среда, 30 сентября 2020 г.

ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლების ომი და სოხუმის საკითხი (ა. ჩიქობავა)

ირან-ოსმალეთის პირველი ომი (1512-1555წწ.) 1555წ. წლის 29 მაისს ამასიის ზავით დასრულდა. დამპყრობლებმა ამიერკავკასია გაინაწილეს, მათ შორის, საქართველოც. თურქეთს „ერგო“ იმერეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი: ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი), ირანს _ ქართლისა და კახეთის სამეფოები და სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილი (მტკვრის აუზი).1 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადანაწილებული ტერიტორიები ჯერ კიდევ დასაპყრობი იყო და ამასიის ხელშეკრულება მხოლოდ იურიდიულ შეთანხმებას წარმოადგენდა.
ოსმალეთთან შედარებით ირანი იმჟამად შედარებით სუსტი სახელმწიფო იყო და 1555წ. ამასიის ზავის პირობათა დაცვას ცდილობდა, ოსმალეთი კი მთელი კავკასიის და კასპიის ზღვის სანაპიროთა დაპყრობისათვის იბრძოდა. 1578 წელს ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ირანში სალაშქროდ გამზადებული ჯარის სარდლად დაინიშნა მუსტაფა ლალა ფაშა, რომელიც სამცხე-საათაბაგოსა და ქართლის დაპყრობის შემდეგ შირვანში უნდა გაჭრილიყო, საიდანაც მას ჩრდილო კავკასიიდან მომავალი ლაშქარი შეუერთდებოდა.2 ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლების ომის დასაწყისში ოსმალეთი აქტიურად იყენებდა შავი ზღვის ნავსადგურებს ტრაპიზონსა და ბათუმს.3 ოსმალეთმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დაუპყრობელი ადგილების დამორჩილება სცადა. ამ მიზნით მან ფოთი და სოხუმი დაიკავა და აქედან შეტევის განვითარებას დაუკავშირა მთელი დასავლეთ საქართველოს დაპყრობა, მაგრამ ეს ცდები იმ დროს მარცხით დასრულდა4. ოსმალთა მიერ სოხუმის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ალბათ ისინი ამ გზით იმედოვნებდნენ სამეგრელო ოდიშზე შეტევის განხორციელებას აფხაზთა მხარდაჭერით, ამიტომაც ოსმალებმა სოხუმში საბეგლარბეგო დააარსეს.
სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების თარიღად თ. ბერაძე 1578 წელს ასახელებს,5 მ. სვანიძე კი 1579 წელს,6 ის ასევე იმოწმებს ალის „ნუსრეთ-ნამეს“ სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების შესახებ, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ უფრო ზუსტი და დაწვრილებითი ინფორმაცია მასში არ მოიპოვება.7 ჩვენ ვიზიარებთ თ. ბერაძის თარიღს საბეგლარბეგოს დაარსების შესახებ, რადგან ფ. დიუბუა დე მონპერე8 და პეისონელი9 სოხუმის ციხის აგებას თურქებს მიაწერენ და 1578 წლით ათარიღებენ, ამათგან ორივემ იმოგზაურა სოხუმში. სავარაუდოდ მათ რაღაც ინფორმაცია გააჩნდათ სოხუმში 1578წ. ოსმალების გამოჩენასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე სხვა ცნობები, რომელიც სოხუმში საბეგლარბეგოს დაარსებას 1578 წელზე მიუთითებს. თურქი ისტორიკოსის მ. ქირზიოღლუს ნაშრომში „ოსმანლილარინ კაფკას ელერინი ფეტი“ ვკითხულობთ: „1578 წლის მაისში სტამბოლიდან გასული და გურჯისტანის სანაპიროებთან მოსული ხუთი საბრძოლო ხომალდით გზას გაუდგა ადრე ბათუმის სანჯაყბეგი ჩერქეზი ჰაიდარ ბეგი და ამ დროს პირველად შექმნილი სოხუმის (აბაზას) ეიალეთის ბეგლარბეგობა ებოძა და თავისი მოვალეობის (შესრულებას) შეუდგა“.10 ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ ამ ცნობის სისწორეში. ერთ-ერთ თურქულ ჰუქმში, რომელიც თარიღდება 987 წლის საფარას თვით (15), ე.ი. 1579წ. 13 აპრილით, საუბარია ფოთის და ანაკლიის დანგრეული ციხეების აღდგენის აუცილებლობაზე.11 1578წ. სავარაუდოდ სოხუმში ციხე აგებული და საბეგლარბეგო დაარსებულია, ასე რომ არ ყოფილიყო ჩვენი აზრით ზემოთ ნახსენებ ჰუქმში ჰპოვებდა ასახვას, სულ მცირე ანაკლიასთან და ფოთთან, სოხუმის ციხის აგების აუცილებლობაზე მაინც მიუთითებდნენ.
