიდმოხელეს „სახელმწიფო მაცნეს“. ადმინისტრაციულ ერთეულთა  შემცირებით,  მათი  მმართველების  უფლებათა  ერთგვარი  შეკვეცით ტიგლათფილესერმა  უზრუნველყო  ცენტრალური  ხელისუფლებისადმი  ცალკეული  ოლქების  თავნება  მმართველთა   მორჩილება.
მნიშვნელოვანი  იყო  ტიგლათფილესერ  III-ის  სამხედრო  რეფორმაც.  მან   შექმნა  მუდმივი  სამეფო  ჯარი,   რომელიც  ასურეთის  ლაშქრის  ძირითადი  ბირთვი  ხდებოდა.  ეს  ჯარი მთლიანად  მეფის  კმაყოფაზე იყო  და  ამდენად  მის  დასაყრდენს  წარმოადგენდა. ეს აძლევდა  მას საშუალებას  ჯარში  გაეწვია  ღარიბი,  არაფრისმქონე  პირებიც.  ეს, თავის  მხრივ,  ზრდიდა არმიას. ჯარი  აღჭურვილი იყო  სტანდარტული იარაღით,  რაც  ამაღლებდა  მის  ბრძოლის  უნარს.  ჯარი  დაიყო  ქვედანაყოფებად,  რომლებშიც  გარკვეული  შეფარდებით შედიოდნენ ქვეითი მძიმედ შეირაღებული მეომრები, ცხენოსნები და ეტლოსნები.  ქვედანაყოფების  შექმნა  აადვილებდა ჯარის ხელმძღვანელობას, ზრდიდა მის მოძრავუნარიანობას და  მანევრირებას.  მუდმივი  ჯარი  ყოველდღიურ წვრთნას  გადიოდა.  შეიქმნა  სპეციალური  დამხმარე  რაზმები,  რომელთაც  თავისებური  „საინჟინრო“  ფუნქციები ევალებოდათ –  მათ  უნდა ეზრუნათ  გზების,  ხიდების,  სამხედრო  ბანაკების   მშენებლობაზე,  საალყო  სამუშაოების  ჩატარებაზე.  ამრიგად,  ძირითადი  მებრძოლი  ნაწილი თავისუფლდებოდა  ამ   დამქანცველი  სამუშაოებისაგან  ლაშქრობის  დროს. იმისათვის,  რომ  მუდმივი  ჯარი  იარაღით  მომარაგებულიყო, შეიქმნა  სპეციალური  იარაღის  სახელოსნოები და   „არსენალები“ – იარაღის  საწყობები.  ასურეთის   ჯარის  აღჭურვილობა   რკინისა  და ბრინჯაოსაგან  მზადდებოდა,  თვით იარაღი –  სატევრები,  შუბები  და ისრისპირები –  რკინისა   იყო,   ხოლო  ჯავშან-მუზარადები  და   ფარები ბრინჯაოსი.
სწორედ  ასეთი ორგანიზებული  ჯარის  შექმნამ  მისცა  საშუალება ტიგლათფილესერ III-ს  მიეღწია  წარმატებებისათვის  ბრძოლებში.
ტიგლათფილესერ  III   727   წ.  გარდაიცვალა. მისი  ვაჟისა  და   მემკვიდრის  სალმანასარ  V   (727–722)  მეფობის შესახებ  მეტად  მწირი  ცნობებია  მოღწეული,  მაგრამ  არსებული  წყაროები  მაინც  გვაძლევენ  საშუალებას  სალმანასარ  V  საშინაო  და  საგარეო  პოლიტიკის  ძირითადი  მოვლენები  წარმოვიდგინოთ.  რამდენადაც  იგი,  გარდა  ასურული სახელისა  – შულმანუაშარედ. ატარებდა ბაბილონურ სახელსაც –  ალულაია,  უნდა  ვიფიქროთ,  რომ  იგი  ინარჩუნებდა  ხელისუფლებას  ბაბილონმი.
ცნობილია,  რომ   ასურეთის  წინააღმდეგ  ამხედრდა  ფინიკიური ქალაქი  ტვიროსი,  რომელსაც  მხარს  უჭერდა  ისრაელის  მეფე  ოსია. სალამანასარ  V-მ  დაამარცხა  ტვიროსელთა  და  ისრაელთა  გაერთიანებული  ლაშქარი და ალყა  შემოარტყა  როგორც  ტვიროსს,  ისე   ისრაელის დედაქალაქ  სამარიას,  ალყის  წარმატებით  დაგვირგვინებას  თვით სალმანასარ  V  ვეღარ   მოესწრო.
განსაკუთრებული  მნიშვნელობა  ჰქონდა  სალმანასარ  V-ის რეფორმას. ამ   დროისათვის  ასურეთის  გაბატონებული  კლასი  ორ დაჯგუფებად გაიყო.  ერთი  მათგანი  შედგებოდა  ქურუმობისა  და   მასთან  დაკავშირებული ბაბილონის მსხვილი მონათმფლობელებისა და ვაჭრებისაგან. იგი მოითხოვდა  გაბატონებული კლასის  უფლებათა  და  პრივილეგიების  შემდგომ  გაფართოებას,  კერძოდ  კი  ქალაქებისათვის  თვითმმართველობისა  და  გადასახადებისაგან  შეუვალობის  მინიჭებას.  მათ  აინტერესებდათ  ვაჭრობისა  და მონათმფლობელური  სასაქონლო  მეურნეობის  განვითარება.  ამ  ღონისძიებათა  გატარებას  შესაძლებლად მიაჩნდათ,   თუნდაც  სამხედრო  ხარჯების    შემცირებისა  და   საგარეო დაპყრობათა  შეკვეცის   ხარჯზე. 
გაბატონებული  კლასის  მეორე  დაჯგუფება  უმთავრესად  არმიასთან  იყო  დაკავშირებული  და  მისი  შემოსავალი  ძირითადად  ომი, დაპყრობები  იყო.  ეს  დაჯგუფება სახელმწიფოს  მთავარ  დასაყრდენს არმიაში   ხედავდა  და  თვლიდა,  რომ  სახელმწიფოში  ყველაფერი  არმიის   ინტერესებს  უნდა  დამორჩილებოდა.  ტიგლათფილესერ  III სწორედ  ამ    დაჯგუფების  პოლიტიკას  ატარებდა,  ხოლო  სალმანასარ  V ამ მხრივ  კიდევ თავისი  რეფორმით  მან   წაართვა  საგადასახადო  შეუვალობა  და უფრო  აქტიურად  მოქმედებდა. 
