აგესილაოსი სპარტის სამეფო კარზე იზრდებოდა. იგი, მართალია, მეფისწული იყო, მაგრამ ჰყავდა უფროსი ძმა, სახელად აგისი, რომელიც გამეფდა კიდეც მამის, არქიდამოსის გარდაცვალების შემდეგ.
აგესილაოსის დაბადების წელი ზუსტად ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი ძვ.წ. 444 წელს უნდა დაბადებულიყო. მას სპარტელთა მკაცრი წესებით ზრდიდნენ. ბავშვობიდანვე ცნობილი ყოფილა იგი თავისი ნიჭიერებით, გულმოდგინებითა და პატივმოყვარეობით.
აგესილაოსი გამოირჩეოდა გასაოცარი მიზანსწრაფვით, ხალისით ასრულებდა უფროსთა მითითებებსა და არასოდეს გაურბოდა მძიმე დავალებებს. იგი ყველასთან მხიარული და თავაზიანი იყო, მშვიდი იუმორით უმზერდა თავის მანკიერებებს – თანდაყოლილ სიკოჭლეს, სიდაბლესა და უღიმღამო გარეგნობას.
ნიჭიერმა ახალგაზრდამ სახელმოხვეჭილი მთავარსარდლისა და სპარტაში ყველაზე გავლენიანი კაცის – ლისანდროსის ყურადღება მიიპყრო.
მეფე აგისის გარდაცვალების შემდეგ ლისანდროსმა მოახერხა მეფისწულის ჩამოცილება და სახალხო კრებას აგესილაოსის გამეფება შესთავაზა. იგი იმედოვნებდა, რომ აგესილაოსი მის ხელში სათამაშოდ იქცეოდა.
ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან ბევრი მოქალაქე იცნობდა აგესილაოსს და პატივსაც სცემდა. მათ მხარი დაუჭირეს მის გამეფებას, მაგრამ ხალხის ნებას მოულოდნელად წინ აღუდგა ერთი ქურუმი. მან განაცხადა, რომ ადათის თანახმად, ხეიბარი კაცის მეფედ არჩევა სპარტას დიდ უბედურებას უქადის და ასეთი უცნაური მისნობა წართქვა:
„ამაყო სპარტა! თუმც ჯანსაღია შენი ფეხები, მაინც გეშინოდეს!
თუკი ხეიბარს აღაზევებ სამეფო ტახტზე,
მაშინ დიდი ხნით დაიტანჯები მოულოდნელი სენისაგან,
მაშინ დიდი ხნით იხეტიალებ დამღუპველი ბრძოლის ტალღებით“.
ამ შემზარავი წინასწარმეტყველებისდა მიუხედავად, ლისანდროსის მხარდაჭერით, აგესილაოსი მეფედ აკურთხეს.
სპარტაში მეფენი ეფოროსთა და გერონთა ნების აღმსრულებელნი იყვნენ მხოლოდ. ეფოროსები იძლეოდნენ ბრძანებებს და მეფეები, ვითარცა ჩვეულებრივი მხედართმთავრები, ამ ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. ხშირად მეფეთა და ეფოროსთა შორის მტრული დამოკიდებულება სუფევდა.
მეფედ აღიარებულმა აგესილაოსმა განიზრახა ეფოროსთა და გერონთა კეთილგანწყობის დამსახურება. ახალი მეფე ცდილობდა, პატივით მოპყრობოდა მათ: როდესაც ისინი ოთახში შემოდიოდნენ, ფეხზე დგებოდა, ხოლო როდესაც ვიწმეს ახალ თანამდებობაზე ირჩევდნენ, მას მოსასხამითა და ხარით ასაჩუქრებდა. უბრალო მოქალაქეებს თავაზიანად ეპყრობოდა, ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მეტოქეებსაც კი. მალე აგესილაოსმა ისეთი გავლენა მოიპოვა, რომ ამ მზარდი ძალაუფლებით დაშინებულმა ეფოროსებმა მისი დამდაბლება განიზრახეს.
აგესილაოსი თავისი მეფობის პირველ ხანებში ლისანდროსს ემორჩილებოდა. მისი შემწეობით მიიღო მთავარსარდლის თანამდებობა სპარსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ლისანდროსის ცხოვრების აღწერილობიდან კი ვიცით, თე რა ოსტატობით დააღწია თავი აგესილაოსმა მის მეურვეობას.
აგესილაოსი ერთპიროვნული მმართველი გახდა და რვაათასიანი ლაშქრით შეებრძოლა სპარსეთის მეფის სატრაპ ტისაფერნესს. ამ ომში პირველად გამოვლინდა აგესილაოსის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი.