ჰეიდარ ფაშა სოხუმში სავარაუდოდ თავისი ახლობლებისაგან შემდგარი მრავალრიცხოვან ჯგუფთან ერთად ჩავიდა.12 როგორც ბ. ხორავა ფიქრობს, შემთხვევითი არ უნდა იყოს ბეგლარბეგად წარმოშობით ჩერქეზი ჰაიდარ ფაშას დანიშვნის ფაქტი.13 სავარაუდოდ ოსმალები ცდილობდნენ აფხაზთა მონათესავე ფაშას მეშვეობით მათი გულის მოგებას და ამ გზით ოდიშზე თავდასხმების განხორციელებას, რაც ადრე ჯიქების მეშვეობით ხდებოდა.14
1578წ. სექტემბერში ლალა მუსტაფა ფაშას მიერ სტამბოლში გაგზავნილი ორი თვის მანძილზე წარმოებული ლაშქრობის ამსახველ წერილში ვიგებთ, რომ, როცა ის (ლალა ფაშა _ ა.ჩ.) კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე მივიდა კასპიის სამხრეთ რაიონებში ახალი ოსმალური ეიალეთები შეუქმნია, ესენია: 1. შირვანის (დაპყრობის გზით), 2. თბილისის (ქართლის, დაპყრობის გზით), 3. გურჯისტანის (მორჩილებით) და მეოთხე სოხუმის საბეგლარბეგო, რომელიც მამაცობით ცნობილ ჰაიდარ ფაშას გადასცეს.15
როგორც დავინახეთ, 1578წ. სექტემბრისათვის სოხუმში საბეგლარბეგო დაარსებულია, ზემოთ მოყვანილ ცნობაში მოცემულია ეიალეთების შექმნის პირობა, ზოგი დაპყრობით შეიქმნა ზოგი მორჩილების გზით, სოხუმზე კი არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. სავარაუდოდ ოსმალები აქაც ძალით მოქმედებდნენ. თურქულ არქივებსა და საცავებში არ შემონახულა არცერთი „დევტერი“ XVI ს. აფხაზეთის ან სოხუმის ვილაიეთის აღწერილობისა, ამიტომ თ. ბერაძე ფიქრობს, რომ ოსმალთა ძალაუფლება მხოლოდ სოხუმისა და მის შემოგარენზე ვრცელდებოდა.16
1578წ. დაარსებული სოხუმის საბეგლარბეგო უნდა შესაბამებოდეს ევროპულ რუკებზე აღნიშნულ პუნქტს „ესხისუმუნი“, რაც თურქულად „ძველ სოხუმს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება რუკებზე სავარაუდოდ სოხუმის საბეგლარბეგოს გაუქმების შემდეგ დააქვთ, რადგან ადრეულ რუკებზე სოხუმს „შებასტოპოლი“ ან „სავატოპოლი“-თ აღნიშნავენ. სოხუმის კონცხთან, მდინარე გუმისთას მარჯვენა ნაპირზე ტერიტორიას XXს. 20-იან წლებში იქაურები „ძველ სოხუმს“ უწოდებდნენ, იქ იდგა ციხის ნანგრევები რაც სავარაუდოდ თურქების მიერ აგებული ციხე უნდა იყოს.17
სახელწოდება „სუხუმ“ სწორედ 1578 წლიდან უნდა ჩანაცვლებოდა „ცხუმს“. „სუხუმ“ _ თურქიზებული ფორმაა „ცხუმ“ სიტყვისა, რადგან თურქულში „ცხ„ კომპლექსი არ არსებობს.18 არაბულ და თურქულ წყაროებში „ცხუმ“ ფორმის ნაცვლად გვხდება მისი არაბული „სუხუმუ“ და თურქული „სუხუმ“ ვარიანტები. თურქული ვარიანტისაგან არის მიღებული რუსული სუხუმ (Сухум), საიდანაც გვაქვს ახალი ქართული ფორმა სოხუმი.19