თვითმმართველობის  უფლება  იმ  ქალაქებს,  რომელთაც  ადრე  ეს  პრივილეგიები  ჰქონდათ,  კერძოდ,  ბაბილონში ქალაქებს – ბაბილონს,  სიფარსა  და  ნიფურს,  ხოლო ასურეთში – ასურს. ამ  ღონისძიებამ  გამოიწვია  სალმანასარ V-ის  წინააღმდეგ  პირველ  დაჯგუფებაში  შემავალ  მიწათმფლობელთა,  ქურუმთა  და  დიდვაჭართა  უკმაყოფილება, რაც  შეთქმულებაში  გადაიზარდა.  722  წ.  სალმანასარ  V მოკლულ  იქნა და  ასურეთის  ტახტზე  ავიდა  სარგონ  II  (722–705).
გამეფებისთანავე  სარგონ  II-მ   დაუბრუნა  პრივილეგიები  ქალაქებს ასურსა  და ხარანს  და  უხვი  შესაწირავით დააშოშმინა  ქურუმობა. ტახტზე  ასვლის  წელსვე  მან  დალაშქრა  ისრაელის  სამეფო,  აიღო  მისი დედაქალაქი  სამარია და  24 ათასზე  მეტი  ისრაელიტელი  გადაასახლა ასურეთის  სხვადასხვა  პროვინციებში.  ისრაელის  ტერიტორიაზე  ჩამოსახლებულ  იქნენ  ბაბილონელები,  სირიელები,  არაბები  და  სხვ.  ისრაელის  ტერიტორია  უშუალოდ  შევიდა  ასურეთის   სამეფოს  შემადგენლობაში.
საკმაოდ  გააქტიურდა  ამ   დროისათვის  ურარტუც,  რომლის  მეფემ რუსა  I-მა  კავშირი  შეკრა  მუშქების  მეფე  მითასთან.  ამ   კავშირს  მიემხრო  აგრეთვე  ქ. კარხემიშის  მმართველიც.  მაგრამ  717   წ.  სარგონ II-მ  აიღო  კარხემიში  და,  ამრიგად,  მთელი  სირია  დაიპყრო.
715–714  წწ.  სარგონ  II-ის  ლაშქარი ურარტუს  წინააღმდეგ  მოქმედებს.  ურარტუს  სამეფოს  ტერიტორია დალაშქრული  და  სასტიკად  გაძარცულ  იქნა.  714  წ.   სარგონმა  აიღო  ურარტუს   რელიგიური ცენტრი  ქ.    მუსასირი;  რუსა  I-მა   თავი   მოიკლა.
სარგონ  II-მ  შეძლო  თავისი  ყურადღება  კვლავ  სამხრეთით,  ბაბილონისაკენ  მიემართა.  მით  უფრო,  რომ  აქ ვითარება  საგრძნობლად შეიცვალა.  შინაგანმა  არეულობამ მნიშვნელოვნად  დაასუსტა  ელამის სამეფო. ამავე დროს,  ქალდეველი  მარდუქაფალიდინის   პოლიტიკამ აამხედრა  მის  წინააღმდეგ  ბაბილონის  ზედაფენა.  მარდუქაფალიდინმა ბაბილონის  მიწების დიდი  ნაწილი ქალდეველებს დაურიგა,  ადგილობრივი  ზედაფენის  მრავალი  წარმომადგენელი  დაატუსაღა.  ისარგებლა  რა  ამ  მდგომარეობით,  სარგონ  II-მ  710  წ.  დაძრა თავისი ჯარები ბაბილონისაკენ. მარუდქაფალიდინა ბაბილონთან დამარცხდა, აღებულ იქნა  ქალდეველთა  მთავარი ოლქი ბით-იაქინი და 90 ათასი ქალდეველი გასახლებულ იქნა. ბაბილონის  დიდკაცობამ  დაიბრუნა  თავისი მიწები.  ლაშქრობის დროს აღებული  ხარკი  სარგონმა  ბაბილონის მარდუქის  ტაძარს  შესწირა,  ბაბილონმა  ნიფურმა  და  სიფარმა  დაიბრუნეს  პრივილეგიები  და  ავტონომია.  ბაბილონის  კიდევ  ცხრა  ქალაქმა  მიიღო  შეღავათები.  ამით  სარგონ  II-მ  მიიმხრო  ბაბილონის ქურუმობა, მოქალაქეები   და დიდკაცობა.
ამავე   დროს  სარგონ  II   ატარებს  საკმაოდ  ინტენსიურ  სამშენებლო პოლიტიკასაც. კერძოდ, ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი დედაქალაქის დურ-შარუქინის მშენებლობას აწინდელი ხორსაბადის მახლობლად. ძვ.წ. 707 წელს სწორედ აქ გადმოიტანა მან თავისი რეზიდენცია. სარგონ II ძვ.წ. 705 წელს დაიღუპა ერთ-ერთ ბრძოლაში. მის ნაცვლად ტახტზე ავიდა მისი ვაჟი სინაქერიბი (ძვ.წ. 705-680), რომელიც მთლიანად დაუბრუნდა ტიგლათფილესარ III-ისა   და სალმანასარ  V-ის  პოლიტიკას. როგორც  ჩანს,  სწორედ ამან აამხედრა მის წინააღმდეგ ბაბილონის დიდკაცობა, რომელიც მიემხრო შუამდინარეთში მობრუნებულ  მარდუქაფალიდინას.  სინაქერიბს 702  წ. მოუხდა ლაშქრობა  ბაბილონში  მარდუქაფალიდინისა  და ელამის  წინააღმდეგ. მართალია, ეს ლაშქრობა  ასურელთა  გამარჯვებით  დამთავრდა, მაგრამ თითქმის  მაშინვე დაიწყო დიდი აჯანყება დასავლეთში, რომელსაც იუდეის მეფე ეზეკია ჩაუდგა  სათავეში  და რომელსაც  მიემხრო ფინიკიის  ქალაქები, არაბული ტომები; აჯანყებას მხარს უჭერდა ეგვიტე.  სინაქერიბმა აქაც  წარმატებას  მიაღწია, გაანადგურა  აჯანყებულთა  ჯარები  და  ალყა შემოარტყა  იერუსალიმს.  ეზეკიამ  მხოლოდ დიდძალი  საფასურის გაღებით გადაირჩინა  თავი.