სპარტელთა მეფემ მოატყუა სპარსელები: ისე მოიქცა, თითქოს კარიის დასაპყრობად ემზადებოდა. დაიცადა, ვიდრე სპარსელებმა თავი არ მოუყარეს იქ თავის ძალებს და მოულოდნელად თავს დაესხა ფრიგიას, დაიმორჩილა რამდენიმე ქალაქი და ხელთ მდიდარი ნადავლი ჩაიგდო.
ტისაფერნესმა გაიგო თუ არა, რომ სპარტელები დიდძალი ლაშქრით ლიდიისაკენ მიემართებიან, მათ შესახვედრად ისწრაფა, ლიდიის დედაქალაქ სარდეს მახლობლად მდებარე ველზე ფიცხელი ბრძოლა გაიმართა. აგესილაოსმა სრული გამარჯვება მოიპოვა. სპარსეთის მეფემ ამ მარცხის გამო ტისაფერნესი სიკვდილით დასაჯა.
შემდეგ სპარსეთის მეფემ აგესილაოსს მიუგზავნა ერთ-ერთი თავის ახლობელთაგან, რათა ქრთამით სპარტელები ზავზე დაეთანხმებინა. აგესილაოსმა შეუთვალა, რომ ზავის დადება სპარტის ხალხისა და ხელისუფლების ნებაა. „ბერძნებს დიდებული თვისება აქვთ, – განაცხადა მან, – ისინი მტრისგან საჩუქრებს კი არ იღებენ, არამედ – ნადავლს“.
აგესილაოსი დაუკავშირდა პაფლაგონიის მეფეს და მისგან 3000 მეომარი მიიღო დამხმარე ძალად. ახლა უკვე მის განკარგულებაში მნიშვნელოვანმა ძალებმა მოიყარეს თავი; იგი შეიჭრა სატრაპ ფარნავაზის სამფლობელო ფრიგიაში.
ფარნავაზმა ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა. იგი გაიქცა და თან გაიყოლა დიდძალი სიმდიდრე. რამდენიმე ხნის შემდეგ ბერძნები და პაფლაგონიელები სპარტელი მხედართმთავრის მეთაურობით დაეწივნენ ფარნავაზს, ხელში ჩაიგდეს მისი ბანაკიცა და გატაცებული საგანძურიც. თვით ფარნავაზმა გაქცევა მოასწრო. აქ, ნადავლის განაწილებისას, მოკავშირენი ერთმანეთს გაუნაწყენდნენ. პაფლაგონიელებმა მიატოვეს სპარტელები და შინ დაბრუნდნენ.
მცირე აზიაში აგესილაოსის სამხედრო მოქმედებათა მეორე წელი იდგა. სპარტელთა მიერ დაპყრობილი ქალაქები დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ, მაგრამ აგესილაოსი ძალადობისა და მკვლელობების თვინიერ ცდილობდა სპარტელთა მმართველობის აღდგენას.
მცირე აზიის მთელ სპარსულ სამფლობელოებს მოედო მისი საბრძოლო დიდების ამბავი. მიუხედავად ამისა, აგესილაოსი უბრალოდ ცხოვრობდა. ეძინა მაგარ სალაშქრო საწოლზე, როგორც ჩვეულებრივ ჯარისკაცს, არ ეპუებოდა სიცხესა და სიცივეს და საომარი ცხოვრების გასაჭირს. მცირეაზიელი ბერძნები კმაყოფილებით ადევნებდნენ თვალ-ყურს, თუ როგორ იხრიდნენ ქედს მდიდრული სამოსით მოსილი ამაყი სპარსი სატრაპები უბრალო მეომრის მოსასხამში გამოწყობილი ადამიანის წინაშე.
მაშინ, როდესაც აგესილაოსს განზრახული ჰქონდა, სპარსეთის სამფლობელოს შუაგულში იერიშით შეჭრა, მოულოდნელად მიიღო ეფოროსთა ბრძანება შინ დაუყოვნებელი დაბრუნების თაობაზე.
სპარსელებს იმედი არ ჰქონდათ, რომ სპარტელებს დაამარცხებდნენ ხელჩართულ ბრძოლაში. მეფემ და სატრაპებმა ბრძოლის სხვა გზა ირჩიეს: გადაწყვიტეს აგესილაოსისთვის თავად საბერძნეთში დაერტყათ. მათ წააქეზეს ათენელები და თებელები აღმსდაგრიყვნენ სპარტის წინააღმდეგ.