ჩვენი აზრით, ჰაიდარ ფაშას გარდა სოხუმს სხვა ბეგლარ-ბეგიც უნდა ჰყოლოდა, თუმცა მისი სახელი ჩვენთვის უცნობია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს იტალიელი მოგზაურის ბუსარდოს ცნობა, აი რას წერს იგი: „დიდი უფლებებითა და ღირსებით აღჭურვილი სინან ფაშა 1580წ. 25 აპრილს თავისი ლაშქრით კონსტანტინოპოლიდან ანატოლიაში გადავიდა. მან მიაღწია საქართველოს საზღვრებს, ... მან (სინან ფაშამ _ ა.ჩ.) ქართველი იბერიელების დამოუკიდებლობის ასალაგმავად ბათუმსა და სოხუმში თავისი ბეგლარბეგები და დევთერდარები (ხაზგასმა ჩვენია _ ა.ჩ.) დააყენა“.20 როგორც ჩანს, სინან ფაშამ, გადააყენა ჩერქეზი ჰაიდარ ფაშა და სოხუმში „თავისი ბეგლარბეგი“ დანიშნა.
1580წ. სექტემბრის დასაწყისში, აღმოსავლეთის ლაშქრობის ახალი სარდლისადმი, დიდვეზირ სინან ფაშასადმი სტამბოლიდან გაგზავნილ ჰუქმში ვკითხულობთ: „წარსულში ბათუმის სანჯაყბეგი კეთილშობილი ემირ ულ-უმერა ჰაიდარი მუდამ ბედნიერი იყოს გამოსადეგი, მოამაგე და გამოცდილი მოხუცდა. წარსულში მას სოხუმის საბეგლარბეგო ეწყალობა. იგი ხსენებული საბეგლარბეგოდან მოცილებულ იქნა (ხაზგასმა ჩვენია _ ა.ჩ.). ერთი ხანობა ბედნიერების კარში (ე.ი. სტამბოლში _ ა.ჩ.) როცა მსახურობდა. ახლა იმ (თბილისის _ ა.ჩ.) მხარეში თავდასხმის სურვილი არსებობს, ვბრძანებ, რომ, როცა მოაღწევს შესაფერისად მიჩნეულ სამსახურში იქნეს გამოყენებული, საბეგლარბეგო თუ იქნება მას ებოძოს“.21
ზემოთ ნახსენებ ჰუქმში აღნიშნული „მოცილებული“ უნდა ნიშნავდეს ჰაიდარ ფაშას მოხსნის ფაქტს. სოხუმს მოცილებული ჰაიდარ ფაშა კვლავ ბათუმის ბეგლარბეგად ინიშნება, რადგან 1587 წლის ამბებთან დაკავშირებით გორის ციხის დაცვა ტრაპიზონის (ბათუმის) ბეგლარბეგს წარსულში სოხუმის ბეგლარბეგს (ესკი სოჰუმ ბეიიერბეისი) ჩერქეზ ჰაიდარ ფაშას დაევალა.22
სოხუმის საბეგლარბეგო 1580წ. უნდა გაუქმებულიყო. თ. ბერაძის აზრით, სწორედ ამ დროს უნდა დაეტოვებინათ ქალაქი თურქებს და ის აფხაზთა ხელში უნდა გადასულიყო. ამავე პერიოდიდან გამოვიდნენ ისინი დადიანთა გავლენიდან.23 ვფიქრობთ, ამ დასკვნისათვის უფრო მყარი არგუმენტებია საჭირო, რადგან აფხაზეთი ამის შემდგომაც ემორჩილებოდა ოდიშის სამთავროს გარკვეულ დრომდე, მაგრამ ეს ცალკე საკითხია და ამჯერად არ შევეხებით. მ. ქირზიოღლუს აზრით, სოხუმის საბეგლარბეგოს ადმინისტრაცული მმართველობა იმის გამო გაუქმდა, რომ შემოსავალი მცირე იყო, ამიტომ სოხუმი ძველებურად, როგორც ყმის (მონა) ოლქი, საკუთარ მდგომარეობაში იქნა დატოვებული24. ის ასევე აღნიშნავს, რომ სოხუმის საბეგლარბეგო გაუქმდა, რადგანაც ადგილობრივები გადასახადს არ იხდიდნენ, ქურდობითა და ცოლ-შვილის გაყიდვით ირჩენდნენ თავს, რის გამოც სახელმწიფოს (ოსმალეთს _ ა.ჩ.) სიძნელეები შეექმნა. იქაური ქრისტიანები და ადგილობრივი ველური მოსახლეობა ძველებურ ყოფას დაუბრუნდა.25
ადგილობრივ ქრისტიანებში სოხუმის ქართული (მეგრული) მოსახლეობა, ხოლო „ველურებში“ აფხაზ-აფსუები უნდა იგულისხმებოდენ. ძველებურ ყოფაში დაბრუნება კი უნდა გავიგოთ როგორც სოხუმზე დადიანთა გავლენის აღდგენა. 1580 წლისათვის სოხუმში, რომ ქართველები ცხოვრობდნენ მიგვითითებს ზემოთ ნახსენები ბუსარდოს ცნობა. ჯ. გამახარიასა და ბ. გოგიას დაკვირვებით, ბათუმისა და სოხუმის „ქართველი იბერიელების“ ასალაგმავად წამოსულა სინან ფაშა 1580 წელს.26 ასე, რომ 1580 წლისათვის სოხუმში ქართველები ცხოვრობდნენ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე სოხუმში XVI საუკუნის ბოლოს ძირითად მოსახლეობას ჯერ კიდევ ქართველები (მეგრელები) წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ ეს ქრისტიანები დრანდელ ეპისკოპოს ექვემდებარებოდნენ, რადგან ტერიტორია კოდორსა და ანკოფიას შორის მის საწყმსოს წარმოადგენდა.27 მართალია, ამ პერიოდის (1578-1580) დრანდელი ეპისკოპოსის ვინაობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა ვიცით XVIს. 40-იანი წლების ეპისკოპოსი ფილიპე და ევდემონი _ XVIIს. I მეოთხედის მოღვაწე.28
სოხუმის საბეგლარბეგო, რომელიც 1578-1580 წლებში არსებობდა, 1579 წელს აგებული ფოთის თურქულ ციხესთან ერთად მთელი დასავლეთ საქართველოს დასაპყრობად უნდა გამოეყენებინათ ოსმალებს. მართალია, იმ პერიოდში ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ამან მაინც უარყოფითად იმოქმედა ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობაზე და ამ პერიოდიდან მათმა საერთო საზღვარმა სამხრეთ-დასავლეთით იწყო მოძრაობა. საბოლოოდ ეს პროცესი ოდიშის სამთავროს ტერიტორიის მიტაცებით დასრულდა და ოდიშ-აფხაზეთის პოლიტიკური საზღვარმა მდინარე ენგურზე გადმოინაცვლა.