ასურეთში  მობრუნებულ  სინაქერიბს  კვლავ  ბაბილონში  მოუხდა ლაშქრობა:  აქ   მის   წინააღმდეგ  ძლიერი  კოალიცია  შეიქმნა,  რომელსაც,   გარდა  ბაბილონის  და  ელამისა,  მიემხრნენ  არამეული,  მიდიური და  სპარაული  ტომები.  ბრძოლა  ხანგრძლივი და   საკმაოდ  მძიმე  აღმოჩნდა.  მხოლოდ  689  წ. შეძლო  სინაქერიბმა  ბაბილონის  აღება.  ამჯერად იგი  ქალაქს  სასტიკად  გაუსწორდა,  მთლიანად  დაანგრია  მისი  მცხოვრებნი  ან   სიკვდილით  დასაჯა,  ან   სხვა  ოლქებში  გაასახლა.
თაჟისი  მეფობის  უკანასკნელი  წლები  სინაქერიბმა  გაატარა  ქ.   ნინევიაში,  რომელიც  მან  თავის  დედაქალაქად  აირჩია  და  რომლის  გაშენება-გამშვენიერებას  დიდი  სახსრები   შეალია.  680  წ.   სინაქერიბი მოკლულ  იქნა  მისი  პოლიტიკით  უკმაყოფილო  დიდგვაროვანთა  მიერ, მაგრამ ტახტის დაკავება მაინც  შეძლო  მისმა  ვაჟმა  ასარქადონმა.  ეს უკანასკნელი  ჯერ  კიდევ  მამის   სიცოცხლეში   იქნა   გამოცხადებული მემკვიდრედ.
ასარქადონის  (680–669  წწ.)  პოლიტიკა  ძირფესვიანად  განსხვავდება  მისი  მამის  პოლიტიკისაგან.  იგი  იმთავითვე  ეყრდნობა ქურუმობას   და  ბაბილონის  ქალაქების  ზედაფენებს.  მისი  ერთ-ერთი  პირველი ღონისძიება  ქ. ბაბილონის  აღდგენა  და აქ  მოსახლეობის  დაბრუნება იყო. ასარქადონი  აღარ  ცდილობდა  ფართო  დაპყრობითი  პოლიტიკის წარმოებას.  მისი  მთავარი  მიზანი  ასურეთის  სახელმწიფოს  ერთიანობის  შენარჩუნება და აჯანყებათა  ჩახშობა  იყო.   ფაქტიურად  ამ   მიზნის   განხორციელებას  ემსახურებოდა  მისი  ეგვიპტური  ლაშქრობაც, რომელიც  671  წ. იქნა  განხორციელებული და რომლის  შედეგად  ეგვიპტე  გარკვეული დროით ასურეთის ქვეშევრდომად  იქცა.  ასარქადონმა   წარმატებით  შეასრულა  თავისი მიზანი   – ასურეთის  სახელმწიფო შეენარჩუნებინა  თავის  საზღვრებში.  ეგვიპტის  დაპყრობამ  დიდად  გაზარდა  ასურეთის  საერთაშორისო  ავტორიტეტი.
მეურნეობა  და  საზოგადოებრივი  ურთიერთობა  ახალასურულ  ხანაში.
ახალასურულ  ხანაში  მეურნეობის   ერთ-ერთ   მნიშვნელოვან დარგს   ძველებურად  წარმოადგენდა  მესაქონლეობა. ამ დარგში  სიახლე  იყო  აქლემის  ფართოდ  გამოყენება როგორც  მეურნეობაში,  ისე სამხედრო  საქმეში.  ასურეთის  მეფეებს,  განსაკუთრებით  ტიგლათფილესერ  III-ის დროიდან,   დიდი  რაოდენობით  მოჰყავდათ  აქლემები არაბეთიდან.  აქლემებს  იყენებდნენ  როგორც  ტვირთმზიდავ  საქონელს სავაჭრო  ექსპედიციებისა  და  სამხედრო  ლაშქრობების  დროს.
რაც  შეეხება  მიწათმოქმედებას,  აქ   სიახლეს  წარმოადგენდა  საბაღო  მეურნეობის  განსაკუთრებული  განვითარება.   ასურეთის  ქალაქების  გარშემო  გაშენდა  ვრცელი  ბაღები,  რომლებშიც  დარგეს  მრავალი  ჯიშის ხილი,  მაგალითად,  ზეთისხილი.  ცნობილია,  რომ  სწორედ ახალასურულ  ხანაში  სცადეს  ასურელებმა  „მატყლის  მომცემი  ხის“, როგორც  ჩანს,   ბამბის   მცენარის  აკლიმატიზირება   მნიშვნელოვნად დიდდებოდა  ვენახების  ფართობი,  გამოჰყავდათ ყურძნის  ახალი  ჯიშები.
მიწათმოქმედებაში  მორწყვას  ასურეთის  მდინარისპირა  ველებზე ადრეც  იყენებდნენ,  მაგრამ  სწორედ  ახალასურულ  ხანაში  ირიგაცია საგრძნობლად  ფართოვდება,  განსაკუთრებით  მას   შემდეგ,  რაც  ასურეთს უშუალოდ შეუერთდა  ევფრატის  სანაპიროები;  ცნობილია,  რომ, მაგალითად,  სინაქერიბის  და  ასარქადონის  დროს  გაყვანილ იქნა  დიდი სარწყავი  არხები,  რომელნიც  საკმაოდ  ვრცელ  ფართობებს  რწყავდნენ.
შემდგომ  განვითარებას  აღწევს   ხელოსნური  წარმოებაც.  ახალასურულ  ხანაში  იქმნება  ხელოსნობის  ახალი   დარგები,  მაგალითად, მინისებური  ქაშანურის,  მინის  ჭურჭლის  წარმოება.  დიდი  რაოდენობით  ამზადებენ  ამ დროს  კერამიკულ ფილებს  (კაფელს), რომელიც სხვადასხვა  ფერის  მინანქრით  არის  დაფარული  და  ფართოდ  გამოიყენება  მდიდართა  სახლების,  სასახლეთა  და  ტაძართა  კარიბჭეების  შესამკობად.  ასეთი  ფილებითაა  მოპირკეთებული,  მაგალითად,  სარგონ II-ის სასახლე,  რომელიც  ხორსაბადშია  გათხრილი.