სპარსელებმა უზარმაზარი თანხა გაიღეს ათენის გრძელი გალავნის აღსადგენად და ათენისა და თებეს ლაშქრის აღსაკაზმად.
ბოლოს, ათენელებმა და თებელებმა დაიწყეს კიდეც ბრძოლა სპარტის წინააღმდეგ. ასე გადარჩა სპარსეთი. აგესილაოსი იძულებული გახდა, თავისი ლაშქარი ხომალდებზე აეყვანა და სამშობლოს დასაცავად შინ დაბრუნებულიყო.
ტოვებდა რა მცირე აზიას, აგესილაოსმა აღნიშნა, რომ იქედან იგი სპარსეთის მეფის 10 =000 მშვილდოსანმა გააძევა (სპარსულ ოქროს მონეტებზე გამოსახული იყო მშვილდოსანი). ამ სიტყვებით აგესილაოსს სურდა ეთქვა, რომ სპარტა სპარსულმა ოქრომ დაამარცხა.
საბერძნეთში სპარტის არმიას ლისანდროსი მეთაურობდა. მაგრამ იგი ბეოტიაში დაიღუპა. მოკავშირეებმა განზე გადგომა დაიწყეს.
ამასობაში აგესილაოსმა სასწრაფოდ გადალახა ჰელესპონტოსი და თრაკიაში შეიჭრა. ადგილობრივი ტომები უმეტეს შემთხვევაში მას კეთილგანწყობით ხვდებოდნენ. მხოლოდ მცირე ტომის – ტრალისის ელჩებმა მოსთხოვეს მას ვერცხლის 100 ტალანტი, რათა მათ მიწაზე გავლის ნება დაერთო. აგესილაოსმა მათ ომით უპასუხა და დაარბია ისინი.
მაკედონიას მიახლოებულმა აგესილაოსმა ელჩი გაუგზავნა ამ ქვეყნის მეფეს, რათა ეკითხა, სპარტის ლაშქარს იქ გავლის ნებას დართავდა თუ არა. მეფემ უპასუხა, რომ იფიქრებდა. „დაე, იფიქროს, – უთქვამს აგესილაოსს, – ჩვენ წინ გავწიოთ!“
რამდენადაც თესალიელები სპარტის მტერთა მოკავშირენი იყვნენ, აგესილაოსმა გაანადგურა ეს ქვეყანაც. შემდეგ თესალიის ქალაქ ლარისას მკვიდრებს ელჩები მიუგზავნა და მეგობრობა შესთავაზა. ლარისელებმა ეს ელჩები საპყრობილეში ჩააგდეს. განრისხებულმა სპარტელმა მეომრებმა აგესილაოსს ქალაქის ალყაში მომწყვდევა მოსთხოვეს. მაგრამ მთავარსარდალმა მოახერხა თავისი ელჩების გათავისუფლება და სწრაფად გასწია წინ.
გზად მიიღეს ცნობა სპარტელთა თებელებთან და ათენელებთან სისხლისმღვრელი ბრძოლის თაობაზე. სპარტელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მრავალი მეომარი დაიღუპა ორთავე მხრიდან. აგესილაოსი მძიმედ განიცდიდა იმას, რომ ბერძნებმა კვლავ დაიწყეს ძმათა სისხლისმღვრელი ომი, ნაცვლად იმისა, რომ გაერთიანებული ძალებით შეეტიათ სპარსელებისთვის. მას თავისი მეომრებისადმი მიმართვისას მწარედ აღმოხდა: „ვაი შენ, ელადა! საკუთარი ხელით დაღუპე უამრავი მამაცი შვილი. ისინი ცოცხლები რომ დარჩენილიყვნენ, გაერთიანდებოდნენ და ბარბაროსთა რისხვად იქცეოდნენ!“
ეფოროსთა ბრძანებით, აგესილაოსმა თავის ლაშქარს შეუერთა რამდენიმე რაზმი კორინთოდან და ბეოტიაში შევიდა, აქ მას ელოდა კნიდოსთან სპარტის ფლოტის განადგურების (ძვ.წ. 394 წ.) თავზარდამცემი ამბავი.
ნიჭიერი ათენელი სტრატეგოსი კონონი ეგოსპოტამოსთან ათენის ფლოტის დამარცხების შემდეგ გადარჩა და გაემგზავრა ჯერ კუნძულ კვიპროსზე, ხოლო შემდეგ სპარსეთის სამფლობელოში. სპარსული ფულით კონონმა მრავალი ხომალდი აღჭურვა და კნიდოსთან თავისი ფლოტის სამარცხვინო დაღუპვისათვის იძია შური.
აგესილაოსი ბეოტიელებთან საბრძოლველად ემზადებოდა. მეომრები რომ სულით არ დაცემულიყვნენ, მან დაუმალა მათ სპარტელთა დამარცხების დამამწუხრებელი ამბავი. ბრძოლის დაწყების წინ კი გამოაცხადა, რომ სპარტის ფლოტმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. იგი მეომრების წინ წარდგა როგორც გამარჯვებული, მხიარული სახით, საზეიმო სამოსითა და გვირგვინებით დამშვენებული და ბრძანა, ღმერთებისათვის შეეწირათ სამადლობელო მსხვერპლი. ამით მას სურდა, თავის მეომრებში საბრძოლო განწყობილება აემაღლებინა.
შემდეგ კი მედგრად შეუტია თებელთა და არგოსელთა გაერთიანებულ ძალებს კორონეასთან. ბრძოლა იყო შეუპოვარი და სისხლისმღვრელი; ორივე მხარე გმირულად იბრძოდა, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო სრული გამარჯვების მოპოვება. სპარტელთა ძალა დაიშრიტა და ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, თებელებთან დროებითი ზავი დაედოთ.
თავად აგესილაოსი უბრალო მეომარივით იბრძოდა და რამდენიმე მძიმე იარაც მიიღო. იგი საკაცით გადაიყვანეს დელფოში, სადაც აპოლონის ორაკულის საკურთხეველი იყო აღმართული. აგესილაოსმა ღმერთს სპარსული ნადავლის მეათედი შესწირა და სპარტაში დაბრუნდა.
უცხო ქვეყნებში ნამყოფ მრავალ სპარტელ მხედართმთავარს აღარ სურდა ძველებურად, უბრალოდ ცხოვრება. ისინი ითვისებდნენ სამხედრო ნადავლს, უარს ამბობდნენ მკაცრ სპარტულ ადათზე და ფუფუნებით ცხოვრობდნენ. მაგრამ აგესილაოსი მუდამ იცავდა თავისი სამშობლოს ოდინდელ ზნესა და ჩვევებს: მისი საკვები უწინდელივით მწირი იყო, არ შეცვლილა მისი ცოლის და ქალიშვილის სამოსი, არც ცხოვრების ნირი. აგესილაოსს უზარმაზარი სპარსული ნადავლიდან არაფერი მიუთვისებია.
დიდხანს არ დარჩენილა აგესილაოსი სამშობლოში. გამოჯახმრთელებისთანავე ჩაება იგი ბრძოლაში და კორინთო დაიპყრო.
იმხანად ათენის მხედართმთავარმა იფიკრატესმა გაანადგურა სპარტელთა დიდი რაზმი; მრავალი საზრუნავი გაუჩინა სპარტელებს ათენის ფლოტმა კონონის მეთაურობით ლაკონიკეს ნაპირებთან. ეფოროსებმა სწორედ იმიტომ, რომ ერთი მტრისგან მაინც დაეღწიათ თავი, აგესილაოსის წინააღმდეგობისდა მიუხედავად, გადაწყვიტეს სპარსელებთან დაზავება.
ეფოროსი ანტალკიდასი ელჩად წარგზავნეს სპარსეთის მეფესთან „სამეფო“, ანუ „ანტალკიდური“ ზავის დასადებად. ზავის პირობები სამარცხვინო იყო: სპარ- ტელებმა საბერძნეთში რომ გადაერჩინათ სამფლობელო, სპარსელებს დაუთმეს მცირეაზიელი ბერძნები.
მთელი საბერძნეთი აღშფოთდა, სპარტელთა საქციელი ღალატის ტოლფასი იყო. აგესილაოსმა და ეფოროსებმა მიაღწიეს იმას, რომ ათენელებსა და თებელებს აღუკვეთეს დახმარება სპარსეთიდან. ახლა მათ შეეძლოთ მტერთან საბრძოლველად სხვა რამ ელონათ. კერძოდ, ათენსა და თებეში სპარტელთა თანამოაზრე არისტოკრატიის ძალა უნდა გამოეყენებინათ.
სპარტელ მხედართმთავარ ფოიბიდასს ზავის დადების შემდეგ თავისი რაზმი ბეოტიის გავლით მიჰყავდა. უეცარი იერიშით მან ქალაქი თებე და მისი ციხე-ბურჯი კადმეა აიღო. შემდეგ დაამხო იქ დემოკრატიული მმართველობა და არისტოკრატთა მეთაურობით ახალი ხელისუფლება შექმნა. ასე ჩამოიცილეს სპარტელებმა ერთ-ერთი მტერი.
ბერძენთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია თებეს ვერაგულმა აღებამ, რაც საზავო ხელშეკრულების დარღვევას ნიშნავდა. თავად სპარტაშიც ბევრი კიცხავდა აგესილაოსს. მაგრამ, როდესაც ფოიბიდასი თვითნებური საქციელისთვის სამსჯავროს წინაშე წარდგა, აგესილაოსმა იგი ასეთი სიტყვებით დაიცვა: „ყველაფერი, რასაც სარგებლობა მოაქვს სპარტისთვის, საგანგებო ბრძანების გარეშეც უნდა აღსრულდეს“. სპარტის მმართველებმა ფოიბიდასის ვერაგობა გაამართლეს. სპარტის გარნიზონს კვლავაც ეკავა კადმეა. ხელისუფლების სათავეში მოსული თებელი არისტოკრატები სასტიკად უსწორდებოდნენ დემოკრატებს.
ახლა სპარტელებმა განიზრახეს კიდევ ერთი მტრის განადგურება. ჯერი ათენზე მიდგა.
ბეოტიის ქალაქ თესპიას სპარტელმა განმგებელმა მიზნად დაისახა ათენის ხელში ჩაგდება. მან იცოდა, რომ წარმატების შემთხვევაში მის საქციელს გაამართლებდნენ. იმხანად ათენი დიდი ქალაქი იყო, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. ქალაქის ახლად აღდგენილ გალავანს საგულდაგულოდ იცავდნენ. დღისით ათენზე თავდასხმა სავსებით შეუძლებელი იყო. ამიტომ სპარტელები მცირე რაზმით ღამით გამოვიდნენ თესპიადან ათენის ნავსადგომის, პირეოსის ხელში ჩასაგდებად. მათ განზრახული ჰქონდათ, მიელწიათ ქალაქამდე და ლამის წყვდიადში დაეპყროთ იგი. მაგრამ მტერმა დრო ვერ განსაზღვრა: მან ნავსადგომს მაშინ მიაღწია, როცა მზის შუქი ანათებდა უკვე მიადმოს. გუშაგებმა განგაში ატეხეს. ნავსადგომის კარიბჭე ჩარაზული აღმოჩნდა. მოულოდნელი თავდასხმა ვერ განხორციელდა, სპარტელებმა სამარცხვინოდ დაიხიეს უკან.
თავზარდაცემული ათენელები სახლებიდან იარაღით ხელში გამორბოდნენ. მათ აღშფოთებასა და მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა. დაუხანებლივ შედგა სახალხო კრება. სპარტაში გაგზავნეს ელჩები საზავო ხელშეკრულების ვერაგული დარღვევისათვის დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით.
შეიტყვეს რა ამ მარცხის ამბავი, აგესილაოსმა და ეფოროსებმა სპარტელი მხედართმთავარი სამსჯავროს გადასცეს, მაგრამ თავადვე შეუწყვეს ხელი გაქცევაში. ეფოროსებმა განუცხადეს ათენელ ელჩებს, რომ დამნაშავე მათგან დაუკითხავად მოქმედებდა და ამიტომ სპარტის ხელისუფლება პასუხს არ აგებს მის საქციელზე. აგესილაოსის დაჟინებითი მოთხოვნით მსაჯულებმა გაამართლეს ზავის დამრღვევი,
ამან ათენში დიდი აღშფოთება გამოიწვია. სახალხო კრებამ სპარტას ომი გამოუცხადა. ათენელებმა ჯერ კიდევ ადრე გაუწიეს დახმარება თებედან გაძევებულებს კადმეას დაბრუნებასა და დემოკრატიის აღდგენაში. ახლა ათენელებმა თებელებთან ერთად დაიწყეს ბრძოლა სპარტის წინააღმდეგ საბერძნეთის გათავისუფლებისათვის.
სპარტის ლაშქრის სათავეში იდგა მეორე მეფე, სახელად კლეომბროტოსი. იგი გაუბედავად იბრძოდა. მაშინ აგესილაოსმა, მიუხედავად ხანდაზმულობისა (იგი 70 წელს იყო უკვე გადაცილებული), თავის თავზე აიღო ერთ-ერთი რაზმის მეთაურობა და ბეოტიისკენ წარიმართა. მალე ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა და ხანგრძლივი დროით ლოგინად ჩავარდა.