შენიშვნები
ოსმალეთის ისტორიის საკითხები წიგნიდან: მ. სვანიძე - ოსმალეთის ისტორია (XIV-XVI სს) https://dlab.ug.edu.ge/books/detail/248?fbclid=IwAR2Pj5YWPCtLc4bFVdlXfCgupwhroH9jzuPfgv67z4KGMBu3GHXFQJGCNiI

1. ვ. გუჩუა. ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს-ის I ნახევარში. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV. თბ., 1974, გვ. 113.
2. ვ. გუჩუა. ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის.., გვ. 126.
3. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს. თბ., 1971, გვ. 123.
4. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის.., გვ. 38.
5. Т. Н. Берадзе. Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии. Тб., 1989, გვ. 53.
6. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის.., გვ. 38.
7. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის.., გვ. 123.
8. Ф. Дюбуа Де Монперэ. Путешествие вокруг Кавказа. У черкесов и абхазов, в Колхиде, в Грузии, в Армении и в Крыму. Том I. Пер. с фр. Н. А. Данкевич-Пущиной. Под ред. А. В. Фадеева. Сухуми, 1937, გვ. 127.
9. А. В. Фадеев. Меч и золото на берегу Абхазии. Сухуми, 1933, გვ. 23.
10. M. Kირზიოგლუ. ოსმანლილარინ კაფკას ელერინი ფეტი (1451-1590). ანკარა, 1976, გვ. 19, აღნიშნულ ნაშრომში ჩვენთვის საინტერესო ადგილები გვითარგმნა ქ-ნმა მარინე ილურიძემ, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ.
11. მ. ილურიძე. მურად მესამის ზეობის დროინდელი ოთხი ოსმალური დოკუმენტი საქართველოს შესახებ. _ ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, ტ. III, 2002, გვ. 224-225.
12. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 19.
13. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIIIსს. თბ., 1996, გვ. 70.
14. ჰეიდარ-ფაშას აფხაზობის შესახებ იხ. რ. აგრბას სტატია: Абхазия и Высокая Порта. ელექტრ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.აბკჰაზიყა.ორგ/სერვერარტიცლეს/ არტიცლე-99ცე0ბ0დცფც7დ5ფ2ებ7ფ84ცაც2377ბ2ფ.ჰტმლ.
15. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 19.
16. Т. Н. Берадзе. Этнополитические процессы на территории совреме-нной Абхазии в XV-XVIII вв. – კრებ.: „Разыскания по истории Абхазии/Грузия“. Тб., 1999, გვ. 207.
17. Т. Н. Берадзе. Мореплование и морская торговля.., გვ. 21.
18. თ. მიბჩუანი. კოლხური ქალაქი სოხუმი 2005 წლისაა. _ გაზ.: „ლიტერატურული საქართველო“, 15-21 სექტემბერი, 2000, გვ. 14.
19. თ. გვანცელაძე. ქართული სუბსტრატული ტოპონიმები აფხაზეთში (სოხუმი, გაგრა, ტყვარჩელი). _ ჟურნ.: „არტანუჯი“, 2000, 10, გვ. 88.
20. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. ტ. I, თბ., 1984, გვ. 113.
21. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 20.
22. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 382.
23. Т. Н. Берадзе. Этнополитические процессы.., გვ. 207.
24. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 382.
25. M. Kირზიოგლუ. Oსმანლილარინ კაფკას ელერინი.., გვ. 19.
26. Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии, Тб., 1997, გვ. 231-233; 606.
27. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 781.
28.ბ. ხორავა. დრანდის საეპისკოპოსო. _ კრებ.: „მართმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები“, ნაწ.I. თბ., 2005, გვ. 98. იხ. აგრეთვე: Б. Хорава. Драндское епископство._ ჟურნ.: „Вопросы гуманитарных наук“, №4, М., 2006.

1 комментарий:

  1. დიდი მადლობა, ცხუმი სამეგრელოა, ცხუმი საქართველოა

    ОтветитьУдалить