მეურნეობისათვის განსაკუთრებული  მნიშვნელობა  ჰქონდა  პროგრესს  მეტალურგიაში.   ძვ.წ.  IX  საუკუნიდან   ასურეთში  ბრინჯაოს გვერდით  ფართოდ  გამოიყენება  რკინა. რკინის მეტალურგიაზე  გადასვლამ  დიდად  შეუწყო  ხელი  ასურეთის  გაძლიერებას  სწორედ  IX საუკუნიდან.  სარგონ  II-ის  სასახლის  ნანგრევებში,  ნინევიაში  და  ასურეთის  სხვა  პუნქტებში  არქეოლოგებმა  აღმოაჩინეს  რკინის  ნაწარმის საკმაოდ  დიდი  რაოდენობა:  უროები,  გუთნები  და  სახნისები, თოხები, ჯაჭვები  და  სხვა სამეურნეო  იარაღი. ნაპოვნია  რკინის სატევრებიც, რაც მოწმობს  რკინის  სამხედრო  საქმეში  გამოყენებასაც.  მეტალურგიის საერთო  განვითარებაზე  მიუთითებს  აგრეთვე  საიუველირო  ნაწარმის არაჩვეულებრივი  დახვეწილობა,  საოჯახო  ნივთების  (ბრინჯაოს  სასანთლეების,  სავარძლების  და  სხვ.),  სამკაულების  მრავალფეროვნება  და მათი   შესრულების  მაღალი  ოსტატობა.
მეურნეობის  სხვადასხვა  დარგების  განვითარებამ,  სახელმწიფოს პოლიტიკურ  გაძლიერებასთან  ერთად,  ხელი  შეუწყო  ვაჭრობის,  განსაკუთრებით  საგარეო  ვაჭრობის  ახალ  აღორძინებას.  ახალასურულ ხანაშიც  ასურეთზე  გადიოდა  საერთაშორისო  მნიშვნელობის  არაერთი სავაჭრო  მაგისტრალი,  რომელიც  ასურეთს  გარესამყაროსთან  აკავშირებღა.  ასურეთი  სავაჭრო  გზებით  დაკავშირებული  იყო.  ჩრდილოეთით ამიერკავკასიის  ოლქებთან, დასავლეთით – ჩრდილო  სირიასა  და მცირე  აზიასთან,  სამხრეთ–დასავლეთით,  დამასკოზე გავლით,  –  ფინიკიის  სავაჭრო  ქალაქებთან  და  შემდეგ  ეგვიპტესთან.
ახალასურულ  ხანაში  მეფეები  საგანგებოდ   ზრუნავენ  სავაჭრო გზების  კეთილმოწყობაზე.  ჩნდება  მოკირწყლული  გზები,  მდინარეებზე  შენდება  ხიდები,  ეწყობა  გზების  საგანგებო  დაცვა.  ცხადია,  მეფეთა  მზრუნველობა  მარტო  სავაჭრო  ინტერესებით  არ იყო  გამოწვეული.  ამ  გზებს  უაღრესად  დიდი  სამხედრო-სტრატეგიული  მნიშვნელობა  ჰქონდა. ისეთი  სამხედრო  სახელმწიფოსათვის  როგორიც  ასურეთი  იყო,  კეთილმოწყობილი  გზები,  უპირველეს  ყოვლისა,  საჭირო იყო  არმიების  სწრაფი  და  შეუფერხებელი  გადაყვანისათვის.  ამასთან ერთად  ეს  გზები  აადვილებდა  კავშირს  ვრცელი  სამეფოს  სხვადასხვა ოლქებს  შორის,  საშუალებას  უქმნიდა  მეფეს  გაეწია  კონტროლი  და ზედამხედველობა  სამეფოს  ცენტრიდან მოშორებული  ოლქებისათვის. აღსანიშნავია,  რომ  ამ  უძველესი  გზების  ცალკეული  მონაკვეთები დღემდეა  შემორჩენილი.
ასურეთის  ეკონომიკა  აღმავლობას  განიცდიდა,  მიუხედავად  სახელმწიფოს  სათავეში  მდგომი  სამხედრო  არისტოკრატიის  პოლიტიკისა,  რომელსაც  ნაკლებ  აინტერესებდა  სოფლის მეურნეობის,  ხელოსნობისა  და  ვაჭრობის  განვითარება. თავისი  მოთხოვნილებების  დაკმაყოფილებას  ეს   სამხედრო  წრეები   უცხო  ქვეყნების   ძარცვითა  და რბევით  ცდილობდნენ. ამიტომ,  იმის  ნაცვლად  რომ  დაპყრობილი  ქვეყნების  სამეურნეო  რესურსები  გამოეყენებინათ, ისინი   უმოწყალოდ ანადგურებდნენ  ამ  ქვეყნებს,  ანგრევდნენ  და  სპობდნენ  ძველ  სავაჭრო  ცენტრებს  და  ხშირად  აუდაბურებდნენ  საკმაოდ  აყვავებულ  მხარეებსაც.  ამით  აიხსნება სწორედ,  რომ,  მიუხედავად  მეურნეობის  გარკვეული  პროგრესისა,  ის  ვერ მიჰყვებოდა ფეხდაფეხ მზარდ  მოთხოვნილებებს,  ვერ  უზრუნველყოფდა  სახელმწიფოსათვის  მტკიცე  ეკონომიკურ საფუძველს. ასურეთის სახელმწიფოს  ძლიერება,  ამდენად,  საკმაოდ  ზედაპირული  იყო  და  როგორც  კი რაიმე  საგარეო  თუ  საშინაო პირობების  ზეგავლენით  ეცემოდა  სამხედრო  დაპყრობების  პოტენციალი,   სახელმწიფოც  კრიზისს  განიცდიდა  და  სუსტდებოდა.
ასურეთის  საზოგადოებრივი  წყობილება  ახალასურულ  ხანაშიაც ინარჩუნებდა  ძველი  გვაროვნული  და  თემური  წყობილების  ზოგ  ნიშანს,   თუმცა  თემის  შიგნით  საკმაოდ  ინტენსიურად  ხდებოდა  ქონებრივი  განშრევება.  სასოფლო  თემი  ძველებურად  ძირითად  სამეურნეო და   ფისკალურ  საგადასახადო  ერთეულად  რჩებოდა.  ახალასურული ხანის  მეფეთა  ფართო  დაპყრობის  შედეგად   არაჩვეულებრივად  გაიზარდა  ტყვე  მონათა  რიცხვი.  ათასობით   მონა  იყრის  თავს  სამეფო კარზე,  მსხვილ  მიწათმფლობელთა  და   დიდმოხელეთა  ოჯახებში,  ტაძრებში.  მონებს  იყენებენ  სხვადასხვა სამუშაოზე – არხების  გაყვანახე, ციხე-სიმაგრეთა,  სასახლეთა  და  ტაძართა  მშენებლობაზე;  აბამენ  მონებს  სოფლის  მეურნეობაშიაც, მაგრამ  მეურნეობის  ძირითად  დარგებში  წამყვან  მწარმოებელ  ძალას  და  უმთავრეს  ექსპლუატირებულ ფენას  მაინც  თავისუფალი  მოსახლეობა  წარმოადგენს.  თავისუფალი მწარმოებლის  ხვედრითი  წონის  შენარჩუნებას  ხელს  უწყობს  თვით ასურელ  მეფეთა  პოლიტიკაც.
თემის  შიგნით  მიმდინარე  ქონებრივი  დიფერენციაცია,  ვაჭრობის განვითარება  იწვევს  თავისუფალი  მოსახლეობის  უღარიბესი  ნაწილის გაღატაკებას,  უმიწოდ  დარჩენას,  სავალო  კაბალაში  მოქცევას,  მაგრამ ეს   უარყოფითად  მოქმედებს  სახელმწიფოს  სამხედრო  ძლიერებაზე. თავისუფალი  მოსახლეობის  შემცირება  ნიშნავს  არმიაში  გასაწვევ  პირთა  რაოდენობის  შემცირებასაც,  ამიტომ  მეფეები   მიმართავენ  ე.წ. „სამხედრო კოლონისტთა“ თავისებური ფენის  შექმნას.  გაღატაკებულ მწარმოებელთ  მეფეები  ურიგებენ  მიწის  ნაკვეთებს  სამხედრო  სამსახურის  პირობით.  ასეთ. სამხედრო  კოლონისტებს  ჩვეულებრივ  ასახლებდნენ საზღვრისპირა  რაიონებში, რითაც  ამაგრებდნენ სახელმწიფოს საზღვრებს,  ეს  სამხედრო  მოსახლეები  უშუალოდ  მეფის  მფარველობით  სარგებლობდნენ,  მათი  ნაკვეთები  ხელშეუხებელი  იყო.
ასურეთის  მეფეები,  განსაკუთრებით  ახალასურულ  ხანაში, ფართოდ  მიმართავდნენ  დალაშქრულ-დაპყრობილი  ქვეყნებიდან  მოსახლეობის  გადმოსახლებას  ასურეთში  ან სხვა  დაპყრობილ  ქვეყნებში, ამით  ისინი ამცირებდნენ დამორჩილებული ქვეყნების  მოსახლეობის წინააღმდეგობას. სხვა ქვეყნებიდან  გადმოსახლებული  პირები  ღებულობდნენ  ახალ ადგილას  მიწის  ნაკვეთებს  და,  თუმცა  თავისი  იურიდიული მდგომარეობით  ისინი  მონებისაგან  არ  განსხვავდებოდნენ,  მათი  ექსპლუატაციის  ფორმა  მაინც  განსხვავებული  იყო:  მათ  ჰქონდათ მიწის  გარკვეული  ნაკვეთი,  რომელსაც  ისინი  ამუშავებდნენ  და  მოსავლის  ერთ  ნაწილს  აძლევდნენ  სახელმწიფოს, მაგრამ  ნაწილი  რჩებოდათ,  მათ   ეძლეოდათ  მცირეოდენი ქონებისა და ოჯახის ყოლის უფლებაც. ამრიგად, მათი მდგომარეობა ერთგვარად  უახლოვდებოდა შუასაუკუნეების  ყმების  მდგომარეობას.
მიუხედავად  მონათა  არაჩვეულებრივად   დიდი  რიცხვისა,  მათი ფართოდ  გამოყენებისა  სხვადასხვა  სამუშაოებზე  და  მეურნეობაშიც. მონები  არ  გამხდარან  მეურნეობაში  წამყვან  სამუშაო  ძალად,  მონათმფლობელური  ექსპლუატაცია  კი   ექსპლუატაციის  ძირითად  ფორმად. მონათა მდგომარეობაც  ხშირად  თავისებური  იყო:  მათ  აძლევდნენ  მიწის  ნაკვეთებს,  რომლის  მოსავლის  გარკვეული  ნაწილი  მათვე  რჩებოდათ.
ასურეთის  თავისუფალი  მოსახლეობის  ფართო  მწარმოებელ  ფენებს  ევალებოდათ  სხვადასხვა  ნატურალური  გადასახადის  გადახდა  და საამშენებლო  და  სამხედრო  ბეგარის  მოხდა.  ეს   ვალდებულებანი  მეტად  მძიმე  იყო  და  მწარმოებელ   მოსახლეობას  სახელმწიფოზე   და მსხვილ  მიწათმფლობელებზე  მთლიანად  დამოკიდებულს  ხდიდა. 
რაც  შეეხება  გაბატონებულ ფენას –  მსხვილ  მიწათმფლობელებს, მსახურეულ  არისტოკრატიას,  ქურუმობას   მსხვილ  ვაჭრებს,   ისინი სარგებლობდნენ  მრაეალი  შეღავათით  და პრივილეგიით – როგორც წესი,  არ  იხდიდნენ  გადასახადებს  და  ბეგარას.  მსხვილ მოხელეებზე  მიმაგრებული  იყო  გარკვეული  ოლქები,  რომელთა   შემოსავალი  მათი კუთვნილება  იყო.
ასურეთის  სახელმწიფოს  დასუსტება   და   დაღუპვა.
ასარქადონი ეგვიპტეში  ლაშქრობის დროს,  669  წ.  გარდაიცვალა  და სამეფო  ტახტზე   ავიდა  მისი  ვაჟი  ასურბანიფალი,  რომელმაც  თავისი  უმცროსი  ძმა   შამაშ-შუმუქინი  ბაბილონის  მეფედ  აკურთხა.   ასურბანიფალმა  შეძლო  დაეძლია  ეგვიპტეში  დაწყებული  ანტიასურული  მოძრაობა და  განამტკიცა  აქ   თავისი  ძალაუფლება;  კვლავ  შემომტკიცებულ  იქნა   ფინიკიის  ქალაქები  ტვიროსი  და არვადი,  ხოლო  ლიდიის მეფე  გუგუსთან დამყარდა  კავშირი.  ასურეთი  ინარჩუნებდა  თავის  გარეგნულ ძლიერებას  და საერთაშორისო  პრესტიჟს.
VII ს. 60-იანი  წლების  წინა  აზიაში  იწყება  მოვლენები,  რომელთაც   განაპირობეს  ასურეთის  დაღუპვა.
თვით  ასურეთის  ვრცელი  სახელმწიფოს   შიგნით  მრავლად  იყო ისეთი  ძალები, რომელთაც  მისი  დაღუპვა სურდათ. დაპყრობილი  ხალხები  და ტომები, დახარკული  ქალაქები,  ასურეთის ტერიტორიაზე  ათასობით  გადმოსახლებულნი,  ტყვეები  ელოდნენ  მოხერხებულ  დროს. ასურეთის  მძიმე უღლის  გადასაგდებად.