აგესილაოსის ავადმყოფობისას სპარტელებმა მრავალი უბედობა დაითმინეს ხმელეთსა და ზღვაზე; ისინი პირველად დამარცხდნენ თებელებთან ბრძოლაში ტეგირას მახლობლად. სპარტის მოკავშირეთა შორის მღელვარებამ იჩინა თავი, ისინი თვლიდნენ, რომ აგესილაოსმა თებელებთან ბრძოლა დაიწყო პირადი უთანხმოებების გამო და განაცხადეს, რომ აღარ სურთ სპარტის საბერძნეთში გაბატონებას შესწირონ თავი.
სპარტელები იძულებულნი გახდნენ, დათანხმებულიყვნენ ზავზე. საბერძნეთის ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელმა სპარტაში მოიყარა თავი. თებედან წარგზავნილი სახელმოხვეჭილი მხედართმთავარი ეპამინონდასი თავყრილობაზე გამოვიდა სპარტელთა წინააღმდეგ მიმართული ბრძნული სიტყვით. „საბერძნეთი, – ამბობდა იგი, – იტანჯება ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომებით. მას მშვიდობა სწყურია. დროა ვაღიაროთ საბერძნეთის ყველა სახელმწიფოს თანაბარუფლებიანობა“, თავშეყრილებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ეპამინონდასს.
მაშინ აგესილაოსმა თებეს გარდა ყველა სახელმწიფოს შესთავაზა ზავი. იგი თვლიდა, რომ მოკავშირეთა გარეშე დარჩენილ თებელებს სპარტელები იოლად სძლევდნენ. საბერძნეთის სახელმწიფოთა უმეტესობამ სპარტასთან ზავი დადო.
სპარტის ეფოროსებმა კვლავ გამოუცხადეს ომი თებეს. მეფე კლეომბროტოსმა, რომელიც თავის ლაშქართან ერთად ფოკისში (შუა საბერძნეთი) იმყოფებოდა, ბრძანება მიიღო დაუხანებლივ დაძრულიყო ბეოტიისკენ. სპარტის მოკავშირეები, მრისხანე აგესილაოსის შიშით, უხალისოდ და ზანტად ჩაებნენ ბრძოლაში. მეფე კლეომბროტოსი დიდძალი ლაშქრით დაიძრა პირდაპირ თებესკენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა მისი ბედი.
თებედან 10 კილომეტრის დაშორებით ლევკტრასთან მოხდა საქვეყნოდ ცნობილი ბრძოლა. თებელთა სათავეში იდგა ეპამინონდასი – ძველი სამყაროს მთავარსარდალთაგან აღმატებულად გამორჩეული.
ეპამინონდასმა პირველად გამოიყენა ახალი წყობა – ირიბი სოლი; მან ლაშქრის ძირითად ძალას თავი მოუყარა მარცხენა ფრთაზე, შეასუსტა რა შუა ნაწილი და მარჯვენა ფრთა. გრძელი შუბებით შეიარაღებული თებელების 50 ფარის სიღრმის ძალუმი ფალანგა თავს დაესხა სპარტელთა მარჯვენა ფრთას და ერთიანად მოსრა იგი. შემდეგ ეპამინონდასმა გაარღვია მტრის შუაგული და მარჯვენა ფრთიდან ალყაში მოიქცია იგი. სპარტის არმია ერთიანად განადგურდა. მეფე კლეომბროტოსი, 1000 სპარტელი და მოკავშირეთა მრავალი მეომარი ბრძოლის ველზე დაეცა.
სპარტაში კლეომბროტოსის დამარცხების ამბავი ზეიმის დღეს მივიდა. ქალაქი სავსე იყო სტუმრებით, რომლებიც თეატრში მომღერალთა გამოსვლებს ისმენდნენ. ეფოროსებმა ბრძანეს, გაეგრძელებინათ ზეიმი.
დილით, როდესაც ცნობილი გახდა გადარჩენილთა და დაღუპულთა სახელები, მგლოვიარენი ქალაქის მოედანზე შეიკრიბნენ და სიამაყით ულოცავდნენ ერთმანეთს, რომ მათი ძმები და ქმრები დაიღუპნენ სამშობლოსათვის. გადარჩენილ მეომართა დედები ელოდნენ შვილებს და ნაღვლიანი მდუმარებით დაღუპულთა ნათესავებისადმი თანაგრძნობას გამოხატავდნენ.
ლევკტრასთან დამარცხება სპარტისგან მეკავშირეთა განდგომის ნიშანი იყო. სპარტელებს ახლა უკვე მარტო უწევდათ ბრძოლა მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ. ისინი შიშობდნენ, რომ ეპამინონდასი შემოიჭრებოდა პელოპონესოსში. აგესილაოსი და ეფოროსები ვერ ბედავდნენ ბრძოლაში ცოცხლად გადარჩენილ მეომართა წესისამებრ დაგმობასა და მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას; ისინი ბევრნი იყვნენ და ეფოროსებს მათი ამბოხებისა ეშინოდათ. მიუხედავად ამისა, სპარტელები დაბრუნებულებს შეურაცხყოფდნენ და მასხრად იგდებდნენ, ქალწულთათვის სამარცხვინოდ ითვლებოდა მათზე დაქორწინება. აგესილაოსმა კი ისინი კვლავ გაიწვია ლაშქარში და სასწრაფოდ განარიდა ქალაქს.
ამასობაში ეპამინონდასი ორმოცი ათასიანი ლაშქრით ლაკონიკეში შეიჭრა და დაარბია იგი. ექვსი საუკუნე იწურებოდა, რაც სპარტის მიწას არ უნახავს მტერი: ვერავინ ბედავდა აქ შემოჭრას, თუმცა მის დედაქალაქს, სპარტას, კედლები არ ჰქონდა. სპარტელები ყოველთვის ამაყობდნენ იმით, რომ მათი საუკეთესო დამცველი მოქალაქეთა სიქველე იყო.
აგესილაოსს ესმოდა, რომ მტრის აღმატებულ ძალებთან აშკარა ბრძოლა შეუძლებელი იყო. მან ქალაქი მიწაყრილებითა და ზვინულებით გაამაგრა, ქუჩები გადათხარა; შედარებით მნიშვნელოვან მაღლობებზე ჰოპლიტები განალაგა. თავისუფლება ეძლეოდათ იმ ჰელოტებს, რომლებიც არმიაში საკუთარი ნებით შევიდოდნენ, 6000 ჰელოტზე მეტმა მიიღო თავისუფლება.
მოხუცები და ქალები შიშმა მოიცვა იმ მრავალრიცხოვანი მტრის ხილვაზე, რომელიც ევროტასის მეორე ნაპირზე განლაგდა. ამ უბედურებებში აგესილაოსს ადანაშაულებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მისი ტახტზე ასვლისას სპარტა ძალმოსილების მწვერვალზე იდგა, ახლა კი იგი დაღუპვის პირამდეა მისულიო. იგონებდნენ აგესილაოსის სიამაყით წარმოთქმულ ამ სიტყვებსაც: „სპარტელ ქალებს არასოდეს დაუნახავთ მტრის ცეცხლის კვამლი“. გადმოგვცემენ, რომ ერთ ათენელს უთქვამს სპარტელისათვის: „ჩვენ არაერთგზის გაგვიდევნიხართ თქვენ კეფისოსის ნაპირებიდანო“. „სამაგიეროდ, – მიუგია სპარტელს, – ჩვენ არასოდეს გაგვიდევნიხართ თქვენ ევროტასის ნაპირებიდანო!“
ეპამინონდასი ვერ ბედავდა ევროტასის საგაზაფხულო მოქცევის გამო მის მეორე ნაპირზე გასვლასა და სპარტაზე თავდასხმას. მან უკან დაიხია და ზამთრის დადგომის ჟამს ლაკონიკეს განერიდა. სპარტა გადარჩა.
შემდგომ გაზაფხულზე ომი განახლდა. სპარტელთა მხარეს გადავიდნენ თებელთა ძალმოსილებით დაშინებული ათენელები. თებეს მოკავშირე პელოპონესოსის სახელმწიფოთა შორის თავი იჩინა უთანხმოებამ, რის გამოც ეპამინონდასი იძულებული გახდა, რამდენიმეგზის დაელაშქრა პელოპონესოსი, რათა იარაღის ძალით შეენარჩუნებინა მოკავშირენი.
ერთხელ ეპამინონდასმა კინაღამ აიღო სპარტა (ძვ.წ. 362 წ.). არკადიის ქალაქ მანტინეას მოქალაქეებმა დახმარება სთხოვეს სპარტელებს. აგესილაოსი გაეშურა მათ მისაშველებლად.