სუსტი  იყო  ასურეთის  პოზიციები  ბაბილონში,  სადაც  ანტიასურულ  მოძრაობას  აცხოველებდნენ  არამეული  და ქალდეური  ტომების ბელადები,  რომელნიც  მუდამ  ცდილობდნენ,  და  ხშირად  შედეგიანადაც,  ბაბილონში  გაბატონებას,  მათ  მოკავშირედ  გამოდიოდა  ელამის სამეფო. 
ასურეთის  სამეფოს  განაპირა  ოლქებში  და  მის  მეზობლად  მცხოვრებ  ხალხებსა  და  ტომებში  იზრდება  ასურეთის  საწინააღმდეგო  მოძრაობა,   მით   უფრო,  რომ   ასურელებთან  ხანგრძლივ  ბრძოლებში  ამ ხალხების  სამხედრო  გამოცდილება  საგრძნობლად  გაიზარდა. 
ასურეთის  სახელმწიფოს  მდგომარეობას  ართულებდა  ისიც,  რომ თვით მისი გაბატონებული ფენის შიგნით არსებობდა ორი მტრული დაჯგუფება, რომლებიც  გამუდმებით  ებრძოდნენ  ერთმანეთს.
ასეთ პირობებში ასურეთი ინარჩუნებდა თავის არსებობას და მოჩვენებით ძლიერებას მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მოწინააღმდეგე ძალები დაქსაქსული იყვნენ და ვერ ხერხდებოდა მათი გაერთიანება.
ძვ.წ. VII ს. 50-იანი  წლების  დასაწყისიდან  ანტიასურული  ძალები  საგრძნობლად  გააქტიურდნენ  და  იწყება მძიმე ბრძოლა სამრეთის სახელმწიფოს მთლიანობის  შენარჩუნებისათვის.  თუმცა  ასურბანიფალი კიდევ  ახერხებდა  დაპყრობილი  ოლქების  შენარჩუნებას,  მაგრამ  ზოგიერთი ტერიტორია  მისთვის  მაინც  დაკარგული  აღმოჩნდა. ძვწ. 657-655 წლებში ეგვიპტეში ძალაუფლება ხელთ იგდო ერთ-ერთი ოლქის მმართველმა ფსამეტიქემ,  კავშირი  შეკრა  ლიდიის  მეფესთან, რომელმაც უარი თქვა ასურეთთან დადებულ ხელშეკრულებაზე,  თავი ფარაონად გამოაცხადა და გაანადგურა  ასურული  გარნიზონები. ასურეთის მეფემ, რომლის  საბრძანებელს  ელამის  ჯარების  შემოსევა ემუქრებოდა, ვეღარაფერი იღონა ფსამეტიქეს წინააღმდეგ. ეგვიპტე ასურეთისათვის დაკარგული აღმოჩნდა.
ძვ.წ. 655 წელს დაიწყო ომი ელამთან. ეს ომი ასურბანიფალმა წარმატებით დაასრულა, აიღო ელამის დედაქალაქი სუზა და მისი მეფე სიკვდილით დასაჯა. მაგრამ 653 წელს აჯანყდა ბაბილონის მეფე, ასურბაწიფალის  ძმა შამამ-შუმუქინი, რომელმაც  მიიმხრო  ბაბილონის  წარჩინებული  ზედაფენა,  ქალდეური  არისტოკრატია,  კავშირი  შეკრა  არაბულ  ტომებთან,  ელამთან,  და  როგორც  ჩანს,  მიდიელებთანაც,  ბრძოლა  აჯანყებულთა  წინააღმდეგ  საკმაოდ  ხანგრძლივი და  მძიმე აღმოჩნდა,  მაგრამ  ასურბანიფალმა ბოლოს შეძლო  ძმის  დამარცხება  და  ბაბილონის  აღება.  შამაშ-შუმუქინის  მოკვლის  შემდეგ  ასურბანიფალმა ორგზის  გაილაშქრა  ელამის  წინააღმდეგ  და საბოლოოდ  გაანადგურა ეს  სახელმწიფო.
ასურბანიფალის  სიკვდილის  ზუსტი  თარიღი  ჩვენთვის  ცნობილი არაა,  ის   დაახლოებით  631-627  წლებს  შორის  უნდა  გარდაცვლილიყო,  ყოველ  შემთხვევაში,  627  წ. ასურეთის  მეფედ უკვე  მისი  ვაჟი ასურეტელილანი  იხსენიება.  ამ   უკანასკნელს  ტახტის  დაკავებისას საკმაოდ  მძიმე  ბრძოლის  გადატანა მოუხდა სხვადასხვა  პრეტენდენტების  წინააღმდეგ,  რამაც  იმთავითვე  განაპირობა  მისი მმართველობის სისუსტე.
ამავე  დროს  მნიშვნელოვანი  მოვლენები  ხდება  ბაბილონში.  627 წ.  გარდაიცვალა  ბაბილონის  მმართველი  ქანდალანუ,  რომელიც,  როგორც  ჩანს,  ასურელების  მიერ შამაშ-შუმუქინის შემდეგ  იქნა  აქ  დაყენებული.  ერთი  წლის  მანძილზე  ბაბილონში  მეფედ  აღარავინ  დაუყენებიათ.  ასურეტელილანს  ამისათვის  არ  ეცალა.  შექმნილი  ვითარებით  ისარგებლა ქალდეური ტომის  ბელადმა ნაბუფალასარმა, რომელიც აღრე  ასურეთის  სამსახურში  იმყოფებოდა  და  ხელთ  იგდო  ბაბილონი. 626  წ.  ნაბუფალასარი  ბაბილონში  მეფედ  ეკურთხა.
ამის  შემდეგ  იწყება  ხანგრძლივი  და  სისხლისმღერელი  ბრძოლა ასურეთსა  და  ახალბაბილონურ  სამეფოს  შორის.  ნაბუფალასარი  სულ უფრო  აქტიურად  უტევს  პასურეთს  და   თუ  უკანასკნელს  ჯერ  კიდევ აქვს  თავდაცვის  უნარი,  შეტევაზე  გადასვლისათვის  უკვე.  ძალა  აღარ შესწევს.
სწორედ  ამ  დროს  ასურეთს  ახალი  მტერი  გამოუჩნდა:  ეს   იყო ახლადწარმოქმნილი   მიდიის   სამეფო,   რომელიც   ჯერ მეფე  ფრაორტას,  ხოლო  განსაკუთრებით   აქტიურად   კიაქსარის  დროს  გადმოდის  შეტევაზე   ასურეთის  წინააღმდეგ.
ძვ.წ. 615  წ., როდესაც  ასურეთის  მეფე  სინშარიშქუნი  (ასურეტელილანის  მემკვიდრე)  თავის  სამხრეთ  საზღვრებზე  იბრძვის  ნაბუფალასარის წინააღმდეგ,  კიაქსარი  თავისი  ჯარით  იჭრება  ასურეთში,  იღებს  და  სასტიკად  ძარცვავს  მის  ძველ  დედაქალაქს  ასურს.  აქ,  ასურის  ნანგრევებთან  ხვდებიან  ერთმანეთს  ნაბუფალასარი და კიაქსარი  და კავშირს კრავენ. ეს კავშირი  დინასტიური  ქორწინებით  იქნა  განმტკიცებული:  ნაბუფალასარის  მემკვიდრეს  ნაბუქოდონოსორს  ცოლად  შერთეს  კიაქსარის  ქალიშვილი.
ძვ.წ. 612  წ.  მოკავშირეები  შეხვდნენ  მდ.  ტიგროსის  ნაპირას  და  მათი გაერთიანებული  ლაშქარი  დაიძრა  ნინევიისაკენ.  ქალაქი  აღებულ  იქნა, სინშარიშქუნი  ბრძოლაში  დაიღუპა,  ხოლო  ასურეთის  ჯარის  ნაშთები  ასურუბალიტის  (ასურბანიფალის  ერთ-ერთი  ძმის)  მეთაურობით გაარღვევენ  ალყას  და  თავს  შეაფარებენ  ხარანის  ოლქში,  სადაც  ასურუბალიტი  თავს  ასურეთის  მეფედ  გამოაცხადებს.  მაგრამ  ასურეთის დღეები  დათვლილი  იყო.  605  წ.  ბაბილონის  ჯარი  ნაბუქოდონოსორის მეთაურობით,  ქ.  ქარხემიშთან  საბოლოოდ  ამარცხებს  ასურელებისა და  მათი  მოკავშირე  ეგვიპტის  ჯარს,  უკანასკნელი  მეფე  ასურეთისა ასურუბალიტი  იღუპება  და ასურეთის  სამეფო  წყვეტს  თავის  არსებობას.
ასურეთის კულტურა. ასურეთის კულტურის, მისი მოსახლეობის რელიგიური რწმენების, ლიტერატურისა და მეცნიერების, ხელოვნებისა და არქიტექტურის შესწავლა შესაძლებელი გახდა  უმთავრესად  არქეოლოგიური  გათხრების  შედეგად,  რომლებიც  წარმოებულ  იქნა  ასურეთის  სხვადასხვა  პუნქტში,  ამ   გათხრებმა  გამოავლინეს როგორც  მატერიალური,  ისე  სულიერი  კულტურის  მრავალი  ძეგლი. 
ასურელთა  სულიერი კულტურის  ძეგლთა  დიდი  უმეტესობა  თავმოყრილი:  მეფე  ასურბანიფალის  ბიბლიოთეკაში  რომელიც  ნინევიის ნანგრევებში  აღმოჩნდა.  ასურბანიფალის   ბრძანებით  სპეციალურად იქნა შეგროვებული  და  გადაწერილი შუამდინარეთის  ტაძრებსა  და  სასახლეებში  შენაბული  სამეცნიერო  ტექსტები და ლიტერატურული ნაწარმოებები;  მრავალ  ასეულ  თიხის  ფირფიტაზე  შემოინახა  მათემატიკური  და  ასტრონომიული  ტრაქტატები,  ძველი  ჰიმნები  და ლოცვები, ეპიკური  თხზულებანი  და  ფილოლოგიური  ძიებანი.  მათი  უმეტესობა  შუმერულ-აქადური  და  ბაბილონური  სამყაროდან  მომდინარეობს  და  მხოლოდ  მცირე  ნაწილია  თვით  ასურელთა  შემოქმედების ნაყოფი.
საერთოდ  სულიერი  კულტურის  დარგში   ასურელთა  საკუთარი წვლილი შედარებით  მცირეა.  მათ ფაქტიურად  არაფერი შეუქმნიათ დამოუკიდებელი  და თავისთავადი, შეითვისეს და მცირედად  გადაამუშავეს   შუამდინარეთის ხალხთა – შუმერების, აქადელების,  არამეელე ბის – მონაპოვარი.  თუ  რაიმე  იყო  საკუთრივ  ასურული ამ დარგში, ესაა  სამხედრო  სამეფო  ანალები,  რომლებიც  გამოირჩევა  რიტმული ენით,  აღმავლობითი  ტონით  და  გამომსახველობით,  მაგრამ  აღსახიშნავია, რომ  ეს  ანალებიც  აქადური  (ბაბილონური) სალიტერატურო ენითაა შესრულებული. აქადურის  გვერდით,  განსაკუთრებით  ახალასურულ  ხანაში,   ფართოდ  არის  გავრცელებული  აგრეთვე  არამეულიც. 
ასურელთა რელიგიაც  ფაქტიურად  არაფრით  განსხვავდებოდა ბაბილონური რელიგიისაგან.  ღმერთების  პანთეონი  იგივე  იყო,  რაც  ბაბილონური,  იმ  განსხვავებით,  რომ  მის  სათავეში  იდგა  ადგილობრივი უზენაესი  ღმერთი  ასური.  შემდეგ  კი  მოდიოდა  ბაბილონური  ღმერთების  უმაღლესი ტრიადა – ანუ, ენლილი და იშთარი. ამ  ღმერთების კულტთან დაკავშირებული  მთელი რიტუალი, მითოლოგია უცვლელად იყო  გადმოტანილი ასურულ ღვთისმსახურებაში. აღსანიშნავია, რომ არ  შემონახულა  ასურელთა  უზენაესი  ღმერთის,  ასურის  კულტთან დაკავშირებული არავითარი მითოლოგია. მართალია,  ასურელთა შორის გავრცელებული  იყო  ისეთი  მითები  და  რწმენები,  რომლებიც  ბაბილონელთათვის  არ  იყო  ცნობილი,  მაგრამ  ისინიც  არ  იყო  ადგილობრივი  წარმოშობისა და  ხურიტული  ეთნიკური  სამყაროდან  მომდინარეობდა.  ასურული  რელიგიისათვის  დამახასიათებელია  რიტუალების სირთულე,  მრავალი  ცრურწმენა,  რწმენა  ათასგვარი ბოროტი  სულებისა,   დემონებისა  და  მოჩვენებებისა.  ღმერთები,  როგორც  წესი,  წარმოდგენილი  ჰყავთ  როგორც  მძლავრი  და  უძლეველი,  მეტად  ეჭვიანი და მრისხანე, შეუბრალებელი თავის მსხვერპლთა მიმართ.
ასურელთა მატერიალურ კულტურას ჩვენ ვეცნობით მათი ქალაქების ნანგრევების, აქ შემონახული სასახლეების, ტაძრების, სიმაგრეების ნაშთების წყალობით. ძველი ასურული ქალაქების - ასურის, ნინევიის, კალხუს, არბელას, დურ-შარუქინის - გათხრებმა გამოამზეურეს ასურული არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, ოქრომჭედლობის მრავალი საყურადღებო ძეგლის.
ასურულ არქიტექტურას და სახვის ხელოვნებასაც ეტყობა შუმერულ-ბაბილონური კულტურის დიდი გავლენას, მაგრამ ამ დარგებში მათ მაინც მიღწევები აქვთ.
ასურული ქალაქები, სასახლეები და ტაძრები შენდებოდა ხელოვნურად  შექმნილ  დიდ  მიწაყრილზე,  ანუ  ბორცვებზე.  შენობებს  აგებდნენ  გამოუწვავი  თიხის აგურით - ალიზით.  მათ  ჯერ  კიდევ  გამოუმშრალს  ადებდნენ  ერთმანეთზე.  ასეთი  მასალისაგან  აგებული  კედლები  გაშრობის  შემდეგ წარმოადგენდნენ  ერთიან, მკვრივ  მასას.  მაგრამ  მისგან  შენობის  აგება  მოითხოვდა  ძალიან  სქელი  კედლების  გაკეთებას   და  ზღუდავდა  არქიტექტურული  ფორმების  ნაირფერობას. შენობები იგებოდა შედარებით დაბალი და ვიწრო, კედლები, როგორც წესი, ყრუ იყო. სინათლის წყარო (სარკმელები) უმეტესწილად ჭერში უკეთდებოდა. გადახურვა ჰორიზონტალური იყო. სახურავზე ზემოდან ადებდნენ მიწის საკმაოდ სქელ ფენას, რომელიც თიხის სახურავს იცავდა წვიმისა და მზის სხივებისგან, რომელთა გავლენით ზედმეტად გამშრალი თიხა შეიძლება დამსკდარიყო.
ქვას,  ჩვეულებრივ,  იყენებდნენ  მხოლოდ  მოსაპირკეთებლად. მაგრამ შენობათა შესამკობად უფრო ხშირად მიმართავდნენ კერამიკულ სხვადასხვა ფერის ფილებს, რომლითაც აპირკეთებდნენ კარიბჭეებს, სასახლეთა კედლებს შიგნიდან. ასეთი ფერადი ფილები ზოგჯერ საკმაოდ რთულ ორნამენტსაც ქმნიდა.
კარიბჭეებს  ამკობდა  ფრთოსანი   ლომებისა   და  ხარების  ქანდაკებები, რომელთაც  ადამიანის  სახეები  ჰქონდათ, ხოლო სახურავის  გარშემო კეთდებოდა  კიბისებური  შვერილები. ამით  ამოიწურებოდა  გარეთა მორთულობა.
სასახლეთა  და ტაძართა შიდა  არე  ირთვებოდა, გარდა ფერადი კერამიკული  ფილებისა, აგრეთვე  ბარელიეფებითა  და  კედლის მხატვრობით.
განსაკუთრებით ცნობილია ასურული ბარელიეფები, რომელნიც ბევრ საერთოს ამჟღავნებენ  ხურიტულ და ხეთურ  ხელოვნებასთან, მაგრამ გამოირჩევიან დამოუკიდებელი ნიშნებითაც. ბარელიეფები დიდი ქვის  ფილებზე იყო  ხოლმე  გამოკვეთილი  და  უმეტესწილად  ნადირობისა  და  ბრძოლების  სცენებს  გამოხატავდა.  უფრო  ადრეული (IX ს. წინადროინდელი)  ბარელიეფები  უხეშია,  არადინამიური,  ხაზს უსვამს  ფიზიკურ  ძალას  და  არქაულობის  ელფერს  ატარებს. VIII   ს. შემდეგ  კი,   განსაკუთრებით  სარგონ  II-ის და სინაქერიბის  დროიდან, ბარელიეფებში  შეიმჩნევა  მეტი  დახვეწილობა, ფიგურები უფრო მოძრავია,  რეალისტური, ოსტატურადაა  მათთან  შეხამებული პეიზაჟი.
ასურული  ბარელიეფებისათვის  დამახასიათებელია  ის, რომ  მათი ცენტრალური  ფიგურა ყოველთვის  მეფეა,  სწორედ  მისი განდიდებისა  და ხოტბის  შესხმისათვის  არის  გამიზნული ეს  ძეგლები.  ასურეთის მეფეები  ამ   ბარელიეფებზე  გაიდეალებულნი არიან.  ხაზგასმულია  მათი უძლეველობა,  ფიზიკური  ძალა.  ისინი  გამოსახული  არიან  ცხენზე  ან ეტლებზე,  რომელთა გარშემო  მათგან  დამარცხებულ-დახოცილი  ტყის ნადირი  ან  მტრებია გაფანტული.  ისინი  პირისპირ  ებრძვიან ლომებს და  მრავალრიცხოვან მტრებს.  მაგრამ  ასურული ბარიელიეფის ხელოვნება მაინც  ერთგვარად შეზღუდული  რჩება, ფიგურების გამოსახულება ტრაფარეტულია. არ არის  მისწრაფება ცალკეული  პირების კონკრეტული პირადული  ნიშნების   გადმოცემისა, მოძრაობებიც ერთნაირი, პირობითია. ასურული ბარელიეფები შეღებილია  სხვადასხვაფრად. ფერები  საკმაოდ  მკვეთრია, ქმნის   გარკვეულ   სიჭრელეს, საზეიმო იერს.
ასურული  სახვითი  ხელოვნება მოწოდებულია  ასურეთის მეფეთა, ასურეთის  არმიის  უძლეველობის  განდიდებისა  და  მტერთა დამცირებისაკენ  იგი  ასახავდა  ასურეთის  სახელმწიფო  დიდმპყრობელურ იდეას,  ქადაგებდა  ასურელთა  განსაკუთრებულობას  სხვა  ხალხებთან შედარებით.



Комментариев нет:

Отправить комментарий