ეს გაიგო თუ არა, ეპამინონდასმა, ღამით შეუმჩნევლად დაიხია არკადიის ქალაქ ტეგეადან; რომელიც ალყაში ჰყავდა მოქცეული და აგესილაოსისაგან შეუმჩნევლად პირდაპირ სპარტისკენ გაეშურა. ვიღაც კრეტელმა ათენელთა ჯარის გადაადგილების ამბავი აგესილაოსს აცნობა და მეფემაც დაუხანებლივ ისწრაფა დედაქალაქისაკენ. ამასობაში ეპამინონდასმა შეძლო ევროტასის მეორე ნაპირზე გასვლა.
თებელები შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა აგესილაოსიც თავისი ჯარით. მტერმა მოახერხა ქალაქში შეჭრა. მათ მიაღწიეს აგორასაც კი და დაიკავეს ევროტასის მარჯვენა ნაპირას მდებარე მაღლობები. მაგრამ სხვა ადგილებში თავდასხმა მოიგერიეს შეუპოვარი სიმამაცით მებრძოლმა სპარტელებმა. ღრმად მოხუცებული მეფე აგესილაოსი ლომივით იბრძოდა თავისი ლაშქრის წინა რიგებში. სპარტის ყოველი ქუჩა, ყოველი სახლი სიმაგრედ იქცა. ქალები და ბავშვები სახლების სახურავებიდან მტერს თავზე აყრიდნენ კრამიტებს.
სპარტელებმა შეძლეს მტრის შეკავება მოკავშირეთა მოსვლამდე. ეპამინონდასი იძულებული გახდა, ქალაქიდან გასულიყო.
მშობლიური ქალაქისათვის ბრძოლაში მრავალმა სპარტელმა გასაოცარი სიმამაცე გამოიჩინა. გადმოგვცემენ, რომ ერთი ახალგაზრდა სპარტელი სახლიდან შიშველი გამოვარდნილა შუბითა და მახვილით ხელში. იგი ჩეხავდა და კლავდა მტერთაგან ყოველს, ვინც კი გზად შემოხვდებოდა, თავგანწირულად იბრძოდა მანამ, ვიდრე მტერი უკუ არ იქცა. ბრძოლების შემდეგ ეფოროსებმა იგი გვირგვინით შემოსეს ამ სიმამაცისთვის, თუმც ამავე დროს ჯავშნის გარეშე ბრძოლის გამო დააჯარიმეს.
რამდენიმე დღის შემდეგ მანტინეასთან გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა (ძვ.წ. 362 წ.) თებელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ძვირი დაუჯდათ ეს გამარჯვება: დიდი ბელადი ეპამინონდასი სასიკვდილოდ დაიჭრა. იგი კარავში მოასვენეს. როდესაც მას თებელთა გამარჯვების ამბავი ამცნეს, ესღა აღმოხდა: „მე ვკვდები, მაგრამ თქვენ ორ უკვდავ ქალიშვილს გიტოვებთ – ლევკტრასა და მანტინეას“. ამ სიტყვებთან ერთად მან იარიდან შუბის ნატეხი ამოიღო და სული განუტევა.
მანტინეასთან ბრძოლის შემდეგ თებელებმა მძიმე დანაკლისის გამო ვეღარ შეძლეს ბრძოლის გაგრძელება. დაიდო ზავი: სპარტამ ჰელოპონესოსის ყველა სამფლობელო დაკარგა, გარდა ლაკონიკესი. აგესილაოსის ყოველი ცდა მესენიის შესანარჩუნებლად, მარცხით დამთავრდა.
ზავის დადების შემდეგ მრავალჭირნახულ აგესილაოსს არ შეეძლო სიკვდილის მოლოდინში მშვიდად ჯდომა. ოთხმოცი წლის მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ ენერგიით აღსავსე, დაქირავებულ ჯარს ჩაუდგა სათავეში და ეგვიპტისკენ გასწია სპარტელთა წინააღმდეგ მებრძოლი მმართველის, ტაქოსის დასამორჩილებლად. მალე აგესილაოსმა მიატოვა ტაქოსის წინააღმდეგ ბრძოლა და გადავიდა მისი მეამბოხე ძმისწულის, ნექტანებოსის მხარეს. იგი დაეხმარა მას და ეგვიპტის მმარ თველად გამოაცხადა.
შემდეგ აგესილაოსი სპარტაში დასაბრუნებლად გაემზადა, მაგრამ ნავსადგომ მენელაოსში (დასავლეთ ეგვიპტე) გარდაიცვალა, 85 წლის ასაკში.
მეფე, თავის წინაპართა ადათის თანახმად, სპარტაში უნდა დაკრძალულიყო. აგესილაოსის თანამგზავრებმა მიცვალებულის გვამი ცვილით დაფარეს და სპარტაში ჩამოასვენეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий